მას შემდეგ, რაც „ქრონიკა+“-მა ჟურნალისტური გამოძიების მასალების გამოქვეყნება დაიწყო თბილისში, პეტრიაშვილის #1-ში მდებარე ღვინის ქარხნის ტერიტორიის გასხვისებისა და სასამართლო დავის თაობაზე, პარალელურად შევუდექით პროფესიონალი სპეციალისტის ძებნას, რომელიც რეალურად მოგვიყვებოდა, თავის დროზე, ღვინის ქარხანაში დაცული უნიკალური კოლექციის ისტორიისა და მნიშვნელობის შესახებ.
კარგა ხნის ძებნის შემდეგ მაგარი ალკოჰოლური სასმელების ექსპერტ კონსულტანტს, საერთაშორისო მეღვინეობის აკადემიის ნამდვილ წევრს, ბონდო კალანდაძეს მივაკვლიეთ.
ბონდო კალანდაძეს მეღვინეობის ისტორიაზე ათი უნიკალური წიგნი აქვს გამოცემული და ათივე მათგანი ბესტსელერია. ჩვენი საუბარი სწორედ მისი პროფესიული საქმიანობით დაიწყო:
_ ვარ 70-მდე სხვადასხვა ლიქიორისა და არყის რეცეპტურის ავტორი. ჩემი არყები და ლიქიორები წლების განმავლობაში გამოდიოდა როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში. ერთ-ერთი ჩემი შედევრი იყო არაყი „ტარხუნა“, რომელიც 1989-93-წლებში ამერიკაში იყიდებოდა, მაგრამ იმ სავალალო სამოქალაქო ომის შემდეგ კონტრაქტი შეწყდა და დღესაც მომდის იქიდან შეტყობინება: „სად არის „ტარხუნა?“
მეორე ტიპის არაყი „მამონტი“ რუსეთში გავაკეთე. იგი ერთ-ერთი პრესტიჟული არაყი იყო. ვარ ლიქიორისა და არყის ამჟამინდელი წარმოების ერთ-ერთი ექსპერტი, რომელმაც ეს პროფესია დღევანდელ დღემდე შემოვინახე. ყველანი მეღვინეები ვართ, მაგრამ მე ვარ ლიქიორ-არყის განხრით. ამიტომ თუ ვინმეს რამე უნდა, ჩემთან მოდის. რჩევასაც არავის ვამადლი _ ძალიან დაკავებული ვარ. თავს მხნედ ვგრძნობ, გურული კაცი ვარ და ჩემი ცხოვრება ამ დარგს მივუძღვენი. 45 ქვეყანაში ყველა გამოფენაზე ვიყავი: ბოთლის, ეტიკეტის, ღვინის, დეგუსტაციის _ თუ რაიმე არსებობს, ყველაფერში მიმიღია მონაწილეობა. ჩემი პროფესიული ცხოვრება დავამთავრე, ახლა თბილისში ვცხოვრობ და ახალგაზრდებს ვზრდი, „სარაჯიშვილის“ დამფუძნებელი ვარ.
_ იცით, რა მაინტერესებს, ჩვენ თავს ვიწონებთ, რომ საქართველო ღვინის ქვეყანაა და ა. შ. აი, თქვენ რატომ ფიქრობთ, რომ საქართველო ნამდვილად ღვინის ქვეყანაა?
_ მე ვარ კომპანია „ჯივიესის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი. ამ კომპანიამ 2000 წელს დააფინანსა ინგლისისა და ჩრდილოეთ ირლანდიის საელჩოსთან ერთად ლონდონში გამოფენა „ვინო პოლისი“, რაც ნიშნავს „ღვინის ქალაქს“. ეს არნახული გამოფენა გაიხსნა 2000 წლის მოვლენასთან ერთად ლონდონში, ცნობილი ღვინის ექსპერტ-მკვლევარის, ხიმ ჯონსონის წიგნით: ხიმ ჯონსონმა მთელ მსოფლიოში იმოგზაურა. თუ რამე იყო ღვინოზე, ყველაფერი ნახა და ბოლოს, როდესაც 90-იან წლებში თბილისში ჩამოვიდა, სრულიად საქართველო მოიარა, რთველშიც მონაწილეობდა, ქართული სუფრა დააგემოვნა, ფოლკლორს გაეცნო და როდესაც ინსტიტუტში `წიპწები~ ნახა, იმის შემდეგ დაწერა: „საქართველო არის ღვინის აკვანი!“ ეს დასტურდება, მხოლოდ და მხოლოდ, „წიპწების“ ასაკით, რომელიც არის უტყუარი.
_ ბატონო ბონდო, მკითხველისთვის უფრო გასაგები რომ იყოს, ეს რას ნიშნავს?
_ ე. ი. პირველი ველური ვაზი მსოფლიოში ქართველმა მოაშენა.
_ და ეს იყო როდის?
_ 8000 წლის წინათ! მაგრამ აქედან 6000 ძველია, 2000 _ ახალი. ე. ი. ხიმ ჯონსონის წიგნის შემდეგ ეს პავილიონი „ჯივიესის“ დაფინანსებით აშენდა, ჩვენ ყველა მის გახსნაზე ვიყავით. იყო დიდი რუკა და პავილიონი #1 საქართველო _ პირველად ქართველმა მოაშინაურა ველური ვაზი. გაიხედეთ გვერდზე, გაიხედეთ აქეთ, იქ არის მთელი სტენდები და გურული სიმღერა მიდის. საქართველოდან რომ დაიწყო, მერე მიდიოდა სირიაში, მესოპოტამიაში, საბერძნეთში და ასე გაყვა, გაყვა და მოვიდა 8 საუკუნის მანძილზე. ეს რომ დამტკიცდა, საქართველოს ხალხი მოაწყდა! საქართველო რომ ღვინის აკვანია, დაიწერა ყველგან, გამოქვეყნდა მასალები. არის ასეთი მეღვინე მაგოვენი, მან დნმ-ები ნახა და დაამტკიცა, რომ საქართველო ღვინის აკვანია. ის, რომ ეს მართლაც ასეა, სადაც ჩვენ ახლა ვიმყოფებით, ერთ-ერთი მაგალითია, _ აი, ეს ქარხანა, რომელიც უნიკალური ქარხანაა. მართალია, ახლა უფუნქციოდაა, მაგრამ მაინც მიხარია, რომ კარი ღიაა და ქარხანა ცოცხლობს.
_ ამ ქარხნის ისტორია მაინტერესებს... მერე უნდა გკითხოთ აქ დაცულ კოლექციაზეც.
_ როდესაც ერეკლე მეორემ გარსევან ჭავჭავაძეს კახეთში მამულები აჩუქა, წინანდლის გარდა, მას შეხვდა ურიათუბანი, ანუ ვაზისუბანი, მუკუზანი, ნაფარეული. მერე მისმა შვილმა, ალექსანდრე ჭავჭავაძემ მამის დატოვებულ მამულებში მოინდომა მეღვინეობის განვითარება, ვენახების გაშენება და წინანდალში ქარხანა ააშენა. იცით, რომ ჭავჭავაძეების ოჯახში უბედურება დატრიალდა: შამილმა მისი ოჯახი გაიტაცა. ალექსანდრეს შვილმა დიდი ფული ისესხა მათ გამოსასყიდად და ვეღარ ჩაასესხა. შამილისგან ოჯახის გამოხსნა მოუწიათ. შამილის ბიჭი რუსეთში დატყვევებული იყო და ამბობდა, ჩემი შვილი გამოუშვით და მე თქვენს ოჯახს გამოვუშვებ, ოღონდ მილიონი მომეცითო. მამულები გაიყიდა, რომელიც რომანოვების საუფლისწულო მამულის მეურნეობამ იყიდა. ამ დროს საუფლისწულო მამულის მეურნეობა იყო როგორც ყირიმში, ასევე ტემპეგორფში, ეს არის დღევანდელი პიატიგორსკი და წინანდალში. რას ნიშნავს საუფლისწულო მამულები? _ რომანოვებს თავის კარზე საკუთარი მეურნეობები ჰქონდათ, სადაც ყველაფერი შედიოდა: საჭმელი, სასმელი, სანოვაგე, ოჯახს რომ თავი შეენახა ამ მეურნეობებით. ეს ღვინის ქარხნები, რომლებიც მან მანსატრაში, ტემპეგორფში და შემდეგ წინანდალში შეიძინა, მაშინდელი თანამედროვე ტექნიკით მოაწყო.
საქართველოში ღვინოს კახური წესით საწნახელში ფეხით წურავდნენ, შემდეგ ქვევრში ასხამდნენ და ქვევრიდან ამოღებული ღვინო უკვე მზად იყო. ევროპული ტექნოლოგია კი სხვაგვარია: ღვინო იწრიტება წნეხში, შემდეგ გადადის მუხის კასრებში. ამიტომ საფრანგეთიდან მეღვინე ბერლანტო ან პასანო ჩამოიყვანეს. პასანომ ევროპულ ტიპზე დაიწყო მუშაობა. ალექსანდრე ჭავჭავაძემ დეკორატიული ბაღი გააშენა და განვითარდა მეღვინეობაც, ჭაჭის არაყი, კონიაკის გამოხდა... საჭირო გახდა რეალიზაცია, ამიტომ თბილისში 1896 წელს ქარხანა აშენდა, მაგრამ იგი 1897 წელს გაიხსნა. აგერ მაქვს ამონაწერი ძველი გაზეთიდან: „1897 წლის 7 მაისს, ოთხშაბათს, პირველ საათზე, აკურთხეს ახალი ღვინის მარანი. სტუმრად მოწვეული იყო რომანოვების საუფლისწულო მამულების მთავარი მეღვინე, ლევ გოლიცინი“. სხვათა შორის, მეღვინე გოლიცინი ძალიან განათლებული იურისტი იყო, სორბონა ჰქონდა დამთავრებული და ხერხეულიძის სიძე გახლდათ, მისი სიმამრი ხერხეულიძე აბრავდიუსოში მეურნეობას ფლობდა, რომელსაც „ნოვი სვეტი“ ერქვა. იქ უნდა გაშენებულიყო საფერავი. წინანდალში იქიდან განავითარა მეურნეობა და ძალიან ცნობილი მეღვინე გახდა. ერთ-ერთი უჭკვიანესი კაცი გახლდათ, მეგობრობდა დავით სარაჯიშვილთან, ჯორჯაძესთან და როცა მას დეგუსტაციები ჰქონდა თავის მეურნეობაში, ყოველთვის ქართული ღვინოები, ქართული კონიაკი და ქართული ჭაჭის არაყი მიჰქონდა. პატივს სცემდა ქართველებს და სპეციალურად ჩამოვიდა ამ ქარხნის გახსნაზე. გახსნას ასევე ესწრებოდნენ: კავკასიის სამხედრო კორპუსის თავადი ამილახვარი, კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველი იანკოვსკი, თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა მარშალი თავადი კონსტანტინე მუხრანბატონი, თბილისის კომენდანტი რეიგერი, თბილისის პოლიცმაისტერი მასტიცკი, სხვადასხვა ქვეყნის კონსულები, ელჩები, ძალიან ცნობილი პიროვნებები და სამღვდელოების წარმომადგენლები. პარაკლისის გადახდის შემდეგ სტუმრებმა დაათვალიერეს მარანი, სარდაფები, შემდეგ გაიმართა პურმარილი, სადაც წარმოდგენილი იყო წინანდლის, მუკუზანის, ნაფარეულის სარდაფის ღვინოები.
ასეთივე ქარხნები თბილისის გარდა შემდგომში ააშენეს ვარშავაში, მოსკოვში, პეტერბურგსა და ოდესაში. თბილისის ქარხანა 1897 წლიდან მიიჩნეოდა, როგორც #1 ღვინის ქარხანა. იგი ფუნქციონირებდა კომუნისტების შემოსვლამდე, სანამ სოფლის მამულები კიდევ არსებობდა და მერეც. ამ ქარხანაში გაიარეს მეღვინეების თაობებმა, რომლებმაც თავისი კვალი დაამჩნიეს დარგს. ეს იყო უნიკალური ქარხანა თავისი არქიტექტურით, სარდაფებით, თავისი ხარისხიანი ღვინით. ერთი იმდროინდელი ნაკლი გახლდათ _ ქარხანაში არ იყო სამაცივრე მეურნეობა, ამიტომ ნახევრად ტკბილი ღვინოები _ ხვანჭკარა და ა.შ. _ ქარხანის მიერ დიდუბეში ნაქირავებ მაცივრებში ინახებოდა, დანარჩენი აქედან ჩამოსხმულები იგზავნებოდა მთელ საბჭოთა კავშირში. ნებისმიერი ჩამოსული სტუმარი _ უცხოელი მაღალი წოდების კაცი თუ ჩვეულებრივი მეღვინე, არ შეიძლებოდა ამ ქარხანაში არ მოეყვანათ, არ დაეთვალიერებინათ და არ დაეჭაშნიკებინათ ღვინო. ხოლო 10-ბოთლიანი ღვინის შეკვრა სავიზიტო ბარათი იყო ნებისმიერი ქართველისთვის, რომელიც რუსეთში მიდიოდა. ჩახვიდოდი, ყველას ეჭირა ხელში. 32 მანეთი ღირდა 10 ბოთლი _ ხვანჭკარა, მუკუზანი, ნაფარეული. ასეთი ღვინოები იყო მისატანი, სასაჩუქრე. გარდა ამისა, ეს ქარხანა ღვინოებს აგზავნიდა მოსკოვში _ კრემლში.
_ ანუ თავისი მნიშვნელობით ერთ-ერთი წამყვანი ქარხანა იყო...
_ დიახ! ასევე აგზავნიდა იალტაში, სადაც მთავრობის ხალხი ისვენებდა, ბელარუსში, სადაც ნადირობდნენ და მოსკოვში მე-8 სპეცბაზაში, საიდანაც კრემლის წარმომადგენლებს მიართმევდნენ. ყველა სუფრაზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინოები. ქარხანა ჯერ შედიოდა „სამტრესტში“, პირველი ქარხანა ცალკე იყო, ამის გარდა ქალაქში სხვა ქარხნებიც აშენდა _ მე-4 ქარხანა ელბაქიძის დაღმართზე; გოგოლის ქუჩაზე მე-2 ღვინის ქარხანა და მერე აშენდა მე-3 ქარხანა ავჭალაში. #1 ღვინის ქარხანა შევიდა გაერთიანება „თბილღვინის ქარხანაში“.
_ და ამ ქარხნებიდან, მე მგონი, დღეს არც ერთი აღარ არის მოქმედი...
_ არა! გოგოლის ქუჩაზე მე-2 ქარხანა დაინგრა, როცა ფიროსმანის ქუჩაზე რემონტი გაკეთდა და ის ლიკვიდაციაში მოყვა. მას სხვადასხვა სარდაფი ჰქონდა, თბილისში ბევრი სარდაფი იყო. ისინი ამ ღვინოებზე მუშაობდნენ: ასეთი იყო კიევის ქუჩაზე, გორკის, კალინინის ქუჩებზე, ამ სარდაფებში ღვინოებს ამუშავებდნენ. პერსონალიც საოცარი ხალხი იყო, ისეთი დირექტორები ჰყავდა, მთელი ქალაქი იცნობდა, რჩეული ხალხი ბრძანდებოდნენ, იმიტომ რომ ამ ქარხნის პროდუქცია ყველას ესაჭიროებოდა, ყველას უნდოდა და ყოველთვის დეფიციტი გახლდათ ეს ღვინო.
#1 ქარხანა რამდენჯერმე გადაკეთდა, მაგრამ ფასადიც და ექსტერიერიც იგივე დარჩა. დირექტორის და მთავარი მეღვინის კაბინეტები ცალ-ცალკე იყო, მიშენებულ ფლიგელში ლაბორატორია განთავსდა. სადაც ახლა სასტუმროა, იქ დამხმარე მასალების საწყობი ფუნქციონირებდა, ფილტრები ინახებოდა, მანამდე კი მანდ ხალხი ცხოვრობდა.
ამ ქარხანაში ეგოროვი მუშაობდა, მაგარი სპეციალისტი, აქ ჩამოიყვანეს და 25 წელი იმუშავა; შემდეგ იყო ვალერიან კანდელაკი _ იალტაში ნამუშევარი. როდესაც იქ კომუნისტები შევიდნენ, საქართველოში წამოვიდა და სამი წელი აქ მუშაობდა; მერე მოიყვანეს იორამ თარხნიშვილი _ საოცარი მეღვინე; შემდეგი წლების განმავლობაში იყო გური კანდელაკი; ივანე კახიძე, ჯანო კახიძის მამა; ნიკოლოზ ჟღენტი; გური კანდელაკის შვილი თამაზ კანდელაკი; ასევე ცნობილი ქართველი რაინდი _ თენგიზ კეკელიძე; გივი ნიკოლეიშვილი, რომელიც 30 წელი ამ ქარხანაში მუშაობდა... ეს დირექტორები ქმნიდნენ ამინდს, რომ ამ ქარხანას ყოველთვის ჰქონოდა სახელი #1 ღვინის ქარხნისა და მაშინ თუ რამე კარგი ღვინის შოვნა გინდოდა, ამ ქარხანაში უნდა მოსულიყავი. თუ არადა, მას საჭაშნიკო მაღაზია ჰქონდა და იქ გააგზავნიდნენ პატივსაცემ სტუმარს. ბოლო წლებში, სანამ ღვინის ქარხნების პრივატიზაცია დაიწყებოდა, „სამტრესტი“ ფუნქციას დაკარგავდა, წლების განმავლობაში აქ დირექტორებად მუშაობდნენ ცნობილი მეღვინეები: ლევან დემეტრაიძე და თემურ კორტავა.
_ მინდა გკითხოთ კოლექციაზე. ვნახე ის საცავები, რომელიც, სამწუხაროდ, დალუქულია... თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ, აქ რა ინახებოდა?
_ 1897 წლიდან მოყოლებული ქარხნის ენოთეკაში 1990 წლისთვის ინახებოდა 135 000-მდე ბოთლი ღვინო, სხვადასხვა მაგარი სასმელი, 1600 სხვადასხვა დასახელების: აქ იყო ქართული „მუკუზანი“, „წინანდალი“, „ნაფარეული“, „მანავის მწვანე“, ასევე 1882 წლიდან მოყოლებული ისეთი ცნობილი ღვინოები, რომლები იშვიათობას წარმოადგენდა არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში. 1807 წლის უნგრული ღვინო „ტოკაი“, ასევე 1846 წლის ესპანური ღვინო „ხერესი“, „მალაგა“, იტალიური, პორტუგალიური, ფრანგული პორტვეინები, მშრალი ღვინოები, ნაპოლეონის დროინდელი კონიაკი, კიევის „ნალივკა“, რუსული არაყი, ლიქიორები, ყველა იყო ერთეულები, მაგრამ ძალიან ძველი _ 1700-დან 1800 წლამდე. ეს ყველაფერი აქ ინახებოდა და მას მეღვინეები უვლიდნენ.
ბატონმა გივი ნიკოლეიშვილმა სპეციალური კომისია შექმნა, მოიყვანა ცნობილი მეღვინე დავით ნაცვლიშვილი და იაშა ყაფამაჯიანი, ღვინოები გადაანაწილეს, რომლებიც ვარგისი იყო ცალკე შეინახეს, რომლებიც არ იყო ვარგისი, გადააქციეს, ბოთლები და საცობები შეუცვალეს, მოხდა აღწერა. ყველაფერი დალაგებული იყო. 1990 წლის შედეგებით კოლექციაში 1600 დასახელების 135000 ბოთლი ინახებოდა.
_ ბატონო ბონდო, სად წავიდა ეს კოლექცია?
_ მაგის გარდა, სტალინის 70 წლისთავზე მოსკოვში უცხოელებმა ძალიან დიდი კოლექცია შეაგროვეს სტალინის დაბადების დღეზე. იმ კოლექციაში თუ რამე იყო, მოსკოვში დაიტოვეს, გარდა სასმელებისა. სასმელები მოსკოვის ღვინის ქარხანაში წამოიღეს, რომელიც საქართველოს ეკუთვნოდა და იქიდან გადმოიტანეს აქ. სტალინის კოლექციას ცალკე განყოფილება დაეთმო. მთელი მსოფლიოდან ჩამოიტანეს რუსული, იაპონური, იტალიური, სასმელები.
_ მეეჭვება, რომ დღეს ამ რაოდენობის ბოთლი ღვინო იყოს შენახული...
_ საბჭოთა კავშირის დაშლამდე ვიცი და მახსოვს, იმის მერე რა ხდება, არ ვიცი. რაც თქვენ ბრძანეთ, იმ ქარხნებიდან მე-4 ღვინის ქარხანა გაიყიდა, ბანკმა იყიდა, მეორე დაინგრა, მესამე ქარხანა ძმებმა მარგველაშვილებმა იყიდეს და ისევ „თბილღვინო“ ჰქვია, ეს ქარხანა კი ხედავთ, რა სტადიაშია... მე არ ვიცი და თქვენ თუ იცით, რა ხდება...
_ სხვა რამე მინდა გკითხოთ: დღეის მდგომარეობით, უნიკალური კოლექციის ნაშთები, რაც დარჩა (სამწუხაროდ, ზუსტ რაოდენობას ვერ ვასახელებთ) დაყადაღებულია. რამდენად არის შესაძლებელი, რომ კოლექციის ნაწილი ისევ გადარჩეს, თუკი სპეციალისტებს ამ კოლექციასთან მუშაობის საშუალება მიეცემათ?
_ ამისთვის არსებობს საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო, `სამტრესტის~ მემკვიდრე, სადაც ვაზისა და ღვინის ყველა საკითხი გვარდება, საკანონმდებლო აქტები დგება, აღწერენ, ის განაგებს ამას. თუკი ნება იქნება, ისინი სპეციალისტებს მოიწვევენ და შეაგროვებენ. აუცილებლად უნდა შეიცვალოს საცობები, სპეციალისტმა ხარისხის მიხედვით უნდა შეარჩიონ, რომელია ვარგისი. მჯერა, რომ იქიდან რაღაც პროცენტი გადარჩენილი იქნება, იმიტომ, რომ იქ არის შემაგრებული ღვინოები, რომელთა 18-20%-ს სიმაგრე და შაქარი 10% აქვს, ამიტომ თავს კარგად ინახავს. საერთოდ, უფრო მეტად შემაგრებული ღვინოები იყიდება, იმიტომ, რომ იმათ შენახვას აზრი აქვს, ზოგიერთი მშრალი ღვინო უკვე გამოფიტულია, წყალ-წყალაა, გადაგვარებულია. როგორც ამბობენ, ღვინო ადამიანივით არის: იბადება, ვაჟკაცდება, ბერდება და კვდება.
_ რაც დრო გადის, მით უფრო მეტია შანსი იმისა, რომ ეს კოლექცია საბოლოოდ განადგურდეს... ასეთი ისტორია, რაზედაც თქვენ მიყვებოდით, უბრალოდ, წაიშალოს...
_ იქ რა ხდება, კაცმა არ იცის! მაგრამ მთავარი ის იყო, რომ იქ უნიკალური ნიმუშები ინახებოდა. სხვათა შორის, 70-იან წლებში სოტბის აუქციონიდან ჩამოვიდნენ ლონდონიდან, რომელთაც უნდოდათ ამ ღვინოების ყიდვა. ისინი იყვნენ მანსანტრაში, იალტაში, რომანოვების მარანში, ნახეს ღვინოები და აქ ჩამოვიდნენ. მაშინ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჯავახიშვილი იყო, „სამტრესტის“ მმართველი. ჯავახიშვილმა ნება დართო, რომ თუ, მაგალითად, მუკუზანი არის 200 ბოთლი _ 10 ბოთლი მიეცათ, თუ იყო 700 ბოთლი _ 40 ბოთლი მიეცათ, რომ ქართული ღვინო უცხოეთში პოპულარული გამხდარიყო.
წავიდნენ იალტაში, აიღეს ღვინოები, დააწერეს მეფის კოლექციიდან და აუქციონზე გაიყიდა. იმათ მისცეს 300 თუ 500 დოლარი, მაგრამ გაიყიდა ძალიან ძვირად. ჩვენთანაც მოინდომეს, მიიღეს თანხმობა, ჩამოიყვანეს ექსპერტი, იურისტი, მეღვინე, დაიწყეს მუშაობა, ცნობილი მეღვინეები დავით ნაცვლიშვილი და გივი ნიკოლეიშვილი დახვდნენ. 3 დღის მერე წავიდნენ. რატომ? _ ვერც ერთი ჩანაწერი ვერ ნახეს, რომ ეს ღვინო ამ და ამ წლის იყო. აი, რა არის ჩვენი, ქართველების უბედურება და დაუდევრობა. მე ყველას ვეუბნები: როცა ღვინის ქარხნის მშენებლობას დაიწყებთ, ყველა ნიმუში ჩააწყვეთ კოლექციაში, შექმენით კარტოთეკა, დაარეგისტრირეთ. ჩანაწერი თუ არ გაქვს, ვინ დაიჯერებს?!!
_ თავისთავად ცხადია. აქ შენახვის პირობები დაცული არ არის...
_ შეიძლება დაიჟანგოს და ჩამოიშალოს. ბოთლები ბოლოს 1990 წელს შეცვალეს, რადგან ეს წელი აწერია. ამის მერე, ალბათ, საცობები აღარ შეუცვლიათ და აბა, იანგარიშეთ, რამდენი წელია გასული?
_ რატომ ვერ მოვახერხეთ ჩვენი ამ კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია დანარჩენ სამყაროში? მე მგონია, რომ მაინც არასათანადოდ არის ეს ყველაფერი გატანილი ქვეყნის გარეთ...
_ თქვენ რომ მსოფლიოს რესტორნებში შეხვიდეთ, მენიუში ნახავთ: ავსტრალიის, ჩილეს, არგენტინის ღვინოს, ქართული ღვინო არსად წერია. მარტო გამოფენა და მაღაზის არსებობა არასაკმარისია. ჩვენი ღვინოები არსად არ გადიოდა, კარჩაკეტილი იყო, მარტო ვარშავის ქალაქები საკმარისი არ არის...
ერთხელ უცხოელები ჩამოვიდნენ. ერთმა მეღვინემ თქვა, _ ფრანგულს ჰგავსო, რუსმა მეღვინემ უთხრა, _ გამასინჯე ფრანგული ღვინო და გეტყვიო. არ ჰქონდა გასინჯული. ახლა სუპერმარკეტებში რომ ამდენი რაღაცებია, მაშინ სად იყო? თქვენ ახალგაზრდა ხართ და არ გახსოვთ, სსრკ-ს დროს გასტრონომებში შედედებული რძე და შოკოლადის „პლიტკები“ იყიდებოდა, დანარჩენს ვერაფერს იშოვიდი, არ შემოდიოდა და პოპულარიზაციას როგორ გაუწევდით? კარჩაკეტილები ვიყავით სსრკ-ში, მარტო გამოფენაზე მიდიოდა. ახლა ისეთი დრო მოვიდა, ახალგაზრდებისთვის ასპარეზი უფრო დიდია. დღევანდელი მეღვინე ბედნიერია, რომ თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრობს და რასაც უნდა, გააკეთებს, მაშინ ყველაფერი შეზღუდული იყო.
_ ახლაც ვერ ვიყენებთ სათანადოდ...
_ ახლა დაიწყო უცხოელების ხარჯზე ქართული ღვინის სხვადასხვა ბაზარზე შეტანა. ჩინეთში ბაზარზე წარმომადგენლები გვყავს გამოფენებზე, ნელ-ნელა ცნობადობა იზრდება, მაგრამ მარტო ქვევრი არ შველის, ყველა ტექნოლოგიით დამზადებული ღვინო უნდა იყოს, თუ გვინდა, რომ მყიდველი დავაინტერესოთ.
ელისო კილაძე