თავის დროზე „კასრების ვიდეო“ და „მეგის ქარდავას დღიური“ ზუგდიდში ყველას პირზე ეკერა. ყველამ კარგად იცოდა, რომ ამ თემას ექსკლუზიურად „ფლობდნენ“ კახა მიქაია და ლალი ანთია, რომლებიც ხან „ნაციონალებს“ ხვდებოდნენ ქვებით და ცოცხებით, ხან კი „დიარონთან“ უსაფრდებოდნენ სადილზე შესულ ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილს.
ეს რესტორანი, როგორც იტყვიან, „ცალკე სადღეგრძელოა“, „ნაციონალებიც“ და „ქართული ოცნებაც“ სწორედ მას ირჩევს დასანაყრებლადაც და იერიშის მისატანადაც. ალბათ, არც ერთი პოლიტიკური დაწესებულების შენობას არ გადაუტანია იმდენი პიკეტი და ალყა, რამდენიც მას...
ახლა კი, მოდით, იმაზე ვისაუბროთ უფრო ვრცლად, რაც ნიუსის სახით უკვე ცნობილია: ზუგდიდის ცენტრში ე. წ. კასრების ვიდეო _ სექსუალური ძალადობის ამსახველი კადრები უჩვენეს. ჩვენებას ზუგდიდის არჩეული მერიც დაესწრო და არა მარტო დაესწრო, არამედ ინიციატივას მიესალმა კიდეც და აღნიშნა, რომ ეს კადრები ყველამ უნდა ნახოს და რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, „საიდან მოვდივართ“.
ვინ საიდან მოდის, არ ვიცი, მაგრამ ზუგდიდის მერი ირაკლი გოგოხია რომ ციხის საკნიდან მოდის და ლამის საკნის კარიდან გამოსვლისთანავე შევიდა ზუგდიდის მერის კაბინეტში, ეს არავისთვის არაა ახალი.
შალვა რამიშვილისა არ იყოს, ირაკლი გოგოხიაც მათ შორისაა, ვისაც ციხეში ყოფნის დროს წამებაზე და ძალადობაზე მხოლოდ გაუგიათ _ ეს დეტალები მათ არ შეხებიათ. არადა, ირაკლი გოგოხია ციხეში იმისთვის ჩასვეს, რომ იტალიური კომპანია „ფერეროს“ კუთვნილი საწვავი, რომელიც კონკრეტული პროექტებისთვის იყო გათვლილი, გააქანა და საკუთარ ბენზინგასამართ სადგურზე გაყიდა.
გოგოხია ზუგდიდში საკმაოდ ცნობილი ოჯახის შვილია. მამამისს _ ზურაბ გოგოხიას ქალაქში იცნობდნენ, როგორც ლუდის ადგილობრივ მაგნატს (ლუდის ქარხანა მისი საკუთრება გახდა) და ხელგაშლილ კაცს. თავად ირაკლი კარგა ხნის განმავლობაში იყო „საფოსტო ბანკის“ ზუგდიდის ფილიალის მმართველი, მაშინ როცა ეს ბანკი და კიდევ უამრავი ობიექტი ფრიდონ ინჯიას ეკუთვნოდა.
არ გეგონოთ, რომ ირაკლი გოგოხია სააკაშვილის ხელისუფლების მოსვლისთანავე გახდა „რეპრესირებული“ _ მან სწრაფად გამონახა საერთო ენა ახალ ხელისუფლებასთანაც და ზაზა გოროზიასაც დაუმეგობრდა. ალბათ, სწორედ ყოფილი გუბერნატორის დამსახურება იყო, რომ ზუგდიდში ახალი ბენზინგასამართი სადგურების აგების შემდეგაც კი ირაკლი გოგოხიას ძველი, „კანისტრებიანი“ ბენზინგასამართი რამდენიმე სადგურისთვის ხელი არავის უხლია.
როგორც ამბობენ, ზაზა გოროზია ირაკლი გოგოხიასა და მის ორ მეგობარს _ ბარამიასა და ჩიქოვანს ემეგობრებოდა და მათ ბიზნესსაც ლობირებდა, მაგრამ სამეულმა ბოლოს ძალიან ბევრი მოინდომა და ზაზა გოროზიამ გააფრთხილა კიდეც, მე ვერ გიშველითო. მას შემდეგ, რაც ირაკლი გოგოხიამ „ფერეროს“ საწვავს საკუთარი ბენზინგასამართი სადგურის რეზერვუარებში უკრა თავი (საწვავი უფასოდ უნდა გაცემულიყო), ამის შესახებ ინფორმაციამ საოლქო პროკურორ როლანდ ახალაიამდეც მიაღწია, რომელსაც ისედაც ძალიან არ მოსდიოდა თვალში ზაზა გოროზია და ამ ამბების გამოყენება სწორედ მის საწინააღმდეგოდ სცადა.
ირაკლი გოგოხია და მისი ორი მეგობარი ერთ დღეს დააპატიმრეს. გოგოხიამ ერთი ზარის უფლებით ისარგებლა და ზაზა გოროზიას დაურეკა, თუმცა, როგორც კი მათი დაპატიმრების შესახებ გაიგო, რასაკვირველია, გოროზიამ ტელეფონი მაშინვე გათიშა.
იმის მიუხედავად, რომ გოროზიას წინააღმდეგ მეოთხე დაკავებულის _ დალაქიშვილის ჩვენება არსებობდა, რომელიც ამტკიცებდა, რომ სხვადასხვა დროს გოროზიას ქრთამის სახით ჯამში 28.000 დოლარი გადასცა, გოროზია არავის დაუსჯია. „კაცს თავის გადარჩენა უნდა, მე რა კომენტარი უნდა გავაკაეთო ამ სისულელეზე?“ _ ასე უპასუხა მაშინ გოროზიამ ჟურნალისტების შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რას ფიქრობდა მის მიმართ დალაქიშვილის მხრიდან გამოთქმულ ბრალდებაზე.
ირაკლი გოგოხია და სხვა დაკავებულები ჯერ კიდევ სააკაშვილის დროს გაათავისუფლეს, როგორც მერე გოგოხია ამტკიცებდა, იმის სანაცვლოდ, რომ ანაკლიაში სასტუმროს ააშენებდა, რასაც დათანხმდა. მისი თქმით, მამამისის კუთვნილი ობიექტებისა და სხვა ქონების გაყიდვა დასჭირდა, რათა მონაწილეობა მიეღო მისთვის ულტიმატუმის სახით წაყენებული სასტუმროს მშენებლობაში. მალე ხელისუფლება შეიცვალა და ირაკლი გოგოხია მის მიმართ რეპრესიებზე ალაპარაკდა.
რასაკვირველია, „პოლიტპატიმარი“ „ქართულმა ოცნებამ“ შეიფარა და მალე, თვითმმართველობის არჩევნებზე, მერობის კანდიდატადაც მოგვევლინა, დიდი გაჭირვებითა და სახელისუფლებო რესურსის მობილიზებით მოუგო „ნაციონალების“ კანდიდატს და მერი გახდა.
ახლა ზუგდიდში ამბობენ, _ რა უნდა გაგიკვირდეს ირაკლი გოგოხიასგან, რომელმაც ქალაქის მერიაში სულ ნასამართლები პირები დაასაქმაო და იმ ანეკდოტს თუ ნამდვილ ამბავს იხსენებენ, როცა ქალაქის მერიაში მისულმა ყოფილმა პატიმარმა, რომელსაც ცნობა სჭირდებოდა, სხვადასხვა კაბინეტში კარის შეღებისას იქ თავისი ყოფილი თანასაკნელები აღმოაჩინა და სიცილით უთხრა: ბიჭებო, ჩავალ, „ჩეფირს“ ამოვიტან, მოვხარშოთ და საუბარი ისე გავაგრძელოთო...
ზუგდიდის ცენტრში სექსუალური ძალადობის შემცველი ვიდეომასალის ჩვენების ინიციატორი „საზოგადოებრივი დარბაზი“ იყო. ამ დარბაზის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი სოსო ლაგვილავაა. ზუგდიდლები ხუმრობენ, მიქაია ლაგვილავამ ჩაანაცვლაო, რადგან ის არანაკლები რადიკალია, ვიდრე მიქაია. სხვათა შორის, კულტურის სახლში „საზოგადოებრივი დარბაზი“.„სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის“ შესახებ გადაღებული ფილმის ჩვენების ინიციატორთა შორისაც იყო.
სოსო ლაგვილავას ზუგდიდში ჯერ კიდევ იმ დროიდან იცნობენ, როცა ის ზვიად გამსახურდიას მომხრეებს შორის იყო. აღსანიშნავია, რომ 1998 წელს, ოქტომბერში, სოსო ლაგვილავაც გახლდათ მათ შორის, ვინც სენაკის რაიონის ტყეებში იმალებოდა აკაკი ელიავას აჯანყებულ მებრძოლებთან ერთად. მაშინ პოლკოვნიკი ელიავა საკმაოდ შეუსაბამო განცხადებებს აკეთებდა, მათ შორის, სამეგრელოს გამოყოფის შესახებ დანარჩენი საქართველოდან. როგორც მოგვიანებით ელიავას თანამოაზრეებმა განმარტეს, მისი პოლიტიკური განცხადებების უმრავლესობაზე გადამწყვეტ გავლენას სწორედ სოსო ლაგვილავა ახდენდა.
კადრების ჩვენება ზუგდიდის ფოსტის შენობის წინ, რაფიელ ერისთავის სახელობის ხეივანში გაიმართა. მაყურებელთა შორის ქალებიც იყვნენ, ხოლო შორიახლოს ბავშვებსაც შენიშნავდით. შემთხვევითი გამვლელების უმრავლესობა ინტერესდებოდა, რა გადიოდა პროექტორის მეშვეობით, ხოლო როცა პასუხს მიიღებდა, გზას აგრძელებდა და კადრებს არ უყურებდა _ წინასწარ თავშეყრილი ადამიანები უფრო აქტიურობდნენ.
ბევრისთვის მოულოდნელი იყო, როცა ამ სახალხო ჩვენებაზე ქალაქის მერი გამოჩნდა. ირაკლი გოგოხია ჯერ თავშეყრილ მოქალაქეებთან ერთად იდგა და კადრებს არჩევდა, მერე კი მათთან ერთად უყურა კადრებს. მისი თქმით, ეს ინიციატივა მისასალმებელია და ფილმი ყველამ უნდა ნახოს, რათა „გვახსოვდეს, რა გავიარეთ“.
„თქვენ აქ ხედავთ სადმე ბავშვებს?“ _ იკითხა ირაკლი გოგოხიამ, როცა შეკითხვა შეეხო იმას, თუ რამდენად მიზანშეწონილი იყო ამ კადრების ნახვა მოზარდებისა და ბავშვებისთვის.
ერთ-ერთი ვერსიით, ირაკლი გოგოხიას ფილმის ჩვენებაზე მისვლა გუბერნატორმა ლევან შონიამ დაავალა. მას შემდეგ, რაც 22:00 საათზე ადგილობრივი ტვ „ოდიშის“ არხზე გავიდა სიუჟეტი კადრების საჯაროდ ჩვენების შესახებ, ტელევიზიაში აღშფოთებულმა მოქალაქეებმა დაიწყეს რეკვა. ისინი, ვინც ვერ რეკავდნენ, მაგრამ ინტერნეტი ჰქონდათ, კომენტარს იქვე ტოვებდნენ და წერდნენ, რომ ამ კადრების ჩვენება შუა ქუჩაში დანაშაული იყო, თუმცა აღმოჩნდნენ ისეთებიც, რომლებიც არა „საზოგადოებრივ დარბაზსა“ და ქალაქის მერიას, არამედ ჟურნალისტებს ადანაშაულებდნენ და ფაქტების გაყალბებაში სდებდნენ ბრალს.
დაიწყო თუ არა გამოძიება ზუგდიდში საჯაროდ კადრების ჩვენების გამო, ჯერ გარკვეული არ არის, თუმცა გამოსაძიებელი დიდად არც არაფერია _ ორგანიზატორები არ იმალებიან და მათი სახელები ყველამ ძალიან კარგად იცის.
„რაც შეეხება ქეიფს რესტორან „დიარონში“, „საზოგადოებრივი დარბაზის“ წევრები მოლხენის ხასიათზე სწორედ სექსუალური ძალადობის შემცველი კადრების რამდენჯერმე ჩვენება-გადახვევის შემდეგ დადგნენ. მათ იქ ქალაქის თავიც მიიპატიჟეს, მაგრამ ირაკლი გოგოხიას, ამჯერად, ჭკუა ეყო და თავაზიანი უარი თქვა. სოსო ლაგვილავამ და მისმა მეგობრებმა კი აპარატურა და ლეპტოპი იქვე, მეზობელ მაგიდაზე მოათავსეს და ქეიფს შეუდგნენ. ნუ ვიქნებით ასე სასტიკნი და ვთქვათ, რომ კი არ იქეიფეს, კადრების კიდევ ერთხელ ხილვით მოგვრილი დარდი ღვინოში ჩაახრჩვეს... სადღეგრძელოების თანმიმდევრობა არ ვიცით, მაგრამ როგორც „დიარონის“ პერსონალი ამბობს, მეორე სადღეგრძელო, ფეხზე წამოდგომით, ბიძინა ივანიშვილის დაილია, რომელმაც „ტირანია დაამარცხა...“
დოროთე გითოლენდია