2012 წლის 18 აპრილს შპს „დაგმა“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, კატეგორიაში სამშენებლო სამუშაოები, 842 000 ლარის ღირებულების ტენდერი მოიგო (SPA 120009587); 2012 წლის 2 მაისს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და შპს „დაგს“ შორის დაიდო ხელშეკრულებაNT _ 18109587 წალენჯიხის ცენტრში მდებარე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე. ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოების დასრულების ვადად 2012 წლის 31 ოქტომბერი განისაზღვრა. ამავე ხელშეკრულების 9.1. პუნქტის მიხედვით, ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის, ან შესრულების ვადის გადაცილებისთვის შემსრულებელს ეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველ გადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების 0,5%-ის ოდენობით, რაც ყოველდღიურად 4210 ლარს შეადგენდა.
იმის გამო, რომ 2012 წლის 31 ოქტომბრამდე სკვერის სარემონტო სამუშაოები დასრულებული არ იყო, საკრებულოს მაშინდელმა თავმჯდომარემ, კახაბერ ციმინტიამ, მიღება-ჩაბარების აქტს ხელი არ მოაწერა, ხოლო დავით ბელქანიამ ინსპექტირების ჯგუფს დაავალა საკითხის შესწავლა და 2012 წლის 20 დეკემბერს შედგა ურთიერთშეთანხმების აქტი დავით ბელქანიასა და შპს „დაგის“ დირექტორს, ვახტანგ შარანგიას შორის. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადად 2013 წლის 15 მაისი განისაზღვრა.
საკრებულოს დებულების 86-ე მუხლის თანახმად, საკრებულოს თავმჯდომარეს უმრავლესობის თანხმობის გარეშე რაიონის ბიუჯეტის 5%-ზე მეტ თანხაზე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ერთპიროვნულად შეცვლის უფლება არ ჰქონდა, მათ შორის, არ ჰქონდა არც 31 ოქტომბრიდან 15 მაისამდე სამუშაოების ვადის გადაწევის უფლება. ამ ქმედებით საკრებულოს თავმჯდომარემ დანაშაული ჩაიდინა, მაშინაც როდესაც შპს „დაგს“ არ გადაახდევინა გადაცილებული 50 დღის პირგასამტეხლო _ 210 500 ლარი.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარემ გამოსცა ბრძანება #1-163, რომლის თანახმადაც შეიქმნა ინსპექტირების ჯგუფი. მის შემადგენლობაში შევიდა საკრებულოს სამი წევრი, საკრებულოსა და გამგეობის 3 თანამშრომელი და შემსრულებელი ორგანიზაციის წარმომადგენელი. ინსპექტირების ჯგუფი ვალდებული იყო, განეხორციელებინა კონტროლი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მიმდინარეობაზე. ამ ბრძანების მეოთხე მუხლი ადგენს, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურმა მსგავსი (სახელმწიფო შესყიდვების) ხელშეკრულების ანაზღაურება მხოლოდ ინსპექტირების ჯგუფის დასკვნის საფუძველზე უნდა მოახდინოს.
2012 წლის 9 ივლისს ინსპექტირების ჯგუფმა პრეტენზიებით მიმართა სამუშაოების მწარმოებელ მხარეს, შპს „დაგს“ და გააფრთხილა სამუშაოების ვადის შესაძლო დარღვევის თაობაზე. 2012 წლის 31 ოქტომბრამდე ინსპექტირების ჯგუფს თითქმის არ განუხორციელებია კონტროლი სამუშაოების მიმდინარეობაზე და არ მოუმზადებია დასკვნა მიმდინარე სამუშაოების ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის, ან შეუსაბამობის თაობაზე. წალენჯიხის მუნიციპალიტეტმა შპს „დაგს“ პირველ ჯერზე 271 969 ლარი გადაურიცხა, ხოლო შემდეგ _ 56 477 ლარი. მესამე შუალედური ანაზღაურების, 142 000 ლარის გადარიცხვის თარიღად განკარგულებაში 2012 წლის 9 ნოემბერია მითითებული, როცა ხელშეკრულების თანახმად სკვერის რეკონსტრუქციის სამუშაოები 31 ოქტომბერს უნდა დასრულებულიყო და ამ მომენტისთვის არ არსებობდა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი, რადგან სამუშაოები დასრულებული არ იყო.
2012 წლის 30 ოქტომბერს შპს „დაგის“ დირექტორი, ვახტანგ შარანგია, საკრებულოს თავმჯდომარეს წერილს უგზავნის, სადაც იგი ამტკიცებს, რომ სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში დასრულდა და ითხოვს მიღება-ჩაბარების აქტს. ამავე წერილში ის მიუთითებს, რომ ინსპექტირების ჯგუფის მიერ დადგენილი ხარვეზებიც გასწორებულია, თუმცა, პარალელურად, შპს „დაგი“ მიმართავს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს. „ქრონიკა+“-ს საკუთარი წყარო ეუბნება, რომ ექსპერტიზის ბიუროსთვის მიმართვა რეალურად არა საინჟინრო ჭეშმარიტების დადგენა, არამედ ხელშეკრულების ვადების დარღვევის გამართლება იყო. სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების საბოლოო თარიღად 2013 წლის 15 მაისი განისაზღვრა. 2013 წლის 26 თებერვალს შპს „დაგის“ დირექტორი წერილით მიმართავს საკრებულოს თავმჯდომარეს, დავით ბელქანიას და ითხოვს დარჩენილი თანხის საბანკო ანგარიშზე გადარიცხვას. ინსპექტირების ჯგუფი 2013 წლის 29 მარტს ადგენს ახალ აქტს, სადაც ნათქვამია, რომ სკვერის რეკონსტრუქციის დროს წინა აქტით დადგენილი ხარვეზები გამოსწორებული არ არის და შემსრულებელ ორგანიზაციას სამუშაოები ამ მიმართულებით არ უწარმოებია, თუმცა აღმოჩნდა, რომ აქტს არანაირი ძალა აღარ გააჩნდა, რადგან 2013 წლის 20 მარტს „დაგის“ მიერ მოთხოვნილი სრული თანხა _ 820 414 ლარი, უკვე ჩარიცხული იყო მისსავე ანგარიშზე. როგორ გამოიყურება 820 ათას ლარად რეაბილიტირებული სკვერი წალენჯიხის ცენტრში, ამის საილუსტრაციოდ აქვე დაბეჭდილი ფოტოებიც გამოდგება.
შიდა სადენები და გაყვანილობა მალევე გადაიწვა. დაზიანების კერას ვერ მიაგნეს. სკვერიც და შადრევანიც გარე განათების მეშვეობით ნათდება. სადენები შიშველია და უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე საუბარიც ზედმეტია. უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო ქვაფენილი აყრილია. საქმეში ჩახედული ადამიანები აცხადებენ, რომ 820 414 ლარიდან, რეალურად, სკვერის რეაბილიტაციაზე მესამედიც არ არის დახარჯული.
ბერდია კალანდია