გასული წლის დეკემბერში, „ქრონიკა+“-მა დაბეჭდა მასალა, სადაც წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯგალის მკვიდრი, ბადრი ბელქანია, ტრაგიკულად გარდაცვლილი შვილის საქმეზე სიმართლის გარკვევას ითხოვდა. როგორც ის აცხადებდა, მისი შვილის მკვლელობისთვის სხვა ადამიანი იხდის სასჯელს და მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურასა და სასამართლოს შესაბამისი მტკიცებულებები წარუდგინა, ყურადღება არავინ მიაქცია. ბელქანია ეჭვობდა, რომ მისი შვილის მკვლელს, სავარაუდოდ, მფარველობდნენ შს სამინისტროს მაღალჩინოსნები: ლევან იზორია და ალექსი ბაძაღუა.
„ქრონიკა+“-ში დაბეჭდილ მასალას შს სამინისტროს მყისიერი რეაქცია მოჰყვა. მათი პოზიცია გაზეთის მომდევნო ნომერში დაფიქსირდა. შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა დეტალურად აღწერა 2014 წლის 1-ლ იანვარს ჯგალში მომხდარი ავტოავარია, რომელმაც სამი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. რაც შეეხება იზორია-ბაძაღუას დადანაშაულებას რეალური დამნაშავის სავარაუდო მფარველობაში, სამინისტრომ აღნიშნა, რომ მათთვის `გაურკვეველია, რატომ ადანაშაულებენ შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორიასა და ასევე შს სამინისტროს ერთ-ერთი სამმართველოს ხელმძღვანელ ალექსანდრე ბაძაღუას ჯერ ირაკლი მებონიას, ხოლო სასამართლოს განაჩენის დადგომის შემდეგ კორნელი კვარაცხელიას მფარველობაში, ყოველგვარი მტკიცებულებისა და საფუძვლის გარეშე? შს სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ უწყების თანამშრომლებს არანაირი ზეგავლენა არ მოუხდენიათ გამოძიებაზე კორნელი კვარაცხელიას სასარგებლოდ, რასაც ადასტურებს შს სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგები“.
„ქრონიკა+“-ში გამოქვეყნებული მასალის შემდგომ ჯგალში მომხდარი ავტოავარიის საქმე შეტრიალდა და ზუგდიდის სასამართლოს მიერ უდანაშაულოდ ცნობილ კორნელი კვარაცხელიას სააპელაციო სასამართლომ 8-წლიანი სასჯელი შეუფარდა.
რა მოხდა სინამდვილეში და რა როლი ითამაშა ამ საქმეში `ქრონიკა+~-მა? ამას ჩვენი რესპონდენტების მონაყოლიდან შეიტყობთ.
ნიკა მაღლაკელიძე _ ბრალდებულ ირაკლი მებონიას მეგობარი:
_ სოფელ ჯგალში ავარია მოხდა 2014 წლის 1-ლ იანვარს. იმ დღესვე დააკავეს ავტომობილის მძღოლი, ირაკლი მებონია, ხოლო მეორე მძღოლი, კორნელი კვარაცხელია, გაათავისუფლეს. საქმის მასალებიდან გამომდინარე, გამომძიებელმა მიიჩნია, რომ დამნაშავე იყო ირაკლი მებონია. 3 იანვარს, დაახლოებით 6-7 საათისთვის, გვირეკავენ ზუგდიდის რაიონული პროკურატურიდან და გვეუბნებიან, რომ ირაკლი მებონია ავტოსაგზაო შემთხვევაში გამართლდა. ჩავედით ზუგდიდში, გამომძიებლებმა ირაკლი მებონია 3 იანვარს გამოუშვეს. ვკითხეთ, თუ რატომ უშვებდნენ? აგვიხსნეს, რომ შს სამინისტრომ შემთხვევის ადგილზე ჩაატარა ექსპერტიზა, დაკითხა მოწმეები, ჩაატარა ექსპერიმენტი, აღადგინა სურათი და დადო ექსპერტიზის დასკვნა. კახა ქებულაძე გახლავთ შს სამინისტროს ექსპერტი, რომელიც იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე. მან თქვა, რომ ირაკლი მებონია ვერ აიცილებდა თავიდან ავტოსაგზაო შემთხვევას და ეს მასზე არ იყო დამოკიდებული. ამის მერე ერთ-ერთი დაზარალებული, კვარაცხელიების ოჯახი, ატარებს აქციას, _ წალენჯიხაში ჯგალის მიმართულებით კეტავენ ტრასას და ითხოვენ, რომ გაათავისუფლონ კორნელი კვარაცხელია. ეს გახლავთ მეორე მძღოლი. აქვე გეტყვით: 3 იანვარს, როდესაც ირაკლი მებონია გამოუშვეს, დაიჭირეს მეორე მძღოლი, კორნელი კვარაცხელია. შსს-მ ის გაამტყუნა, _ მისი ბრალია, ავარია რომ მოხდაო. დაზარალებული ოჯახი ითხოვდა, 8 იანვრამდე ირაკლი მებონიას თუ არ დაიჭერთ, გარდაცვლილებს არ დავასაფლავებთ და გამგეობის შესასვლელთან დაგილაგებთო. 5 იანვარს შს სამინისტროს გამომძიებელი წერს, არ ვეთანხმები ჩემივე უწყების ექსპერტიზას, დაზარალებულის ოჯახმა მომმართა და ექსპერტიზა დავნიშნოთ ლევან სამხარაულის ბიუროშიო. ამ შემთხვევაში გამომძიებელი არღვევს კანონს, თუ არ ეთანხმება შს სამინისტროს, თავისივე უწყების მიერ დაწერილ დასკვნას, ვალდებულია, გამომძიებელმა დაასაბუთოს, რატომ არ ეთანხმება ამ ექსპერტიზას. ამავდროულად, დაზარალებულს არ აქვს უფლება, რომ მოითხოვოს, სხვაგან დაინიშნოს ექსპერტიზა, რადგან დაზარალებული, ამ შემთხვევაში, არ არის მხარე. მხარე არის პროკურატურა. დაზარალებულის ამ განცახდების საფუძველზე დაინიშნა ექსპერტიზა სამხარაულის საექსპერტო ბიუროში. ძალიან საიტერესოა: ამ ექსპერტიზის დაწერის დროს ზაქარია თეთრაძე არ ჩამოსულა შემთხვევის ადგილზე, არ დაუთვალიერებია იგი და 7 იანვარს, შობა დღეს, წერს დასკვნას, სადაც ამტყუნებს ორივე მძღოლს. ამის შემდეგ ხდება ისე, რომ ერთ საქმეში ორი ურთიერთსაწინააღმდეგო დასკვნაა: შს სამინისტრო ამართლებს ირაკლი მებონიას, ხოლო ლევან სამხარაულის საექსპერტო ბიურო ამტყუნებს ორივე მძღოლს. ასეთ შემთხვევაში, ინიშნება კომისიური ექსპერტიზა, რომელმაც უნდა დადოს ერთი დასკვნა და შეკითხვებს გაეცეს პასუხი. ამ დროს შს სამინისტროს 4 ექსპერტი ჩადის ლევან სამხარაულის საექსპერტო ბიუროში, ჯდება 6 ექსპერტი, რომ გადაწყვიტონ და დადონ ერთი დასკვნა. შს სამინისტროს 4 ექსპერტი აწერს ხელს ირაკლი მებონიას უდანაშაულობას, ხოლო ლევან სამხარაულის საექსპერტო ბიუროდან ზაქარია თეთრაძე და დავით გველესიანი აწერენ ხელს მათ მიერ შედგენილ წინა დასკვნას, რომ ისევ ორივე მძღოლია დამნაშავე.
ამასობაში, ორივე მძღოლი დაიჭირეს. ტექნიკურად აკეთებენ, უკვე სამხარაულის ბიურომ შერია ბრალი და დაიჭირეს ირაკლი მებონია. ამ დროს მთელი სოფელი და რაიონი საუბრობს, რომ მეორე მძღოლის, კორნელი კვარაცხელიას დეიდაშვილია ალექსი ბაძაღუა, შს სამინისტროს მაღალჩინოსანი, ასევე მათი ახლობელია მინისტრის მოადგილე, ლევან იზორია. სოფელში ვისაც არ უნდა ჰკითხოთ, ამას პირად საუბრებში ყველა გეტყვით, ხმამაღლა კი ეშინიათ თქმა. ამ ხალხის მფარველობით სამხარაულის საექსპერტო ბიუროში დანიშნეს ალტერნატიული ექსპერტიზა, სადაც დაწერეს დასკვნა და კორნელი კვარაცხელია გაამართლეს, ხოლო ირაკლი მებონია გაამტყუნეს. ყველაზე საინტერესო, რაც ამ ექსპერტიზაში ხდება, არის ის, რომ ლევან სამხარაულის საექსპერტო ბიუროს ერთ-ერთი ექსპერტი, რომელმაც დასკვნაში ორივე მძღოლი გაამტყუნა, ალტერნატიულ ექსპერტიზაში წერს ურთიერთსაწინააღმდეგო დასკვნას, ანუ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაში თუ წერდა, რომ ორივე მძღოლი მტყუანია, ალტერნატიულ ექსპერტიზაში გაამართლა ის მძღოლი. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომაც პირველ ინსტანციაში მიიღო ამ ექსპერტების დასკვნა, გვითხრა, რომ კორნელი კვარაცხელია უდანაშაულოა და პირველმა ინსტანციამ გამოუშვა სასამართლოდან. აქ არის უდიდესი დარღვევა, რომ ალტერნატიულ ექსპერტიზას თითქმის არც ერთი სასამართლო არ იღებს. მაია ნიკოლეიშვილი ყველაზე ცნობილი ექსპერტია და ალტერნატიული სამედიცინო დასკვნა როცა იწერება, მას არ იღებს სასამართლო, მაგრამ ზუგდიდში, ყველას გასაოცრად, მოსამართლემ ეს ალტერნატიული ექსპერტიზა მიიღო და მას დაეყრდნო. როცა ქვეყანაში ექსპერტიზის ორი სახელმწიფო ბიურო არსებობს და მოსამართლე არ ითვალისწინებს არც ერთს და ითვალისწინებს სხვა ექსპერტიზის დასკვნას, აქ უკვე სიმართლე იკარგება.
ირაკლი მებონია რომ არ არის დამნაშავე, დაამტკიცა შს სამინისტროს ორმა ექსპერტიზამ. შს სამინისტროს ექსპერტები ჩავიდნენ შემთხვევის ადგილზე, დაკითხეს მოწმეები, დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი, აქედან გამომდინარე, ჩაატარეს ექსპერიმენტი. ლევან სამხარაულის საექსპერტო ბიუროდან კი ნამყოფებიც არ არიან შემთხვევის ადგილზე. უბრალოდ, პროკურატურას სჭირდებოდა, დაზარალებული გაეჩუმებინა, რომ მიცვალებულები დაემარხათ და ამიტომ დაწერეს სამხარაულის ბიუროში ეს ბრალი. ექსპერტიზის ჩატარება რომ სდომოდათ, ჩავიდოდნენ შემთხვევის ადგილზე, დაასურათებდნენ, დაკითხავდნენ მოწმეებს და აღადგენდნენ სურათს. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ 8 იანვრამდე მოითხოვეს დრო, უნდა დაიჭიროთ მებონიაო და 7 იანვარს იწერება ექსპერტიზის დასკვნა, შობას, როცა არც ერთი უწყება არ მუშაობს. ექსპერტიზის დასკვნა არ იწერება 1-2 დღეში, იქ ჩაუსვლელად და ადგილის დაუთვალიერებლად. სამწუხაროდ, ასე გაგვიკეთეს. ბევრს გაუჩნდებოდა ეჭვი მფარველობაში, _ ასე თუა, რატომ არ გაამართლა შს სამინისტრომ კვარაცხელიაო?! იმიტომ არ გაამართლა, როცა მებონია გამოუშვეს, ესენი უკვე საქმეს აკეთებდნენ. ასე სპეციალურად მოიქცნენ, სამხარაულის ბიურომ შეარია ბრალი და უკვე მებონია დაადანაშაულეს, ალტერნატიული ექსპერტიზით კი გაამართლეს კორნელი კვარაცხელია, მოსამართლემაც ალტერნატიული ექსპერტიზის პასუხი გაითვალისწინა. ეს იყო მაგათი ხრიკი!
ირაკლი მებონიას მამიდა იმ სოფლიდან არის, სადაც ავარია მოხდა. ეს ქალბატონი გახლავთ ექიმი, რომელიც სოფლის ამბულატორიაში მუშაობს. წელიწადნახევრია, დედა-შვილი რომ გარდაიცვალა, დაზარალებული ოჯახის წევრები ამ ქალბატონს არ უშვებენ სამსახურში. დანით მიუვარდნენ, _ სამსახურში მოსული არ დაგინახოთო! ამიტომ ეს ადამიანი პაციენტებს სახლში იღებს. ყველგან დაწერა განცხადება, დახმარებას ითხოვს, რომ პაციენტები მიიღოს ამბულატორიაში, მაგრამ მისი მცდელობა უშედეგოა.
მანანა მებონია _ ბრალდებულ ირაკლი მებონიას მამიდა:
_ როცა ავარია მოხდა, სამსახურში ჩვეულებრივ დავდიოდი, მაგრამ შემდეგ ჩემ მიმართ აგრესია წამოვიდა. ფიზიკური ძალის გამოყენებით გამომაგდო სამსახურიდან გარდაცვლილი დედა-შვილის ოჯახმა. წელიწადზე მეტია, სახლში ვღებულობ ავადმყოფებს. მოტივაცია ის არის, რომ სადაც ამბულატორიაა, იქიდან მეოთხე სახლია დაზარალებულების. ამ ბიჭს უთქვამს, არ შემიძლია ყურება, მამიდააო, მაგრამ თვითონ ეს კაცი იმდენად არ არის დამნაშავე, რამდენადაც მისი გარემოცვა. ბადრი ბელქანიას ხომ იცნობთ, როგორ ეძებს შვილის მკვლელს, ადრე თქვენთანაც ხომ ისაუბრა და გაზეთში დაწერეთ, მე მიყენებენ ბრალს, რომ მოვისყიდე ბადრი ბელქანია, ასეთ რაღაცებს რომ ამბობს. არ ვიცი, რა გითხრათ!.. სოფელში არავის სჯერა, რომ ჩემი ძმისშვილია დამნაშავე. სამწუხაროდ, ამ ამბავმა პირადად მე ძალიან გამანადგურა. ყველას მივმართე განცხადებით, აწერენ ისევ პოლიციას, პოლიცია კი მეუბნება, დაცვად ვერ დაგიდგებითო. სახლში მაქვს გახსნილი ამბულატორია. ამბულატორიის შენობაში კი ჩემი მედდა ზის, რომელიც იგივე აზრისაა და მისი შვილია ამ ავარიის მთავარი მონაწილე, ამიტომ ის უჩიჩინებს დაზარალებულს, როგორც მისი სხვა ახლობლები. ჩემი სახლი სოფლიდან კილომეტრზე მეტით არის დაშორებული და, სიმართლე გითხრათ, ხალხი ძალიან შეწუხებულია. ამის გამო უნდოდათ, მიტინგი მოეწყოთ, მაგრამ ხალხი დავაწყნარე, ამასაც შანტაჟისთვის გამოიყენებენ-მეთქი. მერე ალტერნატივა მოიფიქრეს, 1027 კაცის ხელმოწერა მიიტანეს გამგეობაში, მაგრამ არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია და ხალხს პასუხი არ მიუღია. ასე ამბობენ, რომ ეს ამბავი უკონტროლოა და პასუხს ვერ აგებენ ვერავის საქციელზე. ამ დროს, ეს კაცი თავიდან არ იყო ჩემ მიმართ ასეთი აგრესიული. მთელი სოფელი ამბობს, რომ დამნაშავე მისი გარემოცვაა. ისე გადარიეს, ახლა მაგ ბიჭის დედა ამბობს, სამსახურში რომ გამოვიდეს, მანანას ჩემი ხელით მოვკლავო. ამ დროს, თავიანთი მკვდარი, სოფლურად რომ იტყვიან, ნაკლებად აინტერესებთ. მეც სოფელში ვარ და სოფლურად უნდა ვილაპარაკო, მკვდარი საერთოდ არ ახსოვთ, სხვა რამ ხდება. ცოტა სხვანაირად მისახედი საქმეა, მაგრამ ვერავინ მოვძებნე სამაგისოდ. როგორც ზაზა სოფრომაძემ მირჩია ჯანდაცვის სამინისტროში, ვუფრთხილდები ჩემს სამსახურს და ვზივარ სახლში.
ბადრი ბელქანია _ დაზარალებული, ავარიის დროს გარდაცვლილი დავით ბელქანიას მამა:
_ მხოლოდ თქვენ ინტერესდებით ჩვენი გასაჭირით, ჟურნალისტები აწარმოებთ გამოძიებას, პროკურატურა და სასამართლო კი არაფერს აკეთებს, სიმართლის თქმა არ უნდათ! სასამართლოს რომ მივაწოდე ჩემი მოძიებული ფაქტები, არც კი მიიღო. კვარაცხელია თუ მართალი იყო, რატომ დაიჭირეს?! მოსამართლემ რომ გამოუშვა, რატომ არ მოსთხოვეს პასუხი?! შვილი მომიკლეს, სანამ ცოცხალი ვარ, არ გავჩერდები, ვიბრძოლებ, პასუხი იმან აგოს, ვინც ეს ჩაიდინა!
ლედი ტუკვაძე _ მებონიების ადვოკატი:
_ დღემდე მებონიების ოჯახი დევნილია. წელიწადნახევარია, ამ ოჯახს არ მიეცა საშუალება, სახლში შესულიყო. ავარიის დეტალებზე თქვენ უკვე იცით. როდესაც „ქრონიკა+“-ში ეს მასალები გამოქვეყნდა და დაიწყო აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციის გავრცელება, მხოლოდ მაშინ შეიცვალა სურათი. სააპელაციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და მეორე პირი _ კორნელი კვარაცხელია დააკავეს. ამას თქვენს გაზეთს უნდა ვუმადლოდეთ, რომ ობიექტურად შეაფასეს. რაც შეეხება მებონიას, ეს კაცი დღემდე იხდის სასჯელს იმ დანაშაულისთვის, რომელიც არ ჩაუდენია. დღემდე ამ კაცის სიცოცხლე და უსაფრთხოება ციხეში დაუცველია, ამაზე ოჯახს ძალიან ეშინია, რომ არ მოკლან. იცით, როგორი დაუცველები არიან პატიმრები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში?! როგორც აღვნიშნე, წელიწადნახევარი ოჯახი დევნილი იყო, მათ სახლზე თავდასხმებს აწყობდნენ, მიმართეს ყველა უწყებას, თუ შეიძლებოდა ვინმესთვის მიემართათ. მგონი, ზუგდიდის სამხარეო სამმართველოში არ მოქმედებს სისხლის სამართლის კანონმდებლობა. მებონიების ოჯახში მოხუცი გარდაიცვალა, სახლიდან მიცვალებული არ გაასვენებინეს, ამაზე ფირებიც არსებობს, რომ შს სამინისტროს სამხარეოს უფროსი მონაწილეობდა და ოჯახს 2 საათი მისცა, რომ გამოესვენებინათ მიცვალებული. ქალიშვილის სახლიდან შეძლო ამ ოჯახმა გასვენება, დრო ჰქონდათ ჩართული, რომ მიცვალებულისთვის პატივი მიეგოთ.
ჯგალში მომხდარი ავარიის დროს გარდაცვლილია დედა-შვილი, ამაზე ძალიან ვწუხვარ, ოჯახისაც მესმის, მაგრამ ამ ქვეყანაში ადამიანის სიცოცხლე, უსაფრთხოება თუ დაცული არ იქნება, მაშინ რად გვინდა სისხლის სამართლის კოდექსი? თუ მებონიამ დანაშაული ჩაიდინა, 10 წელი მიუსაჯეს, რატომ უნდა აღვასრულოთ სამართალი ქუჩაში ქვით, ჩაქუჩით, დანით?.. ამ ყველაფერში შს სამინისტრო მხარს უჭერს დაზარალებულის მოქმედებას! მივმართავ გენერალურ ინსპექციას: დღემდე რატომ არ დაკმაყოფილებულა არც ერთი განცხადება თუ საჩივარი მებონიების ოჯახიდან?! რა დააშავა 21-ე საუკუნეში ბრალდებულის მამიდამ, რომ დღემდე ეს ქალბატონი სახლში იღებს პაციენტებს?! 1000-ზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა, ჩავიდა ჯანდაცვის სამინისტროში, სოფრომაძე კი ეუბნება, რომ ერთადერთი, რითაც შემიძლია დაგეხმაროთ, სახლში მიიღეთ პაციენტებიო. ამბულატორია კი ცარიელია და იქ ზის მედდა, რომელმაც დაზარალებულთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ექიმს მუშაობის საშუალება არ მისცენ! ასეთმა საქციელმა დაღუპა საქართველო და დაღუპავს კიდეც! კიდევ გეუბნებით, რომ არა თქვენი საქმიანობა და „ქრონიკა+“-ში თქვენ მიერ მომზადებული მასალა, არაფერი შეიცვლებოდა! ეს პროცესი კი ასე წარიმართა: პირველი ინსტანციის სასამართლომ კვარაცხელია გაათავისუფლა, დაიჭირეს მებონია და გამოუშვეს კვარაცხელია. ამის შემდეგ თქვენ ერთვებით, „ქრონიკა+“-ში ქვეყნდება მასალა, სადაც რესპონდენტები საუბრობენ, რომ კვარაცხელიას მფარველობენ გავლენიანი ნათესავები. ამის შემდეგ იზორიასა და ბაძაღუას პატრონაჟით იწყება საქმის მოწესრიგება, კვარაცხელიას ისევ იჭირენ და აპელაციაში, რატომღაც, 8 წელს უსჯიან. მებონიას ოჯახი კი შეშინებული და შეშფოთებულია, რადგან აბსოლუტურად უდანაშაულოა! რამდენიმე საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა, პირდაპირ დადო შს სამინისტრომ დასკვნა, გაიარეს კონსულტაციები სხვა ექსპერტებთანაც და თქვეს, რომ არ შეეძლო მებონიას ავარიის თავიდან აცილებაო. დასკვნაში პირდაპირ წერია: „მოცემულ შემთხვევაში, ტექნიკური თვალსაზრისით, მძღოლ ირაკლი მებონიას საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა არ აღინიშნება“. ეს იყო ის პირობა, რომლითაც მებონია განთავისუფლდა. ეს არ მიიჩნია სასამართლომ მტკიცებულაბად, უწყების გამომძიებელმა ექსპერტიზა ეჭვის ქვეშ დააყენა და მიმართა სამხარაულს, რომ არ ვენდობი შს სამინისტროს ექსპერტიზასო. ეს სიტუაციაა! ვსვამ კითხვას, _ სად არიან უფლებადამცველები? ხომ წარმოგიდგენიათ, რელიგიურ თუ სქესობრივ უმცირესობებს რომ პრობლემები შექმნოდათ, რა მოხდებოდა?! დღეს, 21-ე საუკუნეში, ექიმი ქალბატონი დასჯილია, შს სამინისტრო უმოქმედოა, ზის ეს ქალი საცოდავად და სახლში იღებს პაციენტებს იმის გამო, რომ ვიღაცამ ასე გადაწყვიტა!
ახლა ეს საქმე გასაჩივრებულია უზენაეს სასამართლოში და კორნელი კვარაცხელიას ოჯახი აცხადებს, _ ჩვენი შვილი მალე გამოვა, ყველაფერს შევძლებთ, რომ საპყრობილე დატოვოსო. მებონიების ოჯახი ისედაც დაჩაგრულია, ვერ შეძლეს, სიმართლე ეპოვათ. მეზობლების დახმარებით ძლივს დაბრუნდნენ სახლში. კანონის უმოქმედობაზე ვსაუბრობ! ეს ხალხი სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან გავლენას უყურებს! შეიძლება ადამიანმა ვერც ერთი უწყებიდან დახმარება ვერ მიიღოს?! ასეთი უმოქმედო იყოს შს სამინისტრო?! როგორც ჩანს, მართლაც ძალიან დიდი გავლენა არსებობს, რის გამოც სხვისი უდანაშაულო შვილი დარჩება საპყრობილეში და კვარაცხელია განთავისუფლდება საპყრობილიდან მისი გავლენიანი ნათესავების მეშვეობით!
„ქრონიკა+“ შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს დაუკავშირდა. როგორც მათ აღნიშნეს, ჩვენი რესპონდენტების ეჭვი, თითქოს ერთ-ერთ მძღოლსა და ამჟამად ბრალდებულ კორნელი კვარაცხელიას შს სამინისტროს მაღალჩინოსნები _ ლევან იზორია და ალექსი ბაძაღუა მფარველობენ, სიმართლეს არ შეესაბამება და ამის თაობაზე სამინისტრომ განცხადება „ქრონიკა+“-ის მეშვეობით უკვე გაავრცელა.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ ვერ უზრუნველყოფს პოლიცია მანანა მებონიას უფლებების დაცვას, შს სამინისტრო აცხადებს: „კობა კვარაცხელიას წინააღმდეგ წალენჯიხის რაიონულ სამმართველოში მხოლოდ ორი განცხადებაა შესული, რაზედაც ქვემოთ დაწვრილებით მოგახსენებთ. კობა კვარაცხელიას წინააღმდეგ მანანა მებონიას საჩივარში საუბარი იყო სიტყვიერ შეურაცხყოფაზე. სამართალდამცველებმა გამოკითხეს ორივე მხარე. კვარაცხელიამ უარი განაცხადა ხელწერილის დაწერაზე, თუმცა პოლიციისგან მაინც მიიღო გაფრთხილება. მეორე საჩივარი კობა კვარაცხელიას წინააღმდეგ კოლექტიური ხასიათის იყო, სადაც ამბულატორიის თანამშრომლები ითხოვდნენ მანანა მებონიას უსაფრთხოების დაცვას, რაზედაც დაიწყო წინასაგამოძიებო მუშაობა. შემდგომი მოქმედებები პროკურატურის გადაწყვეტილების საფუძველზე განხორციელდება“.
თამარ ბატიაშვილი