QronikaPlus
რატომ არ უშლიან ხელს საქართველოში რუსულ პროპაგანდას?!

რატომ არ უშლიან ხელს საქართველოში რუსულ პროპაგანდას?!

2015-06-27 08:22:14

  რუსეთი საქართველოს დახმარებას სთავაზობს. პუტინი აცხადებს, რომ მზად არის, ყველანაირი სახის მხარდაჭერა აღმოუჩინოს თბილისს, იმიტომ რომ ძალიან უყვარს ქართველი ხალხი და განიცდის მის უბედურებას. ეს სიტყვები, რომელიც იმ კაცის პირით არის ნათქვამი, ვინც ქართველების სისხლი დაღვარა და დღემდე აგრძელებს ქართული მიწების ოკუპაციას, ძალიან ცინიკურად ჟღერს. ასე რომ, პუტინისგან არც დახმარება გვინდა და არც წყალობა. რაც შეეხება რუსულ საინფორმაციო საშუალებებს, აქ მთლად ცინიკურები არ ყოფილან, მაგრამ ვინმე ჟურნალისტმა სერგეი დორენკომ იმდენი იღადავა ქართველების ტრაგედიაზე, გალიიდან გაქცეულ მხეცებსა და ბეჰემოთზე, რომ კომედი-შოუში გეგონებოდა თავი. რას იზამ? _ რუსეთი რუსეთია და უკეთესი არც იყო მოსალოდნელი. მით უმეტეს მაშინ, როცა ამ ქვეყნის პრეზიდენტის ბოლო განცხადება ატომური ქობინების რაოდენობის გაზრდასა და მათი დანარჩენი დედამიწისთვის მიშვერას ეხებოდა. „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ექსპერტთა კლუბის წევრი, ირაკლი ცქიტიშვილი: _ რუსეთის წამყვანი ტელეარხების ჩემ მიერ ნანახ გადაცემებში საქართველოში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო ცინიზმის ნიშნები არ ყოფილა. ეს ეხება როგორც მათი პირველი არხის, ისე „რენტივისა“ თუ სხვა ტელეარხების გადაცემებს... მაგრამ აქ თუ იგულისხმება სერგეი დორენკო, ის არც ერთ წამყვან ტელეარხს არ წარმოადგენს და მისი ველური გამოხტომა მხოლოდ ერთ-ერთი რადიოს ეთერში გავიდა. ასეთი დორენკოები _ ცინიკოსები, შოვინისტები და კაცთმოძულეები _ იყვნენ, არიან და ყოველთვის იქნებიან, მათ შორის, ჩვენშიც. ზოგადად კი რუსული ძირითადი საინფორმაციო სივრცე, ამ მხრივ, ზუსტად ეხმიანებოდა პუტინის მიერ გაკეთებულ აქცენტებს. 15 ივნისს მან სამძიმარი გამოუცხადა ქართველ ხალხს და დახმარებაც შემოგვთავაზა. თუმცა ეს უკვე საკმაოდ ცინიკური განცხადებაა მისგან იმ ფონზე, რომ ბოლო 200 წლის განმავლობაში რუსეთი ბევრჯერ „დაგვეხმარა“ მოუშორებელი ჭირის სახით. მათი ყველაზე დიდი დახმარება იქნებოდა ქვეყნის ტერიტორიის დეოკუპაცია, ჯარების გაყვანა და დიდი კედლის მშენებლობა მთელი რუსეთ-საქართველოს საზღვრის პერიმეტრზე. _ ისე, პუტინის განცხადებამ ბევრს აუჩქროლა გული. მგონი, მიტინგიც კი მოეწყო რუსული დროშებით და პუტინის სურათებით. _ პუტინის განცხადების მიზანი იყო, ეჩვენებინა ქართული საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომელიც ჯერ კიდევ მერყეობს რუსეთსა და დასავლეთს შორის, რომ რუსეთი კეთილია და მზადაა დასახმარებლად. ზოგიერთში ეს შეიძლება აღძრავდეს კიდევაც დიადი საბჭოეთის მიმართ ნოსტალგიას. ამავე განცხადებით, ისევე როგორც სხვა ბოლოდროინდელი განცხადებით საქართველოს მისამართით, პუტინი ცდილობს გამოჩნდეს მშვიდობის მტრედად და გვერდი აუაროს ნებისმიერ საუბარს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მისი მიზანია საქართველოსთან ურთიერთობის მაქსიმალურად დათბობა და საქართველოში პოზიციების გამყარება, ოღონდ ტერიტორიების დეოკუპაციის გარეშე. ამ სიტუაციაში მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად მოვდუნდებით და დავყვებით კრემლის  სურვილებს. ამ გავლენების აღსაკვეთად კი საჭიროა გარკვეული სამუშაოს ჩატარება და არა სრული კარტბლანშის მიცემა რუსული პროპაგანდისთვის. _ ამასობაში რუსეთი კიდევ ძაბავს სიტუაციას დასავლეთთან, საუბრობს ატომური პროგრამის გაზრდაზე. რამეს ხომ არ თმობს რუსეთთან ევროპა და დანარჩენი მსოფლიო? _ რუსეთი მიდის ვა-ბანკზე. ის აანონსებს ატომური პროგრამის გაზრდას, რამაც, მისი აზრით, უნდა დააშინოს დასავლეთი, მათი მოსახლეობა, რომელიც კარგი ცხოვრებისგან საკმაოდ გაზულუქდა და სულაც არ სურს საომარი რიტორიკის მოსმენა, მით უმეტეს ბირთვული ქობინების თაობაზე. შედეგად მას სურს მიიღოს დასავლეთის ქვეყნების მოსახლეობის ზეწოლა საკუთარ ხელისუფლებებზე რუსეთის მიმართ აგრესიის შემცირების მოთხოვნით. ამას ასევე ემატება პრორუსული მთავრობების მოყვანის მცდელობა, მაგალითად, საბერძნეთსა და საფრანგეთში. მეორე მხრივ, დასავლეთიც არ არის ერთგვაროვანი. ვგულისხმობ იმ გარემოებას, რომ თავად ევროკავშირი არის პოლიტიკურ-ეკონომიკური გაერთიანება. უსაფრთხოების საკითხები მთლიანად გადაბარებულია ნატოსა და აშშ-ზე. სწორედ ეს ორი სუბიექტი გახლავთ გარანტი ევროპის უსაფრთხოებისა. თავისი განცხადებებით რუსეთს სურს, აშშ ჩაითრიოს მორიგ ცივ ომში, რომ მას აღარ ეცალოს ეკონომიკისთვის და ორიენტირდეს ისევ შეიარაღების დარგში კონკურენციაზე. ეს არის ერთგვარი პოკერის თამაში, სადაც რუსეთი მიდის ბლეფზე. ერთადერთი, რაც აშინებს დასავლეთს, არის რუსეთის არაპროგნოზირებადობა. ცალსახაა, რომ რაც არ უნდა გაზარდოს რუსეთმა თავისი ატომური პროგრამა, ის ჰარაკირს არ გაიკეთებს, ანუ მას არ გამოიყენებს, წინააღმდეგ შემთხვევაში არც რუსეთისგან დარჩება არაფერი. მაგრამ ვინაიდან ევროკავშირის უსაფრთხოების მთავარი გარანტორი არის აშშ, რუსეთის მხრიდან თამასის აწევა იწვევს ორი სერიოზულად დაპირისპირებული პოლუსის ჩამოყალიბებას _ რუსეთისა და აშშ-ს. ამ შემთხვევაში, რუსეთის თვალსაზრისით, ევროპა უნდა გავიდეს თამაშიდან. შემდეგ რუსეთი შექმნილ სიტუაციას წარმოადგენს და უკვე აკეთებს ამას, როგორც აშშ-რუსეთის დაპირისპირებას. ასეთ შემთხვევაში პუტინს უფრო გაუადვილდება აუხსნას თავის ხალხს, რატომ შიათ და სცივათ და ეს დამშეული ხალხი ისევ პუტინს დაუჭერს მხარს, ვინაიდან მას გამოუკვეთენ მუდმივი მტრის ხატს აშშ-ს სახით. რუსეთის მოსახლეობა უკვე მზადაა ამისთვის და ყველა თავის უბედურებას აშშ-ს აბრალებს. სხვათა შორის, ამ თამაშით რუსეთი, უნებლიეთ, აშშ-ს პოზიციებს და გავლენას ამყარებს ევროპაში. _ ძალიანაც კარგი, თუკი რუსეთის მცდელობას ევროპის განეიტრალების ნაცვლად მისი გააქტიურება მოჰყვება. _ როგორც ვნახეთ, ევროპა არ აპირებს თამაშიდან გასვლას და ამ ეტაპზე საკმაოდ სერიოზულად პასუხობს რუსეთს, როცა აყადაღებს მის აქტივებს ბელგიაში, ავსტრიასა და საფრანგეთში. მართალია, ეს ყველაფერი შენიღბულია ხოდორკოვსკის ЮКОС-ისთვის რუსეთის მიერ კომპენსაციის გადახდის აუცილებლობით, მაგრამ თუ დავაკვირდებით, რომელ აქტივებს დაარტყა ევროპამ ვნახავთ, რომ, პირველ რიგში, დაარტყა პროპაგანდას და ფინანსებს. კარგი იქნება კიდევ ერთი დარტყმა რუსეთის ენერგოაქტივებზე, რაც საკმაოდ სერიოზულად შეამცირებდა რუსეთის საცეცებს ევროპაში. დიდი ხანია არ წარმოადგენს საიდუმლოს, რომ რუსეთის ყველა მსხვილი ეკონომიკური რგოლი ევროპის ტერიტორიაზე იყო რუსეთის სპეცსამსახურების რეზიდენტურა, იქიდან იმართებოდა მთელი აგენტურა, მათი მეშვეობით ფინანსდებიან ისინი, მათივე მეშვეობით ხდება სერიოზული პოლიტიკოსებისა თუ ექსპერტების მოსყიდვა, ისინი გამოიყენებოდნენ დასავლური მედიის მოსასყიდად და შემდგომში საკუთარი საინფორმაციო ომის საწარმოებლად. ანუ მთელი ამ პროცესის შედეგად ეს საცეცები სერიოზულად კი დასუსტდება, მაგრამ მთლიანად არ მოისპობა. ამ ეტაპზე ეს საკმარისად სერიოზული გზავნილია რუსეთისთვის. _ ამ დროს საინტერესო პროცესები მიდის უკრაინაში. ყველაფერთან ერთად სალაპარაკოა თუნდაც ქართველების დანიშვნა თანამდებობებზე და სააკაშვილის გაგუბერნატორება. პოროშენკო ხომ ამით საქართველოსთან ურთიერთობას აფუჭებს? _ უკრაინას, რომელიც დღეს საომარ პირობებშია, სამი მთავარი მტერი ჰყავს _ რუსეთი, ბიუროკრატია და კორუფცია. პოროშენკოს ამოცანაა, ქვეყანა ამ წუმპიდან ამოიყვანოს: ერთი მხრივ, ეომოს რუსეთს, მეორე მხრივ, შეეცადოს ქვეყანა დააყენოს ფეხზე. თუ ამ პროცესში პოროშენკომ მიიჩნია, რომ მას სჭირდება ქართული გამოცდილება და ის ხალხი, ვინც სერიოზული რეფორმები ჩაატარა საქართველოში, ამას გაგებით უნდა მოვეკიდოთ. დიახ, ჩვენ უნდა შევუწყოთ ხელი მათ მიუხედავად იმისა, მოგვწონს მისი მოქმედება თუ _ არა. ამიტომ თუ საქართველო-უკრაინის ურთიერთობები გაფუჭდება, რასაც სრულებითაც არ ველი, ეს საქართველოს ბრალი იქნება და არა უკრაინის. ფაქტია, რომ საქართველო 2003 წლიდან 2012 წლამდე საკმაოდ სერიოზულად განვითარდა სწორედ იმ ხალხის მიერ ჩატარებული რეფორმების წყალობით. ნებისმიერი სხვა აღქმა, რომელიც ჩვენს საზოგადოებაშია, მხოლოდ ემოციების კორიანტელია. პოროშენკოს ამოცანაა, უკრაინაში ბიუროკრატია და კორუფცია დაიყვანოს თუნდაც საქართველოს დონეზე და პრაქტიკოს პოლიტიკოსებზე უკეთესს, ვინც შედეგს მიაღწია უკვე ერთხელ, ის ვერ მონახავდა. თუმცა სახეზეა, რომ ბიუროკრატია ამ რეფორმებს ეწინააღმდეგება. უკრაინულ ელიტას, რომელიც წლების მანძილზე მიეჩვია კორუფციულ ჭაობში ცხოვრებას და სხვანაირად ვერ წარმოუდგენია, რეფორმები ყელზე ადგას. ისინიც კი, რომლებიც დემოკრატებად სახელდებიან, მენტალურად ბევრად არ განსხვავდებიან დანარჩენისგან. ამიტომაც გახდა საჭირო სხვადასხვა რგოლში თვისობრივად განსხვავებული ადამიანების მოყვანა. სააკაშვილისა და მისი გუნდისთვის ოდესაში კონტროლის მთლიანად გადაბარება და კარტბლანში სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ პოროშენკო დაიღალა მარტო საუბრებით რეფორმებზე. ის ხედავს, რომ უკრაინული პოლიტელიტა არ აძლევს ამ რეფორმებს გასაქანს, უქმნის ბარიერებს, რამაც შესაძლოა პროცესები დროში გაწელოს, რაც უკრაინას არ გააჩნია, ვინაიდან დასავლეთის დახმარება დამოკიდებულია რეფორმებზე. ვფიქრობ, სწორედ ამიტომაც ჩააბარა მან ოდესის ოლქი სააკაშვილს, რომელსაც, პრინციპში, სხვა არაფერი დარჩენია, გარდა ამ რეფორმების რეალურად გატარებისა. არა მარტო უკრაინის გადასარჩენად, არამედ იმის დასამტკიცებლადაც, რომ მას შემთხვევით არ გამოსვლია ეს ყველაფერი საქართველოში, რომ მან იცის, რა უნდა გააკეთოს, და რომ რეფორმების ეს სისტემა უნივერსალურია მთელი მსოფლიოსთვის. რა თქმა უნდა, თუ ეს გამოუვა, და ვფიქრობ, ბევრი რამ გამოუვა, სერიოზულად დაარტყამს რუსეთს. უკრაინაში თუ გამოდის, გამოვა რუსეთშიც. ამან კი, წესით, თავისთავად უნდა გაზარდოს რუსეთის მოსახლეობის უკმაყოფილება პუტინის რეჟიმით. _ ირაკლი, იმასაც ნუ დავივიწყებთ, აქ რა გააკეთეს იმ პატივცემულებმა, ვინც დღეს უკრაინა უნდა ამოქაჩოს. თუნდაც ბოლო ტრაგედია მათი დამსახურება არ არის? _ ექსპერტებს საერთო აზრი არ აქვთ ვერეს ხეობაში მომხდარზე. ჩემი დაკვირვებით, ზოგი ცდილობს, ობიექტურად იმსჯელოს, ზოგს საკუთარი ინტერესები ამოძრავებს, ზოგსაც _ პოლიტიკური. სამწუხაროდ, სუბიექტური ინტერესების გავლენის გარეშე მსჯელობა ვერ ვისწავლეთ. მე არ ვარ ამ სფეროს სპეციალისტი და ვერ ავიღებ ჩემს თავზე იმის განცხადებას, იყო თუ არა ეს გზის ბრალი, წინა ხელისუფლების ბრალი, თუ ახალი ხელისუფლების, მაგრამ როგორც ერთი რიგითი მოქალაქე მეც ვაკეთებ გარკვეულ ანალიზს და შემიძლია ვთქვა: რომ არა ის გზა, დაღუპული ბევრად მეტი გვეყოლებოდა. იმ გზის გაყვანის დროს, როგორც აღინიშნა, 73 ოჯახი გაასახლეს ვერის ხეობიდან. იმის წარმოდგენაც არ მინდა, რა მოხდებოდა, ის ოჯახები იქ რომ ყოფილიყვნენ. გზამ ბევრი ოჯახი გადაარჩინა დაღუპვას და მასზე დაბრალება ნამდვილად არასწორია. პრობლემა არა გზა, არამედ საბჭოთა დროს აშენებული გვირაბები და მაშინ ვიწრო ყელში მომწყვდეული ვერე აღმოჩნდა. ესეც არ იქნებოდა პრობლემა, წყალს ის გაატარებდა, რომ არა მთის დიდი მასივის ჩამონგრევა. და ამაზე კი ნამდვილად ყველა ექსპერტი თანხმდება. შესაძლო იყო ამის გათვლა? ქვეყნის განვითარების ამ ეტაპზე, ალბათ, არ იყო შესაძლებელი. მასშტაბური პრობლემები, რომელიც დროდადრო ჩნდება, უნდა გამოვიყენოთ სახელმწიფოს მართვის დასახვეწად, და არა განტევების ვაცის საძიებლად. _ და მაინც, ბევრი სპეციალისტი აღნიშნავს, რომ ვერის გზის შენებისას სააკაშვილის გუნდმა გამოიჩინა შეუწყნარებელი გულგრილობა და არაპროფესიონალიზმი. _ ახლა, ალბათ, ადვილია რბილი სავარძლიდან სხვების კრიტიკა და ვინმეზე ამ პროცესების გადაბრალება, მაგრამ მე ამას ნამდვილად არ ვაპირებ. არ ვფიქრობ, რომ მომხდარი ვინმეს კონკრეტული ბრალეულობის შედეგია, უფრო ქვეყანაში კომპლექსური მიდგომების არარსებობის ბრალია. ბუნებამ რამდენჯერმე გაგვაფრთხილა _ ჯერ იყო და დევდორაკის მთის მასივი ჩამოინგრა, ხალხი დაიღუპა. ვისწავლეთ ჭკუა? დევდორაკი შეამოწმეს და ამით დამთავრდა. იყო ეს გზის ბრალი? შემდეგ ელიზბარაშვილის თავშესაფარი დაიტბორა _ ვინმემ გააანალიზა, რა მოხდა? რატომ დაიტბორა ის ადგილი ახლა და არა შარშან, შარშანწინ? რა გახდა ამის მიზეზი? წინა წლებშიც ხომ მოდიოდა უხვი ნალექი? იგივე შეიძლება მოხდეს საქართველოს ნებისმიერ კუთხეში. ამ ბოლო დღეებში თბილისში რამდენიმე ადგილას ჩამოწვა მეწყერი. ესეც ახალი გზის ბრალია? აქ პრობლემა სხვა რამეა: ვსწავლობთ კი შეცდომებზე? უნდა დავიწყოთ ფიქრი იმაზე, თუ რა გავაკეთოთ, რომ სამომავლოდ თავიდან ავიცილოთ მსგავსი უბედურება. თუმცა არაფრის გარანტია არ არსებობს. საქართველოში მეცნიერება დღეს პრაქტიკული გამოყენების გარეშეა. ესეც ერთ-ერთი მიზეზია საერთო უბედურების. _ დღევანდელი ხელისუფლების ქმედება რომ შევაფასოთ? _ რაც შეეხება ხელისუფლების შეცდომებს პროცესზე რეაგირებისას, ჩვენი არაკომპლექსური მიდგომები აქაც გამოჩნდა. პრემიერთან არსებული უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო არ აღმოჩნდა მზად, რომ ემართა კრიზისი. სადაა ვერტმფრენები? რატომ არ გამოიყენეს ისინი სახურავებზე ასული ხალხის გადასარჩენად? იმიტომ ხომ არა, რომ ერთ-ერთი პირველი, რასაც ახალი ხელისუფლება დაერია, სწორედ ფრანგული ვერტმფრენი იყო? ასევე გამოჩნდა, რომ „112“ არ არის მზად ექსტრემალურ სიტუაციებში მუშაობისთვის; ისიც, რომ ჩვენმა მაშველებმა და შესაბამისმა სამსახურებმა არ იციან, როგორ მოექცნენ ასეთ შემთხვევებში ცხოველებს. ისიც, რომ არ არსებობს სრულყოფილი კინოლოგიური სამსახურები და მხოლოდ მეოთხე დღეს მიხვდნენ, რომ მონადირეები და მტაცებლებზე დაგეშილი ძაღლები გამოიყენონ. _ ისევ საერთაშორისო ურთიერთობებს დავუბრუნდეთ: ფაქტია, რომ ერთ ადგილს ვტკეპნით და სასიკეთო არაფერი ჩანს. იმიტომ ხომ არა, რომ არასწორი საგარეო პოლიტიკა გვაქვს, თუ მაინც ზემოთ ხსენებული ბირთვული ქობინები ამბობს თავისას? _ მართალია. საერთაშორისო ასპარეზზე ვაგრძელებთ ერთი ადგილის ტკეპნას. მიუხედავად იმისა, თუ რით არის დღეს დაკავებული მსოფლიო, ჩვენ ჩვენი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, ამიტომ მეტად უნდა შევაწუხოთ ისინი. ამ მხრივ ძალიან მომწონს ახალი თავდაცვის მინისტრის აქტივობა. ეს მისასალმებელია, მაგრამ არასაკმარისი. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო ელოდება ბრძანებებს პრემიერისგან, ის კი შიდა საკითხებით უფროა დაკავებული. ნაკლებად ჩანს საკუთარი ინიციატივა. მოსუსტებულია ჩვენი საგარეოს რეაგირება კოფნლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებითაც, თუმცა მუშაობა ამ მიმართულებით ვიცი, რომ მიმდინარეობს. მეტი აქტივობა მინდა დავინახო, რომ ისინი სულ მოძრაობაში იყვნენ, რომ საქართველო ყველას ეკეროს პირზე. ქვეყანაში არსებული ეკონომიკური სიტუაციის ფონზე მთელი ხელისუფლება უნდა დარბოდეს და თავადაც ატარებდეს ყველანაირ ფორუმებს, რათა მოიზიდოს ინვესტიციები. ამავე დროს უნდა გააანალიზდეს, რატომ არ მოდის ინვესტიციები, რა პრობლემებია, რას სჭირდება გამოსწორება.  

                                                                                                       დავით დევიძე

   

გაზიარება