QronikaPlus
რა რისკებს შეიცავს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი?

რა რისკებს შეიცავს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი?

2015-06-21 07:56:13

როგორც ცნობილია, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გაუქმების მოთხოვნით საქართველოში ხელმოწერები გროვდება. ეს კამპანია გამოიწვია გიორგი ოქროპირიძის სასამართლო პროცესმა, სადაც ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი ვერ გამოიტანეს და ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული პირი კინაღამ გაათავისუფლეს. როგორც ადვოკატი ზურაბ თოდუა „ქრონიკა+“-სთან აცხადებს, ეს ყველაფერი ხელისუფლების მიერ წინასწარ იყო დაგეგმილი, რადგან მას დიდი ხანია, ამ ინსტიტუტის გაუქმება უნდაო. ზურაბ თოდუა _ ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით: _ მოვიდა თუ არა „ოცნება“ ხელისუფლებაში, მაშინვე დაიწყო ნაფიცი მსაჯულების სასამართლოს გაუქმებაზე საუბარი. ისტორული ფაქტებიც კი მოჰყავდათ იმის დასამტკიცებლად, თითქოს საქართველოში ასეთი სამართალი არ ამართლებდა. სხვათა შორის, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო „ნაციონალებმა“ დანერგეს. მათ დაინახეს, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე თამაშს აგებდნენ, ამიტომ გადაწყვიტეს, ახალი ხელისუფლებისთვის მემკვიდრეობით თავსატეხი გადაეცათ და, ამ ფორმით, „ოცნებას“ მახე დაუგეს. ასევე, როცა  მათ პოლიტიკურ ძალას მოუწევდა სასამართლოს წინაშე წარდგენა, ეს მათი გადარჩენის იდეალური შანსი იქნებოდა. ასევე გაითამაშეს დემოკრატობანა და უცხოეთს დაანახვეს, რომ დემოკრატიულ ინსტიტუტებს აშენებდნენ. _ თუ ახალი ხელისუფლება „ნაციონალების“ მიერ დაგებულ მახეს ებრძვის, ეს რატომ გიკვირთ, ან დაგეგმილ პროვოკაციას რატომ უწოდებთ? _ ამ ინსტიტუტის დამკვიდრებით ხალხი მოგებული დარჩა. საზოგადოებისთვის ეს არის სასარგებლო და აქედან გამომდინარე, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გაუქმებაც ხალხისთვის მიყენებულ ზიანად უნდა აღვიქვათ. ეს ინსტიტუტი არის ყველაზე იდეალური კონტროლი ხელისუფლებისა, რადგან რაც უნდა თავხედი ხელისუფალი იყოს, გაუჭირდება 12 ადამიანის თავის ჭკუაზე ტარება. _ მაგრამ ნაფიცი მსაჯულები ხომ არაპროფესიონალთა გუნდია და ისინი სამართლიანად როგორ გადაწყვეტენ საქმეებს? _ მოგეხსენებათ, მთაში სწორედ ნაფიცი მსაჯულები წყვეტდნენ და არჩევდნენ დანაშაულებრივ საქმეებს. ისინი თავიანთი რწმენითა და ინტელექტით აფასებდნენ, რამდენად მძიმე იყო ესა თუ ის დანაშაული. შესაძლებელია, მათ კვალიფიკაციის თვალსაზრისით მართლაც ჰქონდათ ხარვეზები, მაგრამ ფაქტია, მათი გადაწყვეტილება უფრო მიახლოებული იყო ჭეშმარიტებასთან. მსაჯულებში რეალურად განსჯისა და ობიექტურად გადაწყვეტილების გამოტანის ნიადაგი არის სუფთა და თუ პროკურორმა ვერ დაამტკიცა, რა სახის დანაშაულთან გვაქვს საქმე, მაშინ ამას ადვოკატი აკეთებს. ასეთი სასამართლო არის მოედანი, სადაც ნეიტრალურ გარემოებაში ეძლევა ორივე მხარეს საშუალება, დაამტკიცოს და გაარკვიოს სიმართლე. რაც შეეხება ოქროპირიძის კონკრეტულ საქმეს, ის ხელისუფალმა გამოიყენა იმისთვის, რომ ნაფიცი მსაჯულების წინააღმდეგ შავი პიარი აეგორებინა და ამ გზით ეს ინსტიტუტი გზიდან ჩამოეცილებინა. პროკურატურამ კარგად იცოდა, რომ ოქროპირიძის სისხლის სამართლის საქმე ძალიან რთული იყო და ამიტომაც მსაჯულებამდე არ უნდა მიეტანა, მაგრამ 8 თვის განმავლობაში საქმე სასამართლოში არ წაუღია. მათი ქმედებებიდან გამომდინარე წინდაწინვე ჩანდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მსაჯულები ვერ მიიღებდნენ ვერდიქტს, ახალი მსაჯულების არჩევას, დაახლოებით, 30-40 დღე დასჭირდებოდა. ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ დაუშვეს, რომ მსაჯულებზე ეთქვათ, აი, რა ცუდია ეს ინსტიტუტიო და ასეც მოხდა. საქმე ისე მოაწყვეს, რომ ჯერ დაზარალებულის ოჯახს ათქმევინეს, მსაჯულების ინსტიტუტი არ ამართლებს საქართველოშიო, მერე კი გამოვიდა პრემიერ-მინისტრი და განაცხადა, _ მსაჯულთა ინსტიტუტმა კრახი განიცადაო. ვიმეორებ: პროკურატურამ შეასრულა ხელისუფლების დაკვეთა ამ ინსტიტუტის მიმართ შავი პიარის აგორებით. სამწუხაროდ დაზარალებულის ოჯახიც და ჩემი კოლეგა ადვოკატებიც ამ ზრახვების აღსრულებაში ბრმა იარაღად გამოიყენეს. _ რასაც ახლა აცხადებთ, ეს თქვენი ანალიზის შედეგია, თუ რაიმე ინფორმაცია გაქვთ? _ ორივეა. ჩემი ინფორმაციით, ეს სცენარი დაწერილი იყო ხელისუფლების ზედა კულუარებში. ახლა უკვე ხელმოწერებს აგროვებენ მსაჯულთა ინსტიტუტის გაუქმების მოთხოვნით, რომელსაც აბსოლუტურად დილეტანტი ადამიანები აწერენ ხელს. მათ არ იციან, რომ, ფაქტობრივად, დემოკრატიული ინსტიტუტის გაუქმების მოთხოვნით გამოდიან. ყველა პროფესიის ადამიანი უკვე მსაჯულებზე ლაპარაკობს, თუმცა ბევრი აზრზე არ არის, რეალურად რას წამოადგენს ეს ინსტიტუტი. ბრალდებულ ოქროპირიძის წინააღმდეგ სათანადო მტკიცეულებები არ არსებობს, რაშიც ასევე პროკურატურაა დამნაშავე. მათ ვერ, ან არ გაართვეს თავი საქმის სრულფასოვნად გამოძიებას. არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე კი, უნდა ითქვას, რომ სამართლებრივი კუთხით, ოქროპირიძის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმპცია ირღვევა. ცუდი ხელისუფლების შედეგია ის, რომ ძალიან სათუთი ფაქტი აირჩიეს მსაჯულთა ინტიტუტისთვის ზიანის მისაყენებლად. ამჟამინდელ ხელისუფლებასაც, ძველი ხელისუფლების მსგავსად, ძალიან უნდა, სასამართლო ხელისუფლების საქმეებში ხელი აფათუროს, რაშიც მსაჯულთა ინტიტუტი აფერხებს და ამიტომ მისი გაუქმება ამ ფაქტის გამოყენებით გადაწყვიტა. მმართველი პოლიტიკური ძალის უუნარობის შედეგად სახელისუფლებო კრიზისი თითქმის ყველა სფეროში გაჩნდა, განსაკუთარებით ძლიერად კი ეს სასამართლო ხელისუფლებაში გამოიკვეთა. მოსამართლეები სააკაშვილისგან დაჩვეულები არიან მათ საქმეებში ხელისუფლების ხელების ფათურს. ახლა ეს ხელებნაფათურალი მოსამართლეები ცდილობენ, ხელისუფლება ასიამოვნონ და მას შეჰპირდნენ, ყველაფერს გავაკეთებთ, ოღონდ ჩვენს ადგილებზე დაგვტოვეთო. ამიტომაც საქართველოში, ფაქტობრივად,  სასამართლო არ გვაქვს. ამ მდგომარეობაში შესაცოდია ხალხი. ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი ასეთ მოსამართლეებს შიშის ქვეშ ამყოფებს. სამწუხაროდ, ასეთი სასამართლო პროცესები მხოლოდ სამოხელეო დანაშაულებზე და მკვლელობებზე ტარდება და იმის ნაცვლად, რომ მის გაფართოებაზე დაიწყოს საუბარი, ესენი გაუქმებაზე ალაპარაკდნენ. ამ ინსტიტუტის გაფართოების შემთხვევაში ვერც ერთი ხელისუფალი ვერ გაბედავს სასამართლო სისტემაში ცხვირის ჩაყოფას. ნაფიც მსაჯულთა ჩამოცილება კი გააძლიერებს იმ მოსამართლეებს, რომელთაც ცხვრის ქურქი აქვთ წამოსხმული, მაგრამ ხელისუფლების, პროკურატურის დაკვეთებს ასრულებდნენ და დღესაც მზად არიან, რომ შეასრულონ. განსაკუთრებით გამოიკვეთნენ მოხელეები, რომლებიც დაუფარავად აცხადებენ, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო უნდა გაუქმდეს. ასეთ პირთა რიცხვში აშკარად ლიდერობენ მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი პოლიტიკოსები, პროკურორები, პოლიციელები და მოსამართლეები. მათგან ნაფიცი მსაჯულების სასამართლოს გაუქმების დასაბუთება კი, ძირითადად, ემყარება სასამართლოს შენახვის ხარჯებზე აპელირებას. ისინი აცხადებენ, რომ თითქოს ასეთი ძვირადღირებული სასამართლოს შენახვა ქვეყნის ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება, თუმცა ეს თვალსაზრისი სრულიად უარგუმენტოა. ხარჯების დათვლისას არ ითვალისწინებენ იმ სავარაუდო ხარჯებს, რაც შეიძლება საქართველოს დაეკისროს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით სხვადასხვა უკანონობით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებების გასაჩივრებისას. ასეთ დროს ბიუჯეტის მიერ გასაღები თანხები კოლოსალური აღმოჩნდება. თუმცა ნაფიცი მსაჯულების სასამართლოს გაუქმების მხარდამჭერ პირებს უფრო სხვა, გაცილებით ღრმადმიმავალი და საშიში ზრახვები ამოძრავებთ, ვიდრე ამ სასამართლოს შენახვით გამოწვეული საბიუჯეტო ხარჯებით შეშფოთება. _ ფიქრობთ, რომ ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის გაუქმების მომხრე პოლიტიკოსები, პროკურორები, სამართალდამცველები ხელისუფლების მოსყიდულია და მათ დავალებას ასრულებენ? სხვა ქვეყნებშიც არ მოსწონთ ეს ინსტიტუტი, მაგალითად, ამერიკაში და იქაც ითხოვენ მის გაუქმებას?   _ ქართულ საზოგადოებაში გავრცელებული აზრი, რომ სასამართლო ხელისუფლება წინა პოლიტიკური რეჟიმის მიერ თითქმის იავარქმნილია, ალბათ, მტკიცებას არ საჭიროებს. ამ რეალობის შედეგია სწორედ ის გარემოება, რომ ხალხსა და სასამართლოს შორის გაჩენილია უზარმაზარი უფსკრული, ამ უფსკრულის ამოვსებას კი წლები ესაჭიროება. ეს წლები აუცილებლად ნაფიცი მსაჯულების სასამართლო ხელისუფლებასთან ერთად უნდა გავიაროთ და როდესაც მივიღებთ წმინდა სამოქალაქო საზოგადოებას, სადაც არც ერთ ჩინოვნიკს აზრადაც კი არ მოუვა სასამართლო ხელისუფლებაში ჩარევა, ნაფიცი მსაჯულების სასამართლო ინსტიტუტი ნამდვილად ძვირადღირებულ სიამოვნებად იქცევა და სწორედ ამ დროს იქნება საჭირო ფიქრი ამ ინსტიტუტის არსებობა-არარსებობაზე. ამერიკის შეერთებულ შტატებში მიაჩნიათ, რომ ნაფიცი მსაჯულების სასამართლო საზოგადოებისათვის ზედმეტი ტვირთია მხოლოდ იმის გამო, რომ იგი საკმაოდ ძვირადღირებულია, თუმცა ნაწილს საპირისპირო მოსაზრება აქვს. სტატისტიკა კი გვიჩვენებს, რომ ამ ქვეყანაში კლებულობს ნაფიც მსაჯულთა მიერ განხილულ საქმეთა რაოდენობა. არსებული სტატისტიკით, ბოლო წლებია, საქმეების მხოლოდ 4%-ს იხილავს ეს სასამართლო. ნაფიცი მსაჯულების სასამართლოს არსებობა მაღალი ხარისხის ბერკეტია ისეთი ძალების საწინააღმდეგოდ, რომელთაც სასამართლო ხელისუფლებაში ხელების ფათური თანამდევ წესად, თითქმის ყოველდღიურობად აქციეს. ნაფიცი მსაჯულების სასამართლოს შიშით პოლიტიკოსი, მაღაჩინოსანი, პროკურორი, პოლიციელი და თვით საქალაქო სასამართლოს მოსამართლეც კი იძულებული იქნება, სამოქალაქო საზოგადოებისათვის მავნე, არასასურველ ჩვევებზე თქვას უარი და დაემორჩილოს სამართლის მთავარ დამკვეთს _ საზოგადოებას, ხალხსა და არა ვიწრო მერკანტილურ ინტერესებს მოარგოს, ან თვითონ მოირგოს სამართალი. სხვათა შორის, ნაფიცი მსაჯულების ისტორიას ქრისტეშობიდან, VI საუკუნის ათენიდან ითვლიან, ხოლო იმ ფორმით, რა ფორმითაც იგი თანამედროვე მსოფლიოშია ცნობილი, XII საუკუნის ინგლისში დამკვიდრდა. საქართველოში ტერმინი „მოსამართლე“ XI საუკუნიდან გვხვდება, მანამდე კი მოსამართლის ფუნქციების განმხორციელებელს მოიხსენიებდნენ ტერმინებით: ბჭე, მსაჯული. სამართალწარმოება წარმოდგენილი იყო „რჯულის“ სახით, სადაც მსაჯულთა რაოდენობა 4-დან 12-მდე მამაკაცით განისაზღვრებოდა. მეფის რუსეთმა, საქართველოს დაუფლების შემდეგ, მიიჩნია, რომ ქართული საზოგადოება არ იყო მზად ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის დასამკვიდრებლად და მომრიგებელი მოსამართლის პრაქტიკა გვაკმარა. ილია ჭავჭავაძის ოცნება იყო, მიეღწია ნაფიცი მსაჯულების სასამართლოს შემოღებისთვის, მაგრამ ეს მის სიცოცხლეში ვერ ახდა. 1919 წელს საქართველოს დამოუკიდებელმა მთავრობამ მიიღო კანონი „ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს“ შემოღების შესახებ, თუმცა ამ კანონმაც, ფაქტობრივად, განხორციელება ვერ ჰპოვა. საბჭოთა ოკუპაციის პირობებში საქართველოში საბჭოთა მოსამართლეები დამკვიდრდნენ და ამ ინსტიტუტის პარალელურად დაწესებული სახალხო მსაჯულების ინსტიტუტი მხოლოდ ფორმალურ მხარეს წარმოადგენდა. მას არაფერი საერთო არ გააჩნდა ხალხის ხელისუფლების განხორციელებასთან სასამართლოში და მართლმსაჯულებაში წმინდა ტიპის საბჭოთა სიმახინჯე იყო. 2010 წლის 1-ლი ოქტომბრიდან კი, საქართველოში, ბოლოს და ბოლოს, დამკვიდრდა თანამედროვე ტიპის ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტი, მაგრამ ახლა მისი თავიდან მოცილება უნდათ. არ ითვალისწინებენ იმას, რომ ნაფიცი მსაჯულების სასამართლოს დამკვიდრებამ უდავოდ დადებითი შედეგები გამოიღო ყველა იმ ქვეყანაში, სადაც იგი დამკვიდრდა. ასეთ ქვეყნებში დღეს წმინდა სამოქალაქო საზოგადოებაა ჩამოყალიბებული და ხალხსაც გარანტირებული აქვს სამართლიანი და მიუკერძოებელი სასამართლო ხელისუფლება. _ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საქართველოში ორ წელიწადზე მეტია, არსებობს და შედეგზე, ალბათ, საუბარი უკვე შეიძლება, არა?  _ სადღეისოდ, სტატისტიკური მონაცემებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიცი მსაჯულების სასამართლოს მიერ 2010 წლის 1-ლი ოქტომბრიდან დღემდე განხილულია 9 სისხლის სამართლის საქმე, საიდანაც 2 საქმეზე მსაჯულებმა მიიღეს სრული გამამართლებელი ვერდიქტი, ხოლო 4 საქმეზე კი ნაწილობრივ გაამართლეს ბრალდებული. დარწმუნებით შემიძლია განვაცხადო, რომ ეს გადაწყვეტილებები ვერ დადგებოდა აღნიშნულ საქმეებზე, ისინი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს რომ არ განეხილა, რაც ასევე დაფიქრებას მოითხოვს. დაუსაბუთებელი, კონკრეტული პირის ინტერესებს მორგებული, არაკვალიფიციურად შედგენილი სისხლის სამართლის საქმეები სრულიად უპერსპექტივოა ხალხის სასამართლოს წინაშე. _ როგორც მივხვდი, იმის დამტკიცება გსურთ, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ხარვეზები და რისკები არ აქვს?  _ ამას ნამდვილად არ ვცდილობ. მინდა, მკითხველს მისი დადებითი მხარეები დავანახვო და ვუთხრა, რომ მისი გაუქმება სწორედ ხალხისთვის იქნება ცუდის მომტანი. აქვე განვმარტავ იმასაც, რომ ნაფიცი მსაჯულების სასამართლოს არსებობა ქართული საზოგადოებისთვის, გარკვეულწილად, მაღალი ხარისხის რისკებთან არის დაკავშირებული. ეს რისკები, უმრავლეს შემთხვევაში, მომგებიან პირობებში ბრალდებას აყენებს. პირველი რისკი უდანაშაულობის პრეზუმპციის სავარაუდო დარღვევაა. ეს რისკი წარმოიშობა მასმედიის მეშვეობით, დანაშაულის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისას. კერძოდ, როგორც წესი, დანაშაულის შესახებ ინფორმაციას, უმეტესად, ავრცელებს სახელმწიფო. ამით ირღვევა არა მარტო პირის უდანაშაულობის პრეზუმპცია, არამედ ინფორმაციამ შესაძლოა პირდაპირი ზეგავლენა მოახდინოს ნაფიცი მსაჯულის მიერ მისაღებ ვერდიქტზე, რამეთუ პირი (მსაჯულობის კანდიდატი), რომელიც შესაძლოა შეარჩიონ ნაფიც მსაჯულად, მასმედიით გავრცელებული ინფორმაციის გავლენის ქვეშ შეიძლება მოექცეს; მეორე რისკი პერსონალურ ინფორმაციასთან ხელმისაწვდომობაა. როდესაც ბრალდებისა და დაცვის მხარეებს გადაეცემათ ნაფიცი მსაჯულების კანდიდატთა სიები, ბრალდებას ეძლევა შესაძლებლობა, წინასწარ (შერჩევის სხდომამდე), პოლიციის სათანადო ვებგვერდის გამოყენებით, მოიპოვოს ინფორმაცია  ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატის შესახებ. ამ ვებგვერდზე უხვადაა ინფორმაციები პირის პერსონალური მონაცემების, საახლობლო წრის, ნათესაური კავშირების, სამართალდამცველ ორგანოებთან ურთიერთობისა და სხვა მსგავსი გარემოებების შესახებ. საკამათო არაა, რომ წინასწარ, ასეთი ინფორმაციის მიღების შემდეგ, პროკურორი უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდება, ვიდრე ადვოკატი; მესამე რისკი გახლავთ ვერდიქტის დაუსაბუთებლობა. ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტი (როგორც გამამართლებელი, ასევე გამამატყუნებელი) მსაჯულების მიერ არ საბუთდება, ანუ ვერდიქტი მხოლოდ მშრალი ვალდებულებაა მოსამართლის მიმართ იმის შესახებ, დამნაშავეა თუ არა პირი. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო კი ორიენტირებულია მხოლოდ ისეთ სასამართლო პრაქტიკაზე, როდესაც სასამართლო ვალდებულია, დაასაბუთოს ნებისმიერი გადაწყვეტილება. გადაწყვეტილებების დაუსაბუთებლობა შესაძლებელია გახდეს ამ სასამართლოში სახელმწიფოსათვის მეტად არასასურველი შედეგის მომტანი. მაგალითად, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ტექსკე ბელგიის წინააღმდეგ“ აღნიშნა, რომ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება ზღუდავს პირის უფლებას გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე. ბუნებრივია, უარგუმენტო გადაწყვეტილებას ვერ გავასაჩივრებთ. თუმცა ამ გარემოების გამო ნაფიცი მსაჯულების სასამართლოზე უარის თქმა საქართველოს სახელმწიფოსათვის უარესი შედეგების მომტანი შეიძლება გახდეს. მოსაძებნია გამოსავალი ცუდსა და უარესს შორის.  

                                                                                                        ნელი ვარდიაშვილი

     

გაზიარება