QronikaPlus
„საქართველოს რკინიგზელთა პროფესიული კავშირი“ 110 წლისაა!

„საქართველოს რკინიგზელთა პროფესიული კავშირი“ 110 წლისაა!

2015-10-09 10:44:51

„საქართველოს რკინიგზელთა პროფესიული კავშირი“ 110 წელს ითვლის. საუკუნოვანი ისტორია ბევრ მნიშვნელოვან და საინტერესო ფაქტს ინახავს. იუბილესთან დაკავშირებით რკინიგზელებმა სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ უამრავ სტუმარს უმასპინძლეს. უცხოელი სტუმრები რეგიონებსაც ეწვივნენ და ადგილზე გაეცნენ რკინიგზელთა პრობლემებს. რკინიგზელთა თავყრილობა საზეიმო ღონისძიებით დასრულდა, სადაც დამსახურებული რკინიგზელები დააჯილდოეს. „საქართველოს რკინიგზელთა პროფესიულ კავშირში“ აცხადებენ, რომ დღეს მათ რკინიგზის ადმინისტრაციასთან კონსტრუქციული ურთიერთობა აქვთ. თუმცა ახსოვთ 4 წლის წინანდელი დაპირისპირება, როცა რკინიგზის ადმინისტრაციამ ცალსახად გაუწყვიტა ხელშეკრულება პროფკავშირებს და უარი განაცხადა საწევრო ანარიცხების პროფკავშირებში ჩარიცხვაზე. იყო პერიოდი, როცა მრავალი წევრი დაკარგა პროფკავშირმა რკინიგზის ადმინისტრაციის გადაწყვეტილების გამო, დღეს კი რკინიგზის ადმინისტრაცია და „საქართველოს რკინიგზელთა პროფესიული კავშირი“ კოლექტიური ხელშეკრულების საფუძველზე ზრუნავენ რკინიგზელთა უფლებების დაცვაზე. „საქართველოს რკინიგზელთა პროფესიული კავშირის“ თავმჯდომარე, ზურაბ ნარსია, აცხადებს, რომ დღეს უკვე მათი რიგები 7000 კაცს აღემატება და ისინი ევროპული პროფკავშირული ოჯახის შემადგენელ ნაწილად მოიაზრებიან. ზურაბ ნარსია _ „საქართველოს რკინიგზელთა პროფესიული კავშირის“ ხელმძღვანელი: _ რკინიგზელთა დღედ არის გამოცხადებული ოქტომბრის პირველი კვირა დღე და ყველა რკინიგზელს ვულოცავ ამ თარიღს. მინდა, ისტორია გაგახსენოთ: 1871 წელს გაიხსნა პირველი სარკინიგზო ხაზი ფოთი-ზესტაფონი, ხოლო 1875 წელს სარკინიგზო ხაზის მიმართულებით თბილისი დაუკავშირდა ფოთის საზღვაო ნავსადგურს; 1883 წელს საქართველომ სარკინიგზო მიმოსვლა დაიწყო აზერბაიჯანთან, ხოლო 1899 წელს გაიხსნა სარკინიგზო მიმოსვლა საქართველოსა და სომხეთს შორის. ამ ყველაფრის მშენებლობა მიმდინარეობდა დაქირავებული მუშახელის ექსპლუატაციის ხარჯზე, სამუშაოს მოცულობა შეადგენდა 16 საათს და ამ ადამიანებს შრომა მინიმალური თანხით უნაზღაურდებოდათ. შექმნილმა ყოფითმა პირობებმა ბიძგი მისცა, საქართველოს რკინიგზაზე ჩამოყალიბებულიყო მუშათა ინტერესების დამცველი პროფესიული კავშირი. მიუხედავად იმისა, რომ პროფკავშირების ლეგალიზაციასთან დაკავშირებული კანონი ჯერ კიდევ არ იყო მიღებული და მიიღეს 1906 წელს, ცალკეულმა დარგებმა და, მათ შორის, რკინიგზამ, ჯერ კიდევ, 1905 წელს დაიწყეს საგაფიცვო სალაროების ბაზაზე პირველი პროფესიული კავშირების ჩამოყალიბება, რომელთა შორისაა „საქართველოს რკინიგზელთა პროფესიული კავშირი“. „რკინიგზის პროფკავშირებმა“ მიაღწია იმას, რომ თუ რკინიგზელი ქალბატონი გადის დეკრეტულ შვებულებაში, მას რკინიგზა დამატებით სამი თვის ანაზღაურებას მისცემს; ასევე არაერთი პროექტია მიმართული რკინიგზელებისა და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, დასვენებასა და სოციალურ წახალისებაზე; რკინიგზაში წარმოქმნილ ყველა შრომით დავას, პროფკავშირების მონაწილეობით, შესაბამისი კომისია განიხილავს; ძალაში შევიდა საპრემიო-სამოტივაციო სისტემაც, რაც ითვალისწინებს რკინიგზელისთვის კვარტალურად ბონუსების გაცემას. აქამდე წახალისების ეს რეჟიმი არ მოქმედებდა და ყველაფერი დამოკიდებული იყო რკინიგზის ხელმძღვანელობის კეთილ ნებაზე. 2000 წლიდან ჩვენ გახლავართ მსოფლიო ტრანსპორტის ფედერაციის წევრები, ასევე 2002 წლიდან ვართ ევროპის ტრანსპორტის ფედერაციის წევრები. ეს ურთიერთობები და სოლიდარობა ჩვენთვის სტიმულის მომცემია. მოვამზადეთ პროექტი, სადაც რკინიგზელთა სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე, მათი შრომითი უფლებების დაცვასა და უსაფრთხოებაზე ვიზრუნეთ. დღეს რკინიგზელთა ხელფასზე მაღალს ვერ ვიტყვით, მაგრამ რეგიონში მოქმედ რკინიგზელთა ხელფასებთან შედარებით ბევრად უკეთესია, რადგან დღეს რკინიგზაზე საშუალო ხელფასი 390 დოლარის ეკვივალენტია. ხელფასის ზრდასთან დაკავშირებით ადმინისტრაციასთან არაერთხელ გვქონდა საუბარი, ბოლოს შევთანხმდით, მოხდეს ცალკეული თანამდებობების შეფასება და საფეხურების ცვლილების შემთხვევაში, რკინიგზელის ხელფასმა მოიმატოს. მთავარი მოთხოვნა გვქონდა, გაეთვალისწინებინათ რკინიგზელის სტაჟი და 30-40-45-წლიანი დამსახურება. ამ დროს ადმინისტრაციის არგუმენტია, რომ ახალგაზრდას მოემატოს ხელფასი, რადგან ის უფრო ენერგიულია და მეტს გააკეთებს. თუმცა ჩვენი პოზიციაა, რომ 30 წლის მუშაკის გამოცდილებას ვერც ერთი ახალგაზრდა ერთ და ორ წელიწადში ვერ შეიძენს. მამუკა ბახტაძე _ „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი: _ ისტორია ცხადყოფს, რომ საქართველოს რკინიგზისა და ამ დარგის პროფკავშირების განვითარება მიმდინარეობდა პარალელურ რეჟიმში. ბოლო 110 წელია, საქართველოს რკინიგზას ბევრჯერ შეეცვალა სტატუსი, შეიცვალა სამართლებრივი გარემო, რაშიც ორგანიზაციას უწევდა ფუნქციონირება, თუმცა არ შეცვლილა ერთი რამ, _ ეს არის ის, რომ საქართველოს რკინიგზა არ გახლავთ მხოლოდ მატერიალური ღირებულება, არამედ ეს არის ადამიანთა ერთობლიობა და მე მას ერთ დიდ ოჯახს ვუწოდებ. აღსანიშნავია, რომ 2003 წელს მოხდა ძირეული საკანონმდებლო ცვლილება ჩვენთან მიმართებით, რომელმაც მნიშვნელოვნად გააღრმავა პროფკავშირული საქმიანობა და ეს მისასალმებელია. მოგეხსენებათ, საქართველომ ხელი მოაწერა ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის ასოცირების ხელშეკრულებას, რომელიც მაღალ თამასას უწესებს იმ ურთიერთობის განვითარებას, რასაც დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ურთიერთობის დარეგულირება ჰქვია. ამ მხრივ, პროფკავშირის საქმიანობა განსაკუთრებულია. მეტიც, საქართველოს რკინიგზის დღევანდელი მენეჯმენტის აბსოლუტური პრიორიტეტია პროფკავშირული საქმიანობის წინა პლანზე წამოწევა. 2 წელია, ვახორციელებთ განათლების პროექტს, რომელიც ეხება რკინიგზელების შვილებს, რკინიგზაში დასაქმებულ თანამშრომლებს; საინტერესო სოციალური პაკეტი გვაქვს, მინდა გამოვყო ჯანდაცვის მიმართულება და მომავალ წელს 50%-ით ვფიქრობთ ამ მიმართულების გაზრდას. მესამე მიმართულებაა _ შრომის პირობები. ობიექტურობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ამ მიმართულებით ყველაფერი ისე არ არის, როგორც საჭიროა, მაგრამ მძიმე პირობების გათვალისწინებით, არსებობს შესამჩნევი პროგრესი და ჩვენი ამოცანაა, დავხუროთ ყველა ის პრობლემური საკითხი, რაც შეეხება შრომის პირობებს. ოსტენ ასლაკსენი _ მსოფლიო ტრანსპორტის პროფკავშირების საერთაშორისო ფედერაციის მიწისზედა ტრანსპორტის სექციის მდივანი: _ „საქართველოს რკინიგზის პროფკავშირი“ ერთ-ერთი უძველესია და ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ იუბილეში მონაწილეობა. დღეს რკინიგზა მსოფლიოში უფრო მეტად ვითარდება, ვიდრე ადრე, რადგან ეს ეკოლოგიური ტრანსპორტია. მართალია, საქართველო მთიანი ქვეყანაა და აქ რკინიგზის მშენებლობა ძვირი ჯდება, მაგრამ მაინც აუცილებელია, საქართველოს ხელისუფლებამ და რკინიგზის ადმინისტრაციამ განავითარონ სარკინიგზო ქსელი. იშაკ კოსაბიკი _ თურქეთის ტრანსპორტის პროფკავშირების გენერალური მდივანი: _ რკინიგზის სექტორში მომუშავე ყველა ქვეყნის მშრომელთა პრობლემა იდენტურია. ზოგჯერ დამსაქმებელს არ უნდა, რომ მშრომელები გაერთიანდნენ, ზოგჯერ კი დამსაქმებელი ცდილობს, რაც შეიძლება დაბალი ანაზღაურება დაუნიშნოს მშრომელს, ამის გადასალახავად კი მათ საერთო ძალებით უნდა იბრძოლონ. გენადი კოსოლაპოვი _ რკინიგზელთა სატრანსპორტო მშენებელთა პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის გენერალური მდივანი: _ პოსტსაბჭოთა ყველა ქვეყანაში სარკინიგზო ობიექტების პრივატიზება მიმდინარეობს და ამის გამო ბევრი პრობლემა იჩენს თავს რკინიგზელთა სოციალური დაცვის თვალსაზრისით, ამიტომ პროფკავშირების ჩართვა ამ საქმეში აუცილებელია.  

                                                                                                         თამარ ბატიაშვილი

გაზიარება