QronikaPlus
ღარიბაშვილისა და მარგველაშვილის დაპირისპირება საბანკო სივრცეში გადადის?!

ღარიბაშვილისა და მარგველაშვილის დაპირისპირება საბანკო სივრცეში გადადის?!

2015-06-19 08:37:14

შეიძლება ძნელია აღიარება, მაგრამ ფაქტი სახეზეა: საქართველოში თუ რამე კეთდება, მხოლოდ პარტიული ინტერესებით არის მოტივირებული და ქვეყნის განვითარების მცდელობასთან არაფერი აქვს საერთო. ამ მოსაზრების დასადასტურებლად რამდენიც გინდათ,  იმდენი მაგალითის მოყვანა შეიძლება. ერთ-ერთი მათგანია ეს მასალაც. მოგეხსენებათ, ხელისუფლება საქართველოს საბანკო სისტემაში კორექტივების შეტანას გეგმავს. საბანკო ზედამხედველობის ეროვნული ბანკისგან გამოყოფაზე დაწყებულ საუბარს ვგულისხმობ _ არსებობს მოსაზრება, რომ ეს ორგანო, რომელიც ბანკების ინსპექტირებას დამოუკიდებელი სუბიექტის სტატუსით მოახდენს, უშუალოდ ხელისუფლებამ გააკონტროლოს და არა ეროვნულმა ბანკმა. რამდენად მიზანშეწონილია ასეთი ნაბიჯის გადადგმა, ამაზე ცოტა ქვემოთ. მანამდე მინდა მკითხველს ორიოდე სიტყვით ავუხსნა, თუ რატომ დადგა დღის წესრიგში საბანკო ზედამხედველობის ეროვნული ბანკიდან გამოყოფის საკითხი? მოგეხსენებათ, ამ ბანკის დღევანდელი თავმჯდომარე, გიორგი ქადაგიძე, „ნაციონალების“ კადრად მიიჩნევა და ბოლო თვეების მანძილზე ატეხილი ლარის ვნებათაღელვანი სწორედ მას ბრალდება. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეროვნული ბანკისთვის ზედამხედველობის წართმევით „ოცნება“ საბანკო სეგმენტში „ნაციონალების“ გავლენის შესუსტებას ცდილობს. აქ თითქოსდა არაფერია მიუღებელი, მაგრამ ამ ფორმით „ნაციონალების“ შესუსტება ნიშნავს, რომ ძლიერდება „ოცნება“, ანუ სისტემა ისევ პოლიტიზებული რჩება. მთელი საბანკო სექტორი ადრე „ნაცების“ ნებაზე თუ იყო დამოკიდებული, ახლა „ქოცების“ განკარგულებაში გადავა, ხოლო რეალურად ეკონომიკური გაჯანსაღების კუთხით არანაირ შედეგს არ მოიტანს. „ნაციონალებთან“ დაპირისპირების გარდა სახეზეა შიდა დაპირისპირებაც. ფაქტობრივად ღარიბაშვილ-მარგველაშვილის ჭიდილი საბანკო სფეროში გადადის. არსებობს სხვა მოტივებიც, რის თაობაზეც „ქრონიკა+“-ის მკითხველს  ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარე, რომან გოცირიძე ესაუბრება: _ გეთანხმებით, რომ ზედამხედველობის გამოყოფაზე საუბარი პოლიტიკურად მოტივირებულია. მეტსაც დავამატებდი: საბანკო ზედამხედველობა პოლიტიკური რეპრესიის ინსტრუმენტი შეიძლება გახდეს. _ მკითხველს გასაგებად ავუხსნათ, რის საფუძველზე აკეთებთ ასეთ პროგნოზს? _ არსებობს რამდენიმე კლასიკური კონტექსტი, რომელთა განხილვა მიგვიყვანს ამ დასკვნამდე. პირველი ისტორიული, ანუ ტრადიციული კონტექსტი: სად უნდა იყოს საბანკო ზედამხედველობა? საბანკო ზედამხედველობა ტრადიციულად ეროვნული ბანკის ფუნქციაა. არის გამონაკლისებიც. იგი ცალკეა გამოყოფილი ეროვნული ბანკიდან, მაგრამ მის საქმიანობაში ეროვნულ ბანკს მაინც აქვს განსაკუთრებული როლი. მაგალითად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ყველგანაა მის მმართველ საბჭოში, ზოგგან კი საბჭოს თავმჯდომარეცაა, ანუ არსად არ არსებობს ზედამხედველობის სამსახური ეროვნულ ბანკთან კონტაქტის გარეშე. XX საუკუნის დასასრულ ევროპაში მოხდა ასეთი შემთხვევა: დიდ ბრიტანეთში 1998 წელს ეროვნულ ბანკს ჩამოაცილეს ზედამხედველობა, მას დაუმატეს საფინანსო სფეროს სხვა მარეგულირებელი სამსახურები და ასე შექმნეს ერთიანი უწყება  _ მეგარეგულატორი. მოგეხსენებათ, არსებობს გამოთქმა, რომ არაფერი არ არის ისე გადამდები, როგორც მაგალითი. მიბაძა ზოგიერთმა მაგალითს და ახლა ფრჩხილებს იკვნეტენ. _ რატომ? _ ვერ გაამართლა. მეგარეგულატორის შექმნის იდეა „ლეიბორისტებს“ ეკუთვნოდათ და პირველივე საფინანსო კრიზისმა მოუღო ბოლო მათ ამ ახირებას. 2007-2008 წლების კრიზისში ყველზე მეტად ბრიტანული, ასზე მეტი წლის ისტორიის მქონე ბანკები დაზარალდნენ, ზოგიერთი გაკოტრდა კიდევაც. ამის შემდეგ ბრიტანელებმა ყველაზე ჭკვიანური ნაბიჯი გადადგეს და 2013 წელს ზედამხედველობა კვლავ დაუბრუნდა ინგლისის ცენტრალურ ბანკს. დიდი ბრიტანეთის ეს მაგალითი რომ შევაფასოთ, დავასკვნით, რომ საქმე გვაქვს მათ სერიოზულ შეცდომასთან, რომლის განმეორებას უკვე ჩვენ ვაპირებთ. _ მგონი, ჩვენთან ადრეც იყო საუბარი ამ თემაზე. _ დიახ, იყო ასეთი საუბრები და მე გეტყვით, რა მოხდა საქართველოში: მაშინდელ მთავრობასაც უნდოდა ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის გატანა, მაგრამ სანამ მე ვიყავი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ეს არ დავუშვი. ჩემი წასვლის შემდეგ კი შექმნეს ქართული მეგარეგულატორი, რომელშიც გარდა ეროვნული ბანკის ზედამხედველობის სამსახურისა, გააერთიანეს ფასიანი ქაღალდების კომისია, დაზღვევის ზედამხედველობა და საპენსიო ზედამხედველობა. თავისთვის იყო ასე ცოტა ხანს ცალკე. საბოლოოდ კი ასეთი ნაბიჯით ეროვნული ბანკიც დაასუსტეს და თვითონაც ვერაფერს აკეთებდნენ ეროვნული ბანკის გარეშე. მალევე დააბრუნეს უკან. ახლა კვლავ დაიწყეს შეტევა ეროვნულ ბანკზე. უნდათ მისი შუაზე გახლეჩა და დაკნინება. რატომაც უნდათ, გასაგებია. _ იმიტომ, რომ აქ უკვე პოლიტიკური კონტექსტი გამოდის წინა პლანზე? _ გეთანხმებით, ეს წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომლის განხორციელების შემთხვევაშიც რამდენიმე მიზნის მიღწევა უნდათ ერთდროულად: პირველი, პრეზიდენტის ინსტიტუტის კიდევ უფრო დაკნინება გახლავთ. კონკრეტულად საუბარია პირადად პრეზიდენტ მარგველაშვილისთვის ეროვნული ბანკის მმართველობის ფორმირებაში ამჟამად არსებული უფლებების შეზღუდვაზე. მოგეხსენებათ, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს წარადგენს პრეზიდენტი, მას შემდეგ ამტკიცებს პარლამენტი. მთავარი როლი აქ პრეზიდენტს ეკუთვნის. საბჭოს წევრიდან ერთ-ერთი შემდეგ ხდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, რომელსაც ნიშნავს ქვეყნის პრეზიდენტი. უკვე არ არის მკითხველისთვის ძნელი ასახსნელი, რა სიტუაცია იქმნება. _ ეროვნული ბანკის დასუსტებით  ხელისუფლების ერთი შტო მეორეზე უპირატესობის მოპოვებას ცდილობს და ამ კაპრიზს ეწირება ყველაფერი დანარჩენი? _ თქვენ კითხვაშივე გაქვთ ამის პასუხი. კარგად ვიცით, „ქართულმა ოცნებამ“ იმდენი ქნა, რომ მოიმდურა ქვეყნის პრეზიდენტი. ამ სიტუაციაში ხედავენ, რომ ეროვნული ბანკი გაექცათ პოლიტიკური კონტროლიდან და ვერც მომავალში შეძლებენ ყურმოჭრილი მმართველის დანიშნვას. ამიტომ იპოვეს გამოსავალი _ ეროვნული ბანკის შუაზე გაყოფა ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფის გზით, რომელიც ხელისუფლების ყველაზე რეპრესიული ნაწილის პარტიულ კონტროლს დაექვემდებარება. ეს, ამავდროულად, ნიშნავს როგორც ბანკების, ასევე მისი კლიენტურის გაკონტროლებას. _ დღესაც ხომ ასეა? _ კი, მაგრამ დღეს მას აკონტროლებს კონსტიტუციური, აპოლიტიკური ორგანო _ ეროვნული ბანკი, რომელსაც აქვს დიდი დამოუკიდებლობა, იმუნიტეტი და მრავალმხრივ დაბალანსებული პროცედურები. ახლა კი ქმნიან საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მქონე საზედამხედველო სამსახურს, რომელზე ზემოქმედებაც ადვილად შეეძლება საპარლამენტო უმრავლესობას, მმართველ გუნდს, მთავრობას და რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას პოლიტიკური მიზნებისთვის. მეორე პოლიტიკურად მოტივირებული მიზეზი გახლავთ მთავრობის წარუმატებლობის გადაბრალება ეროვნული და კომერციული ბანკებისთვის. განსაკუთრებით ლარის დევალვაციის პროცესებს ვგულისხმობ. რამდენიც არ უნდა იძახონ საგარეო ფაქტორის შესახებ, ყველა ხედავს, რომ მისი ნამდვილი მიზეზები მაინც მთავრობის მრავალი არასწორი ნაბიჯი იყო. საბოლოოდ კი მოსახლეობა დააზარალა მთავრობამ და არა კომერციულმა ბანკებმა. ხალხი კი, რომელსაც მეტის დაბრუნება უწევს ბანკებისათვის, აგრესიულადაა განწყობილი მათდამი. მთავრობა ამით სარგებლობს და აქეზებს მათ საბანკო სექტორის წინააღმდეგ. თითქოს ეროვნული ბანკი და კომერციული ბანკები შეკრულები არიან, სპეკულირებენ, აუფასურებენ ლარს და იღებენ სარგებელს. _ რატომ მთავრობა? _ იმიტომ, რომ ეს კანონი მთავრობაში დაიწერა და   დეპუტატებს შეუცურეს პარლამენტში, „საარტილერიო“ უზრუნველყოფას კი უკეთებს „2030“ და მისი „ექსპერტობა“. მთავრობა ეფარება მათ ზურგს უკან, რადგან შეიძლება ცუდად შემოუბრუნდეს ყველაფერი და დაკარგოს ასეულ მილიონობით კრედიტი, თუ ამ ბიუჯეტში არა, მომავალში მაინც, რომლის გარეშეც ჩვენი ბიუჯეტის დაბალანსება შეუძლებელია. ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ: სავალუტო ფონდმა, ევრობანკმა, ევროკავშირმა და, ალბათ, მსოფლიო ბანკიც იტყვის თავის სიტყვას, მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატა ამ პროცესისადმი. არა იმიტომ, რომ რაღაც საშინელება ხდება ზედამხედველობის გარეთ გატანის გამო, არამედ ეს არის აშკარად პოლიტიკურად მოტივირებული და სამომავლოდ საფრთხეებს შეიცავს. _ არსებობს ქადაგიძის ფაქტორიც, ხომ არ არის რაღაც შურისძიების მაგვარი? ან ხომ არ ქმნიან სამომავლოდ მისი დევნის საფუძველს? მით უმეტეს, პარლამენტის კომიტეტებში უარყოფითად შეფასდა გასული წლის ეროვნული ბანკის საქმიანობა. _ ქადაგიძეს ვადა ეწურება რვა თვეში. ეს არ არის დიდი ვადა, ანუ თუ მას არ ენდობიან, სულ მალე იგი შეიცვლება. ვინ შეცვლის? სწორედ ეს არის მთავარი. ეროვნული ბანკის ახალ პრეზიდენტს დანიშნავს გიორგი მარგველაშილი, ან ვერავინ დაინიშნება მისი სურვილის გარეშე. სწორედ ეს არის მთავარი ინტრიგა. ზედამხედველობა ჩვენია, ახლა საერთოდაც ეროვნულ ბანკზე ვივაჭროთ! ასეთია ქვეტექსტები. ყველაფერი პირადულია და ინსტიტუციურად შენიღბული. _ ხომ არ არის დაკავშირებული ეს ყველაფერი ხელისუფლების მხრიდან ფინანსური ნაკადების გლობალური კონტროლის სურვილზე? მონიტორინგის სამსახურის ეროვნული ბანკიდან მთავრობის დაქვემდებარებაში გადასვლა, მოქალაქეთა და კომპანიების საბანკო დეპოზიტებზე და ანგარიშებზე საგადასახადო სამსახურების მხრიდან გამარტივებული წვდომის შესახებ კანონის მიღება და ახლა უკვე ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკიდან გამოყოფა ამაზე არ მეტყველებს? _ ყოველ შემთხვევაში ეს არის ტენდენციის მანიშნებელი. შეიძლება პირდაპირი კავშირი არ ჰქონდეს, მაგრამ ამაში ჩანს ხელისუფლების სურვილი, აკონტროლოს ფინანსური ნაკადები. მთავრობა არის პოლიტიკური ორგანო. მთავრობის წევრმა ვიცე-პრემიერმა ახლახან დაადანაშაულა ორი წამყვანი ბანკი ლარის გაუფასურებაში და მანიპულაციებში. ჩვენნაირ ქვეყანაში, სადაც ბევრი რამ დაუბალანსებელია, ასეთი განცხადებები პირდაპირი მითითებაა საგადასახადო, ფინანსური თუ სხვა სახის მაკონტროლებელი ორგანოებისთვის სამოქმედოდ. ეროვნულ ბანკში ფინანსური მონიტორინგის თუ საზედამხედველო ორგანოების ყოფნა ნაკლებ საფრთხეს შეიცავს პოლიტიკური, საარჩევნო თუ მსგავსი მიზნებისთვის მათ გამოსაყენებლად. _ ე. ი. საქართველოში თავიდან ბოლომდე ვიწრო პარტიულ ინტერესებს ეწირება ყველაფერი, მაგრამ სამართლებრივი უზრუნველყოფის საქმე როგორ დგას? _ საბანკო და ბიზნესგაერთიანებები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო ორგანიზაციები, დამოუკიდებელი ექსპერტები, საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო პარტიები, ყველა უარყოფითად აფასებს ამ პროცესს. მთავრობასა და მმართველ უმრავლესობას სერიოზული პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს ამ კანონის გატანის შემთხვევაში. უღირთ კი ამ დანაკარგების, პირველ რიგში, ნდობისა და რეპუტაციის შელახვის ფასად მისი მიღება? სწორედ ესაა დამაფიქრებელი: რატომ ასე საჩქაროდ? საპარლამენტო პროცედურების ფორსირებულად გავლაც კი უნდოდათ. ესე იგი, ასეთია დავალება ზემოდან. ეს, მეორე მხრივ, პარლამენტის იმიჯსაც აკნინებს. რატომ უნდა მისცეს ხმა თუნდაც წინა ხელისუფლების სიით გასულმა და უმრავლესობაში გადაბარგებულმა ბიზნესმენებმა მათ საზიანოდ განკუთვნილ კანონპროექტს? ალბათ იმიტომ, რომ ფიქრობენ, მათ ვერაფერი დააზიანებს. ყოველთვის იქ არიან, სადაც საჭიროა. სადაც ხელისუფლებაა და სადაც ფულია. მოვლენ სხვები? _ მივლენ სხვებთან. ისინი ყოველთვის საჭირო იქნებიან, სანამ ისეთი პოლიტიკური პროცესები იქნება ქვეყანაში, სადაც ყველაფრის ყიდვა შეიძლება: ხმებისაც და ექსპერტებისაც. _ ანუ მათი მხარდაჭერით ამ კანონს მიიღებენ? _ მაინც ეჭვი მეპარება. იყო უკვე ერთხელ პარლამენტში პრეცედენტი, მაგრამ მიუხედავად დიდი სურვილისა, ვერ გავიდა კანონპროექტი ე. წ. განვითარების ბანკის შესახებ და მთავრობას უკან დაუბრუნდა. _ ისეთი პირიც უჩანს, რომ პრეზიდენტი ვეტოს დაადებს ამ კანონს. შემდეგ რა მოხდება? _ ჯერ ერთი, პრეზიდენტის ვეტო პოლიტიკურად რეზონანსულია, უცხოეთის თვალშიც და მას არასახარბიელო გამოხმაურება მოჰყვება. მეორეც, მგონია, რომ არა მხოლოდ ვეტოს დაადებს და მოუწევს უმრავლესობას ამ ცხელ ზაფხულში სრული მობილიზება, არამედ საერთოდ ხელსაც არ მოაწერს მას. ამის გაკეთება მოუწევს უკვე პარლამენტის თავმჯდომარეს პერსონალურად. ასე რომ, დაველოდოთ მოვლენებს და ვნახოთ, საბოლოოდ მაინც რა გადაწყვეტილებას მიიღებენ?  

                                                                                                              დავით დევიძე

   

გაზიარება