3 აგვისტოს, შუაღამეს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯგალის ამბულატორია დაიწვა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო და სამაშველო ბრიგადები, თუმცა ამბულატორიის შენობა, სამედიცინო აღჭურვილობასთან ერთად, მთლიანად განადგურდა. სამართალდამცველ ორგანოებს ამ დრომდე არ გამოუქვეყნებიათ ინფორმაცია ხანძრის გაჩენის მიზეზებზე, მიმდინარეობს მოკვლევა.
3 აგვისტო სწორედ ის დღეა, როდესაც წელიწადნახევრიანი დევნილობის შემდეგ ამბულატორიის მთავარი ექიმი, მანანა მებონია, სამსახურში უნდა დაბრუნებულიყო და თავისი პროფესიული მოვალეობა ამ შენობიდან გაეგრძელებინა.
რა ეჭვი გაჩნდა საზოგადოებაში ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე? რა კავშირშია მთავარი ექიმის ამბულატორიაში დაბრუნება „ქრონიკა+“-თან? რატომ ეძებს სამართალს მებონიების ოჯახი, პოლიციის ნაცვლად, „ქრონიკა+“-ში?
ამ საკითხებზე „ქრონიკა+“-ს მებონიების ადვოკატი, ლედი ტუკვაძე ესაუბრა:
_ პირველად, როდესაც თქვენს გაზეთში მასალა გამოქვეყნდა სოფელ ჯგალში მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით, რომელმაც სამი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, იცით, რომ სასამართლოს მიერ განთავისუფლებული კორნელი კვარაცხელია დააკავეს. მეორედ, როდესაც ამ ამბავზე კიდევ დაიწერა თქვენს გაზეთში, სადაც აღნიშნული იყო, რომ ავარიის ერთ-ერთი მონაწილის, პატიმრის მამიდას, სოფლის ამბულატორიის მთავარ ექიმს, მანანა მებონიას, არ უშვებდნენ სამსახურში და სახლიდან ასრულებდა პროფესიულ მოვალეობას, მხოლოდ თქვენს გაზეთში დაბეჭდილი ამ მასალის შემდეგ დაიწყო მოკვლევა. დიდი მადლობა ამისთვის. მანამდე მანანა მებონია წელიწადნახევარი იბრძოდა, ყველა ინსტანციაში წერდა განცხადებას. ნეტავ, იქ არც ერთი არ დაეწერა და პირდაპირ თქვენთვის მოემართა, უცებ მოხდებოდა რეაგირება! კიდევ გეუბნებით: მხოლოდ თქვენ მიერ გამოქვეყნებული მასალის შემდეგ დაიწყო გამოძიება შს სამმართველომ, დაკითხეს ხალხი და დაიწყო მოლაპარაკებები. იმის მაგივრად, რომ დამდგარიყო ამ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც ამ ქალბატონს აიძულებლდნენ და ყველა პირობას უქმნიდნენ, რომ არ შესულიყო სამსახურში და არ შეესრულებინა თავისი მისია, მათ შორის მოლაპარაკებები დაიწყო. საბოლოოდ გადაწყდა, რომ მანანა მებონია ამბულატორიაში დაბრუნდებოდა. დღეს ეს ქალბატონი უკვე უნდა შესულიყო და მუშაობა დაეწყო. რატომღაც, წუხელ, ღამის საათებში, ამბულატორიაში გაჩნდა ხანძარი, საინფორმაციო საშუალებებითაც გადაიცა, ჯგალის ამბულატორია იწვისო.
_ ეჭვობთ, რომ სწორედ ამის გამო შეგნებულად დაწვეს?
_ რატომღაც, მაინცდამაინც, დღეს დაიწვა ამბულატორია, ძალიან უცნაური დამთხვევაა! როდესაც მივედი და პოლიციის სამმართველოს უფროსს შევხვდი, ვუთხარი, _ ამდენი ხანი ეს ოჯახი დაუცველი იყო, თქვენ, რატომღაც, `ქრონიკა+~-ში გამოქვეყნებული მასალის შემდეგ დაიწყეთ მოქმედება-მეთქი. `რატომღაც~ _ ამ სიტყვას ვხმარობ იმიტომ, რომ ეს არა მარტო ჩემი აზრია, არამედ მთელი მათი ოჯახის, ნათესავებისა და საზოგადოების დიდი ნაწილის აზრია, რომ სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან რეაგირებები ხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამ ფაქტზე მასალა ქვეყნდება თქვენს გაზეთში. ამის შეუმჩნევლობა არ შეიძლება! ისე არ გამომივიდეს, ხოტბას გასხამთ, მაგრამ რეალობა ეს არის! როდესაც ეს ვთქვი, პოლიციის უფროსმა მითხრა, _ ნამდვილად არ მცალია `ქრონიკა+~-ის საკითხავად და არ ვთვლი მე ამ გაზეთს იმად, რომ ჩემი დრო დავხარჯო, მაგრამ ვკითხულობ სისხლის სამართლის კანონსო და მომიყვანა აბსურდული მაგალითები. თვითდაჯერებული სახეებით სხედან კომფორტულ კაბინეტებში, გარეთ ამდენი გაუბედურებული ადამიანია... სად არის გენერალური ინსპექცია, რატომ ჰყავთ ასეთი არაპროფესიონალი კადრები, არ მესმის! კიდევ ერთხელ ვამბობ, რატომ არ მოქმედებს სისხლის სამართლის კანონმდებლობა სამეგრელოს პოლიციის სამმართველოებში?! რაც სამეგრელოში ვნახე, ასეთი სიტუაცია არც ერთ რეგიონში არ მინახავს! ასეთი ცინიზმი, ასეთი დამოკიდებულება, ადვოკატს ასე მელაპარაკებიან და ხომ წარმოგიდგენიათ, რას უზამენ რიგით მოქალაქეებს?! ვინ აძლევს ამ ადამიანებს სიცოცხლისა და უსაფრთხოების გარანტიას?! ეს ხანძარი ძალიან უცნაური დამთხვევაა, ჩემი ინფორმაციით, დღეს ჯგალში ხალხი იკრიბება. რამდენიმე დღის წინათ, ძირითადად, ახალგაზრდები შეიკრიბნენ ეკა ბესელიას ოფისთან ლოზუნგით: ჩვენ არ გვყავს გავლენიანი ნათესავები! და ითხოვდნენ მასთან შეხვედრას. დღესაც ჯგალის მოსახლეობა ამას ითხოვს! სამართალდამცველები გამოვიდნენ იმ კომფორტული ოთახებიდან, „კანონიერი ქურდის“ სახლშია გახსნილი პოლიციის განყოფილება და იცით, როგორი განცდა გამიჩნდა? პოლიციელებს არ ველაპარაკებოდი, ისეთი შეურაცხყოფილი გამოვედი! დღეს, XXI საუკუნეში, ადამიანს არ ეძლევა უფლება, რომ შენობაში შევიდეს და თავისი პროფესიული საქმიანობა შეასრულოს. დაიწვა სახელმწიფო ამბულატორიის შენობა, გამოიძიებენ კი ობიექტურად ამ საქმეს? ძალიან დიდი ეჭვი მეპარება! ვინ დგას ამ ყველაფრის უკან?! სად არიან ქალთა უფლებების დამცველები, „ფეშენ ვიკებს“ რომ აწყობენ, ამ ქალის ბედ-იღბლით არავინ უნდა დაინტერესდეს?! ეს პატარა სითავხედე ხომ არ არის, ახლა გამოვიდა მწყობრიდან ელექტრომოწყობილობები?! თუმცა ამ საქმეზე ჯერ ექსპერტიზის დასკვნა არ დადებულა, ან იქნება კი ობიექტური ექსპერტიზის დასკვნა?! დღეს რომ ეს გაბედეს, მერე ხომ ყველაფერს გაბედავს ადამიანი?! რა ხდება, ხალხო, ეს?! ახლა თქვენ აგვისტოში გახვალთ შვებულებაში და მერე რაღას ვიზამთ?! ამ ოჯახისა და ახლობლების პოზიციაა, სანამ „ქრონიკა+“ გამოვა და მათი გასაჭირის შესახებ დაწერს, არა უშავთ, თუ არადა, მათი საქმე წასულია! გამაგებინეთ, რატომ უნდა ვეძებდეთ სამართალს თქვენთან?! რატომ არ უნდა ვეძებდეთ იმ სახელმწიფო უწყებებში, რომლებიც ჩვენი ჯიბიდან ფინანსდებიან?! გამაგებინეთ, რა ხდება?! ასეთი სასწაული არ მინახავს, უკრძალავდე ადამიანს ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას და ეს ყველაფერი აგერ ხდება, წალენჯიხაში! მერე რა ტონით მელაპარაკება პოლიციის უფროსის მოადგილე, ვინმე ლევანი და მასწავლის კანონსა და სამართალს! რომ ვეუბნები, ამ საქმეზე საზოგადოების მაღალი ინტერესია-მეთქი, მპასუხობს, _ არ ვკითხულობ „ქრონიკა+“-სო. ღმერთმა დაიფაროს „ქრონიკა+“ ასეთი რესპონდენტებისგან და მკითხველისგან, მაგრამ სისხლის სამართლის კანონში ძალიან ნაკითხია, აშკარაა! ძალიან! აღშფოთებული ვარ, ბოლომდე მაქსიმალურად ვიბრძოლებ და ყველაფერს გავაკეთებ, რომ სამართალი ვიპოვოთ! ეს ადამიანები თუ არ აკეთებენ საქმეს, წავიდნენ სახლში! გამოვიდნენ იმ ფეშენებელური ოთახებიდან! თუ იგივე სამართალია, ვის სახლებშიც ახლა წალენჯიხის პოლიციაა განთავსებული, იგივე სამართლით უნდათ საქმეები აწარმოონ?! ვიმეორებ: წალენჯიხის შს რაიონული სამმართველო „კანონიერი ქურდის“ სახლშია განთავსებული და რომ ვესაუბრებოდი, ზუსტად ისეთი განწყობა გამიჩნდა, რომ სწორედ, ქურდებს ვესაუბრებოდი! როგორც მოქალაქეს არ გამიჩნდა იმის განცდა, რომ პოლიციის შენობაში ვიყავი და იქ პოლიციელები ისხდნენ! სხედან თვითდაჯერებული სახეებით, ეს ატირებული-დამხობილი მებონიები, პატიმარი ათწელმისჯილი, ღმერთმა იცის, ჩაიდინა თუ არა ეს დანაშაული, ოჯახი გაუბედურებულია და თურმე პოლიცია იქ კითხულობს სისხლის სამართლის კოდექსს და არ სცალიათ ჟურნალ-გაზეთებისა და პრესის საკითხავად!
„ქრონიკა+“ კომენტარისთვის შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა. მათი თქმით, სოფელ ჯგალში დამწვარ ამბულატორიასთან დაკავშირებით უკვე დაწყებულია გამოძიება 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
თამარ ბატიაშვილი