QronikaPlus
ზაზა მეხრიშვილი: „ხაშურში ვალერი გელაშვილია კანონიც და სამართალი!“

ზაზა მეხრიშვილი: „ხაშურში ვალერი გელაშვილია კანონიც და სამართალი!“

2015-08-08 05:37:20

არასამთავრობო ორგანიზაცია „დამოუკიდებლობა და ევროინტეგრაციის“ წარმომადგენელი ხაშურში,  ზაზა მეხრიშვილი, „ქრონიკა+“-თან რაიონში საკადრო გადაადგილებებზე საუბრობს, რაც ხაშურის დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ნება-სურვილით ხდება: _ ხაშურის რაიონის საკრებულოში ალასანიას პარტიის წევრი, გიორგი ცხადიაშვილი, თავმჯდომარის მოადგილე იყო. დაახლოებით ორი კვირის წინათ იგი თანამდებობიდან გაუშვეს. საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა შუბითიძემ მისი წასვლა იმით დაასაბუთა, რომ ჩვენი გუნდის წევრი არ ხარ, ჩვენ კი ერთ გუნდად უნდა ვიმუშაოთო. ასე რომ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეობიდან რიგით დეპუტატად ჩამოაქვეითეს. საინტერესო ის არის, რომ ცხადიაშვილი უკვე მეორედ ჩაანაცვლეს. პირველად საპარლამენტო არჩევნებზე იყო დეპუტატობის კანდიდატი „ოცნების“ ბლოკიდან, მაგრამ მაშინ ვალერი გელაშვილი მოვიდა და ჩახსნა. მერე ალასანიას გაჰყვა ზუგდიდში და არჩევნებში მონაწილეობა აღარ მიუღია. მოკლედ, თავისი ხალხიანად ჩაანაცვლა მაშინ ვალერი გელაშვილმა და ახლაც მეორედ ჩაანაცვლა ისევ გელაშვილმა. რომ ვთქვა, გიორგი ცხადიაშვილმა ბევრი გააკეთა ხაშურისთვის და მისი წასვლით რამე გაფუჭდა-მეთქი, მაინცდამაინც ასე არ არის, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, არც არაფერს აფუჭებდა, თავისთვის იყო... _ ზაზა, თქვენ თქვით, რომ მეორედაც გელაშვილის ხალხმა ჩაანაცვლაო, ანუ რაიონის დეპუტატის კადრმა დაიკავა მისი თანამდებობა? _ ახლა საუბრობენ, თუ ვინ უნდა დაინიშნოს მოადგილის თანამდებობაზე. ამბობენ, რომ ეს იქნება ვალერი გელაშვილის უახლოესი გარემოცვიდან ირინა გელაშვილი. სხვათა შორის, ადრე წერდით ამ ადამიანზე ყალბ დიპლომებთან დაკავშირებით. ვალერი გელაშვილმა პირველად რომ ჩაანაცვლა ცხადიაშვილი, ირინა შტაბის უფროსი იყო. საქმიანი ქალია და მართლა ბევრი იბრძოლა, რომ გელაშვილს გაემარჯვა. ენერგიული ქალი ყველაფერს აკეთებდა მიზნის მისაღწევად და კიდევაც გააკეთა. დაუფასდა _ ერთი პერიოდი გამგებლის მოადგილედ იმუშავა, მერე როცა ნახა, რომ მოადგილეობა არ იყო მისი საქმე, საკრებულოში კენჭი იყარა და ახლა ჩვეულებრივი დეპუტატია. _ გამგებლის მოადგილეობა რატომ არ იყო მისი საქმე? _ გამგებლის კარნახით აკეთებდა ყველაფერს, მას კი დამოუკიდებელი თამაში სურდა. დღესაც უნდა, მაგრამ არც ვალერი გელაშვილი მისცემს მაგის საშუალებას. მერე ის ხმებიც აგორდა, რომ ყალბი დიპლომი ჰქონდა, რაღაც საქმეებიც აღიძრა მის წინააღმდეგ, ყოველ შემთხვევაში, ვიცი, რომ გამოძიება დაიწყო და დიპლომიც გადაუმოწმეს. თუმცა რით დამთავრდა ეს ყველაფერი, არ ვიცი. მოკლედ, ცხადიაშვილის თანამდებობას სწორედ ამ ქალისთვის ინახავენ. სხვა კანდიდატურებიც იქნება, მაგრამ ძირითადი კანდიდატი მაინც ირინა გელაშვილი გახლავთ. გუშინ საკრებულოში ვიყავი და ამ ქალბატონს შევხვდი. ვისაუბრეთ და ვუთხარი, _ გავიგე, თანამდებობაზე გნიშნავენ, რაც, ალბათ, თქვენი სურვილიც არის-მეთქი. მითხრა, _ სურვილი მაქვს, რაც უფრო წინ წავალ, უკეთესიაო. მე ვკითხე, _ ხალხი რომ თქვენი და ვალერი გელაშვილის წინააღმდეგია, ეს ამბავი თუ იცით-მეთქი? და რა მიპასუხა, იცით? _ ხალხმა ჩვენ აგვირჩია და გამორიცხულია, ჩვენი წინააღმდეგი იყოსო. შევთავაზე, _ მაშინ გავიდეთ ქუჩაში, ათი კაცი გავაჩეროთ და ამ ათიდან ორიც თუ იტყვის, რომ თქვენ მისაღები ხართ ხაშურის რაიონში, გავჩუმდები და ხმას არ ამოვიღებ, მაგრამ არ ხართ ხალხისთვის მისაღები-მეთქი. თქვენს გუნდს ლანძღავენ და აგინებენ, იმიტომ რომ ვალერისთან ასოცირდებით და ვალერი ხალხს ძალიანაც რომ არ უყვარს ხაშურში, ამის თაობაზე გაგონილი გექნებათ-მეთქი. _ რა გიპასუხათ? _ ამიყვირდა, დამიყვირდა, _ შენ მოგზავნილი ხარო, გინდა, რომ უარყოფითი განწყობა ამიგორო საკრებულოშიო! ვუპასუხე, _ მე რა შუაში ვარ, ხალხს არ უნდიხართ, სკამებსა და თანამდებობებს რომ ებღაუჭებით, ეგრე არ არის, როგორც აგირჩიათ ხალხმა, ისევე გაგიშვებენ-მეთქი! მართლა არავის უნდა ეს გუნდი ხაშურში. აქაურების საკეთილდღეოდ არაფერი გაუკეთებიათ და იმიტომ. _ პოლიტიკურად რას ნიშნავს ვალერი გელაშვილის პირადი კადრის დანიშვნა ამ თანამდებობაზე? _ როგორც იქნა, ბოლო პერიოდში, ძლივს ჩამოაცილეს ყველაფერს ვალერი გელაშვილი და ახლა მეორედ მოდის. ჩემთვის შეიძლება სულაც არ იყოს მისაღები ის გუნდი და არ მომწონდეს, რომელიც დღეს ხაშურის ხელისუფლებაშია, მაგრამ უარესი იქნება, ისევ გელაშვილის კლანი რომ მოვიდეს. არადა, მუშაობა მიდის, რომ ისევ ვალერი გელაშვილმა გაიძლიეროს ფესვები და საკუთარი ხალხით ამოავსოს თანამდებობები. _ ხაშურის გამგებელს კარი აუჭედესო, იქ რა მოხდა? _ ხაშურის გამგებელს კი არ აუჭედეს, სოფელი ფლევია რაიონში, იქ ხალხს წყალი არ აქვს და უწყლობით კვდება, იქაურ გამგებელს აუჭედეს კარი. ალბათ, ახლა გაუყვანენ წყალს, მაგრამ აქამდე არ უნდა მიეყვანათ საქმე და ტვინი გაენძრიათ. თავის დროზე, არჩევნები რომ მოეგო, ვალერი გელაშვილი დადიოდა მაგ სოფლებში და ხალხს ჰპირდებოდა, ყველაფერს გაგიკეთებთო, მაგრამ როცა გაიმარჯვა, აღარაფერი გაუკეთებია. ახლა კი თანხა გამოიყო, მაგრამ ვადები აქვს, ტენდერებია ჩასატარებელი და საკმაო დრო დასჭირდება იქ წყლის გაყვანას. _ ცნობილია, რომ ვალერი გელაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე, ვაჟა შუბითიძე, დაპირისპირებულები არიან. რაღაში აწყობდა თავმჯდომარეს თავისი მოადგილის გელაშვილის კადრით ჩანაცვლება? _ ცხადიაშვილი იყო ალასანიას კადრი. რომ დააკვირდეთ, მთელ საქართველოში რა საკადრო პროცესები მიმდინარეობს, დაინახავთ, რომ რესპუბლიკური პარტია სწრაფად მოდის წინ. სახელმწიფო ნებაა ასეთი და შუბითიძემ რა უნდა ქნას? ვერ ხვდებიან, რომ ამას კარგი არაფერი მოაქვს. კიდევ ერთხელ ვამბობ: ის გუნდი, რომელიც დღეს მართავს ხაშურს, შეიძლება არ მომწონდეს, მაგრამ ამათი გაძლიერება უარესი იქნება. ვალერი გელაშვილმა დღეიდან უნდა დაიწყოს კლუბის დანგრევა და ახლის აშენება. ეს თავისთავად კარგია, მაგრამ სასტუმროს რომ აშენებს, ამაზე კი რაღა მოგახსენოთ. _ რა ხდება? _ ახლა ვნახე სასტუმროს პროექტი. გარე კედელი ყრუა. ქალაქის ცენტრში ასეთი ფასადი არ უნდა კეთდებოდეს. ან ვინ მიიღო ასეთი პროექტი, არ ვიცი?! ხომ შეიძლებოდა, ნორმალური და ლამაზი ყოფილიყო ფასადი? ეტყობა, ფული ვერ გაიმეტა კარგ პროექტში! როგორი ძუნწია ეს კაცი, ხომ იცით? შენობა უნდა ეხამებოდეს ქალაქის იერსახეს. გავგიჟდი, რომ დავინახე, ცარიელი კედელია და მეტი არაფერი. ეს ისევ ადგილობრივი ხელისუფლების ბრალია, ხმას რომ არ იღებს არაფერზე. _ ხაშურის გამგეობაში დავრეკე და მითხრეს, რომ გელაშვილთან კარგი ურთიერთობა გვაქვსო. ალბათ, ამიტომაც არ იღებენ ხმას. _ რა კარგი ურთიერთობა?! ხალხის დასანახავად თუ ეუბნებიან გამარჯობას ერთმანეთს. აქვე ისიც მინდა დავამატო, რომ არავინ თქვას, ჩასაფრებულის პოზიციიდან საუბრობსო, სამი მილიონი რომ იყო გადმორიცხული სხვადასხვა პროექტისთვის, ესენი მართლა ყველა შეასრულეს და თანხა აითვისეს. დაუნახავი უნდა იყო, რომ პოზიტივზეც არ ისაუბრო. მოკლედ, რაღაცები გაკეთდა. მე მადლობაც კი ვუთხარი ადგილობრივ ხელისუფლებას ამის თაობაზე. რაც შეეხება ვალერი გელაშვილის მშენებლობებს ხაშურში, ყველანაირი უსაფრთხოების ზომები დარღვეულია. ქუჩაში ცვივა ნაგავი და ვინმემ ახლოს რომ გაიაროს, აუცილებლად დაზარალდება. ზედამხედველობის სამსახური არ მიდის, ვალერის რომ არ აწყენინოს. აქ ხომ ყველაფერი ახლობლობით ხდება! სხვა რომ აშენებდეს, ტყავს გააძრობდნენ ჯარიმებით. კანონი მარტო სხვებისთვის კანონობს, ვალერი გელაშვილი კი მეფე მზესავით თვითონ არის ხაშურის კანონი.  

                                                                                                                 დავით დევიძე

 

გაზიარება