„ქრონიკა+“-ის 17 თებერვლის ნომერში დაიბეჭდა მასალა სათაურით: „ონკოლოგიის ეროვნულ ცენტრში სამედიცინო ხელმძღვანელად თამარ ბერუჩაშვილის ქმარს ნიშნავენ?!“ მასალაში ჩვენმა რესპონდენტმა კულუარული ინფორმაცია გაგვიმხილა. მისი თქმით, მართალია, ონკოლოგიის ცენტრში სამედიცინო ხელმძღვანელის თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდა, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტროს ამ ადგილზე თავისი კადრი უკვე შერჩეული ჰყავდა, რომელიც გახლდათ რემა ღვამიჩავა. „ქრონიკა+“-ის წყაროს განცხადებითვე, ღვამიჩავას ამ თანამდებობაზე დანიშვნა ძალიან ბევრ პრობლემას წარმოშობდა, რასაც შესაძლებელია, სამედიცინო დაწესებულება დახურვამდე მიეყვანა. ჩვენი რესპონდენტის მიერ მოწვდილი ინფორმაცია მალევე გამართლდა და ცენტრის სამედიცინო ხელმძღვანელი მართლაც გახდა მინისტრ ბერუჩაშვილის მეუღლე. ღვამიჩავას ამ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ იჩინა თუ არა თავი იმ პრობლემებმა, რომლებზედაც ჩვენი წყარო საუბრობდა, ქვემოთ შევეხებით, მანამდე კი წარმოგიდგენთ სკანდალურ დოკუმენტს, რომელიც „ქრონიკა+“-მა მოიპოვა.
როგორც ჩანს, „ქრონიკა+“-ში გამოქვეყნებული მასალის შემდეგ რემა ღვამიჩავამ განაწყენება ვერ დამალა და მისი პაციენტის ისტორიას ხელი ასე მოაწერა: თამარ ბერუჩაშვილის მეუღლე, რემა ღვამიჩავა (იხ. „კვირის პალიტრა“ 17.02.2015). ქალბატონ ბერუჩაშვილის მეუღლეობამ რომ თავისი როლი შეასრულა ბატონ ღვამიჩავას გადირექტორებაზე, ამას ბავშვიც კი მიხვდება, მაგრამ რატომ გადააბრალა ბატონმა დირექტორმა „ქრონიკა+“-ში დაბეჭდილი მასალა „კვირის პალიტრას“, ცოტა არ იყოს, გაუგებარია, თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ ამ მასალის გამოქვეყნების შემდეგ, რედაქციისა თუ მასალის ავტორის ტელეფონზე, ღვამიჩავას გულშემატკივარი ქალბატონების მხრიდან შეტევა ერთი კვირის მანძილზე ხორციელდებოდა. მაშინ კი არავის შეშლია გაზეთის რედაქციისა და ჟურნალისტის მისამართი. სატელეფონო შემოტევები ვახსენეთ და აქვე გეტყვით იმასაც, რომ ზარის ავტორი ქალბატონების უმრავლესობა საკუთარი ვინაობის დასახელებისგან თავს იკავებდა, თუმცა კატეგორიულად ითხოვდა იმ ადამიანის სახელსა და გვარს, ვინც ინფორმაცია მოგვაწოდა. უარის მიღების შემდეგ კი მტკიცებით ფორმაში თვითონვე არაკრაკებდნენ რამდენიმე ექიმის გვარს და მძიმე ბრალდებებსაც უყენებდნენ. თავის დროზე, ეს გვარები საგულდაგულოდ მოვინიშნეთ და ამ ადამიანების მოძებნა სოციალური ქსელების მეშვეობით ვცადეთ. მიუხედევად იმისა, რომ ღვამიჩავას ეს ხალხი უკვე „ჩამოულაბორანტებია“, მათ ჩვენთან საუბარზე უარი განაცხადეს. ჩანს, ონკოლოგიის ცენტრში „ძლიერთა ამა ქვეყნისათა“ მიმართ შიშმა უკვე დაისადგურა.
„ქრონიკა+“-მა საკუთარი წყაროს მეშვეობით მაინც მოახერხა ინფორმაციის მოპოვება იმის შესახებ, თუ რა ხდება ახლა უნივერსალურ სამედიცინო ცენტრში? გთავაზობთ მასთან საუბარს:
_ თქვენ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი გახლავთ ავადმყოფის ისტორია, რომელიც იურიდიული დოკუმენტია. საავადმყოფოში პაციენტის შემოსვლის მომენტიდან გაწერამდე აქ აღირიცხება ყველაფერი, ექიმი თითოეულ სიტყვაზე აგებს პასუხს და თუ ნორმალურად არ იქნება შევსებული, შეიძლება მას ლიცენზიაც კი შეუჩერონ. ამ ქაღალდებიდან ირკვევა, რომ პაციენტს, რომლის სახელზედაც არის შევსებული ეს ისტორია, ოპერაცია გაუკეთა რემა ღვამიჩავამ. ასეთი ხელმოწერა კი არა, წერტილ-მძიმის გამო შეშლისთვის თუ გადაკეთებისთვის ექიმი პასუხს აგებს და, რა თქმა უნდა, ეს არის დარღვევა! აქ რა წერია, იმ კომისიაში უნდა ნახონ, რომელიც ექიმებს წერტილ-მძიმეს უთვლის! რაც ყველაზე მთავარია, ოპერაციის ოქმის ქსეროასლი უნდა გაიგზავნოს საყოველთაო ჯანდაცვაში. საინტერესოა, ამ ხელმოწერით არის გაგზავნილი ეს ოქმი, თუ მერე ეს ფურცელი ისტორიაში ამოხეულია და გაყალბებულია?!
_ ჩვენ ასევე მოვიპოვეთ 16 მარტს გამოცემული ბრძანება სს „უნივერსალურ სამედიცინო ცენტრში“ დამატებითი შრომის ანაზღაურების (ჰონორარები) ოდენობის შესახებ, სადაც მომსახურებისთვის სპეციალური ტარიფებია დაწესებული. ეს რას ნიშნავს: მაგალითად, პაციენტი, რომელიც საყოველთაო დაზღვევით სარგებლობს, შესაძლებელია აღმოჩნდეს ფაქტის წინაშე, რომ მას დამატებით კიდევ აქვს სოლიდური თანხა გადასახდელი?
_ ეს კლინიკა ემსახურება საყოველთაო დაზღვევის პროგრამას. პაციენტების 99%, ვინც იქ მიდის, დაფინანსებულია ასეთი პრინციპით: 70%-ს უხდის სახელმწიფო, დანარჩენი 30% უნდა გადაიხადოს თავად პაციენტმა. არიან უმწეოებიც, რომელთაც სახელმწიფო ასივე პროცენტს უფინანსებს. თქვენ სწორად აღნიშნეთ, წარმოიდგინეთ, პაციენტი მოდის, სახელმწიფომ დაუფინანსა, გადაიხადა თავისი წილი თანხა და უცბად კლინიკაში ეუბნებიან: თუ ამ ქირურგთან გნებავთ ოპერაციის გაკეთება, დამატებით გადასახდელია 300-400-500 ლარი. პაციენტმა რომ მოითხოვოს, მომეცით განფასება, ჰონორარის პრინციპი, იქნებ გამგეობამ ან სხვა ორგანიზაციამ დამიფინანსოსო, ამას არ ატანენ, ჯიბიდან უნდა გადაიხადო. რეგულირებიდან იყო მოსული ადამიანი და რომ გაიგო, გაოცებული დარჩა, თქვა, _ ამაზე ვინმემ რომ იჩივლოს, ხუთმაგ ჯარიმას გადავახდევინებთ, ამის უფლება არ აქვთო. ადრე კომერციულ კლინიკებში იყო ასე: მაგალითად, პროფესორი გეუბნება, თუ ჩემთან გინდა გაიკეთო ოპერაცია, საყოველთაო დაზღვევა არ მაინტერესებს, ჩემი ჰონორარი უნდა გადაიხადო, ესა და ეს თანხა. მას ჰყავს თავისი გუნდი და თუ თვითონ უარს იტყვის ოპერაციის გაკეთებაზე, ისინი გააკეთებენ. ონკოლოგიის ცენტრში თითქმის თითო-თითო სპეციალისტია დარჩენილი, ექიმმა რომ თქვას უარი, იმ ოპერაციას აკეთებს მხოლოდ ის, სხვა ვერ გაუწევს შესაბამის სერვისს და, ფაქტობრივად, ეს ბრძანება იმას ნიშნავს, რომ პაციენტს უნდა მოსთხოვო დამატებითი ჰონორარი. თუ ის უარს იტყვის, უნდა გაუკეთო ამის გარეშე. აბსურდია, თან ეს არის სახელმწიფო კლინიკა. ეჭვი არ მეპარება, რომ მინისტრმა ეს არ იცის! ამათ ეს შიდა სამზარეულოს დონეზე აქვთ მოგვარებული. ისიც აღსანიშნავია, რომ ამ ბრძანებას სამინისტროში ასე ადვილად ვერ გაიტანდნენ, მაგრამ ფაქტია, გაიტანეს! ჩემი აზრით, მინისტრმა საერთოდ არ იცის, რა ხდება ონკოლოგიურ საავადმყოფოში! სამინისტროში 1-2 ადამიანია, რომელსაც მიბარებული აქვს ონკოლოგიის თემა და „გულაობენ“.
განფასებაც ძალიან უცნაურია. ჰონორარი არის, მაგალითად, 600 ლარი, რომელიც პაციენტმა უნდა გადაიხადოს, ექიმს ხვდება 400. რა პროცენტით დათვალეს, ეს 200 ვის რჩება, ან რატომ რჩება, გაუგებარია! სად ქრება, კაციშვილმა არ იცის! შეიძლება ჰონორარის სისტემა რომელიმე ექიმს აწყობდეს კიდეც, როცა მკვეთრად გიმცირებენ ხელფასს, მაგრამ ამ ჰონორარის იდეა აბსოლუტურად გაუგებარი და არასწორია, როდესაც შენ ხარ სახელმწიფო კლინიკა და 99,9% გყავს პაციენტი საყოველთაო დაზღვევით და როდესაც შემოდის ღარიბი ფენა! საყოველთაო ჯანდაცვის პაციენტებს ვერ მოატანინებ ვერაფერს, კლინიკამ უნდა უზრუნველყოს იმ ოპერაციის ფასში ყველაფერი. საყოველთაო დაზღვევის პაციენტზე რომ თქვა, გართულდა პაციენტი, ესა და ეს ანტიბიოტიკი მჭირდება და თქვენ უნდა მომიტანოთო, დიდი დარღვევაა, უფლება არ გაქვს და როგორ შეიძლება, ეს სისტემა მისაღები იყოს?! ქირურგი ირჩევს, ჰონორარის შესახებ წინასწარ გააფრთხილოს თუ არა პაციენტი, ეს ექიმზეა დამოკიდებული. რამდენიმე შემთხევვა იყო, პაციენტმა არ იცოდა ჰონორარის პრინციპი და შეჯახებები მოხდა. თუ პაციენტი იჩივლებს, კლინიკას, რასაკვირველია, დააჯარიმებენ! ეს რა ფულია, იცით? ადრე პაციენტი კონვერტში რომ ჩადებდა ხოლმე ფულს და ექიმს აძლევდა, ან, კიდევ, ჯიბეს რომ გამოუწევდნენ და უდებდნენ, ზუსტად ის არის, მერე ყოფდნენ ამ ფულს, „ობშიაკი“ იყო. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ახლა უკვე ადმინისტრაცია სთავაზობს თამაშის ამ წესს. თუ მას სხვა არჩევანს არ დაუტოვებ და 600-700 ლარზე დატოვებ ექიმს, რომელსაც 3000-4000 ლარი ჰქონდა, ბუნებრივია, დასთანხმდება ამ წესს. ეს არის „გაპრავებული ლევი“ ფული.
_ სანამ კლინიკაში სამედიცინო დირექტორის ადგილზე არჩევნები ჩატარდებოდა, გვითხარით, რომ ამ ადგილზე ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შერჩეული ჰყავდა კადრი და თქვენ მიერ მოწვდილი ინფორმაცია მალევე გამართლდა. თქვენ ისაუბრეთ იმ უარყოფით შედეგებზეც, რომელიც შესაძლებელი იყო, რემა ღვამიჩავას დანიშვნას გამოეწვია. რა ხდება ახლა, გამართლდა პროგნოზი?
_ გამართლდა, რაზედაც ადრე ვისაუბრეთ! ნეპოტიზმზე ვისაუბრეთ და კლინიკა ბიძაშვილ-მამიდაშვილებით არის სავსე! მეორე ის იყო, რომ თანამდებობაზე მოსვლისთანავე დაიწყებდა პირად ანგარიშსწორებას და დაიწყო უკვე! ის ადამიანები, რომლებსაც განსხვავებული აზრი ჰქონდათ და მის მხარეს არ იყვნენ, აბსოლუტურად ყველა დააქვეითეს, ხელფასები მნიშვნელოვნად შეუმცირეს და ა. შ. ისიც კი იკადრეს, რომ თანამდებობა გააუქმეს. თანამდებობიდან რომ აყენებენ ხალხს, წინასწარ არც უცხადებენ. ექიმები ადმინისტრატორთან მიდიან და ეკითხებიან, გავიგე, რომ ამ თანამდებობაზე აღარ ვარ და მართალიაო? ექიმები სერიოზული ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ არიან, ეუბნებიან, ეს ყველაფერი სამინისტროსთან შეთანხმებულია, არაფერი გამოგივათ, მინისტრის ბრძანებააო. როდესაც კითხულობენ, რატომ არ მცირდება ადმინისტრაციის თანამშრომელთა ხელფასები, ექიმებს თუ უმცირებთო, პასუხობენ, _ თქვენი საქმე არ არისო! ვსაუბრობდით ასევე დაპირისპირებაზე. რეზო გაგუასა და რემა ღვამიჩავას მომხრეებს შორის დაპირისპირება ისევ დაიწყო. იმის პარალელურად, რომ ღვამიჩავა სამედიცინო ხელმძღვანელად დაინიშნა, რეზო გაგუამ სამედიცინო საბჭოს ხელმძღვანელის ადგილი დაიკავა, ამით თითქოს რაღაც დაბალანსდა, მაგრამ ამათ არ ასვენებთ გამჩენი, ექიმების კონფერენციაზე ერთი ამბავი ატეხეს, რეზო გაგუა გადააყენონ ამ თანამდებობიდანო, ვინაიდან არაკაცია და მან დაანგრია ონკოლოგიურიო. დაიწყეს ანგარიშსწორება უკვე ტექსტებით, მიმართვებით. რომ მიუშვა, კოცონზე დაწვავენ! ამის წამოწევა კიდევ რა საჭიროა?! ყოველი დილა ამ კონფერენციაზე ძალიან დაძაბულია. ცენტრის დირექტორი აშკარად უნდა დარჩენილიყო თბილისის „დინამოში“! კლინიკის მუშაობის გონზე არ არის და, საერთოდ, კაბინეტიდან არ გამოდის! 3 თვეზე მეტია, ეს კაცი დანიშნულია და 3-ჯერ არ არის კლინიკაში ნამყოფი, სახეზე არ იცნობს თანამშრომლებს. რომ ეკითხები, ეს გადაწყვეტილები როგორ მიიღეო, გპასუხობს, რემასთან შეთანხმებითო. ცა ქუდად არ მიაჩნიათ და დედამიწა ქალამნად! უფროსი ექთანი მოიყვანეს, ააწიოკა იქაურობა, საშინლად კონფლიქტური ადამიანია. მოსვლის პირველი დღიდან გაგიჟებული ექთნები მირბოდნენ ღვამიჩავასთან, გვიშველეთ, ეს ვინ მოგვიყვანეთო. პასუხობდა, _ რა ვქნათ, საჩხერის კადრიაო და მინისტრისკენ იშვერენ ხელებს! ატყდა ერთი ამბავი, _ რას ერჩოდით იმას, ვინც ამ ადგილზე მუშაობდა, ძალიან კარგი კადრიაო. ადგნენ და ეს ადგილი გაყვეს ორად, _ ისიც არის და ესეც. დირექტორს რომ ეკითხები, რის საფუძველზე ათავისუფლებო, პასუხი არ აქვს, რაღაცას მოვიფიქრებთო. დალოცვილებო, ჯერ მოგეფიქრებინათ და მერე გაგეკეთებინათ! თავიდან ამბობდნენ, რომ სამედიცინო ხელმძღვანელი მონაწილეობას არ მიიღებდა არც საკადრო და არც ფინანსურ პოლიტიკაში, მას მხოლოდ სამედიცინო ხაზი ებარებოდა. ახლა ორივეში ერევა! გაოცებული ვარ, იმდენად მალე დაიწყო ეს ყველაფერი, ჯერ კიდევ არჩევნებამდე! როდესაც ეს არჩევნები ჩატარდა, სამედიცინო ხელმძღვანელის სკამი თავისუფალი არ იყო. თანამდებობიდან წასვლაზე ყოფილმა ხელმძღვანელმა განცხადება 2 დღით ადრე დაწერა, ვიდრე ღვამიჩავას დანიშნავდნენ. წინასწარ ვიცი, კიდევ ვის შეეხებიან, ამის გამოცნობა ძალიან ადვილია, იგრძნობა უკვე ტექსტებითა და მიმართვებით... წელიწადნახევრის განმავლობაში მესამე ფინანსური დირექტორი მოიყვანეს, არ ბადებს ეს შეკითხვებს? წინა ადმინისტრაცია ამბობდა, კლინიკა მოგებაზეაო, ესენი ამბობენ, არაო! კარგად რომ იყოს საქმე, მესამე ფინანსურ დირექტორს ვინ მოიყვანდა?! ერთადერთი იმედია, რომ ამ კლინიკაში მოხდეს ინვესტიციის ჩადება და ალბათ, დაინტერესებულიც იქნება, რომ გამოსწორდეს მდგომარეობა. ინტერესთა კონფლიქტზეც ვისაუბრეთ. საკვირველია, როგორ ნიშნავს ამ ადგილზე სამინისტრო ადამიანს, რომელიც ამასთანავე სკრინინგცენტრის დირექტორია? ეს არ არის ინტერესთა კონფლიქტი? შეიძლება სადაზღვევო ურთიერთობის ხელმძღვანელი იყოს კერძო კლინიკის მეპატრონე? არის ამის ფაქტები, რომ პაციენტებს ამისამართებს თავის კერძო კლინიკაში, ისევე როგორც სხვა დანარჩენები. ძალიან ბევრს აქვს თავისი წილი კერძო კლინიკებში და მთელი კლინიკა გადასულია პაციენტების გადამისამართებაზე! ეს ამბავი რაღაცნაირად უნდა მივიდეს დავით სერგეენკომდე და შეაჩეროს! ვინც ონკოლოგიას კურირებს, ისინიც ჩართულები არიან ამ ამბავში, ან არადა, წარმოდგენა არ აქვთ!
P.S. უნივერსალურ სამედიცინო ცენტრში მიმდინარე მოვლენებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ, „ქრონიკა+“ შემდეგ ნომერში შემოგთავაზებთ ვრცელ ინტერვიუს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესთან, ვალერი კვარაცხელიასთან, რომელიც ონკოლოგიის სფეროს კურირებს.
თამარ ბატიაშვილი