„ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელი მდივნის არჩევნებზე ოტებულმა გიორგი ვაშაძემ პარტიას ნამუსი შეუნახა და პირველ კომენტარად განაცხადა, ჩემთვის პარტიის ერთიანობაა მთავარი და არა თანამდებობაო.
არადა, ენმ-ს ქებული ერთიანობა რომ საფრთხეშია, ამაზე წინა წერილშიც ვწერდით. „ქრონიკა+“ კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით წინა კვირასაც მოგითხრობდათ, რომ გიორგი ვაშაძეს ენმ-ს შიგნით ერჩიან და რომ ეს „რჩოლაობა“ არცთუ კარგადაა შეფუთული.
ენმ-ში ჩატარებული შიდა არჩევნების შემდეგ, რომელმაც ახალი აღმასრულებელი მდივანი მოუვლინა პარტიას, მანამდე ფარულად არსებული დაპირისპირებები საჯარო გახადა და ნათლად გამოიკვეთა, ვინ ერჩოდა ვაშაძეს და ვინ რას აპირებდა, არჩევნებზე ის შედეგი რომ არ დამდგარიყო, რაც დადგა.
დავიწყოთ იმით, რომ პირველი და ყველაზე მძიმეწონოსანი (რასაკვირველია, პარტიული წონა იგულისხმება), ვინც ვაშაძის აღმასრულებელ მდივნობას ეწინააღმდეგებოდა, გიგა ბოკერია იყო. ეს თავიდან თვითონ პოლიტსაბჭოს წევრთა შორისაც არ ხმაურდებოდა, მაგრამ ბოლო პერიოდში, ანუ არჩევნებამდე ორი თვით ადრე, გიორგი ვაშაძემ, შეიძლება ითქვას, ნამდვილი საარჩევნო კამპანია გააჩაღა.
ამისთვის მან თადარიგი წინასწარვე დაიჭირა: უკვე ჰქონდა არასამთავრობო ორგანიზაცია, პლუს, საზოგადოებრივი ჯგუფები, პლუს, ერთი მედიასაშუალება _ ინტერნეტგამოცემა და პლუს, პოლიტსაბჭოს წევრთა ნაწილის სიმპათია.
ამ ყველაფერს მხოლოდ სერგო რატიანის პატიოსნება, ღირებულებები და ინტელექტი ვერ დაუპირისპირდებოდა, კიდევ რაღაც იყო საჭირო და ეს რაღაც სწორედ გიგა ბოკერიას, შესაბამისად, თამარ ჩერგოლეიშვილისა და მისი სოცაქტივობის წყალობით, ინტერნეტლიბერალების, ასევე ენმ-ს მხარდამჭერ „შუაშისტთა“ ნაწილის მხარდაჭერა აღმოჩნდა.
რა თქმა უნდა, იკითხავთ, რა პოზიცია ჰქონდა პარტიის თავმჯდომარეს და მართალიც იქნებით _ მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი ენმ-ში კიდევ დიდხანს იქნება განმსაზღვრელი, თუნდაც, ოდესის გადამკიდე მიშამ პარტიისთვის კიდევ კარგა ხანს ვერ მოიცალოს. სწორედ ამიტომ, კიევში ნაცმოს პოლიტსაბჭოს ჩასვლის დროს, ამ თემაზეც იყო საუბარი.
„ქრონიკა+“-ის ინფორმაციით, გაფართოებული შეხვედრის გარდა, მიხეილ სააკაშვილთან ე. წ. დახურული შეხვედრებიც შედგა, რომელსაც „ძველი ბირთვის“ სულ რამდენიმე წარმომადგენელი ესწრებოდა _ გიგა ბოკერია, გივი თარგამაძე, ირმა ნადირაშვილი. მათ სთხოვეს სააკაშვილს, რომ საჯაროდ თუ არა, პოლიტსაბჭოს წევრებთან მაინც გამოეხატა თავისი სიმპათია სერგო რატიანის მიმართ.
სააკაშვილმა შეთავაზება შორს დაიჭირა, _ მე პარტიულ აქტივობას, პრაქტიკულად, ჩამოვცილდი, ჩემი მხრიდან რომელიმეს სასარგებლოდ აზრის გამოთქმა უხეში ჩარევა იქნებაო... მოკლედ, სააკაშვილი ზუსტად ისე მოიქცა, როგორც ენმ-დან ოთხეულის გასვლის დროს _ მან ყოფილი თანამებრძოლები გასალანძღად არ გაიმეტა და თქვა, ეს ჩვეულებრივი პროცესია _ ზოგი წავა, ზოგი მოვა, რადგან პარტია ცოცხალი ორგანიზმიაო.
„ქრონიკა+“-ის ინფორმაციით, სააკაშვილის დამოკიდებულება უკვე წინასწარ იყო ცნობილი გიგა ბოკერიასთვის, რომელსაც კონტრზომები უკვე ჰქონდა მიღებული: არჩევნებამდე სულ ცოტა ხნით ადრე პოლიტსაბჭოს წევრებში გავრცელდა ხმები, რომ გიგა ბოკერია წავიდოდა, თუ გიორგი ვაშაძეს აირჩევდნენ.
არ ვიცით, ვის რას ეუბნებოდა პირადად გიგა ბოკერია, მაგრამ ცხადია, რომ ეს ხმები პოლიტსაბჭოს წევრებში ტრიალებდა, თუმცა, ვაშაძესთან დაკავშირებული არასამთავრობოს აქტივისტების წყალობით, პარტიის გარეთაც გაჟონა და ფბ-ზე ალაპარაკდნენ, რომ ცუდია, როცა არჩევნების შედეგებზე ზეწოლას პოლიტიკური შანტაჟით ცდილობენ.
მართალია, კონკრეტული სახელი და გვარი არც ფბ-ზე დაწერილა, მაგრამ მაინც ყველასთვის აშკარა იყო, რომ ამ არჩევნებზე მთავარი შეტაკება ენმ-ს ძველ ბირთვსა და ახალი სახეების მომხრე, ასევე ძველ წევრებს შორის უნდა მომხდარიყო.
„ქრონიკა+“-ის ინფორმაციით, ენმ-ს პოლიტსაბჭოში გიორგი ვაშაძის მომხრეები, წინასწარი მონაცემებით, რატიანისას აჭარბებდნენ. მოქმედება იყო საჭირო და პოპულარული გამოთქმა რომ ვიხმაროთ, ათას არჩევნებზე გადამხტარმა ბოკერიას „სასტავმა“ მოქმედება დაიწყო. ამავე დროს, მოქმედება დაიწყო ვაშაძის `სასტავმაც~ _ ინტერნეტაქტიურობით.
ამ „დაწყების“ სასტარტო მდგომარეობაში უპირატესობა მაინც რატიანის მომხრეებს ჰქონდათ _ ჯერ ერთი, მათი ქმედება საჯარო იყო და გაცხადებული, თანაც, შედეგიანი. სადაც „ვაშაძის გოგო-ბიჭებმა“ ფრთები გაშალეს და ინტერნეტმომხმარებელთა დამოკიდებულება დატესტეს: ყველგან, საკმაოდ დიდი უპირატესობით, ვაშაძემ „გაიმარჯვა“. შესაძლოა, გიორგი ვაშაძეს სწორედ ამიტომ ეგონა თავი ქუდში და უფრო მკვეთრ მოქმედებას მოერიდა _ მაინც გავიმარჯვებ და ურთიერთობები სამომავლოდ რატომ უნდა გავიფუჭოო? მაგრამ მას მთავარი დაავიწყდა _ პირობითი (თუმცა, რაღა პირობითი?) მოწინააღმდეგის ბანაკში სწორედ ის ადამიანები იყვნენ გაერთიანებული, რომლებსაც მოსალოდნელი შედეგის შეცვლა ერთ ღამეში შეეძლოთ. ფაქტობრივად, ასეც მოხდა.
ენმ-ს პოლიტსაბჭოში სულ 62 წევრია. რა პრინციპით გახდა ეს 62 ადამიანი პოლიტსაბჭოს წევრი, ამჯერად საინტერესო ეს არ არის. საინტერესო ისიცაა, რომ ამ რაოდენობის სწორედ ნახევარია აქტიური, დანარჩენი კი _ დემოკრატიის მაჩვენებელი, რომ სინამდვილეში ამა თუ იმ საკითხს არა 30, არამედ 60-ზე მეტი კაცი წყვეტს. რასაკვირველია, ეს ასე არ არის და, შეიძლება ითქვას, პოლიტსაბჭოს წევრების ნახევარში ბევრი ისეთია, ვისი გადაბირება, ან სულაც, გაჩუმება და გაპასიურება შესაძლებელია ისეთ ვითარებაში, როცა საქმე შიდაპარტიულ საკითხს ეხება.
ამიტომაც „ძველების“ აქტიური სამეული, თავიანთ მხარდამჭერებთან ერთად, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ამუშავდნენ. სწორედ ამ მუშაობის შედეგია ის, რომ პოლიტსაბჭოს 62 წევრიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 53-მა.
შეიძლება თამამად ითქვას, რომ სრული მობილიზაციის შემთხვევაში, ვაშაძის გამარჯვებას წინ არაფერი ედგა, უბრალოდ, მათ შორის, რომლებმაც არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღეს, ანუ 4 ივლისს პოლიტსაბჭოს სხდომაზე და არჩევნებზე არ გამოცხადდნენ, ზოგიერთმა პირდაპირ, მაგრამ ვიწრო წრეში თქვა, _ იმას, რომ რატიანს მივცე ხმა, საერთოდაც არ მივიდე, მირჩევნიაო და ასეც მოიქცა. საბოლოოდ, სერგო რატიანმა სამი ხმით მოიგო. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ კანდიდატებმა თავიანთ თავს მისცეს ხმა, გადამწყვეტი, სულაც, ორი ადამიანის ხმა აღმოჩნდა _ გიგა ბოკერიას გუნდმა თავისი გაიტანა, ანუ „ძველებსა“ და „ახლებს“ შორის ბრძოლაში „ძველებმა“ გაიმარჯვეს.
რას აპირებდა გიგა ბოკერია, ასე რომ არ მომხდარიყო? მიდიოდა თუ არა პარტიიდან? როგორც ირკვევა, გიგა ბოკერია პარტიიდან არ მიდიოდა, მაგრამ ყველაფერს აკეთებდა, რათა მის მიერ ნათქვამი „მაშინ მე უნდა წავიდე“ პარტიიდან წასვლად ყოფილიყო აღქმული. ამიტომ, შესაძლოა, პოლიტსაბჭოს ზოგი წევრი, ფაქტობრივად, არა ვაშაძესა და რატიანს, არამედ ვაშაძესა და ბოკერიას შორის არჩევანის გაკეთების აუცილებლობის წინაშე დადგა და სწორედ ამიტომ მისცა ხმა სერგო რატიანს. ალბათ, ახლაც არ მიაჩნიათ, რომ არასწორად მოიქცნენ, რადგან ფიქრობენ, რომ ამ ნაბიჯით პარტიას გიგა ბოკერია შეუნარჩუნეს.
სინამდვილეში, გიგა ბოკერია მართლაც მიდიოდა, ვაშაძეს რომ მოეგო არჩევნები. ოღონდ მიდიოდა არა პარტიიდან, არამედ ენმ-ს საერთაშორისო მდივნის თანამდებობიდან, სადაც დღემდე მუშაობს და, უკვე ცნობილია, რომ დარჩება კიდეც. მიდიოდა იმიტომ, რომ თავის თავს ხელმძღვანელ თანამდებობაზე ვერ ხედავდა აღმასრულებელ მდივნად ვაშაძის მოსვლის შემთხვევაში და სწორედ გამარჯვებულს უთმობდა თავისი გუნდით მოქმედების უფლებას.
რა ცვლილებები იყო მოსალოდნელი ენმ-ში, ამ თანამდებობაზე რომ ვაშაძე მოსულიყო და რა მოხდება ახლა? დიახ, ვაშაძის მოსვლის შემთხვევაში ცვლილებები ნამდვილად იყო მოსალოდნელი _ პარტიაში, სავარაუდოდ, ახალგაზრდები გამოჩნდებოდნენ, რომლებსაც „ვაშაძის გუნდს“ უწოდებენ და რომლებიც, სხვათა შორის, საკმაოდ ეფექტურად მუშაობენ სხვადასხვა პროექტისა და ღონისძიების დაგეგმვა-ჩატარების კუთხით.
რა მოხდება სერგო რატიანის აღზევებით? სავარაუდოდ, დიდი არაფერი. ენმ ისევ დარჩება არცთუ მოთუხთუხე პოლიტიკურ ძალად, არ იქნება საუბარი სერიოზულ განახლებაზე, ახალი სახეების შემომატებაზე... პარტიული ხაზი დარჩება უცვლელი _ ხელისუფლების კრიტიკა პარლამენტის ტრიბუნიდან, ოფისიდან, ბრიფინგების მოწყობით, მაგრამ არ იქნება მთავარი _ მეტი კონტაქტი ხალხთან, რასაც პირდაპირ მოითხოვდა და აპირებდა ვაშაძე. შეიძლება ითქვას, რომ ის პოპულისტური ნაბიჯიც _ მესამე შვილის ნათლიად პატრიარქის არჩევა, სწორედ ამ მიზნით იყო განპირობებული...
რა რეაქცია მოჰყვა არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას უკრაინის „ქართულ დესანტში?“ დესანტის მეთაურის პოზიციაზე უკვე ვისაუბრეთ _ მან ნეიტრალიტეტი აირჩია და ჯერ არ არღვევს. ჩუმად არიან სხვებიც. და ერთადერთი, ვინც არ ისვენებს და, „ქრონიკა+“-ის ინფორმაციით, პარტიულ ჩატში კარგად `მიჯირყვნა~ თანაპარტიელები, დავით საყვარელიძეა.
უკრაინის გენპროკურორის მოადგილემ კარგად იცის, რომ თანამდებობა მის მოსაზრებებს წონას ჰმატებს. ისიც კარგად იცის, რამხელა წვლილი მიუძღვის გიორგი ვაშაძეს იუსტიციის სახლების მშენებლობასა და ერთი სარკმლის პრინციპის დანერგვაში. ამიტომ თანაპარტიელებს ჯერ ამუნათებდა, უსამართლობა არ ჩაიდინოთო, არჩევნების შედეგების გაცნობის შემდეგ კი, ლამის იყო, გინებაზე გადავიდა.
თითქმის გინებაზე არიან გადასული ენმ-ს მხარდამჭერებიც. მათ უმრავლესობას ვერ გაუგია, რა საჭიროა პარტია, საერთოდ, თუ იქ მოძრაობა არ იქნება, თუკი გამოცოცხლება თვალსაჩინო არ გახდება? მათი უმრავლესობა ცოტა გულაცრუებულიც კია _ ისინი წერენ, რომ ამ ტემპით ენმ კარგა ხანს გააგრძელებს ერთი ადგილის ტკეპნას და იხსენებს `ზასტოის~ პერიოდს, როცა მატარებელს ანჯღრევდნენ, თითქოს მიდიოდა, ხოლო რეპროდუქტორში სადგურების სახელწოდებებს აცხადებდნენ.
P.S. პოლიტსაბჭოს ცალკეულ წევრებთან მუშაობისთვის ენმ-ს ვერტიკალმა უკვე ნაცადი მეთოდები გამოიყენა, ანუ ის მეთოდები, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს წარმატებულად შეიმუშავა და გამოსცადა, მაგრამ კარგა ხანია, არ გამოუყენებია _ 2012 წლის არჩევნების შემდეგ. ეს მეთოდი „პირად კონტაქტს და დამუშავებას“ გულისხმობს. ე. ი. პოლიტსაბჭოს წევრთან, რომელსაც ერთი კანდიდატის სასარგებლოდ უკვე აქვს მიღებული გადაწყვეტილება, რეკავს წონიანი პოლიტიკური ფიგურა, ან უკეთესი _ ხვდება მას პირისპირ და მიმდინარეობს მისი დამუშავება. თავდაპირველად „დამმუშავებელი“ ცდილობს, „ტკბილი სიტყვითა შეასმინოს“, მაგრამ როგორც საბა აგრძელებს, „თუ სიტყვით არ შეისმინა, ტუქსვითა ცხამს“... ხშირად ყოფილა, რომ ასეთი „დამუშავება“ გაწევ-გამოწევაშიც გადაზრდილა. მაგალითად, მაშინ, როცა ენმ დადგა საკონსტიტუციო უმრავლესობის „ოცნების“ მხარეს გადასვლის წინაშე.
შეგახსენებთ: ეს ვერ მოხდებოდა, თუ სამი „ნაციონალი“ არ „გაქოცდებოდა“ და ასეც მოხდა, მაგრამ მაშინ ისევ ეს მეთოდი აამუშავეს და შეთანხმება ჩაიშალა _ „გაქოცებულები“ ერთ ღამეში განქოცდნენ. მაშინ ეს აწ უკვე ენმ-დან წასულმა პავლე კუბლაშვილმა შეძლო, რომელსაც ამგვარი „საუბრების“ დიდოსტატად მიიჩნევდნენ, მაგრამ, ეტყობა, წასვლამდე რომელიღაცას „ხეზე ასვლა“ ასწავლა, რადგან, მაგალითად, წყარო დანამდვილებით გვეუბნება, რომ მამუკა ახვლედიანი ასეთი საუბრის ზეგავლენის ქვეშ მოექცა, თორემ ხმის მიცემას გიორგი ვაშაძისთვის აპირებდა და, ზოგადად, პარტიაში მისი დამოკიდებულება გიორგის მიმართ ცნობილი იყო... პირადი საუბრის დროს მეორე მხარეს მდგარი პერსონის სიმძიმის შესამჩნევად სრულყოფილად გამოიყენეს, ასევე, ნაციონალების ხელთ არსებული კიდევ ერთი კოზირი _ ციხე. ყოფილმა მერმა და ყოფილმა პრემიერმა, როგორც ამბობენ, პარტიის მომავლის ბურჯად სწორედ სერგო რატიანი დახატეს, თუმცა, საუბარში აგრესია არ გამოუვლენიათ. ამ შემთხვევაში აგრესია არც იყო საჭირო _ გიგი და ვანო რომ ციხიდან რეკავდნენ და რატიანს უჭერდნენ მხარს, ბევრისთვის იქნებოდა განმსაზღვრელი და, შესაძლოა, გადაწყვეტილების შესაცვლელად საკმარისი ფაქტორიც კი...
მარიამ ბალანჩივაძე