QronikaPlus
„უფულობა უკან გვწევს, მაგრამ მთავარია, სურვილი და მონდომება“

„უფულობა უკან გვწევს, მაგრამ მთავარია, სურვილი და მონდომება“

2015-02-15 06:47:29

ფილმის შექმნა შრომატევადი საქმეა და ამ ყველაფერს ბევრი ადამიანის შრომა სჭირდება. მაყურებელი ხედავს მსახიობებს, ამჩნევს რეჟისორის ოსტატობას, უსმენს ფილმის მუსიკას, ინუსხება სიუჟეტით და ექცევა ემოციების ქვეშ... და ხედავს კი მაყურებელი იმას, თუ როგორი პროდიუსერი ჰყავს ფილმს? პროდიუსერს თითქოს უჩინმაჩინის ქუდი ახურავს, უხილავია მაყურებლისთვის, მაგრამ ძალიან ფასეულია რეჟისორისთვის და მთლიანად ფილმისთვის. კარგი პროდიუსერი აგვარებს ყველანაირ საორგანიზაციო საკითხს და ამზადებს ნიადაგს ფილმის შესაქმნელად. ადრე პროდიუსერს ფილმის დირექტორს ეძახდნენ და ეს მაშინაც საკვანძო პოზიცია იყო. პროდიუსერი საქმის ღერძი გახლავთ, ხერხემალი, რომლის გარეშეც საქმე ვერ დაიქოქებოდა. რამდენიმე დღის წინათ პროდიუსერ კოტე კიკაბიძეს 70 წელი შეუსრულდა, მისმა შვილმა, რეჟისორმა და მხატვარმა მაია კიკაბიძემ კი ამასთან დაკავშირებით დოკუმენტური ფილმი გადაიღო. პრემიერა კინოს სახლში გაიმართა. ფილმში ცნობილი მსახიობები, კინემატოგრაფები საუბრობენ კოტე კიკაბიძეზე და ბევრ საინტერესო ისტორიას იხსენებენ. „ქრონიკა+“-ის რესპონდენტი კი მაია კიკაბიძე გახლავთ, რომელსაც საერთაშორისო კინოფესტივალ „სესილიზეც“ ვესაუბრეთ. _ დოკუმენტური ფილმი მამათქვენზე _ რამდენად კმაყოფილი ხართ საკუთარი ნამუშევრით? _ ფილმის შექმნას დაახლოებით ათი დღე დასჭირდა, თუმცა ყველაფერი ვერ მიმოვიხილეთ, ძალიან ბევრი რამ განზე დაგვრჩა. „დათა თუთაშხია“, „რაჭა ჩემი სიყვარული“, „წუთისოფელი“, „სტალინის მოგზაურობა აფრიკაში“, უნგრელი რეჟისორის, ბარნა კაბაის ფილმი „სამშობლოდან დაშორებით“, „ციმბირელი პაპა“, „სპირალი“, „თეთრი ქვები“, „სიყვარული ყველას უნდა“, „წიგნი ფიცისა“, „წინაპართა მიწა“, „ფესვები“... ყველა ფილმს ნამდვილად ვერ ჩამოვთვლი ინტერვიუში, რომელზეც მამაჩემს უმუშავია. ამ დოკუმენტური ფილმის შექმნაში კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი დაგვეხმარა. მამაჩემი ზაზა ურუშაძის ცნობილ ფილმ „მანდარინებზეც“ მუშაობდა, თუმცა მერე ესტონურმა მხარემ მოითხოვა ჯგუფის თავისი კადრებით დაკომპლექტება. _ თქვენს მოკლემეტრაჟიან მხატვრულ ფილმებზეც მოგვიყევით... _ „ილუსტრაციებში დაკარგული“, „კაცი“, „წყურვილი“, რომელმაც პრიზი აიღო უკრაინის ერთ-ერთ ფესტივალზე და მთავარი პრიზი დაიმსახურა პოლონეთში გამართულ ფესტივალზე. _ კომერციის თვალსაზრისით რამდენად რთულია მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღება? _ აქ უფრო შემოქმედებითობაა მთავარი. მარიამ ქაცარავას ფილმში „ზღვარი“ დამდგმელი მხატვარი და კოსტიუმების მხატვარი გახლდით. ამ ფილმს დაფინანსება, ფაქტობრივად, არ ჰქონდა, მეგობრები შევიკრიბეთ და მოვახერხეთ ფილმის შექმნა. მთავარია, სურვილი და მონდომება. რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, როცა არ არის დაფინანსება, მაგრამ 5-10-წუთიანი ფილმის გადაღება ამის გარეშეც შეიძლება. შემოქმედმა ადამიანმა სათქმელი რამენაირად მაინც უნდა თქვას. მოკლემეტრაჟიანი ფილმიც იძლევა იმის საშუალებას, რომ შემოქმედებითი იდეა ბოლომდე განახორციელო. _ კინოფესტივალი `სესილიც~, ალბათ, პირველ რიგში, ამ მიზნით შექმენით... _ ეს მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალია, სახელი სესილია თაყაიშვილის პატივსაცემად შევურჩიეთ. სტუდენტი ვიყავი, როცა ეს ფესტივალი ჩავატარეთ „სარდაფის“ კინოკლუბში. 2005 წლიდან ფესტივალი საერთაშორისო გახდა. წარმოდგენილი იყო 15 ქვეყანა: საქართველო, აზერბაიჯანი, უკრაინა, რუსეთი, პოლონეთი, რუმინეთი, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, გერმანია, ჰოლანდია, შვედეთი, სენეგალი, კორეა, ყაზახეთი _ სულ 57 საკონკურსო ნამუშევარი. ფესტივალის პროგრამა გახსნა ჰოლანდიელი რეჟისორის, ანიმატორისა და ოქროს დათვის მფლობელის _ გერით ვან დიკის ანიმაციებმა, რომელმაც ასევე ჩაატარა მასტერ-კლასი თემაზე „მოკლე ანიმაციები“. აღინიშნა ქართული კინოს დღე, სადაც წარმოდგენილი იყო კონსტანტინე მიქაბერიძის ფილმი „ჩემი ბებია“ _ 1929 წელი. აგვისტოს ომის მერე ფესტივალს ვეღარ ვატარებდით, შარშან სექტემბერში კი ფესტივალი განახლდა. სპონსორული დახმარება მივიღეთ სხვადასხვა კომპანიისგან. სამწუხაროდ, კულტურის სამინისტრომ ყურადღება არ მოგვაქცია. შევქმენით მემორიალური დაფა იმასთან დაკავშირებით, რომ ამიერკავკასიაში პირველი კინოჩვენება თბილისში გაიმართა 1896 წლის 26 ნოემბერს. ამ ყველაფრის დასადგენად ინფორმაციას მივაკვლიეთ მაშინდელ გაზეთ „ცნობის ფურცელში“. ჩვენება სათავადაზნაურო თეატრში გამართულა, სადაც ახლა გრიბოედოვის სახელობის თეატრია. „სესილის“ შარშანდელ ფესტივალზე 80-მდე ნამუშევარი იყო წარმოდგენილი 14 ქვეყნიდან. ფილმების ჩვენება კინოს სახლსა და „ამირანში“ ტარდებოდა. მთავარი პრიზი მარიამ ხაჭვანის „დინოლამ“ დაიმსახურა, კიდევ სამი ნომინაცია გვქონდა: დოკუმენტური ფილმი, ექსპერიმენტული და ანიმაციური. ქართველი სპეციალისტების გარდა ფესტივალის ჟიურიში იყო ოსკაროსანი რეჟისორიც, აზერბაიჯანელი ელმარ იმანოვი, რომელიც ამ დროისთვის გერმანიაში მოღვაწეობს. მოკლემეტრაჟიან ფილმში შესაძლებელია, რომ სათქმელი 1 ან 7 წუთში ჩაატიო, ხაჭვანის „დინოლა“ 15-წუთიანია და სათქმელი ძალიან კარგად ჩანს...   დავით თავართქილაძე  

გაზიარება