QronikaPlus
„ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე რამდენიმე მონოპოლისტი მოთამაშეა...“

„ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე რამდენიმე მონოპოლისტი მოთამაშეა...“

2015-10-25 06:52:57

ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობის თავმჯდომარე, გია ბერძენიძე, ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ მდგომარეობას აფასებს და მიაჩნია, რომ მედიკამენტებზე მაღალ ფასს, ლარის კურსის ინფლაციასთან ერთად, ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული მონოპოლისტური მდგომარეობაც განაპირობებს. „ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე რამდენიმე მონოპოლისტი მოთამაშეა: „ავერსი“, „პე ეს პე“ და „ჯი პი სი“. ესენი არიან მონოპოლისტები, რომელთაც, თავის დროზე, სახელმწიფო გაურიგდა. დღეს სახელმწიფოს ჰქონდა შანსი, დაეწესებინა მედიკამენტების ფასებზე სპეციალური რეგულაცია, თუმცა არ გამოიყენა. ისინი არიან გაბატონებული ბაზარზე, არ უშვებენ სხვა მოთამაშეს, შესაბამისად, ფასებს არეგულირებენ თავიანთი სურვილიდან გამომდინარე. ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში ამ საკითხს არეგულირებს სახელმწიფო“, _ აღნიშნავს გია ბერძენიძე. ბერძენიძე მედიკამენტების ფასების ზრდას, გარკვეულწილად, ლარის კურსის დაცემასაც უკავშირებს, თუმცა მიაჩნია, რომ ფარმაცევტული კომპანიები ორას და სამას პროცენტიან მოგებაზე მუშაობენ და ბაზარზე მაღალ ფასებს, სწორედ, დღეს არსებული მონოპოლია განაპირობებს. „არსებობს წამლის სააგენტო, რომელიც ვალდებულია, დააწესოს რეგულაციები, თუმცა დღეს ამ მიმართულებით არაფერი კეთდება. ადამიანები ავადდებიან და იხოცებიან იმის გამო, რომ მათ არ გააჩნიათ შესაძლებლობა, თავის დროზე შეიძინონ მედიკამენტები. ეს არის სახელმწიფოს პრეროგატივა, სახელმწიფომ უნდა შეძლოს ამ პრობლემის დარეგულირება. რაც შეეხება მედიკამენტების ხარისხს, მასზე კონტროლი აუცილებლად უნდა გამკაცრდეს. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნო, რომ იმ რეფორმებმა, რომელიც ჯანდაცვის სფეროში განხორციელდა, არაერთ ადამიანს შეუნარჩუნა სიცოცხლე“, _ განმარტავს გია ბერძენიძე.

გაზიარება