QronikaPlus
არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები, ბეჭდური მედია, ტელევიზიები, რედაქტორები  და ჟურნალისტები  – ვის აფინანსებს სუს-ი?

არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები, ბეჭდური მედია, ტელევიზიები, რედაქტორები და ჟურნალისტები – ვის აფინანსებს სუს-ი?

2015-08-18 08:01:44

პოლიტიკურად დაძაბულ ზაფხულს არანაკლებ დაძაბული შემოდგომა მოჰყვება. უკვე ცნობილია, რომ სექტემბრის პირველი კვირის ორშაბათიდან აქტიურ საქმიანობას დაიწყებს ახალი მოძრაობა: „ნუ გაისუსები!“ „ქრონიკა+“ ინფორმაციას, ორგანიზატორებზე დაყრდნობით, რა თქმა უნდა, ექსკლუზიური უფლებით აქვეყნებს. ნიკა მემანიშვილი _ მოძრაობა ნუ გაისუსების!ორგანიზატორი: _ „ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის~ წარმომადგენლები ვიწყებთ მოძრაობას `ნუ გაისუსები!“ ამ სახელწოდებას ორგვარი დატვირთვა აქვს: პირველი _ მოვუწოდებთ ადამიანებს, ნუ დახუჭავენ თვალებს, ნუ გაჩუმდებიან იმაზე, რაც კონკრეტულად მათ ეხებათ. ხმა ამოიღონ, თორემ მათივე მოყვანილი ხელისუფლება ემსგავსება „ნაციონალურ მოძრაობას“; მეორე _ ნუ დაემორჩილებიან სუს-ს _ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომელიც, სამწუხაროდ, დღეს ყველას და ყველაფერს აკონტროლებს, ანუ მართავს პოლიტიკურ პროცესებს. არაფერი წყდება და ხდება სუს-ის გარეშე. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ძალიან გულსატკენი ინფორმაციები. მაშინ, როცა ქვეყანაში ეკონომიკური და სოციალური პრობლემებია, კვლავ ირღვევა ადამიანთა უფლებები! რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია დარჩა, რომელიც ამ ყველაფერზე საუბრობს, დანარჩენი კი სუს-ის მონაა, _ უფლებადამცველები არაფერს აკეთებენ ამ უწყების მითითების გარეშე. მოკლედ, ასეთი მდგომარეობაა: არასამთავრობოების ნაწილს აკონტროლებს „ნაციონალური მოძრაობა“, რასაც ისინი არც მალავენ. ეს ორგანიზაციები მხოლოდ იმ საკითხებზე საუბრობენ, რომელიც „ნაციონალების“ ინტერესებში შედის. იგივე ხდება ხელისუფლების მხარესაც. არასამთავრობოების გარკვეული ნაწილი მათი ინტერესების გამტარებელია და, რეალურად, საზოგადოების მდგომარეობა, სურვილები, არ აინტერესებს. ისინი ამ პარტიების ბრძოლის იარაღი არიან და პოლიტიკური ბრძოლაც ამ არასამთავრობოების ხელით მიმდინარეობს. ეს იცის ყველამ, თუმცა ღიად არავინ არაფერს ამბობს. ჩვენ ყველა არასამთავრობოს გავშიფრავთ და მათ ლუსტრაციას მოვახდენთ. _ უფრო კონკრეტულად გვესაუბრეთ. იქნებ, ახლა დაგვისახელოთ ეს არასამთავრობოები? _ ამას გაიგებთ სექტემბერში, მანამდე დიდი დრო არ რჩება, თუმცა თქვენს გაზეთში ექსკლუზიურად ვაანონსებთ ამ ამბავს. ჩვენი მოძრაობაც იმას გულისხმობს, რომ კონკრეტულად ვამხილოთ ყველა მათგანი, ფარდა ავხადოთ მათ საქციელს. ცხადია, ორივე მხარე დაგვიწყებს ბრძოლას, მაგრამ არ გვაინტერესებს, ვინ რას იტყვის. უნდა დასრულდეს საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრა. ხალხი არის იმის ღირსი, რომ იცოდეს, რომელი არასამთავრობო ორგანიზაცია იცავს რეალურად მათ უფლებებს და რომელი არის „ნაცმოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მარიონეტი. სერიოზული ინფორმაციები გვაქვს. გავასაჯაროებთ იმასაც, რომელი არასამთავრობო ორგანიზაცია საიდან და რა თანხით ფინანსდება და ა. შ. ეს, ფაქტობრივად, რევოლუციური ნაბიჯი იქნება. მხოლოდ რამდენიმე არასამთავრობო დავრჩით, რომლებიც არ ვერიდებით როგორც „ნაციონალური მოძრაობის“, ასევე „ქართული ოცნების“ კრიტიკას. ამით განვსხვავდებით სხვებისგან, რომლებიც უნამუსოდ, ასიათასობით ლარს იღებენ პარტიებიდან და მათი ბრძოლის ინსტრუმენტები არიან. _ ნუ გაისუსების!ფორმატში არასამთავრობოების გარდა კიდევ ვის მხილებას აპირებთ? _ ასევე ვამხელთ მედიასაშუალებებს, ბეჭდურ მედიას, ტელევიზიებს, მათ რედაქტორებსა და ჟურნალისტებს. მოძრაობას ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან მასშტაბური აქციით დავიწყებთ და იქიდან ვეტყვით საზოგადოებას, რომ ამ ორგანიზაციას აკონტროლებს სუს-ი, დამოუკიდებლად ვერ იღებენ ვერანაირ გადაწყვეტილებას და მათი საინფორმაციო პოლიტიკა მართულია. წინა ხელისუფლებას იმიტომაც ვებრძოდით, რომ მედიას განვითარების საშუალებას არ აძლევდნენ, მაგრამ ახალი ხელისუფლებაც ამ გზით მიდის. _ რომელი მედიასაშუალების წინ აპირებთ აქციის ჩატარებას? _ ამ წუთში ვერ დავასახელებ, მაგრამ ექსკლუზიურად გეტყვით, რომ სექტემბრის პირველ ორშაბათს ჩატარდება აქცია. ასე რომ, მოემზადონ არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიასაშუალებები, კონკრეტული ჟურნალისტები ხალხისთვის პასუხის გასაცემად. _ გასაგებია, რომ აპირებთ დაასახელოთ და ამხილოთ კონკრეტული ადამიანებიც, მაგრამ მხოლოდ დასახელება ხომ არ არის მყარი არგუმენტი? ხალხი რომ გენდოთ და თქვენი ნათქვამი დაიჯეროს, მტკიცებულებებია საჭირო. გაქვთ ასეთი ფაქტები? _ ფაქტებისა და მტკიცებულებების გარეშე საუბარს არ ვაპირებთ. ეს იქნება სკანდალური ფაქტები და გამყარებული მასალები. ამ ფაქტებზე საზოგადოებამ არაფერი იცის. თუმცა ვისაუბრებთ იმაზეც, რაც ხალხმა იცის, მაგრამ ხმამაღლა არავინ ამბობს. ამით გვინდა, საზოგადოებაც გამოვაფხიზლოთ და მათ საშუალება მივცეთ, რასაც ფიქრობენ, აღარ დამალონ, მოგვბაძონ და ხმამაღლა მათაც თქვან სიმართლე. ყველანაირი გასუსვა ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის დამღუპველია! მოვუწოდებთ საზოგადოებას, გამოფხიზლდნენ და ხმა ამოიღონ. ვერავინ უნდა შეძლოს მათი მოტყუებით ხელისუფლებაში მოსვლა ან იქ დიდხანს დარჩენა. ხალხი იმიტომ უნდა გვენდოს, რომ ჩვენ არ ვართ მხარე, უბრალოდ, ხმამაღლა ვსაუბრობთ პრობლემებზე და გვიხარია, როცა ხელისუფლება კარგს აკეთებს. „ნაციონალურ მოძრაობას“ კი ჩასაფრებულის პოზიცია უკავია და არ მოსწონს, როცა ხელისუფლება კარგს აკეთებს, ან უხარია, როცა რამე არ გამოსდის. _ მოძრაობაში ხალხის ჩართულობასაც გეგმავთ? _ აუცილებლად ჩაერთვება ხალხი და იქცევა გიგანტურ მოძრაობად. ყველა ხედავთ, რომ ქვეყნის განვითარება არ მიდის იმ მიმართულებით, რისი იმედიც 2012 წელს გვქონდა. ქართველი ხალხი ერთ მუშტად შევიკარით და „ნაციონალური მოძრაობა“ შევცვალეთ, მაგრამ ხალხის მოყვანილი ხელისუფლებაც ვერ ამართლებს. ერთი კვირის წინ პროკურატურასთან აქცია ჩავატარეთ და ზონდერპოლიციელებმა ხელი შეგვიშალეს პოზიციის გამოხატვაში. ესენი ის პოლიციელები არიან, რომლებიც „ნაციონალების“ დროსაც სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას გვაყენებდნენ. არა მხოლოდ ფიზიკურად, მათ გვარებით და სახელებით ვიცნობთ. ზოგი მათგანი დაწინაურებულიც არის. არც ერთი ჩვენი აქცია კანონგარეშე არ ყოფილა, მათი ქმედება ჩვენთან მიმართებით კი ყოველთვის უკანონოა, მათ ეს ხელისუფლებაც საიმედოდ ინახავს და ფუთავს, მასაც იმავე მიზნისთვის სჭირდება, რისთვისაც „ნაციონალური ხელისუფლება“ იყენებდა. ისინი არ არიან სამართალდამცველები, ისინი არიან ზონდერჯგუფები, ამიტომაც სჩადიან უდიდეს უსამართლობებს. საზოგადოება მათთან მიმართებითაც არ უნდა გაისუსოს, რადგან თითოეულ მათგანს აუცილებლად შეხებიან. როცა შვილმკვდარი დედა უყურებს, რომ მისი შვილის მკვლელი მაღალ თანამდებობაზეა, მისთვის ამაზე საშინელი არაფერია. სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით ვატარებდით ყველა გამოსვლას, მაგრამ, სამწუხაროდ, ხელისუფლება კოჰაბიტაციაში იმყოფება წინა სახელისუფლებო მმართველ გუნდთან და ამ პროცესს ამიტომ აფერხებს. ირაკლი ღარიბაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, ლევან მურუსიძის მეგობარია და იცავს კიდევაც მას. ეს ის მურუსიძეა, რომელიც გირგვლიანის მკვლელობის საქმის მოსამართლე იყო, ასევე მოლაშვილის საქმის. მან გაათავისუფლა, თავის დროზე, უზენაესი სასამართლოდან ნინო გვენეტაძე... დღეს კი მხოლოდ იმიტომ არის კომფორტულად, რომ ღარიბაშვილის მეგობარია. „ნაციონალების“ დროს ჩატარდა „ვარციხის სპეცოპერაცია“, როდესაც 3 უდანაშაულო ადამიანი მანქანაში ჩაცხრილეს. 53 ტყვია ამოუღეს ერთ-ერთ გარდაცვლილ ახალგაზრდას სხეულიდან. ის ადამიანები, რომლებიც ამ სპეცოპერაციას ხელმძღვანელობდნენ, დღეს მაღალ თანამდებობებზე იმყოფებიან. მათ წინათ ვანო მერაბიშვილი მფარველობდა, ახლა კი ბინძურ კოჰაბიტაციაში შესული მთავრობა მფარველობს. ხალხმა იცის გახმაურებული საქმეების _ რობაქიძის, გირგვლიანის შესახებ, მაგრამ არ აქვს ინფორმაცია „ვარციხის ოპერაციის“ მსხვერპლთა ირგვლივ და ამის მხილებასაც ვაპირებთ. უნდა დაისაჯონ ამ ოპერაციის დროს გარდაცვლილი უდანაშაული ბიჭების მკვლელი პოლიციელები. ასეთ საქმეებზე ხელისუფლების წარმომადგენლები გასუსულები არიან. რა ენაღვლებათ, თავად ხომ დადიან 100-ათასლარიანი ჯიპებით, ხომ აქვთ მაღალი ხელფასები, პრემიები, სახელფასო დანამატები და ქონებაწართმეული, გაუბედურებული ხალხი არც ახსოვთ და აღარც აინტერესებთ. უნიათო და უუნაროა ხელისუფლება, რომელიც დამნაშავეებს გაურიგდა და, ფაქტობრივად, თავადაც დამნაშავედ იქცა. როცა ხალხი ხმას ამოიღებს, ხელისუფლება იძულებული გახდება, სამართლიანობა აღადგინოს. სხვა შემთხვევაში ძალით უნდა გამოვიყვანოთ საკუთარი კაბინეტებიდან. _ ნუ გაისუსები!მხოლოდ არასამთავრობოებსა და მედიასაშუალებებს ამხელს? ფიქრობთ, რომ მხოლოდ ეს ორი რგოლი ანგრევს ქვეყანას? _ არა, რას ბრძანებთ? ვამხელთ გასუსულ პოლიტიკურ პარტიებსაც! ამ ეტაპისთვის საუბარი გვექნება ერთ-ერთ პოლიტიკურ პარტიაზე, რომელიც „ოცნებასთან“ ფარდის უკან თანამშრომლობს, თუმცა რეალურად საზოგადოებას თავს აჩვენებს, რომ ის დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალაა. _ როგორ მუშაობს სუსი თითოეულ ადამიანსა თუ პარტიაზე და რა მეთოდებით `სუსავს~ მათ, მექანიზმი გაშიფრეთ? _ ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელსაც ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვა აბარია. სამწუხაროდ, წინა ხელისუფლების დროს „კუდსაც“ ჰქონდა მახინჯი ფორმები და უსმენდა ადამიანებს, მათ პირად ცხოვრებას ეცნობოდა და კომპრომატებით მართავდა. დღესაც იგივე ხდება, მეთოდებიც კი არ შეუცვლიათ _ უკანონოდ უსმენენ ადამიანებს და ეს უნდა დასრულდეს. რასაც „ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლამდე ებრძოდა, თავადაც იგივე გააგრძელა და ამის მოთმენა აღარ შეიძლება. „ცხელი“ შემოდგომა გველოდება. წყალს წაუღია „ნაცმოძრაობა“ და ხალხის მოღალატე „ოცნება“, ხალხი იმსახურებს, რომ წესიერი ხელისუფლება ჰყავდეს. _ წესიერ ხელისუფლებად ვის მოიაზრებთ? არსებული პოლიტიკური სპექტრიდან ვინ შეიძლება იყოს ის, ვინც ხალხის მოსაწონ ქვეყნის მართვას შეძლებს? _ პირველ რიგში, უნდა ვისწავლოთ ხელისუფლების მართვა: არ შეასრულა დაპირება? არ აკეთებს საქმეს? _ უნდა გავუშვათ და მოვიყვანოთ ის, ვინც გააკეთებს. გადახედეთ, ახლა ვინ არის ხელისუფლებაში და პარლამენტში? ეს ის ხალხია, ვინც შევარდნაძის დროიდან მოყოლებული, ფულის შოვნის მეტი არაფერი იცის. ნამუსის ძარღვგამწყდარი პოლიტიკოსები, ყვარყვარეები, რომლებიც ოღონდ ხელისუფლებაში მოვიდნენ, ყველას ემლიქვნელებიან. ეს ხორცმეტები თუ არ მოვიცილეთ, სიკეთე არ გველოდება. ეს ხალხი უნდა ვაიძულოთ, მშვიდობიანად წავიდნენ და მათ ადგილებზე მოვიდეს ახალი თაობა _ სუფთა, სამართლიანი, საქმიანი და შეუპოვარი. გვაქვს გასუსულების კონკრეტული სიები, რომელსაც საზოგადოებას ეტაპობრივად წარვუდგენთ. სექტემბრამდე დიდი დრო არ რჩება. ამ კამპანიაში ჩავრთავთ მხოლოდ არგასუსულებს, ვერგასუსულებს და გაუსუსავებს!  

                                                                                                  ნელი ვარდიაშვილი

 

გაზიარება