„ჩვენ შევისწავლეთ რეგიონები და რაიონები, განსაკუთრებით ის რაიონები, სადაც მთა იცლება მოსახლეობისგან. ამ პროცესს წინ უნდა აღვუდგეთ“, _ განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო „რედისონში“, სადაც საზოგადოებას მთავრობის მუშაობის 2-წლიანი ანგარიში წარუდგინა. მისივე თქმით, ამ ყველაფერს მთავრობა საქმით აკეთებს და არა ყალბი ლაპარაკით. როგორ აპირებს ქვეყნის მთავრობა მთის სოფლებიდან მიგრაციის შეჩერებას და რა ქმედით ნაბიჯებს დგამს, მთის სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია და ვერც მთავრობის მხარდაჭერას გრძნობს, „ქრონიკა+“-სთან კი აცხადებს, რომ პირიქით, ხელისუფლება ყველაფერს ცდილობს, მთის სოფლები დაიცალოს.
რა პრეტენზიები აქვს ხელისუფლებასთან მთის სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას? რატომ ართმევენ მათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს? რა კატასტროფის წინაშე დგას დმანისის მუნიციპალიტის მაღალმთიანი სოფლები? რატომ ფიქრობს მთაში მცხოვრები მოსახლეობა, რომ მოქმედი მთავრობა `ნაციონალების~ წამოწყებულ საქმეს აგრძელებს?
ამ და სხვა საკითხებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება სოფელ გომარეთის მკვიდრი, გიორგი ხიზანაშვილი:
_ დღეს ჩვენს სოფელში 800-მდე ადამიანი ცხოვრობს. 80-იან წლებში გომარეთის სკოლაში, დაახლოებით, 600 მოსწავლე სწავლობდა. ჩვენი სოფლის მიმდებარედ კიდევ 6 სოფელია, ბავშვები ამ სოფლებიდანაც ჩვენს სკოლაში დადიან და ამჟამად სულ 135 მოსწავლეა. ახალ სასწავლო წელს პირველ კლასში მოიაზრება კიდევ 2 ბავშვი. ეს თვალსაჩინო მაგალითია სოფლის მოსახლეობის დაცლისა. ამის მიზეზი კი გახლავთ შექმნილი მძიმე სოციალური ფონი. გომარეთში, დაახლოებით, 100 ოჯახია, რომელიც სიღარიბის ზღვარს მიღმაა. მძიმე ფონის მიუხედავად, დღესდღეობით, სახელმწიფოს აქვს რაღაც პროგრამები, მაგრამ სიღარიბის დაძლევის მხრივ ჩვენთან არაფერი შეინიშნება, რადგან ეს კანონები ჩვენამდე არ მოდის და ხელმიუწვდომელია. ჩვენი პრობლემა ახლა, ძირითადად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების საკითხია. ეკონომიკის სამინისტრომ ჩვენი სოფლის მიწების აუქციონის წესით გაყიდვა დაიწყო. „ნაციონალების“ დროს მიწების დიდი ნაწილი უცხოელებს მიჰყიდეს. სახნავი მიწა, რომლითაც ჩვენ ვსარგებლობდით, სოფლის მოსახლეობას 10 წლით იჯარით გვქონდა აღებული და გადასახადებს ვიხდიდით. 10-წლიანი ვადა 2014 წელს გავიდა, მაგრამ მანამდე „ნაციონალების“ ხელისუფლებამ იჯარის ხელშეკრულება შეგვიჩერა. როცა „ოცნების“ ხელისუფლება მოვიდა, გვითხრეს, ჩვეულებრივ გააგრძელეთ მიწის დამუშავება ხელშეკრულების პირობების ვადის ამოწურვამდეო. 2014 წელს, როცა იჯარის ვადა ამოიწურა, მივმართეთ ეკონომიკის სამინისტროს, გავაკეთეთ საკადასტრო-აზომვითი ნახაზები, წერილი გავაგზავნეთ ეკონომიკის სამინისტროში და პასუხიც მივიღეთ ნოემბერში, სადაც წერია: `მიმდინარეობს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ გომარეთში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო მიწების საქმის წარმოება. საკითხის გადაწყვეტის შემთხვევაში გეცნობებათ დამატებით“. ყოველდღე ხომ არ დავდგებოდით სამინისტროს კართან? ამ დროს რა ხდება _ მაისში ვიგებთ, რომ დაახლოებით 100 ჰა მიწა, რომლითაც ჩვენ ვსარგებლობდით, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 7 მაისის აუქციონის #528-ე გადაწყვეტილებით გაიცა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე. ეს ფირმა გახლავთ შპს „აბრა“. როგორც გავიგეთ, უკრაინული ფირმაა.
_ სახელმწიფოს ინტერესი რა უნდა ყოფილიყო? მიწის იჯარის გადასახადი მეტი ხომ არ დაუწესა?
_ რა თქმა უნდა, სახელმწიფომ დაადო მეტი ფასი. მთის კანონების შესაბამისად, ჩვენ მიწის საფასურს ჰა-ზე 41 ლარს ვიხდიდით, ახლა სახელმწიფომ საიჯარო ქირას დაადო ჰა-ზე 280 ლარი. ეს ფირმა, რომელმაც ჩვენი მიწა იჯარით აიღო, მაღალჩინოსანთა კლანების წარმომადგენელი ფირმაა და მათ უკან დიდი ფულის მქონე ხალხი დგას. მთავარი საკითხი ის არის, რომ ათეულობით ოჯახი სახელმწიფომ საარსებო წყაროს გარეშე დაგვტოვა და არსებობის არანაირი შანსი აღარ დაგვრჩა! სამუშაო არ არის, რომ ვიმუშაოთ. იმ ხნის განმავლობაში, ვიდრე ჩვენ ეს მიწები იჯარით გვქონდა აღებული, შევიძინეთ საქონელი, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, ავაშენეთ ცხოველებისთვის სადგომები, რომ რაღაც გაგვეკეთებინა. დღეს ეს ყველაფერი წყალში ჩაგვეყარა. დავრჩით საარსებო საშუალებების გარეშე, რით უნდა გამოვკვებოთ ოჯახები? ასე დაგვტოვა დღევანდელმა ხელისუფლებამ! ახლა მხოლოდ ამას ვფიქრობთ, ვინაიდან სახელმწიფომ ჩვენკენ არ გამოიხედა და არაფერს აკეთებს, იძულებული ვხდებით, შევიკრიბოთ და აქციები მოვაწყოთ. არ დავუშვებთ, რომ მიწები წაგვართვან, სისხლის ფასად არ დავთმობთ მიწებს! ბავშვები, ქალები, მოხუცები, ყველა გამოვა, ჩვენ არ გვაქვს ცეცხლსასროლი იარაღი, მაგრამ გვაქვს სამუშაო იარაღი: თოხი, „ლაფატკა“ და ბარი! ხმამაღლა ვაცხადებთ, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლებთ და არ დავთმობთ ჩვენს მამაპაპისეულ მიწებს! ამ მიწაზე მოგვყავდა როგორც ერთწლიანი, ასევე მრავალწლიანი კულტურები, ნაწილს ვთიბავდით საქონლის გამოსაკვებად. ქართველი ხალხი ვართ, ვერც თურქ-სელჯუკებმა წაგვართვეს მიწები, ვერც თემურ-ლენგმა, ვერც შაჰ-აბასმა, „ნაციონალურმა“ ხელისუფლებამაც კი, რომელიც არ შეეხო საიჯარო მიწებს! სოფლის მიწების ნაწილი „ნაციონალებმა“ გაგვიყიდა, დღევანდელი ხელისუფლება კი მათ მიერ დაწყებულ საქმეს აგრძელებს!
სოფელში ჩვენი ძირითადი შემოსავალია საქონლის რძისა და ხორცის წარმოება. 24 მაისს გადაცემა „20/30“-ში ვინმე ნათია და გიორგი საუბრობდნენ სოფლებში არსებული აგროსესხების რაოდენობაზე, კოოპერატივების მნიშვნელობასა და ა. შ. პიარს აკეთებდნენ, როგორ ჩანს, „ოცნების“ აქტივისტები არიან, თუმცა არაფერი უთქვამთ, როგორ მოდის ეს კანონები და პროექტები ჩვენამდე. ხელისუფლება საერთოდ დაშორდა სოფელს! ეკა ბესელიამ გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა, როგორ, ჩვენ მადლიერი ხალხი არ გვყავსო? მოვიდეს სახელმწიფოს რომელიმე წარმომადგენელი, სოფელში მცხოვრებ ხალხს შეგვხვდეს და ნახავენ, როგორი მადლიერები ვართ! ორი კვირის წინ რძის ჩასაბარებელი ფასი 65 თეთრი თუ იყო, დღეს 10 თეთრით კიდევ შეგვიმცირეს. უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში რძის ფასი 65 თეთრზე ნაკლები არასდროს ყოფილა, ამას თუ გადავიყვანთ დოლარის იმდროინდელ კურსზე, ეს იყო 36-37 ცენტი. დღეს გვიხდიან 55 თეთრს, გადავიყვანოთ დოლარის დღევანდელ კურსზე და გამოდის 24-25 ცენტი. იქნებ, ეკა ბესელიამ გვიპასუხოს, 2 წლის წინათ, თუნდაც გასულ წელს, ჩვენი შემოსავალი ერთ ლიტრ რძეზე იყო 36-37 ცენტი, დღეს არის 24-25 ცენტი, როგორ ვიქნებით ამ ხელისუფლების მადლიერნი?! 19 მაისს „მაესტროზე“ დილის გადაცემაში გამოვიდა ლილოში რძის გადამამუშავებელი კომბინატის დირექტორი, რომელმაც განაცხადა: რძეს იმიტომ ვერ ვიღებთ, საქართველოში საჭრო რაოდენობა არ არის და ამიტომ ვმუშაობთ რძის ფხვნილზეო. რამდენიმე ფერმერი შევიკრიბეთ და ამ კაცს მივაკითხეთ, _ რძე როგორ არ არის, ლამის, გადასაქცევი გვაქვს-მეთქი. წეღან ხომ აღვნიშნე, რომ 55 თეთრი ღირს რძე, თან შეზღუდული რაოდენობით იღებენ, ნახევარ სოფელს ტოვებენ, ნახევარი მიაქვთ. მოკლედ, მივაკითხეთ ამ კაცს, რომ ჩვენი რძე შეესყიდა. გვიპასუხა, _ რაში გვჭირდება თქვენი რძე, ფხვნილზე ვმუშაობთო. ხედავთ?!! ჩვენი ბაზარი გაჯერებულია უცხოური რძის ფხვნილით, რითაც იწარმოება რძის პროდუქტები, ჩვენი რძე კი გაუსაღებელი რჩება(!!!)!
_ აგვისტოდან რძის პროდუქტებზე ხომ შემოდის ახალი რეგულაციები, იქნებ, გეშველოთ...
_ კი ბატონო, მაგრამ რძის ფხვნილით დამზადებული პროდუქტები უფრო იაფი იქნება, ნატურალური რძე კი _ ძვირი. ჩვენს ღარიბ მოსახლეობას მსყიდველობის უნარი არ აქვს, ამიტომ ყველა იყიდის ისევ ფხვნილისგან დამზადებულ პროდუქტს. აღსრულდა ბენდუქიძის სიტყვები, რომელმაც თქვა: სოფლის მეურნეობის პროდუქტები არ გვინდა, უცხოეთში არის იაფი პროდუქტი და შემოვიტანთო. ვიდრე სოფლის მეურნეობის სამინისტროში „დედალი და მამალი ძროხების“ მთქმელები იქნებიან, არაფერი გვეშველება! ხომ გახსოვთ, ეს ვინ თქვა? ყოფილმა მინისტრმა კვეზერელმა! ამას წინათ პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი ბრძანდებოდა ქვემო ქართლში, სადაც რეგიონის აქტივისტებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ რაიონების გამგებლები, აპარატის მუშაკები და ა. შ. მოკლედ, მადლიერი ხალხი. ძალიან შეზღუდული რაოდენობით მიიწვიეს ფერმერები. ამ სიაში მოხვდა ჩვენი სოფლის ერთ-ერთი წარმომადგენელი. თანასოფლელებმა მოვილაპარაკეთ, როგორმე წერილი გადაეცა პრემიერ-მინისტრისთვის, ან შეკითხვა დაესვა რძის პრობლემაზე. ამ ბიჭმა ნამდვილად შეძლო კითხვის დასმა. სხდომაზე ბრძანდებოდა ერთ-ერთი ქალბატონი, „ფერმერთა ასოციაციის“ თავმჯდომარე. ჩვენი თანასოფლელი ბიჭი მან გააჩუმა, _ თქვენს რძეს მე ჩავიბარებო. ბიჭი განცვიფრდა, რძის მიმღები პუნქტები ყოფილაო. სხდომის დამთავრების შემდეგ ქალბატონს დავუკავშირდით, რომელმაც შუამავლებთან გაგვაგზავნა. ისინი აღმოჩნდნენ, რამდენიმე წლის წინ ჩვენი სოფლიდან რძის გატანა რომ დაიწყეს, ხალხი მოატყუეს და თანხას არ იხდიდნენ. ვიღაც აფერისტი, რომელიც „ფერმერთა ასოციაციას“ უდგას სათავეში და ესწრება პრემიერ-მინისტრის შეხვედრას, ვეკითხები ხელისუფლებას _ ასეთ ადამიანს იქ რა უნდა?! უნდა დაინტერესდნენ, ვინ არის ეს ქალბატონი, პრემიერ-მინისტრს რომ მოაჩვენა თავი, თითქოს რძის მიმღებები არიან და ამ მხრივ პრობლემა არ არსებობს, ამ დროს კი აფერისტია! სახელმწიფო გვერდში არ გვიდგას, არა!!!
ზუსტ ციფრებს გეუბნებით: დმანისის მუნიციპალიტეტში მთლიანად 29 000 მოსახლეა, აქედან 8 000-მდეა ეთნიკურად ქართველი. ე. ი. ვართ ეროვნულ უმცირესობაში. თუ ჩვენ არ გაგვიფრთხილდებიან, თუ ჩვენ არ მოგვეფერებიან, კიდევ ერთი სოფლის დაცლა დმანისის რაიონში კატასტროფა იქნება! ყველა ხელისუფლებას აწყობს დმანისის, მარნეულის, გარდაბნისა და ა. შ. რაიონები, რადგან ყველა ხელისუფლებისთვის არჩევნებზე უხვმოსავლიანია. უკლებლივ ყველა ხელისუფლება იმარჯვებს იმიტომ, რომ ამ რაიონებში არაქართული მოსახლეობა ცხოვრობს. იქნებ, ხელისუფლებასაც ის უნდა, რომ დმანისის რაიონში 100%-ით არაქართული მოსახლეობა იყოს და უფრო მეტი ხმა წაიღონ?! ამ ყველაფერზე ჩვენი სოფლისა თუ რაიონის გამგებელს ძალიან შესტკივა გული. ქვემო ქართლის გუბერნატორამდეც მივიტანეთ ეს ამბავი, შეწუხდნენ, ცდილობენ, მხარში დაგვიდგნენ. ხელისუფლების ჩინოვნიკები იტყვიან, ამით ინვესტიციები შემოგვაქვსო. კი ბატონო, შემოვიდეს სოფელში ინვესტიცია, გაიხსნას, მაგალითად, ხორცის ან რძის კომბინატი. ეს როგორი ინვესტორია, გლეხებს წაართვან მიწები, შეუწყვიტონ საარსებო წყარო და დატოვონ მშივრები?! არავინ იფიქროს, რომ ესენი შემოვლენ და სამუშაო ადგილები გაჩნდება! მხოლოდ ორი ადამიანი დაასაქმეს _ ყარაულები, დაბალ ხელფასზე. სულ თავიანთი ხალხი ჩამოიყვანეს, მექანიზატორები, საქმის მწარმოებლები და ა.შ. ეს იგივე მდგომარეობაა, როცა შუა საუკუნეებში ევროპელი კოლონიზატორები მიისწრაფოდნენ აფრიკაში, აზიასა და იქაურ ხალხს სდევნიდნენ. ვიდრე აზიისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებმა არ განდევნეს კოლონიზატორები, ვერც ერთი სახელმწიფო ვერ განვითარდა. ზუსტად ასე ხდება ჩვენს სოფელში, რომელსაც დაარქვეს თანამედროვე სიტყვა _ ინვესტორი!
_ თქვენი პრობლემების შესახებ ოფიციალურად თუ მიმართეთ ხელისუფლებას?
_ მთავრობის ადმინისტრაციაში სამი წერილი გავგზავნეთ, პარლამენტში _ ორი, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში _ სამი, ეკონომიკის სამინისტროს ოთხი წერილით მივმართეთ. გვიპასუხეს, _ შენი მიწა ხომ არ იყო, სახელმწიფოს მიწა იყო, აუქციონი საჯაროა და მონაწილეობა მიგეღოთო! მე სახელმწიფოს წევრი არ ვარ? მეც დავდგე იმ ხალხის გვერდით, ჩვენს სოფელში ასობით რომ არის სიღარიბის ზღვარს მიღმა?! თუ თბილისში ჩავიდე და `ლაფატკაზე~ ვიმუშავო ლუკმა-პურისთვის?! გვიყვარს ჩვენი სოფელი, მიწა, ყველა ხომ ვერ ავიყრებით აქედან, მაგრამ რა გზას დავადგეთ, აღარ ვიცით!
„ქრონიკა+“ ქონების მართვის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა:
„გაცნობებთ, რომ დმანისის რაიონში, სოფელ სარკინეთსა და სოფელ გომარეთში მდებარე 7 ერთეული მიწის ნაკვეთზე (საერთო ფართი 101,5 ჰა) (ს/კ82.05.45.007; 82.05.43.252; 82.05.43.035; 82.05.46.247; 82.05.46.001; 82.05.46.245; 82.05.46.242) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილი იყო რამდენიმე სუბიექტის მხრიდან დაინტერესება სარგებლობის უფლებით (იჯარა) გადაცემასთან დაკავშირებით.
დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და სახელმწიფო რწმუნებულის _ გუბერნატორის ადმინისტრაციამ მიზანშეწონილად მიიჩნია დმანისის რაიონის სოფელ სარკინეთსა და გომარეთში მდებარე საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების სარგებლობის უფლებით გაცემა. მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით, რეგიონის განვითარებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით, დაინტერესებული პირების წინადადებების განხილვის შემდგომ გამოცხადდა პირობებიანი ელექტრონული აუქციონი.
სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ დმანისის რაიონში, სოფელ სარკინეთსა და სოფელ გომარეთში მდებარე 7 ერთეული მიწის ნაკვეთი 2015 წლის 8 აპრილს გატანილ იქნა ელექტრონულ აუქციონზე შემდეგი პირობით:
არანაკლებ 10 (ათი) წლის განმავლობაში ყოველწლიურად თითოეული სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფართობის არანაკლებ 90%-ზე მრავალწლიანი და ერთწლიანი კულტურების მოყვანა.
არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადაში 280 000 (ორას ოთხმოცი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება.
ყოველი წლის დეკემბერში უძრავი ნივთების თაობაზე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის ინფორმაციის წარდგენა.
უძრავ ნივთებზე 5 (ხუთი) წელიწადში ერთხელ, ხოლო თუ იჯარის ვადის გასვლამდე დარჩენილია 5 (ხუთი) წელიწადი - იჯარის ვადის ამოწურვამდე ერთი თვით ადრე, ნიადაგის ნაყოფიერებისა და ხარისხის შენარჩუნება-გაუმჯობესების გამოკვლევის მიზნით ნიადაგის ანალიზის დამადასტურებელი დოკუმენტის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის წარდგენა.
სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2014 წელს დაიწყო პროექტი „სოფლიდან გაუსვლელად", რომლის მიზანია მოსახლეობის ინფორმირება მათსავე რეგიონში გამოცხადებული აუქციონების შესახებ. აღნიშნულ შემთხვევაშიც მოსახლეობის ინფორმირების მიზნით დმანისის რაიონის სოფლებში სარკინეთსა და გომარეთში, ასევე მათ მომიჯნავე სოფლებში აუქციონის დასრულებამდე ერთი თვით ადრე სააგენტომ დაარიგა საინფორმაციო ხასიათის ფლაერები.
სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო წარმოადგენს სახელმწიფო ქონების განკარგვაზე/სარგებლობის უფლებით გადაცემაზე უფლებამოსილ ორგანოს. სააგენტო კანონით დადგენილი წესის შესაბამისად ახორციელებს სახელმწიფო ქონების განკარგვასა და სარგებლობის უფლებით გადაცემას. აღნიშნული პროცესი გამჭვირვალეა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა ელექტრონულ აუქციონში. აუქციონები განთავსებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე: www.eauction.ge“.
თამარ ბატიაშვილი