„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტში მხოლოდ ოქტომბრის ფულია დარჩენილი: „470-მილიონიანი წლიური ბიუჯეტი 100 მლნ ლარითაა გასაზრდელი, რომ დღემდე არსებული ხარჯვის ტემპით გააგრძელოს საავადმყოფოების ანაზღაურება ჯანდაცვის სამინისტრომ. თუმცა ეს 100 მლნ ვერ ეყოფა იმ დაახლოებით, 200 მლნ ლარზე მეტ დავალიანებას, რომელიც სამინისტროს საავადმყოფოების მიმართ დაუგროვდა. დავალიანების ნაწილი მომავალ წელს გადავა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მომავალი წლის ბიუჯეტის მნიშვნელოვან პორციას იანვარ-თებერვალშივე „შეჭამს“. მისივე თქმით, სამედიცინო სფეროში სულ უფრო მძიმდება მდგომარეობა.
ჭიაბერაშვილმა ჯანდაცვის სამინისტროს კითხვითაც მიმართა:
„როდის აპირებს საქართველოს მთავრობა, პარლამენტს მიღებინოს 2015 წლის ბიუჯეტის ცვლილება, რომ 100 მლნ დაგემატოთ ამ პროგრამაზე? იმას აღარ ვკითხულობ, ეს 100 მლნ საიდან მოგაქვთ. არც იმაზე ვსაუბრობ, რომ სხვა პროგრამებშიც გარღვევა გაქვთ და რამდენიმე ათეული მლნ ლარი ჯანდაცვის სხვა პროგრამებზე გაქვთ დასამატებელი“.
ჭიაბერაშვილი მიიჩნევს, რომ პაციენტთა 75% ჯანდაცვის ხარჯებს საკუთარი ჯიბიდან იხდის. მისივე თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტში სულ 23 მლნ ლარია დარჩენილი. „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, წლის ბოლომდე ამ თანხას კიდევ, მინიმუმ, 94 მლნ ლარი უნდა დაემატოს, რომ პროგრამამ იმავე რეჟიმში განაგრძოს ფუნქციობა. ეს ფული კი, ჯერჯერობით, არ ჩანს. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის წლიური ხარჯი 2015 წლისთვის 470 მლნ ლარითაა განსაზღვრული. 2016 წლის ბიუჯეტის პროექტში ამ პროგრამაზე 570 მლნ ლარია გათვალისწინებული, ანუ ზუსტად იმდენით მეტი, რამდენითაც პროგრამის წლევანდელი ბიუჯეტი გაირღვა.
ზურაბ ჭიაბერაშვილის განმარტებით, დავით სერგეენკოს რამდენიმე ალტერნატივა აქვს:
1. მთავრობა ითხოვს და პარლამენტი ამტკიცებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე 94 მლნ-იან დანამატს. სერგეენკოსთვის ეს ყველაზე ადვილი გამოსავალია, ღარიბაშვილი-ხადურისათვის _ ყველაზე რთული;
2. ჯანდაცვის მინისტრი საავადმყოფოებში სამედიცინო რეგულირების სააგენტოს „სადამსჯელო რაზმებს“ აგზავნის და საავადმყოფოებისთვის 2013-14-15 წლებში უკვე გადარიცხული თანხების კორექტირებას იწყებს. ეს ნიშნავს, რომ საავადმყოფოებისათვის სამინისტროს მიმდინარე და ნოემბერ-დეკემბრის მომავალი დავალიანება კორექტირებისას „აღმოჩენილ“ ჯარიმებში გაიქვითება;
3. სამინისტრო უთანხმდება სამედიცინო სექტორს, რომ ნოემბერ-დეკემბერში საავადმყოფოებს თანხებს ვეღარ, ან მინიმალურად ჩაურიცხავს და, სამაგიეროდ, 2016 წლის იანვარში, როცა ახალი ბიუჯეტი შევა ძალაში, ერთბაშად ჩაურიცხავს 150 მლნ ლარზე მეტს.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, მე-2 და მე-3 ვარიანტებს დავით სერგეენკო უკვე იყენებს და მის მასშტაბს იმდენად გაზრდის, რამდენად ნაკლებადაც შეუვსებს ხადური დეფიციტურ 94 მლნ ლარს.
უნდა გვესმოდეს, რომ ეს მდგომარეობა მედპერსონალის ხელფასების გაუცემლობაში, სამედიცინო მომსახურების ხარისხის დაქვეითებასა და პაციენტების მიერ ჯიბიდან გადახდების ზრდაში აისახება.
ისედაც, ჯანდაცვის საერთო დანახარჯებში სახელმწიფოს წილი მხოლოდ 25%-მდეა (არადა, ბევრს ჰგონია, რომ საავადმყოფოში შესულ პაციენტს ყველაფერს სახელმწიფო უფინანსებს). ჯანდაცვის ხარჯების 75%-ს ისევ პაციენტები და მათი ოჯახები იხდიან საკუთარი ჯიბეებიდან. გაჭირვებული ადამიანები, რომლებსაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან მიღებულ დაფინანსებაზე თავისი ჯიბიდან დამატება უწევთ (ჯანდაცვის სფეროში ფასები 10%-ითაა გაზრდილი), დახმარებისათვის ისევ სამინისტროს აკითხავენ“, _ აცხადებს ჭიაბერაშვილი.
მისი თქმით, სამინისტრო მოქალაქეთა პირდაპირი მიმართვის საფუძველზე განკარგავს მეორე პროგრამას „რეფერალური მომსახურება“ (კოდი: 35 03 03 09), რომლის 15 მლნ ლარიანი წლიური ბიუჯეტი ჯერ კიდევ აგვისტოში ამოწურა.
„პრაქტიკულად, აგვისტოშივე ამოიწურა სხვა პროგრამის წლიური ფინანსებიც. ესაა „სასწრაფო გადაუდებელი დახმარება და სამედიცინო ტრანსპორტირება“ (35 03 03 07). მიზეზი მარტივია: რადგან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ რაიონული საავადმყოფოების დატვირთვა ჰოსპიტალურ ნაწილში მკვეთრად შეამცირა (საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტის 2/3 თბილისში იხარჯება), ამ საავადმყოფოებში სამედიცინო სერვისების რაოდენობამაც იკლო. ამიტომ სულ უფრო მეტი პაციენტი ხდება გადასაყვანი თბილისში, ქუთაისსა და კიდევ 2-3 ქალაქში.
რადგან პროგრამის „სასწრაფო გადაუდებელი დახმარება და სამედიცინო ტრანსპორტირება“ ბიუჯეტი ამოწურულია, სამინისტრო მოქალაქეებს ასევე ვერაფრით ეხმარება და კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ავადმყოფის ტრანსპორტირების ხარჯების გაღებაც, უმეტეს შემთხვევაში, თავად პაციენტს და მის ოჯახს უწევს. სადაა გამოსავალი? იქ, სადაც 2012 წლის 1-ლ ოქტომბერს ვიყავით:
1. უნდა შეველიოთ პოპულისტურ „საყოველთაოობას“, შევეშვათ შედარებით შეძლებულებზე სახელმწიფოს შეზღუდული ფინანსური რესურსის ხარჯვას და მეტად დავეხმაროთ მოწყვლად მიზნობრივ ჯგუფებს: პენსიონერებს, სოციალურად დაუცველებს, ბავშვებს, ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს;
2. ჯანდაცვა უნდა დაუბრუნდეს სამედიცინო დაზღვევის მოდელს.
„სხვაგვარად, გარწმუნებთ, გაისად არც 570 მლნ ლარი იქნება საკმარისი. მეტიც, თუ 2016 წლის დასაწყისში ჯანდაცვის სამინისტრომ ერთბაშად გაისტუმრა წელს დაგროვილი დავალიანება, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, ისედაც გაუბედურებულ ლარს რა დღე ელის. ეს კი იმავეს ნიშნავს, რაც ენერგეტიკაში მოხდა: დღეს გვიზოგავენ 1 თეთრს, ხვალ კი სანაცვლოდ ჯიბიდან 3 თეთრს გვაცლიან“, _ აცხადებს ჭიაბერაშვილი.
სისტემაში შექმნილ მდგომარეობასა და პერსპექტივებზე, „ქრონიკა+“ ა/ო „გვახსოვდეს ჰიპოკრატეს“ თავმჯდომარეს, ექსპერტ მარინა ბერაძეს ესაუბრება:
_ ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ „470-მილიონიანი წლიური ბიუჯეტი 100 მლნ ლარითაა გასაზრდელი, რომ დღემდე არსებული ხარჯვის ტემპით გააგრძელოს საავადმყოფოების ანაზღაურება ჯანდაცვის სამინისტრომ; თუმცა ეს 100 მლნ ვერ ეყოფა იმ, დაახლოებით, 200 მლნ ლარზე მეტ დავალიანებას, რომელიც სამინისტროს საავადმყოფოების მიმართ დაუგროვდა. დავალიანების ნაწილი მომავალ წელს გადავა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მომავალი წლის ბიუჯეტის მნიშვნელოვან პორციას იანვარ-თებერვალშივე „შეჭამს“. აღნიშნული მოსაზრება მხოლოდ მის ვარაუდს ეყრდნობა და დიდ მნიშვნელობას ვერ მივანიჭებთ. ეს არა რეალურ გათვლებზე, არამედ ნაწილობრივ ინფორმაციაზე არის დაფუძნებული.
შემდეგ ის მიიჩნევს, რომ პაციენტთა 75% ჯანდაცვის ხარჯებს საკუთარი ჯიბიდან იხდის. აქ ისმის კითხვა, თუ საიდან მოიტანა ეს 75%? კვლევა ჩატარდა, თუ ეს მხოლოდ მოსაზრებაა, ისევე როგორც წინამდებარე? თუ ამაზე ობიექტურ კვლევას ჩაატარებდა, მაშინ აუცილებლად უნდა დაეყოლებინა, ჯიბიდან გადახდების რა წილი მოდის ფარმაციაზე? არც ერთგან არ არის ნახსენები წამლების ფასი. არადა, გამოკითხვა რომ ჩაატაროთ, მოსახლეობის უმრავლესობა სწორედ მედიკამენტების ფასს უჩივის, რაც მათი ხელისუფლების შეცვლის შემდეგაც არ შეცვლილა. ანუ მოსახლეობის ყველაზე მეტი ტვირთი კვლავ ფარმაციის მიმართულებით რჩება. ასე რომ, მის ობიექტურობაში მარტო აქედან გამომდინარე შეიძლება ეჭვი შევიტანოთ.
მისივე ცნობით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტში სულ 23 მლნ ლარია დარჩენილი _ წლის ბოლომდე ამ თანხას კიდევ, მინიმუმ, 94 მლნ ლარი უნდა დაემატოს, რომ პროგრამამ იმავე რეჟიმში განაგრძოს ფუნქციობა. მსგავს რჩევას რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი კი არა, დარგის სპეციალისტი რომ წარმოადგენდეს, ძალიან მარტივად მიხვდებოდა, 94% უნდა დაემატოს, თუ სულ არაფერი და ისე უნდა გამოსწორდეს არსებული მდგომარეობა?
ახლა მოდის ციფრი, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის წლიური ხარჯი 2015 წლისთვის 470 მლნ ლარითაა განსაზღვრული; ხოლო 2016 წლის ბიუჯეტის პროექტში ამ პროგრამაზე 570 მლნ ლარია გათვალისწინებული. არ მესმის, ეს უარყოფით მომენტად რატომ უნდა ჩაითვალოს? ნებისმიერ ქვეყანაში ჯანდაცვა ძალიან სერიოზულ და საჭირბოროტო მიმართულებას წარმოადგენს. როგორი არაჩვეულებრივი ჯანდაცვის სისტემაც უნდა ჰქონდეს აწყობილი, ყველა ქვეყანა ყოველწლიურად მოიძიებს თანხებს და ცდილობს ბიუჯეტის თუ გრანტების ხარჯზე მის შევსებას. ანუ ყველა ეძებს წყაროს დარგის მეტი დაფინანსებისთვის, რადგან საერთოდ ხარჯები ყოველწლიურად იზრდება, ასეთია დინამიკა და ჯანდაცვის სფეროს სპეციფიკა.
ამიტომ ამ მონაცემს ვერც ერთ შემთხვევაში უარყოფითად ვერ ჩავთვლით. იზრდება და ეს მხოლოდ კარგია. ე. ი. მიჰყვება იმ საჭიროებებს, რაც აუცილებელად გასათვალისწინებელია. ესეც საკრიტიკოდ არ გამოდგება.
ჭიაბერაშვილის განმარტებით, მინისტრ სერგეენკოს რამდენიმე ალტერნატივა აქვს, რაც მსჯელობის ყველაზე საინტერესო ნაწილია:
1. მთავრობა ითხოვს და პარლამენტი ამტკიცებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე 94 მლნ-იან დანამატს. სერგეენკოსთვის ეს ყველაზე ადვილი გამოსავალია, ღარიბაშვილი-ხადურისათვის _ ყველაზე რთული;
2. ჯანდაცვის მინისტრი საავადმყოფოებში სამედიცინო რეგულირების სააგენტოს „სადამსჯელო რაზმებს“ აგზავნის და საავადმყოფოებისათვის 2013-14-15 წლებში უკვე გადარიცხული თანხების კორექტირებას იწყებს. ეს ნიშნავს, რომ საავადმყოფოებისათვის სამინისტროს მიმდინარე და ნოემბერ-დეკემბრის მომავალი დავალიანება კორექტირებისას „აღმოჩენილ“ ჯარიმებში გაიქვითება.
ეს უკვე მისი პარტიის სტილში გადაწყვეტილი ვარაუდია, რადგან, ალბათ, ისინი ასეც მოიქცეოდნენ. მაგრამ არ მგონია, რომ ამ თვალსაზრისით ეს ვარაუდი ჭეშმარიტებასთან ახლოს იყოს.
ახლა რჩევა-დარიგების მესამე ნაწილი: „სამინისტრო უთანხმდება სამედიცინო სექტორს, რომ ნოემბერ-დეკემბერში საავადმყოფოებს თანხებს ვეღარ, ან მინიმალურად ჩაურიცხავს და, სამაგიეროდ, 2016 წლის იანვარში, როცა ახალი ბიუჯეტი შევა ძალაში, ერთბაშად ჩაურიცხავს 150 მლნ ლარზე მეტს. დაუზუსტებელი ინფორმაციით, მე-2 და მე-3 ვარიანტებს დავით სერგეენკო უკვე იყენებს და მის მასშტაბს იმდენად გაზრდის, რამდენად ნაკლებადაც შეუვსებს ხადური დეფიციტურ 94 მლნ ლარს“.
უკვე რომ იყენებს ამ ორ-სამ მეთოდს, ამას, ჯერ ერთი, დამტკიცება სჭირდება და მეორეც, როგორც უკვე ვთქვი, მსგავსი დამოკიდებულება უკან ჩამოტოვებულია, ამ სტილით აღარ ხდება მუშაობა. რაც უნდა შენიშვნები მქონდეს დღევანდელი სამინისტროს მუშაობასთან, ამაში ნამდვილად ბრალს ვერ დავდებთ. მოკლედ, სამ გამოსავალს რომ გვთავაზობს, ეს მისი ფანტაზიის ნაყოფია, სხვა ვერაფერს დავარქმევთ, ამას საფუძველი წარსული საქმიანობიდან გამომდინარე აქვს.
მერე უკვე სავარაუდო შედეგი მოაქვს და ჰიჩკოკური ფინალი აქვს დახატული: „უნდა გვესმოდეს, რომ ეს მდგომარეობა მედპერსონალის ხელფასების გაუცემლობაში, სამედიცინო მომსახურების ხარისხის დაქვეითებასა და პაციენტების მიერ ჯიბიდან გადახდების ზრდაში აისახება“.
აქ ძნელია კომენტარი ისე გააკეთო, რომ მათი წარსული საქმიანობა არ ახსენო.
_ კონკრეტულად, რას გულისხმობთ?
_ ძალიან არ მინდა, მაგრამ სხვა გზა არ არის. როდესაც ის მოსალოდნელ შედეგებს წინასწარმეტყველებს, საპასუხოდ ჩვენ აუცილებლად მოგვიწევს გავიხსენოთ, თუ რა იყო აქამდე? ეს ის შედეგია, რომელიც გამოწვეული გახლდათ მათი საქმიანობით, რა რეფორმებიც სწორედ იმ დროს გატარდა. როდესაც მომავალში ექიმების გაუცემელ ხელფასებს პროგნოზირებს, უნდა ახსოვდეს, რომ 2009 წელს ექიმები მასობრივად ქუჩაში გამოვიდნენ და გაუცემელი ხელფასები იყო არა თვეობით, არამედ წლობით. სწორედ მაშინ იყო დიდი ტალღა მსგავს პროცესებთან დაკავშირებული. ასე რომ, ესეც საკუთარი მოსაზრებებია, მეტი არაფერი.
უარესი, პირდაპირ უწერია გამოსავლის სახით რას გვთავზობს: „სადაა გამოსავალი? იქ, სადაც 2012 წლის 1-ლ ოქტომბერს ვიყავით“. იქამდე კი ის იყო, რომ არა ვარაუდებზე, არამედ კვლევებზე დაყრდნობით, მოსახლეობის 75%-ისთვის ხელმიუწვდომელი იყო გადაუდებელი სტაციონარული დახმარება; 42%-ისთვის ხელმიუწვდომელი იყო ამბულატორიული მომსახურება. გამონაკლისს წარმოადგენდნენ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანები, რომლებიც ამაში გაერთიანებული იყვნენ. ასე რომ, საბოლოო ჯამში, მოსახლეობის 52%-ისთვის მიუწვდომელი იყო სამედიცინო სერვისები. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად, 47 ათასი ადამიანი იღუპებოდა, რომელთა 26% რეპროდუქციული ასაკის იყო.
და კიდევ, როდესაც ჭიაბერაშვილი რჩევას იძლევა, რომ უნდა დავუბრუნდეთ 2012 წელს და გადავიდეთ სადაზღვევო სისტემაზეო, იმდროინდელი სახელმწიფო აუდიტის მონაცემებით, სადაზღვევოებისთვის გადაცემული თანხის მხოლოდ 21% იყო გამოყენებული მიზნობრივად, ანუ უმწეოების სამედიცინო მომსახურებაზე. აი, ეს არის ფაქტები, რომლის უარყოფა, უბრალოდ, შეუძლებელია.
ამიტომ არ არის საჭირო ნერვიულობა იმაზე, თუ საიდან მოიტანს ფულს მინისტრი სერგეენკო. ამ კითხვაზე პასუხი გახლავთ პირველადი ჯანდაცვის სისტემის პრიორიტეტულ განვითარებაში მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, რომელიც მთავრობამ უკვე გამოაცხადა და მას შემდგომში უზრუნველყოფს.
_ ეს გზა რა შედეგებს მოიტანს?
_ სწორედ პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება გახლავთ ხარჯთეფექტიანი სამედიცინო სისტემის გარანტი. ასე რომ, კარგად ორგანიზებული პირველადი ჯანდაცვის რგოლის ერთიანი სისტემა უამრავ საბიუჯეტო თანხას დაზოგავს და, ამავე დროს, ხელს შეუწყობს მთელი მოსახლეობის გაჯანსაღებას. ამიტომ პოლიტიკა სწორად არჩეულია, საყოველთაო ჯანდაცვა ერთადერთი გამოსავალია ჩვენს ქვეყანაში. წარმოუდგენელია, რომ იყოს მხოლოდ მიზნობრივი პროგრამები, როგორიც მანამდე ხორციელდებოდა. ამან მოიტანა ის შედეგები, რომლის ციფრებიც მოგახსენეთ.
ის, რაც 2012 წლის შემდეგ მოხდა, შეიძლება შევაფასოთ როგორც ხელისუფლების მხრიდან გადაუდებელი, სასწრაფო სამედიცინო დახმარება ჩვენი მოსახლეობისთვის. იმდენი ოპერაცია დაფინანსდა და ადამიანის სიცოცხლე გადარჩა, რომ ამის დამადასტურებელი შთამბეჭდავი რიცხვები გვაქვს. და ამის შემდეგ ძალიან დროულია, როდესაც პირველადი ჯანდაცვის გაძლიერების დეკლარირება მოხდა.
ზოგადად, პოლიტიკოსების მხრიდან ასეთი კრიტიკა შეიძლება გამართლებული იყოს, მაგრამ როდესაც ასეთი რჩევების მიცემას იწყებ, აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ დარგის სპეციალისტი და მასში კარგად ჩახედული უნდა იყო. ყველაზე დიდი შეცდომა, რაც წინა ხელისუფლებამ ჯანდაცვის სისტემის განვითარების კუთხით დაუშვა, ის გახლდათ, რომ სისტემის მართვა იყო არაკომპეტენტური ადამიანების ხელში და მათ ვერ გაარკვიეს, რა გახლდათ პრიორიტეტული მიმართულება.
შევახსენებ, რომ 2003-დან 2009-მდე ყოველწლიურად იზრდებოდა ჯანდაცვის ბიუჯეტი, მაგრამ მიუხედავად ამისა, სამედიცინო მომსახურების მოცულობა არათუ გაიზარდა, პირიქით _ მცირდებოდა.
_ რით იყო ეს გამოწვეული?
_ არ არსებობდა სამედიცინო სტანდარტები, დაწესებულებებისა და პერსონალის საქმიანობის ნორმები და ნორმატივები; პროგრამების გათვლები ხდებოდა ყოველგვარ მტკიცებულებაზე დაფუძნებული სისტემის არსებობის გრეშე;
აქცენტი კეთდებოდა სტაციონარული, ჰოსპიტალური სექტორის განვითარებაზე და გავიხსენოთ ის 100 ახალი საავადმყოფო. ყოველწლიურად შენდებოდა პატარა საავადმყოფოები და მიუხედავად ამისა, გვქონდა უარყოფითი შედეგები, რაც ციფრებში მოგახსენეთ. როდესაც რეგიონებში საავადმყოფოების გასაჭირზე საუბრობენ და იძულებული არიან, პაციენტები აქეთ გადმოიყვანონ, სწორედ მათ დროს აშენებული, 15-20-საწოლიანი უვარგისი საავადმყოფოების გამოა ეს ყველაფერი. ახლა ხდება ქსელის დაგეგმარება მთელი საქართველოს მასშტაბით, არაჩვეულებრივი ამბულატორიული დიაგნოსტიკური ცენტრები იხსება. დიდი დიაგნოსტიკური ცენტრი გაიხნა თბილისშიც, რომელიც ძალიან მძლავრ სერვისს მოიცავს და ჩვენი მოსახლეობის 80%-ისა და მეტისთვის სრულიად საკმარისი იქნება ეს პირველადი ჯანდაცვის სერვისებით მიწოდებული სამედიცინო მომსახურება. რადგან ეს პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი საფეხურია, მიმაჩნია, რომ დღევანდელი ხელისუფლების აქცენტები ამ მხრივ სწორია. ვერ ვხედავ საშიშროებას, რომ ბიუჯეტის დაფინანსებასთან დაკავშირებით რაიმე პრობლემა იქნება.
თუმცა ამ ხელისუფლების ადვოკატი არ ვარ და გეტყვით, რომ პროგრამის განხორციელების ნაწილში ყველაზე დიდი პრობლემაა.
_ ვთანხმდებით, რომ ეს კარგი პროექტია და აუცილებლად უნდა გაგრძელდეს; კიდევ რა უნდა გაუმჯობესდეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, რომ პროექტი ბოლომდე წარმატებული იყოს და მოსახლეობის ხელმისაწვდომობა გაიზარდოს?
_ ვფიქრობ, ყველაზე სუსტი რგოლი იქ არის, რომ მეტი კონტროლია საჭირო ამ პროგრამის განხორციელებაზე. უნდა შეიქმნას ის პირობები, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას უფრო ეფექტიანს გახდის. აუცილებელია ამ თანხების რაციონალური გადანაწილება და ისეთი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც მეტი კონტროლის საშუალებას მისცემს. არა სადამსჯელო რაზმებით, არამედ სისტემურად, როგორც ეს არის სხვა ქვეყნებში.
აუცილებელია შეიქმნას საუნივერსიტეტო კლინიკები და სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებები. ასეთ პირობებში უფრო იოლად მოხდება თანხების განკარგვა. კერძო სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაშია, რასაკვირველია, არ იძლევა სრული კონტროლის საშუალებას, რადგან მათ შინაგანაწესი აქვთ. ის ფასები, რასაც ჩვენი ბიუჯეტი იხდის, შეიძლება ამისთვის საკმარისი არ იყოს, რადგან სამედიცინო დაწესებულება თავის თანხებს ადგენს და მოსახლეობას უწევს ამ შემთხვევაში განსხვავებების დაფარვა. ე. ი. უფრო მეტი უნდა იყოს სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულება და ზრუნვა აქეთკენ უნდა წარიმართოს. ასეთ შემთხვევაში კერძო და სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებები ჯანსაღ კონკურენციაში იქნებიან ერთმანეთთან და ამით სამომავლოდ მოსახლეობა უფრო მეტ სარგებელს მიიღებს. ეს ჩვეულებრივი პრინციპია და ასე მოქმედებენ ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში. ახლა კონკურენცია არ არის, ერთი გადამხდელის პრინციპია, სახელმწიფო იხდის, შემსრულებლები კერძო კლინიკები არიან და ბოლომდე ვერ ერევიან მათ შიდა საქმეში.
რაც შეეხება დანახარჯებს, რომელიც ჯიბიდან უწევთ, ამის უამრავი მაგალითი არსებობს. უბრალოდ, ოფიციალური კვლევის მონაცემი არ მაქვს და არ შემიძლია ასე თამამად ვთქვა. ძალიან ბევრი უკმაყოფილება სწორედ წამლებთან დაკავშირებულ პრობლემატიკაზეა. ფარმაციას აუცილებლად უნდა მიეხედოს. არსებობს მექანიზმი, თუ როგორ უნდა დარეგულირდეს წამლის ფასი; როგორც ეს ყველა ქვეყანაში ხდება და, ამ მხრივ, ჯანდაცვის ორგანიზაციის მითითებები უნდა შესრულდეს. თუ ხელისუფლებას პოლიტიკური ნება ექნება, ამას იოლად განახორციელებს. თუ ეს არ იქნება, წამლის ფასები შეიძლება ასე განუსაზღვრელად იმატებდეს და ვერ ჩაერევიან. ამას სჭირდება საკანონმდებლო ცვლილებები ისე, რომ ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტი უფრო ქმედითი და ეფექტიანი უნდა გახდეს, რათა აღმასრულებელ ხელისუფლებას, სამინისტროს მიეხმაროს, განახორციელოს მისი გეგმა და პოლიტიკა უფრო კარგად. ფარმაცია ყველაზე მტკივნეული რგოლია.
და კიდევ, საჭიროა ზრუნვა ექიმების კვალიფიკაციაზე _ ეთიკური ნორმების შესწავლის, უფრო გაღრმავების კუთხით. ექიმებმა უნდა დაიბრუნონ თავიანთი სახე. პაციენტს ექიმთან მისვლის არ უნდა ეშინოდეს, რომ მისი თანხები არარაციონალურად იქნება დახარჯული, ანუ პაციენტი ექიმში თავისი უფლებების დამცველს უნდა ხედავდეს და არა რომელიმე კერძო სადაზღვევო კომპანიის, ან კლინიკის ინტერესების დამცველს. ყველაზე მნიშვნელოვანია, სისტემა ისე აეწყოს, რომ პაციენტის ინტერესი დადგეს ცენტრალურ ადგილას და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი სწორედ ეს არის.
ერთია, რომ თუ სწორად იქნება ეს თანხები გადანაწილებული, ვერ ვხედავ, რომ რამე პრობლემა შეექმნება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას. რაც შეეხება მთლიანად კერძო დაზღვევის სისტემაზე გადასვლას, ეს შეუძლებელია, სანამ უმუშევრობის ასეთი მაღალი დონე იქნება. ნორმალური სადაზღვევო სისტემა გახლავთ შემდეგი: ადამიანს თვითონ უნდა ჰქონდეს ის ფული, რომელსაც ყოველთვიურად შეიტანს და როცა დასჭირდება, შესაბამისად გამოიყენებს. ეს სადაზღვევო მიმართულების ჩვეულებრივი წესია და თუ პაციენტს არ აქვს მუდმივი შემოსავალი, რასაკვირველია ეს გაუჭირდება. ამიტომ სჭირდება სახელმწიფოს დახმარება. დროთა განმავლობაში ამ რეალობას, იმედია, მოევლება, ეშველება, უმუშევრობის ასეთი მაღალი დონე არ იქნება. დღეს კი ვინც მუშაობს, მისი ანაზღაურებაც ადეკვატური არ არის. სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესების შემდეგ უკვე სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამების რაოდენობა შემცირდება, ბიუჯეტი დაიზოგება და ზემოაღნიშნული სადაზღვევო სისტემის როლი გაიზრდება ჩვენს ცხოვრებაში.
გელა მამულაშვილი