იცოდით, რომ თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტაციიდან 22 დეკლარირებული მილიონერია, დანარჩენ 15-ს კი დეკლარაცია ჯერ არ შეუვსია და ამიტომ მათი ქონებრივი მდგომარეობა უცნობია? ხოლო უმრავლესობის ერთ-ერთი აქტიური დეპუტატი ერთ დღეში საბურთლოზე სამ ბინას იძენს, რომლის საბაზრო ღირებულება 300 ათასს აღემატება. ეს ხდება ქვეყანაში, სადაც პენსია ისევ 150 ლარია (ისიც დოლართან მიმართებით ლამის განახევრებული), ხოლო გაჭირვებულ დედაქალაქელებს ზამთარში კომუნალურ გადასახადებზე ოცლარიან ვაუჩერსაც ართმევენ.
„ქრონიკა+“ საკრებულოს დეპუტატთა დეკლარაციების კვლევის შედეგებზე ა/ო მონიტორინგის ცენტრ „მედიატორის“ დამფუძნებელს, ლევან ხაბეიშვილს ესაუბრება:
_ მონიტორინგის ცენტრმა „მედიატორმა“ გადაწყვიტა, რომ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატების დეკლარაციები და ქონება შეესწავლა. ეს მას შემდეგ, რაც აღმოვაჩინეთ, რომ დეპუტატ ჯაბა სამუშიას დეკლარაციაში 2014 წლის 30 დეკემბერს შეძენილი სამი ბინა მითითებული არ იყო. მის მიერ ერთ დღეში შეძენილი სამი ბინის საბაზრო ღირებულებამ 300 ათას ლარს გადააჭარბა. რასაკვირველია, ამის დამადასტურებელი დოკუმენტაციაც არსებობს.
ამის შემდეგ გადავწყვიტეთ მოგვეკვლია, თუ რა დეკლარირებულ ქონებას ფლობენ „ქართული ოცნების“ დეპუტატები? შედეგად აღმოჩნდა, რომ 37 დეპუტატიდან დეკლარაცია შევსებული აქვს 22-ს და 15-ს ეს საერთოდ არ გაუკეთებია, რაც, ფაქტობრივად, დანაშაულია. ერთი წლის განმავლობაში ისინი ვალდებული იყვნენ, როგორც საჯარო მოხელეები, ეს დეკლარაციები შეევსოთ.
22 დეკლარაციიდან (რომელიც ჩვენ ერთი თვის განმავლობაში შევისწავლეთ) აღმოჩნდა, რომ 13 დეპუტატი დეკლარირებული მილიონერია. დოკუმენტში მითითებულია ამ ღირებულების ქონება, რაზედაც ჩვენ ვსაუბრობთ.
_ თანმიმდევრობა როგორია?
_ სიას სათავეში უდგას „ქართული ოცნების“ წევრი ლევან დარახველიძე, რომელიც მასივში მაჟორიტარი დეპუტატია. ჩამოგითვლით ათეულს: შემდეგ მოდის ვლადიმერ ძნელაძე, ირაკლი ფავლენიშვილი, თამარ ტალიაშვილი, ავთანდილ დავითაძე, მეექვსეა საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, რომლის ქონება მილიონ ცხრაასი, ორ მილიონამდეა, მეშვიდეა გიორგი ახვლედიანი, მერვე გიორგი მუსხელიშვილი, მეცხრე გიორგი ტყემალაძე და ათეულს ხურავს ჯაბა სამუშია, რომლის დეკლარირებული ქონება, ფაქტობრივად, მილიონ ლარს შეადგენს, 900 ათას ლარზე მეტია. ვიმეორებ: მას დეკლარაციაში შეტანილი არ აქვს 2014 წლის ბოლოს შეძენილი სამი ბინა, რომლის საბაზრო ღირებულება 300 ათას ლარს აჭარბებს. ასე რომ, შეგვიძლია ვთქვათ, ჯაბა სამუშიაც მილიონერია. შემდეგ სიაში მოდიან ნუგზარ მალაღურაძე, დავით ურთმელიძე და ქეთევან ჯოხაძე, რომლებიც ასევე დეკლარირებული მილიონრები არიან.
_ რა დასკვნებს აკეთებთ ჩატარებული კვლევიდან?
_ რამდენიმე ფაქტზე შეგვიძლია ვისაუბროთ, რაც აქედან გამოჩნდა. პირველი: ჩვენი კვლევის შედეგად ქონებრივი დეკლარაციებიდან ჩანს, რომ ამ ადამიანების უმრავლესობა ნელ-ნელა კიდევ უფრო მდიდრდება. რომ გითხრათ, აქამდე ღარიბები იყვნენ და ახლა უცბად გამდიდრდნენ-მეთქი, ასე არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ადამიანები 2012 წლის შემდეგ კიდევ უფრო მდიდრდებიან და მათი ქონებრივი დეკლარაციები ამის ნიმუშია. ავიღოთ იგივე სამუშია, მალაღურაძე, ტალიაშვილი...
აქ კიდევ რამდენიმე საინტერესო დეტალია: კვლევის დროს აღმოჩნდა, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება, ფაქტობრივად, არ გააჩნდათ. მაგალითად, თარაშ შურღაია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატია დიდუბის რაიონში, 2002 წლიდან 2009 წლამდე „კოკა-კოლაში“ დისტრიბუტორი იყო, შემდეგ, 2013-14 წლებში, კომპანია „იოლში“ გაყიდვების მენეჯერად მუშაობდა. არავის ვაკნინებ, მაგრამ საინტერესოა, როგორ შეიძლება მონაწილეობდეს შურღაია ქალაქის ბიუჯეტის დაგეგმვაში? ერთი რიგითი დისტრიბუტორი იყო და მერე მაჟორიტარი დეპუტატიც კი გახდა დედაქალაქის საკრებულოში.
ბევრი ადამიანია, რომელსაც არანაირი სათანადო გამოცდილება არ გააჩნია. მაგალითად, „ქართული ოცნების“ დეპუტატ დავით ჭელიძეს გამოცდილებაში მხოლოდ იმას თუ ჩავუთვლით, რომ 1995-98 წლებში უშიშროების კომიტეტის წევრი იყო, ამის შემდეგ მას საჯარო სამსახურში არსად უმუშავია. ფეხბურთელებზე უკვე აღარაფერს ვამბობ.
ვლადიმერ ძნელაძე, რომელიც საკრებულოს მილიონერი დეპუტატების სიაში მეორე ადგილს იკავებს და მისი ქონება 4 მილიონ ლარს აჭარბებს, 1995-2002 წლებში კონსერვის ქარხნის ინჟინერ-ტექნოლოგი იყო. ასევე საინტერესოა, როგორ უნდა დაგეგმოს მან ქალაქის ბიუჯეტი?! დედაქალაქელების ბედი კი ამ ადამიანების ხელშია.
ამ კვლევით საზოგადოებას გვინდა ვუთხრათ, თუ ვინ არის ის ძირითადი ბირთვი, რომელიც დედაქალაქს მართავს? გარდა იმისა, რომ მათი დეკლარაციებიდან გამომდინარე, ამ ადამიანების უმრავლესობას არანაირი კავშირი არ გააჩნია პოლიტიკასთან, ეს არც დედაქალაქთან, საჯარო სამსახურთან ჰქონია. ამ დეკლარირებულ მილიონერებს, მარტივად რომ ვთქვათ, არ ესმით რიგითი თბილისელების პრობლემები. ამიტომაც ერთი წლის განმავლობაში, ბიუჯეტის დაგეგმვისას და განხორციელებისას, აბსოლუტურად აცდენილი არიან იმ რეალობას, რომელშიც დღეს ჩვენი დედაქალაქი იმყოფება.
ამიტომაც საკრებულოს უმრავლესობამ დედაქალაქის მთავრობასთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება და უმეტესობისთვის ზამთრის ოცლარანი ვაუჩერები გაუქმდა, რომლითაც ზამთარში ელექტროენერგიაზე, წყალსა და დასუფთავებაზე ასე აუცილებელ შეღავათს ვიღებდით. მით უმეტეს ვიცით, რომ სექტემბრიდან დენის ტარიფი, მინიმუმ, 3,5 თეთრით გაიზრდება. ეს ნათელი დასტურია, რომ მათ მოქალაქეების ჩვეულებრივი პრობლემები ვერ აღუქვამთ. ძნელია, ლევან დარახველიძეს (რომლის ქონება, ფაქტობრივად, ხუთ მილიონ ლარს აჭარბებს) აუხსნა, რატომ არის ეს ოცლარიანი ვაუჩერი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თბილისელებისთვის, როცა ზამთარი შორს არ არის?
ასევე ნუგზარ მალაღურაძის გამოცდილება არ შორდება რაგბის მწვრთნელობას: 1998-დან 2003 წლამდე რაგბის გუნდის, „ყოჩების“ მთავარი მწვრთნელი იყო. გარდა ამისა, დღეს ის საკრებულოში სარევიზიო კომისიის თავმჯდომარეა, ასევე ორი კომპანიის დირექტორია. ერთ-ერთი გახლავთ თბილლიფტსერვისი, ლიფტებთან დაკავშირებული კომპანია. საინტერესოა, რომ ეს სფერო პირდაპირ კავშირშია ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობასთან, რომელიც, ყოველგვარი ტენდერების გარეშე, კორპუსების თავმჯდომარეებთან შეთანხმებით ამა თუ იმ კომპანიასთან ხელშეკრულებას აფორმებს; ისინი ამ კორპუსებს ემსახურებიან და ლიფტებს უკეთებენ.
ჩვენი მუშაობის მეორე ეტაპი სწორედ იმას დაეთმობა, რომ ამ ადამიანების ინტერესები შევისწავლოთ თბილისის მერიასა და გამგეობებში. ნუგზარ მალაღურაძე სარევიზიო კომისიის თავმჯდომარეობასთან ერთად არის საკრებულოს დეპუტატი, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი საკრებულოში, ფლობს ორ კომპანიას, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია ადგილობრივ თვითმმართველობასთან და მის ბიუჯეტთან. ამდენად, ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ აქ კორუფციულ გარიგებებს ჰქონდეს ადგილი. ამას, ჯერჯერობით, ვერ დავადასტურებთ, მაგრამ კვლევის მეორე ნაწილს სწორედ იმას დავუთმობთ, რომ შევისწავლით ამ ადამიანების კავშირებს სხვადასხვა კომპანიასთან. ასევე არის „ენ გრუპი“, რომლის წილების მფლობელი მისი ერთ-ერთი შვილია.
ასევე სხვა დეპუტატებსაც გარკვეული ბიზნესინტერესები აქვთ. ლევან დარახველიძე და დავით ჭელიძე აქამდე სხვადასხვა ბიზნესით იყვნენ დაკავებულები და არ გამოვრიცხავთ, რომ სხვადასხვა კომპანიას ლობირებდნენ. სანამ კონკრეტული დოკუმენტები არ გვექნება, ადამიანებს ცილს ვერ დავწამებთ. მანამდე, დიახაც, არის დედაქალაქის მთავრობასთან ერთად კორუფციაში ჩართვის ფაქტები და არაერთი გამოგვივლენია კიდეც. ვეცდებით, რომ შემდგომშიც მონაცემები დოკუმენტურად დადასტურებული იყოს.
ასევე თამარ ტალიაშვილის პოლიტიკური მოღვაწეობა „ქართული ოცნების“ სათავეში მოსვლის დღიდან იწყება. მისი მეუღლის ქონების დიდი წილი, 70-80%, ასევე თანხები მოსკოვური ბანკების ანგარიშებზე მოდის.
ეს ჩვენი ძიების პირველი ნაწილია, რითაც გვსურს, საზოგადოებას ვუთხრათ დეკლარირებულ მილიონერებზე და მათ დამალულ ქონებაზე. ვიცით, რომ გარკვეული ქონება დეკლარაციაში არ შეუტანიათ. თანაც, 2014 წლის დეკლარაციის შევსების შემდეგ, მათი ქონება კიდევ უფრო იზრდება.
აქაც მარტივი დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ: 2012 წლის შემდეგ, სტატისტიკიდან გამომდინარე, ეკონომიკა ნელ-ნელა კლებულობს და ხალხი კიდევ უფრო ღარიბდება, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. იმის მიუხედავად, რომ ეკონომიკაში პრობლემებია, რიგითი თბილესელები ვღატაკდებით, სამაგიეროდ არ ღარიბდებიან ეს დეპუტატები და მათი დეკლარაციები კიდევ უფრ იზრდება. მათ არც ეკონომიკური კრიზისი ეხებათ, არც ლარის დევალვაცია, ბიუჯეტის შეკვეცა-სეკვესტრი და ა. შ. ყველაფერი პირიქითაა.
სამწუხაროა, რომ საკრებულოში ამდენი მილიონერია და ამ ადამიანებს საერთოდ არ შეუძლიათ აღიქვან ის მტკივნეული პრობლემები, რაც თბილისელებს აწუხებთ.
_ მილიონერები სხვა დეპუტაციებში არ გვხვდებიან?
_ ამ ეტაპზე უმრავლესობის, „ქართული ოცნების“ დეპუტატების ქონებას ვიკვლევთ, რადგან, პირველ რიგში, მათი ქონება არის საინტერესო. ისინი წარმოადგენენ სახელისუფლებო გუნდს, რომელიც მართავს დედაქალაქს. ჯამში, დედაქალაქის 50 დეპუტატიდან არის 37, ანუ საკრებულოში აბსოლუტური უმრავლესობა აქვთ. ვიმეორებ: აქედან მოლოდ 22-მა შეავსო ქონებრივი დეკლარაცია.
აქვე მინდა გითხრათ, რომ აღნიშნულ დეკლარაციებში დათვლილი არ არის ავტომობილების თანხა მარტივი მიზეზის გამო, _ მათი საბაზრო ღირებულება ძალიან სწრაფად იცვლება.
_ აპირებთ თუ არა სამომავლოდ საკრებულოს ყველა წევრის ქონებრივი მდგომარეობის შესწავლას?
_ ვისაც დეკლარაციები არ შეუვსია, მათ ქონებასაც აუცილებლად გამოვიკვლევთ. ამ ადამიანების არადეკლარირებულ ქონებასაც შევისწავლით, რომელსაც არ ასახელებენ. ჯაბა სამუშიას მაგალითი იმის საფუძველს გვაძლევს, რომ ამ ადამიანებს ქონება აქვთ, რომელსაც ან მალავენ, ან დეკლარაციაში არ წერენ, გარკვეული მიზეზების გამო. ამიტომ დეკლარაციების გარეშე ქონებასაც მოვიძიებთ და ეს ჩვენი კვლევის მეორე ეტაპი იქნება. საზოგადოებას ამასაც გავაცნობთ.
ასევე ვახსენე, რომ ეს ადამიანები 2012 წლის შემდეგ კიდევ უფრო მდიდრდებიან. მეორე კვლევა სწორედ ამას შეეხება, რომ კონკრეტული მასალები წარმოვადგინოთ, თუ რამდენჯერ გაიზარდა ბიუჯეტი და მათი ქონება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან.
_ ვინც დეკლარაცია არ შეავსო, მათ მიმართ თუ დადგა რამე სახის პასუხისმგებლობა?
_ ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას მოვიკთხავთ და სამართლებრივად აუცილებელ დოკუმენტაციასაც შევქმნით. მოვითხოვთ, რომ მათაც შეავსონ დეკლარაცია, რადგან საჯარო მოხელეები, დეპუტატები ვალდებული არიან, ამ ხნის განმავლობაში (ერთი წელი გავიდა მათი უფლებამოსილების ცნობის შემდეგ) ეს გააკეთონ. მათ კანონი ავალდებულებდა, რომ ეს დეკლარაციები შეევსოთ.
სამწუხაროდ, ეს დეკლარაციები ვერ მოვიძიეთ, შესაბამისად, კონკრეტულ უწყებას მივმართავთ, დაინტერესდნენ და აიძულონ ეს პირები, რომ შეავსონ დეკლარაცია. გარდა იძულებისა, მათ უნდა გადაიხადონ ჯარიმა, რომელიც დაკისრებულია იმისთვის, როცა მის შევსებას თავს არიდებს.
_ სამუშიამ ერთ დღეში სამი ბინა როგორ შეიძინა?
_ აქ საინტერესო ის არის, რომ 2014 წლის ბოლოსკენ თვითმმართველობა ახალი მოსული იყო და უკვე რამდენიმე სკანდალში გაეხვია. მათ შორის თბილისობის სკანდალშიც აღმოჩნდა ადგილობრივი მთავრობა. საინტერესო დეტალს ვამბობ: ამ დროს ჯაბა სამუშია ძალიან აქტიური იყო და ბრჭყალებში, _ პირველი გამპრავებელი ადგილობრივი მთავრობის. როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები ვაცხადებდით, რომ სერიოზული კორუფცია-დარღვებებია, ადამიანებს უკანონოდ ათავისუფლებენ, კონკრეტული ფაქტები გვაქვს კორუფციისა და ა. შ. ასევე ბიუჯეტის განხილვისას კონკრეტული მითითებები იყო _ გახსოვთ იგივე ცხოველთა მონიტორინგის სკანდალი, როცა სამი მილიონის ბიუჯეტიდან 2 მილიონ რვაასი ათასი, ანუ 85% ხელფასებზე იყო მორგებული და ამას არაფერი საერთო არ ჰქონდა ცხოველების მონიტორინგთან...
ამ დროს ჯაბა სამუშია ერთ-ერთი ყველაზე აქტიური დეპუტატი იყო, რომელიც ამ ყველაფერს ხმალამოღებული იცავდა და „აპრავებდა“. და ამის პარალელურად ამ ადამიანის ქონება იზრდებოდა. ეს შესაბამისმა ორგანოებმა უნდა შეისწავლოს. სამუშიას ე. წ. პოლიტიკური ვორდინგიდან გამომდინარე მისი ქონებაც იზრდებოდა. ასე ერთ დღეში მან სამი ბინა შეიძინა. ამის დამადასტურებელ დოკუმენტაციასა და ვიდეომასალასაც გადმოგიგზავნით, სადაც ამას არც თვითონ სამუშია ურაყოფს. ამბობს, რომ დიახ, შეიძინა, _ უბრალოდ, ბანკიდან სესხი გამოვიტანე და ისე შევიძინეო. ეს ერთ დღეში მოხდა საბურთალოზე და საერთო ღირებულება 300 ათასს აღემატება.
_ რისთვის არის საჭირო ამ მონაცემების ჩვენება მკითხველისთვის, საერთოდ ჩვენი საზოგადოებისთვის?
_ პირველ რიგში, თბილისელებმა უნდა იცოდნენ, ვინ არიან ეს ადამიანები, რომლებიც ბიუჯეტს გეგმავენ, დედაქალაქთან დაკავშირებით მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებენ? ვფიქრობთ, რომ ამისთვის აუცილებელი იყო მათი ქონებრივი დეკლარაციების შესწავლა. მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ვერ გაგვირკვევია, ვინ არის, საერთოდ, რა ხალხია საკრებულოში, ვინ არის უმრავლესობა, რომელიც დანაშაულებრივ გადაწყვეტილებებს იღებს? აღვნიშნე თუნდაც ზამთრის ვაუჩერების გაუქმების პრობლემა, ასევე სოციალური დახმარების მოხსნა, სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის გაუქმება და ა. შ. ამის მთელი პროგრამა იყო და 1200 ლარს ყველ სოციალურად დაუცველ სტუდენტს ურიცხავდნენ, რომელიც ამაზე მერიას განცხადებით მიმართავდა. ეს აუცილებელი პროგრამაც გააუქმეს სხვა სოციალურ პროგრამებთან ერთად, უამრავი არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს.
შესაბამისად მივიჩნევთ, რომ საზოგადოებამ თავად უნდა იცოდეს, ვინ წარმოადგენს მათ დედაქალაქის საკრებულოში. ეს ფაქტია, შედეგია კვლევისა, რაც ჩავატარეთ. ადამიანები ელემენტარულ სოციალურ დახმარებას კარგავენ, ესენი მაინც მდიდრდებიან. თბილისელებს ოცლარიან ვაუჩერსაც არ აძლევენ და ესენი შეუჩერებლად ყიდულობენ ბინებს, აგარაკებს, მიწის ნაკვეთებს, ახალ-ახალ ავტომობილებსა და ა.შ.
გელა მამულაშვილი