QronikaPlus
რას უყვება „ქრონიკა+“-ს „მზიურის“ პროექტის ავტორი?

რას უყვება „ქრონიკა+“-ს „მზიურის“ პროექტის ავტორი?

2015-08-07 07:24:07

რა ბედი ეწევა მდინარე ვერეს და მის ხეობას, რომელიც ცოტა ხნის წინათ არნახული ტრაგედიის მიზეზი გახდა? შეისწავლიან თუ არა ამ ტრაგედიის მიზეზებს და აღმოფხვრიან თუ არა მათ, რომ სამომავლოდ იგივე აღარასოდეს განმეორდეს? აგებს თუ არა პასუხს ვინმე მომხდარზე? _ ეს ის კითხვებია, რომელიც დღეს საზოგადოებას ყველაზე უფრო აწუხებს და პასუხს ხელისუფლებისგან ითხოვს. თუმცა ვერ გამოვრიცხავთ, სასურველი პასუხის მოლოდინში ყველა იმედგაცრუებული დარჩეს. საქმე ის არის, რომ არც ტრაგედიის მიზეზების ლიკვიდაციას აპირებს ვინმე და არც _ პასუხისმგებელ პირთა დასჯას. ეგ კიდევ არაფერი, მთავარი პრობლემა ისაა, რომ თბილისის ხელისუფლება დავით ნარმანიას თავკაცობით აგრძელებს იმ დანაშაულებრივ ქმედებას, რასაც მისი წინამორბედი გიგი უგულავა აკეთებდა. არაფერი პირადული _ მაფიოზური ტერმინი რომ ვიხმარო _ ეს მხოლოდ ბიზნესია. დიახაც, თავის დროზე, ვერის `კეთილმოწყობით~ ჯერ უგულავამ გააკეთა ფული, ახლა კი ახალი მერის დროა და ნარმანია აკეთებს. ამჯერად უფრო კონკრეტულად ვისაუბროთ, თუ როგორ შეიძლება გაკეთდეს ფული ამ შემთხვევაში? ჯერჯერობით უცნობია, საბოლოოდ რა გადაწყვეტილება გაიმარჯვებს, რაზედაც ვერის ხეობის მომავალია დამოკიდებული. ერთი ვერსიით, აქ ტყე-პარკი უნდა გაშენდეს, ხოლო მეორე ვარიანტით _ მანჰეტენი. ჩვენ რისი მანჰეტენის გამკეთებლები ვართ, ყველამ კარგად იცის. ჩადგამენ, ალბათ, პოლიტიკაში ნაშოვნი ფულით სავაჭრო ცენტრებს, ივლის იქ მშიერი ხალხი და ეს იქნება ჩვენი მანჰეტენიც და ბრუკლინიც. არადა, სპეციალისტების აზრით, ყველაზე გონივრულია, თუკი აღდგება ძველი იდეა და ხორცი შეესხმება ხეობაში ტყე-პარკის გაშენების პროექტს. მიიჩნევენ, რომ ეს არანაირ პრობლემას არ შეუქმნის დედაქალაქის სატრანსპორტო მოძრაობას, ვინაიდან თბილისში ისედაც საკმარისი ტერიტორიაა ასათვისებელი ამ თვალსაზრისით. სამაგიეროდ, სასტიკი დეფიციტია და იხრჩობა მწვანე მასივების უკმარისობით. „ქრონიკა+“-ის მკითხველებთან სწორედ ამ საკითხებზე საუბრობენ საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი, ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი ოთარ ნახუცრიშვილი და „მზიურის“ პროექტის ავტორი, არქიტექტორი ირაკლი მასხარაშვილი. ოთარ ნახუცრიშვილი: _ პრობლემა ის გახლავთ, რომ, სამწუხაროდ, ამ სახიფათო და სარისკო ტერიტორიაზე, რასაც წარმოადგენს ვერის ხეობა, მაინცდამაინც გვინდა, რომ იმ ძველ და მახინჯ იდეას დავუბრუნდეთ, რომელიც წინა ხელისუფლებამ განახორციელა და რამაც საშინელი კატასტროფა მოგვიტანა. _ რას გულისხმობთ? _ თბილისი არის 40 კილომეტრის სიგრძის. ამ სიგრძეზე მაგისტრალების სიმჭიდროვე საკმარისია ტრანსპორტის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, მაგრამ ვერ ვიყენებთ ბოლომდე, _ ზოგიერთი არასათანადო ფორმაშია. თუმცა ქალაქის მთავარი პრობლემა განივი კავშირებია, რომელიც არ გვაქვს, რაც მოძრაობის პრობლემებს იწვევს. იმის მაგივრად, რომ წინა ხელისუფლებას ამ საკითხზე ეზრუნა, გმირთა მოედანი რაღაცა კვანძად გადააქცია, დამატებით კიდევ მეექვსე მიმართულება მისცა და ამით კიდევ უფრო გადატვირთა. ასეც იყო მოსალოდნელი: რაც უფრო მეტ მიმართულებას ჩართავ კვანძში, მით უფრო მეტად გადაიტვირთება და პრობლემა კი არ მოიხსნება, პირიქით _ მოიმატებს. ამიტომ ვამბობ, ჩვენ საერთოდ არ გვინდა ეს გზა, ე. წ. ჩქაროსნული მაგისტრალი. ჩვენ გვინდა განივი გზები და ეს გზა ვერის ხეობაში უნდა გაუქმდეს. _ თავიდანვე უაზრობა იყო ამ გზის გაკეთება? _ მოკლედ რომ აგიხსნათ, გმირთა მოედანი ისედაც გადატვირთულია და ამ გზით კიდევ უფრო ვტვირთავთ. ყველა ტრანსპორტს იქ მოვუყარეთ თავი და მოედნის კოლაფსი გამოვიწვიეთ. ასეთი არასწორი გადაწყვეტილებები რამდენიც გინდათ, იმდენია. მაგალითად, ვარაზის ხევი განიერი ქუჩაა და იქ ცალმხრივი მოძრაობაა, ბარნოვი ვიწრო ქუჩაა და იქ ორმხრივი მოძრაობაა. რამდენი ასეთი აბსურდია ქალაქში, ვინ ჩამოთვლის? ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ალტერნატივის გამონახვა ვერის ხეობაში გამავალ მაგისტრალთან დაკავშირებით. ეს გზა რომ გაუქმდეს, ქალაქს არაფერი დააკლდება, სამაგიეროდ შეემატება ფილტვების სახით უზარმაზარი მწვანე მასივი. ვერის მაგისტრალის ალტერნატივა უნდა იყოს მისი პარალელური _ ფართო საბურთალოს ქუჩა, სადაც განივი კავშირების გაკეთებაც არის შესაძლებელი, რაც საბურთალოს ქუჩასა და ჭავჭავაძეს დააკავშირებს და ბევრ დღეს არსებულ პრობლემას მოხსნის.   ირაკლი მასხარაშვილი: _ ჯერ წინა ხელისუფლების განხორციელებული გადაწყვეტილებები უნდა შეფასდეს. _ თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც მოხდა? _ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ვერის ხეობაზე უნდა გაყვანილიყო თითქმის ოთხკილომეტრიანი ჩქაროსნული მაგისტრალი, კატეგორიულად ბარბაროსული და მიზანშეუწონელი გახლდათ. ამის შეფასებაა საჭირო და როცა შევაფასებთ, დავინახავთ, რომ ეს გადაწყვეტილება არის მიღებული იმპერატიულად, ყოველგვარი წინასწარი შესწავლის გარეშე. ქალაქის სატრანსპორტო სისტემა მთლიანი ცოცხალი ორგანიზმია თავისი სისხლძარღვებით და ამის შესწავლაც საჭიროა. დღეს, ზოგადად, ქალაქის სატრანსპორტო სქემა შეუსწავლელია და საერთოდ გაუანალიზებელია. დაუფიქრებლად მოიქცნენ და გმირთა მოედანი, ეს თვითკმარი ტერიტორია, რომელიც თავისი პარამეტრებით თავს ართმევდა ყველანაირად თავის ფუნქციას, ფაქტობრივად, უმოქმედო გახადეს. რაც შეეხება ვერის ხეობას, ეს გახლავთ ქალაქის საარსებო ფილტვები, რომელიც შუა ცენტრშია შემოჭრილი, რაც კი არსებობს ჩვენი დედაქალაქი. მართალია, ვერის ხეობა მოუვლელი იყო, მაგრამ ყოველთვის ჰქონდა საარსებო გარემოსთვის მნიშვნელობა. ამიტომ მისი ასეთი სახით ხელყოფა და იქ მაგისტრალის გაყვანა არ შეიძლებოდა. თავი გავანებოთ იმას, როგორი გიჟი მდინარეა თვითონ ვერე და რას იწვევს. იმ ტრაგედიისას რამე გასაოცარი მოხდა? არ ვიცოდით, რომ ყოველ 40 წელიწადში მეორდებოდა ერთი და იგივე? ამიტომ თუკი კარგად შევაფასებთ, მივიღებთ დასკვნას, რომ ის, რაც წინა ხელისუფლებამ გაუკეთა ვერის ხეობას, კატეგორიულად დაუშვებელი იყო. _ გასაგებია, რომ ეს წინა ხელისუფლების დანაშაულია და ამაზე ბევრი დაიწერა კიდეც. ახლა უფრო საინტერესოა, დღეს რა ხდება? _ კი ბატონო, ვისაუბროთ, თუ როგორ აფასებს დღევანდელი ხელისუფლება ამ მოვლენას. ამიტომაც დავიწყეთ იმით, რომ წინა ხელისუფლების საქციელი დანაშაულის ტოლფასი იყო. თუ ასეა, მაშინ უნდა გამოტანილიყო შესაბამისი დასკვნები, ანუ, უპირველეს ყოვლისა, უნდა გაუქმებულიყო სააკაშვილ-უგულავას მიერ ვერის ხეობაში გაჭრილი გზა. ხომ მეთანხმებით, რომ ლოგიკური გადაწყვეტილება იქნებოდა? დღევანდელი ხელისუფლება კი აცხადებს, რომ ეს მაგისტრალი თუ არ აღვადგინეთ, ქალაქი დაიღუპებაო. გამიგეთ? ამ გრძივ მაგისტრალზეა საუბარი. ეს, ფაქტობრივად, გახლავთ წინა ხელისუფლების პოლიტიკის გამართლება. _ კონკრეტულად რომ ვთქვათ, ნარმანია უგულავას ნამოქმედარს „აპრავებს“? _ დიახ, ნარმანია იგივე დამღუპველ პოლიტიკას აგრძელებს, რასაც უგულავა აკეთებდა და ეს არავის მოუტანს კარგს.   ოთარ ნახუცრიშვილი: _ ერთი რამე მინდა დავამატო: არ იფიქროთ, რომ ვინმეს, თავის დროზე, შეცდომა და დაუდევრობა მოუვიდა. ეს მაგისტრალი ვერის ხეობაში რატომ გაიყვანეს, იცით? მართლა ტრანსპორტი კი არ აინტერესებდათ! იქ არსებობს ნაკვეთები, სადაც ხელსაყრელი მშენებლობების წამოწყება არის შესაძლებელი. ეს გზა გაიყვანეს მხოლოდ იმიტომ, რომ მისასვლელი ყოფილიყო ამ ნაკვეთებამდე. _ ანუ ინფრასტრუქტურა შეუქმნეს მშენებლობის ავტორებს? _ დიახ! იქ გაკეთდა დიდი ფული და დღეს ესენი იგივე პოლიტიკას აგრძელებენ. არადა, ახლა იყო იმის შესაძლებლობა, რომ შეცდომა გამოგვესწორებინა. სამწუხაროდ, ასეთი პირი არ უჩანს. _ ე. ი. ამ მაგისტრალის არსებობით ქალაქს არაფერი ემატება და არარსებობითაც არც არაფერი აკლდება, უბრალოდ, ფულის საჭრელი დაზგაა ყველას ხელში? _ მიმაჩნია, რომ ეს გზა ასე გამჭოლად ვერის ხეობაში შეცდომაა და არ უნდა აღვადგინოთ. მით უმეტეს, რომ ეს ჩქაროსნული მაგისტრალი არ არის. ჩქაროსნულ მაგისტრალს სულ სხვა მოთხოვნები აქვს, ასეთი რადიუსები _ მიხვეულები _ როგორ შეიძლება მაგისტრალზე? მაგრამ ასე დაარქვეს, ვითომ ქალაქზე ზრუნავენ, თორემ აქ ისეთი დახრილობებია, მაგისტრალს რომ არ უნდა ჰქონდეს. 2-3 პროცენტზე მეტი დახრილობა არ შეიძლება, აქ კი ბევრად აღემატება. თანაც ჩქაროსნული მაგისტრალი მაშინ კეთდება, როდესაც ერთი მსხვილი რაიონის მეორე რაიონთან დაკავშირებაა საჭირო. ვთქვათ, ქალაქი დავაკავშიროთ აეროპორტს, სამრეწველო ცენტრს, თუ დასვენების ზონას, ამ შემთხვევაში კეთდება მაგისტრალი და რაღაც ოთკილომეტრიანი გზის გაკეთება უწყვეტი მოძრაობით აბსოლუტური აბსურდი და სისულელეა. ხაზს ვუსვამ: ეს გზა მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის გააკეთეს, რომ შექმნან ინფრასტრუქტურა, ნაკვეთები გაყიდონ და ააშენონ სხვადასხვა ობიექტი.   ირაკლი მასხარაშვილი: _ ცალკე საუბრის თემაა გმირთა მოედანი, რომელზედაც ხელის დაკარება არ შეიძლებოდა! მშვენიერი მოედანი, სადაც ხდებოდა მოძრაობის თვითრეგულირება და იყო ნორმალური წრიული მოძრაობა, აიტანეს სართულებზე და, ფაქტობრივად, გააუქმეს, რადგან მისი გამტარუნარიანობა ამით უფრო დაეცა, ვინაიდან ისეთი ნაკადები მოიპატიჟა, რომელსაც მანამდე საერთოდ არაფერში სჭირდებოდა გმირთა მოედანზე შემოსვლა. შედეგად მივიღეთ: ადრე თუ საათში 20 ათასი ერთეული იყო მოედნის დატვირთვა, დღეს დარწმუნებული ვარ, რომ გაორმაგებულია აქ შემოსული ტრანსპორტი. _ რატომ ქნეს ასე? _ რატომ და აქაც ფული გააკეთეს ხელის ერთი დაქნევით. ჩქაროსნული მაგისტრალი ზუსტად არის სამი კილომეტრი და ცხრაას თხმოცდათხუთმეტი მეტრი. ამის გაყვანა დაჯდა 80 მილიონი. ე. ი. კილომეტრი გზა ჯდება 20 მილიონი? მე სხვის ჯიბეში არ ვიყურები, მაგრამ ეს ჩვენი ჯიბეა და ქვეყნის ჯიბეა. სასწრაფოდ იყო მაშინ დასახარჯი ეს ფული. მილენიუმის პროგრამით სასწრაფოდ იყო ერთი მილიარდი ასათვისებელი და...  რატომაც არა? მე და ბატონი ოთარი „დომ პროექტიდან“ ვართ. მშვენივრად ვიცით, ყველაზე დიდი ფული სად კეთდებოდა და კეთდება. სად და, _  გზების მშენებლობაში. ეს კიდევ ძველი რომის დროიდან მოყოლებული არის ასე: 20 პროცენტი „ატკატი“ იყო და 80 პროცენტი იხარჯებოდა.   ოთარ ნახუცრიშვილი: _ ვერ შეძლებდნენ, იმიტომ რომ ამას მაღალი პროფესიონალიზმი სჭირდება. ჩვენ ვცხოვრობთ იმ ცხოვრებით, რომ დღეს რაღაც მოვიგოთ და მომავალში რა მოხდება, ამას კი არ ვფიქრობთ. ეს ფული სწორად რომ დახარჯულიყო, პროფესიონალები უნდა დამსხდარიყვნენ და მოეფიქრებინათ შესაბამისი პროექტი და გადაეწყვიტათ უკეთესი ვარიანტი. ამ შემთხვევაშიც გაწეულ ხარჯს უკუგება ექნებოდა, ანუ მოგვცემდა პოზიტიურ შედეგებს, რაც, პირველ რიგში, გამორიცხავდა კატასტროფის ალბათობას. _ მაგრამ თავი აღარ აიტკივეს? _ არ აიტკივეს კი არა, პირიქით, განგებ გააკეთეს ასე. რაც უფრო აიმღვრეოდა წყალი, მით უფრო მეტ თევზს დაიჭერდნენ და ეს ყველაფერი იყო წინასწარ განსაზღვრული. თქვენ რა გგონიათ, დიდი პატრიოტები და ქვეყნის გულშემატკივრები იყვნენ სააკაშვილი და მისი გუნდი, ეს ინფრასტრუქტურული ბუმი რომ წამოიწყეს? არა, ბატონო, უზარმაზარი ფულის ათვისება მიდიოდა. ერთი შეხედვით, თითქოს რაღაც გაკეთდა, მაგრამ ამ მშენებლობებს მოჰყვა დანაშაულებრივი და არასწორი გადაწყვეტილებების რეალიზაცია.   ოთარ ნახუცრიშვილი: _ როდესაც განვითარებულ ქვეყნებში რაღაც კეთდება, ისე გათვლიან, რომ გარკვეული პერიოდის, ვთქვათ, წლის შემდეგ, ამ პროექტმა უნდა მოგება მოიტანოს. გმირთა მოედნის გადაწყობაში დავხარჯეთ ფული, უნდა მივიღოთ მოგება: უნდა გაიზარდოს ტრანსპორტის სიჩქარე, არ უნდა იყოს შეფერხება, საბურავების ცვეთა, უსაფრთხოების ხარისხი გაიზარდოს და ა. შ. ფაქტობრივად, რა მოხდა? _ არავითარი ეკონომიკური ეფექტი ამას არ გააჩნია, რადგან მოგების ნაცვლად წავაგეთ მოძრაობის ხარისხის გაუარესებით. ეს არის სუფთა გადაყრილი ფული! _ რამდენადაც ვიცი, ნარმანიას შეხვდით.   ირაკლი მასხარაშვილი: _ ამ შემთხვევაში, როგორც პროფესიონალი, გულშემატკივარი ვარ ამ ყველაფრისა, თუნდაც იმიტომ, რომ „მზიურის“ ავტორი მე გახლავართ, უფრო ზუსტად, საავტორო ჯგუფის ხელმძღვანელი. დღეს ხელისუფლებასთან დიალოგი მაქვს „მზიურის“ გადარჩენილ ნაწილზე. ასევე მთავარია, ის ნაწილი მაინც გადავარჩინო, სადაც მდინარე ვერე მოედინება, თორემ თვითონ მდინარე ვერე ქალაქის ცენტრში გამქრალია. სანთლით რომ ეძებოთ, ვერ იპოვით. თუმცა მტრისას, თუ იპოვეთ, ვერ მიეკარებით, იმდენად ყარს!!! ამიტომ ვიყავი მერიაში ამ საკითხზე სასაუბროდ, რომ ვერის ნაწილი, დაახლოებით, 300-380 მეტრი, დავუბრუნო ისევ ამ ხეობას, რომელიც, როგორც მოგახსენეთ, დაკარგულია და გვირაბებშია შეყვანილი. ვიმეორებ: მტერმა შემოიყვანა ის წყალი, რასაც დღეს ვერეს ვეძახით. პირველ რიგში, ქალაქმა და სახელმწიფომ უნდა იკისროს მდინარის გაწმენდა და მასში არ უნდა ჩაედინებოდეს ფეკალური მასები. მდინარის რეაბილიტაციის შემდეგ უნდა ჩატარდეს მთელი რიგი სამუშაოები, რაც მთლიანად შეუცვლის იერსახეს ხეობას. ცხადია, ამისთვის, პირველ რიგში, ე. წ. ავტომაგისტრალია გასაუქმებელი. _ ნარმანიამ რა გითხრათ? _ გაგიკვირდებათ და გასაოგნებელი ის არის, რომ ავტომაგისტრალის გაუქმება კი არა, აღდგენა დაიწყეს. კეთილმოწყობის სამსახურს ვკითხე, _ რატომ არ გააუქმეთ ის გვირაბი, რომელმაც ტრაგედია გამოიწვია-მეთქი? მდინარე თავისი დინებით რომ მოდის, ის უნდა გაუშვა და მოძრაობის საშუალება მისცე. როგორც ცეცხლთან არ შეიძლება თამაში, ასევე არც მდინარესთან შეიძლება. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, რაც არ უნდა დიდი წყალდიდობა ყოფილიყო, ნაკლებად დამანგრეველი იქნებოდა, ეს გვირაბი რომ არ ყოფილიყო და დინებას არ გაეხეთქა. 40 გრადუსით გატეხეს დინება და წყლის გატეხვა სადმე გინახავთ? მოკლედ, ამ ყველაფრის გათვალისწინების ნაცვლად, საპირისპიროს აკეთებენ და გვირაბის აღდგენითი სამუშაოებიც მიმდინარეობს. ვიკითხე, _ რატომ აკეთებთ ამას-მეთქი? _ რა გიპასუხეს? _ ახლა დაუკვირდით, რა ხდება? რასაც ახლა გეტყვით, ცხადია, ამას თვითონ არც მიპასუხებდნენ, მაგრამ დასკვნის გამოტანა ძნელი არ არის: აღდგენითი სამუშაოებისთვის საჭიროა სპეციალური ხიმინჯები და სხვადასხვა დეტალი. ზოგადად, ძალიან იოლი გასაკეთებელია და მთელი ღამე მუშაობენ. მოდის სილიკატური ბეტონი და ასხამენ. არადა, აქ შეიძლებოდა 30-მეტრიანი ხიდის გაკეთება, რაც ნახევარი ფასი დაჯდებოდა და ვერესაც  გამოვიყვანდით გარეთ, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ერთი გრძივი მეტრი სპეციალური ხიმინჯი მინიმუმ 350 დოლარი ჯდება, ცხადია, მათთვის უმჯობესია, ვერე იმავე „ტრუბაში“ დატოვონ. ოთხი კილომეტრი სიგრძის ხიმინჯი კეთდება მანდ _ 196 ხიმინჯია სულ. ოთხი ათასი გადაამრავლეთ 350-ზე და მიხვდებით, რა ფული იხარჯება მარტო ხიმინჯებში. ეს კიდევ არ არის ყველაფერი, დროებითი პროექტია. ანუ კი იციან, რომ გვირაბი არასწორად დაიგეგმა, ამიტომ იგი დროებითი იქნება, თუმცა ამხელა ფულს ხარჯავენ, მაშინ როცა ნახევარ ფასად ათასჯერ მომგებიანი პროექტის განხორციელება იყო შესაძლებელი. _ ანუ რამაც ტრაგედია გამოიწვია, ხდება მისი აღდგენა და არა დემონტაჟი? შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ ესეც ფულის გამო? _ მე პირადად არგუმენტაცია, რომ სწრაფად უნდა გაკეთდეს, არ მესმის, რას ნიშნავს. აქ მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება და, რა თქმა, უნდა ხელისუფლებაა პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე. ინჟინრები, რომლებიც აქ მუშაობენ, ამბობენ, რომ რაც შეიძლება ჩქარა გააკეთონ, თუ არადა, 15 სექტემბრიდან, როდესაც სასწავლო პროცესი დაიწყება და მანამდე ვერ მოესწრება, კოლაფსს გამოიწვევსო. ეს არის მოგონილი. არავითარი ასეთი საშიშროება არ იქნება. მით უმეტეს, რომ იმდენ ადგილზეა დაზიანებული, 15 სექტემბრამდე ნამდვილად ვერ აღადგენენ ტრასას. _ გამოსავალი? _ გმირთა მოედანი უნდა დაუბრუნდეს თავის პირვანდელ მდგომარეობას. შეიძლება ეს წინადადება არარეალურად მოგეჩვენოთ, მაგრამ დღევანდელი სახით გმირთა მოედნის დატოვება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. მიჩვენეთ მსოფლიოში რომელიმე ასეთი კვანძი, სადაც ერთბილიკიანი სავალი ზოლის ესტაკადაა _ დაეშვა საბურავი და მთელი მოძრაობა ჩერდება. ეს არის ბრწყინვალე ხარისხით და ბრწყინვალე ტექნიკით გაკეთებული სისულელე. ამავდროულად, ეს არის უგულავას ყველაზე დიდი დანაშაული.   ოთარ ნახუცრიშვილი: _ არ უნდა კეთდებოდეს ეს დროებითი ნაგებობა, რომელსაც მერე ვერაფერში გამოვიყენებთ და პირიქით, მისი დემონტაჟი ფული დაგვიჯდება. ე. ი. მომავალში თუ რაღაც იდეამ გაიმარჯვა და ვერის ხეობის სასურველი პროექტი განვახორციელეთ, გადაყრილი ფულია. ეს გზა უნდა შეიცვალოს ალტერნატიული გზით. არის ამის საშუალება საბურთალოს ქუჩაზე, რომლის რეკონსტრუქცია არც ისე ძვირი დაგვიჯდება და ის გრძივ გადაადგილებასაც უზრუნველყოფს და განივსაც. ვერის ხეობაში კი მთელი რიგი ღონისძიებები უნდა ჩატარდეს: უნდა აღდგეს მდინარე ვერის ძველი კალაპოტი, ნაპირსამაგრი და სარეგულაციო ნაგებობები განხორციელდეს, რომ მომავალში მოდიდებულმა ვერემ ასეთი ზიანი აღარ მოიტანოს. ხეობაში საერთოდ არ უნდა იყოს დახურული ნაგებობა და სატრანსპორტო მოძრაობა. ხელისუფლებას რა უფლება აქვს, თავისი მოქალაქე რისკის ზონაში შეიყვანოს? დღეს ისევ რისკის ზონაა ეს, რომ იცოდეთ. ერთადერთი, თუ მაინცდამაინც უნდათ, გზა შეინარჩუნონ, ჩაკეტონ თავიდან ბოლომდე, ანუ ავტომაგისტრალის ფუნქცია შეუჩერონ და იაროს ხალხმა ველოსოპედებით და ისეირნოს. თუკი ვერეც გვირაბიდან გამოთავისუფლდება, მისგან  საშიშროებაც აღარ იარსებებს და მთლიანობაში დედაქალაქს შეემატება მშვენიერი მწვანე კუნძული, რაც დასვენების საუკეთესო კერაც იქნება და ქალაქის ჟანგბადით გამდიდრების მდიდარი წყაროც. სამწუხარო ის არის, რომ ესენი აგრძელებენ იმ პოლიტიკას, რა პოლიტიკაც დაიწყო სააკაშვილმა.  

                                                                                                            დავით დევიძე

   

გაზიარება