5 ივლისს გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ყვარელში მცხოვრებ ოთარ სეფაშვილს წინასწარი პატიმრობა არ მიუსაჯა და იგი დარბაზიდან მხოლოდ ჯარიმის გადახდის მოთხოვნით გაათავისუფლა, ჯარიმა კი პოლიციელის დაუმორჩილებლობისთვისა და წანააღმდეგობის გაწევისთვის დაეკისრა. თუმცა მანამდე ყვარლის პოლიციის თანამშრომლებმა საღსალამათი კაცი სახლიდან წაიყვანეს, რამდენიმე საათის შემდეგ კი საავადმყოფოში ყურის ტკივილის მიზეზით გადაიყვანეს, სადაც აღმოჩნდა, რომ სეფაშვილს სხეულზე დაზიანებები ჰქონდა, ხოლო პოლიცია განმარტავდა, რომ სეფაშვილი ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. მოგვიანებით, სასამართლოზე აღმოჩნდა, რომ სეფაშვილის პასუხი ნარკოლოგიურიდან მხოლოდ სამი დღის მერე იქნებოდა და მისი ოპიუმზე დამოკიდებულების მტკიცებულება არ არსებობდა. ახლა რას ამბობენ ყვარელში?
თინა ფეიქრიშვილი _ ყვარლის მკვიდრი:
„პოლიციის უფროსი გვყავს ისეთი, რომ ზარს სცემს მთელ ყვარელს, ჩვეულებრივი ამბავია მაგ შენობაში დაპატიმრებულის ცემა-ტყეპა, თავის გახეთქვა, მერე საავადმყოფოში გადაყვანა, დაშინება და საქმის მიჩქმალვა“.
ლევან სეფაშვილის ძმა:
„ადგილობრივი პოლიციის თანამშრომლებმა, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, სახლიდან წაიყვანეს და სცემეს, რამდენიმე საათის შემდეგ კი დაკავებული რაიონულ სამედიცინო ჰოსპიტალში ყურისა და თავის არეში ტკივილების ჩივილით მოათავსეს. ექიმების თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური იყო, რის გამოც პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ სახლში გაწერეს. სასამართლო დარბაზიდან განთავისუფლებულმა სეფაშვილმა კი განაცხადა:
დაკავების შემდეგ მას შს ყვარლის რაიონული პოლიციის სამმართველოში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ის ყვარლის პოლიციის უფროსის, გიორგი ფარეშიშვილის წინააღმდეგ გენერალურ ინსპექციას მიმართავს“.
თელავი _ სოფელი სანიორე
სოფელ სანიორეში მცხოვრები გურამ მელიქიშვილი გულს მაშინ იხარებს, როცა ანკესს მხარზე გაიდებს და ალაზანზე ან ლოპოტაზე სათევზაოდ წავა, მაგრამ ამბობს, რომ ეს მხოლოდ ახალგაზრდობაში ხდებოდა, ახლა ამის დრო ნაკლებად რჩება... თუმცა, მისგან განსხვავებით, მისივე თქმით, სხვანაირად ფიქრობენ თავად პოლიციაში მასზე. იგი თელავის კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს. შემთხვევა, რომელზედაც 56 წლის მამაკაცი ყვება, გუშინ კრიმინალური პოლიციის შენობაში მოხდა.
როგორც მელიქიშვილი ამბობს, მას პოლიციელები უკანონო თევზჭერაში უსამართლოდ ადანაშაულებდნენ, მუშტი-კრივით კი მას შემდეგ გაუსწორდნენ, რაც მათთვის სასურველი ჩვენების მიცემაზე უარი განუცხადა.
მისივე განმარტებით, ცემის მერე პოლიციელებმა მდინარე ალაზნის ტერიტორიაზე ძალით წაიყვანეს, რაღაც ხელნაკეთი თევზჭერის ელექტროაპარატი ხელში დააკავებინეს და ფოტოები გადაუღეს.
ამის მერე კი კაცი სახლში გამოაგდეს და ნაცემ-ნაბეგვი ძლივს მოვიდა სოფლამდე. ტანზე ძალადობის კვალი აღენიშნება, მელიქიშვილის ოჯახი დროულ გამოძიებას და პოლიციელების სათანადოდ დასჯას ითხოვს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდამცველების მხრიდან მოქალაქის ცემის ფაქტს უარყოფს, უკანონო თევზჭერის შემთხვევას კი ადასტურებს. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის მე-300 მუხლით, რაც ერთ წლამდე პატიმრობას, ან ფულად ჯარიმას ითვალისწინებს.
ახმეტა
აქ კი ის შემთხვევაა, სადაც დაზარალებულმა არც პოლიცია გამოიძახა და არც პოლიცია ჩაერია დაზარალებულის ცემა-ტყეპაში. ბოლო კვირა მაქსიმალურად ვეცადე, ვინმესგან კომენტარი ამეღო, მაგრამ ყველა კადრს მიღმა არჩევდა საუბარს, საკუთარი გვარისა და სახელის დაფიქსირებისგან კი თავს კი არ იკავებდნენ, მეხვეწებოდნენ, ხმა არ ამომეღო და არ მეთქვა, მათი ვინაობა.
24 ივნისი. ქალქი ახმეტა. დასასვენებელი ბაღი. ხეივანი. პოლიციის შენობიდან 20 მეტრით დაშორებულ ტერიტორიაზე ნასვამ ტაქსის მძღოლსა და ახმეტის პოლიციის ყოფილ უფროსს შორის შელაპარაკება ხდება. მძღოლი პოლიციის ყოფილ უფროსს უხსენებს, თუ როგორ ჩამოართვა რამდენიმე წლის წინათ მას ავტომობილი და საჯარიმო სადგომზე გადაიყვანა იმ მიზეზით, რომ მძღოლს მართვის მოწმობა არ გააჩნდა. ძველი ისტორიის გახსენებამ დაპირისპირება გაამძაფრა, შელაპარაკება ზღვარს გადავიდა, ჩხუბი ფიზიკურ დაპირისპირებამდე მივიდა, ყოფილმა პოლიციის უფროსმა კუთვნილი იარაღით დაშინება სცადა, მაგრამ უშედეგოდ. მალე ჩხუბში ახმეტის „შავები“ ჩაერივნენ, ჩხუბი კი იმ ზომამდე მივიდა, რომ პოლიციის ყოფილ უფროსს სასტიკად სცემეს და კუთვნილი იარაღი წაართვეს.
პოლიციის შენობიდან დაახლოებით 20 მეტრის მოშორებით მომხდარ ამ ჩხუბს ძალოვანი სისტემის თანამშრომლები შორიდან ადევნებდნენ თვალს, თუმცა არც ერთი არ ჩარეულა კანონის აღსასრულებლად. პოლიციის ყოფილი უფროსი ზურაბ ფილაშვილია, რომელიც მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. არც იქ ჩარეულან სამართალდამცველები, პაციენტი კი 2 საათის შემდეგ სახლში გამოწერეს.
ამ ჩხუბამდე რამდენიმე კვირით ადრე ყოფილ პოლიციელს, მალხაზ ხუბეჯაშვილს, მეტსახელად „მოურავს“, ახმეტის „კაი ბიჭები“ ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიაში თავს დაესხნენ. „მოურავმა“ მიმდებარე ტერიტორიას ბედზე გამოასწრო. არც მაშინ ჩარეულა პოლიცია! ზურაბ ფილაშვილმა ხან ნაცნობების, ხან კი უცნობების პირით რამდენჯერმე შეუთვალა ახმეტის „კაი ბიჭებს“, იარაღი დაებრუნებინათ, თუმცა უშედეგოდ.
ზემოთ მონათხრობიდან გამომდინარე, კახეთი განგსტერების მხარედაა ქცეული: რეგიონი, სადაც ვაჰაბიზმი მძვინვარებს,
რეგიონი, სადაც პოლიცია ინერტული და პარალიზებულია, რეგიონი, სადაც ადამიანის სიცოცხლეს თავად პოლიცია უქმნის საფრთხეს, რეგიონი, სადაც კუთვნილ იარაღს ისე „აგახევენ“, რომ ვერც კი მოითხოვ, ან დაიბრუნებ! მაგრამ აქაც გვაქვს ლირიკული გადახვევ-გადმოხვევები: მზე ჩვენთან ისევ აღმოსავლეთიდან ამოდის, დედოფლისწყაროში გზები შენდება და კეთდება, თელავში კი გზები ითხრება და გზააბნეულები დავდივართ.
მოკლედ, თბილისში ხალხი ქუჩაში ვეფხვისა და აფთრის შიშით გარეთ ვერ გამოდიოდა, ჩვენ კი პოლიცია და „კაი ბიჭები“ გვაშინებენ.
პრემიერის კუთხე პოლიციელებისგან და ძველი ბიჭებისგან გალახული და შეურაცხყოფილია.
მარანში კი სრული სიმშვიდეა!
P.S. შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას არ ადასტურებს.
მაკა მოსიაშვილი