ყველას ახსოვს, თუმცა საინტერესოა თვალი გადავავლოთ რამდენიმე პუნქტს „ქართული ოცნების“ საარჩევნო დაპირებებიდან. აღსანიშნავია, რომ გამარჯვების შემდეგ დაპირებების ეს პროგრამა კოალიციის იდეოლოგებმა ვებგვერდიდან მალევე მოხსნეს, მაგრამ სხვებმა მოასწრეს და ტექსტი თავისთან დროულად შეინახეს. დაპირებებთან დაკავშირებული ეს დეტალიც ბევრის მეტყველია და გადავიდეთ საქმეზე.
დაპირება #1: ათეულობით ათასი სამუშაო ადგილი
_ ჩვენი გეგმა თავიდანვე ითვალისწინებს, რომ უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები და ის ჩვენს ქვეყანაში ათეულობით ათასი იქნება.
რეალობა: სამუშაო ადგილები შეიქმნა, ძირითადად, ხელისუფლებასთან დაახლოებული აქტივისტებისთვის, რომლებმაც, ხშირ შემთხვევაში, საჯარო სამსახურებიდან უცერემონიოდ გაშვებული თანამშრომლების ადგილები დაიკავეს. ამაზე ცხადად მეტყველებს დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციების არაერთი კრიტიკული ანგარიში. ძირითადად, ნეპოტიზმის ნიშნით დასაქმებულთა პროფესიული უნარ-ჩვევები კი კრიტიკას ვერ უძლებს. ამას თუნდაც დედაქალაქის მერიის სისტემაში ჩატარებული გამოცდების შედეგებიც ადასტურებს. „ოცნებამ“ დასაქმების თვალსაზრისით ის ხალხიც კი „გადააგდო“, ვინც საარჩევნო პროცესში ეხმარებოდა, მაგრამ მერე „პატრონი“ აღარ გამოუჩნდა. კოალიციის „ნაღები საზოგადოება“ უმალ დასაქმდა, ხოლო დანარჩენი ემიგრაციის ნაცად გზას დაადგა.
დაპირება #2: თითოეული მოქალაქე იპოვის საკუთარი გამოცდილების ადეკვატურ სამუშაოს
_ ჩემს გუნდთან ერთად, თქვენთან ერთად, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რისი გაკეთებაც შესაძლებელია. რეალური პოლიტიკა, რეალური ნაბიჯები, რასაც გპირდებით ჩვენ და აუცილებლად შევძლებთ კიდეც.
რეალობა: ამ სიტყვების ავტორი ერთ წლის შემდეგ სოლოლაკის რეზიდენციაში გადაბარგდა და 84 „ადეკვატური“ დაპირების შესრულება ფართო საზოგადოებისთვის სრულიად უცნობ „თინეიჯერს“, ღარიბაშვილს დაუტოვა. რაც შეეხება „რეალურ პოლიტიკას და რეალურ ნაბიჯებს“, ამას დღესაც ენერგიულად ახორციელებს, მაგალითად, „პანორამა თბილისის“ სახით. პრობლემატიკაში დედაქალაქის გათვითცნობიერებული, საექსპერტო საზოგადოება ამის წინააღმდეგ გამოდის, მაგრამ ლოზუნგი, „თქვენთან ერთად“, ვისღა ახსოვს? ჰოდა, კიდევ ერთხელ და ერთხმად გავიმეოროთ: „პანორამა არა!..“
დაპირება #3: გამარჯვებისთანავე ღირსეული დასაქმება ყველას
_ ჩვენ ვიცით, რეალურად როგორ შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები. ჩვენ ვიცით, როგორ ავიხდინოთ ქართული ოცნება. ხელისუფლება ხალხს უნდა ემსახურებოდეს და არა ხალხი _ ხელისუფლებას.
რეალობა: „ქართულმა ოცნებამ“ თანდათანობით დაკარგა არსებული, ისედაც მწირი სამუშაო ადგილები. ოცნება აიხდინეს მათ, რომლებმაც დიდი ფულის საკეთებლად სახელისუფლებო ბერკეტები მყარად ხელში ჩაიგდეს. სადღა არიან ტიპები, თითოეულ სოფელს გარანტირებულ 5 მილიონს რომ ჰპირდებოდნენ, დაბრუნებული 80 მილიონის გაჭირვებულებში განაწილებას, ურეკში სოლარიუმების მასობრივ მშენებლობას?.. მათ მართლა იცოდნენ, როგორ აეხდინათ საკუთარი ოცნებები, ხალხზე კი რა მოგახსენოთ? _ რევოლუციურ ცვლილებებს გეგმავენ იდეალისტები, ახორციელებენ რომანტიკოსები და ნაყოფს იმკიან ნაძირალები. ლამის აღარ არსებობს ქართული ოჯახი, საიდანაც ერთი წევრი მაინც არ ცდილობდეს საზღვარგარეთ გაქცევას იმისთვის, რომ ოჯახი გადაარჩინოს, ეს თუ ყოფილა ერის ოცნება...
დაპირება #4: დაიწევს ფასი კომუნალურ გადასახადებზე
_ მე გპირდებით, რომ ჩვენი ქვეყანა თავს დააღწევს გაჭირვებას. მე გპირდებით, რომ ჩვენ შევამცირებთ გაუმართლებლად მაღალ კომუნალურ გადასახადებს.
რეალობა: კომუნალური გადასახადები კვლავ იმატებს იმ ფონზე, როდესაც ზამთარში მოსახლეობას ოცლარიანი ვაუჩერიც აღარ ექნება. როგორ უნდა გაიგოს ეს დედაქალაქის საკრებულომ, რომლის წევრთა დიდი ნაწილიც დეკლარირებული მილიონერია? პრინციპით, მაძღარს მშიერის როდის ესმოდა?
დაპირება #5: გაზის საფასური შემცირდება 3-ჯერ
_ ჩვენ ძალიან დიდი რაოდენობის გაზი გვეკუთვნის უფასოდ, რამდენადაც ეს `ტრუბა~ გადის ჩვენს ტერიტორიაზე. მესამედი გამოვა დღევანდელი გადასახადის გაზის გადასახადი.
რეალობა: ის „ტრუბა“ ისევ ჩვენს ტერიტორიაზე გადის, სანამ რუსებს და ოსებს კიდევ არ გადმოუწევიათ „საზღვარი“ და „ოსეთის“ ფარგლებში არ მოუქცევიათ. ეს იმ ფონზე, როდესაც რუსეთთან „ადეკვატური დიალოგის“ რეჟიმში ვიმყოფებით.
მესამედი გამოვაო, _ იმდენი შენ რა გითხარი!..
დაპირება #6: ბენზინზე დაიკლებს ფასი
_ აი, ნახავთ, როგორ დაიწევს ფასი ძალიან ბევრ პროდუქტზე: პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, ბენზინზე, ელექტროენერგიაზე, სადაც ხელოვნურად აქვთ გაზრდილი ფასები და ფულს აკეთებენ.
რეალობა: მთელ მსოფლიოში დაიკლო ნავთობის ფასმა, ისტორიულ მინიმუმს `ეთამაშება~ და საქართველოში თავის პოზიციას მყარად ინარჩუნებს. ახლა ვის ჯიბეში მიდის ყოველი ლიტრიდან ერთი ლარი?
დაპირება #7: ასეულობით და ათასობით საწარმო უნდა გაიხსნას და ეს იქნება რეალური
_ ასეულობით და ათასობით საწარმო უნდა გაიხსნას და ეს იქნება რეალური. ყოველთვიურად ასობით საწარმო უნდა იხსნებოდეს.
რეალობა: ყოველთვიურად ასობით საწარმო უნდა იხსნებოდესო...
დაპირება #8: წლის ბოლომდე უნდა მოვახერხოთ და, მინიმუმ, 60 ქარხანა უნდა გვქონდეს
_ როგორც ვაცხადებდი არჩევნების პროცესში, მინიმუმ, 60 ქარხანა წლის ბოლომდე ჩვენ უნდა მოვახერხოთ. რეგიონში ერთი ქარხანა მაინც, თბილისში არ ვიცი, რამდენი მოუწევს.
რეალობა: ჩადით ნებისმიერ რეგიონში და ეს დაანონსებული ქარხანა მოძებნეთ. ასეთი სიღატაკე კი რეგიონებში, ალბათ, არასოდეს ყოფილა. ერთმა ნაცნობმა ოცდაათი ლარის სანელებლები წაიღო დედაქალაქიდან 70 კმ-ით დაშორებულ რეგიონში და რა ქენი-მეთქი?
_ ჭიქაში ლარს ვერ მიხდიან და ყველას „პოსლეზე“ მიაქვს, ფული რომ მექნება, გადაგიხდიო; ხალხს დამბლადაცემული ლარიანიც აღარ უგდია ჯიბეში და ოცნება უშველის, ხომ?
დაპირება #9: რეგიონებში შეიქმნება ათასობით საწარმო
_ გამარჯვებისთანავე საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი _ ქართული ოცნება“ განახორციელებს პროგრამას: „ღირსეული დასაქმება ყველას“.
რეალობა: ...უკომენტაროდ.
დაპირება #10: პენსია 220 ლარი
_ პენსიონერს არანაკლებ 220 ლარისა ექნება პენსია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ეს იქნება მინიმალური, ამას დაემატება წელთა ნამსახურეობა.
რეალობა: პენსია ქვეყანაში ისევ 125 ლარია, მისი მსყიდველობითი ღირებულება _ კატასტროფული. კოალიციის სათავეში მოსვლიდან სამი წლის განმავლობაში პენსია ათი ლარითაც არ გაზრდილა, როცა მანამდე ყოველწლიურად იზრდებოდა.
დაპირება #11: დაახლოებით 250-300 ლარი გახდება პენსია გარკვეული ჯგუფებისათვის
_ მინიმალური პენსია გახდება 220 ლარი! გარდა ამისა, ყველა ის საპენსიო დანამატი, რაც გააუქმეს „ნაციონალებმა“, დაემატება: ომის ვეტერანობის, ინვალიდობის, ობლობისა და ასე შემდეგ. დაახლოებით 250-300 ლარი გახდება პენსია.
რეალობა: ...
დაპირება #12: პენსია არ იქნება იმაზე ნაკლები, ვიდრე რეალური საარსებო მინიმუმია:
_ ჩვენ დავადგენთ საარსებო მინიმუმის ახალ, რეალურ ზღვარს. პენსია არ იქნება იმაზე ნაკლები, ვიდრე რეალური საარსებო მინიმუმია.
რეალობა: ...
დაპირება #13: ექსპერტების გათვლებით რეალური საარსებო მინიმუმი 200-220 ლარის ფარგლებშია:
_ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე პენსია საარსებო მინიმუმის ტოლი იქნება. ექსპერტების გათვლებით, რეალური საარსებო მინიმუმი 30%-ით მეტია. სხვადასხვა გათვლებიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ ეს ციფრი 200-220 ლარის ფარგლებშია.
რეალობა: სად გაქრნენ ეს ექსპერტები, ან სამი წლის შემდეგ მათ აღარაფერს ეკითხებით? მაშინ თუ საარსებო მინიმუმი 220 ლარის ფარგლებში იყო, დღეს, ნეტავ, რამდენი იქნება? რაც შეეხება ექსპერტებს, როგორც ჩანს, ძველებს აღარ სწყალობთ და 60 ახალ ექსპერტზე კონკურსი გამოაცხადეთ. საინტერესოა, მაინც, რა ციფრებს ელით მათგან? ისე, ჩვენში დარჩეს და, სამჯერ სამოცი ექსპერტიც ვეღარ გიშველით. უნამუსოდ გადაგდებული ხალხის მიერ დამტკიცებულია _ ქოცობა, როგორც მოვლენა, პერმანენტულ-ქრონიკულია და მას ლოგიკური დიაგნოზ-განაჩენი უშველის. გადით უბრალო ხალხში და იკითხეთ ეს ამბავი, თუ ამ სიტყვების არ გჯერათ. განაჩენი გამოტანილია, ერთი წელი გაქვთ დარჩენილი და საქმეს მიხედეთ.
„ოცნების“ დაპირებებზე დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
dreammetter.ge
და ამ „მხიარულ“ ფონზე, მსახიობი მიშა გომიაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ქვეყანაში არსებულ სიტუაციას აფასებს და ყოფილ პრემიერ-მინისტრს პოლიტიკაში დაბრუნებისკენ მოუწოდებს:
„ბატონო ბიძინა, არ გეცოდებათ ქართველი ხალხი, მეტი რაღა უნდა მოხდეს, რაღას ელოდებით?
ან დაგვპატიჟეთ, ან დაგვაძინეთ...
ყველამ კარგად ვიცოდით, რომ პოლიტიკა ბინძური თამაშია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ თამაშში მარტო ბინძური ხალხი მონაწილეობს...
აი ახლა, როცა ამ წერილს ვწერ, ტელევიზიით დათა თუთაშხიას ვუცქერ... და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ეს ასე არ არის...
ამ თამაშში, ნებსით თუ უნებლიეთ, სულით სუფთა ადამიანებიც ერთვებიან, იმ სურვილით, რომ შეცვალონ რაღაც, სიკეთისკენ წაიყვანონ ქვეყნისა და ერის ბედი... ასეთები არ არიან ცოტანი, მაგრამ არ ჩანან...
რამეთუ უფრო მეტია მოწინააღმდეგენი სიკეთის, აფეთქებულები თავის კეთილდღეობის სურვილით, რომლებისთვისაც ქვეყანა კონსერვის ქარხანაა მხოლოდ და მეტი არაფერი... `თუ მოაქვს მოგება, კარგია, თუ არა და გავყიდოთ“...
ასე მაფიქრალები, სამწუხაროდ, ბევრია დღეს და ეს გახლავთ ჩვენი უბედურება. ნუ ვეძებთ გარე მტერს, მგონი, ყველაზე დიდი მტერი ჩვენშია...
ჩვენს თავში... აქ ვეძიოთ ჩვენი მტერი, ჩვენს გულსა და სულში და, იქნებ, მოვახერხოთ, იქვე მოვერიოთ ამ ყველაფერს.
რამხელა სიბრძნე დევს ამ ნაწარმოებში, „დათა თუთაშხიას“ ვგულისხმობ... (ეჭვი მეპარება, რომ ჩვენი ხელისუფლების უმრავლესობას წაკითხული ჰქონდეს ეს რომანი, მგონი, ფილმიც არ უნახავთ). რაც დღეს ხდება... ასეთი უვიცობა, ამბიცია, უზნეობა, პოლიტიკური იმპოტენცია... გვენგრევა თავზე ყველაფერი, თუ უკვე არ დაგვენგრა...
ბატონო ბიძინა, არ გეცოდებათ ქართველი ხალხი? საქართველო? თქვენ ხომ ის კაცი ხართ, რომელმაც ამ ქვეყნის გადარჩენისთვის სასწორზე დადეთ თქვენი და თქვენი ოჯახის ბედი... რატომ გადაგვაგდეთ?
რატომ ჩაუგდეთ ჩვენი და ჩვენი ოჯახების ბედი ვიღაც უვიცებს?.. თქვენ არაერთხელ ბრძანეთ, რომ გლეხი კაცის ოჯახიდან ხართ, გლეხისა, რომელიც მიწაზე შრომობდა. განა, არ გასწავლათ მამათქვენმა, რომ სანამ ახალ, კეთილ თესლს ჩარგავთ მიწაში, სარეველა უნდა მოაცილოთ?.. ამოძირკვოთ?.. თუ არადა, ეს სარეველა მოერევა და გაანადგურებს ყველაფერს ახალს, კეთილს. სხვა შემთხვევაში ყველა ქმედება ფუჭია... მახსოვს, თქვენ ბრძანეთ: „რაღაც უბედურება უნდა მოხდეს, რომ ჩემი პოლიტიკაში დაბრუნების აუცილებლობა დადგეს“... დღეს არ არის ეს უბედურება? მეტი რაღა უნდა მოხდეს? რაღას ელოდებით?“ _ წერს მიშა გომიაშვილი...
რასაც ექსპერტი დემურ გიორხელიძე შემდეგნაირად აფასებს:
„მო-ნო-ბის თანამედროვე ქართული ვერსია, _ მენტალურად მონა, მოქალაქეობრივად დაუნი, შეხედულებებით _ მცდარი და კატასტროფული, ნებისყოფით _ უნებისყოფო და სხვის ხელშემყურე, მხსნელი/მესიის აღმოჩენით გონებაგანგრენის მდგომარეობაში მყოფი.
და ეს ძალიან კარგი მსახიობი!
ახლა წარმოიდგინეთ, რა განწყობაა ხალხის საკმაო ნაწილში
და მერე მიხვდებით _
მონა ვერ ქმნის სახელმწიფოს!
მონას არ სჭირდება სახელმწიფო!
მონას არ სჭირდება ინსტიტუტები და სამართალი.
მონას „კარგი პატრონიც“ ჰყოფნის...
სწორედ ამიტომაც ზის ქართველი ნეხვში და სახელმწიფო მისი დღევანდელი დგომარეობით _ ჯერჯერობით, არშემდგარი სახელმწიფოა...“
არსებული მდგომარეობისადმი რიგითი მოქალაქე გიორგი კობერიძის დამოკიდებულება კი ასეთია:
„ამ ხალხის გამკვირვებია, პოლიტიკოსების შემყურე ქვეყანა არსად არ შენდება და მათ იმედზე რატომ არიან?! პოლიტიკოსი ხალხის მიერ დროებით არჩეული და დაქირავებულია იმის გამო, რომ მათ უკეთ შეძლონ ცალკეული საკითხების მოწესრიგება და ორგანიზება; და არა იმისთვის, რომ ყველას პრობლემები გადაჭრან. შესაბამისად, ვისაც ამ დაპირებების სჯეროდა და სჯერა, დიდად იმედგაცრუებული დარჩება. საცოდაობაა, ამ ყველაფრის შემყურე მოსახლეობის დიდი ნაწილი კვლავაც რომ სხვაზე ამყარებს იმედს. არავინ არაფერს არ გაგიკეთებს, თუ შენ არ გააკეთე!“
დაბოლოს: „არავინ არაფერს არ გაგიკეთებს, თუ შენ არ გააკეთე!“ ამაში თუნდაც არჩევნებზე მისვლა და საკუთარი ნებით არჩევანის გაკეთება იგულისხმება. მონათა ბრბო პასუხისმგებლიანი მოქალაქეებისგან შემდგარ საზოგდოებად უნდა იქცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ქოცობას, ნაცობას, ათასგვარ იზმებსა და ერთი და იგივე წრეზე სიარულს ბოლო არ მოეღება.
მარიამ ბალანჩივაძე