QronikaPlus
რას აპირებს „ნაცმოძრაობა“ შემოდგომაზე? - ერთჯერად მიტინგებს, პერმანენტულ სახალხო გამოსვლებს, მაიდანს თუ რევოლუციას?

რას აპირებს „ნაცმოძრაობა“ შემოდგომაზე? - ერთჯერად მიტინგებს, პერმანენტულ სახალხო გამოსვლებს, მაიდანს თუ რევოლუციას?

2015-08-20 06:25:41

ლამისაა, მეც კი, ვინც კატეგორიულად ვემიჯნები ყოველგვარ შეთქმულების თეორიებს და ჩემსავით უამრავმა ჩემნაირმა დაიჯეროს, რომ საქართველოს ხელისუფლება და „ნაციონალები“ შეთანხმებულად მოქმედებენ და რომ ხელისუფლება, სინამდვილეში, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ხელისუფლებიდან წავიდეს... სხვაგვარი ანალიზი ძნელია, თუ იმ ყველაფერს გადახედავ, რაც ირგვლივ ხდება. ისე აეწყო, რომ როცა „ნაციონალურ მოძრაობას“ კომპრომატები უმთავრდება, ან არ უმთავრდება, მაგრამ ცხელი თემები ელევა, ხელისუფლება მაშინვე დგამს ნაბიჯებს, რათა ახალი ცხელი თემა გაჩნდეს. ამიტომ სულაც არაა გასაკვირი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თავის საშემოდგომო გეგმებს სწორედ ხელისუფლების მიერ შემოგდებულ თემებზე აგებს და არა მარტო აგებს, იმედიც კი აქვს, რომ შემოდგომამდე დარჩენილ ერთ თვეში ხელისუფლება კიდევ ბევრ შეცდომას დაუშვებს. მოდით, გავიხსენოთ, ბოლო პერიოდში რა თემებით მოამარაგა ხელისუფლებამ „ნაციონალები“ და რას გამოიყენებენ ისინი შემოდგომისთვის? „ქრონიკა+“-ის ინფორმაციით, ენმ-ს ვერტიკალში ყველა ეს თემა განსაახლებლად მზადაა, რაც იმას გულისხმობს, რომ ახლა, როცა ცხელი ზაფხული დუღს და თანაც, ყურადღება გადასულია „რუსთავი 2“-ის მეწილეებთან დაკავშირებულ დავაზე, ეს თემები დიდად არ პიარდება და ინახება, რათა ახალი დეტალების დამატებით სექტემბერ-ოქტომბერში გახმაურდეს და იფეთქოს. თავდაპირველად დავსვათ და პასუხიც გავცეთ აუცილებელ შეკითხვას: რას აპირებს „ნაცმოძრაობა“ შემოდგომაზე? ერთჯერად მიტინგებს? პერმანენტულ სახალხო გამოსვლებს? მაიდანს? რევოლუციას? კულუარული ინფორმაციით, ენმ-ს ვერტიკალში გეგმები 2015-2016 წლებზეა გათვლილი და ის, ძირითადად, 2016 წლის არჩევნებს უკავშირდება, თუმცა პროცესები უკვე სექტემბრის შუა რიცხვებში ან ბოლოსკენ დაიწყება. ნიკა გვარამიას დაპირება, რომ ხელისუფლებას ჯოჯოხეთს მოუწყობს, მართლაც ახდენის პირასაა, თუმცა სანამ „რუსთავი 2“-ის აქტივობას განვიხილავთ, ენმ-ს გეგმებზე საუბარი გავაგრძელოთ. რასაკვირველია, ენმ-ს გეგმები უკრაინაში, ამჯერად ოდესაში გადის კორექტირებას და საბოლოო სახესაც იქ მიიღებს. ფაქტი ისაა, რომ 2016 წელი გარდამტეხ წლადაა დასახელებული, ანუ სწორედ არჩევნების წელი და თავად არჩევნებია ის ზღვარი, რომლის იქითაც ენმ-ს დასაკარგი არაფერი ექნება. ამავდროულად, საჭიროა, ხელისუფლებაში დაბრუნების გეგმა ყველაფრის ფასად უკან დაბრუნების გეგმას არ ჰგავდეს, ანუ ისე არ უნდა იყოს, რომ ენმ ხელისუფლებაში დაბრუნებას გეგმავს და ამისთვის ყველაფერზე, თუნდაც სისხლისღვრის პროვოცირებაზე წავა. ეს მოთხოვნა ენმ-მ ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისგან, ასევე ლობისტებისგანაც მიიღო. მათ ცალსახად უთხრეს, რომ თუ წინასწარ გაწერილი გეგმის თესიზებში ენმ-ს ნაბიჯებს, არეულობის პროვოცირებას დაინახავენ, გეგმა მხარდაჭერილი არ იქნება და, სავარაუდოდ, ჩავარდება, რადგან ენმ პარტნიორების გარეშე მის განხორციელებას ვერ შეძლებს. „ქრონიკა+“-ის ინფორმაციით, აშშ მოვლენებს იმ კუთხითაც აკვირდება, შეეკრება თუ არა წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნება“ ბურჯანაძეს ან სხვა პრორუსულ ლიდერებს ან, სულაც, ყველას ერთად? თუ ღია ან ფარული ალიანსი შედგა, აშშ აპირებს, „გეგმა ბ“ აამოქმედოს და „ნაციონალებისა“ და ალასანიას თანამშრომლობაზე აიღოს გეზი. ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ აშშ არ აპირებს, საქართველოში პრორუსულ ძალებს ასპარეზი დაუთმოს. რასაკვირველია, აქ ბევრი იტყვის, რომ მხოლოდ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, ვის აირჩევს და ეს, ფორმალურად, ასეცაა, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ ყველაზე დიადი _ ხალხის არჩევანის გარდა, არსებობს გლობალური პოლიტიკური პროცესი, რომელშიც ცვლილების შეტანა მხოლოდ აშშ-სა და რუსეთს შეუძლია... აშშ უკვე საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ამჟამინდელი ხელისუფლების კრახი ყველა მიმართულებით ცალსახაა. როგორც საგარეო, ასევე შიდაპოლიტიკურ პროცესებში შეკოწიწებული კოალიციის უნიათობა კარგად გამოიკვეთა. როცა ხელისუფლების მოსალოდნელ ცვლილებას უშვებს და მხარს უჭერს, აშშ, პირველ რიგში, ხალხის, მასის განწყობას აკვირდება. ანუ რამდენად მოთხოვნადია ხალხში ხელისუფლების შეცვლა? რუსეთი, აშშ-სგან განსხვავებით, ასე არ იქცევა. მისთვის ხალხის განწყობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, რა სურს მას. ამიტომ რუსეთს ხშირად დაუდევს ფსონი მოსახლეობაში არც ისე პოპულარულ პოლიტიკურ გაერთიანებებზე და მისი დაფინანსებით, მეხუთე კოლონის მოშველიებით, ინტელიგენციის ნაწილის დახმარებით უზრუნია, რომ ისინი ხელისუფლებაში მოსულიყვნენ. ასე მოქცეულა არა მარტო საქართველოში. თუ აშშ-ის პოლიტიკას გადავხედავთ, ის მცირე ჯგუფებზე ფსონს არ დებს. ასე მოხდა 2003 წელსაც _ სახეზე იყო ხალხის განწყობა, მზაობა ხელისუფლების შესაცვლელად. ასე იყო, ძირითადად, 2012 წელსაც, როცა აშშ-მა, სწორედ იმიტომ, რომ ხალხის, მასის განწყობას, მის მზაობას ხედავდა ხელისუფლების შესაცვლელად, თითიც არ გაანძრია მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად. მაგრამ ახლა გამოდის, რომ 2012 წელს მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება გაუშვეს, რათა ის ისევ დაბრუნებულიყო. ამის თქმა ბევრს სასაცილოდ ეჩვენება, მაგრამ ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებს: ერთ-ერთი ავტორიტეტული ორგანიზაციის კვლევებით, რომელთა შედეგები ჯერაც არ გამოქვეყნებულა, ენმ-ს რეიტინგი ბოლო ერთი წლის განმავლობაში 2%-ით გაიზარდა, ხოლო `ქართული ოცნების~ რეიტინგი მთელი 18%-ით დაეცა. ამის მიზეზი უამრავია. მთავარი მიზეზები კი, როგორიცაა ლარის გაუფასურება, პროდუქტების, ელექტროენერგიის, შესაძლოა, ბუნებრივი აირის გაძვირებაც _ შემოდგომიდან კიდევ უფრო აშკარა და საგრძნობი იქნება. ამას დამატებული სოციალური დაუცველების სიიდან უამრავი მოქალაქის ამოღება, რომელთა დაბრუნებასაც, მართალია, ხელისუფლება აგვისტოს ბოლოდან გეგმავს, მაგრამ ამ პროცესსაც არ უჩანს მათთვის სასიკეთო პირი... მოკლედ, „ნაცმოს“ მომავალი პოლიტიკური აქტივის კალათში ნოყიერი ულუფები გროვდება. როგორ გამოიყენებს მათ ენმ იმ ფონზე, როცა მათი რეიტინგი სასურველ ნიშნულამდე არაა მისული იმდენად, რომ ხალხი ქუჩაში გამოიყვანოს? და თუ ხალხი ქუჩაში არ გამოვა, რამდენად შესაძლებელია, ხელისუფლებამ შიში იგრძნოს? „ნაცმოძრაობის“ კულისებში სწორედ ხელისუფლებაში გაჩენილ შიშზე აკეთებენ აქცენტს. წინა, ანუ „ნაცმოს“ ხელისუფლება იმის სანახევროდაც კი არ უფრთხოდა სახალხო მანიფესტაციებსა და შეკრებებს, როგორც ეს ხელისუფლება უფრთხის. მეტიც, წინა ხელისუფლებას არც კი უცდია, ხელი შეეშალა არჩევნების წინა პერიოდში თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში გამართული დიდი მიტინგებისთვის, რასაც ვერ ვიტყვით მოქმედ ხელისუფლებაზე. ამ ხელისუფლებას მუდამ ჰყავს თადარიგში არასამთავრობოები, „ოცნების“ აქტივისტები, ქალები და კაცები, რომლებიც მზად არიან, მოწოდებისთანავე, _ ქსა მაგას! _ „ნაცმოს“ ეკვეთონ. ამიტომაც, შესაძლოა, „ნაცმოძრაობა“ სწორიცაა, როცა ფიქრობს, რომ ამ ხელისუფლების შესაშინებლად სულაც არ არის აუცილებელი გრანდიოზული მიტინგების ჩატარება. ეს დაადასტურა კანცელარიის წინ ბოლოს გამართულმა აქციამ, რომელიც „ტაბულამ“ მოაწყო და სადაც ხალხის დიდი მასა სულაც არ შეკრებილა, თუმცა ხელისუფლებამ რამდენიმე ისეთი ნაბიჯი გადადგა, რითაც თავისი შიში გამოამჟღავნა. სწორედ ამიტომ ენმ ხალხს ქუჩაში გამოიყვანს და გამოიყვანს იმ რაოდენობით, რაც სრულიად საკმარისი იქნება პერმანენტულ აქციაში გადასაზრდელად. ამის შემდეგ კი უკვე ხელისუფლების მოთმინების გამოცდა დაიწყება. შეძლებს კი ის გაუძლოს დარბევის ცდუნებას, ან, თუნდაც, თავისი ზონდერების ფარულად წახალისების ცდუნებას? თუ შეძლებს, პერმანენტული აქციის მონაწილეთა რიცხვი გაიზრდება, თუ ვერ შეძლებს და ექსცესები მოხდება, ამით ხელისუფლება მის „გამპრავებლებსაც“ კი მოუსპობს მათი დაცვის საშუალებას. რასაკვირველია, საუბარია, ასე თუ ისე, ინტელექტუალურ „გამპრავებლებზე“, თორემ ზოგიერთი ანგაჟირებული ფეისბუქელი, მათ შორის, ჩემი კოლეგებიც, ამინდს ნამდვილად ვერ შექმნიან. ამავე დროს, არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ენმ არ დაუშვებს, დაწყებული აქციების მუხტი დაეცეს და სიტუაცია დაჭაობდეს, როგორც ეს რუსთაველზე საკნების განთავსების დროს მოხდა _ დროდადრო სიფხიზლის მუხტის შესანარჩუნებლად აქციას „მომთაბარე“ ჯგუფები უნდა გამოეყონ, „თავისუფალი ზონისა“ და სხვა ახალგაზრდული ორგანიზაციების სახით, რომლებიც მოაწყობენ პიკეტებს, გადაკეტავენ გზას, მოხატავენ კედლებს... მოკლედ, ეცდებიან, ხელისუფლებას დააშვებინონ შეცდომა და მერე ეს შეცდომა ძვირად დაუსვან. თუ „რუსთავი 2“-ის ამბები მანამდე ვერ „მოაყომარა“, ხელისუფლებას რთული დღეები ელის და დიდი ვერაფერი ნუგეში იქნება რეგიონებში ანალოგიური მაუწყებლობის გათიშვა. ჯერ ერთი, რეგიონებში გლეხიც კი ყველაფერს გააკეთებს, რათა „რუსთავი 2“-ის გარეშე არ დარჩეს _ ზოგი „კურიერის“, ზოგიც „ვანოს შოუს“, ზოგი „ნანუკას შოუს“ და ზოგიც, სერიალების ხათრით... და მაინც, 2015 წლის შემოდგომაზე ენმ-ს მხრიდან, მაინც, ერთგვარი ძალების მოსინჯვა და გენერალური რეპეტიცია უფროა მოსალოდნელი, მთავარი ამბები კი 2016 წლის გაზაფხულზე დაიწყება _ ყველა პროგნოზით, მძიმეზამთარგადატანილი ხალხი უკვე ძალდაუტანებლად გამოვა ქუჩაში და ისინი, რომლებიც ლარის გაუფასურებას ქადაგიძეს აბრალებენ, მათ ვერ შეაჩერებენ... მერე კი უკვე 2016 წლის არჩევნებიც მოდის და არჩევნების შემდგომი აქტიურობის დეტალები „ნაცმოსთვის“, მოგეხსენებათ, ძალიან კარგადაა ცნობილი. ალბათ, ამას ემყარებიან უკრაინაში მყოფი „ნაციონალებიც“, როცა თავდაჯერებით ამბობენ, რომ 2016 წელს აუცილებლად საქართველოში იქნებიან... მოკლედ, წინ დიდი „ნერვების ომი“ გველის, რომელიც მთავრობისთვის უფრო ძნელი გადასატანი იქნება, ვიდრე ოპოზიციისთვის...  

                                                                                                                 დოროთე გითოლენდია

     

გაზიარება