QronikaPlus
ოფშორში დარეგისტრირებული კომპანიები და ჰესები, რომლებიც საქართველოს დატბორვით ემუქრება?!

ოფშორში დარეგისტრირებული კომპანიები და ჰესები, რომლებიც საქართველოს დატბორვით ემუქრება?!

2015-08-05 07:39:54

საქართველოს ახლანდელმა ხელისუფლებამ, საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების გარეშე, მეცნიერული დასკვნების უგულებელყოფით, ჰიდრორესურსების გამოყენება დაიწყო, განაახლა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში შეჩერებული ხუდონჰესის მშენებლობა, სადაც დაგეგმილია, აშენდეს 702 მგ.ბ მიწისქვეშა ჰიდროელექტროსადგური, 220 მ. სიმაღლის თაღოვანი კაშხლითა და 364 მილ.კუბმეტრზე მეტი წყლის რეზერვუარით. ეს იმას ნიშნავს, რომ დაიტბორება 528 ჰა, წყლით დაიფარება 27 სოფელი, ასობით ოჯახი დაკარგავს საცხოვრებელ ფუძეს, წყლის ფსკერზე აღმოჩნდება არქიტექტურული ძეგლები, ეკლესიები, საფლავები, შეიცვლება ბიოკლიმატი, განადგურდება მცენარეთა და ცხოველთა საფარი, ამ საფრთხეებს საქართველოს ვერც ერთი კუთხე ვერ ასცდება, სადაც მშენებლობები დაიწყება და ეკოლოგიური საფრთხის წინაშე აღმოჩნდება პატარა ქვეყანა. დღეს, სამწუხაროდ, საქართველოში ჰესების მშენებლობის გადაწყვეტილებას გარემოზე ზემოქმედების შეფასების გარეშე ღებულობენ. მეტიც, მშენებლობა ისე იწყება, რომ ხშირად სამშენებლო ნებართვაც კი არ არის გაცემული, რომელიც ასევე გარემოზე ზემოქმედების ნებართვას მოიცავს, შეუთანხმებელია გარემოსდაცვითი მართვის გეგმები და სტანდარტები, არადა, დიდი კაშხლების მშენებლობას დიდი ზეგავლენა აქვს ადამიანებსა და გარემოზე, ვინაიდან დიდი ოდენობით სასოფლო-სამეურნეო მიწებისა და ტყეების დატბორვის შედეგად ახალი სარკეების წარმოქმნა  იწვევს ტენიანობის ზრდას, ნეგატიური ზემოქმედება აქვს მიკროკლიმატზე, რაც, თავის მხრივ, უარყოფითად მოქმედებს ადამიანთა ჯანმრთელობასა და სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე. საქართველო მთაგორიანი ქვეყანაა და დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურების დიდი ნაწილიც მთის მდინარეების გამოყენებას გულისხმობს. დიდი კაშხლების მშენებლობის შემთხვევაში შესაძლებელია, გააქტიურდეს მეწყრული პროცესები, რომლებიც კიდევ უფრო დააზიანებს ადგილობრივ მოსახლეობას. ამასთან, საქართველო სეისმურად მაღალი რისკების ზონაშია განლაგებული. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ წყლის დიდი რეზერვუარები სეისმურ პროცესებს ააქტიურებს. ცნობილია ასევე კაშხლის მიერ გამოწვეული მიწისძვრები. შესაბამისად, მსგავსი ფაქტორები გასათვალისწინებელია, სანამ გადაწყვეტილება მიიღება დიდი კაშხლების მშენებლობასთან დაკავშირებით. ამისთვის საჭიროა ჩატარდეს გარემოზე ზემოქმედების შეფასება, რომელიც გაითვალისწინებს ყველა მოსალოდნელ რისკებს. უნდა ჩატარდეს ამ დოკუმენტის რეალური ექსპერტიზა და განიხილოს საჯაროდ, მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი გარემოსა და ადამიანებისთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღება. დღესდღეობით კი პროცესები გაუმჭვირვალეა, ამის მაგალითია ნენსკრა ჰესის მშენებლობის საზეიმო დაწყება სვანეთში. პროექტის განხორციელებას მკვეთრად უარყოფითი ზეგავლენა ექნება როგორც ნაკრის, ისე ნენსკრას ხეობებზე და მდინარეების ეკოსისტემაზე. სვანეთის მაღალმთიანეთში გაიჩეხება 400 ჰა-მდე ხელუხლებელი ტყე და სრულად შეიცვლება არსებული ბუნებრივი ლანდშაფტი. ნენსკრასა და ხუდონზე დაგეგმილი რეზერვუარების ერთობლივი ზემოქმედება, ადგილობრივი კლიმატის ცვლილების თვალსაზრისით, გააუარესებს ადამიანთა ჯანმრთელობას და გამოიწვევს სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის ცვლილებას. მნიშვნელოვნად გააქტიურდება პროექტის უშუალო ზემოქმედების არეალში არსებული მყინვარების დნობის პროცესი. საქართველოში ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, დაახლოებით, 85 ჰესის მშენებლობას გეგმავს, მათ შორის, დიდი თუ საშუალო სიმძლავრის _ ხუდონი, ნამახვანი, ნეკრას კასკადი, აჭარის წყლის, ჭოროხის კასკადი, დარიალი, ფარავანჰესი.... კიდევ ერთი პრობლემა დაკავშირებულია იმასთან, თუ რა კომპანიები აშენებენ ჰესებს. კაშხლების მშენებლობა ძალიან რთული საქმეა და აუცილებელია, რომ მაღალი კვალიფიკაციის მშენებელი კომპანიები ახორციელებდნენ ამ საქმეს. არ შეიძლება, ჰესი ააშენოს იმ კომპანიამ, ვინც გუშინ სასტუმროებს აშენებდა, ეს სრულიად განსხვავებული საამშენებლო პროცესებია. ამასთან, სახელმწიფოს უნდა ჰყავდეს მაღალკვალიფიციური ადამიანური რესურსი, რომელიც შეძლებს, ზედმიწევნითი ზედამხედველობა გაუწიოს მიმდინარე მშენებლობებს, თუმცა მსგავსი რესურსით განებივრებულები არ ვართ. მაღალკვალიფიციური ჰიდროინჟინრების ნაკლებობა უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში მიმდინარე პროცესებმა გამოიწვია, ხოლო შემორჩენილი ძველი კადრები კი არასაკმარისია ასეთი მასშტაბების მშენებლობების კონტროლისთვის. გარდა ამისა, ჩვენი აზრით, ამ ჰესების მშენებლობა არანაირ სარგებელს არ მოუტანს ქვეყნის ბიუჯეტს, ვინაიდან,  მშენებლობა ხორციელდება პრინციპით _ აშენება, ოპერირება, ფლობა, _ პროექტის სპონსორი თავიდან ბოლომდე ამ პროექტის მესაკუთრეა. ასეთ პირობებში ბიუჯეტის შემოსავლები მინიმალურია, ვინაიდან ჰესების მიერ გამომუშავებული ენერგია ექსპორტზეა ორიენტირებული, ხოლო ექსპორტი განთავისუფლებულია გადასახადისგან. ამასთან, საქართველოში არ არსებობს რესურსის მოხმარების ადეკვატური გადასახადი. შესაბამისად, ბიუჯეტში შევა მხოლოდ ქონებისა და მოგების გადასახადი, რაც ძალიან მცირეა. მაგალითად, ფარავნის ელექტროსადგურის შემთხვევაში ეს წლიურად 2 მლნ აშშ დოლარზე მეტს არ შეადგენს. ხელშეკრულებებში არ არის გათვალისწინებული დამატებითი ბონუსი ქვეყნისა თუ ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის (უფასო ენერგია, ტარიფის დაწევა და ა.შ.) მაშინ, როდესაც სახელმწიფო მიწასაც (მათ შორის, მუნიციპალურ საკუთრებასაც) კი სიმბოლურ ფასად _ 1 დოლარად გადასცემს ინვესტორს და ამ კომპანიებს საშუალება აქვთ, ბიზნესინტერესებისთვის იპოთეკით დატვირთონ ქონება. ასე რომ, მთავრობის მხრიდან დიდია ხელშეწყობა კონკრეტული კომპანიებისთვის, ხოლო მოსახლეობის ინტერესების დაცვის მხრივ, ფაქტობრივად, არაფერი კეთდება. მათ შორის, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამ ტერიტორიებიდან უნდა გადაასახლონ, მომზადებული არ არის მათი განსახლების გეგმები, გაუთვალისწინებელია სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისა თუ საძოვრებით სარგებლობის საკითხი იმ თემებთან მიმართებით, რომელებიც დაზარალდებიან მშენებლობის შედეგად. ერთ-ერთი პრობლემაა ისიც, რომ გაურკვეველია მშენებლობის დამფინანსებელთა წარმომავლობა. განმახორციელებელ კომპანიათა ნაწილი ოფშორულ ზონებშია დარეგისტრირებული (მაგ.: ხუდონჰესის მშენებელი „ტრანსელექტრიკა“), ნაწილს კი სახელმწიფოს 100%-იანი წილის მქონე საწარმოები აშენებენ. მას შემდეგ, რაც ნამახვანის კასკადის მშენებლობას თურქული და კორეული კომპანიები გამოეთიშნენ, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში, ენერგეტიკის მინისტრის ბრძანებით, საგანგებოდ შეიქმნა ნამახვანის კასკადის მშენებლობის კომპანია 100%-იანი სახელმწიფო წილით. ასევე, სვანეთში ნენსკრა ჰესის მშენებლობას საქართველოს რკინიგზა განახორციელებს. ელექტროენერგეტიკულ სექტორში კერძო ინვესტიციების მოზიდვის ნაცვლად და ქვეყანაში კერძო საკუთრებისა და ლიბერტანიალური რიტორიკის ფონზე, ყალიბდება, გარკვეულწილად, საბჭოური ტიპის მმართველობის მოდელი, როდესაც სახელმწიფო უშუალოდ დაინტერესებულია, ჩართულია და ახორციელებს გარკვეული ენერგოობიექტების მშენებლობას მიუხედავად იმისა, თუ რამდენად რეალურადაა მომგებიანი ეს ობიექტები და რა ზეგავლენა ექნება მათ ბაზარზე. დღეს აქტიური მშენებლობების ფაზაშია დარიალი, ლარსი, კინტრიში და ფარავანი. საინტერესოა ისიც, რომ ამ პროექტების, განსაკუთრებით დიდ კაშხლიანი ჰესების უდიდესი ნაწილი ძველი პროექტებია, რომლებიც საბჭოთა კავშირის დროს დაიწუნეს მათი ზემოქმედების გამო გარემოზე და ადამიანებზე. არასამთავრობო ორგანიზაციები ცდილობენ, მობილიზაცია გაუკეთონ საზოგადოებას და ბუნების წინააღმდეგ დაწყებულ შეტევას აქციებით დაუპირისპირდებიან, სადაც საკუთარ პოზიციებს დააფიქსირებენ. ის, რომ ელექტროენერგია ძვირდება და კიდევ უფრო გაძვირდება, ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ნებისმიერი ჰესი საქართველოში ინვესტიციის წყალობით შენდება. აქედან გამომდინარე კი, ადვილად საპროგნოზოა, რამხელა მადა ექნებათ ინვესტორებს ამონაგების დროს. თუმცა ეს ყველაფერი ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც ჩვენს ქვეყანას დაემართება, თუ დროზე არ ამოედო ლაგამი ჰესების მშენებლობას და ინვესტორებთან გარიგებულ ვაიქართველ ჩინოვნიკთა მადას. საიდუმლოს არც ის წარმოადგენს, რომ საქართველოში ენერგომაფიას ყოფილი და დღევანდელი ჩინოვნიკები ლობირებენ, რადგან მათი ოფშორში დარეგისტრირებული კომპანიები სწორედაც რომ ჰიდროელექტროსადგურების შეძენით იყვნენ წარსულში დაინტერესებულნი და დღემდე ამ საქმიანობას ეწევიან, ანუ მოსახლეობის გაღატაკების ხარჯზე (ტარიფების გაზრდა) საკუთარ მილიონებს უმატებენ და არად დაგიდევენ იმასაც, რომ ხვალ-ზეგ, შესაძლოა, ჩვენი ქვეყანა მხოლოდ წყალდაგუბებებისა და დანესტილი მიდამოს არეალად იქცეს!.. ამის მაგალითად მოგიყვანთ აჭარაში მიმდინარე ჰესების მშენებლობას, რამაც ეკოლოგიური კატასტროფა უკვე გამოიწვია, რასაც მოწმობს ამასწინანდელი შტორმი ზღვაზე, რომელმაც ბათუმის ახალი ბულვარის ტერიტორია მთლიანად გაანადგურა. შესაძლოა, დღევანდელი ხელისუფლებისთვის ახალი იყოს ისიც, რომ აჭარაში ბათუმის სანაპირო ზოლს მდინარე ჭოროხი ბუნებრივ საცავს უკეთებდა, რადგან მდინარის ნატანი ასევე ბუნებრივად ჩაედინებოდა ზღვაში და ამ ნატანის მოცულობა შეადგენდა 4 მლნ 500 კუბ.მ.-ს საიდანაც 1 მლნ 500 მ. პირდაპირ შედიოდა ზღვაში და ხელს უწყობდა პლაჟების რეაბილიტაციას. მდინარე ჭოროხის კალაპოტიდან ინერტული მასალების მოპოვება დაშვებული იყო მხოლოდ 800 000 კუბ.მ-ის ოდენობამდე და დაწესებული იყო მკაცრი პირობები მის მოპოვებაზე. დღეის მდგომარეობით, მდინარე ჭოროხს ნატანი, პრაქტიკულად, აღარ ჩამოაქვს და კალაპოტში ნატანის შემოტანის ერთ-ერთი წყაროა მდინარე აჭარისწყალი, რომლის ნატანის ოდენობა, დაახლოებით, 150 000 კუბ.მ-ია... იმავდროულად, მდინარე აჭარისწყალს ნატანი მოაქვს მხოლოდ წყალდიდობების დროს და თანაც, დიდი ლოდების სახით. მდინარე აჭარისწყალი ხასიათდება სწრაფი დინებით მდინარე ჭოროხის წყალთან შესართავამდე. ამის შემდეგ იგი ზღვის შესართავამდე მდორედ მიედინება. ეს კი იწვევს ჩამოტანილი დიდი ლოდების შეჩერებას მდინარე ჭოროხის შესართავამდე, ანუ მდინარე აჭარისწყლის მიერ მდინარე ჭოროხის კალაპოტში ნატანის შეტანა ძალიან მცირეა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დღეის მდგომარეობით გაცემული ლიცენზიები მდინარე ჭოროხის კალაპოტში ინერტული მასალების მოპოვების (1 968 600 კუბ.მ), ფაქტობრივად მოპოვებული (1 125 450 კუბ.მ) და მოსაპოვებლად დარჩენილი 1 968 600 კუბ.მ-ის მოცულობა, შემდგომში უეჭველად პრობლემას შეუქმნის პლაჟებს, ზღვის შესართავთან წარმოიქმნება ყურე და მოსალოდნელია, რომ ზღვა შეიჭრას მდინარე ჭოროხის კალაპოტში, მინიმუმ, 14 კმ-ის მანძილზე და დამატებით საჭირო გახდეს არა მხოლოდ ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება, არამედ მოსახლეობის განსახლებაც, იმიტომ რომ ასეთი ვანდალური დამოკიდებულება ბუნებისადმი უეჭველად უკურეაქციებს იწვევს იმავე ბუნების მხრიდან. დღეის მდგომარეობით გარკვეული პრობლემები აქვს გონიოსა და მახოს ხიდების ბურჯებს, მდინარე ჭოროხის კალაპოტში დამბები და დეზები ავარიულ მდგომარეობაშია. მდინარის მარჯვენა ნაპირზე, გონიოს ხიდიდან დაახლოებით 800 მეტრში, ხიდის მიმართულებით, დამბის დამცავი ფერდი ჩარეცხილია, საიდანაც შეიძლება მდინარე ნაპირზე გადავიდეს. მდინარე ჭოროხისა და აჭარისწყლის ტერიტორიიდან ინერტული მასალის გატანამ უკვე შექმნა ეკოლოგიური პრობლემები, თუმცა ეს ყველაფერი აჭარის ხელისუფლებას არათუ არ ადარდებს, არამედ არც ერთი სამეცნიერო კონფერენცია არ მოუწვევია აღნიშნულ თემაზე და ვფიქრობთ, არც მოიწვევენ, ვიდრე ხაბაძე და მისი დაჯგუფება იქნება ხელისუფლებაში!.. აგრეთვე, უნიათო, სრულიად უსაქმური დეპუტატების კორპუსის ჩათვლით... და ეს იმ დროს, როცა თითქმის ყველა გეოსაინფორმაციო პაკეტში დაფიქსირებულია შემდეგი სახის დასკვნები და რეკომენდაციები, რომ: „თურქეთში მდინარე ჭოროხზე კაშხლების აშენების შედეგად წარმოიშვა ზღვის სანაპიროს პლაჟამგები ნატანის დეფიციტი, მდინარის ქვემო წელში ინერტული მასალის დიდი მოპოვება გამოიწვევს მის შესართავში ყურის წარმოშობას და ზღვის წყლის შემოჭრას. ასევე აღსანიშნავია, რომ ჭოროხის ნატანით ხდება ბათუმამდე არსებული პლაჟების ხელოვნური რეაბილიტაცია, მისი სხვა მიზნით გამოყენება გამოიწვევს ზღვის ეროზიის გააქტიურებას. მდინარე ჭოროხის ინერტული მასალის მოპოვების საკითხი სცდება მხოლოდ ნაპირების მდგრადობის დაცვის სფეროს და მოიცავს მხოლოდ ტერიტორიის პერსპექტიული განვითარების საკითხებს“, რის გამოც ინერტული მასალების მოპოვებაზე აჭარის ხელისუფლებამ არა მხოლოდ არაპროფესიული გადაწყვეტილება მიიღო, არამედ უფრო შორს წავიდა და ნატანის მომპოვებელ კომპანიებთან გარიგებაშიც შევიდა. საინტერესოა, ბუნებრივი რესურსების სააგენტო რას საქმიანობს მაშინ, როცა დღეს უკვე პასუხისმგებლობას გაურბის და გადამისამართების პოლიტიკის გზას ადგას, რადგანაც ბუნებრივი რესურსების მოპოვებაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელება უშუალოდ მხოლოდ მისი მოვალეობაა. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებას _ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს სახელმწიფო კონტროლის რაიმე ფუნქცია ამ საკითხებში არ გააჩნიათ, მათ შეუძლიათ მხოლოდ ლიცენზიის მფლობელის მიერ კოორდინატების დარღვევის შემთხვევაში მიმართონ სიპით (ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ღონისძიებების გასატარებლად)“, _ აღნიშნავს „ქრონიკა+“-თან საუბრისას მეცნიერი, რომელიც, ამ ეტაპზე, საკუთარი გვარისა და სახელის გამჟღავნებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, რადგან ამჟამად ამზადებს დოკუმენტების პაკეტს, რომელსაც საზოგადოების სამსჯავროზე სულ მალე გამოიტანს და ფარდას ახდის იმ საქმიანობას, რითაც როგორც ენერგეტიკის სამინისტრო, ისე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ერთობლივად, შეხმატკბილებულად საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებენ!.. ინკოგნიტოდ დარჩენილმა მეცნიერმა „ქრონიკა+“-ს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების უწყებრივი სალიზენციო რეესტრის ამონაწერი გადმოსცა, რომელიც, ჩვენი აზრით, კრიტიკას ვერ უძლებს, რადგან აჭარაში ინერტული მასალებისა და არა მხოლოდ, მომპოვებელი უამრავი კომპანიის არსებობა დავაფიქსირეთ. ამ კომპანიების უკან რომ მათი ლობი ხელისუფალნი მოიაზრებიან, ვფიქრობთ, ამას დიდი ჩხიბვა და მკითხაობა არ სჭირდება!.. „ქრონიკა+“-მა აგრეთვე გადაიღო და ვაქვეყნებთ ქედის რაიონში მიმდინარე ჰესის მშენებლობას. დაკვირვებული თვალისთვის ადვილი შესამჩნევია, რომ მდინარე ჭოროხი იმიტომ, რომ ამ ჰესის ზემოთ კიდევ ერთი ჰესი შენდება _ მასშტაბში დაკლებულია და როგორც იტყვიან, ძლივსღა მოედინება, ანუ მდინარე ჭოროხს, ვიდრე იგი ზღვამდე მივა, ფაქტობრივად, ნატანი მასალა ვერ ჩააქვს და აი, ეს არის, სწორედ ის განუკითხაობა, რომელიც მხოლოდ აჭარაში კი არა, მთელ საქართველოში სუფევს!.. გარდა ამისა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაციით არა მხოლოდ მდინარეებს, არამედ კლდოვან კარიერებსაც უდიდესი საფრთხე ემუქრება, რადგან 2006 წლიდან დღემდე გაცემულია 12 ლიცენზია _ 2 055 000 კუბ.მ მოცულობის რესურსზე, ამასთან, ორ ობიექტზე (ქედის რაიონის სოფელი ნამონასტრევი, ქობულეთის რაიონის სოფელი ხალა), სადაც მარაგი დაუდგენელია... აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან ისიც შევიტყვეთ, რომ (არაოფიციალურად, რადგან ოფიციალურ ინფორმაციას არ იძლევიან) მდინარე ჭოროხის კალაპოტში მომზადებულია გეოსაინფორმაციო პაკეტი 1 296 400 კუბ.მ გამოვლინებაზე, არადა, ეს იმ დროს, როცა აღნიშნული ინიციატივები სასწრაფოდ უნდა შეჩერდეს, ანდა ლიცენზია უნდა გაიცეს იმ ოდენობით, რომელიც საჭიროა ინფრასტრუქტურის მხოლოდ მცირე განვითარებისთვის, დანარჩენ შემთხვევაში კი ასევე ზომიერად უნდა გამოიყენონ კლდოვანი კარიერები, რომლებიც სათანადოდ არის შესწავლილი. რა ემუქრება აჭარას და მის სანაპიროს, თუკი ჩინოვნიკთა გაუმაძღრობას ლაგამი არ ამოედება?!. რა ემუქრება და ბუნებრივი კატაკლიზმები, რადგან ბუნებაში უგუნური ჩარევა სწორედაც რომ ამგვარ პროცესებს იწვევს!.. როგორც მთიან აჭარას, ასევე სანაპირო ზოლს კატასტროფები დაემუქრება, თუკი დროულად არ გატარდა პრევენციული ღონისძიებები და, მათ შორის, იმ ჰესების მშენებლობების შეჩერება, რომლებიც მდინარე ჭოროხს ხელოვნურად უსპობს საშუალებას, ზღვა მოამარაგოს ჩატანილი ინერტული მასალით და ბუნებრივი ჯებირი შეუქმნას ჩვენს უსაფრთხოებას!.. ამავდროულად, აღნიშნულმა მშენებლობებმა უკვე შეუქმნა საფრთხე აჭარაში მზარდ ენდემურ ჯიშებს, წითელ წიგნში შეტანილ რამდენიმე დასახელების თევზს, ნიადაგს და ახლა, ძვირფასო მკითხველებო, თავად განსაჯეთ, რამდენად გვიღირს იმ ჰესების მშენებლობა, რომელიც არათუ დენს არ გაგვიიაფებს, არამედ პირიქით, დაგვაზარალებს, დაგვიტბორავს სამშობლოს და ბოლოს, თუკი გადავრჩით, საქართველოდან უკანმოუხედავად გავიქცევით!.. ტელევიზიებით ხშირად გადაიცემა რეკლამები, რომელშიც მოთხრობილია იმის შესახებ, თუ რა სასარგებლოა ხუდონჰესი, დარიალჰესი, ენგურჰესი და ა.შ. სასარგებლოა იმ შემთხვევაში, თუკი მას პროფესიონალები აშენებენ და საზიანოა იმ შემთხვევაში, როდესაც არაპროფესიონალები ერთვებიან საქმეში. ჯერ კიდევ კომუნისტების დროს დაწუნებული პროექტები საქართველოს დღევანდელმა ენერგეტიკის სამინისტრომ ასაშენებელ ჰესთა ნუსხაში მოაქცია და ამით გვამუნათებს, ელექტროენერგია არ გექნებათ, თუკი ამ ჰესების მშენებლობას არ დაგვასრულებინებთო(!). საქართველოში, საბედნიეროდ, მრავლად არიან ექსპერტები, რომლებიც სავალალო პროგნოზებს აკეთებენ იმის შესახებაც, რომ 7-8-ბალიანი მიწისძვრა არა მხოლოდ ახალ მშენებლობებს შეუქმნის საფრთხეს, არამედ იმ ჰესებსაც, რომლებიც ასე ჰაიჰარად, სწრაფად შენდება და რომლის გამომუშავებული ენერგიაც არა საქართველოში, არამედ საქართველოს ფარგლებს გარეთ გაიყიდება...

                                                                                                              ირინე გოგოსაშვილი

   

გაზიარება