QronikaPlus
დევნილთა სამინისტროს „წარმომადგენლობითი ხარჯები“

დევნილთა სამინისტროს „წარმომადგენლობითი ხარჯები“

2015-08-18 08:04:23

არასამთავრობო ორგანიზაცია „აპრიორი“, რომლის ხელმძღვანელთან, ბესიკ შენგელიასთან „ქრონიკა+“ უკვე მესამე წერილს ამზადებს, რამდენიმე სამინისტროს საქმიანობას სწავლობს. ზოგიერთ მათგანზე უკვე ვისაუბრეთ, ახლა კი დევნილთა და განსახლების სამინისტროს თანამშრომელთა პრემია-ხელფას-დანამატების შესახებ სკანდალურ ინფორმაციას შემოგთავაზებთ...   ბესიკ შენგელია: _ თქვენი გაზეთის წინა ნომრებში ვისაუბრეთ დევნილთა და განსახლების სამინისტროს რამდენიმე საეჭვო ტენდერზე, თუმცა მათ მუშაობაში მსგავსი მაქინაციური ფაქტები მხოლოდ ეს არ აღმოჩნდა. ცოტა ხნის წინათ დევნილთა სამინისტრომ ავტომობილები შეისყიდა სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომელთა საჭიროებისთვის. სატენდერო პირობებში მისი დანიშნულება ასე ეწერათ. ერთი ავტომობილის ფასი 32 ათასი ლარია და ჯამში სამი მანქანა 96 ათასი ლარი დაჯდა, მაგრამ სამინისტრომ ეს თანხა 129 199 ლარამდე გაზარდა. ტენდერის პირობებში ჩაწერა ავტომანქანების სადაზღვევო პაკეტების შესაძენი თანხა და რაც ყველაზე სასაცილოა, სამივეს საწვავი. თითოეულ ავტომობილზე საწვავის ღირებულება ეწერა 3 ტონა ბენზინის ფასი, ანუ 5900 ლარი. ეს მაშინ, როცა 2015 წლის 14 მაისის მდგომარეობით, დევნილთა სამინისტრომ საწვავში უკვე გახარჯა 76 ათასი ლარი. ამას თუ დავუმატებთ სამი ახალი ავტომანქანის საწვავს, რომელიც, დაახლოებით, 18 ათას ლარამდეა, მივიღებთ სერიოზულ თანხას. ამ სამინისტროს ობიექტები, სადაც ისინი უნდა გადაადგილდნენ, მხოლოდ საქართველოს რადენიმე ქალაქშია და მართლა გვაინტერესებს, აპარატის თანამშრომლებმა ამდენი ბენზინი სად უნდა დაწვან? მანქანებთან მიმართებით საინტერესო კიდევ ის გახლავთ, რომ როცა ტენდერი გამოცხადდა, მაქსიმალური თანხა იყო 153 413 ლარი, ანუ რომელიც ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას უნდა შეეთავაზებინა ამ სამი მანქანის ღირებულებაში. სატენდერო პირობაში ასევე ჩადებული იყო, რომ გამარჯვებულ კომპანიას უნდა წაეყვანა სამინისტროს კუთვნილი ძველი ავტომობილები, რომელიც წინასწარ შეაფასებინეს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს. ეს მანქანები 2003 წლის იყო, მაგრამ კარგ მდგომარეობაში. ერთ-ერთი BMW X5 სამხარაულის ბიურომ 20 ათასად შეაფასა, ანუ აქ აფასებენ საბაზრო ფასზე ნაკლებად და წარმოიდგინეთ, ამ ღირებულების  ავტომანქანა რა კარგ მდგომარეობაში იქნებოდა. ასევე იყო სხვა მანქანები: FORD ESCAPE, NISSAN PETROL 4X4, FORD ESCAPE, MERCEDES BENZ_ 2 ცალი. ასე რომ, ე. წ. ქამრების შემოჭერის დროს ასეთი ავტომობილების გაყიდვა და უფრო ახალი მანქანების ყიდვა სულაც არ წარმოადგენდა აუცილებლობას. სატენდერო პირობებში აღნიშნული ავტომანქანების ტექნიკური მახასიათებლებიც სასაცილოდ ჟღერს. იქ წერია, რომ უნდა იყოს მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომანქანა, ძრავი არანაკლებ 1,3. ვინც მანქანის შესახებ რამე იცის, არ გაუჭირდება იმის მიხვედრა, რომ 1,3 ძრავით ავტომანქანა მაღალი გამავლობის ვერ იქნება. ეს ყველაფერი კი ამ სამინისტროს ხელმძღვანელობის, თანამშრომლების უნიათობისა და უვიცობის ბრალია. საინტერესოა ისიც, რომ ექსპერტიზაზე გატანილი ავტომანქანების რაოდენობა 6-ზე ბევრად მეტი იყო. მათ შესაფასებლად ასევე გაიტანეს ავტომობილი „ნივა“, თუმცა ის მერე სად წავიდა, უცნობია. 6 ავტომობილის საბაზრო ფასმა სამხარაულის ბიუროში შეადგინა 53 500 ლარი. ტენდერში გამარჯვებული კომპანიისთვის სამინისტროს ეს მანქანები უნდა გადაეცა და თანხა დაემატებინა. ე. ი. 3 მანქანაში მისცეს 6 მანქანა და კიდევ 80 ათასი ლარი დაუმატეს. ტენდერის პირობების მიხედვით, დამატებული 80 ათასის ანგარიშგება კი უნდა მოხდეს 2015 და 2016 წლების ბიუჯეტებიდან. ეს იმას ნიშნავს, რომ ბიუჯეტში ამ წლისთვის გათვალისწინებული გარკვეული თანხები აღარ აქვთ და წინასწარ ხარჯავენ მომავალი წლის ბიუჯეტს. ისმის კითხვა, _ თუ ფული არ აქვთ, რისთვის იყო საჭირო ახალი ავტომობილების შეძენა? თანაც 6 ავტომობილში 3 ავტომობილის მიღება? აქედან ისიც ჩანს, რომ 6 ავტომობილი ამ სამინისტროსთვის საჭირო არ იყო და მაინც გაწერეს რაოდენობაში. ეტყობა, სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომლებმა ახალთახალი `სუზუკებით~ თუ არ იარეს, ისე დევნილთა პრობლემებს ვერ მოაგვარებენ. ვითომ რატომ არ შეიძლებოდა, მათ 20 ათასად შეფასებული  BMW-თი ევლოთ და ზედმეტად ფული არ დაეხარჯათ? გაყიდული ავტომანქანები რომ მწყობრიდან გამოსული არ იყო, კარგ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ფაქტია და ექსპერტიზის შეფასებიდანაც ჩანს. სამინისტროს მის ავტოპარკში არსებული ავტომანქანების სერვისი აქვს და სავალი ნაწილების ცვეთის დროს სპეციალურ კომპანიებში სისტემატურად ცვლიან, ასე რომ, ეს ხარჯი, ჩვენი აზრით, საჭირო სულაც არ იყო. _ ეჭვობთ, რომ სამინისტრო ახალთახალი ავტომანქანებითაც ივლის და ამ შესყიდვით ფულიც გაათეთრეს? _ როცა ასეთი ტენდერებით ფულის კეთებაზე საუბრობენ, მერე წნეხში აქვეცენ შპს-ებს და არა სამინისტროს. შპს „ჯი თი მოტორსის“ საწინააღმდეგო ნამდვილად არ მაქვს, მაგრამ რეალურად აქ ის გაკეთდა, რომ სამინისტრომ ტენდერით იყიდა 9 ტონა ბენზინი. არადა, საწვავში მათ უკვე დიდი დანახარჯი აქვთ და ბენზინის საიდანმე ამოგება იყო საჭირო. წესით და რიგით, საწვავს უნდა ყიდულობდნენ ცალკე და მერე აღარ უნდა სჭირდებოდეთ ტენდერით რამის დამატება. ეტყობა, ის ბენზინი გაფლანგეს, ტალონებით ახლობლებში დაარიგეს და ახლა ამ გზას მიმართეს _ ავტომანქანების შესასყიდ ტენდერში ბენზინის ყიდვაც გაწერეს. კარგია კომფორტი, ახლობლების განებივრება და ხელის გაშლა, მაგრამ ამ სამინისტროს ურჩევნია, იქ არსებულ პრობლემებს მიხედოს. _ სამინისტროში კიდევ რა სახის პრობლემებია? _ სამსახურებრივ კომფორტთან ერთად სამინისტროს მაღალჩინოსნები და თანამშრომლები ასევე ზრუნავენ პირად და ოჯახურ კომფორტზეც. ოფიციალური განცხადებით მივმართეთ დევნილთა სამინისტროს სხვა ხარჯებთან მიმართებით და გარკვეული პასუხიც მივიღეთ. მათგან ვითხოვეთ მოეწოდებინათ, საახალწლოდ და სააღდგომოდ სამინისტროში რა სახის პრემიები და სახელფასო დანამატები დარიგდა, ასევე მოვითხოვეთ ადმინისტრაციული ხარჯები. აღმოჩნდა, რომ სამინისტროს საკომუნიკაციო ხარჯმა შეადგინა 35 571, 71 ლარი. ეს ნიშნავს, რომ წლის პირველი 5 თვის განმავლობაში სამინისტრო, დაახლოებით, 7 ათას ლარს ხარჯავს ჭორაობაში და წლის ბოლომდე რამხელა იქნება ეს ხარჯი, თქვენ წარმოიდგინეთ. 5 თვის განმავლობაში სამინისტროს თანამშრომლების სამივლინებო ხარჯმა შეადგინა 106 330 ლარი, ანუ ამხელა თანხა მივლინებებში „გათეთრდა“. _ რატომ ფიქრობთ, რომ ეს ფული გაათეთრეს“? _ საქმე ის არის, რომ იმ რეგიონებში, სადაც კომპაქტურად ჩასახლებულები არიან, სამინისტროს დასაქმებული ჰყავს ე. წ. წარმომადგენლობები. წესით, ყველა ინფორმაციას იქიდან უნდა იღებდეს, მაგრამ, ვთქვათ, მაინც, სისტემატურად სჭირდებათ სიარული მივლინებებში, დევნილთა ჩასახლებები კი არის მხოლოდ ფოთში, ბათუმში, ქუთაისში, წყალტუბოში, ხონსა და ზუგდიდში. აქ სიარულს 4 თვეში 107 ათასი რად უნდა?! სამინისტროს მთელმა აპარატმა ამ რეგიონებში დამლაგებლებთან ერთად რომ იაროს, მაინც ვერ გახარჯავს ამდენ ფულს, თუმცა ფაქტია, დახარჯვა მოახერხეს. უცხოეთის მივლინებები ჩვენთან გამოგზავნილ დოკუმენტებში გაშიფრული არ აქვთ, თუმცა ეს მონაცემები დამატებით გამოვითხოვეთ. მინისტრი სოზარ სუბარი უცხოეთში მივლინებით წასული პირადად არ მახსოვს, თუმცა საინტერესოა, რას „ლაპარაკობენ“ დოკუმენტები, ამიტომ მაინც მას დაველოდები. „ქრონიკა+“-ის წინა ნომერში გვეწერა, რომ ისნის სამხედრო ჰოსპიტალში თავშეფარებულ 140 ოჯახს ქუჩაში ყრიან და, ასეთ დროს, არ უნდა იხარჯებოდეს 107 ათასი მივლინებებში, 37 ათასი ტელეფონით საუბარში, საწვავზე და ა. შ. ეს იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული სამინისტრო მუშაობს მხოლოდ საკუთარ თავზე, საკუთარ კომფორტზე და ა.შ. _ ხელფასებსა და სახელფასო დანამატებთან დაკავშირებით რა ხდება?  მინდა, ხაზი გავუსვა, რომ კარგად მახსოვს, როცა პრემიერმა საჯარო სამსახურებში პრემია აკრძალა და დასაშვებად მხოლოდ სახელფასო დანამატი მიიჩნია, თუმცა შედეგად მივიღეთ ის, რომ ახლა სახელფასო დანამატსაც იწერენ და პრემიასაც, ცხადია, ხელფასთან ერთად. მართლა გაოცებული ვარ... _ თანამდებობის სარგოებზე, ანუ ხელფასებზე არ ვილაპარაკებ. ჰქონდეთ კარგი ხელფასი, აიღონ, ოღონდ საქმე აკეთონ. პრობლემა ის არის, რომ მაღალ ხელფასებთან ერთად პრემიებითა და დამანატებითაც ივსებენ ჯიბეებს. 2014 წლის დეკემბერში თანამდებობრივი სარგო, თანამშრომელთა ხელფასი, მთლიანად იყო 250 ათასი ლარი, ხოლო პრემიამ შეადგინა 233, 320 ათასი ლარი, ანუ თითქმის იგივე, რაც იყო ხელფასი. ამას დაემატა სახელფასო დანამატი _ 93,172 ათასი ლარის ოდენობით. თითოეულ ადამიანს რა შემოსავალი ჰქონდა ამ პერიოდში, უფრო კონკრეტულად გეტყვით და ადვილად მიხვდებით, ამ სამინისტროს თანამშრომლებს როგორ აქვთ მოწყობილი ცხოვრება. სამ თვეში _ იანვარ-თებერვალ-მარტში _ მინისტრმა აიღო ხელფასი _ 10 620 ლარი, დანამატი _ 8130 ლარი. მან პრემიაც აიღო, თუმცა ოდენობა იქ არ წერია. ახლა რიგითებზე გადავალ: დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის, მურად აბლოთიას ხელფასია 2130 ლარი, პრემია აიღო 2130 ლარი და სახელფასო დანამატი _ 1600 ლარი. ე. ი. ბატონ მურადს იანვარ-თებერვალ-მარტში ხელფასი ეკუთვნოდა 6190 ლარი, მაგრამ ამაზე არ დაკმაყოფილდა არც თავად და არც სამინისტროს ეკონომიკური გუნდი და პრემიის სახით დაუმატეს 2130 ლარი, 5000 ლარი კი _ სახელფასო დანამატის სახით. ჯამში, სამ თვეში გამოუვიდა 14 ათასი ლარი. დევნილებთან სისტემატურად ვურთიერთობ, მაგრამ მათგან მერაბ აბლოთიას შესახებ არაფერი მსმენია. ეს სახელი და გვარი პირველად სახელფასო-საპრემიო და სადანამატო ცხრილში ამოვიკითხე. კარგია, თუ მართლა მუშაობს, მაგრამ სამ თვეში რომ ამდენი აიღო, წარმოიდგინეთ, წლის ბოლოს რა თანხები გამოუვა? მინისტრს, რომელსაც ხელფასი სამ თვეში გამოუვიდა 10 620 ლარი, სახელფასო დანამატის სახით აღებული აქვს 8130 ლარი. მისმა მოადგილე გრიგოლ გიორგაძემ, რომელსაც 3 თვეში 8850 ეკუთვნის ხელფასად, იგივე თანხა მიიღო დანამატის სახით. მეორე მოადგილე გოგი ფაცაციამ სამი თვის ხელფასის _ 8160 ლარის ანალოგიური თანხა აიღო დანამატის სახითაც. მინისტრის კიდევ ერთ მოადგილე შოთა რეხვიაშვილზეც და გვანცა შენგელიაზეც იგივე უნდა ვთქვა. პრემია ამათაც აიღეს, ალბათ, მაგრამ, როგორც გითხარით, ამ ცხრილში ეს არ ჩანს. მინდა ვიკითხო, _ ვის ატყუებენ? გამოიწერონ ერთიანად ეს თანხა, ხალხის გასაცურებლად რა დაშლილ-დანაწევრებულად იღებენ? დევნილთა სამინისტროში ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსი ზვიად ლათიბაშვილია. მისი 3 თვის ხელფასი შეადგენს 6390 ლარს, პრემიას იღებს ერთი ხელფასის ოდენობისას _ 2130 ლარს და ამას პლუს დანამატის სახით 5330 ლარი. სამ თვეში ამ ადამიანსაც 15 ათას ლარამდე გამოუვიდა. ახლა სამინისტროს მიერ გამოგზავნილ დოკუმენტაციაზეც, ანუ საჯარო ინფორმაციაზე მინდა გითხრათ: ფურცელი ისეთი გაშავებულია, ნაწერები კარგად არ იკითხება. სამარცხვინოა, როცა არასამთავრობო ორგანიზაციას და სამოქალაქო სექტორს ასეთ დოკუმენტს უგზავნი, არადა, დაახლოებით 15 ათასი ლარი დახარჯეს სამინისტროს ფურცლებისა და პრინტერების შესყიდვაზე. თუ პრინტერების ყიდვაში არ ხარჯავენ ფულს და ისეთი ფურცლებით აწვდიან ყველას საჯარო ინფორმაციებს, რომ იქ რამის გარჩევა შეუძლებელია, ესეც დანაშაულია. _ სულ ეს არის ამ სამინისტროს ცოდვა-ბრალი? _ ჩვენ რაზედაც ვისაუბრეთ, ეს მხოლოდ საახალწლო ხელფასი-პრემია და დანამატია. ამას მოყვა მათთვის მსუყე აღდგომაც. მარტში ხელფასებზე გაიწერა 254 595 ლარი. ამ თვეში პრემია შეაჩერეს და ზოგიერთს მისცეს  მხოლოდ 800 ლარი, სამაგიეროდ დანამატი აიღიეს, სულ 145 ათასი ლარი. აპრილში პრემია 60 ათასი ლარი გახდა, მაგრამ პრემიის თანხას ქვემოთ აწერია: „აქვე აღვნიშნავთ, რომ აპრილის დანამატი, 60 260 ლარის ოდენობის თანხის გადარიცხვა, განხორციელდა მაისის თვეში“. აქედან ჩანს, რომ სამინისტროს ბიუჯეტში ვეღარ მოიძებნა ეს თანხა, დანამატი რომ გაცემულიყო. ჩვენც ხომ გვეუბნებიან, რომ ყველაფერი გამართულად და წარმატებით მუშაობს და არავითარი კრიზისი არ არის? ასეთ დროს აპრილის დამანატს მაისში არიგებენ, რატომ?! ეს დამანატი ეკუთვნოდათ თუ არა, ცალკე საუბრის თემაა, თუმცა თანხა რატომ არ ჩაერიცხათ დროულად, ეს გაუგებარია. ამ ეტაპზე დევნილთა სამინისტროში უკვე ჩნდება წარმომადგენლობითი ხარჯიც. ასეთ ხარჯს მივლინებაც ჰქვია და როგორც გითხარით, მივლინებებში მათ საკმაო თანხებიც აქვთ გაწერილი, თუმცა ცალკე მუხლად გაწერეს წარმომადგენლობითი ხარჯი, რომლის ოდენობაც დევნილთა სამინისტროში 2014 წელს იყო 19 455 ლარი, ხოლო 2015 წლის აპრილის ჩათვლით, ანუ 3 თვეში _ 3803 ლარი. ეს თანხა თითქოს არაფერს წარმოადგენს იმ ხარჯებთან შედარებით, რაც ზემოთ ვნახეთ, მაგრამ, ამჯერად, ტერმინია საინტერესო და საგულისხმო, რადგან „წარმომადგენლობით ხარჯებში“ ხვალ და ზეგ შეიძლება 100 ათასი ლარიც კი მიაწერონ. როგორც ჩანს, ამაზე პასუხს არავინ აგებს. _ კიდევ რა სახის პროექტებზე მუშაობს თქვენი არასამთავრობო? _ საინტერესოდ მიგვაჩნია ოლიმპიურ სოფელში დევნილებზე ბინების გასხვისების ამბავიც. ჩვენთან მოვიდა პიროვნება, რომელმაც თქვა, რომ დევნილთა სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ 3 ათასი დოლარი სთხოვა იმის გამო, რომ მისთვის ამ სოფელში ბინა გადაეფორმებინათ. მას, რა თქმა უნდა, კანონით ეკუთვნის ბინა. ის არის დევნილი, რომელსაც სახელმწიფოსგან აქამდე ყოველთვიური 45 ლარის დახმარების მეტი არაფერი მიუღია. ასეთ ადამიანს მოსთხოვეს 3 ათასი დოლარი და უთხრეს, _ სიაში კი ხარ, მაგრამ ნამდვილად რომ შეგხვდეს, ამიტომ უნდა გადმოგვცეო. სხვა ფაქტებიდანაც ჩანს, რომ ამ ბინების გასხვისებით დევნილთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირები „ატკატებს“ იდებენ ჯიბეში. ამ ფაქტებს აუცილებლად გამოვამზეურებთ.  ოლიმპიურ სოფელში მშენებლობები ჯერაც არ დასრულებულა. ოლიმპიადა ისე ჩაატარეს, რომ იქ პარალელურ რეჟიმში მშენებლობა მიდიოდა, შედუღების აპარატებიც კი მუშაობდა, რაც სამარცხვინოა. მოეკითხება ნარმანიას ეს ამბები. ასევე საინტერესო ფაქტია ე. წ. სოფლის პროექტით რაიონებში დევნილებისთვის ბინების შეძენა. თავიდან ასე იყო: დევილი მოძებნიდა სახლს და 13 ათასი ლარის ღირებულების ფარგლებში მას ამ ბინას შეუძენდნენ. შემდგომ ეს მუხლი შეიცვალა და თანხა გაყვეს სულადობაზე, ანუ 8 ათასი ლარიდან 36 ათას ლარამდე გაიზარდა. ოღონდ 36-ათასლარიან სახლს შეუძენდნენ მხოლოდ იმ დევნილს, რომელსაც 8, ან უფრო მეტი ოჯახის წევრი ჰყავდა. ჩვენ პირადად რამდენიმე ადამიანს დავაწერინეთ განცხადება, მაგრამ მოთხოვნა არ დაუკმაყოფილეს. საუბარია იმაზე, რომ ბევრი დევნილი, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფება, მაგალითად რუსეთის ფედერაციაში, სპეციალურად ჩამოვიდა ბინების ასეთ შესყიდვაში მონაწილეობისთვის და შესყიდვის შემდეგ ისევ უკან წავიდა, ის ადამიანები კი, რომლებიც აქ წვალობენ, 24 საათი ქუჩაში დგანან, ბედის ანაბარა დატოვეს. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ დევნილთა და განსახლების მინისტრი არის უსულგულო ადამიანი! თქვენს გაზეთში ისნის ჰოსპიტლის შენობაში შესახლებულებზე წერილი რომ გავიდა, ამის მერე იმ ადამიანებმა სამინისტროსთან აქცია გამართეს და მინისტრთან ან სხვა მაღალჩინოსანთან შეხვდრას ითხოვდნენ. სიცხეში 5 საათი იდგნენ, მაგრამ მათთან შესახვედრად არავინ ჩავიდა. მერე კი მინისტრმა ბრიფინგზე ასეთი განცხადება გააკეთა: აქციის მოწყობა როგორ გაბედეთ?! რაც არ უნდა აქცია მოაწყოთ, იქიდან მაინც ყველას გამოგყრითო! ამას სჩადის ის ადამიანი, რომელიც ამხელა ხელფასსა და პრემია-დანამატს მხოლოდ იმიტომ იღებს, რომ დევნილთა პრობლემები მოაგვაროს. _ მათ პრესსამსახურმა ქრონიკა+“-განუცხადა, რომ ჰოსპიტლის შენობაში დევნილები აღარ არიან და ისინი ქირით გადაიყვანეს. ეს სიცრუეა? _ ტყუილია! სამინისტროს წინ, მინისტრის ასეთი განცხადების შესახებ რომ შეიტყო, ერთ-ერთმა დევნლმა დევნილის მოწმობა დახია და უარი განაცხადა საქართველოს მოქალაქეობაზე. ისეთ ქვეყანაში ცხოვრება არ უნდათ, სადაც სამინისტროდან ერთი თანამშრომელიც კი ვერ ჩამოვიდა ამ ხალხთან სალაპარაკოდ. ჰოსპიტლის შენობაში მხოლოდ სოციალურად დაუცველები არ არიან, იქ ამჟამადაც იმყოფებიან დევნილები. თუნდაც ღამით წამომყვნენ და ვისაც უნდა, იმას დავალაპარაკებ იქ დევნილებს, რომელთაც დევნილის სათანადო საბუთი აქვთ.   „ქრონიკა+" ინფორმაციის გადასამოწმებლად სამინისტროს წარმომადგენლობას დაუკავშირდა და ცნობილი გახდა, რომ სოზარ სუბარის უწყება სექტემბრის თვეში გააკეთებს განმარტებას.  

                                                                                                        ნელი ვარდიაშვილი

 

გაზიარება