QronikaPlus
„ეროვნული გამოცდების ეს ფორმა ცოდნის დონეს აგდებს?!“

„ეროვნული გამოცდების ეს ფორმა ცოდნის დონეს აგდებს?!“

2015-07-12 07:43:16

თბილისი ერთიანი ეროვნული გამოცდების მორიგმა ციებ-ცხელებამ მოიცვა. თავის დროზე, რადიკალურმა საგამოცდო რეფორმამ ის შედეგი მოიტანა, რომ ე. წ. ჩაწყობებს, ღია აღებ-მიცემობას ბოლო მოეღო, მაგრამ ქართული განათლების სისტემა ურთულესი გამოწვებების წინაშე რჩება. არსებული ინფორმაციით, მოსწავლეთა და სტუდენტების აკადემიური მოსწრების საშუალო მაჩვენებელი წლიდან წლამდე უარესდება. ექსპერტები განგაშის ზარს რეკენ და ხელისუფლებისგან რეაგირებას მოითხოვენ. ერთიანი ეროვნული გამოცდების მიღწევებსა და პრობლემებზე „ქრონიკა+“ განათლების საკითხებში ექსპერტ მანანა ნიკოლაიშვილს ესაუბრება: _ ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებულ მიღწევებზე საუბარი ძალიან რთულია, როდესაც უნივერსიტეტში უცოდინარი ახალგაზრდობა მოდის. _ ამ რეალობის სათავე სად არის? _ რასაკვირველია, ამას მარტო ერთიან ეროვნულ გამოცდებს ვერ დავაბრალებთ. სკოლებში განათლების ხარისხი დაცემულია! ეს სააკაშვილის მთავრობამ გააკეთა, როდესაც სკოლებში სასწავლო საათების რიცხვი შეამცირა. ბავშვებს კვირეული დატვირთვა, ყველა საგანში საათების რაოდენობა შეუმცირა, ამიტომ საქართველოში ყველა მასწავლებელი მცირესაათიანია. ათიათასობით პედაგოგი სახლში გაუშვეს. ეს 2004 წელს მოხდა და `ქართული ოცნების~ ხელისუფლებამ მოსვლის შემდეგ ეს საათები არ დაამატა. გაუგებარია, რას ელოდებიან, რატომ არ ამატებენ? ამ დროს ფუჭია განათლების ხარისხის აწევაზე საუბარი, ამას რით გააკეთებ? მათემატიკა კვირაში რომ 4 საათია, ქართული 4-5 საათია, ამით აწევ სწავლების ხარისხს? როდესაც 12, 11, 10, 9 და 8 საათი მარტო ქართულის დატვირთვა გვქონდა! თან ექვსდღიანი სწავლება იყო. დამამთავრებელ კლასში ფიზიკა ექვსდღიანი სწავლებიდან 5 საათი ისწავლებოდა. როცა ხუთდღიანი იყო, ყოველდღე ტარდებოდა ფიზიკის გაკვეთილები. არ ვიცი, ადამიანს სინდისი რა მდგომარეობაში უნდა გქონდეს, რომ გამოხვიდე და მასწავლებლისკენ გაიშვირო თითი? ამ ურთულეს საგანს (ფიზიკა) კვირაში ორი საათი, ისიც დიდი ბრძოლის შემდეგ მივანიჭებინეთ, საერთოდ ამოაგდო წინა ხელისუფლებამ. ტრიმესტრულ სწავლებაზე გადაიტანეს ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია, ფუნდამენტური საბუნებისმეტყველო ურთულესი მეცნიერებები, თვენახევარი და ორი თვე ასწავლიდნენ წლის განმავლობაში თითოეულ საგანს. როგორი იქნება ამ სიტუაციაში მოსწრება? რასაკვირველია, ხალხი ჩაიჭრება და დაბალი ნიშნები დაიწერება. ამიტომ ვერ ვიტყვი ასე ხელაღებით, რომ ეროვნულმა საგამოცდო პროცესმა დადებითი შედეგი გამოიწვია. ამ გამოცდების შედეგად უმაღლეს სასწავლებლებში ხვდება ხალხი, რომელსაც არანაირი დამაკმაყოფილებელი დონე არ აქვს. მესმის, რომ სკოლის ბრალია, მაგრამ არც გამოცდების ეს ფორმა აკლებს ხელს. _ რა კონკრეტულ ხარვეზებს გამოყოფთ? _ როგორ შეიძლება, ეს პროცესი არჩევითი იყოს? სპეციალურ საგანს ერთს აბარებს ბავშვი ფაკულტეტზე და იმასაც არჩევითს. ტექნიკურ უნივერსიტეტში, საინჟინრო ფაკულტეტებზე ბავშვი ეწყობა და მათემატიკას, ფიზიკას ან ქიმიას კი არ აბარებს (იქ, ძირითადად, ეს სამი საგანი ისწავლება), არამედ ისტორიას, გეოგრაფიას ან ბიოლოგიას. არც კი ვიცი, ამას რა ვუწოდო _ ეს შეგნებულად გაკეთებული მავნებლობაა, მეტი არაფერი! კი ბატონო, ყველა ვხედავდით, რომ ბოლო წლებში (ეროვნულებამდე) უმაღლეს სასწავლებლებში მისაღებ გამოცდებზე კორუფცია იყო მთელ რიგ ფაკულტეტებზე. მათემატიკურზე, ფიზიკურსა და ქიმიურზე უცოდინარი არ მივიდოდა და ფულს არავინ გადაიხდიდა. ეს საგამოცდო პროცესი უმაღლესებს რომ წაართვეს, ღიად ფულის აღება აღარ არის, მაგრამ გამჭვირვალეა ეს სისტემა? ჩვენ არ ვიცით, ვის შეაქვს საბუთები, ეს ინფორმაცია საჯარო არ არის. სიები საჯარო უნდა იყოს, თუ ვინ გადის გამოცდაზე და მერე ვინ რჩება. ყოველი გამოცდის შემდეგ უნდა ცხადდებოდნენ ჩაჭრილები და იდებოდეს ქულები. საჯარო პროცესი ამას ჰქვია. ამის გარეშე ვერ ვიტყვით, რომ საგამოცდო პროცესი ღიაა. პირიქით, ეს აბსოლუტურად გაუმჭვირვალე პროცესია. ვის უნდა ენდო, სიტყვას? რამდენიმე კაცს? მხოლოდ უფალია უცდომელი, დანარჩენ შემთხვევაში, ყველგან ყველაფერი შეიძლება გაკეთდეს. ამიტომ სისტემის გამჭვირვალობაზე თუ გვაქვს პრეტენზია, უნდა გამოქვეყნდეს აბიტურიენტების სია. დავუშვათ, წელს 40 ათასი აბიტურიენტია, ამდენივეს სია საჯაროდ უნდა დაბეჭდილიყო. გამოცდა ჩააბარა, ის უნდა გასწორდეს. რატომ ვერ ხერხდება ამ ნამუშევრების რაღაც გარკვეულ ვადაში გასწორება? შემდეგ მეორე გამოცდა ტარდება, ისიც უნდა გასწორდეს და შედეგი გავრცელდეს. _ რატომ არის საჭირო ამის გაკეთება? _ იმიტომ, რომ ეროვნულმა გამოცდებმა, სადაც კი ასეთი ფორმით ტარდება, ყველგან უარყოფითი უფრო მოიტანა, ვიდრე დადებითი. ეს სისტემა ცოდნის დონეს აგდებს. ეს გამოცდის სრულყოფილი ფორმა არ არის. როდესაც ბავშვი ამა თუ იმ ფაკულტეტზე აბარებს, სპეციალისტს, პროფესიონალს იმის საშუალება უნდა ჰქონდეს, რომ ამ ბავშვს ჩაეკითხოს, გამოსცადოს, გაიგოს, ესმის თუ არა მას ქიმიური მოვლენის არსი, ფიზიკური მოვლენის არსი; იცის თუ არა შეგნებულად ამა თუ იმ ნაწარმოების არსი, წვდება თუ არა მის სიღრმეებს, საერთოდ, როგორ აზროვნებს; თუ იმ ტესტებში რაღაცები გაზუთხული აქვს და მისი მომზადების დონე მხოლოდ ამით შემოიფარგლება, შემოხაზავს და მორჩა, გათავებულია საქმე. გამოცდებზე ტესტები საერთოდ უნდა აიკრძალოს, რადგან ტესტური გამოცდა ადამიანს აჩლუნგებს. რომელი ერთი გითხრათ? ეს არასრულფასოვანი მოდელია. ბავშვი ამბობს, რომ ესა და ეს ქულა მიიღო, რაღაც საგანს ასახელებს და ის ცოდნა აბსოლუტურად არასაკმარისია უმაღლეს სასწავლებელში, დონე დაბალია. ჯერ ერთი, უფრო რთული ტესტები უნდა იყოს, მაგრამ ტესტი მაინც არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ბავშვმა მთელი სიგრძე-სიგანით საგანი იცოდეს. ამიტომ გამოცდის სხვაგვარი ფორმა და მოთხოვნის დონე უნდა შემუშავდეს. სკოლაში უნდა გამოსწორდეს მდგომარეობა, მერე გამოცდის სხვაგვარი ფორმა და დონე რომ გვექნება, მაშინ მოვა ბავშვი, რომელმაც საგანი თავიდან ბოლომდე იცის, როგორც ეს ჩვენ დროს ხდებოდა. სხვათა შორის, ამ მხრივ არაფერი გვიჭირდა, როდესაც უნივერსიტეტში ურთულეს ფაკულტეტებზე ურთულესი სწავლება იყო. მიუხედავად ამისა, უამრავი წარჩინებული სტუდენტი სწავლობდა, საოცრად ძლიერები იყვნენ. მათ არავინ ეხმარებოდა, ტყუილად ნიშნებს არავინ წერდა და სწავლების ურთულესი სისტემა მოქმედებდა. ამაზე ბევრად რთული პროგრამები, მოთხოვნები და ბევრად კვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლები ასწავლიდნენ. დასამალი არ არის, რომ პროფესორ-მასწავლებლების დონემ კატასტროფულად დაიწია. ელემენტარულად, წინა ხელისუფლებამ გაყარა ეს ხალხი და `ქართულმა ოცნებამ~ კვალიფიციური ადამიანები სამუშაო ადგილებზე არ მოაბრუნა. არ ვამბობ, რომ ყველა უნაკლო იყო, მაგრამ მართლა მსოფლიო დონის ვარსკვლავები გვყავდა. ეს ხალხი სააკაშვილმა ერთი ხელის მოსმით გარეკა და მერე ბეჭედიც დაასვა _ ჩავრეცხე! ვინც მოიყვანა, ისინი რა ხარისხის ლექციებს კითხულობენ, საერთოდ, ვინ არიან? მათ შორისაც იქნება, მეტ-ნაკლებად, მომზადებული კატეგორია, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში მიუღებელი რეალობაა. სტუდენტებისგან ინტერვიუებს ვინმე იღებს, ვინმე ეკითხება მათ არსებულ მდგომარეობაზე? მაშინ ეშინოდათ „ნაციონალების“, დედ-მამას დაგვიჭერენო და ა. შ. ჩემთანაც გახსნილად საუბრობდნენ ეს სტუდენტები, მაგრამ ხმამაღლა არაფერს ამბობდნენ. ვინმემ შეცვალა ეს ხალხი? _ არავინ. „ქართული ოცნება“ დემოკრატობანას თამაშობს და უკანონო კონკურსებით ეს უვიცი ხალხი ადგილებზე დატოვა. _ სტუდენტს უმაღლესში ნორმალური განათლების მიღების საშუალება რატომ არ აქვს? _ უპირველესად, უმაღლეს სასწავლებლებში საჭირო ინფრასტრუქტურა, სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი კაბინეტ-ლაბორატორიები არ არის. ყველაზე მთავარი, _ არ ჰყავთ შესაბამისი კვალიფიკაციის პროფესორ-მასწავლებლები, ანუ ის, რაც წლების წინათ გვქონდა; არ აქვთ სათანადო სახელმძღვანელოები! რაც არის გადმოთარგმნილ-გადმოქართულებული, ვაი, ამ ქართულს! ამას სჯობია, სტუდენტმა საგანი უცხო ენაზე წაიკითხოს. ამასთან, ერთია ცოდნა, პროფესორობა, მეორეა ამა თუ იმ საგნის სწავლების მეთოდიკა. სკოლებში რომ მეთოდიკასა და ტრენინგებზე საუბრობენ, უმაღლეს სასწავლებლებში ვინმე ამ საკითხს სვამს? ამა თუ იმ საგნის სწავლების მეთოდიკას ვინმე სთხოვს ამ პროფესორ-მასწავლებლებს? ზოგმა ეს იცის, მაგრამ რას ბურტყუნებს ლექციებზე, ბავშვებს ვერაფერს რომ აგებინებს? როგორც სკოლაშია საჭირო, მასწავლებელი სწავლების მეთოდებს ფლობდეს, ასევეა საჭირო უმაღლესშიც. სტუდენტს უნდა გააგებინო, სხვანაიარად როგორ ისწავლის? ეს ყველაფერი სახლში რომ ისწავლებოდეს, არ იქნებოდა მოგონილი უნივერსიტეტები, ლექციები, სემინარები, პრაქტიკული მეცადინეობები, ლაბორატორიულები და ა. შ. ამ დროს, რა უტარდებათ ამ ბავშვებს, რა ლაბორატორია და მოწყობილობა? ბაზები აქვთ? წინა ხელისუფლებამ ქუჩაში გადმოყარა მთელი ფიზიკისა და ქიმიის ლაბორატორიები. ამიტომ შესაბამისი კვალიფიკაციისა და პროფესიონალიზმის ნაკლებობაა, პროფესორ-მასწავლებლები მეთოდურად დაოსტატებულები არ არიან. ყოველივე გამოიწვია იმ რეფორმებმა, რაზედაც ზემოთ მოგახსენეთ. ასევე პოლიტიკური ნიშნით ჩატარებულმა კონკურსებმა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შეინარჩუნა. _ მმართველი კოალიციის მოტივაციას რით ხსნით, როდესაც გაშვებული პროფესორები სამსახურში არ აღადგინა, სკოლებში საათები არ დაამატა?.. _ ამაზე პასუხი, უპირველესად, თვითონ ხელისუფლებამ უნდა გასცეს. ჩემი აზრით, მოტივაცია ის არის, რომ ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას ჩვენი მთავრობა არ მართავს. ახლა ხომ გამოჩნდა, რომ სააკაშვილი იმ რეფორმებში არაფერი დამნაშავე არ ყოფილა? წავიდა სააკაშვილი, ამათ რატომ არ შეცვალეს? იმიტომ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები ამის საშუალებას არ აძლევენ. აქ განათლებასა და მეცნიერებაში სხვა ხელი ატარებს რეფორმას. ის ხელი დღესაც არის და არ შეცვლილა. _ საიდან იმართება ეს ხელი? _ ეს საერთაშორისო ორგანიზაციებია, დიდი ფინანსები საიდან იმართება? თქვენ გგონიათ, ფინანსებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე მართავს? ან ქადაგიძე რატომ ვერ გადააყენეს? ხელისუფლება უკვე სამი წელია, შეცვლილია. ვინმე ეკითხება ამ ხელისუფლებას, ვინ იქნება ბანკის პრეზიდენტი? ეს რომ ამ ხელისუფლების პრეროგატივაში შედიოდეს, ამდენ ხანს არ შეცვლიდნენ? თუ არადა, ფინანსებს ამ ქვეყანაში ვინ განაგებს _ ჩამოდიან მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის წარმომადგენლები და ა. შ. ამიტომ ხელისუფლებაში ისეთი ხალხი უნდა მოვიდეს, ვინც ამას წინააღმდეგობას გაუწევს. თავის დროზე, 1998-2002 წლებში, დედაქალაქის საკრებულოში ვიყავი არჩეული და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გახლდით. დღესაც სახლში მიდევს ეს პროგრამა. საქართველოში 350-მდე საავადმყოფო უნდა დახურულიყო და 100 უნდა ყოფილიყო. ეს ვინ განახორციელა? ჩვენ არ გაგვიკეთებია. ჩემთან ყველა სოციალური დარგი შემოდიოდა, ჯანდაცვაც და წინააღმდეგობა გავუწიე ამ პროგრამას, _ მე ამ რეფორმას არ გავატარებ-მეთქი! და იცით, ვინ ჩამოფრინდა? _ მსოფლიო ბანკის ერთ-ერთი უპირველესი მაღალჩინოსანი, მთელი დღე კაბინეტში ვისხედით და გველაპარაკებოდნენ. არ გავატარეთ. მოვიდა მერე სააკაშვილის ხელისუფლება და ხომ გაატარა? ჰოდა, ასეთი ხალხი სურთ, იციან, ვინ მოიყვანონ ხელისუფლებაში და ვინ _ არა. _ ეროვნულ გამოცდებს რომ დავუბრუნდეთ, სად არ გაამართლა საერთო ეროვნული გამოცდების სისტემამ და სხვა რა გამოცდილება არსებობს? _ საფრანგეთში, რუსეთში, მთელ რიგ ქვეყნებში ერთიანი ეროვნული გამოცდებია, მაგრამ ჩვენნაირი ფორმით და დაბალი დონით _ არა. გამოცდების სისტემა ასე არ უნდა დარჩეს და უნდა შეიცვალოს. ოპტიმიზაცია ასეთი ფორმით უნდა მოხდეს: მეთერთმეტე კლასში უნდა ჩაბარდეს ის ოთხი გამოცდაც, რაც ახლა მეთორმეტეშია _ ქართული, ისტორია, მათემატიკა და უცხო ენა. რთული, საბუნებისმეტყველო საგნები თუ მთავრდება მეთერთმეტე კლასში, ეს საგნები რით ვერ სრულდება? ამიტომ უნდა დამთავრდეს და ბავშვები მეთორმეტე კლასში ჩასაბარებლად მოემზადონ. ეს ფუნქცია თავის თავზე სკოლებმა უნდა აიღონ. მშობლებსაც ხარჯი შუმცირდებათ, მისაღები გამოცდები იქვე, სკოლაში ჩატარდება. ეს იქნება, როგორც სკოლის დამამთავრებელი სახელმწიფო გამოცდები, ამავდროულად, ამ გამოცდებს ის დატვირთვა ექნება, რომ უმაღლესებში ახალგაზრდები ამის მიხედვით შეირჩევიან. ატესტატის ქულას უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა და დახასიათება-რეკომენდაციას. რას აკეთებს ბავშვი 12 წლის განმავლობაში, ეს აღრიცხული უნდა იყოს და ყოფაქცევის ნიშანი აღდგეს. ბავშვების ყოფაქცევის მიხედვით აკრძალულია, რომ საგანში ნიშანი დააკლო, მაგრამ მასწავლებლების უმეტესობა ამას ახორციელებს. თანამედროვე მასწავლებლებს ძალიან უჭირთ ბავშვის დაჭერა გაკვეთილზე. სკოლებში დისციპლინა მოიკოჭლებს და ეს მთელი მსოფლიოს სენია. გაბრაზებულ-გაგულისებულები იმაზე იყრიან ჯავრს, რომ ბავშვს საგანში ნიშანს აკლებენ. ამიტომ ყოფაქცევაში ნიშანი უნდა იწერებოდეს. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ თუ ყოფაქცევა დადებითი არ ექნება, მას ატესტატი არ მიეცემა. ამის გარეშე ვერც უმაღლესში ჩააბარებს. _ ეს ნაბიჯები განათლების ხარისხს რამდენად აამაღლებს? _ რასაკვირველია, შედეგი იქნება. სკოლის ავტორიტეტი აუცილებლად უნდა ამაღლდეს, სკოლის ნიშანს დატვირთვა მიეცეს. სასკოლო გამოცდები ასეთი გაუკუღმართებული ფორმით არ უნდა ჩატარდეს. ასევე, განსაკუთრებით მეორე და მესამე საფეხურზე მაღალი კვალიფიკაციის მასწავლებლებმა უნდა იმუშაონ. კანონში ჩაიწეროს, რომ პირველ საფეხურზეც აუცილებლად მაგისტრები უნდა მუშაობდნენ. რომელ ქვეყანაშია, რომ ბაკალავრიატკურსდამთავრებული სამივე საფეხურზე ასწავლიდეს, ეს სად ხდება? ამით ევროპაში შედიან, ვის ატყუებენ? მესამე საფეხურზე ხომ ურთულესი პროგრამებია. ერთი გამაგებინეთ, არასრული უმაღლესი რომ გაქვს დამთავრებული, ცოდნის დონე როგორ გეყოფა, რომ ამ საფეხურზე ასწავლო? ახლა კიდევ მასწავლებლების გამოცდას ატარებენ და ამას იმისთვის აკეთებენ, რომ ერთი სული აქვთ, როდის გაყრიან ამ მასწავლებლებს. შემოიღეს რაღაც სასაცილო, სამოცკრედიტიანი, ერთწლიანი კურსები და თურმე მეტალურგი უნდა გადამზადდეს და იქნება კარგი ქიმიის ან ფიზიკის მასწავლებელი; ვაი, ჩვენი ქვეყნის პატრონს, უბედურს. სკოლაში მაგისტრებიც არიან და უნივერსიტეტები აქვთ დამთავრებული, ყველა მომართულია იმაზე, რომ მათ არ იციან მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბილოგია და სხვ. ამ დროს, „გეპეის“ კურსდამთავრებული შვიდ და რვათვიან პროგრამას რომ გაივლის, სამოცკრედიტიანს, მას ეცოდინება და კარგი ფიზიკოსი იქნება? _ განათლების სისტემას, მთავრობას, რამდენად გააზრებული აქვს ეს რეალობა? _ ჩვენ მათ მშვენიერი პროგრამა მივეცით და კოალიცია ხელისუფლებაში ამ პროგრამით მოვიდა, მაგრამ ჩვენს მთავრობას უფლებას არ აძლევენ, რომ ქვეყანაში დადებითი და განათლების ხარისხის მაღლა ამწევი რეფორმები გატარდეს. პირიქით, ყველაფერი შემდგომ ნგრევაზეა გათვლილი. ეს ქვეყანას უცოდინარ, უდაბლეს დონეს მოუტანს. 90-იანი წლებიდან მოყოლებული, გარე რჩევებით ხომ განახევრდა სკოლების რაოდენობა, 5 ათასი იყო და ახლა 2 ათასზე ცოტა მეტი სკოლაა. ბაგა-ბაღები ხომ საერთოდ ერთი ათასი იქნება დარჩენილი, სტატისტიკა საერთოდ დახურულია მათი რჩევების საფუძველზე და კაციშვილი არ სვამს კითხვას! ხალხი გონს ვერ მოვიდა, ისეთი ხელისუფლება ვერ მოიყვანა, ვინც ამ საერთაშორისო ორგანიზაციებს წინააღმდეგობას გაუწევს. მე რომ დავხურო, შენ რას მთავაზობ? რატომ უნდა დავხურო ეს საგანმანათლებლო დაწესებულებები, როდესაც ერის ცივილიზაციის დონე განათლებით ფასდება? განათლების დონე კიდევ ამ განათლების მასობრიობით იზომება.  

                                                                                                    გელა მამულაშვილი

       

გაზიარება