QronikaPlus
გოჩა ჯოჯუა: „ბურჯანაძეს აინტერესებდა, მცირე დანაკარგებით, მაქსიმალური სარგებელი მიეღო!“

გოჩა ჯოჯუა: „ბურჯანაძეს აინტერესებდა, მცირე დანაკარგებით, მაქსიმალური სარგებელი მიეღო!“

2015-08-19 06:08:40

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნინო ბურჯანაძის „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარეობა არალეგიტიმურად ცნო. სასამართლომ ქდმ-ს წევრთა სარჩელი დააკმაყოფილა, რის საფუძველზეც გაბათილდა 2014 წლის 6 მაისის ყრილობის გადაწყვეტილება, რომელზედაც პარტიის თავმჯდომარედ ნინო ბურჯანაძე აირჩიეს. ყრილობის შემდეგ ჩატარდა პარტიის მორიგი ყრილობა, სადაც პოლიტიკურმა ორგანიზაციამ დასახელება გადაირქვა და ამჟამად ის გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის სახელით საქმიანობს. „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობაში“ განმარტავენ, რომ პარტიას დაუბრუნდება წართმეული იურიდიული პირობები, ახალ თავმჯდომარეს აირჩევს და, შესაბამისად, ნინო ბურჯანაძე დაკარგავს კომისიის წევრს ცენტრალურ და ყველა დონის საარჩევნო კომისიებში, ასევე დაკარგავს დაფინანსებას, რომელიც მას სახელმწიფოსგან არ აქვს. „სასამართლო და ქალბატონი მაია სვიანაძე ნამდვილად თავისუფალი იყო და მან იხელმძღვანელა იმით, რომ „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ წევრები საქმის კურსშიც არ იყვნენ, მათი პარტიის ლიდერი ნინო ბურჯანაძე რომ ხდებოდა და „ქრისტიან-დემოკრატებიდან“ მხოლოდ 11 წევრი ესწრებოდა ყრილობას“, _ განაცხადა „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე გოჩა ჯოჯუამ. „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ახვლედიანი აცხადებს, რომ პარტია ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. „სასაცილოა, როდესაც ხელისუფლება ცდილობს, ებრძოლოს ნინო ბურჯანაძეს და დემოკრატიულ მოძრაობას თითიდან გამოწოვილი სასამართლო პროცესებით და სარჩელებით, რომელსაც ითხოვენ ორი და სამი წლის წინათ პარტიიდან გარიცხული ადამიანები“, _ ამბობს ახვლედიანი. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების მიზეზებსა და შედგებზე „ქრონიკა+“ ქდმ-ს ლიდერს, გოჩა ჯოჯუას ესაუბრება: _ თავის დროზე, გიორგი თარგამაძემ სწორი და ვაჟკაცური პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო გადადგომის შესახებ, რადგან მისმა პოლიტიკურმა კურსმა პარტიის რეიტინგი მინიმუმამდე დაიყვანა. ამას პარტიის თავმჯდომარის არჩევა უნდა მოჰყოლოდა. თარგამაძემ წასვლის წინ კი თქვა, რას ფიქრობთ ლევან ვეფხვაძეზეო, რასაც ჩვენი მხრიდან უარი მოჰყვა, რადგან ვეფხვაძის პოლიტიკურმა რჩევებმა (ის პარტიაში მეორე პირი იყო) ქდმ-ს რეიტინგის დაზიანება გამოიწვია. იგი, თავის დროზე, „რვიანის“ დაშლის მომხრე იყო და ჩვენ უმცირესობაში აღმოვჩნდით. ამიტომ შიდაპარტიულ სიტუაციაში ჩანდა, რომ ვეფხვაძე ვერ გავიდოდა. მერე საუბარი მიდიოდა მაგდა ანიკაშვილზე, ან გიორგი ახვლედიანზე. ამ პერიოდს ემთხვევა მოლაპარაკება ოპოზიციის გაერთიანებასა და მესამე ძალის ჩამოყალიბებაზე. ამაში მეც ვმონაწილეობდი და ვეფხვაძესთან ერთად შევხვდით ზაზა ვეკუას, ნინო ბურჯანაძის პარტიის წარმომადგენლებს. საუბარი მიდიოდა სხვა პოლიტიკურ ძალებთანაც და თუ არასაპარლამენტო ოპოზიცია მართლაც გაერთიანდებოდა, აქ შეიძლებოდა მონაწილეობა მიეღო ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობასაც. ამის მაგივრად, ისევ ვეფხვაძის ინიციატივით, მარტო ნინო ბურჯანაძეს და მის გუნდს დაველაპარაკეთ და შევთავაზეთ, რომ ეს პარტიები უნდა გაერთიანებულიყვნენ, ოღონდ იურიდიულად ნინო ბურჯანაძე ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარე უნდა გამხდარიყო. მე წინააღმდეგი ვიყავი, _ ამ შემთხვევაში მექანიზმები იყო დასამუშავებელი. ამას მოყვა ის, რომ პოლიტიკური პარტია დავტოვე. 2014 წლის 6 მაისს „ქრისტიან-დემოკრატების“ მხოლოდ 11 წევრი ესწრებოდა იმ თავყრილობას, რომელსაც სრულიად არალეგიტიმურად „ქრისტიან-დემოკრატების“ ყრილობა დაერქვა. ამ 11 ადამიანიდანაც თითქმის ნახევარი ფაქტის წინაშე აღმოჩნდა, რომ ნინო ბურჯანაძე მათი პოლიტიკური ხელმძღვანელი გახდა. დიდმა ნაწილმა ეს ტელევიზიით გაიგო, რომ „ქრისტიან-დემოკრატები“ და ბურჯანაძე გაერთიანდნენ, როდესაც ეს იურიდიულად ფალსიფიცირებული პროცესი იყო. 11 ადამიანის გარდა, დაახლოებით, ასამდე ადამიანი ესწრებოდა. ესენი იყვნენ არაუფლებამოსილი პირები _ ნინო ბურჯანაძის მომხრეები, ან საერთოდ უპარტიოები, რომლებიც ყრილობაზე მოხვდნენ. სწორედ ეს დოკუმენტი იყო ჩვენი დავის საგანი. „ქრისტიან-დემოკრატიული“ მოძრაობის წევრები, რომლებმაც ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს, უბრალოდ, ფაქტის წინაშე აღმოჩნდნენ, როცა ბურჯანაძის კეთილი ნებით დგებოდა სიები. მათ არანაირი მექანიზმები არ გააჩნდათ, რომ თავიანთი შეხედულებები გამოეთქვათ, ან რაღაც შეეცვალათ. ნაწილი საკრებულოს დეპუტატიც გახდა, ნაწილი გამგებლობის კანდიდატადაც იყო წარდგენილი. სწორედ მათ მომაკითხეს და მითხრეს, _ მაშინ შენ მართალი იყავი, მაგრამ ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვქონდაო... მაგრამ სამართლიანობა აღვადგინოთ და საკითხი დავაყენოთ, რომ ის, რაც არაკანონიერი გზით წაგვართვეს და სხვამ მიითვისა, უკან დავიბრუნოთო. დავის საგანი ეს იყო და დარწმუნებულიც ვიყავით, რომ ამ შედეგით უნდა დამთავრებულიყო. მანამდე, ვისაც კი ეს საქმე გავაცანით, მათ შორის იურისტებს, გვეუბნებოდნენ, რომ დიახ, თქვენ მართლები ხართ, მაგრამ რამდენად შესაძლებელია, ეს სიმართლე დამტკიცდესო? სასამართლო პროცესი, დაახლოებით, 9 თვის განმავლობაში გრძელდებოდა და, საბოლოო ჯამში, დადგა შედეგი _ სასამართლომ ჩვენი სარჩელი დამაკმაყოფილებლად ცნო, იმ ფალსიფიცირებული ყრილობის შედეგები გაუქმდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ კიდევ გვაქვს ადმინისტრაციული დავა, რომელიც სამოქალაქო დავის დასრულებამდე შეჩერებული იყო, რადგან იქ მიმდინარე დავის საფუძველი სწორედ ეს ოქმი გახლდათ. ამიტომ ახლა იმასაც ვითხოვთ, რომ ეს ყველაფერი დაუყოვნებლივ აღსრულებაზე შევიტანოთ, რომ სარჩელის უზრუნველყოფა მოხდეს. ადმინისტრაციული დავა იმ შედეგებს გააფორმებს, რომელიც სამოქალაქო სასამართლოზე მივიღეთ, ანუ ქრისტიან- დემოკრატიული მოძრაობა თავის მფლობელს დაუბრუნდება, იმ ხალხს, რომელიც მისი განმკარგავია. პარტია წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაციაა და არა ვინმეს კანტორა, როგორი ავტორიტეტულიც არ უნდა იყოს თავმჯდომარე თუ სხვა ვინმე. _ იმ ყრილობაზე გაერთიანების მოტივაცია რა იყო ორივე მხრიდან? _ რეალურად, არანაირი გაერთიანება არ ყოფილა, ნინო ბურჯანაძე და მისი გუნდი შემოვიდა „ქრისტიან-დემოკრატიულ“ მოძრაობაში. თავმჯდომარეობის გარდა მთავარი კომიტეტის წევრებიდანაც თითქმის ყველა მან დააკომპლექტა, პარტიაში შიგნით გადატრიალება მოხდა. ამ 11 ადამიანს ორი გამოსავალი ჰქონდა _ ისინი ან უნდა შეგუებოდნენ და ეს ეღიარებინათ, არჩევნებში ქრისტიან-დემოკრატებისვე სახელით მიეღოთ მონაწილეობა, ან მეორე, ჩემი ვარიანტი აერჩიათ და პარტიიდან წასულიყვნენ. მაშინ, რასაკვირველია, დღევანდელი შედეგი არ დადგებოდა. ეს ადამიანები პარტიიდან რომ წასულიყვნენ, დღეს გიორგი ახვლედიანს სადავო არაფერი ექნებოდა, რადგან მოდავე არავინ აღმოჩნდებოდა. ამიტომ ახვლედიანი დღეს გარიცხულებზე რომ საუბრობს, არავინ გარიცხულა _ ეს ადამიანები ცენტრალური საარჩევნო კომისიის სიებში არიან, რისი ამოღებაც ყველას შეუძლია. სასამართლო კი არა მარტო საუბარს, არამედ საბუთებსაც ენდობა. ამიტომ დადგა სამართლიანი შედეგი. ბურჯანაძის პოლიტიკური მოტივაცია ის იყო, რომ კვალიფიციური სუბიექტის სტატუსი მიეღო, რადგან კვალიფიციური სუბიექტი უპირატეს მდგომარეობაშია სხვა დანარჩენთან. მარტივად გეტყვით: ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა იმ დროისთვის მესამე პოლიტიკური სუბიექტი იყო „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალების“ შემდეგ. მინიმუმ, 15 მილიონის მარტო საეთერო დრო მისი უპირატესობაა დანარჩენთან, რომლებიც კვალიფიციური სუბიექტები არ არიან. საბიუჯეტო თანხები, დაახლოებით, 800 ათასი ლარი, ასევე წარმომადგენლობის ფულია, რომელსაც კვალიფიციური სუბიექტი ბიუჯეტიდან იღებს. ახლა წარმოიდგინეთ ისინი, რომლებიც არ არიან კვალიფიციური სუბიექტები და რომელ საარჩევნო თანაბრობაზე შეიძლება საუბარი? რასაკვირველია, ბურჯანაძეს ამ შემთხვევაში აინტერესებდა, რაც შეიძლება მცირე დანაკარგებით, მაქსიმალური სარგებელი მიეღო. ვგულისხმობ, რომ სხვა პოლიტიკურ პარტიასთან გარიგებისას რაღაცას თმობ, რადგან სხვანაირად მოლაპარაკება არ შედგება. ამ შემთხვევაში, „ქრისტიან-დემოკრატებთან“ მოლაპარაკების ხილულ ნაწილში არის ერთი რამ _ გიორგი ახვლედიანი ამ მოძრაობის ლიდერებშია მოხვედრილი, დანარჩენი „ქრისტიან-დემოკრატებიდან“ არსად, არავინ ჩანს. რეალურად, ეს პროცესი ერთ ადამიანში გაიცვალა. ვფიქრობ, რომ კიდევ მოხდა ფარული გარიგება, რომელიც ყოველგვარი სამართლიანი და მორალური პრინციპებისგან შორს დგას. ამ ფონზე, მადლობას ვუხდი მოსამართლეს, რომელზედაც პოლიტიკურმა წნეხმა არ იმოქმედა და სამართლებრივი შედეგი დადო, რომელიც პოლიტიკისგან მიღმაა. სხვათა შორის, სასამართლოზე ბურჯანაძის პარტიის წარმომადგენელმა დიმა ლორთქიფანიძემ განაცხადა, _ კი მაგრამ, თქვენ რასაც აკეთებთ, ამას რა პოლიტიკური შედეგი მოჰყვებაო? არ არის სასამართლოს პრეროგატივა პოლიტიკური შედეგების განსაზღვრა. სასამართლო პოლიტიკისგან მიღმაა და სწორედ ეს არის ყველაზე დიდი შედეგი. მას არ აინტერესებს, პოლიტიკურად რა შედეგი დგება, მთავარი სამართლებრივი შედეგია. პირველ ინსტანციაზე დავინახე, რომ პოლიტიკური ზეწოლის ფაქტორი არ არის. დიდი ტრაგედია კი ახლა არ ხდება, უკვე მომხდარია _ ნებისმიერმა პოლიტიკურმა ოპონენტმა შეიძლება ეს საქმე გამოიყენოს ნინო ბურჯანაძის წინააღმდეგ, თუნდაც ეს აქტი, რომ მან არასამართლებრივად მიითვისა პოლიტიკური ორგანიზაცია. 11-მა ადამიანმა ათასობით წევრის ბედი გადაწყვიტა; მიაკუთვნა ის, რაც მისი არ იყო. რა უფლება გაქვს, რომ ერთის მატერიალური თუ სხვა სიკეთეები სხვას მიაწოდო? ამის იქით დაფარული რა იყო, ეს ნამდვილად არ ჩანს. 15 მილიონს ალტრუისტულად არავინ სხვას არ გადასცემს. 15 მილიონს ყველაზე ნაკლებს ვამბობ, თორემ 17 მილიონამდე ადის. _ დემოკრატიულ მოძრაობაში თქვენს სარჩელს ხელისუფლების ნებას აბრალებენ, სადაც თქვენ შემსრულებლები ხართ... _ თუ ქრონოლოგიას გავყვებით, აქამდე ამბობდნენ, რომ ეს საქმე „ნაციონალური მოძრაობის“ შეკვეთა იყო, ახლა ხელისუფლების ნება გახდა. მერე, ალბათ, ნატოსა და ვაშინგტონის შეკვეთა გახდება, მერე შეიძლება მოსკოვშიც აღმოაჩნდეთ მოწინააღმდეგეები, კონკურენტები და მოსკოვის მოტივაციაც გაჩნდება. პირდაპირ გეტყვით: როდესაც ორი სუბიექტი ერთმანეთთან დაობს, ყველა უნდა ცდილობდეს მოკავშირეების მოძებნას. ნინო ბურჯანაძე ახერხებს (ახვლედიანის მეშვეობით ძალიან კარგად გამოსდის) მტრების შეძენას. ჯერ ერთი, ყველა ერთმანეთის ბუნებრივი კონკურენტია და მეორეც _ ის, რაც მე მეკუთვნის და მივიღებ, ეს შეიძლება აწყობდეს „ნაცმოძრაობასაც“, „ოცნებასაც“, ნათელაშვილსაც, თარხან-მოურავსაც და სხვას ყველას... იმის მაგივრად, რომ მოკავშირეები მოეძებნათ... ამიტომ მათ უკვე წაგებული აქვთ. მე რომ ხმა არ ამოვიღო, ნებისმიერი ეტყვის, _ შენ ის არ ხარ, ადამიანები გადააგდე, სადღაც შავ ბაზარზე იყიდეთ პარტია და ასე გინდათ ხელისუფლებაში მოხვიდეთო? ახლა აპელაციაზე ფიქრობენ, მაგრამ ეს დროშია გაწელილი და სამართლებრივად ხომ წაგებული აქვთ. იმ პუტინთანაც როგორ უნდა ვიყო დარწმუნებული, რომ ესენი სახელმწიფოებრივად ალაგებენ სიტუაციას და არა იმას, რომ ხელისუფლებაში მოსვლის და მერე შენარჩუნების პირობებს იქმნიან? 20 წელია, ამ მდგომარეობაში ვართ, რადგან ადამიანები ფიქრობენ, რომ ნებისმიერი გზით შეიძლება ხელისუფლებაში მოსვლა. _ რა პოლიტიკური გეგმები გაქვთ, მათ შორის, მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით? _ პირველ რიგში, რა საშუალებებიც გაჩნდება, ეს გვაძლევს მოქმედების შესაძლებლობას, არეალს აფართოებს და პოლიტიკური პარტნიორები მოსაძებნი იქნება. პოლიტიკურ პროცესში ისედაც მაქსიმალურად ვმონაწილეობთ. ეს არის ინტერპარტიული ჯგუფი, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობაზე მუშაობს. ამ შემთხვევაში, ჩვენი წონა უფრო გაიზრდება; ვეცდებით, პარტნიორებთან ერთად მართებული მექანიზმები ჩამოვაყალიბოთ, რათა ქვეყანა სწორ გზაზე წავიყვანოთ. შემდგომში გამოჩნდება ის მიზნები, რომლებიც კონკრეტულ შემთხვევაში მისაღწევი იქნება. მეგობრობა ერთია, ხოლო პოლიტიკური პარტნიორობა სხვადასხვაგვარად შეიძლება გამოიხატოს. ასე რომ, საჩქარო არაფერია.  

                                                                                                               გელა მამულაშვილი

 

გაზიარება