QronikaPlus
ტყეშელაშვილი, ახალაია, მესხელი - ვინ იბრძოდა პროექტ „XXI საუკუნისთვის“ გამოყოფილი მილიონებისთვის?!

ტყეშელაშვილი, ახალაია, მესხელი - ვინ იბრძოდა პროექტ „XXI საუკუნისთვის“ გამოყოფილი მილიონებისთვის?!

2015-06-05 09:49:05

ქართულ სინამდვილეში თაღლითობის მუხლით უპრეცედენტო ვადით პატიმრობამისჯილი ქალბატონი და პრეზიდენტის მიერ უკვე შეწყალებული ირინა ჩაგანავა იმ ადამიანის დასჯას ითხოვს, რომლის გამოც თვითონ გახდა თაღლითობის მსხვერპლი. ჩაგანავას საქმეში ფიგურირებენ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები და ორი ურთიერთდაპირისპირებული _ ახალაიასა და მესხელის კლანი. ხელისუფლების შეცვლის მიუხედავად დამნაშავე დღესაც არ დასჯილა და ქალაქში თავისუფლად დადის. ჩაგანავა ეჭვობს, რომ ამ ადამიანს ისევ ის კლანი მფარველობს, რომელიც დღესაც სამართალდამცველ ორგანოებში არის მოკალათებული. „ქრონიკა+“-ს ირინა ჩაგანავა ესაუბრა: _ 2000 წლიდან მქონდა თანხის გამსესხებელი საშუამავლო ფირმა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩემი ოფისიდან ერთი საქმეც არ არის არბიტრაჟში, რომ ვინმე ბინიდან გამოესახლებინათ. ყოველთვის ისეთ ხალხს ვარჩევდი, მეგობრული ურთიერთობა მქონოდა, თუ ვერ იხდიდა კლიენტი, გამსესხებელს პროცენტს ვაკლებინებდი, ვეხმარებოდი, თუ ბინა ჰქონდა გასაყიდი, რომ ქუჩაში არ დარჩენილიყო. ყველას რომ ვეხმარებოდი, კლიენტებს თვითონ მოჰყავდათ ერთმანეთი და ეუბნებოდნენ, თუ გინდათ, ბინა არ დაკარგოთ, ამ ოფისთან უნდა ითანამშრომლოთო. რა თქმა უნდა, შემოსავლების სამსახურშიც გადასახადს ოფიციალურად ვიხდიდი. ჩემს კლიენტებს შორის იყო ერთ-ერთი ირაკლი კვინტრაძე, ახლა ვისგანაც ვარ მოტყუებული, დაზარალებული და ყველანაირად გაუბედურებული. ბინა ჰქონდა ჩადებული და ჩვენი ფირმიდან თანხა აიღო. ის სხვა კლიენტებივით ხშირად მოდიოდა ოფისში. ერთ მშვენიერ დღესაც მოდის კვინტრაძე და მეუბნება: დათო ტყეშელაშვილი ჩემი მეგობარია, ახლა ამერიკიდან ჩამოდის, თანამდებობას მპირდება, შენ მე ისე დამეხმარე და იმდენი სიკეთე გამიკეთე, რაღაცით მინდა პატივი გცე, ჩათვალე, ჩემი უფროსი და ხარო. მისი ოჯახის წევრებიც კი თავიანთ უფროს ქალიშვილს მეძახდნენ. მართლაც დაიწყო ამ ბიჭმა მუშაობა გარემოს დაცვის სამინისტროში გენერალური ინსპექციის უფროსად. 2007 წელი იყო, დათო ტყეშელაშვილი რომ დანიშნეს მინისტრად. ირაკლი კვინტრაძე, სანამ ჩემთან მოვიდოდა, ვალები ჰქონდა სხვა ოფისებში. მითხრა, ირინა, ვალები რომ მაქვს და სახელმწიფო სამსახურში ვარ, დათოსთან „მიტყდება“, გვერდით დამიდექი და მერე მე ვიცი შენი პატივისცემაო. ნატახტარში მქონდა მიწის ოთხი ნაკვეთი, ერთი ურეკში. მითხრა, სახელმწიფო პროექტებია, ბიზნესის გაფართოების მიზნით წლიური 2-დან 5%-მდეა გადასახადი, ზუსტად არ ვიცი, რამდენი გაკეთდება, მაგრამ დათომ მითხრა, გავაკეთებო. წაიღო ჩემი ნაკვეთების ქსეროასლები, ამაზე გავაკეთებ სესხსო. იმდენად ახლოს ვიყავით ოჯახებით, ჩემს მეუღლეს მუშაობა დააწყებინა იმერეთის რეგიონში გარემოს დაცვაში, ჩემს ძმას კიდევ რეინჯერად წალენჯიხის სატყეო დეპარტამენტში. ამ იმედით ვართ, რომ საქმეს აკეთებს, ამბობს, ეს ინვესტიციები ჩვენი შემოზიდულია და ხარჯი აქვსო. მიაქვს ფულები, რომ გააკეთებს სესხს და შემდეგ იმ თანხით დააბრუნებს ვალებს. კიდეც ვუთხარი, _ დამღალეს ამ კერძო მევახშეებმა და თუ სოლიდური თანხა იქნება, მიკროსაფინანსო ორგანიზაციას გავაკეთებ-მეთქი. _ რა კარგი აზრია, ფულში შენზე სანდოს ვის ვნახავ, მე მაინც სახელმწიფო მოხელე ვარ, შენ ბიზნესი გაქვს და ჩათვალე, ნახევარ წილში ჩამოვალო. მალევე ტყეშელაშვილი ჯანდაცვის სამინისტროში გადაიყვანეს, ესეც იქ გადაჰყვა. შემდეგ ტყეშელაშვილი სააკაშვილის ადმინისტრაციაში მუშაობდა, „ნაციონალების“ ერთ-ერთი ცნობადი სახე, არჩევნების გამყალბებელი და კარუსელების ერთ-ერთი ავტორი. ამას თვითონ კვინტრაძე ჩემს კლიენტებთან ამბობდა ხმამაღლა, სამსახურიდან რომ გამოაგდეს. როცა ჯანდაცვაში გადავიდა, მითხრა, ნატახტარის ნაკვეთებზე არ კეთდება, ურეკი ზღვისპირეთია და იქ დაფინანსდებაო. ამ დროს ტელევიზიითაც მიდის რეკლამა, რომ შევეთილში, ურეკში კოტეჯები უნდა აშენდეს და ა. შ. თვითონ იყო თავდებში. თან ბინათმშენებლობისთვის, თავისთვის და ჩემთვის, ფულები მიჰქონდა. ვუთხარი, _ ხელშეკრულების ერთი პირი მომიტანე-მეთქი. მაჩვენა ის ხელშეკრულებები, მაგრამ არ დაგიტოვებ, შენ ისეთი ხარ, თანხა რომ დაგჭირდეს, უცებ გაყიდი  და ამ ფასად ასეთ ბინას მეორედ ვერ ავიშენებო. ტყეშელაშვილი გადაიყვანეს ინფრასტრუქტურის სამინისტროში, ეს სამსახურიდან გამოუშვეს. ამასობაში მიაქვს და მიაქვს თანხები. ასევე მოითხოვა ფული არჩევნებისთვის. _ არჩევნებისთვის რატომ უნდა მოგცე ფული-მეთქი? _ არ იცი, ეგენი როგორები არიან, ბიზნესი რომ გაქვს და რომ პარპაშებ, ამდენი კლიენტები რომ გყავს და ფულს ართმევ, დაგიჭერენო. _ რატომ დამიჭერენ, რას ვაშავებ-მეთქი? _ მაგათ მიზეზი რად უნდათო? ის პერიოდია, ტელევიზიით აჩვენებენ, ქალებს იჭერენ იპოთეკებზე, ცოტა არ იყოს, შემეშინდა. მაისში არჩევნებისთვის ფული რომ  წაიღო, მამიდაჩემის ბინა ჩაიდო. კლიენტების ფული რომ მიაქვს, ყველამ იცის, ელოდებიან, ირაკლი რაღაცას აკეთებს და ყველას ერთად დაგვიბრუნდება ფულიო. თვითონ ტრიალებდა ამ ხალხში, ყველა დაგვარწმუნა, რომ პროექტს გააკეთებდა. ხელშეკრულების ერთი პირი რომ არ მომცა, არც შევუთანხმდი, ისე დავადექი თავზე, როდესაც ჯანდაცვის სამინისტროში მუშაობდა. როცა მივედი, პირში ერთი მუჭა წამლები ჩაიყარა. სულ ამოვუყირავე მაგიდაზე, თუ რამე საბუთები ჰქონდა. რატომ მატყუებ, მაჩვენე-მეთქი ხელშეკრულება და მაჩვენა, „21-ე საუკუნე“, პროექტის ბოლო ვარიანტი იყო. ვკითხე, _ თუ მშენებლობა უნდა იყოს, მევალეებს რა ფულს ურიგებ, მსოფლიო ბანკის ფულს ხომ თავისი დანიშნულება აქვს-მეთქი? _ შენ რას დაეძებ, ამათ არჩევნებში რომ დავეხმარე, მიკეთებენ, ფული უკან დასაბრუნებული არ მაქვს და ხალხს ამით გადავუხდიო. ვიფიქრე, „თუ ხალხს ფულს დაურიგებს და მე პრობლემა არ მექნება, თვითონ აგოს პასუხი, ვისთანაც უნდა-მეთქი“. ვკითხე, _ ხელშეკრულებაზე ხელი რატომ არ მომაწერინე-მეთქი? _ მე მოვაწერე შენ მაგივრადო. დათოსგან ასეთი ბრძანება მაქვს, არავის გავატანო ეს ხელშეკრულებაო. სამსახურიდან რომ გამოუშვეს, ამბობდა, _ მე თუ დამიჭირეს, ჩემს ცოლს გვერდით დაუდექით, მაგან იცის, ჩემს მოადგილესთან, პაატა პატარიძესთან ინახება საბუთები, პაატამ არ იცის, რა საბუთებია და რა ბომბი მიჭირავს ხელშიო. ჩემი კლიენტები თვითონ აძლევდნენ კვინტრაძეს ფულს. ჩემი დაჭერის შემდეგაც კი აქვს წაღებული, აგერ ცნობა ნახეთ, საქმეა აღძრული, მაგრამ ჯერ დაძრულიც არ არის, ჩემს მეუღლესაც კი გამოართვა, ვითომ საპროცესო შეთანხმებისთვის. ჯანდაცვიდან რომ წამოვიდა, კლიენტებში ეჭვი გაჩნდა, პროექტებს რა ეშველებაო? ჩემს დაჭერამდე არც ერთ კლიენტს ზარალი არ მისდგომია. 2008 წლის 29 დეკემბერს გადახდილი მაქვს პროცენტი 26 200 დოლარი. ეს საბუთები პროკურატურაში დევს. აქედან 10 000 იყო ჩემი საკუთარი თანხა. თვალავაძე, ვინც პირველმა მიჩივლა, იმან ჩადო 100 000 და საშუამავლო ავიღე 10%, 15 000 ვისესხე. ახალი წელი მოდიოდა, ამ ხალხს ფული სჭირდებოდა, კვინტრაძე კიდევ გაიძახოდა: ფული ერთ თვეში იქნება, ორ თვეში იქნებაო... რომ ვეღარ აკეთებდა ვერაფერს, ხალხი ამიმხედრა, თურმე ამ ხალხს ჩემ გარეშე ხვდებოდა და ეუბნებოდა, თითქოს ამ ფულს სადღაც ოფშორულ ზონაში ვრიცხავდი. 2009 წლის მაისი იყო, ბანკში უნდა წავეყვანე, ვითომ პროექტის ფული უნდა აგვეღო, ოფისში ვიყავი და მევალეების სიას ვწერდი. დამირეკა ერთმა კლიენტმა, _ არ გახვიდე, მოვდივარო. როცა მოვიდა, მითხრა, _ არ წახვიდე ბანკში და ხელი არ მოაწეროო. კვინტრაძე უწყებიდან რომ წამოვიდა, ტყეშელაშვილს აღარ ახსენებდა, ხალხს უთხრა, მე რომ რამე მომივიდეს, ხომ იცით, სად უნდა მოაწყოთ მიტინგები, ფული სად მიმქონდაო. ე. ი. პროექტის საფასურად მიდიოდაო. მერე ამბობდა, დათოს ჩამოერთვა ეს ყველაფერი, ძალოვან სტრუქტურებს გადაეცა და ახლა ამ თანხას დათა ახალაია კურირებსო. ჯორჯ ევანს ახსენებდა კიდევ, გერმანელს, ვინც იყო ამ ინვესტიციების თავი და თავი. როგორც გითხარით, კლიენტი მეუბნება, _ არ წავხიდე, ხელი არ მოაწეროო! _ რატომ-მეთქი? _ ახალაიები ვერ `კრიშავენ~ ამ თანხას, ახალაიებისა და მესხელების კლანი ერთმანეთს შეეჯახა, ხელს მოგაწერინებენ, თანხას არ მოგცემენ და დაგიჭერენო. როგორ არ დამეჯერებინა, ასეთ რამეს რომ გეტყვის, მით უმეტეს, ამ ადამიანის 30 000 დოლარი ჰქონდა ჩადებული და მის ინტერესში შედიოდა თანხის აღება. ირაკლისთან მესხელის ხალხი ითხოვდა შეხვედრას, ეს კიდევ იმალებოდა, ახალაია მომკლავსო. ამას ყველაფერს მეუბნებოდა ჩემი კლიენტი, ლილიანა ონიანი, ახლა ჩვენებაც მისცა პროკურატურას. მოკლედ, ირაკლი ერთი კვირა იმალებოდა. შემდეგ მოვიდა, ვითომ  სიტუაცია დაალაგა და 12 საათზე უნდა წავიდეთ ფულის ასაღებად. ამდენი მაიმუნობის შემდეგ რა დამაძინებდა? ოფისში დილის 9 საათზე მივედი, მოვიდა ირაკლი, ჩემი თანამშრომელი ხათუნა მოჰყვა თავის შვილთან ერთად, რომელიც, წესით, არ უნდა მოსულიყო. ეს პრობლემები რომ იყო, ხათუნამ ჩადო მაღაზია და იმ დღეს ამ საქმის განხილვა დაინიშნა არბიტრაჟში, მანამდე ადვოკატს უნდა შეხვედროდა. დილით რატომ მოვიდა ეს ქალი თავის შვილთან ერთად, ჩემთვის დღესაც გაუგებარია. იმ ოთახში შევიდნენ, საიდანაც ვითომ ნარკოტიკი ამომიღეს. ცოტა ხანში ირაკლიმ თქვა, „საქართველოს ბანკიდან“ მირეკავენო და გავარდა. მირეკავს ერთ-ერთი კლიენტის შვილი, შეგნებულად არ ვასახელებ სახელს, საკმაოდ დიდ თანამდებობაზე იყო ეს ბიჭი და მისი მშობლები იყვნენ ჩემი კლიენტები, მითხრა, _ არ გახვიდე ოფისიდან, მოვალო. ასე 20 წუთში კარზე კაკუნია, მობრძანდით-მეთქი და კარი რომ არ გაიღო, მე თვითონ მივედი და გავაღე... რას ვხედავ?! _ პატრულითა და „პაპკიანი“ ხალხითაა სავსე იქაურობა. _ რა ხდება-მეთქი? _ თქვენზე შემოსულია განცხადება ნარკოტიკის შენახვა-გასაღებაზეაო. _ ფეხი არ შემოადგათ, დღეს ფულის ასაღებად უნდა წავსულიყავი,  ვიცოდი, რომ რაღაც მოხდებოდა, მაგრამ თუ ასეთი სიბინძურე იქნებოდა, არ მეგონა-მეთქი. ამ პერიოდში ჩემი ადვოკატი იყო იასონ ბესელია, _ ადვოკატის გარეშე არ შემოგიშვებთ-მეთქი. ვურეკავ ირაკლის და არ მპასუხობს. იასონმა 10 წუთში მოვალო. გივი ამისულაშვილი იყო ოპერჯგუფის ხელმძღვანელი, ურეკავს ვიღაცას და ეუბნება, _ დედააფეთქებული ქალია, თქვენ რომ გვითხარით, ისე არ არის, არ გვემორჩილებაო. იქიდან თანხმობა მისცეს, ადვოკატს დაელოდეთო. ბესელია რომ მოვიდა და შევედით ჩემს სამუშაო ოთახში, ამისულაშვილი დაჯდა ჩემს კომპიუტერთან, „ზინგერა“ ერქვა პატრულს, სახელს რა დამავიწყებს და მოკლემკლავიანი პერანგი ეცვა. იმას რომ ჩაედო, არ მგონია. იმიტომ ვეჭვობ, რომ ეს ხათუნამ და მისმა შვილმა გააკეთეს. 3 მაგიდა იდგა, მივიდა ეს „ზინგერა“, გამოხსნა უჯრა და ამბობს, _ აუ, ბიჭო წამალიო! არც უძებნიათ, პირდაპირ მიადგა უჯრას. ამოიღეს, მოყვითალო ფერის იყო პატარა პარკში, დაყარეს იატაკზე, ყველა გამვლელ-გამომვლელი ხელს ჰკიდებდა. იასონმა უთხრა, _ რატომ ჰკიდებთ, იქნებ, თანამშრომლის ჩადებულია და ხომ უნდა გაკეთდეს ანაბეჭდებიო? 60 გრამი ჰერიონიაო, გაიძახიან, არ აუწონიათ და წინასწარ დაადგინეს წონა! თუ წამლის „ბარიგა“ ვიყავი, ყველაზე დიდი მტკიცებულება _ ტელეფონი დაუტოვეს კლიენტებს, წამლის მყიდველთან ხომ უნდა მქონოდა შეხება?! მე და ჩემი ახლობელი წაგვიყვანეს ორთაჭალაში, ირაკლი არ ჩანს, ეზო სავსეა ჩემი მევალეებით. საინტერესოა, ვინ დაუძახა მათ?! _ თქვენი ახლობელიც დააკავეს? _ წინასწარი დაკავების იზოლატორში მოვიდა იასონ ბესელია. ჩემთან ერთად იყო ახლობელი მამაკაცი, სახელად გოგი. მან და მისმა მეუღლემ მითხრეს, ხელი არ მოაწერო პროექტს, დაგიჭერენო. ეს კაცი მაისში გამოვიდა ციხიდან, ირაკლის მიუძღოდა წვლილი, რომ ამ კაცმა ერთი წელი მოიხადა სასჯელი და დანარჩენი პირობითი გაუკეთა. ეს კაცი კარგად ერკვეოდა საბანკო საქმეებში და ირაკლიმ კონსულტაცია სთხოვა. ასეთი სიკეთე გამიკეთა, კონსულტაციას როგორ დავამადლიო და ეს კაცი ყოველდღე მოდიოდა ოფისში. ირაკლიმ ზუსტად იმ დილით დაიბარა ეს ადამიანი, ფულის ასაღებად რომ უნდა წავსულიყავით. მოკლედ, ერთად წაგვიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში. ირაკლი იასონს მიგზავნის და მეუბნება, _ თუ გოგის ხელს არ დაადებს და არ იტყვის, რომ ციხიდან ახალი გამოსულია, ხშირად ურეკავდნენ და შესაძლებელია, იმისი ყოფილიყო წამალი, ეგ ციხიდან ვერ გამოვა ცოცხალიო, _ ალამართალ კაცზე ამბობს. მანამდე გოგის ეუბნება, _ ირინას ბევრი მევალე რომ ჰყავს, „ნაციონალებმაც“ იციან, რომ ირინაზეა ეს პროექტი გაკეთებული, დათასთან უკვე ისეთი სიტუაციია, მირჩევნია, შენზე გავაკეთო ეს პროექტიო. წინააღმდეგი წავედი. ირაკლი იყო ახალაიას კლანის წარმომადგენელი, აგერ მაქვს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა ჩანაწერებზე, სადაც ირაკლი ახსენებს, ფული წავიდა ახალაიებთანო. კაცი შეკვეთას მაძლევს, იასონიც მეუბნება, წასულია შენი საქმე, მინიმუმ 15 წელი ჩაგსვამენ და იმ კაცს ხელი დაადე და მერე ირაკლის დახმარებით გამოიყვანო. ხელი მაინც არ დავადე, ასე ვთქვი, _ იმდენი კლიენტი დადის ჩემთან, აიღეთ ანაბეჭდები, მაგრამ რა ანაბეჭდები უნდა აიღოთ, ყველამ ხელი შეახო იმ პარკებს-მეთქი. ყოველ 10 წუთში გავყავდი პროკურორებს. საღამოს 9 საათზე მეუბნებიან, ბრალი არ გიმტკიცდებათ და თავისუფალი ხართო. რომ გამოვდიოდი, გამომძიებელმა ამისულაშვილმა მითხრა, _ პატიოსანი ქალი ჩანხარ, შეეშვი ურეკს და პროექტებს, თორემ მართლა ჩაგიდებენ წამალსო. ხომ უნდა მიხვდე, რასაც გეუბნება?! გამომძიებელი იყო კიდევ გიორგი კოკაია, იმან უთხრა იასონს, _ შეეშვით პროექტებს, თორემ გაგაუბედურებენ და მეცოდებითო. იასონმა კი მკითხა, _ ირაკლის კარგად იცნობო? ეტყობა, იმათ რაღაც უთხრეს! _ რას ამბობთ-მეთქი! ღმერთი იყო მაშინ ჩემთვის! რომ დავჯდებოდი და წარმოვიდგენდი, რომ ეს პროექტი შეიძლებოდა არ ყოფილიყო, ჭკუიდან გადავდიოდი, რამდენჯერმე თავის მოკვლაც კი ვცადე. კლიენტები მყარაულობდნენ, ადამიანს აღარ ვგავდი. სანამ წინასწარი დაკავების იზოლატორიში ვიყავი, ირაკლი, ჩემი კლიენტები, ის ადამიანი, ვინც დამირეკა და გამაფრთხილა, ბოლომდე იდგნენ ტაშკენტის ქუჩაზე, ჩემი ოფისის გასასვლელთან. ეჭვი მაქვს, ირაკლიმ „დააბოლა“, დუბაიში იპარებაო და იმან ეს ხერხი მოიფიქრა ჩემ შესაჩერებლად. მამამისი მოვიდა და მითხრა, _ ჩემმა შვილმა სააკაშვილიც კი შეაწუხა შენ გამოო. ჩემი ახლობელი ბანკში კარგ თანამდებობაზე მუშაობდა. ვკითხე, _ ხელი რომ მოვაწერო და მერე ფული არ მომცენ, შეიძლება-მეთქი? _ თუ მთავრობაა ჩარეული, როგორ არ შეუძლიათ, ხელი არ მოაწერო, ისე დაგიჭირონ, სჯობია, ხალხის ვალი გადევს, კიდევ მთავრობის ვალი დაგედება და ვერავის დაუმტკიცებ, რომ ფული არ აგიღიაო. სანამ ირაკლი სამუშაოდან წამოვიდოდა, მომიყვანა მამიდაჩემი, მასაც ბინა ჰქონდა ჩადებული და მისი ინტერესი იყო, მოეცილებინა ეს პრობლემა. მეუბნება, _ ახლა არ იკივლო, ირაკლი წუხელ მთელი ღამე `მოდულში~ ყოფილა და ახალაიას უთქვამს, 200 000 თქვენ, მილიონი ჩვენ, წადით ქვეყნიდან და თქვენს საქმეებს ჩავფარცხავთო. სად უნდა წავიდე? ამ ხალხს რა პასუხი გავცე? 30 და 50 ათასები ისე აქვთ მოტანილი, არანაირი ხეკლშეკრულება არ გაგვიფორმებია, ეს ნდობა ჩემით მოვიპოვე, არც ირაკლით, არც „ნაციონალებით“, არც „ოცნებით“ და არც არავისით, არანაირი თანხა არ მიღირს, 3 შვილი დავტოვო, ან იმქვეყნად ვინმეს ვალი გავიყოლო-მეთქი! რომ არაფერი გამოუვიდათ, ამის მერე მოხდა ნარკოტიკების ჩადება. წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ მირეკავენ ვაკე-საბურთალოს პროკურატურიდან. ირაკლიმ მარტო არ გამიშვა, მანამდე ჩემი შვილი ჩამომაყვანინა სამეგრელოდან, თავისი შვილი ინგლისში უნდა გაეშვა სასწავლებლად და შენს შვილსაც გავუკეთებ საქმეს, ერთად წავიდნენო, ამიტომ აქ ვამზადებდი ინგლისურში და მათემატიკაში. ერთ დღეს მეკითხება, _ ქეთი, რომელ საათზე მიდის მასწავლებელთანო? _ პირველზე-მეთქი. ოფისში ვარ, მამიდაჩემიც იქ არის. ბავშვი მირეკავს,_ ორმა კაცმა ხელი ჩამავლო სადარბაზოსთან, გავექეცი და მოვრბივარ ამბროლაურის ქუჩაზე, ისინიც უკან მომდევენო. ეს საზიზღარი ოფისში ზის, მოვრთე კივილი, ვითომ აფორიაქდა, გავიქეცი, ტაშკენტის ქუჩიდან რომ ჩავირბინე, თეთრი სამარშრუტო ტაქსი დგას, დაცვის პოლიციის ლურჯფორმიანი ორი მამაკაცი გადმოვიდა, მე რომ გავრბივარ, კვინტრაძე უკან მომდევს, პავლოვზე რომ გავედი, ბავშვი დავინახე და დავუძახე, ვიღაც ორი კაცი მართლა მოყვებოდა უკან, ბავშვმა დამიძახა, _ დედა, მე რას მიყურებ, შენს ჩანთას უყურეო. რას ვხედავ? ეს ორი ფორმიანი კაცი ჩანთაზე მეკიდება... _ რა გინდათ-მეთქი? _ არაფერი, შეგვეშალაო. ვფიქრობ, მაშინ უნდოდათ ნარკოტიკის ჩადება და არ გამოუვიდათ! ბავშვმა დაინახა და კვინტრაძე უკან რომ მომყვებოდა, იმან ვერ დაინახა? ერთი სამოქალაქო დავა მქონდა და კვინტრაძემ სათავისოდ გამოიყენა, ბავშვზე თავდასხმა იმ კაცს დააბრალა. ჯერ ხომ ფულის გამო დაუახლოვდა კვინტრაძე ჩემს კლიენტებს, მერე ყველას პირად ცხოვრებას სწავლობდა, ვისთვის რა მაზოლზე დაეჭირა ფეხი. ვითომ წამალზე რომ დამიჭირეს, ამის პარალელურად, ჩემი ძმა ზუგდიდში, ნარკოლოგიურში წაიყვანეს, ამ დროს 2 თვის გაკეთებული ჰქონდა ნარკოტესტი. მიხვდა ჩემი ძმა, ეს ყველას დაგვიჭერს, რაღაც უბედურებას მოგვაწევსო და წამოვიდა სამსახურიდან. ჩემს ქმარს სამსახურში ქრთამი შესთავაზეს, იმანაც დაწერა განცხადება და წამოვიდა. ამ დროს ირაკლი იასონს ეუბნება, _ როგორი კაცი ვარ, გავაფქვილე წამალიო! ვითომ მაგან ჩააწყო საქმე, რომ გამომიშვეს. ამ წამლის ჩადებას მესხელების კლანს აბრალებდა. ამ პროექტის გამო ხომ არის შერკინება დათასა და მას შორის და იმათ გააკეთესო! _ ე. ი. როცა ფულს ითხოვდით, ის ახალ-ახალ „სიურპრიზებს“ გიწყობდათ... ბოლოს, რის გამო დაგიჭირეს? _ ფულს ხომ ვთხოვდი და დაბრუნების შანსი არ ჰქონდა, რაღაც ხომ უნდა მოეფიქრებინა?! ერთ-ერთმა იპოთეკარმა იჩივლა, მამიდაჩემი და ირაკლი ესწრებოდნენ დაკითხვას. გამომძიებელმა რომ იკითხა, _ ამ კაცს ფულს როდის გადაუხდითო? ირაკლის მივმართე, _ როდის ვუხდით-მეთქი? _ სექტემბრის ბოლო დაწერეო და მეც მივუთითე. სექტემბრის ბოლოს რომ არ გაკეთდა ისევ ეს პროექტი, დამიბარეს პროკურატურაში. როცა დამაკავეს, იმ დღეს კიდევ მთხოვდა თანხას და ვიღაცების ბინის ჩადებას. დამაკავეს, ბრალი წამიყენეს თაღლითობაზე. ახლა ჩემს ოჯახს სთხოვდა ბინის ჩადებას, თანხაა საჭირო საპროცესო შეთანხმებისთვისო. ჩემი ერთ-ერთი კლიენტისგან, სონა აბესაძისგან, წაღებული აქვს 12 000 დოლარი, ჩემი დაჭერის შემდეგ, ვითომ საპროცესო შეთანხმებისთვის. ასევე ლილიანა ონიანისგან აქვს თანხები აღებული. იმდენად ნდობაში იყო, ჩემი დაჭერის შემდეგ კიდევ მიჰქონდა ფულები. ციხიდან მიხეილ სააკაშვილსაც გავუგზავნე წერილი, ბაჩო ახალაიასაც, რომ თქვენი სახელით სარგებლობს-მეთქი, მურთაზ ზოდელავასაც მივწერე. სააკაშვილს ვინ წააკითხებდა ამ წერილებს, დათო ტყეშელაშვილი მაგის სამსახურში იყო და, ალბათ, ურნაში ყრიდა მაშინვე ჩემს წერილებს. სულ 13 ეპიზოდი მქონდა, სასამართლო პროცესებზე ორწლინახევრის შემდეგ შემომიგზავნა თავისი ადვოკატი, სულხან ხმალაძე, _ ირაკლი არ ახსენო, ხომ იცი, შვილები გარეთ გყავსო, კიდევ შვილებით მაშინებდნენ! ორი გამომძიებელი შევა ახლა ირინასთან, ჩვენებას ჩამოართმევენ და მერე ჩიტივით თავისუფალი ქინებაო, _ ამას ირაკლი ამბობს ჩანაწერებში. მართლაც შემოვიდნენ სოფო ფერაძე და რევაზ გილიგაშვილი, მითხრეს, _ ეს სამოქალაქო საქმეა, ქალბატონო, და აქ ტყეშელაშვილი, ახალაია, ესენი ფიგურირებენ და კიდევ შარი გინდათო? კიდევ მაშინებდნენ! კლიენტებიც ამბობენ ამას და ახლა საჩივრის შეტანას აპირებენ, ეს სოფო ეუბნებოდა, _ ამ ქალმა დუბაიში გადარიცხა ფულები და იპარებოდაო, _ წააქეზეს ხალხი. ამ ხალხმა იჩივლა მანამდე, სანამ პირველი განაჩენი დადგებოდა. პირველი განაჩენის დადგომამდე, თუ ყველა დანაშაული ცნობილია პროკურატურისთვის, რატომ ჰქონდათ ორწელიწადნახევარი თაროზე შემოდებული და რატომ ერთად არ მომისაჯეს?! ის ორწელიწადნახევარი საპატიმრო ვადაში არ ჩამითვალეს და 2012 წლიდან დაიწყოს ათვლა, 39 წელი და 9 თვე მომისაჯეს. _ ზემოთ ჩანაწერები ახსენეთ, რას გულისხმობთ? _ ერთ-ერთი დაზარალებულია მანანა სანიკიძე, ვინც ეს ჩანაწერები გააკეთა. არავინ იცოდა, რომ ამას აკეთებდა, ჩემმა ოჯახმაც კი. შეხვდა კვინტრაძეს, ყველა საკითხზე ესაუბრა, 40 დისკი აქვს ჩაწერილი, ირაკლის აღიარებული აქვს, რომ ეს მისი ვალი იყო და მე არაფერი მიმითვისებია. ვინც იჩივლა, ერთის გარდა, ყველა დაზარალებულმა მომცა თანხმობა. შეწყალების კომისიაში ირბინა მანანამ და ასე გამოვედი ციხიდან. სასამართლო პროცესზე დაზარალებულებმა ჩვენებები შეცვალეს და კვინტრაძის საწინააღმდეგოდ ლაპარაკობენ. სასამართლოს გამოკვლეული მასალები ეწინააღმდეგება ბრალდებისთვის მიცემულ მოწმეთა ჩვენებებს. ეს არა მხოლოდ ახლად აღმოჩენილი გარემოებაა, არამედ ის, რომ არასწორი გამოძიებაა ჩატარებული. ახლა კვინტრაძე დადის ჩვეულებრივ და ცხოვრობს ამ ქალაქში. რაც ახალი მთავრობა მოვიდა, ეს საქმე ერთი წამით არ მიმიტოვებია, კვინტრაძეზე საჩივრები შევიტანე. არჩილ კბილაშვილსაც შეხვდა მანანა სანიკიძე, 4 საათი საუბრობდნენ. დაზარალებულების მხრიდან პროკურატურაში ათამდე საჩივარია შესული კვინტრაძეზე, ემატებიან სულ ახალ-ახალი დაზარალებულები, ვინც არ უჩიოდა, ისინიც. ვაკე-საბურთალოს პროკურატურა იძიებს. მე თვითონ სხვამ დამაზარალა, ეს ხალხმა აღიარა, სასამართლო სხდომის ოქმებს მე ხომ ვერ შევცვლი, ჩემი ოჯახიდან საპროცესოსთვის ფული წაიღო, საქმე აღძრულია, მაგრამ არ არის დაძრული. ამ ადამიანს რომ დღემდე ხელს აფარებენ, ე. ი. მართლა არსებობდა ეს პროექტი, თორემ ვინ იყო სამსახურიდან გამოგდებული კვინტრაძე, რომ ასე დაეცვათ?! ეჭვი მაქვს, თუ ეს ახალაიას კლანის წარმომადეგენელი იყო და დღესაც ხელშეუხებელია, ისევ ახალაიას ხალხი ზის პროკურატურაში და ისევ ისინი იცავენ! ჩანაწერში ახსენებს კონსტანტინე ცაცუას, რასაც მინდა, იმას გავაკეთებინებო. როგორც ვიცი, ცაცუა შს სამინისტროში დღესაც მუშაობს. ტრაბახობდა, _ ხელი არსად მაქვს მოწერილი და ვერაფერსაც ვერ მიზამენო. ციხეში ერთი პატიმარი მომიგზავნა, ცნობილი „ჩაშკა“ რომ იყო, იმისი შვილი, ხათუნა და მითხრა, _ კვინტრაძემ ასე თქვა, არ მახსენოს და შეწყალებას გავუკეთებო. თავისი ადვოკატის, ხმალაძის ხელით შემომიტანეს თანამშრომლობის ფურცელი, ვინმე ალალმართალ ალექსანდრე ქავთარაძისთვის ხელი უნდა დამედო, რომ ხელმოწერა გააყალბა. ხმალაძეს ვუთხარი, _ ექსპერტიზა ხომ არსებობს, დაადგინეთ-მეთქი. მითხრა, _ მართალი ხართო... რომ არ გაუვიდა. კიდევ რაღაც შარს მკიდებდნენ, რომ  ეთქვათ, თაღლითია და გარეთ რომ იყო, მაშინაც ასე იგონებდაო! ჩემი მოთხოვნა ერთადერთია: დადგინდეს სიმართლე და დაისაჯოს დამნაშავე, რომელმაც ამდენი ხალხი საშინელ სიტუაციაში ჩაგვაგდო! „ქრონიკა+“ დიდხანს ცდილობდა ირაკლი კვინტრაძესთან დაკავშირებას ტელეფონის სამივე ნომერზე, მაგრამ ამ დრომდე ნომრები გამორთულია. თუკი ინტერვიუში დასახელებულ პირებს ექნებათ სურვილი თემას დაუბრუნდნენ და საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ, „ქრონიკა+“ მზადაა გამოაქვეყნოს მათი პასუხებიც.  

                                                                                                           თამარ ბატიაშვილი

     

გაზიარება