როგორ გააქციეს საქართველოდან აზერბაიჯანელი ინვესტორი სურჰაი ჰუსეინოვი და როგორ აიკრძალა აზერბაიჯანში ქართული ხორცის შეტანა, ამის შესახებ „ქრონიკა+“ ექსკლუზიურად უკვე წერდა. ამჯერად საფრთხეში ქართული ცხვარია, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ბაზარზე მნიშვნელოვნად აღემატება სხვა ქვეყნებიდან შეყვანილი ცხვრის ღირებულებას. სქემა, რომელშიც სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია პირდაპირაა ჩართული, ცხვრის ბიზნესის მონოპოლიზაციას უწყობს ხელს. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ამ ბიზნესში მონოპოლისტი ოთარ დანელიას მეგობრის კომპანია „ვიქტორია“ ხდება. ის, რომ „ვიქტორია“ განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობს, კომპანიის დირექტორის, გია ადამიას ბოლოდროინდელი განცხადებებითაც ჩანს. გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა ცხვრის ურუგვაიდან რეექსპორტის საკითხებზე მუშაობს. რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, აღნიშნულ საკითხზე „კომერსანტთან“ სწორედ „ვიქტორიას“ დირექტორმა, გია ადამიამ გააკეთა განცხადება. მისი ინფორმაციით, ეს არის ურუგვაის მთავრობის მხრიდან ინიცირებული თემა, რომელიც, ჯერჯერობით, იდეის დონეზეა: „სოფლის მეურნეობის სამინისტრო შეაფასებს, რამდენად კარგი იქნება ეს წინადადება ქვეყნისათვის და მხოლოდ მას შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას“, _ განუცხადა გია ადამიამ „კომერსანტს“. მისივე თქმით, აქ დიდი გათვლები და ანალიზია ჩასატარებელი, თუმცა ურუგვაის მთავრობის შეთავაზება საინტერესო და მიმზიდველია, რადგან საუბარია საქართველოში საკარანტინო ზონების მოწყობაზე და საწარმოების გახსნაზე, ასევე ცხვრის დიდი რაოდენობით შემოყვანაზე“ (ციტატის დასასრული). რატომ უნდა იცოდეს რიგითმა მეწარმემ, რა წინადადებით მიმართა ურუგვაის მთავრობამ საქართველოს მთავრობას და რა უფლებამოსილებით აკეთებს გია ადამია განცხადებებს სოფლის მეურნეობის მინისტრის ნაცვლად, ეს ცალკე საკითხია. ამჯერად, გაცილებით საინტერესოა სქემა, რომელიც „ქრონიკა+“-ს მიაწოდეს:
ქართული ცხვარი საქართველოში მცირე რაოდენობითაა. მოთხოვნა მსოფლიო ბაზარზე გაცილებით მაღალია. სწორედ ამიტომ დღის წესრიგში დადგა ცხვრის სხვა ქვეყნებიდან შემოყვანის, საქართველოში საკარანტინო პერიოდის გავლისა და შემდგომ უცხოეთში რეალიზაციის საკითხი. არსებული კანონმდებლობით, შემოყვანილი ცხვარი საქართველოს ტერიტორიაზე ექვსი თვის განმავლობაში უნდა იმყოფებოდეს, რომ მას ქართულის სტატუსი მიენიჭოს. კომპანიები, რომლებიც ქართული ცხვრის ექსპორტზე მუშაობენ, მთავრობას საკარანტინო ვადის შემცირებას სთხოვენ, პარალელურად, ქართული ცხვრის იდენტიფიკაციის წესის განსაზღვრა მომავალში კანონის საფუძველზე მოხდება. მსხვილფეხა პირუტყვის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პარალელურად სოფლის მეურნეობის სამინისტრო სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად ცხვრისა და თხის იდენტიფიკაციის წესის შექმნაზე მუშაობს. სააგენტოში განმარტავენ, რომ მსხვილფეხა რქოსანი საქონლის რეგისტრაცია 2012 წელს დაიწყო და 2012-2014 წლებში სულ 1 292 754 სული საქონლის იდენტიფიკაცია განხორციელდა. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ეს პროცესი, რეალურად, შირმაა. ქართული მსხვილფეხა საქონლის რეგისტრაციის პარალელურად საქართველოში შემოყვანილი ცხვარი სამთვიანი საკარანტინო ვადის, ან, საერთოდ, საკარანტინო დაკვირვების გარეშე გადის სხვა ქვეყნებში; ქართველი მეწარმეები კი, უმეტესად, ქართულად სომხეთიდან შემოყვანილ ცხვარს ასაღებენ, რადგან არაბული ქვეყნების უმეტესობა სომხური წარმოშობის ცხვრის მათ ქვეყნებში შეყვანას კრძალავს. ხშირ შემთხვევებში სომხური ცხვარი ჯანმრთელი არ არის. ასევე არის მცდელობები იმისა, რომ საქართველოს გავლით აზერბაიჯანშიც შეიყვანონ სომხური ცხვარი, რაც, საბოლოო ჯამში, ქართული ცხვრის რეპუტაციას საფრთხის ქვეშ აყენებს.
შემთხვევა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გორის რაიონში მოხდა, კორუფციული სქემის ნათელი მაგალითია: გორის რაიონის სოფელ უფლისციხის მოსახლეობა საავტომობილო მაგისტრალის გადაკეტვით იმუქრება. მოსახლეობის უკმაყოფილება იორდანიიდან დაავადებული ცხვრის შემოყვანამ გამოიწვია. რამდენიმე კვირის წინ საქართველოდან იორდანიის მიმართულებით ექსპორტზე 10 ათასამდე სული ცხვარი გავიდა, თუმცა ცხვარი გაურკვეველი მიზეზების გამო იორდანიის სახელმწიფომ არ მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ცხვრის აღნიშნული პარტია უფლისციხიდან არ გაგზავნილა, ის მაინც გორის რაიონში დააბრუნეს. ათასზე მეტი სული ცხვარი დაბრუნებისთანავე დაიღუპა, ხოლო დარჩენილ რაოდენობას გაურკვეველი დაავადების ნიშნები აღენიშნება: ცხვარს სისხლი სდის და ერთმანეთს კბენს. ადგილობრივი მოსახლეობა პანიკაშია, არსებობს დაავადების გავრცელების საფრთხე არა მხოლოდ უფლისციხეში, არამედ მთელ რეგიონში.
მეცხვარეთა ასოციაციის „თბილისი 24“-ის თავმჯდომარე, ბექა გონაშვილი, აცხადებს, რომ უფლისციხის საძოვრებზე გაშვებული ცხვარი სომხური წარმოშობისაა. სომხური ცხვარი საქართველოში შემოჰყავთ და 21-დღიანი საკარანტინო დაკვირვების ვადა დაცული არ არის.
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, სომხური ცხვარი იორდანიაში გემით გაგზავნეს, ერთთვიანი მგზავრობის შემდეგ იორდანიამ ცხვრის პარტია უკან დააბრუნა, სწორედ ამის მერე მოხვდა დაავადებული ცხვარი უფლისციხის საძოვრებზე. დაავადების პარალელურად, ცხვარი დამშეულია, რადგან გემზე მხოლოდ ერთი გზის, ანუ ჩაყვანის დროს სამყოფი საკვების მარაგი ინახებოდა. სწორედ ამიტომ უფლისციხეში საძოვარზე გაშვებულ ფარას ვიტამინებითაც ამარაგებენ, თუმცა, სპეციალისტების აზრით, ცხვრის გადარჩენის შანსები მინიმალურია.
აზერბაიჯანული ბაზრის დაკარგვის შემდეგ ფინანსური შედეგები კატასტროფულია: მხოლოდ შარშან საქართველოდან აზერბაიჯანში გავიდა 103 000 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი და 155 000 სული ცხვარი, რაც ქვეყანაში 100 მილიონი დოლარის შემოდინებას ნიშნავდა.
ბოლო დროს ჩატარებული სხვადასხვა სახის მაქინაციის გამო ქართულმა ცხვარმა 12 ქვეყანაში, მათ შორის, საუდის არაბეთშიც დაკარგა გასაღების ბაზარი და მხოლოდ იორდანიისა და აზერბაიჯანის ამარა დარჩა. ბოლო სკანდალის გამო კი, გამორიცხული არ არის, დარჩენილ ორ ქვეყანაშიც 5 წლის ვადით აიკრძალოს ცხვრის ექსპორტი.
ელისო კილაძე