ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ მომზადებული კვლევა, „უვადო მსჯავრდადებულთა საქმეების გადახედვის პერსპექტივები საქართველოში“, უკვე გახდა მსჯელობისა და განხილვის საგანი. გასულ კვირას ორგანიზაციამ სარეკომენდაციო წინადადებათა პაკეტი აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს გაუგზავნა და საქმეების გადახედვა ითხოვა.
რა მოლოდინები არსებობს ხელისუფლების მხრიდან? გადაიხედება თუ არა უვადო პატიმართა საქმეები? რა გარემოებებზეა გამახვილებული ყურადღება კვლევაში?
„ქრონიკა+“ `ახალგაზრდა ადვოკატების~ ხელმძღვანელს, არჩილ კაიკაციშვილს ესაუბრა:
_ არჩილ, რა გახდა კვლევის მომზადების მიზეზი და რა გარემოებებზე გამახვილდა თქვენი ორგანიზაციის ყურადღება?
_ ორგანიზაცია სასჯელაღსრულების სისტემაში უვადო მსჯავრდადებულების საქმეების შეფასებით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც 2014-2015 წლებში, სხვადასხვა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან განცხადებები მიიღო. უვადო პატიმრები მიუთითებენ, რომ 2012 წლის 28 დეკემბრის `ამნისტიის შესახებ~ კანონი მათ მიმართ რეალური შედეგის გარეშე გავრცელდა, სახელმწიფომ უნებლიე შეცდომა დაუშვა და სახეზეა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ხარვეზი. კერძოდ, სასჯელის ¼-ით შემცირების პრინციპი უნდა გავრცელებულიყო უვადო თავისუფლება აღკვეთილებზეც, როგორც სისხლის სამართლის სასჯელის ერთ-ერთ რეალურ და არა აბსტრაქტულ ზომაზე. სასამართლო გადაწყვეტილებებში ვკითხულობთ, რომ ამნისტიის კანონის თანახმად, უვადო თავისუფლება აღკვეთილებს სასჯელი უნდა შეუმცირდეთ ¼-ით, რამეთუ აღნიშნული შეღავათი ვრცელდება ყველა სახის დანაშაულსა და სასჯელზე, რომლებზეც არ გავრცელდა ამნისტიის კანონის 1-15 მუხლით გათვალისწინებული შეღავათი, მაგრამ რაკი ამნისტიის კანონში კონკრეტულად არ არის გაწერილი, როგორ გავრცელდეს აღნიშნული ნორმა უვადო სასჯელზე, რომელსაც ზედა ზღვარი არ გააჩნია, სასამართლოს გადაწყვეტილებებში სასჯელის საბოლოო ზომა (უვადო) დარჩა უცვლელად. აღნიშნულმა ფაქტმა მართლაც ნათელი გახადა 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის კანონის საკანონმდებლო ხარვეზი. ორგანიზაციამ მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი იქნებოდა განმარტება ზემოაღნიშნული კანონისა და სასამართლო გადაწყვეტილებების ჩანაწერის შინაარსზე. კერძოდ, თუკი „ამნისტიის შესახებ“ კანონის თანახმად, მსჯავრდადებულებს ¼-ით უმცირდებოდათ შეფარდებული სასჯელი, რატომ რჩებოდა საბოლოო სასჯელის ზომა მაინც უცვლელად? უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლომ ითანამშრომლა კვლევის ფარგლებში და მათი გამოხმაურება ასეთი იყო: აღნიშნული პრობლემის არსებითად გადაწყვეტისათვის საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მიაჩნია, რომ საჭიროა, საქართველოს პარლამენტს მიემართოს, რათა მან უზრუნველყოს სათანადო საკანონმდებლო ცვლილების მიღება, რის საფუძველზეც შემდეგ სასამართლო იმოქმედებს კანონის შესაბამისად. ამნისტია სამართლებრივად შეუქცევადი პროცესია, რაც ადამიანის უფლებათა დაცვის ხარისხის სრულყოფასა და სამართლის უზენაესობის პრინციპის დაცვას ემსახურება. რასაკვირველია, ჩვენც ვეთანხმებით საკასაციო სასამართლოს მიდგომებსა და პოზიციას, მიგვაჩნია, რომ, ახალი ხელისუფლების პირობებში, უვადო მსჯავრდადებულთა საქმეების გადახედვაზე აქტიური მუშაობა უნდა დაიწყოს. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2014 წლის მონაცემის საფუძველზე, რომელიც ჩვენ გამოვითხოვეთ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაქვემდებარებაში მყოფ დაწესებულებებში 81 უვადო პატიმარი იხდის სასჯელს და ყველა მათგანი საქართველოს მოქალაქეა. სამინისტროს მხრიდან მომზადდა შემდეგი გამოხმაურება, რომ რუსთავის #5 დაწესებულებაში სასჯელს იხდიდა _ 3, რუსთავის #6 დაწესებულებაში _ 13, თბილისის #7 დაწესებულებაში _ 3, თბილისის #8 დაწესებულებაში _ 62, მათ შორის ქალი _ 3, მამაკაცი კი _ 78. როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის 2015 წლის 6 მარტის შეწყალების აქტით, ზემოაღნიშნული სამი უვადო პატიმარი ქალბატონი შეიწყალა. მათ პატიმრობის ვადა 20 წლით განესაზღვრათ, ნაცვლად უვადო პატიმრობისა.
_ როგორ ფიქრობთ, რამდენად მზად არის ხელისუფლება, დაიწყოს ამ საკითხზე მსჯელობა და ხომ არ გამოიწვევს საზოგადოებაში უვადო მსჯავრდადებულების საქმეების გადახედვა ისეთივე ემოციას, როგორიც ამნისტიის კანონის ამოქმედების შემდეგომ კრიმინალის მომატებას მოჰყვა?
_ საჭიროა სწორი, სიღრმისეული და საკითხის სამართლიანი ანალიზი _ 1997 წლიდან საქართველოში სასჯელის სახით უვადო თავისუფლების აღკვეთა დაკანონდა, თუმცა თუკი 2007 წლამდე საქართველოში მხოლოდ 25 უვადოდ თავისუფლება აღკვეთილი პირი იხდიდა სასჯელს, 2014 წლის ბოლოსთვის, ოფიციალური ინფორმაციით, მათი რიცხვი 81-მდე გაიზარდა. ექსპერტები და სპეციალისტები საკუთარ შეფასებებში ხშირად აღნიშნავდნენ, რომ უვადო პატიმრობის რიცხოვნობის გაზრდა პირდაპირ პროპორციული აღმოჩნდა 2003-2012 წლების ხელისუფლების მკაცრი სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის გამო, რომელიც ცნობილია „ნულოვანი ტოლერანტობის“ სახით. რასაკვირველია, სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ფუნქციაა საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, მაგრამ მხოლოდ კანონის უზენაესობის, სამართლიანი სასამართლოს უფლების გამოყენებისა და საქმის ყოველმხრივი შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ. 2012 წლამდე მოქმედი ხელისუფლების პირობებში სასამართლო დამოუკიდებლობის ხარისხმა და საპროკურორო ძალაუფლების მართლმსაჯულებაზე პირდაპირმა გავლენამ შედეგად მოიტანა, მათ შორის, უვადო თავისუფლება აღკვეთილი პირების საქმეებზე არაეფექტიანი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, მტკიცებულებების ფალსიფიკაცია და არაობიექტური განაჩენები. 2012 წლის 28 დეკემბერს პარლამენტმა, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებით, ცალსახად აღნიშნა ის გარემოება, რომ საქართველოში არსებობდნენ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული და პოლიტიკური ნიშნით სისხლისსამართლებრივად დევნილი პირები. შესაბამისად, სახელმწიფომ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის #1900 (2012) რეზოლუციაზე დაყრდნობით, ქვეყანაში პოლიტიკური ამნისტია გამოაცხადა, რომელიც, მათ შორის, უვადო თავისუფლებამისჯილ პირებსაც შეეხო. საქართველოში უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირების საქმეების გადახედვის საკითხი 2013 წლის აპრილიდან გახდა აქტუალური, რა დროსაც სხვადასხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მსჯავრდადებულებმა, სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნით, შიმშილობის აქციები დაიწყეს. უვადო პატიმართა მოთხოვნით, მათ მიმართ როგორც გამოძიება, ისე სასამართლო გადაწყვეტილებები უსამართლო იყო. პატიმართა განცხადებით, მართალია, სახელმწიფომ ჰუმანური ნაბიჯი გადადგა და 2012 წლის „ამნისტიის შესახებ“ კანონით 2003-1012 წლების ხელისუფლების მმართველობის პოლიტიკური რეჟიმის მხარე შეაფასა, მაგრამ კანონში გაჩენილმა ხარვეზმა შეუძლებელი გახადა სამართლიანობის აღდგენა უვადო პატიმართა საქმეებზე და მათი საქმეების ხელახალი შესწავლა და გადახედვა. სასჯელის ¼-ით შემცირების პრინციპი უნდა გავრცელებულიყო უვადო თავისუფლება აღკვეთილებზეც, როგორც სისხლის სამართლის სასჯელის ერთ-ერთ რეალურ და არა აბსტრაქტულ ზომაზე. ჩვენ მიერ რამდენიმე უვადო პატიმრის საქმის შესწავლამ დაგვარწმუნა, რომ ისინი დღემდე სხვა კვალიფიკაციით იხდიან სასჯელს, ან პატიმრობა საერთოდ უკანონოა. ამიტომაც სახელმწიფოს მართებს სამართლიანი და კანონისმიერი მოქმედებები, რათა საქმეები გადაიხედოს და სადაც ფიქსირდება, რომ ადგილი აქვს არასწორ კვალიფიკაციას, სიმართლე გაირკვეს. რა უმჯობესია, სწრაფი და ეფექტური გამოძიება ჩატარდეს და სახელმწიფომ ფუნქცია შეასრულოს, თუ საკუთარი მოქალაქეები უსამართლოდ ამყოფოს ციხეში, თანაც უვადო პატიმრის სტატუსით? არსებობს „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულთა და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებაც, რომელშიც რამდენიმე უვადო პატიმრის საქმეც მოხვდა და ამჟამად გამოძიებისთვის პროკურატურაშია. შესაბამისად, სახელმწიფო მოცემულ ეტაპზე გაცილებით აუჩქარებელი და დაკვირვებული უნდა იყოს, როდესაც უვადო სმჯავრდადებულთა საქმეებზე მუშაობას დაიწყებს.
_ კონკრეტულად, რა გამოკვეთა კვლევამ და როგორია საერთაშორისო გამოცდილება სახელმწიფოების მხრიდან უვადო მსჯავრდადებულთა საქმეების გადახედვის მიმართულებით?
_ ორგანიზაციის მიერ შესწავლილ უვადო პატიმართა საქმეებში სამი ტიპის მოთხოვნას ვხედავთ, რომ მათი საქმეების პროცესში ხდება არასწორი კვალიფიკაცია, არაადეკვატური მისჯა და პატიმრები უდანაშაულოდ მიიჩნევენ თავს. 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის არჩევნების შედეგად ხელისუფლებამ „მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი დროებითი სახელმწიფო კომისიის“ შექმნაზე განაცხადა, რომელსაც სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი ხარვეზების გამოვლენა უნდა უზრუნველეყო, თუმცა კომისიის შექმნაზე, მოგვიანებით, ხელისუფლებამ უარი განაცხადა. შესაბამისად, მათ შორის უვადო პატიმართა საქმეების გადახედვის მოქმედ მექანიზმად კანონმდებლობაში არსებული შესაძლებლობები დარჩა _ საქმეზე ახლად გამოვლენილი და ახლად აღმოჩენილი გარემოებები და პრეზიდნეტის შეწყალების ინსტიტუტი. თუკი უვადო პატიმრების შეწყალების მარეგულირებელ აქტში წერია, რომ შეწყალების შესახებ შუამდგომლობის განხილვის პროცედურა შეიძლება დაიწყოს მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი პირი სასჯელის 25 წელს მოიხდის, საქართველოს პრეზიდენტს აქვს ექსკლუზიური უფლებამოსილება, შესაბამისი შუამდგომლობის საფუძველზე, დადგენილი წესების დაუცველად, მიიღოს პირის შეწყალების გადაწყვეტილება. როგორც პრაქტიკული მაგალითები გვიჩვენებს, საქართველოს პრეზიდენტმა 2004-2013 წლებში შეიწყალა უვადო პატიმრობაში მყოფი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: ალთან ადნან სარიბაში, სელჩუკ კირჩიჩეკი, ჯენგიზ კირჩიჩეკი, მეჰმედ ასლანკაია და ფიქრეთ თათარი, ხოლო 2015 წლის მარტში პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამი უვადო პატიმარი ქალბატონი შეიწყალა. მათ, ნაცვლად უვადო პატიმრობისა, პატიმრობის ვადა 20 წლით განესაზღვრათ. ორგანიზაციამ ასევე შეისწავლა ევროპული დირექტივები და შვიდი ქვეყნის: უკრაინის, აზერბაიჯანის, სომხეთის, რუსეთის, გერმანიის, ავსტრიისა და საფრანგეთის მოქმედი კანონმდებლობა, რომელიც უვადო თავისუფლება აღკვეთილ პირებთან მიმართებით მნიშვნელოვან სტანდარტებს ადგენს. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ საქართველოს სამომავლო მიდგომები მნიშვნელოვანია, არსებულ პრაქტიკულ გამოცდილებას დაუახლოვდეს. აღნიშნულ ქვეყნებში უვადო მსჯავრდადებულთა საქმეების გადახედვის შესაძლებლობა დადგენილია 15, 20 და 25 წლის გასვლის შემდეგ. არანაკლებ საინტერესოა ევროპული კომიტეტის დირექტივებიც, რომელიც ეხება წამებისა და არაადამიანური, ან ღირსების შემლახველი მოპყრობის პრევენციებს. აღნიშნული სტანდარტების თანახმად, არ შეიძლება პიროვნების იძულება, სიცოცხლე ციხეში დაასრულოს; არც ერთი კატეგორიის პატიმარს არ უნდა მიენიჭოს იარლიყი: „მთელ დარჩენილ სიცოცხლეს ციხეში გაატარებს“; უარი განთავისუფლების თაობაზე არასოდეს არ უნდა იყოს საბოლოო და პირობით განთავისუფლების შემდგომ კვლავ ციხეში დაბრუნებულ პატიმრებსაც კი არ უნდა წაერთვათ განთავისუფლების იმედი.
_ რა არის ის წინადადებები, რომლითაც ორგანიზაციამ ხელისუფლებას მიმართა და როგორ გეგმავთ საკითხის შემდგომ ლობირებას?
_ ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ჰუმანიზმის პრინციპების დამკვიდრებისა და დემოკრატიის სტანდარტის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია, უვადო პატიმართა საქმეების გადახედვის დროსთან დაკავშირებით, გარკვეული ცვლილებები შევიდეს და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით ასეთი საქმეები გადაიხედოს 15 ან 20-წლიანი თავისუფლების აღკვეთის ვადის გასვლის შემდგომ. მნიშვნელოვანია, ამ მოცემულობაში, გათვალისწინებული იყოს მსჯავრდადებულის დახასიათება, მისი საპატიმრო ქცევის წესი, საზოგადოებრივი უსაფრთხოების საკითხი და რისკის ფარგლები. ის ფაქტი, რომ ქართულ ციხეებში 80-მდე უვადო პატიმარი იხდის სასჯელს, ბევრი მათგანი 2012 წლის შემდგომ, შეცვლილი ვითარების ფონზე, სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობას და საქმეების გადახედვას მოითხოვს, რაც სახელმწიფოს მხრიდან თანხვედრ ნაბიჯებს საჭიროებს. ამასთან, უნდა გაანალიზდეს „ამნისტიის შესახებ“ კანონში არსებული ხარვეზები და უვადო პატიმართა საქმეები ინდივიდუალური პრინციპით უნდა გადაიხედოს. თავად სასამართლო ხელისუფლება ობიექტურად აფასებს საკანონმდებლო ხარვეზს და აღნიშნული პრობლემის არსებითად გადაწყვეტისათვის მიაჩნია, რომ საჭიროა, საქართველოს პარლამენტს მიემართოს, რათა მან უზრუნველყოს სათანადო საკანონმდებლო ცვლილების მიღება, რის საფუძველზეც შემდეგ სასამართლო იმოქმედებდა ახალი საკანონმდებლო რეგულაციების შესაბამისად. ამასთან, საჭიროა საგამოძიებო უწყებების მეტი ქმედითი ნაბიჯები, როდესაც სახეზეა საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილება „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულთა და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ და დადგენილებაში წარმოდგენილ მსჯავრდადებულებს შორის არიან უვადო თავისუფლება აღკვეთილი პირებიც. შესაბამისად, ჩვენი რეკომენდაციებიც ამ მიმართულებით ჩამოყალიბდა: მნიშვნელოვანია, საქართველოს პრეზიდენტმა მსჯავრდადებულთა შეწყალების პროცესში გადახედოს შეწყალების არსებულ მიდგომებს და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს უვადო თავისუფლებააღკვეთილ პირთა განცხადებების განხილვასა და შესწავლას, რომლებიც სასჯელთა შეცვლას და/ან განახევრებას მოითხოვენ. საჭიროა, პატიმართა საქმეების ინდივიდუალური პრინციპით შესწავლა და მათი ყოველმხრივი გამოკვლევის საფუძველზე, რისკისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების შეფასების ფონზე, ასეთი მსჯავრდადებულების შეწყალება _ სასჯელისგან განთავისუფლება, ან/და სასჯელის შემცირება, ან/და ვადიანი სასჯელის დადგენა. საქართველოს მთავრობამ სისტემური მიდგომა შექმნას უვადო თავისუფლება აღკვეთილ მსჯავრდადებულთა საქმეების მიმართ, საქმეების გადახედვა უზრუნველყოს საქართველოს პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა და საქმეების გადახედვა დაეფუძნოს გონივრულ ვადებს, საქმეთა შესწავლისა და გადახედვის ინდივიდუალურ პრინციპს. მთავრობამ გააკეთოს პოლიტიკური განცხადება, „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულთა და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით დასახელებულ პირთა საქმეების გადახედვის მიმართ სწრაფი და ეფექტიანი გამოძიების ჩატარების შესახებ, რითაც აღნიშნულ პირთა მიმართ უნდა დაიწყოს სამართლიანობის აღდგენის რეალური პროცესი. მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაიწყოს სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება საქართველოს პარლამენტის მიერ „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულთა და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ დადგენილებაში დასახელებულ პირთა საქმეების მიმართ. აღნიშნულ საქმეებზე საგამოძიებო ორგანოს მუშაობის ტემპი მნიშვნელოვნად აფერხებს დასახელებულ საქმეებზე კანონიერი გადაწყვეტილების მიღებას და მოლოდინებს, ხოლო საქართველოს პარლამენტმა ეფექტიანი კონტროლი, ან/და მონიტორინგი განახორციელოს „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულთა და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებაში დასახელებულ პირთა საქმეების შესწავლისა და მიმდინარეობის პროცესის მიმართ და საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელოს 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონში და აღმოიფხვრას არსებული ხარვეზი, რომელიც უვადო თავისუფლება აღკვეთის მქონე პატიმრების მიმართ, სასჯელის გადახედვის პროცესში, გაავრცელებს სასჯელის ¼-ით შემცირების პრინციპს და განსაზღვრავს, თუ როგორ მოხდეს აღნიშნული ნორმის გავრცელება უვადო სასჯელზე. სხვა შემთხვევაში ამნისტიის კანონი მიიჩნევა მნიშვნელოვანი ხარვეზის მქონედ და არ იქნება ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, სამართლიანობის აღდგენაზე საზოგადოების მოთხოვნის შესაბამისი. „ახალგაზრდა ადვოკატები“ ვაპირებთ მოვამზადოთ საკანონმდებლო წინადადებაც და მივმართოთ პარლამენტს შემდგომი განხილვებისთვის.
თამარ ბატიაშვილი