QronikaPlus
სანდრო ბრეგაძე: „მიხეილ სააკაშვილი საქართველოს საფრთხეს უქმნის!“  - რატომ მოუწოდებს მთავარ პროკურატურას მინისტრის მოადგილე?

სანდრო ბრეგაძე: „მიხეილ სააკაშვილი საქართველოს საფრთხეს უქმნის!“ - რატომ მოუწოდებს მთავარ პროკურატურას მინისტრის მოადგილე?

2015-06-18 09:43:03

დიასპორის საკითხები სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, სანდრო ბრეგაძე, „ქრონიკა+“-თან მიხეილ სააკაშვილისგან მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს. მისი თქმით, ექსპრეზიდენტი საქართველოში მაიდანზე მიმდინარე მოვლენების განმეორებას გეგმავს, რადგან მხოლოდ დესტაბილიზაციის მიღწევის გზით შეიძლება მისი დაპატიმრებული თანაპარტიელების განთავისუფლება. ბრეგაძე პოლიტოლოგებს მოუწოდებს, რომ ამის შესახებ ანალიზი გააკეთონ, რის შემდეგაც სახელმწიფომ გარკვეული ნაბიჯები უნდა გადადგას. წინააღმდეგ შემთხვევაში, არეულობის პროვოცირება გარდაუვალია. სანდრო ბრეგაძე: _ ჩვენს ქვეყანას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან კვლავ ელოდება გარკვეული სახის საფრთხეები. ეს არ არის ლიტონი ფრაზები, აბსოლუტურად რეალური ინფორმაციაა. არც ლოგიკურ დასკვნებზე გაკეთებული აზრია, არსებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით, შემიძლია ცალსახად განვაცხადო, რომ სააკაშვილი არ აპირებს, საქართველო საპარლამენტო არჩევნებამდე მიიყვანოს. ის, გარკვეულწილად, იმყოფება თავისი ყოფილი თანამებრძოლების მძევლად. როგორც ვიცი, ოთხი დეპუტატი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობიდან“ გავიდა, ვანო მერაბიშვილის ხელდასხმულები არიან და ეს ამბავი სწორედ მისი დაგეგმილი იყო. ეს  მერაბიშვილის ერთგვარი გაფრთხილება გახლდათ სააკაშვილის მიმართ. იმ ადამიანების გულისწყრომა, რომლებიც ციხეში სხედან, სააკაშვილისადმი ნელ-ნელა მატულობს. ბაჩო ახალაიას სააკაშვილისგან ჰქონდა მიღებული, გარკვეულწილად, გარანტიები იმისა, რომ თუ საქართველოში იქნებოდა, არ დააპატიმრებდნენ. ის ასევე აძლევდა გარანტიებს მერაბიშვილსა და უგულავასაც, მაგრამ დღეს ეს ადამიანები ციხეში სხედან, ხოლო სააკაშვილი საკმაოდ კარგ დროს ატარებს უკრაინის ქალაქებსა თუ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. უგულავამ და ახალაიამ მშვენივრად იციან ერთი რამ, რომ თუ საქართველოში ხელისუფლების ცვლილება არ მოხდა, ან პოლიტიკური რევანში არ განხორციელდა, მათი საპატიმროებიდან გამოშვება გამორიცხულია. ამიტომ მათ საკააშვილს კატეგორიულად მოსთხოვეს _ გაეტარებინა რადიკალური ღონისძიებები იმისათვის, რომ ქვეყანაში განეხორციელებინა პოლიტიკური რევანში. სააკაშვილმა ეს ვერ გააკეთა, ამიტომ ვანო მერაბიშვილმა პირდაპირ უთხრა, რომ თუკი სააკაშვილი ბოლომდე არ იბრძოლებს, „ნაციონალური მოძრაობა“ დაიშლება, ხოლო თვითონ ალაპარაკდება იმ ყველაფერზე, რაც ხდებოდა სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს. სწორედ ეს გახლავთ ერთგვარი შანტაჟი და ძირითადი მამოძრავებელი ფაქტორი იმისა, რომ სააკაშვილი მაქსიმალურად ცდილობს, დიდი დაფინანსებები მოიპოვოს, რათა საქართველოში მოხდეს უკრაინის მაიდნის მსგავსი მოვლენა. მართალია, 21-მა მარტმა, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიტინგი ჩაატარა, აჩვენა, რომ მათი მხარდამჭერები არც ისე ბევრნი არიან შემორჩენილები, მაგრამ ეს პარტია, მხოლოდ და მხოლოდ, მშვიდობიანი მანიფესტაციებით არ აპირებს განახორციელოს თავისი ქმედება. ის ფაქტი, რომ დღეს ოდიოზურ ფიგურებს, მაგალითად, როგორიც არის ირაკლი წერეთელი, თავიანთ გუნდში რიცხავენ, ბევრს შეიძლება სასაცილოდაც არ ჰყოფნიდეს, მაგრამ საკმაოდ გათვლილი ნაბიჯია. ირაკლი წერეთლი პირველი მერცხალია, შემდგომში მეორე და მესამე მერცხალიც გაჩნდება. მათ უნდათ, რომ ერთგვარი შეფერილობა მიიღოს პროცესმა, თითქოს კოალიციაა, ან პროდასავლური ალიანსი, რომელმაც უნდა დაამხოს ხელისუფლება და შური იძიოს ბიძინა ივანიშვილზე. არც ერთი ანალიტიკოსი ხაზს არ უსვამს ერთ რამეს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს, ფაქტობრივად, ტაქტიკა შეცვალა. მათ მშვენივრად იციან, რომ მათი რეიტინგი, რომელიც მერყეობს 15%-ის ფარგლებში, არც ზემოთ წავა და არც ქვემოთ, იმიტომ, რომ სექტაა. „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები ისევე დაუჭერენ მათ მხარს, მაგრამ პროცენტის მომატება შეუძლებელია. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვიღაცამ მშვენივრად გათვალა ეს ყველაფერი _ ხელისუფლების რეიტინგის დასაწევად და „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგთან მის გასათანაბრებლად დაიწყეს ზრუნვა: შავი პიარი, ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის, პარლამენტარების არაკორექტული გამონათქვამები, რომელსაც ბოლო პერიოდშიც ვაწყდებით, მძლავრი საინფორმაციო მანქანა, მათი აზრით, უზრუნველყოფს ხელისუფლების რეიტინგის დასვლას 20%-მდე და „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგთან მიახლოებას. ამომრჩეველთა ძირითადი მასა ნიჰილისტურად განწყობილი გახადეს საარჩევნო პროცესებისადმი, რაც პოლიტიკური რევანშის საშუალებას აძლევს. ვერაფრით დავიჯერებ იმ ადამიანების თვითდარწმუნებას, რომელთაც ჰგონიათ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე ქმედუუნაროა. „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს საკმაოდ დიდი ფინანსები და ბევრი ადამიანი ჰყავს, რომლებიც დღეს ფარულად, შენიღბულად მოქმედებენ და რომელთა ქმედებები, ხვალ თუ ზეგ, საკმაოდ ცუდად დაგვიჯდება. ეს საშიშროება არსებობს და ამას სჭირდება პოლიტოლოგების ანალიზი, შემდეგ კი სახელმწიფოს ქმედებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოფილ ხელისუფლებას არაფერი დარჩენია გარდა იმისა, რომ არეულობის პროვოცირება მოახდინოს და პოლიტიკური რევანში განახორციელოს! _ ამ ყველაფრის მიუხედავად ექსპრეზიდენტ სააკაშვილსა და მის გუნდს მხარს უჭერენ უცხო ქვეყნები. მეტიც, უკრაინის ხელისუფლებაში საკმაოდ დიდი პოსტები უკავიათ... _ დღეს გვაქვს სრულიად ანომალიური სიტუაცია, როდესაც უკრაინის ერთ-ერთი ოლქის გუბერნატორი, ბატონი სააკაშვილი, დამხობით ემუქრება მისი მეგობარი ქვეყნის ხელისუფლებას. წარმოიდგინეთ, სამეგრელოს ან იმერეთის გუბერნატორი რომ დაემუქროს უკრაინის ხელისუფლებას დამხობით, ამას რა საერთაშორისო სკანდალი მოჰყვება და ქვეყნებს შორის  ურთიერთობის გაფუჭება. დღეს რაც სახეზე გვაქვს, ამის შედეგად, დიახ, უნდა ითქვას, რომ უკრაინის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი პირდაპირ აცხადებს, საქართველოში უნდა შეცვალოს ხელისუფლებაო! ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, უკრაინის ხელისუფლებამ უნდა გადადგას ნაბიჯები, უნდა გააჩეროს თავისი ხელისუფლების წარმომადგენელი, ან უნდა ჩამოაცილოს ხელისუფლებას! თუ ასე არ იქცევიან და უკრაინის ხელისუფლებაც საქციელს უწონებს, რა სახელი შეიძლება დაერქვას ამას, ალბათ, ადვილად ამოსაცნობია! რაც შეეხება უკრაინაში მიმდინარე პროცესებს, რაც გულისხმობს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების, ფაქტობრივად, იქ ხელისუფლებაში მოსვლას, ეს გახლავთ არა ლოკალური, არამედ საერთაშორისო პოლიტიკის შედეგი. ვფიქრობ, იგივე გათვლები კეთდება იგივე ძალებისგან, რაც, თავის დროზე, საქართველოში განახორციელეს. თუმცა ეს მოვლენა საქართველოში სავალალოდ განვითარდა. გავიხსენოთ 2008 წლის აგვისტო, როდესაც რუსეთი საბოლოოდ ეცადა, იურიდიულადაც კი, დაეკანონებინა ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთის ტერიტორია. არ მინდა ცუდი პროგნოზი გავაკეთო უკრაინელი ხალხის მისამართით, მაგრამ სააკაშვილის იქ მოღვაწეობით, არ გამოვრიცხავ, ოდესასაც იგივე ემუქრებოდეს ხვალ თუ ზეგ. ჩვენი მოძმე უკრაინელი ხალხის დიდი გულშემატკივარი ვარ, მაგრამ ეს საქმე მათი გადასაწყვეტია. მეორე მხრივ, სამწუხაროა ერთი ფაქტი: საქართველო-უკრაინის ურთიერთობები, რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, რომ მეგობარი ერები ვართ, ისეთი ვეღარ არის, როგორიც იყო წინა წლებში. ეს საქართველოს ხელისუფლების ბრალი ნამდვილად არ გახლავთ და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ თუკი უკრაინის ხელისუფლებიდან ვინმე ძებნილი, მით უმეტეს, თუ მის ხელისუფლებას დამხობით დაემუქრებოდა, ჩვენს ქვეყანაში შემოვიდოდა, მას საქართველოს ხელისუფლება არ მიიღებდა და არ დანიშნავდა რომელიმე მინისტრად, მოადგილედ, ან ოლქის გუბერნატორად. ვიმეორებ: ეს არის ანომალიური მოვლენა, რომელიც, ალბათ, მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში არ არსებობს! სამწუხაროდ, ეს ჩვენსა და უკრაინელ ძმებს შორის მოხდა! _ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობთ. პრევენციისთვის რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება? _ ბევრ რამეს. ყველაზე კარგი საშუალებაა, საკუთარ ქვეყანაში განახორციელო ისეთი პოლიტიკურ-სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკა, რომ სააკაშვილისნაირ ავანტიურისტებს არ მიეცეს პოლიტიკური რევანშის საშუალება. ამ კუთხით საკმაოდ სერიოზული ნაბიჯები იდგმება, მაგრამ არსებობს ერთი დიდი ხარვეზი, რომელზედაც აუცილებლად უნდა ვისაუბრო: მაგალითად, ავიღოთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც მინისტრმა დავით სერგეენკომ და საქართველოს მთავრობამ განახორციელეს. ასეთი უნიკალური პროექტი პოსტსაბჭოთა სივრცეში, ფაქტობრივად, არ განხორციელებულა. ვისაც შეხება ჰქონია ბოლო დროს საავადმყოფოებთან, ან სამედიცინო სფეროსთან, ყველამ საკუთარ თავზე დადებითად იწვნია ის პრივილეგიები და სოციალური პროგრამები, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ განახორციელა. ასევე შეიძლება ვისაუბროთ სხვა სფეროში წარმატებულ პროექტებზე, მაგრამ ხარვეზი არის ის, რომ ამის სათანადოდ წარმოჩინება არ ხდება, ფაქტობრივად, პიარი არ მუშაობს. ვერავინ უარყოფს, რომ ეს „ნაციონალურ მოძრაობას“ მართლაც უმაღლეს დონეზე ჰქონდა აყვანილი. მარტო პიარი ჰქონდათ, გაკეთებული საქმეები კი, ნაკლებად, ახლა პირიქით არის, საქმეებია და პიარი არ არის. სამწუხაროდ, ეს იმის ბრალია, რომ ჩემი თვალთახედვით, ამ სფეროში დასაქმებულები არიან არაპროფესიონალი ადამიანები! ელექტრონული მედიის საუკუნეში ვცხოვრობთ და ძალიან კარგად ვიცით, რომ მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდებას ამა თუ იმ მიღწევების შესახებ დიდი მნიშვნელობა აქვს, რაც სათანადოდ ვერ ხდება. ეს არის „აქილევსის ქუსლი“ ჩვენი ხელისუფლებისა. სააკაშვილი დღესაც მაქსიმალურად ცდილობს, პიარით მართოს პოლიტიკური კამპანია. მას დღემდე ჰყავს საკუთარ კონტროლქვეშ საკმაოდ სერიოზული, წამყვანი მედიასაშუალებები, განსაკუთრებით, ტელესივრცეში, რომლებიც ყოველდღიურად ახერხებენ მისი და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ ავანსცენაზე ყოფნას. თუ ხელისუფლებას მუდმივად ექნება პრობლემები ამ სფეროში, „ნაციონალური მოძრაობა“ აჯობებს ამ უდიდეს პოლიტიკურ სეგმენტში, რასაც პიარი და მედია ჰქვია. მეორე _ მინდა, მოვუწოდო პროკრატურას, უფრო ჩქარი ტემპებით წარიმართოს სამართლიანობის აღდგენის პროცესი. ადამიანებმა თუ არ დაინახეს, რომ სამართლიანობის აღდგენა პირადად მათ მაგალითზე ხდება, აუცილებლად ნიჰილიზმსა და უნდობლობას გამოიწვევს. სწორედ ნიჰილიზმის დანერგვაა სააკაშვილისა და მისი გუნდის ამოცანა, მათ მშვენივრად იციან, რომ ასეთ შემთხვევაში ადვილად შესაძლებელია მღვრიე წყალში თევზის დაჭერა. საკადრო პოლიტიკა _ ჩემი ღრმა რწმენით, იგი კიდევ ერთხელ საჭიროებს პრინციპულ გადახედვას ძალიან ბევრ სფეროში, განსაკუთრებით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში. არსებობს გარკვეული სახის უკმაყოფილობები სოფლის, მუნიციპალიტეტების დონეზე. საკმაოდ ბევრი ადამიანი ჩივის, რომ კვლავ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან ავანსცენაზე, ხოლო ადამიანები, რომლებიც „ნაციონალების“ რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოდნენ და არიან პროფესიონალები, არ იკავებენ სათანადო ადგილს. პირდაპირ ვიტყვი: აბსოლუტურად ყველა სფერო უნდა გაიწმინდოს „ნაციონალური მოძრაობის“ კადრებისგან, რომელთაც დანაშაული მიუძღვით ამ 9 წლის განმავლობაში. ისინი საბოტაჟის საშიშროებას ქმნიან და ხალხს რწმენას აკარგვინებენ. ორ სამინისტროში ვიყავი მინისტრის მოადგილე და ორივეს მაგალითზე მინდა გითხრათ: დევნილთა სამინისტროში საკმაოდ ბევრი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დროიდან შემორჩენილი კადრები. გაგებით უნდა მოვეკიდოთ და ეს ადამიანები არ უნდა გავყაროთ უმიზეზოდ, პოლიტიკური ნიშნით, მაგრამ თუკი არიან ადამიანები, რომელთაც პოლიტიკური თუ ეკონომიკური დანაშულები ჩაიდინეს, ისინი არც დევნილთა სამინისტროში უნდა იყვნენ, არც რომელიმე სოფლის საკრებულოში და არსად!  

                                                                                                              თამარ ბატიაშვილი

 

გაზიარება