აგვისტოს ბოლოს, სექტემბრისკენ, ცხინვალში დიდი საკადრო გადაადგილებები იწყება. პირველად ამდენი წლის შემდეგ ყველაზე გამოცდილ პოლიტიკოსს, ბორის ჩოჩიევს თანამდებობიდან ათავისუფლებენ. ის ახლა პრეზიდენტ თიბილოვის ადმინისტრაციის უფროსია და როგორც ცხინვალში ხუმრობენ, პრეზიდენტი მუშაობს მასთან და არა _ პირიქით.
სინამდვილეში, პირველი კაცი ვინც იყო, ის მიდის. ცხადია, ეს გადაწყვეტილება ცხინვალის თვითმარქვია ხელისუფლებას არ მიუღია და აშკარად მოსკოვის ხელი ურევია. რუსებს დიდი ხანია, ჩოჩიევის მანდ მუშაობა არ უნდოდათ, მაგრამ მაინც უნარჩუნებდნენ სამსახურს. ახლა რა მოხდა, არ ვიცით, მაგრამ პრეზიდენტის მრჩევლად გადაჰყავთ. მრჩეველი კი, ფაქტობრივად, ის ფიგურაა, რომელსაც, როგორც წესი, არავინ არაფერს ეკითხება ხოლმე. ასე ვთქვათ, იშლება ძველი გვარდია და მარტო ჩოჩიევი არ რჩება ობსაიდში. თიბილოვის ძველი მეგობარი _ დომენტი კულუმბეგოვი, ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრიც, დაემშვიდობება სავარძელს. კულუმბეგოვს ერთი წელია, რაც პრემიერობა ჩააბარეს, მაგრამ ვერაფერი გააკეთა, ფულის გარდა.
კულუმბეგოვის ადგილს კი ცხინვალის ამჟამინდელი მერი, ალან ალბოროვი დაიკავებს. ალბოროვზე ამბობენ, რომ იგი პოლიტიკოსი არ არის, საქმეების კარგი შემსრულებელია და მეტიც რა უნდა მოსკოვს? ამიტომაც ბრძანდება მისაღები კანდიდატურა ამ შემთხვევაში. სხვათა შორის, ქართველების მიმართ ლოიალურად გახლავთ განწყობილი, მისი ცოლი გორიდანაა, სადაც ახლო ნათესავები დღემდე ჰყავთ და ურთიერთობენ. თვითონ ალბოროვი კი დიმიტრი სანაკოევის ნათესავია, რომლის მეუღლეც ალბოროვია და ისინი ერთ სადარბაზოში ფლობენ ბინებს ვლადიკავკაზში. ერთი შეხედვით ძნელი სათქმელია, თუ რატომ გაკეთდა აქცენტი ქართველების მიმართ თითქოსდა დადებითად განწყობილ ადამიანზე? მაგრამ, როგორც ამბობენ, ქართველებთან დამოკიდებულება არაფერ შუშია და მას ეს ხელს არაფერში უშლის. მისი მთავარი „ღირსება“ კი ის არის, რომ ალბოროვი რამდენჯერმეა ნასამართლები სისხლის სამართლის დანაშაულზე, კერძოდ ადამიანის გატაცებასა და გამოძალვაზე, მაგრამ ეს ცხინვალში არავის უკვირს, პირიქით _ სამეცნიერო ხარისხადაც ითვლება. როგორც ჩვენი წყარო იტყობინება, კრიმინალთა თანამდებობაზე დნიშვნა ცხინვალში ჩვეულებრივი ამბავია, რადგან ასეთ ხალხს, ფულის გარდა, არაფერი აინტერესებს. სამაგიეროდ, სხვაზე ყველაფერზე სიხარულით მოაწერენ ხელს, მათ შორის, რეგიონის რუსეთთან საბოლოო ასიმილირებაზეც, ანუ იოლად სამართავები არიან. არადა, თავიდან ეს ალბოროვი პრეზიდენტ თიბილოვის მოწინააღმდეგეთა ბანაკში იყო. თიბილოვს საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა აქვს ალბოროვთან, მაგრამ ალბოროვს ძალოვნები _ შს მინისტრი ლავოევი და დაზვერვის შეფი სოსლან გათიკოევი უჭერენ მხარს. პრემიერადაც სწორედ ისინი ლობირებენ. თავისთავად ცხადია, ეს ყველაფერი მოსკოვის ნება-სურვილით ხორციელდება და რუსეთი ბოლომდე გამყარებულ პოზიციებს რეგიონში სხვა საკადრო ცვლილებებით საბოლოოდ ისე გაიმყარებს, რომ მთელ ე. წ. სამხრეთ ოსეთში დამოუკიდებლობის მოსურნე ერთი კაციც კი არ დარჩება. ასეთი, პრინციპში, არც მანამდე იყო ვინმე, მაგრამ საქართველოს წინააღმდეგ პროვოკაცია, თავის დროზე, ხომ სწორედ ამ მოთხოვნით დაიწყო ცხინვალმა და რუსეთი დღეს ამ რეალობის წაშლასაც ცდილობს.
დავით დევიძე