В этой гостинице я директор, _ ეს ფრაზა ბიძინა ივანიშვილს ხმამაღლა არ უთქვამს, მაგრამ აშკარად იგულისხმა!!!
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, რიჩარდ ნორლანდი, სწორედ ამ რეალობის გათვალისწინებით ეახლა ყოფილ პრემიერს შუშის სასახლეში. ივანიშვილმა ჩათრევას ჩაყოლა არჩია და თავდაცვის მინისტრის პოსტზე თინა ხიდაშელის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. კოალიციიდან „თავისუფალი დემოკრატების“ წასვლის შემდეგ პირველი ვაჭრობა „ეროვნულმა ფორუმმა“ გამართა და დარჩენის სანაცვლოდ გუბაზ სანიკიძემ ვიცე-სპიკერის პოსტი მიიღო. ქუთაისის მაჟორიტარი კამერების წინ ამ ამპლუაში მხოლოდ ორჯერ გამოჩნდა, მერე ისევ გაუჩინარდა. პარლამენტში კი ხშირად ეხუმრება კოლეგა „ნაციონალებს“, _ აბა, ჩვენი ხელისუფლებაში მოშვება იქნებოდაო?
ბოლო საკადრო გადაწყვეტილებებით „ეროვნული ფორუმი“ ბედნიერი სულაც არ არის. იმდენად, რომ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მისვლა არც კი უფიქრია. პოლიტსაბჭოს წევრები მგლოვიარე სახეების დამალვას კამერების წინაც კი არ ცდილობდნენ. ირაკლი ღარიბაშვილი, კულუარული ინფორმაციით, ხიდაშელის კანდიდატურის ჩანაცვლებას ისევ მინდია ჯანელიძით ცდილობდა და უსუფაშვილს ცოლისთვის სხვა რომელიმე მინისტრის პორტფელს სთავაზობდა. პრემიერის მოვალეობის შემსრულებლის მთავარი არგუმენტი ამ შემთხვევაში პრეზიდენტ მარგველაშვილის გაჯიქება და მისი მხრიდან მომავალში მოსალოდნელი სიურპრიზები ყოფილა. არც ვიცე-პრემიერის უხასიათობა იყო მთლად უსაფუძვლო, _ კახი კალაძეს რამდენიმე თვე ჰქონდა იმისათვის, რომ პარტიაში სიტუაცია „მოეხოდა“, მაგრამ მან ეს ამოცანა ვერ შეასრულა. კალაძის გარემოცვა პარტიაში ინტრიგების ხლართვას მოუნდა. აღმასრულებელი მდივნის პოსტზე ირაკლი კობახიძის დანიშვნა კი ნეგატივი უფრო აღმოჩნდა, ვიდრე პოზიტივი. კობახიძე შეიძლება კარგი კონსტიტუციონალისტია, მაგრამ მისი საჯარო განცხადებები რეალობას აშკარად აცდენილია. პარტიული სტრუქტურა კალაძემ ვერც ცენტრალურ ოფისში და ვერც რეგიონებში ვერ დაალაგა. გამომდინარე იქიდან, რომ, მაქსიმუმ, 2016 წელს და, მინიმუმ, ვადაზე ადრე ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს, პარტიაში არსებული სიტუაცია ბიძინა ივანიშვილისთვის მეორეხარისხოვანი სულაც არ არის, ამიტომ მთავრობაში მიმდინარე პროცესების პარალელურად, ის საკადრო ცვლილებებს პარტიაშიც გეგმავს. როგორც ჩანს, პრინციპი აქაც ერთი იქნება _ კალაძის კადრებს „ქართუს“ კადრებით ჩაანაცვლებს. ჯერჯერობით, ირაკლი ღარიბაშვილის გარდა ბიძინა ივანიშვილს ყველაზე მეტად სწორედ „ქართუს“ კადრებმა გაუმართლა.
თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრობა არც ღარიბაშვილის ოცნება ყოფილა და არც კოალიციაში შემავალი პარტიების. განსაკუთრებით სუსტი სქესის წარმომადგენლები ნერვიულობენ. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, გაბრაზებული ყოფილა ეკა ბესელია. მას ჯერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტისკენ მიმავალ გზაზე გადაეღობა თინა ხიდაშელი, ამჯერად კი მინისტრის სავარძელში დაწინაურდა. ბოლო საკადრო გადაწყვეტილებით არც მანანა კობახიძე და ელისო ჩაფიძე ყოფილან განსაკუთრებულად აღფრთოვანებულები. „ქართული ოცნების“ ძირითადი ბირთვი ვარაუდობს, რომ მომდევნო არჩევნებში საარჩევნო ბლოკს შესაძლოა, „ქართული ოცნება-რესპუბლიკელები“ ერქვას და მასში საერთოდ არ აღმოჩნდეს არც ერთი მათგანის ადგილი. უმრავლესობაში დიდი განხეთქილებაა და გამორიცხული არაა, ბევრი მათგანი საერთოდ არ წავიდეს ქუთაისში პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე. მერე რა, რომ წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნება“ თავდაცვის სამინისტროს დეპოლიტიზებას გვპირდებოდა? სადამფუძნებლო დეკლარაციაში ჩაწერეს კიდეც, რომ „სამეთაურო შემადგენლობა მინისტრების ცვლასთან ერთად მმართველი პარტიის პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად იცვლებოდა და ათასობით პროფესიონალი სამხედრო დაითხოვეს შეიარაღებული ძალებიდან მხოლოდ იმის გამო, რომ მათი ცოდნა და პროფესიონალიზმი ბევრად აღემატებოდა მათი ხელმძღვანელობის ცოდნასა და პროფესიონალიზმს“ (ციტატის დასასრული). ამავე საპროგრამო დოკუმენტში გვამცნეს, რომ „დღევანდელი (ანუ 2011 წლის) ვითარების გათვალისწინებით, ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა თავდაცვის სამინისტროს სრული დეპოლიტიზება და სამხედრო ძალების საკადრო უზრუნველყოფა მხოლოდ პროფესიონალიზმის ნიშნით“ („ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა, გვერდი 61), მაგრამ ხიდაშელის დანიშვნის დროს კოალიციის წინასაარჩევნო პროგრამა არც არავის გახსენებია. მეტიც: ამ დრომდე არც თავად ხიდაშელს გაუკეთებია განმარტებები ერთ უმთავრეს საკითხზე, თუ 2001 წლის მსგავსად ხიდაშელი აფხაზეთს საქართველოს ნაწილად არც ამჯერად განიხილავს, მაშინ როგორ წარმოუდგენია მას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რომელიც „ქართული ოცნების“ საარჩევნო დაპირებებს შორის ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო? ვინც არ იცის, შევახსენებთ, რომ ეს განცხადება თავდაცვის მომავალმა მინისტრმა 2001 წელს გააკეთა. სოჭში ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ასპექტების განხილვის ფარგლებში გაიმართა დისკუსია, რომელზეც „კავკასიის სტაბილურობის პაქტი“ განიხილეს. დისკუსიაში მონაწილეობდნენ: თინა ხიდაშელი, ნათელა აქაბა, ემზარ ჯგერენაია, ზაზა შათირიშვილი, არადა ინალ-იფა, ჯონ პოლ ლედერახი, დავით ბერძენიშვილი, პაატა ზაქარეიშვილი, ბატალ კობახია და სხვები.
ზემოთ დავწერე, ბიძინა ივანიშვილმა ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა-მეთქი. ორი რესპუბლიკელი მინისტრის პოსტი საქართველოს მთავრობაში ევროპულობას რამდენად ნიშნავს, არ ვიცი, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ყოფილმა პრემიერმა ორის მაგივრად სამი კურდღელი დაიჭირა. ერთი, რომ პარლამენტში, ამ ეტაპზე, ფრაქცია „რესპუბლიკელები“ დაიშალა და შეივსება თუ არა, არავინ იცის, მეორეც _ ორი „მყეფარე“ ხმა „რესპებს“ აშკარად დააკლდათ და პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, პარლამენტში ძმები ბერძენიშვილების ამარა დარჩა, რომლებიც, ბოლო დროს, პოლიტიკური აქტიურობით ნამდვილად არ იკლავენ თავს. მესამეც _ აღმასრულებელი ხელისუფლებიდან მინისტრების მოხსნა რთული პროცედურა ნამდვილად არ არის. გააჩნია, რა შეცდომებს დაუშვებენ მინისტრობის კანდიდატები და აქტიურობის რა ხარისხი ექნება მედიას. დღეის მდგომარეობით მედია, ფაქტობრივად, ერთსულოვანია _ ბოლო საკადრო გადაადგილებებს ცალსახად ნეგატიურად აფასებს.
რა მოხდება პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე და მიიღებს თუ არა მთავრობა ხელახალი ნდობის მანდატს, ამ კვირაში გაირკვევა. ის, რომ ღარიბაშვილი უმრავლესობას ვერ ხვდება, უკვე ნიშნავს იმას, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში ბუნტია და მიუხედავად დაპირებისა, საგანელიძე იქ პროცესებს ვეღარ მართავს. გამომდინარე აქედან, მთავრობა პარლამენტის სიურპრიზებისგან დაზღვეული ნამდვილად არ არის.
„ქრონიკა+“-ის წინა ნომერში გამოქვეყნებული ე. წ. ხორცის სკანდალის გამო სერიოზული შიშები დაწყებია სოფლის მეურნეობის მინისტრს, ოთარ დანელიას _ ის და მისი ახლო გარემოცვა აქტიურად ეძებს „ქრონიკა+“-ის წყაროს. ოთარ დანელიას შიშები უსაფუძვლო ნამდვილად არ არის, მინდია ჯანელიძის მერე ის ბოლო მინისტრია, რომელიც საქართველოს მთავრობაში ირაკლი ღარიბაშვილის პირად კვოტას წარმოადგენს.
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ხორცის ბიზნესის სკანდალი მონაგონია იმასთან შედარებით, რაც ამჯერად უკვე ქართული ცხვრის ბიზნესს უკავშირდება. ქართული ცხვარი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია მსოფლიო ბაზარზე. ამ სფეროში მონოპოლიის ხელში ჩაგდებას შპს „ვიქტორია“ ცდილობს, რომლის დამფუძნებელიც ოთარ დანელიას მეგობრის, მამუკა ადამიას შვილი, გია ადამიაა. „ვიქტორია“ ოთარ დანელიას ზურგით ნელ-ნელა გზიდან იშორებს კონკურენტებს მხოლოდ ერთი მიზნით _ ქართული ცხვრის მარაგი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე მოთხოვნა, ამიტომ „ვიქტორია“ რუსეთიდან ცხვრის შემოყვანას, საქართველოში ე. წ. კარანტინის გავლას და შემდეგ უცხოეთში ექსპორტს აპირებს. სავარაუდოდ, საკარანტინო ვადა სამი თვიდან ერთ თვემდე უნდა შემცირდეს. ერთადერთი კომპანია, რომელიც „ვიქტორიას“ წინააღმდეგობას უწევს, შპს „ალ მაკია“, რომლის დირექტორი სირიის არაბთა რესპუბლიკის მკვიდრი, მაკი მაჰმედ ჰასანია. არ არის გამორიცხული, რომ სურხაი ჰუსეინოვის მსგავსად, ისიც იძულებული გახდეს, საქართველო დატოვოს. სამწუხაროდ, ბიზნესომბუდსმენი სოფლის მეურნეობის მინისტრთან დაკავშირებულ სკანდალებს ვერ ამჩნევს. როგორც „ქრონიკა+“-ს სანდო წყარო ეუბნება, ამის მიზეზი შეიძლება ოთარ დანელიას სიდედრი, ინდმეწარმე თამილა გახარია იყოს, რომელიც ბიზნესომბუდსმენის მოგვარე და შორეული ნათესავია. სხვათა შორის, ირაკლი ღარიბაშვილისგან განსხვავებით, ოთარ დანელიას ცოლის ნათესავები ნათესავებად მიაჩნია. სარწმუნო წყარო „ქრონიკა+“-ს უდასტურებს, რომ დანელიას სიდედრი არა მხოლოდ უყვარს, ენდობა კიდეც. 2013 წელს მის მიერ შეძენილი მიწის ნაკვეთები სწორედ სიდედრის სახელზე გაუფორმებია და იმასაც ამბობენ, რომ ხვნა-თესვაში სახელმწიფოს ხარჯზეც გვარიანად მიხმარებია. ოფიციალური მონაცემებით, 2013 წელს ინდმეწარმე თამილა გახარიას საგარეჯოს რაიონში, სოფელ ხაშმში, ორი მიწის ნაკვეთი შეუძენია _ ორივე მათგანის დანიშნულება სასოფლო-სამეურნეოა. ერთი ნაკვეთის ფართი 302 კვ.მ., მეორის კი 843 კვ.მ.-ა, მესამე მიწის ნაკვეთი თამილა გახარიას ზუგდიდის რაიონის სოფელ ორულეში შეუძენია და მისი დაზუსტებული ფართობი 100065 კვ.მ.-ა. უშველის თუ არა ოთარ დანელიას სიდედრის გავლენები და შეიმჩნევს თუ არა ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია იმ ზეწოლებს, რომელსაც უშუალოდ ახორციელებდა სოფლის მეურნეობის მინისტრი, თუნდაც აზერბაიჯანელ ინვესტორზე, მომავალში გამოჩნდება. მანამდე კი ბიძინა ივანიშვილის მარიონეტების თეატრში მორიგი წარმოდგენა იმართება.
ელისო კილაძე