„ქრონიკა+“-ის 23 ივნისის ნომერში დაიბეჭდა მასალა სათაურით: „რატომ ასახლებენ მოქალაქეებს გორგასლის ქუჩიდან?“ მასალაში საუბარია აღნიშნული ქუჩის #34-ში მცხოვრებ მოქალაქეებზე, რომლებმაც სააღსრულებო ბიუროდან გამოსახლების შესახებ გაფრთხილება მიიღეს. გორგასლის ქუჩაზე მცხოვრები ადამიანები აცხადებენ, რომ ისინი სამშენებლო ბიზნესის მსხვერპლნი გახდნენ. მშენებელი ფირმა „ზაალის“ დირექტორი, აკაკი გრატიაშვილი კი ამბობს, რომ მისი ბიზნესი „ნაციონალების“ პოლიტიკასა და მათგან ხელდასხმულ თაღლითებს შეეწირა, ამ ადამიანებთან ერთად კი თვითონაც დაზარალდა.
როგორც გრატიაშვილმა „ქრონიკა+“-თან აღნიშნა, სამშენებლო სამუშაოების წარმოებისთვის ვალები აიღო და მევახშეებს გადაეყარა: „მათ შორის იყო თემურ შარვაშიძე, რომელიც ჩვენთან შემოსვლას აპირებდა, როგორც ინვესტორი. ბანკის ვალი გვქონდა 72 000 დოლარი, მოვილაპარაკეთ, რომ ამ თანხას გადაიხდიდა, მოიხსნებოდა იპოთეკა, გაფორმდებოდა ჩვენს სახელზე, მერე კი, თავისთავად, მის სახელზე დაედებოდა იპოთეკა. სანამ ბანკიდან არ მოიხსნებოდა იპოთეკა, ეს ადამიანი გვენდო და თანხა თვითონ შეიტანა. თქვა, არ მინდა გამოჩენაო და თავის ძმისშვილზე, ნათია შარვაშიძეზე გამაფორმებინა. ჩემთვის რა მნიშვნელობა ჰქონდა, ვინ შემოიტანდა ფულს, ნათია თუ თემური?! ერთ კვირაში უნდა დაგვეტვირთა იპოთეკით. თემურმა განაცხადა, ნათია ახლა საზღვარგარეთ არის და ჩემს სახელზე გავაკეთოთო. გავაკეთეთ სესხის ხელშეკრულება და რა გამოვიდა, თითქოს ერთი და იგივე რაოდენობის თანხა მომცა ძმისშვილმა და შემდეგ თემურმა. მითხრა, ნათია რომ ჩამოვა, გავაუქმებთო. იქიდან გამომდინარე, რომ ის მენდო მანამ, სანამ ბანკი იპოთეკიდან მოხსნიდა, მეც გამოვიჩინე ადამიანური ფაქტორი. თურმე ამათ დამუშავებული მეთოდი აქვთ და ორჯერ წამომიყენა პრეტენზია ერთი და იგივე თანხაზე, ძმიშვილმა ცალკე და ამან ცალკე. აი, ამაზე გვაქვს ახლა დავა. ზუსტად ანალოგიური გააკეთა ფალავანდიშვილთან, გეთიანთან და კიდევ მეოთხე ადამიანია, გვარი არ მახოვს, რომელთა საქმეებზედაც უკვე დამნაშავედაა ცნობილი, ისინი კი, დაზარალებულებად. მეც დამიბარეს ვაკე-საბურთალოს პროკურატურაში, იქიდან გამომდინარე, რომ ჩემიც ანალოგიური საქმეა. მეც მაქვს გამზადებული განაცხადი, რომ მივმართო“.
„ქრონიკა+“ ცდილობდა თემურ შარვაშიძესთან დაკავშირებას, წერილობით მთავარ პროკურატურასაც კი მივმართეთ, მაგრამ ამაოდ. გაზეთში დაბეჭდილი მასალის შემდეგ შარვაშიძე თავად დაგვიკავშირდა და საკუთარი პოზიციის დაფიქსირება ითხოვა.
თემურ შარვაშიძე:
_ აკაკი გრატიაშვილი ცრუობს და ამით ცალსახად გაურბის პასუხისმგებლობას, რადგანაც ვერ ამთავრებს მშენებარე ობიექტს და ფართების შემძენების წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს ვერ ასრულებს. დღეის მდგომარეობით შპს „ზაალის“ წინააღმდეგ მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება არაერთ ქონებაზე მის მიერ დაზარალებული მრავალი ადამიანის მიერ. შპს „ზაალის“ მთლიანი დავალიანება სხვადასხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირთან შეადგენს რამდენიმე მილიონ დოლარს, რომელზედაც ამ ეტაპზე მიმდინარეობს აღსრულების პროცესი როგორც შპს-ს, ასევე გრატიაშვილის ქონების მიმართ. მსურს მოგაწოდოთ სრული ინფორმაცია _ საიდან დაიწყო ჩემი და ჩემი ოჯახის ურთიერთობა შპს „ზაალთან“. როგორც იცით, აღნიშნული კომპანია საცხოვრებელ კომპლექსს აშენებდა ორთაჭალაში, გორგასლის ქ. #34-ში. ჩემმა ძმისცოლმა, ნარგიზა შენგელიამ, შეიძინა აღნიშნულ ობიექტზე საცხოვრებელი ფართი და გადაიხადა 50 000 აშშ დოლარი. მივმართეთ ბატონ გრატიაშვილს და მოვთხოვეთ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება. მან გვითხრა, რომ ვალდებულებას ვერ შეასრულებდა, რადგან ობიექტზე სამუშაოების დასაწყებად სჭირდებოდა გარკვეული თანხა. ასევე განაცხადა, რომ მთელი ობიექტი ოპოთეკით ჰქონდა დატვირთული „ვითიბი ბანკში“ და ბანკი რამდენიმე დღეში მოახდენდა ობიექტის რეალიზაციას. თავიდან საუბარი იყო 100 000 აშშ დოლარზე, შემდგომ ეს რიცხვი გაიზარდა 200 000 აშშ დოლარამდე. მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი რისკის მატარებელი ქმედება იყო, მაინც გადავწყვიტეთ, ფინანსურად დავხმარებოდით, ობიექტი რომ დამთავრებულიყო და ჩვენ მიერ შეტანილი 50 000 აშშ დოლარიც არ დაგვეკარგა. ჩემმა ძმისშვილმა, ნათია შარვაშიძემ, შპს „ზაალს“ სესხის სახით გამოუყო 100 000 აშშ დოლარი, 2011 წლის 4 ივლისს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება და დამოწმდა სანოტარო წესით. ამ თანხით „ვითიბი ბანკის“ სესხი დაიფარა და ობიექტი გამოიხსნა. ბანკის ანგარიშზე თანხა უშუალოდ შეიტანა ნათია შარვაშიძემ. ამის შემდგომ შპს-ს დირექტორმა სამუშაოების დასაწყებად მოითხოვა 100 000 აშშ დოლარი და აღნიშნა, რომ ობიექტს ერთ წელიწადში დაამთავრებდა. ამაზეც გამოვიჩინეთ კეთილი ნება, აღნიშნული თანხა გადავეცით 2011 წლის 12 ივლისს, რომელიც გაფორმდა ნოტარიულად და, შესაბამისად, სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა გორგასლის #34-ში მდებარე ქონება. სრული აბსურდია, როდესაც შპს-ს დირექტორი სტატიაში საუბრობს ერთსა და იმავე გაცემულ თანხაზე, რადგანაც თითოეული ხელშეკრულება გაფორმებულია კანონით დადგენილი წესით. ეს არის გრატიაშვილის მიერ ცინიზმითა და უპასუხისმგებლობით გამოწვეული ქმედება, რომელსაც სურს სიცრუისა და უსაფუძვლო განცხადებების ტირაჟირება. შპს „ზაალის“ დირექტორი რამდენიმე წელია, ატყუებს მობინადრეებს მშენებლობის გაგრძელების იმედით. ამასობაში წლები გადის, აშენებულია მხოლოდ ორი სართული, რომელიც უკვე დანგრევის პირასაა.
რაც შეეხება მის მიერ გაჟღერებულ ბრალდებას ირაკლი ალასანიასთან მეგობრობის საკითხზე და იარაღის შემოტანის თემას, ეს უკვე კლინიკური შემთხვევაა და მძიმე ფსიქოზურ მდგომარეობაში ჩავარდნილი ადამიანის საუბარს ჰგავს, რომლისთვისაც არ არსებობს ამქვეყნად არაფერი ღირებული, გარდა სიცრუისა და თაღლითობისა. ბატონი გრატიაშვილი დღემდე საოცარი მეთოდებით ცდილობს როგორც მობინადრეების, ასევე საზოგადოების სიცრუეში შეყვანას. ვალდებულებების დარღვევის შემდგომ არაერთი თვე მივეცით, რომ გამოესწორებინა მდგომარეობა ობიექტზე, თუმცა მან თანხები მიითვისა, ობიექტი კი არ ანაღვლებდა. ამიტომ მივმართეთ სამართლებრივ გზებს, რათა აღგვედგინა დარღვეული უფლებები. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში ჩემმა ძმისცოლმა შეიტანა სარჩელი, მოითხოვა თანხის უკან დაბრუნება და ზიანის ანაზღაურება. შპს-ს სრულად დაეკისრა თანხა და გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა. ამჟამად მიმდინარეობს სააღსრულებო პროცესი. ასევე სასამართლოში სარჩელი შეიტანა ნათია შარვაშიძემ და თანხის უკან დაბრუნება მოითხოვა. შპს-ს სრულად დაეკისრა თანხის დაბრუნება და გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა. სასამართლო პროცესზე ანალოგიურად საუბრობდა გრატიაშვილი, რომ ეს იყო იდენტური ხელშეკრულებები, რაც წარმოადგენდა ერთხელ გაცემულ თანხას, რაზედაც სასამართლომ უარი უთხრა და არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა უსაფუძვლობის გამო. სამართლებრივი გზით მეც შევძელი ნაწილობრივ ჩემი უფლებების აღდგენა. ვიტოვებთ სამართლებრივ გზას, რომ საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის და მორალური ზიანისთვის სასამართლო გზით პასუხი აგოს დირექტორმა გრატიაშვილმა.
მინაწერი: მასალა დასაბეჭდად მზად იყო, როდესაც თემურ შარვაშიძემ მოგვაწოდა დოკუმენტი, სადაც ფირმა „ზაალი“ ვალდებულებას იღებს პირველ ოქტომბრამდე დაფაროს არსებული დავალიანებები.
თამარ ბატიაშვილი