QronikaPlus
ნაღმები, რომელზეც დავით ნარმანია აუცილებლად აფეთქდება!

ნაღმები, რომელზეც დავით ნარმანია აუცილებლად აფეთქდება!

2015-08-04 10:46:04

კორუფცია ის ჭირია, რომელიც ქვეყანას ყველა მიმართულებით ჩაძირვით ემუქრება. საქართველო ვერ იქნება ზოგიერთი ჩვენი მეზობელი ქვეყანა, სადაც ნავთობდოლარებიდან შემოსული მილიარდები არ იციან, სად წაიღონ. ბუნებრივი რესურსებით არცთუ მდიდარმა სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ბიუჯეტის თითოეული გროში მიზანმიმართულად წარმართოს და, უპირველესად, მოსახლეობის მძიმე სოციალური ყოფის გამოსწორებაზე იზრუნოს!!! „ქრონიკა+“ თვეების განმავლობაში წერდა დედაქალაქის მერიაში გაფორმებულ საეჭვო ხელშეკრულებებზე, შესაძლო ნეპოტიზმის შემთხვევებზე და ა. შ. იმედია, ამას გამგები გაიგებს და შესაბამის დასკვნებსაც გამოიტანს. მანამდე კი დედაქალაქის მერიის თითქმის ერთწლიანი მუშაობის შედეგებს ქრონიკა+“-თან ა/მონიტორინგის ცენტრ მედიატორისლიდერი, ლევან ხაბეიშვილი აჯამებს: _ პირველი კორუფციული სკანდალი, რაშიც დედაქალაქის მერია გაეხვია, თბილისობის ღონისძიებები იყო. ეს სამგორისა და საბურთალოს რაიონის გამგეობებს ეხებოდა. სამგორის გამგებელმა აღიარა კიდეც, რომ ცოლის მეგობრის კომპანიას, დაახლოებით, 20 ათას ლარამდე გადაუხადა ღონისძიების გასაკეთებლად. ამ ფაქტზე დეკემბერში პროკურატურაშიც აღიძრა საქმე და დღემდე გამოძიება მიმდინარეობს. გამოძიებას არ უთქვამს, რომ სამგორის გამგებელი უდანაშაულოა ან _ პირიქით. რეალურად, გამგებელი პასუხისმგებელია, რადგან თავადაც აღიარებს, რომ ცოლის მეგობარ კომპანიას 20 ათასი ლარი გადაურიცხა ერთ პირთან მოლაპარაკების გზით. ე. ი. ერთი წლის განმავლობაში გვყავდა დადასტურებულად კორუმპირებული გამგებელი და დეაქალაქის მერმა არ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გამოძიების დასრულებამდე ეს გამგებელი მოეხსნა. სხვა სკანდალებშიც გაეხვია სამგორის ეს გამგებელი. ადგილობრივ თვითმმართველობაში კორუფციასთან და მორგებულ ტენდერებთან დაკავშირებით სასაცილო ამბავიც გახსოვთ, _ ვარდისფერ დათვთან და შავ სპაიდერმენებთან დაკავშირებული ტენდერები. თბილისში არსებობს ერთადერთი ასეთი გასართობი კომპანია, რომელსაც ჰყავს ვარდისფერი დათვი და შავი სპაიდერმენი. შესაბამისად, ამ ერთი წლის განმავლობაში ასი ათას ლარზე მეტის ტენდერები მოიგო ამ კომპანიამ. ესეც კორუფციული გარიგებების შედეგად ხდება. სწორედ ამიტომ აღმოჩნდა ეს საგნები სატენდერო პირობებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მგონია, საკრებულოს დეპუტატებს ეგონოთ, რომ ვარდისფერი დათვისა და შავი სპაიდერმენის გარეშე საზეიმო ღონისძიება წარმოუდგენელია. მეტეხის ხიდთან დაკავშირებითაც ტენდერების პრობლემა იყო. როდესაც ამ ხიდისა და მიმდებარე ტერიტორიის გზის საფრის რეაბილიტაცია დაიწყეს (ოქტომბერ-ნოემბერში), სადღაც დეკემბერში დედაქალაქის მთავრობამ აღმოაჩინა, რომ მეტეხის ხიდი, თურმე, ამორტიზებული ყოფილა და შეკეთებას საჭიროებდა. ეს ტენდერიც დარღვევებით გამოცხადდა: სამუშაოები რომ დაიწყეს, მერე კი არ უნდა აღმოეჩინათ ხიდის ამორტიზებულობა, მანამდე, სადაც გზის დაგებას აპირებდნენ, ლაბორატორიული შემოწმება უნდა გაკეთებულიყო, ასევე ექსპერტების დასკვნები უნდა დადებულიყო. რასაკვირველია, ასე არ მოხდა და სწორედ ამიტომ, დაახლოებით, ნახევარ წელიწადზე მეტი, ქალაქი, ფაქტობრივად, პარალიზებული, მეტეხის ხიდი კი გადაკეტილი იყო. როგორც იქნა, 7-8 თვის შემდეგ თავი მოაბეს. გახმაურებული იყო დადიანის ქუჩის ამბავი, რომელიც ათი თვის განმავლობაში გადათხრილი და ნაძალადევისა და ჩუღურეთის დამაკავშირებელი გზა პარალიზებული იყო. აქაც რამდენჯერმე გამოცხადდა ტენდერი და ჩაიშალა. შემდეგ ხელშეკრულება გაუფორმეს კომპანიას, რომელსაც არანაირი გამოცდილება არ გააჩნდა გზის სამუშაოებში. ეს კომპანია 2014 წელს დაარსდა და საქმეც სწორედ ამიტომ გაჯანჯლდა. მთელმა თბილისმა იცის, რომ დადიანის ქუჩა ქალაქის აქილევსის ქუსლადაც კი იქცა ქალაქის მერიისთვის. ასევე ცუდად შესრულებული სამუშაოს კიდევ ერთი მაგალითი გახლდათ გახოკიძის ქუჩის ერთ კილომეტრზე მეტი მონაკვეთი. იანვარში გადათხარეს, შემდეგ, 25 მარტს, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, 8-მილიონიანი ხელშეკრულება გააფორმეს კონკრეტულ კომპანიასთან, შპს „ალიანსს“ ვგულისხმობ. დედაქალაქის მთავრობას 2 თვე მაინც ჰქონდა იმისთვის, რომ ტენდერი გამოეცხადებინა, რაც არ გააკეთა. ეს კომპანია სხვაგან შემჩნეული იყო და მასზე პროკურატურაში საქმეც აღიძრა რუსთავის არქივთან დაკავშირებით. არქივის გარე ფასადის მშენებლობისას ამ კომპანიამ იმდენად უხარისხოდ გააკეთა საქმე, რომ მას ლაბორატორიული ექსპერტიზის დასკვნაც არ სჭირდება. სურათებსაც გამოგიგზავნით. თავად შპს „ალიანსის“ წარმომადგენელიც აღიარებდა, რომ ფასადი უხარისხოდ გაკეთდა. მიუხედავად ამისა, თბილისის მერიამ 8-მილიონიანი ხელშეკრულება გაუფორმა კომპანიას, რომელსაც მილების გამოცვლა დაევალა გახოკიძის ქუჩაზე და შემდეგ გზის საფრის დაგებაც. მილები გამოცვალეს, მაგრამ ეს გზა იმდენად უხარისხოდ დააგეს, რომ დღეს სხვა კომპანია აწარმოებს ამავე მისამართზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. ესეც ნათელი დადასტურებაა იმისა, თუ როგორ მუშაობს დედაქალაქის მთავრობა. ყველაზე დიდი სკანდალი იყო მერიაში საკადრო გადაწყვეტილებები. მოგეხსენებათ, 28-29 დეკემბერს ჩატარებული კონკურსის მიხედვით (რომელიც დედაქალაქის მთავრობამ ჩაატარა), კატასტროფული შედეგები მიიღეს. მიუხედავად ამისა, ჩაჭრილი თანამშრომლები ადგილებზე დატოვეს, ხოლო ადამიანები, რომლებმაც გამოცდები ჩააბარეს, სახლში გაუშვეს: 30 გამგებლის მოადგილიდან (დედაქალაქში ათი გამგეობა და 30 გამგებლის მოადგილეა) 22 ჩაიჭრა; 32 მუნიციპალიტეტი, უბნის სამსახურია დედაქალაქში და მისი უფროსებიდან 28 ჩაიჭრა; ორი გამოცდაზე ვერ გავიდა, რადგან უმაღლესი განათლების დიპლომი არ ჰქონდა(!!!); ასევე 10 გამგეობაში 40 განყოფილებაა, თუ სამხედროს არ ჩავთვლით, რომლის შესახებ კვლევა არ გვიწარმოებია. ამ 40 განყოფილების უფროსიდან 22-მა მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა. მიუხედავად ამისა, ეს ადამიანები თანამდებობებზე რჩებიან. დედაქალაქის მერიას არაპროფესიონალი კადრები ჰყავს და პრობლემებიც არ აყოვნებს. _ რაც შეეხება ნეპოტიზმის ფაქტებს? _ ამის ნათელი მაგალითია დეპუტატ ჯაბა სამუშიას მეუღლე, რომელიც ბაღების სააგენტოშია დასაქმებული და, ფაქტობრივად, ამ სამსახურის რუხი კარდინალი გახლავთ. ასევე დავით ნარმანიას ბიძაშვილის, ნათია ნარმანიას მეუღლე მერიაში უსაფრთხოების სამსახურის უფროსად მუშაობს. ეს პატივცემული 28-29 დეკემბრს ასევე ჩაიჭრა გამოცდებზე და მიუხედავად ამისა, დღემდე თანამდებობაზეა. როცა ნეპოტიზმს ვახსენებთ, აუცილებლად უნდა ვთქვათ მინისტრ კახი კალაძის ნათესავებზე: მისი ცოლისძმა, 22 წლის გიორგი არეშიძე, უკვე საქალაქო სამსახურის უფროსია; მისი ცოლის დეიდაშვილი, ლუკა კანკავა, საბურთალოს გამგებლის მოადგილეა და გამოცდებზე საერთოდ არ გასულა; ბესიკ ჭუმბურიძე, კალაძის ცოლის ბიძა გახლავთ და საბურთალოზე მუნიციპალიტეტის თავმჯდომარეა, მაგრამ, უნდა ითქვას, რომ, ნათესაური ნიშნით შერჩევის მიუხედავად, ამ კაცმა გამოცდები ჩააბარა, რაც იშვიათი გამონაკლისია. სოსო ჯაჭვლიანის ბიცოლა ერთ-ერთ სამსახურში დაასაქმეს. შეუძლებელია არ ვთქვათ ვასილ მალაღურაძის ნათესავზე: მისი ცოლისძმა, ვასილ ბექაური, ნაძალადევის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარედ დაასაქმეს და ვერც მან ჩააბარა გამოცდა. მიუხედავად ამისა, დღემდე თანამდებობაზეა, ხოლო ვასილ მალაღურაძე საკრებულოში ერთ-ერთი კომისიის ხელმძღვანელია. არაპროფესიონალებს თანამდებობებზე მხოლოდ ნათესაური ნიშნით ნიშნავენ. დედა-შვილი მარინა დავითულიანი და მეგი კალატოზი ისნის გამგეობაში დაასაქმა `ქართულმა ოცნებამ~ _ დედა მუნიციპალიტეტის თავმჯდომარედ, ხოლო შვილი _ განყოფილების უფროსად. დედას უმაღლესი განათლების დიპლომი არ ჰქონდა და შვილმა გამოცდები ვერ ჩააბარა!!! ამის შემდეგ დედა-შვილს თანამდებობები შეუცვალეს. ახლა უკვე შვილი მუნიციპალიტეტის თავმჯდომარედ გადაიყვანეს, ხოლო უდიპლომო დედა ხელშეკრულებით ისნის გამგეობაში აიყვანეს, სადაც დღემდე მუშაობს. მარინა დავითულიანი 2014 წლის იანვარში „ქართული ოცნების“ შემომწირველია და მან პარტიას 15 ათას ლარამდე შესწირა, როდესაც მისივე შევსებული დეკლარაციით ირკვევა, რომ 2013 წლის მისი მთლიანი შემოსავალი 75 ლარს შეადგენდა. მიუხედავად ამისა, ამ ქალბატონმა შეძლო და 2014 წლის დასაწყისში, იანვარშივე, არჩევნებამდე, „ქართულ ოცნებას“ 15 ათას ლარამდე შესწირა. ამ ქალბატონმა ან იყიდა ეს თანამდებობები (ჩააბარა თუ არა გამოცდა და აქვს თუ არა უმაღლესი განათლება, დღემდე რჩება თანამდებობაზე), ან ეს იყო შავი ფული, რომელიც `ქართულმა ოცნებამ~ მარინა დავითულიანის საშუალებით მიიღო შემოსავლად. ამ ერთი წლის განმავლობაში საინტერესო და სასაცილო სიტუაციაში აღმოჩნდა ზოგიერთი გამგეობა. უპირველესად ვგულისხმობ ჩუღურეთის გამგეობას, რომელმაც იანვარში ტენდერი გამოაცხადა და წინასწარ შეისყიდა ორმოცი სასახლე, ანუ კუბო. ეს იმით დაასაბუთა, რომ როდესაც გაჭირვებული ადამიანები გარდაიცვლებიან და სარიტუალო ხარჯებს მოსთხოვენ, გამგეობამ შეძლოს მისი გაწევა. ძალიან კარგია, როდესაც გაჭირვებულ ოჯახს გამგეობა დახმარებას სამომავლოდ ჰპირდება, მაგრამ ჯერ კიდევ ცოცხალი ადამიანებისთვის 40 კუბო შეიძინეს(!!!)!!! უმჯობესი იქნებოდა, ცოცხლებზე მეტი ეზრუნათ და მათ რეალურ საჭიროებებზე მეტი ეფიქრათ. სანამ სასახლეებს შეიძენდნენ, უამრავ მედიკამენტსა და ოპერაციაზე არის თანხები გამოსაყოფი. დარწმუნებული ვარ, ჩუღურეთის გამგეობას ბევრი ასეთი უარი ექნება ნათქვამი იმ მოტივით, რომ თანხები არ გააჩნიათ. საინტერესო იყო მერიის მიერ იანვარ-თებერვალში გამოცხადებული ტენდერები, რომელიც ერთი მილიონის კონკურსებს _ სცენების, საგრიმიოროებისა და კულისების მოწყობას გულისხმობდა. მაშინ ამ ყველაფრის შეძენა რამდენად მართებული იყო, ვფიქრობ, დეაქალაქელები თავად განსჯიან. მერიაში აცდენილები არიან რეალობას! ასევე ამ ერთი წლის განმავლობაში, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, დედაქალაქის მერიის ბიუჯეტიდან 140 მილიონ ლარამდე დაიხარჯა. სხვა წლებში, დაახლოებით, 8-10 წელი სჭირდებოდა, რომ ერთ პირთან მოლაპარაკების გზით ამხელა თანხა დახარჯულიყო. არანაირი ტენდერი არ ტარდება. პირდაპირ მაღალი თანამდებობის პირები იღებენ გადაწყვეტილებას, თუ რომელ კომპანიას უნდა გაუფორმო ხელშეკრულება. ამ 140-მილიონიან დაკონტრაქტებულ ხელშეკრულებებში არაერთი ისეთი კომპანიაა, რომელიც ამა თუ იმ მაღალჩინოსნის ნათესავისაა. უამრავი ისეთი ფაქტი იყო, როცა რამდენიმე თვით, დღით ადრეც კი დარეგისტრირებულ კომპანიას უფორმებს დედაქალაქის მერია ხელშეკრულებებს. ერთ პირთან მოლაპარაკება კანონით ფორსმაჟორული სიტუაციაა, რაც გადაუდებელ აუცილებლობას გულისხმობს. ამ 140-მილიონიდან დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 90 პროცენტში ამის აუცილებლობა არ იდგა. გახოკიძის ქუჩაზე ყველაზე მრავალმილიონიანი დაკონტრაქტებული ხელშეკრულებაა. იანვარში გადათხარეს და მარტში გააფორმეს ერთ პირთან ხელშეკრულება. ეს 140 მილიონი ტენდერით რომ წასულიყო, ამ გზით დედაქალაქის ბიუჯეტი, მინიმუმ, 10-15%-ს დაზოგავდა, რადგან ტენდერის შემთხვევაში, სულ მცირე, ათპროცენტიანი საშუალო კლება ხდება ხოლმე. 14-15 მილიონი, ფაქტობრივად, წყალში გადავყარეთ. შეუძლებელია არ შევეხოთ კრწანისის რაიონში, ცენტრალურ გორგასლის ქუჩას, რომლის ნახევარი ერთ წელიწადზე მეტია, ჩავარდნილია. უამრავი დაზარალებულია, რომლის მანქანებსაც სწორედ ეს ჩავარდნილი გზა დაეცა. ბევრი მანქანა დღესაც იქვე მდებარე პროფილაქტიკაშია ჩარჩენილი. ამას ჰქვია ფორსმაჟორი, გადაუდებელი აუცილებლობა, სადაც მერიას შეეძლო, საქმე სწრაფად გაეკეთებინა და ერთ პირთან მოლაპარაკების გზით წასულიყო. ის კი არა, ერთი წელი გავიდა და გორგასლის ქუჩაზე ტენდერიც არ გამოუცხადებიათ. აი, მოკლე მიმოხილვა მერიის ე. წ. მარგი ქმედების კოეფიციენტისა. _ ზემოაღნიშნული, ერთგვარად, შევაჯამოთ... _ ერთი კონკრეტული კვლევის შედეგებზე უნდა გითხრათ, რომელიც ისანში, დოესის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ეხება. მასზე ტენდერი გამოცხადდა, ჯერ კიდევ, გასული წლის ივლისში. გაიმარჯვა შპს „ემპი პლუსმა“. დედაქალაქის ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ტენდერი დასრულებული იყო და ამ კომპანიასთან ხელშეკრულება უნდა გაეფორმებინათ, ავთანდილ სუდაძემ (კეთილმოწყობის უფროსი), 25 აგვისტოს, პირადი გადაწყვეტილებით, დოესის ქუჩაზე სამუშაოები შეწყვიტა, _ ახლად აღმოჩენილი გარემოებებია ამ მისამართთან დაკავშირებით და მხოლოდ ამის გამო შევწყვიტეთ აღნიშნული ტენდერიო. შემდეგ ზუსტად იგივე მოცულობის თანხაზე, 570 ათას ლარზე, იგივე დოესის ქუჩაზე, ავთანდილ სუდაძემ უკვე ახალი ტენდერი გამოაცხადა. 16 ოქტომბერს ხელშეკრულებაც დაიდო შპს `საგზაო მშენებელ კომპანიასთან~, რომელსაც დოესის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება დაევალა. კონტრაქტით განისაზღვრა, რომ 50% ავანსის სახით უნდა ჩარიცხოდა კომპანიას და მისცეს კიდეც. დაახლოებით 225 ათასი ლარი წინასწარ ჩაერიცხა. კომპანიამ ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა და ახლა უკვე მესამედ გამოცხადდა ტენდერი იმავე დოესის ქუჩაზე. 21 მაისს 400-ათასლარიანი ხელშეკრულება გაფორმდა. ის 225 ათასი ლარი აღარსად ჩანს, თუ სად წაიღო კომპანიამ. კონტრაქტის გაწყვეტის ხელშეკრულება არ არსებობს და მერიას ეს დოკუმენტაციაც კი არ შეუქმნია. არც ის დოკუმენტაციაა, რომ საქმე პროკურატურაშია გადაგზავნილი და რომ კონკრეტულ კომპანიაზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრას. ფაქტობრივად, 225 ათასი ლარი ჩაიჯიბა და სამუშაოები ვერ დაასრულა. ამის დასტურია, რომ ამ მისამართზე უკვე ახალ კომპანიას გადაეცა საქმე. ახლა ივლისის ბოლოა და დოესის ქუჩა დღემდე დაუსრულებელია. მთელი დედაქალაქი მობილიზებული უნდა იყოს, რადგან 26 ივლისიდან 1-ლ ავისტომდე ტურისტების ყველაზე დიდი ნაკადი მოვა, რაც კი აქამდე დედაქალაქში ყოფილა, _ ახალგაზრდული ოლიმპიადა ტარდება. მიუხედავად ამისა, დედაქალაქის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ აგვისტოს ბოლოს დაიწყოს ტურისტებისთვის „ქიუარ კოდეკების“ დადგმა, რაც თავისთვად ძალიან საინტერესო და კარგი სერვისია, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ამ ყველაფრის მანამდე გაკეთება შეიძლებოდა, როცა თბილისში ყველაზე მეტი ტურისტი იქნებოდა. „ქიუარ კოდეკები“ გულისხმობს, რომ ტურისტს შესაძლებლობა აქვს, საკუთარ ენაზე მიიღოს ინფორმაცია, თუ რომელ ღირსშესანიშნავ ისტორიულ ობიექტზე იმყოფება, როგორია მისი წარსული და ა. შ. აქვე ერთ პირთან მოლაპარაკების გზით დედაქალაქის მერიის მიერ ბოლო გაფორმებულ ხელშეკრულებაზე უნდა ვთქვათ: 14 ათასი ლარით დაკონტრაქტდა ოლიმპიური ფესტივალის ლოგოებითა და სიმბოლიკებით საავტომობილო გვირაბის მოხატვა, რაც მორიგი არანორმალური მიდგომაა. ბავშვმაც კი იცოდა, ეს ოლიმპიადა სად და რა რიცხვებში უნდა გამართულიყო, რასაკვირველია, ამაზეც ტენდერი შეიძლებოდა გამოცხადებულიყო. აქვე უნდა შევეხოთ გაჩერებების ამბავს. ეს იყო კომიკური სიტუაცია და სახე დედაქალაქის მთავრობისა. კონკრეტული მისამართებიდან გაჩერებების მოსაცდელების მოპარვა დაიწყეს და ოლიმპიურ სოფელში მიიტანეს. ამაზე გაბრაზებაც არ შეიძლება. დედაქალაქის მერიისა და ნარმანიას უუნარობის სიმბოლო და ერთ-ერთი მაგალითია, თუ როგორ ვერ შეძლეს ელემენტარული გაჩერებების მოწყობა. მოსახლეობას განა უთხრეს, რომ ახალს მიიტანდნენ, როცა გაჩერებები მიჰქონდათ _ არა, უკან დაგიბრუნებთ, ოლიმპიადა როცა დასრულდებაო! მას შემდეგ, რაც ამაზე მედიაში, სოციალურ ქსელში ერთი ამბავი ატყდა, მერიამ ყურები გამოიფხიკა და მისამართებზე ახალი გაჩერებები მიიტანეს. ე. ი შესაძლებელი ყოფილა თუნდაც ერთ დღეში ახალი მოსაცდელებს გაკეთება. სამწუხაროდ, ერთი წლის თავზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ დედაქალაქის მერია აბსოლუტურად ქმედუუნაროა. _ სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ? _ თქვენი გაზეთის საშუალებით დავაანონსებ:. აქამდე ა/ო „მონიტორინგის ცენტრი მედიატორი“ კონკრეტული კვლევებითა და დოკუმენტაციის გასაჯაროებით, შემდეგ სამართალდამცველი ორგანოებისთვის მათი მიწოდებით იყო დასაქმებული. სამწუხაროდ, რეაგირება არ არის. კონკრეტულ საქმეებზე გამოძიება დაიწყო, მაგრამ ამას იქით საქმე არ მიდის. სექტემბრიდან ქალაქის მერ დავით ნარმანიას თავისუფლად ამოსუნთქვის საშუალებას არ მივცემთ. დედაქალაქის ყველა უბანში, სადაც კი მივა, მოსახლეობასთან ერთად დავხვდებით და კონკრეტულ პრობლემებს გავაცნობთ, დასვამთ კონკრეტულ საკითხებს, რა დაპირებებიც ჰქონდა. ერთი წელი ნორმალური ვადაა, რომ სწორად დაეგეგმა ის მიმართულებები, რა გზითაც აპირებს კიდევ ორწელიწადნახევარი მუშაობას. დედაქალაქი, ლამის, თავზე დაგვენგრა. გასაგებია, რომ წინა ხელისუფლებას ბევრი შეცდომა და პრობლემა ჰქონდა, სწორედ ამის გამო წააგო არჩევნები, რომ ახალს და უკეთესს ელოდნენ დედაქალაქელები. ჩვენ აღარ მივიღებთ არგუმენტს, რომ ეს სხვისი დატოვებული პრობლემებია. ასევე ყველაზე მწვავედ დავაყენებთ ავარიული კორპუსების პრობლემას. ნარმანია გეგმავდა, რომ ეს იქნებოდა მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტი. ერთი წლის განმავლობაში ყველაზე ნაკლები ავარიული კორპუსი შეაკეთეს წინა წლებთან შედარებით. ე.ი. დედაქალაქის მთვრობას ვპირდებით, რომ სიცოცხლეს გავუმწარებთ. მერი თავისუფლად კეკლუცობას ვერ შეძლებს და არც ერთ სიცრუეს აღარ ვათქმევინებთ.  

                                                                                              გელა მამულაშვილი

 

გაზიარება