QronikaPlus
„დილა მშვიდობისა, ლაპარაკობს სოხუმი!”

„დილა მშვიდობისა, ლაპარაკობს სოხუმი!”

2015-06-01 12:35:46

„ლაპარაკობს სოხუმი“, _ მის ხმას აფხაზეთის თითოეული მცხოვრები 25 წლის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში ისმენდა, ის თითოეული აფხაზისა და ქართველისთვის ნაცნობი ხმა იყო და არა მხოლოდ ნაცნობი, მშობლიურიც... ქალბატონი ნათელა ბერიკაშვილი „აფხაზეთის რადიოში“ ყოველ დილას ესალმებოდა მოსახლეობას და ამ ფრაზის გაგონება, _ „ლაპარაკობს სოხუმი“, _ წლების განმავლობაში უამრავი ადამიანისთვის იმედისმიმცემი იყო... სოხუმის რადიოს შეუცვლელი დიქტორი _ ნათელა ბერიკაშვილი, ქართველი მსმენელისა და მაყურებლისთვის ასევე კარგად ცნობილი მამუკა ბერიკასა და ლევან (ბერდია) ბერიკაშვილის დედაა... ის ახლა, ისევე როგორც ბევრი დევნილი, თბილისში ცხოვრობს და არ კარგავს იმედს, რომ ოდესმე იმ ქალაქში დაბრუნდება, სადაც მას განურჩევლად აფხაზი და ქართველი ერთნაირი მოწიწებით ეურთიერთებოდა. _ ქალბატონო ნათელა, როდის გადახვედით სოხუმში საცხოვრებლად? _ დავიბადე და გავიზარდე თბილისში. 46-ე საშუალო სკოლა დავამთავრე, შემდეგ უცხო ენათა ინსტიტუტში ვსწავლობდი, რის მერეც გავთხოვდი და მამია ბერიკაშვილს გავყევი ცოლად, რომელმაც კონსერვატორიის დამთავრებისთანავე მიიღო შეთავაზება, სოხუმში გაეგრძელებინა მუშაობა. მართალი გითხრათ, თავიდან არც კი მინდოდა წასვლა, არ მინდოდა ჩემი მეგობრები და ნათესავები მიმეტოვებინა, მაგრამ მაინც დავთანხმდი, რადგან მოვილაპარაკეთ, რომ მხოლოდ 3 წლით წავიდოდი სოხუმში საცხოვრებლად, მაგრამ ეს 3 წელი ძალიან მცირე დრო აღმოჩნდა იმისთვის, რომ სოხუმი, ბოლომდე შემეგრძნო. ულამაზესი სოხუმი ძალიან მალე შემიყვარდა. ვისთანაც ურთიერთობა გვქონდა, ყველა არაჩვეულებრივი ადამიანი გახლდათ. ჩემი მეუღლე ფილარმონიის დირექტორის მოადგილედ დანიშნეს, ხოლო დირექტორი აფხაზი გახლდათ, არაჩვეულებრივი ადამიანი. მამია როგორც ქართული, ისე აფხაზური სპექტაკლებისთვის წერდა მუსიკას, იმავდროულად, მუსიკალურ ტექნიკუმშიც ასწავლიდა და სამეგობრო წრე, ვისთანაც ჩვენ გვქონდა როგორც საქმიანი, ისე შემოქმედებითი ურთიერთობა, აფხაზეთის ომმაც კი ვერ დაანგრია, რადგან ჩემთან დღემდე აქვთ კომუნიკაცია და რამდენიმე წლის წინათ ჩემი სახლიდან, რომელიც კიროვის ქუჩაზე მდებარეობდა, ფოტოსურათებიც კი გამომიგზავნეს. _ რადიოში როგორ მოხვდით, როგორი იყო გზა, ვიდრე დიქტორი გახდებოდით? _ რადიო ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა, დედაჩემს სულ ვეხვეწებოდი, წამიყვანე და მაჩვენე, საიდან გვესაუბრებიან დიქტორები-მეთქი. შემდეგ, როცა სოხუმში გადავედით, ჩემს მეუღლეს ვთხოვე, დამაწყებინე რადიოში მუშაობა-მეთქი. აფხაზეთის რადიოკომიტეტის თავმჯდომარე მისი დაქალი გახლდათ, მაგრამ ჩემთვის მამიამ სამსახური მაინც ვერ სთხოვა. ერთ დღეს ჩვენთან სტუმრად მოვიდა ოჯახის ახლო მეგობარი, შოთა გაბელაია. ის რადიოში დიქტორად მუშაობდა და ჩემი ოცნება მას გავანდე. მაშინვე მითხრა, _ მოდი, შეგამოწმებენ და ვნახოთ, რა გამოგივაო?.. მართლაც, მივედი, გამსინჯეს, მოვეწონე და შემცვლელ დიქტორად ამიყვანეს. მაშინ იქ დიქტორად მუშაობდა ქალბატონი ქეთო გეჯაძე, რომელიც სულ მალე თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად და მისი ადგილი მე დავიკავე. ეს გახლდათ 1968 წელს. აი, სწორედ ამ წლიდან დავიწყე მუშაობა სოხუმის რადიოში დიქტორად და ის წლები როგორც შემოქმედებითად, ისე სულიერად, ბოლომდე მავსებდა. ახლაც მუშაობს სოხუმის რადიო, მაგრამ ქართული რედაქციის გარეშე. სოხუმში ჩემი სახლიც ისევ დგას, მხოლოდ, ჩვენ გარეშე... იქ ჩემი მეზობელი აფხაზების ოჯახი შესახლდა და მათ ისე უჭირთ, რომ ტელეფონის ფული ვერ გადაუხდიათ, ამიტომაც ვეღარ ვურეკავ და არ ვიცი, დღეს რას აკეთებენ, როგორ უვლიან ჩემს სახლს. რამდენიმე წლის წინ, რაღაცნაირად, მოახერხეს და ჩემი ძველი ფოტოსურათების ალბომი გამომიგზავნეს. ისე გამეხარდა, თითქოს იმ წუთში სოხუმში ვიყავი. ძალიან უხაროდათ, როცა ვურეკავდი, რამდენიმე წლის წინ მოსკოვში ვიყავი და იქიდან სოხუმის ტელევიზიაში დავრეკე, თავმჯდომარე რუსლან ხაშიგთან იმთავითვე კარგი ურთიერთობა მქონდა, მის მოადგილეს ვესაუბრე და იცით, როგორ გაუხარდა?!. რამდენჯერმე მითხრა, _ ნატელოჩკა, ნუთუ ეს მართალია, ნუთუ შენი ხმა ისევ მესმის და ნეტავ, ოდესმე ისევ თუ შევხვდებითო?!. როცა კი საშუალება მეძლევა, მაშინვე ვრეკავ. ძალიან უყვარდათ ჩვენი ოჯახი აფხაზებს იმიტომ, რომ როდესაც ჩემი ქმარი აფხაზეთში ჩავიდა, იმთავითვე ჰქონდა გადაწყვეტილი, მათი კულტურის განვითარებაში წვლილი შეეტანა. ხშირად ყოფილა შემთხვევა, აფხაზებს მისი სიმღერა უმღერიათ და ბოლოს გაუგიათ, რომ ავტორი ქართველი ბერიკაშვილი ყოფილა. ომი 14 აგვისტოს დაიწყო, 12 აგვისტოს კი, მახსოვს, ჩვენი აფხაზი მეზობლები ბაზარში წავიდნენ, სურსათი მოიტანეს და ერთად გავშალეთ სუფრა... მართალია, მაშინ მიტინგები სისტემატურად იმართებოდა, რომელსაც ზვიადისტები მართავდნენ, მაგრამ ჩვენ ვცდილობდით, კარგი ურთიერთობა შეგვენარჩუნებინა. მე იქ ბოლომდე ვიყავი, საშინელი დღეები იდგა. შენ რა გესწავლება, ჩემო ირინა, შიმშილიც ხშირად მძვინვარებდა, იშვიათად თუ „წითელი ჯვარი“ შემოიტანდა ჰუმანიტარულ დახმარებას, ეს იყო და ეს... შიმშილისგან 30 კილო დავიკელი, ხშირად ვიმალებოდი სარდაფში, მაგრამ სოხუმის დაცემის ბოლოსწინა ღამე მაინც განსაკუთრებული აღმოჩნდა როგორც ჩემთვის, ისე ბევრი სოხუმელისთვის... ქალაქი გამალებით იბომბებოდა და დილით, როცა სარდაფიდან ამოვძვერით, პირველი რაც დავაფიქსირე, ეს იყო _ სამარისებური სიჩუმე!.. ეს გამოთქმა ადრეც ხშირად გამიგონია, მაგრამ ნამდვილი სამარისებური სიჩუმე რას ნიშნავდა, მხოლოდ იმ ადამიანებმა ვიცით, ვინც დაბომბილ ქალაქში დავრჩით. ფოთოლი არ შრიალებდა, ჩიტი არ ჭაჭანებდა, თოლიებიც კი, რომლებიც ყოველთვის ბევრი იყო სანაპიროზე, სადღაც გამქრალიყვნენ... პირველი, რაც მოვიფიქრე, ის იყო, რომ სამსახურში უნდა გავქცეულიყავი, რადგან უიმედოდ დარჩენილი ადამიანებისთვის ჩვეული ფრაზები მეთქვა: „ლაპარაკობს სოხუმი“ და ამით ადამიანები პანიკიდან გამომეყვანა... გავრბოდი, გავრბოდი და უკან არ ვიხედებოდი... დიმა ჯაიანი შევნიშნე, რომელმაც ჩემ დანახვაზე წამოიყვირა: აქ რა გინდა, აფხაზებმა ნახევარი ქალაქი დაიკავეს, ახლავე ჩაჯექი მანქანაში, აქაურობას უნდა გაგარიდოო!... _ სახლში შევივლი და რამეს წამოვიღებ-მეთქი, _ ვუთხარი. _ წუთის დაკარგვა არ შეიძლებაო! _ მითხრა და ისე წამომიყვანა, როგორც ვიყავი, სამალავიდან ამოსული პატარა ხელჩანთის ამარა... აეროპორტამდე ძლივს მივაღწიეთ და იქ კი საშინელება ხდებოდა, თვითმფრინავში მთელი ქალაქი ხომ ვერ ჩაეტეოდა?!. არადა, გადარჩენა ყველას უნდოდა, საშკა იოსელიანის ცხედარს მოასვენებდნენ... ერთი-ორი ნაცნობი დავინახე, რომლებმაც მითხრეს, _ ხელი ჩასჭიდე გარდაცვლილის ჩასასვენებელს და იქნებ, ასე შეხვიდე თვითმფრინავშიო, მაგრამ ხალხის ტალღამ უკან გადმომაგდო. თვითმფრინავის შორიახლოს მფრინავები იდგნენ და ვკითხე, _ წამიყვანთ-მეთქი?!. _ რას ამბობთ, ქალბატონო, ხომ ხედავთ, მე თვითონ დავრჩი უადგილოდო, _ მიპასუხა მფრინავმა... _ თენგიზ კუპატაძის და ვარ-მეთქი, ვუთხარი (ჩემი ძმა თბილისის აეროპორტის უფროსი იყო და ყველა იცნობდა). _ თუ მფრინავი დავდექი, ეს თენგიზის დამსახურებააო, _ მითხრა პილოტმა და იქვე დაამატა, _ რამდენჯერმე დაგვაბარა ბატონმა თენგიზმა, ჩემი და ჩამომიყვანეთ სოხუმიდანო, მაგრამ მე, რასაკვირველია, სოხუმის დატოვების არც უფლება მქონდა და მართალი გითხრათ, არც ის მეგონა, სოხუმი თუ ოდესმე დაეცემოდა!.. მოკლედ, იმ მფრინავმა დაუძახა ვიღაც ბიჭებს და თვითმფრინავში „ლუკიდან“ შემაგდეს... ვიფიქრე, გადავრჩი, მალე თბილისში ჩავალ-მეთქი, მაგრამ ამ დროს დაიწყო აეროპორტის დაბომბვა და პილოტმაც გამოგვიცხადა, _ ამდენი ხალხით თვითმფრინავს ვერ ავაფრენო... ვინ ჩავიდოდა უკან?.. ერთი წუთი გავიფიქრე, ალბათ, ეს არის ჩემი ბედისწერა-მეთქი, მაგრამ სასწაული მოახდინეს ქართველმა პილოტებმა და არათუ გამოვაღწიეთ იქიდან, არამედ უვნებლად ჩამოგვაფრინეს თბილისის აეროპორტში. ცხადია, ვერ მივხვდი, რა მანევრებს აკეთებდნენ მფრინავები, მაგრამ გარკვეული წლების შემდეგ ჩემი ძმის ოჯახში სტუმრად მყოფი მფრინავებიდან ერთ-ერთი მომიახლოვდა და მითხრა, _ ქალბატონო ნათელა, ვერ მიცანით? მე ვარ ის ადამიანი, ვინც სოხუმიდან გადმოგაფრინეთო და შემდეგ, ჩემს ძმასა და მფრინავებს უამბო, თუ რისი წყალობით გადავრჩით. თურმე, იმდენ ხანს უფრენია დაბალ სიმაღლეზე, სანამ იმ ადგილს არ გავცდით, რომელსაც ბომბავდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ ავფრინდიო... _ ქალბატონო ნათელა, თქვენი მეუღლე ბატონი მამია სოხუმშია დაკრძალული, თუ?.. _ იცით, რა... 1993 წლის თებერვალში ჩემი ქმარი ძალიან ცუდად გახდა, მივხვდით, რომ მისი აღსასრული მოახლოვდა და სამკურნალოდ თბილისში წამოვიყვანეთ, რადგან იქ იმ დროს არც შესაფერისი პირობები იყო და რომც გარდაცვლილიყო, სოხუმში ვერ დავასაფლავებდით, რადგან ყველა ჩემიანის საფლავი აქ არის, _ თბილისში. თვითონაც თბილისელი იყო. იმასაც ვფიქრობდი, სოხუმში რამე რომ დაემართოს, სასაფლაოები ქალაქგარეთ არის, იქამდე რით მივიყვანო-მეთქი?!. ქალაქში ხომ ურიკებიც აღარ დადიოდა, ჩემო ირინა... ჩამოყვანიდან ორ კვირაში გარდაიცვალა, დაკრძალვის შემდეგ, რასაკვირველია, ისევ სოხუმში დავბრუნდი და რადიოში ჩემი ხმა ისევ გაისმა... არა მხოლოდ მე მიხაროდა ეს ამბავი, არამედ უხაროდათ იქაურებსაც, უამრავი ადამიანი მირეკავდა და მეუბნებოდა, _ რადგან ნათელა ბერიკაშვილი დაბრუნდა, იმედი ჩაგვესახაო. ანუ მე მათ ვჭირდებოდი და მე კიდევ _ ისინი. ომის პერიოდში ადამიანებს შორის განსაკუთრებული სიყვარული სუფევს, მეზობლები ხეებს ტოტებს აჭრიდნენ და შეშად მაძლევდნენ. გაგრა რომ დაეცა, სოხუმი პანიკამ მოიცვა, რადგან ეს იყო ნიშანი იმისა, რომ შეიძლებოდა სოხუმიც დაცემულიყო... ერთხელ, დილაუთენია, პურის რიგში ვიდექი, ცუდად გავხდი, მაგრამ მაინც მივედი რადიოში. იმ დღეებში ისეთი განწყობა იყო, გვეგონა, აფხაზები შემოვარდებოდნენ და დაგვხოცავდნენ, თუმცაღა ვიმეორებ, პირადად ჩემთან მათ არასოდეს ჰქონიათ პრეტენზია და როგორც გითხარით, დღემდე შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს მათთან... _ ქალბატონო ნათელა, მართალი გითხრათ, მეც არაერთგზის მსმენია, რომ თქვენს ოჯახს აფხაზები განსაკუთრებული პატივისცემით ეპყრობოდნენ, რა იყო ამ განსაკუთრებული სიყვარულის მიზეზი? _ უპირველეს ყოვლისა, მინდა, მადლობა გადავუხადო თქვენს გაზეთს იმისთვის, რომ კვლავ მეძლევა საშუალება, ამ გზით მოვიკითხო ის ადამიანები, რომლებსაც, რასაკვირველია, მეც ვეხმარებოდი და ასევე, რასაკვირველია, ისინიც მეხმარებოდნენ. გულახდილად გეუბნებით, პირველი ბზარი პირადად მაშინ შევნიშნე, როცა ქართველებს იმ თეატრიდან გასვლა მოუნდათ, სადაც აფხაზური თეატრიც მუშაობდა, მიზეზად კი იმას ასახელებდნენ, რომ ქართულ დასს უფრო მეტი სპექტაკლი ჰქონდა, მეტი ფული შეჰქონდა თეატრის ბიუჯეტში, დაფინანსება კი აფხაზი მსახიობების ოდენა გვაქვსო... ასევე მიზეზად სახელდებოდა ისიც, რომ აფხაზ რეჟისორებს ქართველ რეჟისორებზე მაღალი ანაზღაურება ჰქონდათ და ეს მცირედი ნიუანსები განაპირობებდა იმას, რომ ამ თემებით მანიპულირება `ვიღაცას~ ძალიან სჭირდებოდა. თუმცა, უფრო ადრე, 70-იან წლებში, სოხუმის ფილარმონიაშიც განვითარდა არასასურველი პროცესები, როდესაც მაშინდელი კულტურის მინისტრი, ოთარ თაქთაქიშვილი ჩამოვიდა ვითარებაში გასარკვევად და აფხაზებმა საქართველოს მთავრობას მოსთხოვეს, _ რადგან ავტონომიური რესპუბლიკა ვართ, უფლება გვაქვს, სიმფონიური ორკესტრი, კაპელა, ოპერა და სხვა კულტურული სტრუქტურები გვქონდეს, რადგან კონსერვატორია დამთავრებული ჩვენი კადრები დავასაქმოთო... გაგიკვირდებათ, მაგრამ ოთარ თაქთაქიშვილმა აფხაზების სრულიად სამართლიან მოთხოვნაზე უარი განაცხადა... ვერ გადმოგცემთ, რა ამბავი ატყდა დარბაზში, თაქთაქიშვილი დარბაზიდან ძლივს გაიტანეს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით... სხვათა შორის, ჩემმა მეუღლემ ბატონ ოთარს ამ ფაქტისა და უარისთვის უსაყვედურა და ამ საყვედურის შემდეგ ჩემს მეუღლესა და ბატონ მინისტრს შორის ურთიერთობა დაიძაბა, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ გასაქანს არ აძლევდა. მეტიც, იმ დროს ჩემი მეუღლე თბილისშიც კი არ ჩამოდიოდა. _ კი მაგრამ, აფხაზებს მოგვიანებით ხომ ჰქონდათ კაპელა და სიმფონიური ორკესტრიც? _ რასაკვირველია, მოგვიანებით დართო ნება საქართველოს მთავრობამ, მაგრამ, განა, არ სჯობდა, ყოველგვარი დაძაბულობისა და უსიამოვნების გარეშე მომხდარიყო? არ ვამბობ, რომ აფხაზები უცოდველები იყვნენ, რასაკვირველია, მათ შორისაც ბრძანდებოდნენ სეპარატისტი ელემენტები, მაგრამ _ შენ, ქართველო, როცა იცი, რომ ვიღაც ამ პროვოკაციებს ხელოვნურად გიწყობს და გახელებს, რატომ წამოეგები ხოლმე პროვოკაციაზე და თან, ასე წინდაუხედავად?!. როდესაც ცხინვალში, გამსახურდიას დროს, ვითარება უკიდურესად დაიძაბა, სულ იმას ვამბობდი, _ ის, რაც ცხინვალში მოხდა, სოხუმში არასოდეს მოხდება-მეთქი, მაგრამ მიუხედავად ბევრი ქართველისა და ბევრი აფხაზის კეთილი ნებისა, ამ პროვოკაციაზეც წამოგვაგეს ქართველები და 1992 წლის 14 აგვისტოს დილით, როცა სოხუმში ტანკები შემოგრიალდა, აი, მაშინ ვთქვი, _ ჩვენ და აფხაზები ერთნაირად დავიღუპებით-მეთქი!.. „მი პოგიბლი, ნატელოჩკა, ჩვენ აფხაზეთს დავკარგავთ!..“ _ მითხრა მამიამ და, სამწუხაროდ, მართალი აღმოჩნდა. _ ქალბატონო ნათელა, 1978 წლიდან და უფრო ადრეც აფხაზეთში ვითარება დღითი დღე მძაფრდებოდა. მაინტერესებს, სამსახურში, ანუ აფხაზეთის რადიოში, თანამშრომელთა მხრიდან მცირედი უკმაყოფილებაც კი არ გქონიათ?.. _ არავითარი დაპირისპირება, პირიქით, ყოველთვის თბილად და უდიდესი პატივისცემით მეპყრობოდნენ, ბევრმა არ იცის, მაგრამ გეტყვით, 1978 წელს, როცა აფხაზებმა რუსებთან შეერთება პირველად მოითხოვეს, თბილისიდან სოხუმში ედუარდ შევარდნაძე ჩამოვიდა, ხოლო მოსკოვიდან _ კაპიტონოვი. მაშინ კაპიტონოვმა განაცხადა: „არავითარი შემოერთება, არ მოხდება!..“ იმ დღეს ლენინის სახელობის მოედანი ხალხით იყო გადაჭედილი, კაპიტონოვის ამ სიტყვებმა ისე გააღიზიანა აფხაზები, თითქმის დაინგრა იქაურობა, ისეთი ამბავი ატყდა. შევარდნაძეს მეგაფონები და მიკროფონები ჩამოუყარეს და სიტყვის თქმის საშუალება არ მისცეს, ძლივს გაიყვანეს ტერიტორიიდან უვნებელი, მაგრამ ამ ისტორიაში მთავარი ის იყო, რომ არც ერთმა რედაქციამ კაპიტონოვის სიტყვები არ გადასცა მოსახლეობას!.. ეს ამბავი ქართული რედაქციიდან პირველმა მე წავიკითხე ეთერში და რამდენიმე წუთის შემდეგ საოცარი რამ მოხდა, _ ჩემი სამუშაო „კაბინა“ გარედან ჩაკეტეს და არ ვიცი, რა დამემართებოდა, რომ არა ჩვენი აფხაზი თავმჯდომარე _ ქვარცხია, რომელმაც იმ დღეს გადამარჩინა. ომის დროს ჩემს აფხაზ მეზობლებსა თუ თანამშრომლებს, რომლებიც შიშისგან ქუჩაში ვერ გამოდიოდნენ, შიმშილით რომ არ დახოცილიყვნენ, მე ვაწვდიდი პურს და პროდუქტებს, რამდენიმე მათგანს სოხუმიდან გუდაუთაში უვნებლად გადასვლაში დავეხმარე... გაგიკვირდება, ირინა, 1993 წელს, გაგანია ომის დროს, მაშინ, როცა აფხაზების საყვარელი კომპოზიტორი და ჩემი მეუღლე, მამია ბერიკაშვილი, გარდაიცვალა, აფხაზურმა ტელევიზიამ, რომელიც გუდაუთაში მაუწყებლობდა, ჩვენი ოჯახის მწუხარებას საკმაო საეთერო დრო დაუთმო და მამიას შესახებ ძალიან თბილი სიუჟეტი გააკეთა!!! ახლა გეკითხებით, რა ესიუჟეტებოდა და რატომ გააკეთა ეს მაშინ აფხაზობამ, როცა გაგანია ომი იყო?!. მე ახლაც ვსარგებლობ თქვენი გაზეთით და მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო აფხაზეთის ტელევიზიის დირექტორს _ რუსლან ხაშიგს, მამიას ასეთი დაფასებისთვის, ხოლო ალექსანდრე ანქვაბს კი იმისთვის, რომ მოსკოვში გამოშვებულ აფხაზური საესტრადო მელოდიების კომპაქტდისკებში მან ჩემი მეუღლის ორი სიმღერა შეიტანა! მეტიც, აფხაზებმა გამოსცეს ენციკლოპედია, სადაც ჩემს მეუღლეს თითქმის გვერდი აქვს დათმობილი... _ რამდენადაც ვიცი, ბატონი მამია ბერიკაშვილის მიერ შექმნილი ერთ-ერთი მელოდია დღეს აფხაზეთის ჰიმნია. მართალია? _ არ მომისმენია აფხაზეთის ჰიმნი, მაგრამ ასე გადმომცეს... დამავიწყდა მეთქვა, ენციკლოპედიაში ასე მოიხსენიეს ჩემი მეუღლე: „აფხაზეთის კულტურის დამსახურებული მოღვაწე, კომპოზიტორი მამია ბერიკაშვილი“... რამდენიმე წლის წინ აქ, თბილისში, აფხაზეთის დამსახურებული მოღვაწე, მოცეკვავე გივი ჩახავა გარდაიცვალა. უნდა გენახათ, რაოდენ დიდი იყო ჭირისუფლისა და სამძიმარზე მისული საზოგადოების გაკვირვება, როცა სოხუმიდან კანდიდ თარბამ დარეკა და ოჯახს მიუსამძიმრა!.. _ ქალბატონო ნათელა, თქვენ სოხუმში სახლი რომ გქონდათ, ყველამ ვიცით, ისიც ვიცით, რომ გაჭირვების წლებში არაერთხელ მიმართეთ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს, რომელიც თბილისში აგრძელებდა მუშაობას. თქვენ ბრძანდებით აფხაზეთის დამსახურებული არტისტი და რა მაინტერესებს, იცით? აქ რა პირობებში ცხოვრობთ, გადმოგცეს თუ არა ბინა, იღებთ თუ არა რაიმე დახმარებას, ან კვლავ მუშაობთ თუ არა?.. _ როცა სოხუმი დაეცა და წამოვედით, აქ, თბილისში ბატონმა ილია კევლიშვილმა მალევე დამიძახა და მითხრა, _ ნათელა, უსამსახუროდ როგორ დაგტოვებთ, შენ ისეთი ხმა გაქვს, აუცილებლად უნდა იმუშაოო!.. იცით, რა დამემართა?.. შევედი სტუდიაში, მიკროფონი ჩართულია და ჩემი მისალმება: „დილა მშვიდობისა, ლაპარაკობს სოხუმი!..“ ეს სიტყვები მექანიკურად ვთქვი იმიტომ, რომ ასე იწყებოდა ჩემი ყველა დილა აფხაზეთში და როდესაც მიკროფონის წინ დავდექი, ეტყობა, ქვეცნობიერმა ისევ სოხუმში წამიყვანა და შეცდომით თბილისელებს: „ლაპარაკობს სოხუმი“, _ ასე მივმართე... მეგონა, იმ დღესვე დამითხოვდნენ სამსახურიდან, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა, შემოვიდნენ თანამშრომლები და მითხრეს, _ ნათელა, ახლა, ამ სიტყვებმა სოხუმში დაგვაბრუნა. დაე, შეგეშალოს ხოლმე, ამით არაფერი დაშავდებაო!.. რასაკვირველია, დღეს აღარ ვმუშაობ, თუმცა კვლავ ენერგიით სავსე ვარ, როგორც ყველა, მეც ვიღებ 150-ლარიან პენსიას, ლტოლვილებისთვის განსაზღვრულ ფულად დახმარებას, სულ ეს არის. ხანდახან ჩემი შვილი მამუკა თუ გამომიგზავნის, მოგეხსენებათ, ემიგრანტები ხან მუშაობენ, ხან _ არა... ვცხოვრობ თბილისში, ჩემი შვილის, 17კვ.მ. ერთოთახიან ბინაში, მაგრამ იმიტომ, რომ ძალიან ვიწროდ ვართ, ჩემი შვილი რუსთაველის თეატრში ცხოვრობს, სადაც რობერტ სტურუამ გამოუყო ერთი ოთახი და იქ ათენ-აღამებს... _ როგორ, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთვის არასოდეს მიგიმართავთ, რომ თქვენთვის, თუნდაც, ერთი ოთახი მოეცათ?!. ნუთუ, არავის გაახსენდით, ასეთი დამსახურებული ადამიანი, ერთი ოთახი რომ ვერ გაიმეტეს?!. _ დაახლოებით 20-იოდე წლის წინ მივედი აფხაზეთის უზენაეს საბჭოში და ვთხოვე, ვის უნდა დედამთილთან ცხოვრება, ისიც ერთ ოთახში, რაღაც მომიხერხეთ-მეთქი... წამიყვანეს სადღაც, „არაშენდა“ რქმევია, კარკასი იყო, არც წყალი, არც სველი წერტილები, არც გაზი, კედლები იყო მხოლოდ, უფანჯრო, ნესტიანი, მიგდებული შენობა. სად მქონდა იმის საშუალება, წესრიგში მომეყვანა, რომ საცხოვრებლად ვარგისი ყოფილიყო?!. გამოვტრიალდი და წამოვედი. იმის მერე აღარც მივსულვარ. ახლა, 2012 წელს, განცხადება დავწერე ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი რომ იყო, დარახველიძე, იმის სახელზე, მაგრამ არც უპასუხიათ, არც თავი შეუწუხებიათ. ჰოდა, მოვეშვი!.. _ სოზარ სუბართან, რომელიც დღეს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრია, განცხადება არ დაგიწერიათ? _ დავწერე, ჩემო ირინა, მაგრამ არც ესენი მპასუხობენ და რამდენი ხანი შეიძლება ვიარო ამ განცხადებების დასაწერად, იმ განცხადებისა, რომელზედაც პასუხსაც კი არავინ გაძლევს?!. როგორ მქონდა იმედი, ხელისუფლება შეიცვალა, ლტოლვილებს სახლებს ურიგებენ, იქნებ, ჩემთვისაც გამოინახოს ერთი ოთახი-მეთქი, მაგრამ მე არავინ მყავს, ვერავისთან ვერავის მივაგზავნი, ვერ `ჩავაწყობ~, ამიტომაც ვარ ასე, _ მე ჩემი შვილის სახლში, ჩემი შვილი კი თეატრში ცხოვრობს... გაახარებს ღმერთი რობიკო სტურუას!... მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შვილები ცნობილი ბიჭები არიან, არავითარ შემთხვევაში არ მივლენ არავისთან და არასოდეს არაფერს სთხოვენ, მაგრამ ასეც ხომ არ შეიძლება, დაოჯახება უნდათ, ამ დროს კი სად მოიყვანონ, ერთ ოთახში?!. _ ქალბატონო ნათელა, აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ხელმძღვანელობისთვის არ მიგიმართავთ?.. თქვენ იქ კარგად გიცნობენ... _ ხო, მაგრამ აფხაზეთის უზენაესი საბჭო სახლებს ხომ არ ანაწილებს? _ რეკომენდაციის გაწევა ხომ მაინც შეუძლიათ?.. მე აუცილებლად დავურეკავ ბატონ ვახტანგ ყოლბაიას, ისევე როგორც გია გვაზავასა და საქმის კურსში ჩავაყენებ... _ ჩემი თქვენთან მოსვლის ერთ-ერთი მიზეზი ესეც არის, ჩემო ირინა, ჩვენ დიდი ხანია, ერთმანეთს ვიცნობთ და როგორც ჭირში, ისე ლხინშიც გამოგვიცდია ერთმანეთი... უდიდეს პატივს ვცემ იმ ადამიანებს, რომლებსაც დღეს აფხაზეთიდან დევნილებს ეძახიან... ვიცი, რომ უამრავი მათგანი გაჭირვებულია, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ზოგს რამდენიმე ბინაც კი აქვს მიღებული. არავის საქმეში არ ვერევი, ღმერთმა ყველას თავისი ჭერი მშვიდობასა და ლხინში მოახმაროს, მაგრამ ხომ შეიძლებოდა, ჩემთვისაც ეწილადებინათ რაღაც?!. ან ის ხომ მაინც შეიძლებოდა, ამოდენა პროექტებია, სახალხო დიპლომატიის დონეზე ვიღაცას ჩემი აფხაზებთან კავშირები გამოეყენებინა და ჩავერთე ამ საშვილიშვილო საქმეში?!. როგორ, ბოლო დღემდე იქ ვიყავი, სიცივე, შიმშილი, შიში, ტყვია, ბომბი არ დამკლებია, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ყოველდღე სამსახურში მივდიოდი და იმედს ვაძლევდი ადამიანებს, როდესაც ვეუბნებოდი: „ლაპარაკობს სოხუმი“ და დავიჯერო, ეს რამდენიმე ადამიანის გარდა აღარავის ახსოვს?!. 25 წელი ვიმუშავე აფხაზეთის რადიოს ქართულ რედაქციაში და, განსაკუთრებული შემთხვევის გარდა, სამსახური არ გამიცდენია... დღესაც სიამოვნებით ვიმუშავებდი, თუნდაც გახმოვანებაზე, მაგრამ აღარ ვართ საჭირო და ეს იმ დროს, როცა „საქართველოს რადიოს“  85 წლისთავისადმი მიძღვნილ წიგნში მე, ნათელა ბერიკაშვილი, `საუკუნის ხმებში~ დამასახელეს და მაშინ სპეციალურად გამოშვებულ ნანა დალაქიშვილის წიგნში ერთი გვერდი დამითმეს... (პაუზა, ცრემლები...) _ ქალბატონო ნათელა, როგორც კი ინტერვიუს ჩაწერას დავამთავრებთ, მაშინვე გადავურეკავ ბატონ ვახტანგ ყოლბაიას და შემიძლია 90%-იანი გარანტიით გითხრათ, რომ ის აუცილებლად დაგეხმარებათ იმ საქმეში, რაც დღეს ესოდენ გჭირდებათ... _ არ ვიცი, ჩემო კარგო, როგორ დასრულდება ეს ამბავი, მაგრამ როგორც არ უნდა დასრულდეს, ყველა ის ადამიანი, რომელსაც დღეს აფხაზეთის უზენაესი საბჭო ჰქვია, გარდაცვლილი თამაზ ნადარეიშვილით დაწყებული, ბოლო კარისკაცით დამთავრებული, ყველა მიყვარს და ყველას დიდ პატივს ვცემ და მიუხედავად იმისა, ამდენი წელი გავიდა, მათდამი ჩემი ურთიერთობა არ შეცვლილა!.. ირინა, შენ როგორ ფიქრობ, აფხაზეთში დავბრუნდებით?!. _ მაგის იმედი რომ არ მქონდეს, მკვდარი უნდა ვიყო!.. თქვენ როგორ გგონიათ, დავბრუნდებით?.. _ მეც ასე მგონია, რომ დავბრუნდებით და თანაც, მალე... მთელ საქართველოს ვაძლევ იმის პირობას, რომ მე ვიქნები პირველი ქართველი, ვინც სოხუმში ჩასული მიკროფონთან მივა და მთელ სოხუმს ქართულად მიმართავს: „ლაპარაკობს სოხუმი!..“ მთავარია, ჯანმრთელები ვიყოთ, იმედით ვიყოთ, სიყვარულით ვიყოთ და ყველაფერი იქნება, სოხუმში დაბრუნებაც იქნება, აფხაზებისა და ქართველების ერთად ცხოვრებაც იქნება, ისევ შეიქმნება აფხაზურ-ქართული ოჯახები და როგორც ჩემი მამია იტყოდა ხოლმე, სადაც მრავალჟამიერია, იქ „ოურაიდა“ და „სივარაიდაც“ უნდა იყოსო!.. P. შ. ძვირფასო მკითხველო, როგორც ქალბატონ ნათელა ბერიკაშვილს შევპირდი, ინტერვიუს ჩაწერიდან მეორე დღესვე აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს, ბატონ ვახტანგ ყოლბაიას დავურეკე. მოვუყევი ყველაფრის შესახებ, რაც ქალბატონმა ნათელამ გვიამბო და ვთხოვე, _ ბატონო ვახტანგ, იქნებ, დავეხმაროთ ამ დამსახურებულ, სამშობლოსათვის მოღვაწე ქალბატონს, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ერთოთახიანი ბინა მაინც მივაცემინოთ-მეთქი?!. ბატონმა ვახტანგმა მაშინვე მიპასუხა: „რასაკვირველია დავეხმარებით, ყველასთვის საყვარელ ჩვენს ნათელა ბერიკაშვილს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში ვუშუამდგომლებთ, მაგრამ იქამდე ქალბატონმა ნათელამ განცხადებით მოგვმართოს და თავისი პრობლემები განცხადებაშივე ჩამოწეროს, რომ კარგად გავერკვეთ ვითარებაში... თქვენ კი, ქალბატონო ირინა, აქვე გიფიქსირებთ დიდ პატივისცემას, რადგან ისევე როგორც აფხაზეთში, აქაც გულთან ახლოს მიგაქვთ ჩვენი დევნილების გაჭირვება. მოგვმართოს ქალბატონმა ნათელამ განცხადებით და აუცილებლად დავეხმარებით!..“

გაზიარება