QronikaPlus
„რა ხდება კონსერვატორიაში? საქართველოს კულტურის სამინისტრო საერთოდ ჰყავს?!“

„რა ხდება კონსერვატორიაში? საქართველოს კულტურის სამინისტრო საერთოდ ჰყავს?!“

2015-05-10 08:23:33

„...მოგესალმებით! მე მინდა ვთქვა, რომ ვეთანხმები ქალბატონ მანანას სიტყვებს იმაში, რომ კონკურსი უნდა იყოს სტიმული ბავშვებისათვის და არა სურვილის დაკარგვის... საერთოდ, საქართველოში რაიმეში მონაწილეობის (რაც ამ კონკურსის შედეგებით ძალიან ბევრმა ადამიანმა თქვა). სხვათა შორის, მე მინდა ვთქვა, რომ მომავალი თაობა ისედაც აღარ გვყავს, საერთოდ აღარ მოდის... ჩასაბერებში, მით უმეტეს, საერთოდ აღარ მოდის ახალი თაობა და ჟიურიმ იმ ზომამდე მიგვიყვანა, რომ, საერთოდ, აღარ უნდა დავუკრათ აღარსად. ე. ი. მაშინ ჩაიძირა ჩვენი მომავალი და ეგ არის?!..  საერთოდ, ქალბატონო მანანა, იმაში არ გეთანხმებით, რომ კონკურსები საერთოდ არ არის ერთი ადამიანის კმაყოფილება. რაღაც დონეზე, ალბათ, ყველას უნდა პირველი პრემიის მიღება, თუმცა ყველამ ვიცით, რომ ეს ესე არ იქნება და ოდნავი უსამართლობა ყველგან ხდება აბსოლუტურად, მაგრამ ისეთი დაბრმავება, რაც ახლა მოხდა ჩვენთან, ეს არის ყველაზე დიდი შეურაცხყოფა არა მარტო ჩვენი, არამედ ყველასი...“ (სტილი დაცულია) ეს სიტყვები წარმოსთქვა კონსერვატორიის სტუდენტმა, ფლეიტისტმა თაკო საკანდელიძემ და ამ გამოსვლით დაადასტურა ის, რასაც „ქრონიკა+“ რამდენიმე თვეა უყვება თავის მკითხველს. მაისის ბოლოს, ივნისის დასაწყისში, სასამართლოში კონსერვატორიის ყოფილი რექტორის, მანანა დოიჯაშვილის სარჩელის განხილვა დაიწყება, რომელიც მან ჩვენი გაზეთის, „ქრონიკა+“-ისა და კონსერვატორიის პროფესორ-მასწავლებლების წინააღმდეგ წამოიწყო... არადა, რაც დრო გადის, ქართველი საზოგადოება სულ უფრო და უფრო რწმუნდება, რომ საქართველოს უპირველეს მუსიკალურ უმაღლეს სასწავლებელში არაჯანსაღი პროცესების მთელი კასკადი მიმდინარეობს _ დაწყებული მისაღები გამოცდების სკანდალებიდან, იმ კონკურსებით დამთავრებული, რომლის ჟიურის შემადგენლობაც, თუ პროფესიონალებს დავეყრდნობით, კრიტიკას ვერ უძლებს!.. კრიტიკას ვერ უძლებს თავად ის ფაქტი, რომ _ ნიჭიერებას ცინიზმი უპირისპირდება, ნიჭიერებას _ მავანთა შვილობა, ან შვილიშვილობა წირავს და რომ ნიჭიერებას უპირისპირდება უტიფრობა და გამკითხავი კვლავაც არავინ ჩანს!.. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ პატარა გოგონა, რომელიც კონსერვატორიის სცენიდან მთელი საქართველოს გასაგონად გაიძახის: „ჩაიძირა ჩვენი მომავალი და ეგ არისო!..“ სალომე ზურაბიშვილი პარიზიდან ეკითხება საქართველოს ხელისუფლებას: „რა ხდება კონსერვატორიაში? საქართველოს კულტურის სამინისტრო საერთოდ ჰყავს?!.“ ამ შეკითხვას ბევრი სვამს, ქალბატონო სალომე, მაგრამ იმავე კულტურის სამინისტროში, ისევე როგორც საქართველოს დღევანდელ და ყოფილ ხელისუფლებებში, მავანთ ფესვები ისე ღრმად აქვთ გადგმული, რომ სიმართლე ძვრას ვერ უშვრება!.. ჰოდა, დარჩა, ბატონო, საქართველო მდარე და უგემოვნო სუბიექტების ამარა, რომელთაც საკუთარი თვალსაწიერის ობიექტივი მხოლოდ ან თავისი მოსწავლე ჰგონიათ, ან ბიძაშვილი, ან იმის შვილი, ან ამის შვილი... და რასაც დღეს ჩვენი ყური და თვალი ისმენს და უყურებს, ეგ კიდევ სხვა თემებია... ქვეყანას, რომელიც გოგი ცაბაძის იუბილეს ჩატარებაზე აცხადებს უარს, კულტურის სამინისტრო არ ჰყავს!.. ქვეყანაში, სადაც კულტურის სამინისტროს წაყრუებით საყდრის-ყაჩაღიანის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ფეთქდება, იმ ქვეყანას კულტურის სამინისტრო კი არა, კულტურის ჭეშმარიტი დამცველებიც აღარ ჰყავს!.. ჰოდა, ზეიმობს მავანი, ზეიმობს და ხარხარებს იმ ნიჭიერებაზე, რომელზედაც იდგა და მოდიოდა დღემდე საქართველო!.. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში მესამე წელია, მუსმცოდნეობის ფაკულტეტზე ერთი განაცხადი არ შესულა, უამრავ ფაკულტეტზე აბიტურიენტთა ნაკლებობა ფიქსირდება და ეს ყველაფერი სწორედაც რომ წასული ხელისუფლების კულტურის პოლიტიკის ნაყოფია და იმ ხელისუფალთა მიდგომებზე აღმოცენებული ზოგიერთი ვაიხელოვანის კაპრიზების დაკმაყოფილება!.. მანანა დოიჯაშვილი მართალია, „ქრონიკა+“-ს კი უჩივის, მაგრამ მას დღეს იმ კონსერვატორიაში, სადაც ცოტა ხნის წინათ, თურმე, 300 ხელმოწერა მოაგროვა და ჩვენი გაზეთის იმიჯის შელახვას შეეცადა სტუდენტთა ხელმოწერებით, ახლა საკუთარი სტუდენტებისთვის მოუწევს ახსნა-განმარტებების მიცემა _ ამ ერთი კვირის წინანდელი ფაქტით მთელმა საქართველომ გაიგო ის, რომ რასაც ჩვენი გაზეთი წერდა, კონსერვატორიის პროფესორ-მასწავლებლების ინტერვიუებზე დაყრდნობით, არათუ სიმართლე, არამედ, ჭეშმარიტება ყოფილა, ბატონებო, და ამ ყველაფერს გაგრძელება უარესი და უარესი ექნება!.. როდის იყო, რომ ჩასაბერ საკრავთა კონკურსზე ჩასაბერი ინსტრუმენტების კათედრიდან კომისიის წევრისთვის კი არა, საერთოდ, კონკურსი რომ ტარდებოდა, იმის შესახებ არ უცნობებია რექტორატს?!. როდის ყოფილა ოდესმე, რომ რექტორატის წინააღმდეგ სტუდენტები გაერთიანებულან და რექტორისთვის ყოფილი რექტორის განთავისუფლების საკითხი კატეგორიულად დაუსვამთ?!. 2012 წლის 1-ლი ოქტომბრისთვის რამდენიც არ უნდა ჩაეკეტა ქალბატონ მანანა დოიჯაშვილს კონსერვატორიის კარი, _ ჩემი სტუდენტები მიტინგზე არ წავიდნენო, _ სტუდენტებმა პროტესტი და საკუთარი სიმართლის გარეთ გამოტანა მაინც მოახერხეს და არათუ მოახერხეს, სცენაზე ავიდნენ და სახალხოდ ამხილეს ის მანკიერი შეთქმულება, რომელსაც წლითიწლობით ჰქონდა ადგილი კონსერვატორიაში და რომლის მთავარი მიზანი ის იყო, ნიჭიერების ნაცვლად, ვინმეს შვილობისათვის მიენიჭებინათ საუკეთესოს ტიტული!!! ოოო! რა ზუსტად ბრძანებს პატარა სტუდენტი გოგონა თავის სიტყვებში, როცა ამბობს: „ეს, ასეთი დაბრმავებაო“... ჩემო პატარა მეგობარო, მართალი ხარ, რადგან დაბრმავებული მხოლოდ ჟიური კი არა, მთლიანად კულტურის სამინისტროა და უპირველესად დაბრმავებული იმაზე, რაც კონსერვატორიაში ხდება. ჩემი რესპონდენტები თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიიდან კოშმარულ ფაქტებზე ჰყვებიან. მათ არაერთი დამადასტურებელი დოკუმენტი აქვთ იმისა, თუ რა კორუფციული და მომხვეჭელური პოლიტიკის თანაზიარია რამდენიმე ხელმძღვანელი პირი და იმის იმედით, რომ მათ არავინ დასჯის, არათუ იგნორირებას აკეთებენ სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისა, ახლა იერიში ჩვენზე მოიტანეს და ფიქრობენ, რომ მათი უსუსური ე. წ. ბრალდებების თანამოზიარე ან სასამართლო ხელისუფლება გახდება, ანდა ის საზოგადოება, რომელმაც დიდი ხანია იცის, რა ხდება კონსერვატორიაში! ქალბატონ მანანა დოიჯაშვილს გულწრფელად მინდა ვუთანაგრძნო, რომ ადვოკატის გამოცვლით სასამართლო პროცესები მოგებით არ მთავრდება და მინდა შევახსენო ისიც, რომ სასამართლოებს იგებს სიმართლე, ქალბატონო მანანა, სიმართლე, რომელიც თქვენ მხარეს ნამდვილად არ არის! დღესდღეობით კულტურის სამინისტროში ფინანსური აუდიტია შესული. მართალია, თქვენ ეს არ განაღვლებთ, მაგრამ მაინც მინდა იცოდეთ, რომ სწორედ აუდიტის კომისიის წევრებმა დაურეკეს თქვენი კონსერვატორიის ზოგიერთ პროფესორ-მასწავლებელს და სთხოვეს, მათ ხელთ არსებული დოკუმენტები, რომლებშიც თქვენი ბრალეულობა იკვეთება, სასწრაფოდ მათთან მიეტანათ და მიტანილია კიდეც! არ ვიცი, როგორ მოიქცევა ფინანსური აუდიტი და რა შედეგებს დადებს, მაგრამ ის კი დანამდვილებით ვიცი, რომ თქვენთვის სასიკეთო არაფერი იქნება, რადგან დამატებით შევიდა თქვენი და მანანა ბერიკაშვილის უკანონო გარიგების კიდევ ერთი დოკუმენტი და კონსერვატორიის ბიუჯეტიც რომ აქეთ-იქით ნიავდება, ამის დამადასტურებელი დოკუმენტებიც მიაწოდეს კულტურის სამინისტროში ამ წუთას მომუშავე ფინანსური აუდიტის სამსახურს თქვენმა პროფესორებმა. მართალია, ხელოვნების სფეროში დაკავებული ბევრი ადამიანი ითხოვს კულტურის მინისტრისა და მისი მოადგილის, ქალბატონი მანანა ბერიკაშვილის განთავისუფლებას, ისევე როგორც კონსერვატორიიდან ითხოვენ მანანა დოიჯაშვილისთვის ამჟამინდელი სტატუსის _ რექტორის მოადგილის თანამდებობიდან გადაყენებას, _ მაგრამ საქართველოს ხელისუფლება სირაქლემის პოზას ამჯობინებს და, სავარაუდოდ, თითოეული მათგანი ისევ იმ პოლიტიკას გააგრძელებს, რასაც აქამდე ახორციელებდა, ანუ ქართული კულტურის ნგრევას და იმ დაკვეთების შესრულებას, რა დირექტივებსაც ქვეყნის გარედან იღებენ. ნათქვამია, _ ზვავი პატარა გუნდიდან იწყებაო... თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ზვავისწინა პატარა გუნდა პატარა გოგონამ ააგორა და მის თითოეულ სიტყვას დარბაზშივე იზიარებდა პროფესორ-მასწავლებელთა დიდი ნაწილი, უფრო მეტიც: ქალბატონი მედეა ამირანაშვილი სცენაზეც აბრძანდა და ღიად ამხილა კონსერვატორიის ხელმძღვანელობა იმ დისკრიმინაციაში, რასაც წლების განმავლობაში აქვს ადგილი არა მხოლოდ ვოკალის ფაკულტეტზე, არამედ სხვადასხვა ფაკულტეტზეც... სასაცილოა ის გარემოება, სატირალი რომ არ იყოს, _ კულტურის სამინისტრომ მედეა ამირანაშვილის მწვავე ინტერვიუების შემდეგ, რატომღაც, გადაიფიქრა ამ უდიდესი მომღერლისთვის `ხელოვნების ქურუმის~ წოდების მინიჭება და, მგონი, სიიდანაც კი ამოიღო! არადა, იყო... `ხელოვნების ქურუმების~ წოდება კი, რამდენიმე ადამიანთან ერთად, მათ მიანიჭეს, რომელთაც ამ კულტურის დამანგრეველთა მიმართ დითირამბები არ ენანებათ, ენის მოჩლექით ელაპარაკებიან მანანა ბერიკაშვილსა და მიშა გიორგაძეს, რომელიც არავინ იცის, რა დამსახურებისთვის დაინიშნა კულტურის მინისტრად! თუმცა რა დიდი გამოცანაა, თენგიზ კიტოვანის სიძეა და მეტი რა დამსახურება უნდა ჰქონოდა საქართველოს წინაშე?!! მრუდე სარკეების ქვეყანაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ბატონებო, ყველაფერი!.. ისიც კი, რომ „რესპუბლიკური პარტიის“ თავქალი თავდაცვის მინისტრად დაგვინიშნეს... ჰოდა, გიკვირთ ის, რომ ქვეყნის კულტურის დამაქცევრების მიერ ატირებული ბავშვები სცენაზე დგებიან და მორჩა, გათავდა ჩვენი მომავალიო, _ გაჰყვირიან?!. ვაი, საქართველო, საით მიექანები?!.  

                                                                                        ირინა გოგოსაშვილი

   

გაზიარება