QronikaPlus
ევროკავშირს სოხუმში ოფისის გახსნა სურს

ევროკავშირს სოხუმში ოფისის გახსნა სურს

2015-02-13 10:46:46

აფხაზური სააგენტო „აპსნიპრესის“ ინფორმაციით, ევროკავშირს სოხუმში ოფისის გახსნა სურს. ამის შესახებ საუბარი გაიმართა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისის საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენელ ჰერბერტ ზალბერისა და აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას შეხვედრისას. გამოცემის ინფორმაციით, ჰერბერტ ზალბერმა განაცხადა, რომ ამ ჯერზე, გალის რაიონის გარდა, გაგრისა და ბიჭვინთის მონახულების საშუალება მიეცა, გარდა ამისა, იგი გალის რაიონში ევროკავშირის პროექტების მიმდინარეობით დაინტერესდა. „აპსნიპრესის“ ცნობით, აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ ვიაჩისლავ ჩირიკბასთან კონსულტაციების შემდეგ, ჰერბერტ ზალბერმა იმედი გამოთქვა, რომ მისი მისიის საქმიანობა, გალის გარდა, აფხაზეთის სხვა რაიონებზეც გაფართოვდება. ზალბერი სოხუმში ევროკავშირის სპეცწარმომადგენლის ოფისის გახსნის შესაძლებლობით დაინტერესდა, რათა „მუდმივი კონტაქტი ჰქონდეთ კოლეგებთან ევროკავშირის წარმომადგენლობიდან თბილისში“. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, აღნიშნა, რომ აფხაზეთი არა საქართველოს ჭრილში, არამედ მოლაპარაკებების დამოუკიდებელ მოთამაშედ უნდა განიხილებოდეს: „ნებისმიერი წარმომადგენლობა, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე შეიქმნება, აფხაზეთს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს, უნდა აღიქვამდეს. მე მესმის, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოსთან ურთიერთობა, მაგრამ ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია დასავლეთთან კონტაქტები. საქართველოს დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა გუშინდელი დღეა“, _ აცხადებს ხაჯიმბა და დასძენს, რომ ძირითადი შიდა პრობლემების მოგვარების შემდეგ აფხაზეთის მთავარი ამოცანა საერთაშორისო აღიარების მოპოვება იქნება. ხაჯიმბამ აღნიშნა, რომ აფხაზეთის ეკონომიკური ზრდის მიმართულებით მთავარი რუსეთის ფედერაციაა, თუმცა ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული პროექტები „ზედმეტი არ იქნება“. „ამ მომენტისთვის ევროკავშირი არ არის იმ მდგომარეობაში, რომ აფხაზეთი აღიაროს, მაგრამ ჩვენ მზად ვართ ზოგიერთი პრაქტიკული ნაბიჯისთვის, რომელიც ყველასთვის სასარგებლო იქნება“, _ დასძინა ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჰერბერტ ზალბერმა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო „აპსნიპრესის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება: „გავრცელებული ინფორმაცია და მისი კონტექსტი მოიცავს უზუსტობებს, როგორც ეს ხშირ შემთხვევაში ხდება. ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. აქედან გამომდინარე, აფხაზეთის რეგიონში ნებისმიერი ოფისის გახსნა, სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით, ქართულ მხარესთან შეთანხმდება. რაც შეეხება კონკრეტული პროექტების განხორციელებას, აღნიშნული უნდა ემსახურებოდეს ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებას და მათი ჰუმანიტარული საჭიროებების დაკმაყოფილებას“. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ამბობს, რომ „ყველაფერი, რასაც ევროკავშირი ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით ახორციელებს, მხოლოდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის კონტექსტში განიხილება“. ბაქრაძე აფხაზური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არ ენდობა და ამბობს: „რაც შეეხება იმას, რაც აფხაზური მედიით გაჟღერდა, ვფიქრობ, კომენტარს იმსახურებს მას შემდეგ, რაც ჩვენ ამას მოვისმენთ უშუალოდ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლებისგან. ყველაფერი, რასაც ევროკავშირი ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით ახორციელებს, მხოლოდ და მხოლოდ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის კონტექსტში განიხილება. იმის ალბათობა, რომ იქ ოფისი გაიხსნება, განიხილება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოში წარმომადგენლობის ნაწილის კონტექსტში. არ არის სანდო მხოლოდ აფხაზური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია. ჩვენ მოგვისმენია ბევრი ასეთი ინფორმაცია, რომელიც საბოლოოდ არ დადასტურებულა“. შერიგებისა და სახელმწიფო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი აღნიშნავს, რომ ევროკავშირის მოქმედებები მთელ საქართველოში, მათ შორის, აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს ინტერესების შესაბამისი იქნება. მისივე თქმით, ევროკავშირის მოქმედებები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისკენ არის მიმართული: „ცალსახად მიმაჩნია: მაქსიმალურად ხელი უნდა შევუწყოთ, რომ მეტი ევროპა იყოს წარმოდგენილი როგორც ცხინვალის, ისე აფხაზეთის რეგიონში. ამ მიმართულებით ვმოძრაობთ და არსებობს სპეციალური სტრატეგია. აბსურდულია ევროკავშირს ვედავოთ ჩვენს რაღაც საეჭვო განცხადებებზე, როცა მოქმედებები ცალსახად მიმართულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისკენ და მე ამაში ეჭვი არ მეპარება. რაც არ უნდა გამეგო, მშვიდად ვიყავი, რადგან გამორიცხულია, ევროკავშირს რამე შეეშალოს“. სოხუმის ოფისთან დაკავშირებულ საკითხებზე ქართული მხარის განცხადება უყურადღებოდ არც ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუტოვებია. უწყების წარმომადგენელთა აზრით, საქართველოს უფლება არ აქვს, სოხუმში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისის გახსნის საქმეში ჩაერიოს: „საქართველოს, რა თქმა უნდა, ასეთი გადაწყვეტილების ეშინია, ვინაიდან მისი მიზანია გარე სამყაროსგან აფხაზეთის მაქსიმალური იზოლაცია. თუმცა მსგავს გადაწყვეტილებებზე მას არავითარი ვეტოს უფლება არ აქვს“, _ განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ქაან ტანიამ. აღსანიშნავია, რომ სოხუმიდან თბილისში ჩამოსვლისთანავე გერმანელმა დიპლომატმა, ჰერბერტ ზალბერმა, რადიო „თავისუფლებასთან“ განმარტა, რომ სოხუმში გამართულ შეხვედრებზე იყო „მხოლოდ წინასწარი საუბარი ევროკავშირის წარმომადგენლობის პოტენციური გაფართოების თაობაზე“ და „სრულიად ღიაა საკითხი, ეს წარმომადგენლობა ოფისის სახით იქნება თუ რამე სხვა სახით“. „თავისუფლება“: _ ზოგიერთმა აფხაზურმა საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა ცნობა, რომ თქვენ გამოხატეთ ინტერესი სოხუმში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ოფისის გახსნის შესახებ. თუ ასეა, რას აპირებთ იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომლებიც აუცილებლად წამოიჭრება ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს? მაგალითად _ ოფისის ოფიციალური სახელწოდება... ერთი მაგალითი მაინც რომ გვითხრათ?.. ჰერბერტ ზალბერი: _ ეს იყო ძალზე ზოგადი საუბარი ევროკავშირის წარმომადგენლობის პოტენციური გაფართოების შესაძლებლობაზე. ღიად რჩება საკითხი, ეს ოფისი იქნება თუ რაიმე სხვა. საუბარი ნამდვილად იყო... წინასწარ ნათელი არ არის, როგორი იქნება ეს წარმომადგენლობა მომავალში, თუკი საერთოდ იქნება... როგორც აღვნიშნეთ, ჩვენ უკვე გვაქვს იქ გარკვეული პროექტები და თუ ეს პროგრამა გაფართოვდება, ნამდვილად იქნება უფრო ხშირი კონტაქტის საჭიროება. ეს გარკვეულწილად გამოიწვევს აფხაზეთში ჩვენი ოფისიდან წარმომადგენლების უფრო ხშირ მივლინებას, მაგრამ რა სახე ექნება ყოველივე ამას, ჯერ გაურკვეველია. ჩვენ ზოგადად გავაჟღერეთ ეს კონცეფცია და ისიც განვაცხადეთ, რომ ყველა დაინტერესებულ მხარესთან განვმარტავდით, თუ რას გულისხმობს ის. _ ესე იგი, ჯერ არ განგიმარტავთ? _ არა. _ სეპარატისტი ლიდერებისთვის მიუღებელია, როცა აფხაზეთის პრობლემებს საქართველოს ჭრილში განიხილავენ. რაულ ხაჯინბა აცხადებს: „ნებისმიერმა მისიამ, რომელიც აფხაზეთში დაფუძნდება, უნდა აღიაროს აფხაზეთი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო“. მიუხედავად ამისა, სოხუმი, როგორც ჩანს, თანახმაა, ევროკავშირთან ითანამშრომლოს. როგორ ახსნით ამ ამბავს ევროკავშირის მკაცრი არაღიარების პოლიტიკის გათვალისწინებით? _ არაღიარების პოლიტიკა არსებობს და რჩება. ჩვენ მას არც შევცვლით. ერთადერთი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, პატარა პრაგმატული ნაბიჯები გადავდგათ _ სხვა არაფერი. ახლა არ დავიწყებ იმის განსჯას, თუ რა მოვისმინე ბატონი ხაჯიმბასგან. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ უნდა ვნახოთ, როგორ შეგვიძლია მუშაობა მსგავს ვითარებაში. რასაც გავაკეთებთ ეს არის: კონკრეტული პროგრამები, მცირემასშტაბიანი პროექტები. რა თქმა უნდა, თუ ყოველივე ეს მისაღებია. შევეცდებით ვიყოთ ძალზე პრაგმატულები. მეტი არაფერი და არაფერი სხვა. „ქრონიკა+“ სოხუმში ევროკავშირის ოფისის გახსნის შესაძლებლობასა და პერსპექტივებზე ესაუბრება აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების ყოფილ უშიშროების მინისტრს, ლევან კიკნაძეს: _ ძნელია, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებას კონკრეტული შეფასება მიეცეს. თუ ევროკავშირს აფხაზეთის საკუთარ სტრუქტურებში ინტეგრირება სურს, რასაკვირველია, მოსკოვი სოხუმს ასე დამოუკიდებლად თამაშის საშუალებას არ მისცემს; და თუ ეს ყველაფერი ჩვენთან, ქართულ მხარესთან  შეთანხმებულია, ასევე მეეჭვება, რომ რუსულმა მხარემ ამას თვალი მოუხუჭოს. ჩემი გადასახედიდან ცუდი არ არის იმის მცდელობა, რომ აფხაზეთმა ევროპისკენ რაღაც მოძრაობები გააკეთოს და ბებერი კონტინენტიც ამისთვის მზად იყოს. პროცესი ისევ ჩვენებთან შესათანხმებელი უნდა იყოს, მაგრამ მეორე მხრიდან სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლება ეცდება, ეს არ დაუშვას. აქედან გამომდინარე, უნდა ვაცალოთ, როგორ განვითარდება პროცესები. დღეს ამ ლაბირინთებში გზის გაკვლევა მარტივ საქმეს არ წარმოადგენს. _ რამდენად შესაძლებელია, რომ ევროკავშირმა თბილისთან კოორდინაციის გარეშე გადადგას მსგავსი ნაბიჯები სოხუმში? _ შეიძლება, აქ დავსვათ კონტრშეკითხვა, თუ რატომ უნდა ჩაიდინოს ეს ევროკავშირმა? თუ ევროპის კავშირი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს, მაშინ ქართული მხარის კანონიერ მოთხოვნებს იგნორირება არ უნდა გაუკეთოს. მოვლენების განვითარების ლოგიკა ხომ ამას გვკარნახობს? თუ ევროპამ ქართულ მხარეს სათანადო ყურადღება არ მიაქცია, ე. ი. ისიც რუსულ თამაშს თამაშობს, რაც არ მგონია, ასე იყოს. _ ხომ არ მისცა ბიძგი ევროკავშირის სოხუმურ გააქტიურებას რუსეთ-უკრაინის დაპირისპირებამ? _ ამასთან დაკავშირებით ყველაფერს ვერ იტყვი და ვერც დაწერ. ისე, ნებისმიერ მსგავს გადაწყვეტილებს თუ ნაბიჯს თავისი მიზეზი და პერსპექტივა აქვს. _ „პრეზიდენტ“ რაულ ხაჯიმბას განცხადებით, აფხაზეთის ეკონომიკური ზრდის მიმართულებით მთავარი რუსეთის ფედერაციაა, თუმცა ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული პროექტები `ზედმეტი არ იქნება~... _ რაულ ხაჯიმბა არსებული რეალობიდან გამომდინარე მსჯელობს. თუ პროცესი ამგვარად წავიდა, ანუ ევროპასთან ურთიერთობა გააქტიურდება, ეს მხოლოდ დადებითი შედეგების მომტანი იქნება. შორსმიმავალ დასკვნებს ვერ გავაკეთებთ, მაგრამ რალურად არ მგონია, რომ ევროპელებს მსგავსი ნაბიჯები ქართველ კოლეგებთან შეთანხმებული არ ჰქონდეთ. _ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მეტად შემრიგებლური განცხადებები გააკეთა აფხაზებისა და ოსების მისამართით. როგორ შეაფასებთ პრემიერის გამოსვლას? _ რასაც მოვუსმინე, პრემიერ-მინისტრის ყველა განცხადება სწორად არის აქცენტირებული. შესაძლოა, ეს ბოლო გამოსვლა ევროკავშირის წარმომადგენლის სოხუმურ განცხადებებთანაც გარკვეულ ბმაში იყოს. ყველაფერი შეიძლება ჯერ კულუარულად ვითარდება და ჩვენთვის ბოლომდე არ არის ცნობილი მისი კონკრეტული პერსპექტივები. ამიტომ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. დღეს პროცესები მრავალი მიმართულებით დაჩქარებულია და შედეგების სანახავად, ალბათ, ბევრი დრო არ დაგვჭირდება.   გელა მამულაშვილი  

გაზიარება