შექმნილი მდგომარეობა, რომელსაც „ოცნების” ხელისუფლება უბრალოდ არ იმჩნევს და კიდევ უფრო `გასაოცარ წელზე” აკეთებს საჯარო აქცენტებს – მოსახლეობის ნაწილი პროტესტით ხვდება. არა იმიტომ, რომ ყოფილ მმართველ გუნდს მისტირის ვინმე, ან უფრო ადრეულ `ტკბილ 90-იანებში” დაბრუნების სურვილი აქვს, არამედ იმიტომ რომ განვითარება, საკუთარი თავისა და ოჯახის დანაყრების სურვილი აქვს. ფაქტია, `პური და სანახაობა” პირდაპირი მნიშვნელობით უფრო მტკივნეულია, ვიდრე ჰიპერბოლაში ჩაკარგული. ერთ წრეზე ბრუნვა იმ ქვეყნისთვის, რომელსაც ვერც საშინაო და ვერც საგარეო პოლიტიკა ვერ გაუმართავს, ცხადია, ყველა საშუალებას გამოიყენებს მიზნის მისაღწევად. მიზანი კი, ყველასთვის ცნობილია – თანამდებობზე რაც შეიძლება დიდხანს დაყოვნება და ყველა სიკეთის მიღება სახელმწიფოს ხარჯზე. თან იმ დროს, როცა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის რიცხვი პირდაპირპროპორციულად იზრდება უმუშევართა მძიმე სტატისტიკის მაჩვენებლებთან ერთად.
ამიტომ დგება დღის წესრიგში კითხვა – გამოვა თუ არა ხალხი ქუჩაში და დაადგება თუ არა ქვეყანა, ნაცადი, ფართომასშტაბიანი საპროტსტო აქციების გზას?
„ქრონიკა+“-სთან საკუთარ პოზიციბს აფიქსირებენ პოლიტიკოსები და პოლიტოლოგები:
მამუკა კაციტაძე _ „ახალი მემარჯვენეები“:
_ როგორც წესი, ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები არ უკავშირდება მარტო ერთ თემას და ერთ სფეროს, თუნდაც სოციალურს. ფართომასშტაბიანი გამოსვლები უფრო კრებსითი გამოხატულება არის ხოლმე პრობლემებისა. კაცმა რომ თქვას, დღეს სოციალური მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, არა მხოლოდ ლარის ვარდნის კურსის გამო, არამედ, ზოგადად, მაგრამ, ამის გარდა, არის გარკვეული კომპონენტები, რომლებმაც, ალბათ, უნდა მოამწიფოს ფართომასშტაბიანი გამოსვლები. მე ვიტყოდი, რომ მედიასთან დაკავშირებული თემები, არა მხოლოდ „რუსთავი 2“-ს ვგულისხმობ, არამედ, ზოგადად, მედიას, საარჩევნო გარემოსთან, საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული თემები, მათ შორის, სოციალურ-ეკონომიკური გარემო, წყება იმ კომპონენტებისა, რომლებიც, ვფიქრობ, იქნება ასე ერთიანად დასანახი, როგორც ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების დაწყების საფუძველი და არგუმენტი. ამ მიმართულებებით ყველგან არის პრობლემები, მაგრამ რამდენად არის ეს მომწიფებული ფართომასშტაბიანი გამოსვლებისთვის, ალბათ, ძნელია ჯერ ამაზე საუბარი. არის კიდევ ერთი კომპონენტი, რომელიც მნიშვნელოვან სეგმენტს შეადგენს. ეს გახლავთ ხელისუფლებისადმი დამოკიდებულება. მე ვატყობ, რომ ამ 3 წელიწადში, მიუხედავად იმისა, რომ სერიოზული პრობლემები გაჩნდა, ჯერ კიდევ არ არის ხელისუფლებისადმი ბოლომდე უნდობლობის გამოცხადების ვადა ამოწურული. ჯერ კიდევ არსებობს ხელისუფლებისადმი რაღაც პოზიტიური მოლოდინები, ეს მოლოდინები რაღაც დოზით შეაფერხა, უფრო სწორად, იმედი დატოვა ბიძინა ივანიშვილის გვერდით გაწევამ და საზოგადოებაში მისი მობრუნებისა და სიტუაციების გაუმჯობესების რაღაც იმედი და მოსაზრებებია. რამდენად საფუძვლიანია, ამაზე არ ვსაუბრობ, ამიტომ, პრობლემებთან ერთად, ხელისუფლებისადმი დამოკიდებულება არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი. მე რაც მახსოვს, წინა ხელისუფლებები, გნებავთ „მოქალაქეთა კავშირის“ დროს, გნებავთ უფრო ადრე და „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, პრობლემების მიუხედავად, სანამ არ გაკოტრდა ხელისუფლება, სანამ არ ამოიწურა სრულად მისდამი მოლოდინი, მანამდე კრიტიკული მასა ვერ შეიქმნა, ამიტომ ეს კომპონენტიც უნდა გავითვალისწინოთ, როცა ფართომასშტაბიანი გამოსვლების ალბათობაზე ვსაუბრობთ და, ალბათ, ასე უნდა დავინახოთ მისი პერსპექტივაც. ასე ვხედავ მე პირადად ისეთი ტიპის გამოსვლებს, რომელიც ხელისუფლებას შეარყევს, თორემ გამოხვიდე და გააპროტესტო, ასე დღესაც იყო „რუსთავი 2“-ის აქცია და ახლაც მიმდინარეობს სასამართლოს წინ. სხვა ხარისხში გამოხატულ პროტესტს ვგულისხმობ ამ შემთხვევაში. თუმცა ეს ყველაფერი იმას არ ნიშნავს, რაც ახლა ვთქვი, რომ ფართომასშტაბიანი აქციები უპერსპექტივოდ ჩანს დღევანდელი გადასახედიდან. ყველაფერი აქეთ მიდის, უბრალოდ, არის დროის ფაქტორი; გააჩნია, როგორ იმოქმედებს ხელისუფლება; გააჩნია, კიდევ უფრო როგორ გამწვავდება ის პრობლემური სფეროები, რაზედაც ვისაუბრე, დროზეა ეს ყველაფერი დამოკიდებული, ტენდენცია ერთმნიშვნელოვნად აქეთ მიმავალია... დღევანდელი გადმოსახედიდან ჯერ არ არის, თუმცა ბევრი არაფერი აკლია.
ხათუნა ლაგაზიძე _ ექსპერტი:
_ დღეს არ არის საპროტესტო განწყობა საზოგადოებაში, უფრო ნიჰილიზმია. ეს არის იმედგაცრუება და მეორე თემაა, ისინი ვერ ხედავენ ძალას, რომელსაც გაჰყვებოდნენ პროტესტში. რეიტინგებმა გვაჩვენა, რომ როცა მოსახლეობის 60% არ ცნობს არც ერთი პოლიტიკური ძალის ავტორიტეტს, შესაბამისად, ის არ გაჰყვება იმ ძალას, რომლის ავტორიტეტისაც არ სჯერა. არჩევნებზე არ მიდიან ხმის მისაცემად და მით უმეტეს, ქუჩაში არ გაჰყვებიან. ეს არ ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებას მოსწონს, რაც ხდება. იმდენად არ მოსწონს, რომ აქედან გამოსავალსაც ვერ ხედავს. როდესც ვერ ხედავს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც გზას დაანახვებს, ამიტომაც არის აბსოლუტურ იმედგაცრუებაში და ნიჰილიზმში. ჯერ არ მომწიფებულა საპროტესტო მუხტი და არც ლიდერი ან პარტია ჩანს, არც ლიდერთა ჯგუფი, ვინც ხალხს დაარწმუნებდა, რომ მათ შეუძლიათ ამ პრობლემების გადაჭრა. სხვაგვარად ხალხი გარეთ არ გამოვა. არც ისე კრიტიკული სოციალური ფონია, კიდევ რომ ქაოსურად გამოვიდეს ხალხი გარეთ. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს თემა _ მედიის თავისუფლება _ არ არის თემა, რომელიც ხალხს მასობრივად გარეთ გამოიყვანდა. ანუ ეს თემაც კი არ აღიქმება იმდენად კრიტიკულად და ღირებულად საზოგადოების საპროტესტო ნაწილში. კრიტიკული მასა, რომელიც დღეს გამოვა და მედიის თავისუფლებას დაიცავს, სამწუხაროდ, მზად არ არის აქტიური მოქმედებებისთვის.
რამაზ საყვარელიძე _ ექსპერტი:
_ საპროტესტო განწყობა არის, ოღონდ ზუსტად არ ვიცი, რის მიმართ იქნება პროტესტი. ჯერჯერობით, გარდა უკმაყოფილებისა ხელისუფლების მიმართ, ისეთი მასშტაბის აქციები, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ არის ხოლმე ახლაც კი, ხელისუფლების მიმართ გამოხატულ საპროტესტო აქციებში არ მახსენდება. შეიძლება იყოს პროტესტი, ოღონდ ეს პროტესტი, არ არის გამორიცხული, რომ „ნაციონალების“ მიმართაც იყოს და შეიძლება უფრო ძლიერიც იყოს, ვიდრე უწინ, რადგან „ნაციონალების“ მიმართ გამოწვეული უკმაყოფილება, ჯერ კიდევ, მეხსიერებაში აქვს ადამიანს. დღევანდელი სოციალური მდგომარეობა უდავოდ უსიამოვნო ფაქტია, მაგრამ ეს მდგომარეობა ემოციას ისეთი სიმძაფრით არ აჩენს, როგორადაც „ნაციონალები“ აკეთებდნენ, დავუშვათ, საპყრობილეებში, ან ქუჩებში ბავშვების დახოცვით. ასე რომ, ვინც საპროტესტო აქციებით იმუქრება, ასეთი მუქარა „ნაციონალების“ მხრიდან ისმის, მათ ყველაზე ნაკლები ეთქმით, ვიდრე მოსახლეობის პროტესტის შესახებ და ყველაზე ნაკლებად უნდა ჰქონდეთ იმის იმედი, რომ თუ ასეთი პროტესტი აგორდა, ეს პროტესტი მათ წინააღმდეგ იქნება მიმართული. შეიძლება პროტესტები გაჩნდეს და, მე მგონი, ეს „ნაციონალებისთვის“ ძალიან სახიფათო იქნება, თუ პროტესტი გაჩნდა.
ირაკლი ჩიქოვანი _ „თავისუფალი დემოკრატები“:
_ მშვიდობიანი პროტესტის და აზრის გამოხატვის უფლება, საბედნიეროდ, ყველა მოქალაქეს აქვს და უნდა ჰქონდეს გარანტირებული. აქვე ვიტყვი, „თავისუფალი დემოკრატები“ ვფიქრობთ, რომ ვერავინ შეძლებს საპროტესტო ტალღის და ნებისმიერი სხვა სახის დაძაბულობის შექმნას. ჩვენ, ქართული საზოგადოება, ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევეგუოთ, რომ ხელისუფლება იცვლება არჩევნების გზით და `თავისუფალი დემოკრატები~ არ ვაპირებთ იმ სახის აქტივობებში მონაწილეობას, რაც ამ კონსტიტუციურ ციკლს დაარღვევს. ყველა ხელისუფლებას განაჩენს გამოუტანს ხალხი იმ საქმის მიხედვით, რასაც ის გააკეთებს, ან ვერ გააკეთებს. ხალხი აუცილებლად მოითხოვს პასუხს ხელისუფლებისგან ბევრ, მათ შორის, ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მძიმე ეკონომიკური ვითარება, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლების შეზღუდვა.
ჯონდი ბაღათურია _ „ქართული დასი“:
_ დღეს ძალიან ნოყიერი ნიადაგია შექმნილი საპროტესტო აქციებისთვის, საზოგადოება ხედავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თავი შეირცხვინა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ფარული გარიგებებით და, შესაბამისად, ხალხი ეძებს გამოსავალს. შეიძლება მიიღოს უმართავი პროცესიც, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ამის დაშვება არ შეიძლება. სწორედ ამიტომ „ქართული დასი“ პარტნიორ პარტიებთან ერთად ემზადება და მუშაობს იმისთვის, რომ ორგანიზება გავუწიოთ ამ საპროტესტო ტალღას და ეს საპროტესტო მუხტი ვმართოთ კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში. კი არ შევანელოთ, მეტი ენერგია მივცეთ, კანონიერი და ორგანიზებული სახე მივცეთ, ეს უფრო ეფექტური იქნება. მთავარი ეფექტი უნდა იყოს ხელისუფლების ცვლილება, ახალი გზის არჩევა, „ქათული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე, ხოლო შემდგომ, რა თქმა უნდა, ქვეყანაში სწრაფი და ეფექტიანი რეფორმების გატარება, პირველ რიგში, ქვეყნის საგარეო კურსის სწორი შერჩევა, ცვლილება და კორექტირება. ეს უნდა იყოს მთავარი, თუმცა, რა თქმა უნდა, აუცილებელია სწრაფი სოციალური რეფორმები, სასამართლოს რეფორმა, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირება, საკანონმდებლო ბაზის, ადმინისტრაციული, სისხლის სამართლის, სამოქალაქო, საპროცესო კოდექსების რეფორმირება, განათლების რეფორმა. ხელისუფლებამ საკუთარ თავს პოლიტიკური განაჩენი თვითონ გამოუტანა, ხელისუფლება ფარულ გარიგებაში შევიდა დამნაშავეთა ბანდასთან და ამით აირჩია სრულიად სამარცხვინო გზა. დღეს ხალხი ეძებს ახალ გზას და ახალ ლიდერს „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე და ამ ლიდერს ხალხი ძალიან მალე იპოვის. შესაბამისად, ერთადერთი გამოსავალი დღეს იმისთვის, რომ ქვეყანა გადარჩეს, არის ხელისუფლების ცვლილება. არ შეიძლება ქვეყანას მართავდეს 25 წლის განმავლობაში მარიონეტული ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის გარედან იმართება, რომელიც ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს თვითონ კი არ იღებს, მიუხედავად იმისა, ჭკუა ჰყოფნის თუ არა ამ გადაწყვეტილების მისაღებად, ის ელოდება გარედან მითითებას. ეს ვითარება სწორედ ასეთი მარიონეტული მმართველობის გამოა შექმნილი, შესაბამისად, მიმაჩნია, რომ დღეს საპროტესტო აქციის მთავარი მოთხოვნა უნდა იყოს ხელისუფლების ცვლილება, ანუ პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელება „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე. ის, ვინც ღირსეული ადამიანია „ქართულ ოცნებაში“, ასეთები არიან და იმედს ვიტოვებ, რომ ძალიან ცოტანი არ აღმოჩნდებიან, მათაც უნდა გააკეთონ ახალი არჩევანი...
თამარ ბატიაშვილი