QronikaPlus
რკინიგზელების სოციალური გარანტიები გაუარესდა _ 13 000 ადამიანი კორპორაციული დაზღვევის გარეშე!

რკინიგზელების სოციალური გარანტიები გაუარესდა _ 13 000 ადამიანი კორპორაციული დაზღვევის გარეშე!

2015-04-26 08:53:02

რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის ინფორმაციით, 13 000 რკინიგზელი კორპორაციული დაზღვევის გარეშეა დარჩენილი _ 1-ლ აპრილს „საქართველოს რკინიგზასა“ და სადაზღვევო კომპანია „ირაოს“ შორის გაფორმებული სადაზღვევო მომსახურების ხელშეკრულების მოქმედების ვადა ამოიწურა, ხოლო კომპანიის მიერ აღნიშნული სერვისის მისაღებად გამართული ტენდერი ჩაშლილად გამოცხადდა. „ქრონიკა+“ შექმნილ მდგომარეობასა და გამოსავლის გზებზე რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის თავმჯდომარეს, ვიტალი გიორგაძეს ესაუბრება: _ 2015 წლის 1-ლ აპრილის 24:00 საათზე ამოიწურა სს „საქართველოს რკინიგზასა“ და შპს დაზღვევის საერთაშორისო კომპანია „ირაოს“ შორის 2014 წლის 1-ლ აპრილს გაფორმებული Nშს/14-088 სადაზღვევო მომსახურების ხელშეკრულების მოქმედების ვადა, ხოლო კომპანიის მიერ აღნიშნული სერვისის მისაღებად გამართული ტენდერი ჩაშლილად გამოცხადდა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სს „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები 2015 წლის 2 აპრილის 00:00 საათიდან ჩაერთნენ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის დადგენილება #36-ით განსაზღვრულ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში. 2013 წელს „საქართველოს რკინიგზელთა ახალ პროფესიულ კავშირსა“ და სს `საქართველოს რკინიგზას~ შორის გაფორმებული კოლექტიური ხელშეკრულების 3.1.4. მუხლის თანახმად, კომპანია იღებს ვალდებულებას, ყოველწლიურად უზრუნველყოს დასაქმებულთა ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურების შესყიდვა და სადაზღვევო კომპანიის შემოთავაზებული პირობები განიხილოს პროფესიული კავშირის მონაწილეობით. სამწუხაროდ, საქართველოს რკინიგზის მენეჯმენტი აგრძელებს სოციალური პარტნიორობის პრინციპებისა და პროფკავშირთან გაფორმებული ხელშეკრულებების უგულებელყოფას. რკინიგზელთა ახალ პროფკავშირს, როგორც სს „საქართველოს რკინიგზის“ სოციალურ პარტნიორს, მიუხედავად არაერთგზის მოთხოვნისა, ამ დრომდე არ გააჩნია დეტალური ინფორმაცია, თუ რა ვითარებაში მიმდინარეობდა სადაზღვევო მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებული პროცესები და რა გახდა მიზეზი იმისა, რომ რკინიგზელებსა და მათი ოჯახის წევრებს შეუწყდათ უმნიშვნელოვანესი სოციალური გარანტიები. ამას გარდა, სახელმწიფო საყოველთაო დაზღვევა, რომლის სარგებლობის ქვეშაც მოექცნენ რკინიგზელები, არ გულისხმობს ისეთ მნიშვნელოვან შეღავათებს, როგორიცაა, მაგალითად, მედიკამენტებზე ფასდაკლება და სხვა სიკეთეები, რაც ნიშნავს იმას, რომ რკინიგზელების სოციალური გარანტიები მკვეთრად გაუარესდა. იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული პროცესები გახლავთ ბუნდოვანი და გაუმჭვირვალე, ახალი პროფკავშირები, როგორც კომპანიის სოციალური პარტნიორი, ამ მოვლენას აფასებს როგორც მენეჯმენტის დაბალი პროფესიონალიზმის აშკარა გამოვლინებას, ან მიზანმიმართული მავნებლური საბოტაჟის შემცველ ქმედებას, რადგან 13000 რკინიგზელი და მათი ოჯახის წევრები სახელწიფოს (კერძოდ კი შრომისა და ჯანმრთელობის სამინისტროს) დააწვა დამატებით მძიმე ტვირთად. თითოეული რკინიგზელი უარყოფითად აფასებს ამ მოვლენას, რასაც, ბუნებრივია, ეთანხმება ახალი პროფკავშირები და მოუწოდებს რკინიგზის ადმინისტრაციას, დაუყოვნებლივ გამოაცხადოს ტენდერი სადაზღვევო მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით და პროცესები წარიმართოს გამჭვირვალედ, რათა თავიდან იქნას აცილებული დასაქმებულების მორიგი სოციალური პროტესტი. ვიმედოვნებთ, რკინიგზის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობით მოეკიდება აღნიშნულ ვითარებას და რკინიგზელებს უმოკლეს ვადაში კვლავ ექნებათ ნორმალური კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევა. _ მანამდე რა შედეგებს გამოიწვევს რკინიგზელების კორპორაციული დაზღვევის გარეშე დატოვება? _ ძნელი მისახვედრი არ არის, რომ გადაწყვეტილებას მძიმე შედეგები ექნება. რკინიგზელები სოციალურად ისედაც არასახარბიელო მდგომარეობაში არიან _ ეს არის წამლების პრობლემა, ინფლაცია-ხელფასის შემცირება, გაძვირებული სამომხმარებლო კალათა და ა. შ. ამას პლუს, ნორმალური დაზღვევის გარეშე დატოვებით, ადამიანები მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. აქამდე მედიკამენტებზე ფასდაკლება ჰქონდათ, სადაზვევო კომპანია უფინანსებდა მკურნალობას: ოპერაციებს, ამბულატორიულ მომსახურებას, რაც, რეალურად, ოჯახებისთვის და უშულოდ მათთვის დიდი შეღავათია. სამწუხაროდ, ყველაფერ ამ სიკეთით რკინიგზელები უკვე ვეღარ სარგებლობენ. _ რა არის გადაწყვეტილების რეალური მიზეზი? _ ჩვენი ინფორმაციით, ტენდერი ჩაიშალა, რადგან დოლარის გაძვირებამ, ლარის ინფლაციამ იმოქმედა; შესაბამისად, რა ფასშიც რკინიგზას შეძენილი ჰქონდა მომსახურება, ამ საფასურად არც ერთმა სადაზღვევო კომპანიამ თანამშრომლობის გაგრძელება აღარ ისურვაო. ახლა, ჩვენ მოვუწოდეთ, რომ გამარტივებული შესყიდვით მოახერხონ და ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რათა ამ ადამიანებს კვლავ ჰქონდეთ ნორმალური ჯანმრთელობის დაზღვევა. ასევე საყურადღებოა, რომ ის მინიმალური პაკეტი, რომლითაც რკინიგზელები ავტომატურად აღმოჩნდნენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, მხოლოდ სისხლისა და შარდის ანალიზს აფინანსებს. სხვა იქ არაფერია და, პრაქტიკულად, ეს ადამიანები ჯანმრთელობის დაზღვევის გარეშე დარჩნენ. საბაზისო პაკეტი მაინც რომ მიეცათ რკინიგზელებისთვის, კიდევ შეიძლებოდა, შედარებით ნაკლები ზიანი მიეყენებიანათ, იმის მიუხედავად, რომ ეს საბაზისო პაკეტიც მედიკამენტებზე ფასდაკლებას არ ითვალისწინებს. _ ამაზე რკინიგზის ხელმძღვანელობა რას ამბობს? _ ჩვენ უკვე გვქონდა შეხვედრები დარგის ხელმძღვანელობასთან და თავადაც წუხან, რომ ასე მოხდა, _ დრო მოგვეცით და ერთ თვეში ახალი სადაზღვევო პაკეტი ექნებათო. პირობა პირობაა, მაგრამ ჩვენ, სამწუხაროდ, მიჩვეული ვართ, რომ რკინიგზა არათუ პირობას, არამედ ხელმოწერილი დოკუმენტების მოთხოვნებსაც არ ასრულებს, რის გამოც უკვე სამი გაფიცვა გაიმართა ამ ორგანიზაციებში. ჯერჯერობით, იმედით ვართ და შედეგი თუ არ იქნება, მერე უკვე მკაცრ პოლიტიკას მივმართავთ და სათანადოდ გავაპროტესტებთ ამ ყველაფერს. _ ხომ არ დაგიგემავთ უკვე კონკრეტული ნაბიჯები? _ მივმართეთ ჯანდაცვის სამინისტროს, მიმდინარეობს მოლაპარაკება რკინიგზის დეპარტამენტის დონეზე და ვნახოთ, ეს რა შედეგებს გამოიღებს. ყოველ შემთხვევაში, ამ დროისთვის ოფიციალური საგაფიცვო პროცესები არ წამოგვიწყია, მაგრამ რეალურ შედეგზე თუ არ გავედით, ორგანიზაცია ახალ ეტაპზე გააგრძელებს ბრძოლას. ამას გარდა, დისკრიმინაციულად იქცევა რკინიგზის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა. იქვე თავიანთი ხელდასხმული პროფკავშირით გაუსაძლის მდგომარეობას ქმნიან. ადამიანებს უკვე ღიად ემუქრებიან სამსახურიდან გაგდებით, თუ ჩვენს პროფკავშირში არ გაწევრიანდებითო. ეს იმ დროს, როცა დამსაქმებელს საერთოდ არ უნდა პროფკავშირის არსებობაც კი. მეორე უკიდურესობაა, რომ თავისი პროფკავშირი შექმნეს და დასაქმებულს არჩევანის უფლებასაც არ უტოვებენ, თუ რომელ ორგანიზაციაში სურს გაწევრიანება. ამ პროფკავშირული ნიშნით უკვე 7 ადამიანი გაუშვეს სამსახურიდან, ამაზე სარჩელები შეტანილია სასამართლოსა და პროკურატურაში. სამწუხაროდ, ეს პროცესი იწელება. რა პოლიტიკასაც ახლა რკინიგზის ხელმძღვანელობა აწარმოებს, ყველა ნორმალური ადამიანი დამეთანხმება, რომ ამან გახლიჩა რკინიგზელები, საზოგადოება ერთმანეთს დააპირისპირა... წარმოიდგინეთ, მათივე პროფკავშირის ლიდერები სამი-ოთხი თვეა, წევრებს უკვე პრემიებს ურიცხავენ, რაც სახელმწიფო ფულის გამოყენებაა. ეს ხომ აბსურდია და პირდაპირ ქრთამს აძლევენ იმ ადამიანებს, ვისაც ლიდერებმა მათ პროფკავშირებში გაწევრიანება შესთავაზეს. ეს ცარიელი სიტყვები არ არის, ამოღებულია დოკუმენტაცია, სადაც ამ ხელდასხმული პროფკავშირის ხელმძღვანელებს ცალკე პრემიებს ურიცხავენ, რაც სახელმწიფო ფულია, რკინიგზა ხომ სახელმწიფო კომპანიაა და საპარტნიორო ფონდის მფლობელობაშია. ეს თანხები არამიზნობრივად არ უნდა იხარჯებოდეს. ასეთი პოლიტიკა ზოგადად ქვეყნისთვის და მიმდინარე დემოკრატიული პროცესებისთვის დამაზარალებელია. ჩვენმა ორგანიზაციებმა ბევრი გააკეთეს ამის წინააღმდეგ და გვსურს,  ბოლომდე ვიბრძოლოთ სამართლიანობისთვის. _ მაინც, ეს რა პოლიტიკაა და საიდან იმართება? _ ადამიანებს საკუთარი აზრის გამოხატვის საშუალება არ ეძლევათ. შეიძლება უფროსმა რაღაც რჩევა მისცეს თანამშრომელს, მაგრამ ისინი პირდაპირ ემუქრებიან, _ თუ ამ ახალ პროფკავშირს არ დატოვებთ და ჩვენს ორგანიზაციაში არ გადმოხვალთ, სამსახურიდან მოგხსნითო. მერე ადამიანს ათასი მიზეზი შეიძლება მოუგონო და უსამსახუროდ და ულუკმაპუროდ დატოვო. უკვე 7 ადამიანი გაუშვეს ამ გზით, ვინც ჩვენი წევრი იყო და ორგანიზაციის ერთგული დარჩა. პირდაპირი ზეწოლა და ჩვეულებრივი შანტაჟი მიმდინარეობს, რომელიც სისრულეში მოჰყავთ. უნდათ, რომ დამოუკიდებელი პროფკავშირი არ არსებობდეს, ადამიანის გაჭირვებაზე არავინ ისაუბროს და ყველგან ჩქარი ტაშისკვრის ხმა ისმოდეს. _ თავად რკინიგზელები რას ამბობენ, თუნდაც კორპორაციული სამედიცინო დაზღვევის შეწყვეტასთან დაკავშირებით? _ ბუნებრივია, მკაცრად გვთხოვენ, რომ ამ პრობლემაზე რეაგირება მოვახდინოთ. ყველა მზად არის იმისთვის, მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, პროტესტს სერიოზული სახე მიეცეს. საწყის მომენტში სიტუაციას გაგებით მოეკიდნენ და რკინიგზის მენეჯმენტს დააბრალეს ყველაფერი. ვნახოთ, მათთვის დრო მიცემულია. რკინიგზელები მკაცრად ითხოვენ ისეთივე, ან იმაზე უკეთეს ჯანმრთელობის დაზღვევას, რაც აქამდე ჰქონდათ. მათ პროტესტს ყურადღება უნდა მიაქცოს არა მარტო რკინიგზის დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ, არამედ საპარტნიორო ფონდმა და იმ ადამიანებმა, რომელთა უშუალო მეთვალყურეობის ქვეშაც იმყოფება საქართველოს რკინიგზა. რკინიგზაში ბევრი კარგი მენეჯერია, მაგრამ გარკვეული ადამიანები ვიღაცების ნდობით ცუდად სარგებლობენ. უსაგნო საუბარი არ მსურს, მაგრამ ფაქტია, ამ სფეროში ძალიან დამახინჯებული მდგომარებაა, იქ ყველას თავისი ინტერესი აქვს, რაც აზიანებს ისეთ დიდ ორგანიზაციას, როგორიც რკინიგზაა. ეს საქართველოს ეკონომიკის ხერხემალია და აქ საქმე სუფთად უნდა კეთდებოდეს, ადამიანის უფლებები დაცული იყოს, შეიქმნას ნომალური სამუშაო გარემო, სადაც ადამიანური არსებობა იქნება შესაძლებელი. ჩვენ, პროფკავშირები, მხოლოდ ამას ვითხოვთ, მეტს არაფერს. P.S. „ქრონიკა+“ კომენტარისთვის „საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენლებს დაუკავშირდა და მიიღო პირობა, რომ უახლოეს მომავალში ისინი საკუთარ პოზიციას დააფიქსირებენ.  

                                                                                           გელა მამულაშვილი

 

გაზიარება