სამწუხაროა, მაგრამ ბოლო დროის საქართველოში რუსეთის გავლენები სულ უფრო იზრდება. მცოცავი ანექსია მხოლოდ საზღვრის გადმოწევა არ არის და რამდენიც არ უნდა იყვირონ საპირისპირო, ფაქტია, რუსეთი ნელ-ნელა იმტკიცებს თავის პოზიციებს ჩვენს ქვეყანაში. მისი ახალი, ე. წ. რბილი ძალის სტრატეგია ამართლებს. ხანდახან კი, რომ არ დაგვავიწყდეს, თუ ვისთან გვაქს საქმე, აღარც უხეში ძალის დემონსტრირებას ერიდება: საზღვრის მავთულხლართებით გამიჯვნა, სასაზღვრო ნიშნების ტერიტორიის სიღრმეში გადმოწევა, მოსაზღვრე სოფლებიდან ადამიანების გატაცება, ეს ყველაფერი ამ პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია.
და მაინც, ძნელია შედარება, მაგრამ მცოცავი ანექსიის ყველაზე სახიფათო ფორმა გახლავთ ქვეყნის სტრატეგიულ ეკონომიკურ დარგებზე: ენერგეტიკაზე, ნავსადგურებზე და მაგისტრალებზე კონტროლის დამყარების მცდელობა. ჯერ არც კი განელებულა პუტინის პირდაპირი ეკონომიკური იარაღის, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი რუსული სახელმწიფო კომპანიის, „როსნეფტის“ მიერ ფოთის ნავთობტერმინალის 49 პროცენტის უკანონოდ და საიდუმლოდ შესყიდვის სკანდალი და „როსნეფტი“ ახალ თავსატეხს უჩენს საქართველოს მთავრობას. იგი დაჟინებით მოუწოდებს აფხაზეთის სეპარატისტულ ხელისუფლებას, რომ დროზე უზრუნველყოს შავი ზღვის შელფზე გეოლოგიურ-დაზვერვითი სამუშაოების განახლება. ქართულ მხარეს კი ისეთი პოზიცია უჭირავს, თითქოს არც არაფერი ხდება.
რატომ არის საქართველოს მთავრობა სირაქლემის პოზაში და რატომ არ რეაგირებს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევებზე? `ქრონიკა+~ სწორედ ამ და სხვა საკითხებზე ესაუბრება საქართველოს ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარეს, ბატონ რომან გოცირიძეს.
_ ბატონო რომან, „როსნეფტმა“ ოფიციალური წერილით მიმართა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას, რომ მზად არის, აფხაზეთის ტერიტორიაზე მის მიერ წარმოებული პროექტები შეაჩეროს, ვიდრე არ მიიღებს ხელახალ ნებართვას აფხაზეთის ტერიტორიაზე ნავთობის დაზვერვასა და მოპოვებაზე. რას უნდა ნიშნავდეს ეს და რომელ ახალ ლიცენზიაზეა საუბარი?
_ ჯერ ერთი, ეს დოკუმენტი იმით არის საინტერესო, რომ იგი აღიარებს საქართველოს მთავრობის ნებართვის გარეშე აფხაზეთის ტერიტორიაზე ეკონომიკურ საქმიანობას, თანაც ისეთ სფეროში, რომელიც აუცილებელ ნებართვას საჭიროებს. ეს არის თვითლუსტრაცია, პირდაპირი იურიდიული მტკიცებულება იმისა, რომ კომპანია არღვევს საქართველოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.
_ ცხადია, „როსნეფტს“ სულაც არ ადარდებს საქართველოს კანონმდებლობა და როცა უნდა, მაშინ დაარღვევს მას. მაინც, რა სფეროში საქმიანობს „როსნეფტი“ აფხაზეთში?
_ დღეისთვის კომპანია რამდენიმე პროექტს ახორციელებს ბიზნესის განვითარების კუთხით, მათ შორის არის ნავთობპროდუქტებით მომარაგების ქსელის გაფართოება, სოციალური და კულტურული დანიშნულების ობიექტების მშენებლობა, ასევე შავი ზღვის შელფზე გეოლოგიურ-საძიებო სამუშაოები. რაც შეეხება თქვენი კითხვის პირველ ნაწილს, ცხადია, „როსნეფტი“ არად დაგიდევს კანონმდებლობას, მაგრამ აქ საქართველოს ხელისუფლების სიჩუმეა საინტერესო, რომელიც ისე იქცევა, თითქოს არაფერი ხდება. ამიტომ ვახსენე წეღან ხელისუფლების მიერ მიღებული სირაქლემის პოზა.
_ როგორც თავად ამბობენ, ყველა ეს პროექტი უშუალოდ პუტინის მხარდაჭერილია.
_ დიახ, ეს ასეა და ადვილი მისახვედრია, რომ ფოთის ნავმისადგომის შეძენაც უშუალოდ პუტინის მითითებით თუ არა, მასთან კონსულტაციების გარეშე ვერ მოხდებოდა. სწორედ ესაა მცოცავი ანექსიის ნაირსახეობა. მცოცავი ანექსია მხოლოდ საზღვრის გადმოცოცებით არ გამოიხატება. ეს გახლავთ, აგრეთვე, რადიოსადგურ „სპუტნიკის“ ჩვენს სივრცეში მაუწყებლობაც, სხვა მედიასაშუალებების დაფინანსებაც, ხუბუტია-ხომერიკის მსგავსი გამყიდველების საქართველოში მოძლიერებაც, პრორუსული პარტიებისა და არასამთავრობოების საინფორმაციო და ფინანსური მხარდაჭერაც, ხელოვნების სფეროში მომუშავე ლეფსისა და კრიმინალური ცნობიერების მედროვის, სოსო პავლიაშვილისნაირების გააქტიურება, ჩვენი უპრინციპო მომღერალ-მოცეკვავეების მოთაფვლაც და უამრავი სხვა. შუფუტინსკის, რომელიც, მგონი, ამერიკის მოქალაქეა, ბათუმში პუტინი ამღერებსო, არავინ ამბობს, მაგრამ როცა ასეთი „ბლატნოი“ იდეოლოგიისა და ქურდული მოტივების მომღერალი მოთხოვნადი ხდება, ესაა დამაფიქრებელი.
ქართული წარმოშობის თითქმის ყველა პოლიტიკურად აქტიური რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი თუ ხელისუფლებასთან დაახლოებული კულტურის მუშაკი რუსეთის გავლენის აგენტია. რუსეთის ინტერესების საქართველოში გატარებისთვის უქმნიან მათ სასათბურე პირობებს, ხელს უწყობენ ბიზნესში, აჩენენ რუსულ ტელესივრცეში. საქართველო მათთვის მხოლოდ ბიზნესია, კარიერის გაკეთების, ფულის შოვნის შესაძლებლობა, რუსეთის ხელისუფლებისადმი ერთგულების დემონსტრირების სანაცვლოდ.
საქართველოს ხელისუფლება კი დამნაშავეა, რომ ისეთი კლიმატი შექმნა, რომელმაც რუსული ზეგავლენა გააძლიერა საქართველოში. ეს მისი პოლიტიკური გაორებულობისა და ხელისუფლებაში ძველი ნომენკლატურის მომძლავრების ბრალია. უკვე ასაკში შესული „შევარდნაძის ახალგაზრდობა“ დაუბრუნდა ასპარეზს. მოკლედ, როგორც ერთ ძალიან კარგ სოციალურ კლიპში მღერიან: „გაიზარდნენ გოჭები“...
_ კვლავ „როსნეფტის“ თემას რომ დავუბრუნდეთ: სად ხედავთ აქ საქართველოს მთავრობის შეცდომას? რატომ არ იცავს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ?
_ „როსნეფტი“ დასცინის საქართველოს მთავრობას, ფეხქვეშ თელავს ჩვენს კანონმდებლობასა და სუვერენიტეტს. იგი, როგორც ზემოთ ნახსენები მიმართვიდან ჩანს, სეპარატისტული აფხაზეთის მთავრობას აშანტაჟებს და მოითხოვს შავი ზღვის შელფში გეოლოგიური საძიებო სამუშაოების გაგრძელების უფლებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ითხოვს დანახარჯების კომპენსირებას. ამასთან, აღიარებს აფხაზეთის სრულ იურისდიქციას ამ სიმდიდრეზე. იმედოვნებს, რომ დროულად გააგრძელებს დაწყებულ სამუშაოებს და ახალი ჭაბურღილის ბურღვას შეუდგება.
ვის ახსოვს აქ საქართველო?! _ არავის! როგორც შერჩათ ფოთის ნავთობტერმინალის კანონდარღვევით შესყიდვა, იმედი აქვთ, რომ ამ დამცირებასაც ავიტანთ როგორმე.
სამივე მინისტრმა, კვირიკაშვილის მეთაურობით, უნდა აგოს პასუხი საზოგადოების მოტყუებისთვის, თითქოს შერეული კომისია სწავლობს ფოთის ნავმისადგომის პრივატიზების კანონიერების საკითხს. თავიდანვე ვამბობდით, რომ ეს იყო მხოლოდ ფანდი ჩვენი ყურადღების მოსადუნებლად.
აფხაზეთის მთავრობა უფრო უფრთხილდება შავი ზღვის სანაპიროს სიმდიდრეს და ბუნებას, გამოაცხადა რა მორატორიმი 2045 წლამდე მსგავს სამუშაოებზე, ვიდრე ჩვენი უსუსური ხელისუფლება. სწორედ ამ მორატორიუმის ქვეშ მოექცა „როსნეფტის“ ნავთობისა და გაზის საძიებო სამუშაოები.
აფხაზები ხედავენ, რომ აქედან მთელ შემოსავალს „როსნეფტი“ წაიღებს, შავი ზღვის სანაპირო კი გამოუსწორებლად დაზიანდება. აფხაზები მცირერიცხოვანი ერია. მათი მომავალი აგრარული სფერო, ტურიზმი და მომსახურების ბიზნესია. დიდი ინდუსტრიული პროექტები და ზღვის სანაპირო ზოლის გაყიდვა მკვეთრ დემოგრაფიულ ცვლილებებს გამოიწვევს, გარემოს გაანადგურებს. სწორედ ამან განაპირობა მათი ხელისუფლების მიერ ასეთი რადიკალური გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც ასე გააღიზიანა `როსნეფტი~, ანუ იგივე რუსეთი.
ჩვენს ხელისუფლებას იმის გაბედულებაც კი არ ჰყოფნის, რომ ფოთის ტერმინალის ფარულად ხელში ჩაგდებაც კი გააპროტესტოს.
_ არსებობს ერთი დამაფიქრებელი გარემოებაც: გასულ კვირას ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთს სანქციები გაუმკაცრა. ამაში მოყვა „როსნეფტის“ აბსოლუტურად ყველა სტრუქტურა. ხომ არ ემუქრება ამით რამე ფოთის ტერმინალს, რომელსაც არა მარტო ჩვენთვის აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა, რამედ სხვა ქვეყნებისთვისაც, იგივე სომხეთისთვის?
_ დიახ, დიახ, ეს ასეა. ამერიკამ რუსეთს მართლაც გაუმკაცრა სანქციები სულ ახლახან. მასში მოყვა „როსნეფტი“ და მისი ყველა შვილობილი კომპანია. ისევ ვიმეორებ: სად არის კვირიკაშვილის დაპირებული დასკვნა, რომელიც სამი სამინისტროს ერთობლივ კომისიას უნდა გაკეთებინა და რომელსაც უნდა შეესწავლა „როსნეფტის“ მიერ ფოთის ტერმინალის შეძენის კანონიერება? არადა, ამას რა შესწავლა უნდა, როცა ეს რუსული კომპანია აშკარად არღვევს საქართველოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ? სამ თვეში იქნებაო დასკვნა. არადა, ნახევარ წელიწადზე მეტი გავიდა. ისედაც ნათელი იყო, რომ იტყუებოდნენ. ვინმემ ხომ უნდა აგოს, თუნდაც, სიცრუის გამო პასუხი?!
შეიძლება ფოთს ის შველის, რომ ჯერჯერობით, მხოლოდ 49 პროცენტია რუსული კომპანიის საკუთრება. თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ სანქციები მასზეც გავრცელდეს. ეს არ ნიშნავს რამე ფიზიკურ შეზღუდვებს მის საქმიანობაში. „როსნეფტს“ და მის კომპანიებს აეკრძალათ წვდომა ამერიკის ფინანსურ რესურსებზე. როგორც წესი, ანალოგიურ სანქციებს მიმართავს შემდეგ ხოლმე კანადა და ევროკავშირი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ფოთის ტერმინალს ისეთი მესაკუთრე ჰყავს, რომელსაც დიდი ფინანსური პრობლემები გაუჩნდება და მათთვის ეკონომიკურად ასეთი პატარა სტრუქტურის (თუმცა პოლიტიკურად მნიშვნელოვანი) განვითარების არც სურვილი ექნებათ და არც რესურსი. უშუალოდ ფოთის ტერმინალსაც შეიძლება შეეზღუდოს წვდომა დასავლურ კრედიტებზე. თუ უკრაინაში მოვლენების ესკალაცია მოხდა, არავინ შეხედავს, 49 პროცენტი გაქვს თუ მეტი. მით უმეტეს, ცნობილია, რომ სწორედ ასეთი შვილობილი კომპანიების მეშვეობით ახერხებდა ზოგიერთი რუსული კომპანია სანქციებისთვის გვერდის ავლას, ანუ არასაკონტროლო წილის მანიპულაციით.
_ რატომ არ იყიდა „როსნეფტმა“ საკონტროლო პაკეტი? სიძვირის გამო? თუნდაც ასე რომ იყოს, მათ ეს არ გაუჭირდებოდათ. იქნებ, სწორედ მოსალოდნელი სანქციების გამო?
_ შეიძლება ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყოს, მაგრამ არა მთავარი. დარწმუნებული ვარ, ხელშეკრულებაში იქნება ჩადებული მუხლი უპირატესი გამოსყიდვის შესახებ, თანაც მაშინ, როცა რუსებს მოუნდებათ. აქ უფრო მეორე ფაქტორია მნიშვნელოვანი _ საქართველოს ხელისუფლებისა და საზოგადოების რეაქცია. საკონტროლო საკუთრებაში ყოფნას სხვა დატვირთვა აქვს. შეიძლება ფიქრობდნენ, რომ ასე უფრო დაარღვევდნენ საქართველოს კანონს ოკუპაციის შესახებ, ან ნაკლებ ხმაურს გამოიწვევდა ტერმინალის რუსეთის არასრულ კონტროლქვეშ ყოფნა. ანუ მათთვის ორი პროცენტი ფინანსურად წვრილმანია. ეს უფრო ფსიქო-პოლიტიკურ-სამართლებრივად იყო გავლილი.
_ ხომ შეეძლო ჩვენს მთავრობას, გაეუქმებინა ეს გარიგება?
_ არათუ გარიგების გაუქმება, არამედ სანქციების დაწესებაც შეუძლია საქართველოს მთავრობას „როსნეფტისთვის“, როგორც აფხაზეთში უკანონოდ მოქმედი სუბიექტისთვის; ანუ „როსნეფტი“, ჩვენი კანონით, შავ სიაშია.
ასეთივე კანონი მიიღო უკრაინამ და, წარმოიდგინეთ, რას იზამდა, ოდესის პორტი რომ ეყიდა?! დღეს ამბობენ, რომ მთავრობამ არ იცოდა ამ გარიგების შესახებ. არ მჯერა, რომ ვინმე კულუარულად მაინც არ ყოფილიყო საქმის კურსში. თუ ასეა, რუსეთმა სწორად გათვალა, ფეხებზე დაიკიდა ქვეყანა, რადგან დარწმუნებული იყო საქართველოს ხელისუფლების რეაქციაში. მთავრობის მოვალეობაა, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედოს. არ გამოვა ხელების დაბანა. ფოთის ნავთობტერმინალის გაკონტროლება ზეწოლის იარაღი იქნება აზერბაიჯანისა და შუა აზიის ქვეყნებზეც, რომლებიც მას იყენებენ.
არ არის გამორიცხული, რუსეთმა ანაკლიის პორტის მშენებლობაშიც მიიღოს მონაწილეობა შენიღბულად, ვთქვათ, იგივე ჩინელებთან ერთად. სხვა მიმართულებითაც განავრცონ თავიანთი ეკონომიკური ექსპანსია. მაგალითად, რუსული გაზის მიწოდება დაიწყონ თბილისსა და რუსთავში, ყაზახების მეშვეობით ან მათი აქტივების ხელში ჩაგდებით. ბოლო წერტილი კი აფხაზეთის რკინიგზის გახსნა იქნება.
ეს ყველაფერი რუსეთის იმ დოქტრინის ნაწილია, რომელიც ენერგეტიკული იმპერიის სახელითაა ცნობილი და რომელიც ჩუბაისმა მაშინ გაახმაურა, როცა რუსი დეპუტატების კრიტიკას უპასუხა, თუ რატომ უნდა ეყიდა რუსეთის ენერგოკომპანიას „თელასი“. ეს სცენარი უკვე წარმატებით განახორციელეს სომხეთში, როგორც ეკონომიკური მოგუდვის სცენარი. ახლა საქართველოს ჯერია.
სხვათა შორის, ისიც ნიშანდობლივია, რომ საქართველოს საკაბელო ქსელში რუსეთის ზოგიერთი, მკვეთრად პოლიტიზებული და დეზინფორმაციებით ცნობილი არხები დააბრუნეს. ეს უბრალო ამბავი არ გეგონოთ: რუსული სატელევიზიო არხები უკრაინამ გათიშა, მოლდოვამაც იგივე გააკეთა, ჩვენ კი უკან ვაბრუნებთ.
ვისაც უნდა დაიდგას ინდივიდუალური თეფში და უყუროს სიცრუეს და შოვინისტურ პროპაგანდას. რატომ ვუშვებთ სოციალურ სივრცეში?!
ეს მთავრობის ბრალია! არ აქვს მნიშვნელობა, პირდაპირ თუ ირიბად.
_ ხომ არ ზღუდავს თქვენი ეს მოწოდება ინფორმაციის მიღების თავისუფლებას?
_ ცივილიზებული ქვეყნების კანონმდებლობა ითვალისწინებს ძალადობის, ფაშიზმისა და სხვა საზოგადოებისთვის დესტრუქციული იდეების პროპაგანდის აღკვეთას. არსებობს უამრავი საშუალება: ინტერნეტი თუ თეფში, რომ ამ არხებს უყურონ. ამის არჩევანს არავინ კრძალავს, ხოლო როცა მილიონიან სივრცეში თავისუფლად უშვებ ოკუპანტი ქვეყნის პროპაგანდას, არ მიმაჩნია გამართლებულად. ვიღაცების კომერციული ინტერესების გამო უნდა შევუწყოთ ხელი საზოგადოების გამოთაყვანებას? რუსული არხები „ხალხის ოპიუმია“. არ მაქვს პრეტენზია კულტურულ, სპორტულ, კინო თუ სხვა, მართლაც კარგ, ტელევიზიებზე, მაგრამ იდეოლოგიური არხები უნდა აიკრძალოს.
დავით დევიძე