ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა.
თუ „ქართული ოცნება“ ტელევიზიის დაპატრონებას აპირებდა, მაშინ მას ამ ქმედებებისთვის საპარლამენტო არჩევნების მერე პირველი ექვსი თვე ჰქონდა. ეს ის პერიოდია, როცა გამარჯვებულებს არ ასამართლებენ. „ოცნებამ“ ეს შანსი ხელიდან გაუშვა.
დღეს „ქართული ოცნება“ ცაიტნოტშია.
მას უჭირს როგორც საგარეო, ისე საშინაო ფრონტზე.
კულუარებში ყველამ იცოდა, რომ 19 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძეს გადაწყვეტილება უნდა გამოეცხადებინა და დაუყოვნებლივ აღსრულებაზე გადაეცა. სასამართლოს ეზოში შეკრებილი ხალხი და მედია ის ერთადერთი ბერკეტი არ ყოფილა, რის გამოც ურთმელიძემ სასამართლო პროცესი გადადო. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, პროცესი ყოფილი პრემიერის კატეგორიული მოთხოვნით გადაიდო. მოვლენების შესაძლო განვითარების სცენარი „ქართული ოცნებისათვის“ ხელსაყრელი სულაც არ არის. თუ აღსრულებაზე მისულ აღმასრულებლებს ტელევიზიის შენობაში არ შეუშვებენ, მაშინ „გაფარჩაკებისა“ და სისუსტის დემონსტრირების თავიდან აცილების მიზნით, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება უნდა მოხდეს იძულებით, იძულებით აღსრულება ტელევიზიაში ძალოვანი უწყების წარმომადგენლების ან სპეცდანიშნულების რაზმის შეყვანას გულისხმობს, ეს კი ხელისუფლებისთვის ხარაკირია.
2007 წლის ნოემბერში მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას ნერვებმა უმტყუნა და „იმედი“ დაარბია. ეს წყალგამყოფი აღმოჩნდა. საპრეზიდენტო არჩევნების მეორედ მოგების შემდეგ ამერიკაში ჩასულ მიხეილ სააკაშვილს „იმედის“ დარბევის გამო თითი უქნიეს. ამ დროიდან დაიწყო მისი ხელისუფლების დემონტაჟი, რაც საბოლოოდ მიშას ხელისუფლებიდან წასვლით დასრულდა.
„რუსთავი 2“-ის გამო ბიძინა ივანიშვილს სერიოზული პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს. მართალია, მისი ოპონენტები ამბობენ, რომ ის რუსული პროექტია და ამერიკელები არ აინტერესებს, მაგრამ ეს ასე სულაც არ არის, _ ვინ, ვინ და სწორედ ივანიშვილმა იცის, რა როლი ითამაშა 2012 წელს არჩევნების მოგების მერე გართულებების თავიდან აცილებაში ამერიკის მაშინდელმა ელჩმა, რიჩარდ ნორლანდმა. იცის ისიც, რომ მისი ფინანსური რესურსების დიდი ნაწილი სწორედ ამერიკაშია დაბანდებული და ერთ მშვენიერ დღეს, შეიძლება, მას ანგარიშები გაუყინონ, ამიტომ ვერ „დაიკიდებს“ ვერც ამერიკის ელჩის და ვერც სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციას. ბოლო დროს მას დიპლომატიის ენაზე ცხადად და მკაფიოდ ეუბნებიან, _ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაციის პრობლემა დადგება, თუ „რუსთავი 2“, როგორც კრიტიკული ტელევიზია, აღარ იარსებებს.
„რუსთავი 2“ ბიძინა ივანიშვილის ერთადერთი თავსატეხი ნამდვილად არ არის.
მას პრობლემები აქვს კოალიციის შიგნითაც, სადაც რესპუბლიკელები აშკარად დომინანტის პოზიციაში არიან. მართალია, საზოგადოების გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ 2%-იანი პარტია საფრთხე არ არის, მაგრამ ივანიშვილის წინდაუხედაობის წყალობით, ორპროცენტიანებს რეალურად სამი მნიშვნელოვანი პოსტი უჭირავთ და ხელისუფლებას უკვე გასაგები ულტიმატუმების ენაზე ელაპარაკებიან. მაგალითად, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბერძენიშვილმა, მარტივად და გასაგებად განაცხადა, _ 6 დეკემბერს გამართულ ყრილობაზე გადავწყვეტთ, მომდევნო არჩევნებზე კოალიციასთან ერთად გავდივართ, თუ კოალიციის გარეშეო. სამწუხაროდ, კოალიციის შიგნით ბალანსი უკვე დაირღვა და რესპუბლიკელების ამბიციების მოთოკვა ყოფილ პრემიერს უფრო და უფრო გაუჭირდება.
პრაქტიკულად, გაკოტრებულ მთავრობას რეალური ცვლილებების გატარება ძალიან გაუჭირდება. მართალია, ღარიბაშვილი ცდილობს მისი ცოლის ნათესავებისგან დისტანცირებას, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მოქმედი პრემიერი სწორედ მისმა გარემოცვამ ჩაძირა. ამიტომ ის ვერ მოიშორებს ამ ტვირთს და, მისგან ვერც პოლიტიკური ფიგურა გამოიძერწება. ღარიბაშვილს არც აქვს ზედმეტი პრეტენზიები, მომავალ „რასკლადში“ ივანიშვილიც კი მას მხოლოდ თბილისის მერის პოსტზე განიხილავს.
რეალური ცვლილებები ერთია და შეცდომები მეორე. სახელმწიფო კი შეცდომებს შეცდომებზე უშვებს. ერთ-ერთი მსგავსი კატასტროფული შეცდომა ე. წ. სამეგრელოს კასრების ვიდეოების გასაჯაროება იყო. გარდა იმისა, რომ კადრების „გამოგდება“ არჩევნებამდე ერთი წლით ადრე თუნდაც პიარის თვალსაზრისით სიბრიყვეა, მეორე მხარეა პოლიტიკური პასუხისმგებლობა.
ვიდეოფირები შსს-ში დახურულ შეხვედრაზე ჟურნალისტებს გვაჩვენეს. დანაშაული, რომელიც ფირებზეა აღბეჭდილი, უმძიმესი სანახავი იყო. ირაკლი ღარიბაშვილის პირადი თხოვნა გახლდათ, რომ ფირების დეტალებზე საჯაროდ არ გვესაუბრა. უკლებლივ ყველა მედიასაშუალებამ ეს პირობა დაიცვა. ამის შემდეგ ხელისუფლებამ გვითხრა, რომ პირადი ცხოვრებისა და მსგავსი დანაშაულის ამსახველი ყველა მასალა განადგურდებოდა, საჩვენებელ განადგურებას კომისიის წევრებიც ესწრებოდნენ.
ცხადია, ამ პირობებში ლეგიტიმურია კითხვა: შინაგან საქმეთა სამინისტროში დაცული ვიდეოფირები როგორ მოხვდა უკრაინულ საიტზე?
გულუბრყვილოები იფიქრებდნენ, რომ კვალი ხელისუფლებამდე არ მიდის, მაგრამ მოვლენების შემდგომმა განვითარებამ მკაფიოდ აჩვენა, რომ ყველაფერი თეთრი ძაფითაა შეკერილი. კადრების საჯარო ჩვენება ზუგდიდსა და თბილისში გაიმართა, ხოლო „რუსთავი 2“-ის პროცესის დღეს „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული ოფისები დაარბიეს.
სამწუხაროდ, ხელისუფლებაში არ აღმოჩნდა არც ერთი გონიერი ადამიანი, რომელიც ამ აგონიას არ გაამართლებდა, ისევე როგორც არ აღმოჩნდა არც ერთი პირი, რომელსაც ეცოდინებოდა, რომ ე. წ. სამეგრელოს კასრების გაუპატიურების სცენაში მონაწილეობდა და ამ საქმეზე დაკავებულია თბილისის მერის, დავით ნარმანიას დედის ძმისშვილი და ეჭვმიტანილებს დავით ნარმანიას ძმა, ირაკლი ნარმანია იცავს.
აქვე ორი წლის წინანდელი ისტორიაც უნდა გავიხსენო: სწორედ „კუდის“ ხელწერილების გამოქვეყნების მომენტში გახდა ჩემთვის ცნობილი, რომ ე. წ. კასრების ვიდეოების ერთ-ერთი მთავარი მოქმედი გმირი, კოხტა კოდუა, რომელზეც ძებნა იყო გამოცხადებული, რეალურად საქართველოდან წასული არ იყო, ის სამეგრელოში, ზუგდიდის რაიონის ერთ-ერთ სოფელში იმყოფებოდა და მობილური ტელეფონის მეშვეობით კოორდინაციას უწევდა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალების შეგროვებას. ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ „ქართული ოცნების“ ერთი გავლენიანი პირის ორგანიზებით მოხდა ჩემი შეხვედრა „სუსის“ მაღალჩინოსანთან, რომელსაც კოხტა კოდუაზე ჩემს ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია გადავეცი. სამწუხაროდ, კოხტა კოდუას საქართველოდან წასვლის საშუალება მისცეს და მან უპრობლემოდ დატოვა სამეგრელო. სწორედ ამ ფაქტის მერე ცხადზე ცხადი გახდა ჩემთვის, რომ სამართლიანობის აღდგენა იყო მორიგი ბლეფი და არანაირი სამართლებრივი ბერკეტი დამნაშავეების დასასჯელად არ იქნებოდა გამოყენებული.
არ დავმალავ და გეტყვით, რომ „ქართული ოცნების“ მოქმედი დეპუტატების, ყოფილი და მოქმედი მინისტრების პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოფირები მეც მაქვს ნანახი, კადრები ტელეფონით ხელიდან ხელში გადადიოდა თბილისში. პანდორას ყუთი რომ გაიხსნას და ინტერნეტში ეს მასალები აიტვირთოს, სად მიდის მერე „ქართული ოცნება“? სამეგრელოს ვიდეოფირები ხომ ბუმერანგის პრინციპით დაუბრუნდებათ უკან.
NDI-ის ბოლო კვლევებმა პოლიტტექნოლოგიებში გარკვეული ადამიანები დააფიქრა. რეიტინგებში მსგავსი ვარდნა და კოალიცია „ქართული ოცნების“ ჯამური 11% ნიშნავს თუ არა იმას, რომ კოალიციაში შემავალი პარტიები ცალ-ცალკე ბარიერსაც ვერ გადალახავენ? კიდევ უფრო კომპეტენტურები ამბობენ, რომ ეს კვლევა რევოლუციური სცენარის ერთი შემადგენელი ნაწილია. ყველაფერი იქით მიდის, რომ ხელისუფლებას არჩევნების გაყალბება მოუწევს _ გაყალბებას კი ხალხის პროტესტი მოყვება, პროტესტს _ „მაიდანი“ და ამ ფონზე ქვეყანაში მხოლოდ ერთადერთი ლეგიტიმური პირი იქნება არჩეული _ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომლისგანაც პრემიერის სრულიად გაუთვლელმა ქმედებებმა და განცხადებებმა უკვე შექმნა პოლიტიკური ფიგურა.
როგორ მოიქცევა პრეზიდენტი მარგველაშვილი? „ქართულ ოცნებას“ დაუჭერს მხარს თუ ხალხის მოთხოვნას?
ცხადია, ხალხის მოთხოვნას, რადგან, ყველაფერთან ერთად, „ოცნებაში“ რეალურად მეგობრების მტრებად გადაქცევის დიდოსტატები არიან!!!
_ არჩევნები ან „რუსთავი 2“-თან ერთად ჩატარდება, ან არ ჩატარდება საერთოდ, _ ეს ნიკა გვარამიას ბოლო განცხადება იყო გუშინ.
„რუსთავი 2“ სასამართლო გადაწყვეტილების მოლოდინშია. ყოფილი პრემიერი ფიქრობს.
გახდება თუ არა ბიძინა ივანიშვილი მიშა სააკაშვილი 2 და შევა თუ არა „რუსთავი 2“-ში სპეცდანიშნულების რაზმით?
წამმზომი უკვე ჩართულია!!!
ელისო კილაძე