ამ დღეებში ცნობილმა ადვოკატმა, ზურაბ როსტიაშვილმა, შიმშილობა გამოაცხადა, მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა კი ციხეში პირი ამოიკერა და სასამართლო პროცესზე ასე აპირებს გამოცხადებას. რა საქმე გააყალბეს ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა და რატომ დასჭირდათ ქართველ ადვოკატსა და მის კლიენტს, სიმართლის დასადგენად პროტესტის უკიდურესი ფორმებისთვის მიემართათ?! ვინ აფერხებს გამოძიებას და როდის უნდა აღდგეს სამართალი ქვეყანაში?!
„ქრონიკა+“-სთან ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, იურიდიული კომისიის თავმჯდომარე, ზურაბ როსტიაშვილი, ამ საქმის დეტალებზე და ქვეყანაში ზოგადად შექმნილ ვითარებაზე საუბრობს...
ზურაბ როსტიაშვილი _ ადვოკატი:
_ კახაბერ ჯმუხაძეს და დავით კალატოზს 12 მაისს პატიმრობაში ყოფნის 9 თვე უსრულდებათ. კანონის მიხედვით, ამ პერიოდის განმავლობაში სასამართლომ უნდა გამოიტანოს განაჩენი _ გაუგრძელოს პატიმრობის ვადა, ან გაათავისუფლოს.
ამბავი, რის გამოც მათ ასამართლებენ, ასე დაიწყო: სპორტის სასახლესთან არის კაფე-ბარი „საბვეი“, სადაც კახა და დავითი შაურმას მიირთმევდნენ. როგორც თავად განმარტავენ, ამ დროს ბარში ორი თურქი შევიდა და ერთ-ერთმა, რატომღაც, კახას შაურმას დაადო ხელი. ამის გამო მოუხდათ კამათი, ეს იყო უმნიშვნელო კონფლიქტი, თუმცა ვიღაცამ პოლიცია გამოიძახა.
თავდაპირველად დაცვის პოლიცია მოვიდა. დაცვის პოლიციელ გოგოლიანს ჯმუხაძისთვის უთქვამს, _ დაგაჩოქებ და იარაღს შეგტენიო! ჯმუხაძისგანაც მიუღია პასუხი, რის შემდეგაც კრიმინალური პოლიცია გამოიძახეს. მათ ჯმუხაძე და კალატოზი დააკავეს და ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს, რომელიც არის ტელევიზიის გვერდით. ჩაიყვანეს სარდაფში, სადაც პოლიციის ორმა თანამშრომელმა, ღიღელიანმა და ჩუბინიძემ, ტანზე მაისურები შემოიხიეს და დაპატიმრებულებს უთხრეს, _ ეს იქნება იმის მტკიცებულება, პოლიციას წინააღმდეგობა რომ გაუწიეთო!
ჯმუხაძე და კალატოზი ამტკიცებენ, რომ როცა კაფე-ბართან კრიმინალური პოლიცია მივიდა, ისინი კალატოზს ეუბნებოდნენ, შენთან საქმე არ გვაქვს და წადიო, მაგრამ მან მეგობარი არ მიატოვა და მერე მასაც შეუთხზეს არა მარტო პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდება, არამედ თურქი მოქალაქის ძარცვა. დაწერეს, რომ საფულეს ართმევდაო. ორივე დაპატიმრებული პოლიციის სამმართველოში სასტიკად სცემეს. „კაპეზეს“ დაფიქსირებული აქვს ეს ფაქტი, როცა ისინი იქ გადაიყვანეს. მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურა მათ დაპატიმრებას მოითხოვდა, მოსამართლე ლარისა ლიპარტელიანმა არც ერთს არ შეუფარდა პატიმრობა და გირაოდ თითოეულ მათგანს 8 ათასი ლარი დაუწესა. ისეთი გაჭირვებული ოჯახებიდან არიან, იცოდნენ, რომ ამ თანხას ვერ გადაიხდიდნენ, ამიტომ პატიმრობა მოითხოვეს. საქმეში, პოლიციელების მხრიდან, უამრავი უზუსტობა და დარღვევა იყო, რაც მოსამართლეს აუცილებლად უნდა დაენახა, მაგრამ ასე არ მომხდარა.
_ იქნებ, კონკრეტულად გვითხრათ, რა სახის დარღვევებზე საუბრობთ?
_ გამომძიებელს ვკითხე, _ კალატოზს რომ საფულის დაყაჩაღების მცდელობას ედავებით, ეს საფულე თუ მოძებნეთ და ნახეთ-მეთქი? თურქი განმარტავდა, რომ ამ საფულეში მას 2 ათასი დოლარი ედო. საქმე ის არის, რომ პოლიციელებმა სამმართველოში ბიჭებთან ერთად თურქებიც წაიყვანეს და როცა ადამიანს საფულის ძარცვის მცდელობაზე ჰქონდა პრეტენზია, პირველ რიგში ხომ ის უნდა გაერკვიათ, საფულე რეალურად არსებობდა თუ არა? პოლიციას უნდა ენახა ეს საფულე, დაეთვალიერებინა, დაეთვალა ფული, თითოეული კუპიურისთვის ფოტო გადაეღო და ამოეწერა ნომრები. ამას მოითხოვს სამართალწარმოების პროცესი, მაგრამ გამომძიებელმა სასამართლოზე დაადასტურა, რომ ე. წ. დაზარალებულ თურქ მოქალაქეს საფულე სამმართველოში არ ჰქონია. მაშინ ისმის კითხვა, _ კალატოზს ბრალი როგორ წაუყენეს? ეს თურქები ახლა თავის ქვეყანაში არიან და პროცესზე ვერ მოდიან, თორემ შეიძლება ეთქვათ კიდეც სიმართლე, საფულის ამბავი ვინ და როგორ შეთხზა.
_ ეჭვი გაქვთ, რომ ეს ამბავი პოლიციამ გააზვიადა და შეთხზა?
_ დიახ, მაქვს! გამომძიებელმა დაარღვია სამართალწარმოების წესები და სხვანაირად რატომ უნდა ვიფიქრო? სასამართლო პროცესზე მოწმეებად გამოდიან პოლიციელები და მოქალაქეები, რომელთა ჩვენებებიც ცა და დედამიწასავით განსხვავდება ერთმანეთისგან. 12 მაისს 9-თვიანი ვადა გადის და ამ ეტაპისთვის მხოლოდ 3 მოწმე ჰყავთ დაკითხული. წინა პროცესზე მოსამართლე ბესიკ ბუგიანაშვილმა პროკურორს უთხრა, _ პატიმრობის ვადა გადის და დროულად მოიყვანეთ მოწმეებიო. წესით და რიგით, პროკურატურა რას გააკეთებს, ეს მოსამართლის ინტერესებში არ უნდა შედიოდეს, მაგრამ სამწუხარო რეალობა ასეთია. მიხეილ ჩუბინიძეს ბრალდებულებმაც დაუსვეს კითხვები. ჯმუხაძემ ჰკითხა, _ როგორც მოხვედით, დამაკავეთ, ხელბორკილი დამადეთ და როდისღა გაგიწიეთ წინააღმდეგობაო? იცით, რა უპასუხა ჩუბინიძემ? _ მანქანაში რომ გსვამდით, მაშინ გვიწევდი წინააღმდეგობასო. ანუ ჯერ დააპატიმრეს და მერე უწევდა, თურმე, წინააღმდეგობას. მოკლედ, 9 თვეში პატიმარს ბრალი თუ ვერ დაუმტკიცდა, სასამართლომ ის უნდა გაუშვას, მაგრამ მოსამართლემ ჩემი კრიტიკული კითხვების გამო პროცესიდან არაობიექტურად გამომაძევა და აბა, რისი იმედი უნდა მქონდეს?!
_ ისეთი რა ჰკითხეთ მოწმეს, რომ გაძევება დაიმსახურეთ?
_ მას მხოლოდ 3-4 წუთი ვკითხავდი. მაინტერესებდა, შემთხვევის ადგილზე კრიმინალური პოლიცია რამდენ ხანში მივიდა? ეს არის მნიშვნელოვანი ბევრი რამის დასადგენად. ჩუბინიძემ ჩემს შეკითხვაზე, მანქანით მივიდნენ თუ ფეხით, ვერ გაიხსენა, _ მგონი, ფეხით ვიყავითო! სხვა დეტალებსაც ვერ აკონკრეტებდა, აქაც მეხსიერების პრობლემას ასახელებდა. კრიტიკულ დაკითხვას რატომ აქვს დიდი მნიშვნელობა, ამას მოსამართლე უნდა ხვდებოდეს, მაგრამ ამჯერად საზოგადოებას ავუხსნი: როგორც ცნობილია, დაცვის პოლიციამ გამოიძახა კრიმინალური სამსახური, ადგილზე იყო დაცვის ორი პოლიციელი და ორი ბრალდებული. თუ ნახევარ საათში მივიდა დამხმარე ძალა, ე. ი. დაცვის ეს ორი პოლიციელი ორ ადამიანს ამდენ ხანს წინააღმდეგობას უწევდა? დაცვის პოლიციამ როგორ გაუძლო ამას, ან სანამ კრიმინალური მოვიდოდა, ბრალდებულები რატომ არ გაიქცნენ? ასეთი დაკითხვით რეალური სურათი უკეთ დაიხატებოდა, მაგრამ ამის გარკვევა რომ დავიწყე, მოსამართლემ მითხრა, _ დაკითხვა 5 წუთში უნდა დაასრულოო! კითხვას პასუხიც ხომ მოჰყვება? ე. ი. ერთ კითხვაზე მეტის დასმის უფლება ამიკრძალა, რადგან მას სიმართლის გარკვევის სურვილი არ ჰქონდა.
გასული საუკუნის ბოლოს, თიანეთის რაიონში, ბერიანიძეების ოჯახი სტუმრებიანად ამოწყვიტეს. მაშინ უზენაეს სასამართლოში ისეთი ძლიერი მოსამართლეები იყვნენ, ინგლისის ტრადიციულ სასამართლოსაც რომ დაამშვენებდნენ. სააკაშვილი მერე სწორედ მათ დასდევდა დასაჭერად. სამი ადამიანი დააკავეს ამ საქმეზე და ერთ-ერთს, _ ზურაბ ქუშხეველს, მე ვიცავდი. ის 7 კაცის მკვლელობაში იყო ბრალდებული. მოსამართლე გახლდათ გიორგი ქოიავა. სამი დღე ვკითხავდი მოწმეს, რომელზედაც აგებული იყო ეს საქმე და ვის გამოც დაპატიმრებული იყვნენ ეს ადამიანები. ყოველ საათში ვიღებდით ახალ ჩვენებას და სწორედ ამ ჯვარედინი დაკითხვებით შევძელით სიმართლის გარკვევა. სასამართლომ 7 კაცის მკვლელობაში ბრალდებული პოროვნება გამამართლებელი განაჩენით გაათავისუფლა დარბაზიდან. მოსამართლეს მაშინ ჩემთვის 5 წუთი კი არა, 3 საათიც რომ განესაზღვრა დაკითხვისთვის, უდანაშაულო ადამიანს ხომ სამუდამო პატიმრობას მიუსჯიდნენ და დღესაც ციხეში იქნებოდა გამოკეტილი?! ასე რომ არ მემოქმედა, აუცილებლად დადგებოდა მცდარი განაჩენი. ახლა კი სწორედ მცდარი განაჩენების მისაღებად არის შემოღებული `გონივრული ვადის~ განსაზღვრა მოსამართლის მიერ ადვოკატისთვის. უფრო სამწუხარო ის გახლავთ, რომ ეს წესი ახალმა ხელისუფლებამაც არ შეცვალა და, როგორც ჩანს, ახლაც აწყობთ, საქმეებზე სიმართლე არ გაირკვეს, უდანაშაულო ადამიანები დააპატიმრონ და უსამართლობა კვლავ ზეიმობდეს.
სასამართლოს პირველ ინსტანციაში ბევრი კარგი მოსამართლეა, მაგრამ ბევრიც ამ კანონებს თავისებურად იყენებს და ზღუდავს ადვოკატს, სიმართლე გაარკვიოს, ამიტომ, პირველ რიგში, ეს „გონივრული ვადა“ უნდა ამოიღონ კანონიდან.
_ კიდევ რომელი კანონი, ან საკანონმდებლო ნორმა გიშლით ადვოკატებს ხელს, საქმეებზე სამართლიანი გადაწყვეტილებები რომ დადგეს?
_ პარლამენტში ამჟამად უამრავი ყოფილი ადვოკატი ზის. წინათ ეს ხალხი ასეთ კანონებს თავად აპროტესტებდა და მოითხოვდა მის ცვლილებას. როცა მათ ხელში გადავიდა ეს ბერკეტები, არაფერი შეცვალეს და კანონებიც ძველებურად დატოვეს. აქედან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ ყოფილი ადვოკატები, რომლებიც დღეს პარლამენტში სხედან, სინამდვილეში, მოწოდებით ადვოკატები და ადამიანის უფლებადამცველები არ ყოფილან. პროცესზე, დარბაზში მყოფმა ადამიანებმაც უნდა იგრძნონ სამართლიანობა. სასამართლო პროცესი ისე უნდა მიმდინარეობდეს, რომ ყველას გაუჩნდეს შეგრძნება, თავადაც რომ მოხვდნენ ამ დარბაზში, ტყუილად არ დაჩაგრავენ. ბუგიანაშვილის მიერ ჩატარებულ პროცესზე კი ამის განცდა არავის გაუჩნდებოდა.
პატიმარი ჯმუხაძე პროცესზე ცოტა აგრესიულად ლაპარაკობდა. მას აქვს ტუბერკულოზი, `ცე~ ჰეპატიტი. იგი ადრეც იხდიდა სასჯელს და ეს ადამიანი იქ, ფაქტობრივად, მოსპეს. მოსამართლე მასაც დარბაზიდან გაძევებით დაემუქრა. ახლა ვკითხულობ: მოსამართლეს პატიმრის მიმართ ტირანული დამოკიდებულება რატომ უნდა ჰქონდეს? ამას არ სჯობია აუხსნას, რომ ეს არის კანონდარღვევა და მიუთითოს, სხვანაირად მოიქეციო? დარბაზში უნდა იყოს წესრიგი, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს მოსამართლეების დესპოტიზმის ფონზე.
ახლა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არის ნინო გვენეტაძე. მას დიდ პატივს ვცემთ ადვოკატები და მართლაც კარგი კანდიდატურაა, მაგრამ მისი დანიშვნით შევარდნაძისდროინდელ კადრებს რომ დავუბრუნდით, ამით საინტერესო რამ დამტკიცდა. სააკაშვილი 2004 წელს მოვიდა ხელისუფლებაში, 2015 წელს კი უზენაეს სასამართლოში ისევ ძველი კადრი ინიშნება. ამდენად, 11 წლის განმავლობაში საქართველოში იურისტის კადრი არ გაზრდილა, ვერ ჩამოყალიბდა და ისევ ძველ კადრებს მივტირით. სააკაშვილის გუნდმა ქვეყანაში იურისპრუდენცია მოსპო, გაანადგურა და დააჩლუნგა. პროკურატურაში ისეთი ძლიერი კადრები იყვნენ, მათ დონეზე ახლა მთავარი პროკურორიც კი არ არის. მერე ამ ხალხის სფეროდან მოცილების პროცესი დაიწყო და პროკურატურაც ნელ-ნელა დაკნინდა. იგივე მოხდა პოლიციასა და სასამართლოშიც. საშინელი მდგომარეობაა გამოძიებაში, ეს კუთხე მიწასთან არის გასწორებული.
_ რის საფუძველზე ამბობთ?
_ საქართველოში, რეალურად, გამოძიება არ არსებობს. სახელმწიფო აპარატი _ პოლიციით, პროკურატურით, ექსპერტიზით, შეიარაღებით, ძაღლებით ებრძვის საცოდავ პატიმარს, რომელსაც იმის საშუალებაც არ აქვს, რომ 500 ლარი გადაუხადოს ადვოკატს. ამ პარლამენტმაც უნამუსოდ, კიდევ 2 წლით გააგრძელა მოწმის სასამართლოში დაკითხვის წესი. „ოცნების“ იმედი მქონდა, მხარიც დავუჭირე, რადგან მინდოდა, ქვეყანაში სამართლიანობა ყოფილიყო და ისინიც გვპირდებოდნენ, მაგრამ ეს რა სამართლიანობაა? ბევრი რამ არის გასაუქმებელი, თუმცა პარლამენტი ხმას არ იღებს. მეტიც, ადვოკატის ინსტიტუტის დაკნინებას ცდილობს. საპროცესო გარიგებაც აუცილებლად უნდა გაუქმდეს, რადგან პირველ რიგში ეს აჩენს უსამართლობის განცდას. ეს არის ოფიციალური ქრთამი, რადგან დაკითხვისა და ყოველგვარი სიმართლის გარკვევის მცდელობის გარეშე მიდის პროცედურა. საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი ადვოკატის პროფესიასაც აკნინებს, რადგან დაკითხვა თუ ვერ აწარმოე, ამაში თუ ვერ გაიწაფე, პროფესიონალიზმიც გაქრება. საპროცესო გარიგება სამართალი არ არის. ორი ადამიანიდან, რომელთაც ჩაიდინეს დანაშაული, ერთი ფულს გადაიხდის, მეორე _ ვერა და უფულოს ციხეს რომ გაალესინებენ, ეს სამართალია?! თუ გვინდა, რომ ქვეყანაში სამართლიანობა იყოს, ეს ფულის მახე უნდა გაუქმდეს! ასევე უნდა მოგვარდეს და მოსამართლეს არ უნდა ეწერებოდეს ბევრი საქმე, პროცესზე ერთი სული რომ არ ჰქონდეს, ჩქარა გაიქცეს. ის ადამიანის ბედს, მომავალს წყვეტს და უნდა ადარდებდეს, პასუხისმგებლობას განიცდიდეს იმ განაჩენზე, რაც გამოაქვს. მოწმე კი პირდაპირ სასამართლოზე უნდა დაიკითხოს. მიუხედავად იმისა, რომ პოლიციას გამჭვირვალე შენობები აქვს, მაინც ხერხდება მოწმის დამუშავება და შეშინება, რათა მას ათქმევინონ ის, რაც პოლიციას უნდა.
2013 წლის 1-ლ აპრილს რუსთავში ილგარ მამედოვს ჩაუდეს ნარკოტიკი. 17 პოლიციელი მოიყვანეს მოწმედ, მაგრამ 45 დღეში დავამტკიცეთ, რომ ნარკოტიკი ჩადებული იყო. პროკურორი ნუგზარ მახათაძე ჭკვიანი აღმოჩნდა და საქმე შეწყვიტა. ამ ადამიანს წელს, 27 აგვისტოს, კიდევ ჩაუდეს ნარკოტიკი. ამჯერად იეშმაკეს და ჯიბეში ფხვნილი ჩაუყარეს კიდეც. ექსპერტი რომ დავკითხეთ, მან თქვა, მოყავისფრო დანაშრები იყო და ეს პოლიციელებსაც უნდა დაენახათო. მისი დაკავების დროს ბევრი პოლიციელი იმყოფებოდა, მათ შორის, განყოფილების უფროსებიც. როგორც მამედოვი ამბობს, დაკავების პროცესში პოლიციას ნარკოტიკი თან არ ჰქონდა და უცებ ვერც იშოვეს, ამიტომ მოგვიანებით ჩაუდეს. მამედოვის საქმეზე არსებობს მოწმე, რომელიც მე დავკითხე, პროკურორიც და გამომძიებელიც გავაფრთხილე, მოწმეზე არ მოეხდინათ ზეწოლა, მასაც ვურჩიე, რამდენიმე დღე გარიდებოდა სახლს. მიუხედავად ამისა, მაინც მივიდა მასთან პოლიცია და რადგან სახლში არ დახვდა, ამბავი დაუტოვეს, რომ მამედოვის გზას გაუყენებდნენ _ ჩაუდებდნენ ნარკოტიკს და ა. შ.
სახელმწიფო უდიდეს რესურსს ხარჯავს სამართალდამცველების ხელფასებსა და სხვა სიკეთეებზე. ისინი არც დანაშაულის პროვოცირებას უნდა ახდენდნენ და არც ხელოვნურად ქმნიდნენ მას.
ნელი ვარდიაშვილი