„ქრონიკა+“-ის წინა ნომერში გამოქვეყნდა ადვოკატ სოსო ბარათაშვილის ინტერვიუ, სადაც ის დეტალურად ყვება, ორ დღეში როგორ აღადგინა სამართლიანობა ბიზნესმენ თამაზ ნიჟარაძის საქმეზე მთავარი პროკურატურის სპეციალურმა დეპარტამენტმა, რომელიც ქონებაჩამორთმეულთა საქმეებს სწავლობს.
გაზეთის დღევანდელი ნომრის სტუმარია „ტრანს ოილ ჯგუფის“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი, რევაზ ხვედელიძე, რომელიც მოგვითხრობს საკუთარ ისტორიას _ როგორ აუკრძალეს მას საქმიანობა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა და „ნაციონალების ყულაბამ“ თამაზ ნიჟარაძემ? შეთითხნილი ბრალდებით როგორ დააჭერინა ყოფილმა პარტნიორმა ნიჟარაძემ? ჩვენი რესპონდენტის მონაყოლიდან მკითხველს აუცილებლად გაუჩნდება კითხვა, _ ვისთვის აღდგა სამართლიანობა?!
რევაზ ხვედელიძე:
_ გზების მშენებელი ვარ, წლების მანძილზე სხვადასხვა ორგანიზაციაში ჩემი პროფესიით ვმუშაობდი. 1994 წლიდან ნავთობის ბიზნეში მიწევდა ყოფნა, შემოგვქონდა საწვავი, ბიტუმი, დიზელი, ძირითადად, საგზაო კომპანიებს ვამარაგებდით. კონსიგნაციაზე იყო სულ მუშაობა, მაგრამ მაშინ სხვა ხალხი იყო, სიტყვას რომ იტყოდნენ, ასრულებდნენ და იხდიდნენ. ასე მოვდიოდი წლობით. ხელისუფლება რომ შეიცვალა და „ნაციონალები“ მოვიდნენ, ცოტა ხანი ამ პროფილით კიდევ ვიმუშავე. შემდეგ მთელი ამ ბიზნესის ხელში ჩაგდება მოინდომა დავით კეზერაშვილმა, თამაზ ნიჟარაძესთან ერთად. ნიჟარაძესთან პარტნიორული ურთიერთობა 2006 წლიდან მქონდა. გამომიყენეს, შემოიტანეს პირველი ბიტუმი, ჩემს მეგობრებს ვთხოვე, რომ დაგვებინავებინა, არ იცოდნენ, როგორ და რანაირად დაეწყოთ. შემდეგ ისე მოხდა, რომ ფინანსური პოლიცია, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, შემოვარდა „ტრანს ოილ ჯგუფში“, წაიღო საბუთები თავის კომპიუტერებიანად. მანამდე არანაირი გაფრთხილება არ ყოფილა. არ ვიყავი ქალაქში, ჩამოვფრინდი და მითხრეს, რომ ასეთი რამ მოხდა ოფისში. იმ დღეს ნიჟარაძის ქალიშვილის ქორწილი იყო. ქორწილში რომ მივედი, კეზერაშვილიც იქ იჯდა, საჭმელს რა მაჭმევდა, ასეთ მდგომარეობაში ჩავვარდი, ამიტომ მივატოვე ქორწილი და წამოვედი. იცინოდნენ, თურმე, რეზო რატომ წავიდა, რამ ააფორიაქაო? ამის შემდეგ სამ დღეში გადამარიცხინეს შენახული ბიტუმის ფული. დამიბრუნეს საბუთები და მითხრეს, _ ბიტუმი საერთოდ დაივიწყე, არ გაეკარო, ეს ჩვენი თემააო! იმათ წინააღმდეგ ვინ წავიდოდა, ამისთანა შოუს რომ ჩაგიტარებენ?! წაიღეს ყველაფერი დემონსტრაციულად! მერე თამაზს ვთხოვე, საბუთები მაინც მოეცათ. დაურეკა კეზერაშვილს და თანხმობა მიიღო. როგორც საკუთარი სახლი, ისე გაიხადეს ჩვენი ოფისი. ასე დამთავრდა ეს ისტორია, ბიტუმზე ლაპარაკი ზედმეტი იყო. შემდეგ საწვავზე დაიწყო საუბარი, მხოლოდ დიდ კომპანიებს უნდა ემუშავათ და წვრილი კომპანიები გამქრალიყო. უკვე ოფიციალურად გვეკრძალებოდა ყველას შემოტანა. პრაქტიკულად, ჩვენი ფირმა უმოქმედო გახდა, რა უნდა გაგვეკეთებინა?! თამაზ ნიჟარაძესთან ერთად ცალკე კიდევ გვქონდა საერთო ქონება, ბენზინგასამართი სადგური, გემი გვყავდა და ამ გემით საქართველოში ბუნკირი კეთდებოდა. ისე მოხდა, რომ ნიჟარაძემ ამ ჩვენი საერთო გემების სარგებლობით „ნაციონალურ მოძრაობას“ შავი ფული მისცა, საარჩევნოდ სჭირდებათო... ვუთხარი, _ რას აკეთებ, ხელისულება რომ შეიცვალოს, ამას პრობლემა მოჰყვება-მეთქი. მიპასუხა, _ ამაზე კარგი ხელისუფლება გინდა? შენ თავს მიხედე, დივიდენდებს მიიღებ, ჩვენი საქმე ჩვენ ვიცითო. რამდენჯერმე მქონდა მასთან ამაზე საუბარი. მერე მე და ჩემს მეგობრებს, ვინც ამ ბიზნესით ვიყავით დაკავებულები, საწვავს თვითონ გვაძლევდნენ, შედარებით შეღავათიან ფასში, საბუთებსაც აძლევდნენ. მოკლედ, თვითონ ჩაიგდეს ხელში ეს ბიზნესი.
_ რა გახდა თქვენი და ნიჟარაძის დაპირისპირების მიზეზი?
_ დამიბარეს ფინანსურ პოლიციაში. ნიჟარაძემ მოახერხა, რომ იქ მივეყვანე. ტუღუში იყო გამომძიებელი, მითხრა, _ შენ უნდა აიღო საკუთარ თავზე ბუნკირის მოწოდებაო. ჩემი ჭაბურღილი ხომ არ მქონდა, ვეებერთელა კომპანიებს შემოჰქონდათ საწვავი და მე ვინ შემომატანინებდა? საერთოდ, საწვავის შემოტანა შეუძლებელი იყო, თუ დიდი კომპანია არ გქონდა. თვითონ შემოჰქონდათ საწვავიც და ყველაფერი. აქ ჩვენ ასე გვჭირდებაო, 15 საათი მამყოფეს იქ, _ დაგიჭერთ, თუ არ აიღებ შენს თავზეო. ნიჟარაძემ მითხრა, _ ჩემს ძმას აქვს ფირმა „ლუკასი“, ნუკრი ნიჟარაძე და კეზერაშვილი რომელ ფირმაშიც იყვნენ ერთად, ვითომ იმ ფირმას შენ აწვდიდი საწვავსო. ელემენტარულია, მე ვინ ვარ, საკუთარი ჭაბურღილი ხომ არ მქონდა, რომ საწვავი მიმეწოდებინა, როცა ქვეყანაში საწვავის შემოტანები თვითონ იყვნენ! თუ არ აიღებ საკუთარ თავზე, დაგიჭერთო. უარს რომ ვამბობდი, მითხრეს, შენს მეგობრებს, ვისაც წაღებული აქვს საწვავი, ყველას დაიჭერენო. ამ 15 საათის განმავლობაში ერთი ჩემი თანაკურსელი მოიყვანეს, საწვავზე მუშაობდა, დაიჭირეს, მილიონი გადაახდევინეს, ისე გამოუშვეს. ალბათ, ის მერე თავისას იტყვის... მოკლედ, ფიზიკურად მაყურებინეს, როგორ იჭერდნენ ჩემს ახლობლებს, თუ იმას არ იტყოდი, რასაც გეუბნებოდნენ. ვიფიქრე, თუნდაც, საწვავი მივაწოდე, მერე რა?! მოკლედ, დამაწერინეს, რომ „ლუკასს“ ვაწვდიდი საწვავს. არ ვიცი, მერე ეს რაში გამოიყენეს, გამომიშვეს. გაგრძელებები აღარ მოჰყოლია, სხვები არ დაუკავებიათ, ან რაზე უნდა დაეკავებინათ, დღემდე არ მესმის?! ვითომ, პირობა შეასრულეს, სხვები აღარ დაიჭირეს, ნიჟარაძე მათთან ერთად, ამ სახელებსა და გვარებს ასახელებდა და ამბობდა, შენ რა გინდა, მე ფულს ვიხდი, შენ არაფერი შეგეხებაო... მართლაც თვითონ შეიტანა 6 და 4 მილიონი ლარი ბუნკირების ფირმებში. ფინანსურ პოლიციაში რომ დამიბარეს, ერთი კვირის შემდეგ დამიჭირეს.
_ ფინანსურ პოლიციაში იყო თუ არა საუბარი „ლევ“ ბიზნესზე? ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ 65 მილიონი ტონა დიზელი აღმოჩნდა „ლევი“. თამაზ ნიჟარაძის, იგივე „პარაშუტას“ ძმა, ნუკრი, ამ საქმეზე გაქცეულიც იყო. ითანამშრომლეთ თუ არა გამოძიებასთან, მიეცით თუ არა ჩვენება - როგორ მუშაობდა შავი ბიზინესის სქემა, რის შემდეგაც ბუნკირების თემა დაიხურა და აღარავის გადაუბარებია?
_ გადაუბარებია რას ნიშნავს? ბუნკირებას „ვისოლიც“ აკეთებდა და აკეთებს, მაგრამ შეიძლება სწორად გააკეთო და არა ისე, როგორც ნიჟარაძე აკეთებდა. ფინანსურ პოლიციაში როცა მიმიყვანეს, მათ ყველაფერზე უკვე ჰქონდათ ინფორმაცია თვითონ ნიჟარაძისგან. მე არც იმ მებაჟეებს ვიცნობდი, ვერც ვიტყოდი და ხელსაც ვერ დავადებდი იმ პიროვნებებს, რომლებიც ამას ფიზიკურად ასრულებდნენ. ამ ყველაფერს აკეთებდნენ ნიჟარაძის თანამშრომლები, რომლებმაც შემდეგ ითანამშრომლეს ფინანსურ პოლიციასთან და მოუყვნენ, ალბათ, რაც იცოდნენ. მე პირადად საქმის კურსში არ ვარ, როგორ აკეთებდნენ ამას, ვის უკავშირდებოდნენ, ამას ყველა ასრულებდა ნიჟარაძის დავალებით.
_ ფინანსურ პოლიციაში 65 მილიონი ტონა დიზელის თემამ გაიჟღერა?
_ კი გაიჟღერა, 65 იყო თუ 75, ეს თვითონ ფინანსურმა პოლიციამ იცის. ეს სქემები ნიჟარაძემ იცოდა, თვითონ აკეთებდა ამ ყველაფერს, დააკავეს კიდევაც ის მებაჟეები. არც ერთი არ მიცნობდა მე და არც ერთს არ ჰქონია ჩემთან შეხება, მე ფიზიკურად როგორ უნდა შემესრულებინა? აკეთებდნენ და ასრულებდნენ მისი თანამშრომლები. ამიტომ ვამბობ, რომ საერთოდ გამარიდეს ამ თემას და თვითონ აკეთებდნენ-მეთქი ყველაფერს.
_ რა წაგართვათ მაშინ ფინანსურმა პოლიციამ, როცა გემები დარჩა თქვენს კომპანიას და რატომ არ ახსენებთ თქვენს კიდევ ერთ პარტნიორს, ქათამაძეს, რომელიც ასევე იყო ამ საქმეში და დღეს „ლუკოილის“ შეფია?
_ ქათამაძის მონაწილეობა ამ ფირმებთან არ ყოფილა. ჩვენ ქათამაძესთან და ნიჟარაძესთან ერთად ცალკე გვქონდა საერთო ქონება, რომელიც მივაქირავეთ ამ ფირმებს. ამაზე დავა საერთოდ არ ყოფილა. ამ ფირმაში იყო ნიჟარაძე, ქათამაძე, მეც, ერთად გვქონდა ნაყიდი ბენზინგასამართი სადგური, გემები და მანქანები, რომელიც გაქირავებული იყო.
_ გაქვთ თუ არა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ამ გემებიდან ერთი ახლახან იყიდა ბიზნესმენმა გიორგი კაპანაძემ, მეტსახელად „რიჟამ“?
_ ეს არის ჭორი, იციან ჩემი ურთიერთობა გიორგისთან და აინტერესებთ ის ამბავი, საიდან ხდება ამ გემის შესყიდვა. კაპანაძეს არაფერი გემი არ უყიდია, ეს იმდენად წარმოუდგენელია, შეკითხვა საიდან წამოვიდა, ისიც მიკვირს. ჩამოვაყალიბეთ ფირმა, ჩემი ქონება რაც იყო, იქიდან ორი გემი და ერთი ბენზინგასამართი სადგური გამოვისყიდეთ. ალბათ, იმას ფიქრობენ, რეზოს საიდან უნდა ჰქონდეს ფულიო. იციან, რომ გიორგისთან ვმეგობრობ და ჰგონიათ, ფული მან ხომ არ მომცა. ეს ეჭვი დადის, მეტი არაფერი, ან თქვენ საიდან მოგივიდათ ეს ინფორმაცია, უბრალოდ, არ მესმის? ეს კითხვა ჩემთვის გაუგებარია.
_ თქვენი მეგობრის, ზაზა ქათამაძის მეშვეობით, ცდილობდით თუ არა კეზერაშვილთან ურთიერთობის დალაგებას, რომ ამჯერად უკვე დაეჭირა თამაზ ნიჟარაძე?
_ აბსურდია, როგორ გიპასუხოთ ამ კითხვაზე? ისიც არ ვიცი, ვის მოსდის თავში ასეთი აზრები?!
_ ზემოთ თქვით, ფინანსურ პოლიციაში რომ დამიბარეს, ერთი კვირის შემდეგ დამიჭირესო, ბრალად რა წაგიყენეს?
_ აბსურდული ბრალი წამიყენეს, გამოიძიონ, თუ დამნაშავე ვარ, ადამიანები ვართ, ყველაფერი ხდება... ყველა საბუთი არსებობს... მეც შევიტანე 2012 წელს პროკურატურაში განცხადება, ხელისუფლება შეიცვალა თუ არა. დავწერე, როგორ წამართვეს, თუ რამე მქონდა, ჩემს შვილებს რაღას ერჩოდნენ თავისი ოჯახებით? თავისი მეუღლის ნაყიდი მანქანა ჰქონდა ჩემს შვილს, რატომ უნდა წაერთმიათ, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ასე როგორ უნდა მოექცე ადამიანს და ასე როგორ უნდა დაამცირო?!. რომ მოვიდნენ, მითხრეს, შენი გოგონას სახლი უნდა დათმოო, დედაშენის სახლი უნდა დათმოო, 86 წლის ქალია, სახლი არ შეუცვლია, ჩათვალეთ, რომ სახლიდან რომ გამოგეყვანა, მოკვდებოდა. ბოლოს უკვე ყველანაირად რომ ავიშალე, სახაზინო წესით დანიშნულ ადვოკატს ვუთხარი: სიმართლეს ვიტყვი და ნახავთ, რა მოხდება-მეთქი! ადვოკატი მეუბნება, _ რას ამბობთ, ბატონო რეზო, აქ მოსასმენი აპარატურაა და თქვენი საუბარი ისმინებაო. _ ვისაც უნდა, ისმინოს-მეთქი! _ გადავედი ჭკუიდან. ვფიქრობდი, ყველაფერს მართმევენ, გარეთ მიტოვებენ ოჯახს, რისთვის ვიცხოვრე?! ყოველთვის შეძლებული ოჯახი გვქონდა, ბებია-ბაბუიდან დაწყებული პროფესორები იყვნენ. ჩვენი ოჯახი მთელმა თბილისმა იცის, არასოდეს არავისთან პრობლემა არ გვქონია და ამ ადამიანის (ნიჟარაძე, _ ავტ.) გულისთვის გვართმევენ. ის დროა, სასამართლოზე უნდა წამიყვანონ და ისევ ვეუბნები ადვოკატს, _ სიმართლეს ვიტყვი, რას მერჩით, რატომ მამყოფებთ ასეთ მდგომარეობაში-მეთქი? სასამართლოებზე ჩვეულებრივი ავტობუსით მივყავდი ხოლმე, ეს რომ ვთქვი, დილის 7 საათზე გამომაგდეს და ისეთი სცენები დამიდგეს, პურის მანქანას რომ ჰგავს, იმაში, პატარა ყუთივით არის, ტერორისტები რომ გადაჰყავთ, ხელბორკილები დამადეს, ამ ყუთში ჩამსვეს, პატარა ჭუჭრუტანაა იქ საჰაერო, ვითომ მანქანა გაფუჭდა და 2 საათი მაყურყუტეს. ვგრძნობდი, რატომ ხდებოდა ეს ყველაფერი, სიმართლე რომ უნდა მეთქვა, ესენი ახდენდნენ ზეწოლას. საკუთარ თავს ვეუბნები: „რეზო, ამას უნდა გაუძლო, ხომ იცი, რატომ ხდება?!.“ ადამიანი, თურმე, ყველაფერს უძლებს... სული მეხუთებოდა, ხმას თუ ამოვიღებდი, იმ ყუთს რკინას ურტყამდნენ. ეს ყველაფერი ავიტანე და სასამართლომდე მივედი. სასამართლოზე ვხედავ, სულ სხვა პროკურორია, ჩემი ადვოკატი მეუბნება, _ ბატონო რეზო, ხმა არ ამოიღოთ, თქვენზე უკვე შეთანხმებაა და თქვენი ოჯახი ფულს იხდისო. ამ დროს, ვხედავ, ნუკრი ნიჟარაძემ მოიყვანა ცრუ მოწმე და თქვა, თითქოს ჩემმა მეგობარმა მას გადასცა ფული და ის მომიტანა. რა ფული იყო, ისიც ვერ დაასახელა, შოუ გრძელდება და უნდა მიხვდე ადამიანი, რომ რასაც უნდათ, იმას გიზამენ. _ როგორ ხარო? _ ნუკრი ნიჟარაძე დარბაზიდან მელაპარაკება, წარმოიდგინეთ! პროცესს ესწრება, აბა, მოწმე ისე ხომ ვერ მოვიდოდა? გამოჰყვა, ეტყობა, შეეშინდა, _ სად მიგყავარ, ტყუილად ხელს რომ მადებინებო. იმ კაცს, ვისზეც თქვა, რომ ვითომ ჩემთან ფული გამოატანა, 30 წელი მიუსაჯეს. ერთ „კამერაში“ ვისხედით, მომიყვა ყველაფერი. საკუთარ სახლში შვილებს ვერ მწყემსავ, როგორც ისინი იქცეოდნენ. წამოვედი სასამართლოდან, ადვოკატი ისევ მიკავშირდება, ოჯახი იხდის ფულს, რა გინდაო... კი მაგრამ, ამ ფულს დაბრუნება ხომ უნდა?! მე რაც გამაჩნია, ჩემი სამეგობროს სახლები, ყველაფერი ბანკშია დაგირავებული დღემდე. გავყიდე ერთი სახლი. დაჭერილი რომ ვიყავი, ჩემს მეუღლეს ურეკავდნენ ბანკებიდან, კრედიტი ხომ არ გჭირდებათო? ჩემი მეუღლე დიასახლისია თავისი დღე და მოსწრება. რომელ ბანკებთან ურთიერთობაზეა საუბარი? ეს ყველაფერი ჰქონდათ თვითონვე მოწყობილი, რომ შემდეგ ქონება ჩაეგდოთ ხელში. 43 წელს მაძლევდნენ, 12 წელი პირობითი მომცეს, მილიონ ნახევარი ლარი გადავიხადეთ. საპროცესო შეთანხმებით გამოვედი, პატარა ჯაყვას ჩაგიდებდნენ ჯიბეში და ადამიანი აღარ იყავი. როცა უნდოდათ, დაგიჭერდნენ.
პატარა ამბავს მოგიყვებით: ჩემი შვილიშვილის კვატროციკლი წაიყვანეს, ვუთხარი, _ შვილიშვილთან მაინც ნუ შემარცხვენთ, ბაბუა ვარ-მეთქი. იმდენი ვიბრძოლე, საპროცესო შეთანხმებაში შევიტანე ამის დაბრუნება. _ რა გაგიხდა ეს კვატროციკლი, ისეთი რაღაცები წავიღეთო... შევთანხმდით და მეგონა, მეორე დღეს დამიბრუნებდნენ. გამოვედი ციხიდან, მეორე დღეს ახლობლები, მეგობრები მოვიდნენ, რესტორანში ვისხედით. ღამის 10 საათია, მეუღლე მირეკავს, პროკურატურაში დაგვიბარეს, ის კვატროციკლი უნდა ვაჩუქოთო. მიგვიყვანეს და გადაგვაფორმებინეს. ამაზე მეტი დამცირება რაღა გინდათ?!. ასეთი ისტორია გადამხდა თავს, ეს იყო ჩემთვის ბოლო შოკი! ამის შემდეგ წავედი ხორვატიაში, ხან ბაქოში ვიყავი და ჩამოვედი ოქტომბერში, საარჩევნოდ, რომ „ქართული ოცნება“ შემომეხაზა. დედაჩემი, 86 წლის ქალიც კი წავიყვანე არჩევნებზე, ხმა რომ არ დაკარგულიყო.
_ რა გააკეთა პროკურატურამ, რა ეტაპზეა თქვენი საქმე?
_ მოკლედ, რაც მოგიყევით, ამ ყველაფერზე პროკურატურაში განცხადება შევიტანე. წართმეული მანქანების თაობაზე სასამართლოს მივმართე, თანხა შევიტანე, ადვოკატიც ავიყვანე. სასამართლოს ვთხოვეთ, მანქანები დაეყადაღებინათ, რომელიც ფინანსურ პოლიციაში იდგა. სასამართლომ გვიპასუხა, მაგ მანქანებს არ სჭირდება დაყადაღება, კარგ ადგილას დგას, თქვენ წაბრძანდითო. სასამართლოს მივმართე თუ არა, მესამე დღესვე გაუყიდიათ ჩვენთვის ჩამორთმეული მანქანები _ ახალი ხელისუფლების დროს! დავა დავიწყე თუ არა, ეს მანქანები გადაყიდეს ორჯერ. მივედით პროკურატურაში, დაგვაწერინეს განცხადება და გვითხრეს, რომ ფინანსურ პოლიციაში ასეთი რაღაცები ხდება, ჰყავთ პიროვნება, რომელსაც, თურმე, ასე 200 მანქანა აქვს ნაყიდი, მერე ის გადაყიდის და მესამე მყიდველი გამოდის კეთილსინდისიერი შემძენი. მითხრა ადვოკატმა, კიდევ შევიტანოთ განცხადებაო. რაღა უნდა შევიტანო?! მანქანები გადაგვიყიდეს, კიდევ ფულს ვხარჯავ, აღარც საშუალებაა და ამასაც თავი დავანებე. რაღა მოგიყვეთ?..
_ რამდენიმე დღის წინ მთავარმა პროკურატურამ დავით კეზერაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა. უწყების განმარტებით, საქმე მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩამორთმევას ეხება. საუბარია ფოთის პორტში ნავთობპროდუქტებისა დამშრალი ტვირთების გადამუშავებასთან დაკავშირებულ ბიზნესზე. პროკურატურის ცნობით, იმ პერიოდში ხსენებული ბიზნესის მესაკუთრეები იყვნენ მამა-შვილი თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეები. მათივე ინფორმაციით, კეზერაშვილმა ბიზნესი ძალადობის გამოყენებით, მუქარით მიითვისა...
_ პირდაპირ რომ ვთქვათ, ნიჟარაძე იყო კეზერაშვილის მოლარე. ნიჟარაძესთან შეხება მქონდა 2006 წლიდან. ეს იყო „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ადამიანი, მას მიჰყავდა ყველაფერი კეზერაშვილთან და ყველა ბიზნესს თვითონ კურირებდა, ჯართი იყო ეს თუ სხვა, ბიტუმებზე უკვე მოგიყევით... თუ ბიზნესი გინდოდა, ნიჟარაძესთან უნდა გქონოდა შეხება, მაგრამ არც ბიზნესი გამაკეთებინეს და ბოლოს ყველაფერი წამართვეს! რაც გამაჩნდა, შეძენილი მქონდა მანამდე, სანამ ბიზნესს დავიწყებდი. ეს ყველაფერი რომ ნახეს, თქვეს, რეზოს ფულიც აქვს და ცალკე გავპარსოთო. ეს იყო მათი მიზანი! ქონებას დაადგეს თვალი და ყველაფრის დასაპატრონებლად ეს ფორმა გამოიყენეს! მანქანები კრედიტით გვქონდა ნაყიდი და ისე არ გამომიშვეს საპროცესო შეთანხმებით, სანამ ოჯახს კრედიტი არ დააფარინეს. „ტოიოტა ლენდ კრუიზერში“ 52 000 დოლარი იყო გადასახდელი, ჩემმა მეუღლემ მითხრა, _ „სითი-პარკის“ ჯარიმა იყო მოსული 160-ლარიანი, სანამ არ გადაგვახდევინეს, მანამდე ციხიდან არ გიშვებდნენო. ჩემი ორი მეგობრის, ცოლისძმის სახლია დღესაც ბანკში ჩადებული, მილიონ ნახევარი ლარი კრედიტი რომ ავიღეთ, დღემდე პროცენტს ვიხდით. პროცენტმა წაიღო ყველაფერი, ვერც გამოვისყიდეთ! რა ვქნათ? ასე მოვყვებით და რასაც გავყიდით, მთელი თანხა პროცენტებში მიდის. გაყიდვითაც არ იყიდება, რომ ეს პროცენტი მაინც არ ვიხადოთ, ამ დღეში ვართ.
ამ ყველაფერს რომ ვუყურებ, არ ვიცი, რა ხდება. იმათთვის შეიძლება ყველაფრის დაბრუნება, ჩვენთვის... არაფერი შეცვლილა. ახლაც ვიბრძვით ვითომ, მაგრამ... არაფერი!.. ვუყურებთ, რომ ნიჟარაძე იბრუნებს ქონებას, თვითონ წამრთმევი. თუ კეზერაშვილმა წაართვა, ისიც, ალბათ, იმიტომ, რომ ერთმანეთში ვერ გაიყვეს რაღაცა, ან არ მიუტანა იმდენი, რამდენიც უნდა მიეტანა და იმანაც შეუსრულა... ნიჟარაძე თვითონ იყო გამომძიებელი, სისტემაში ნამუშევარი ადამიანი, რომელმაც მაგათი ხრიკები იცის. აბა, პოლიციაში რომ დამიწყებს ადამიანი იმაზე ლაპარაკს, შენს მეგობრებს დავიჭერთო... ხომ უნდა მოეძებნათ რამე, 15 საათი ზეწოლა მიდიოდა, ხან ჩამიყვანდნენ, ხან ამომიყვანდნენ, _ დაადეთ ბორკილებიო! _ ყვიროდნენ, რომ დამესახელებინა ჩემი სამეგობროდან ხალხი. ამ დროს თვითონ ასახელებდა, აი, იმას დაიჭერენ, ამას დავაჭერინებთ და ა.შ. კარგი, მე საწვავს ვაწვდიდი, ეს ყველაფერი საბაჟოს დოკუმენტაციაში ძალიან კარგად ჩანს. გამოიძიოს პროკურატურამ, თუ დასასჯელი ვარ, ერთხელ კიდევ წავალ ციხეში, დაინტერესდნენ, ნახონ... 2012 წელს შევიტანე განცხადება პროკურატურაში, არანაირი რეაქცია არ ყოფილა, არც დაკითხვაზე დავუბარებივარ ვინმეს, არც არაფერი... ფორმალურადაც კი...
თამარ ბატიაშვილი