QronikaPlus
ბიძინამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა

ბიძინამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა

2014-12-14 10:34:32

დაიბადა და ზუსტად ერთ თვეში ომიც გათავდა _ დაიბადა წყალტუბოში 1945 წლის 9 აპრილს. სამდიპლომიანია _ 23 წლისამ ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა ფსიქოლოგის სპეციალობით; 29 წლისამ დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ინგლისურის მასწავლებლის სპეციალობით; 52 წლისამ _ იურიდიული ფაკულტეტი... ჯერ ფსიქოლოგიის ინსტიტუტში მუშაობდა უმცროს მეცნიერ თანამშრომლად, შემდეგ ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტში არასრულწლოვანი დამნაშავეების ფსიქოლოგიის განყოფილების გამგედ, საკანდიდატო 1976 წელს დაიცვა, 1981 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყო მუშაობა, იყო ფსიქოლოგიის კათედრის დოცენტი, პროფესორი, შემდეგ 1 წელი ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორიც იყო ამერიკაში, იქიდან დაბრუნებული, 2001 წელს, სოციალური ფსიქოლოგიის კათედრის გამგე გახდა, 2006 წლიდან სრული პროფესორია. ისე, 1995-98 წლებში დავით აღმაშენებლის უნივერსიტეტის პრორექტორიც ყოფილა, 1994-1997 წლებში თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის გამგეც და, თქვენ წარმოიდგინეთ, 1992-98 წლებში ტრადიციონალისტების პრესმდივანიც. ანუ: იყო წლები, როცა იგი ერთად მუშაობდა 3 უნივერსიტეტსა და ტრადიციონალისტებში (პოლიტსაბჭოს წევრიც კი ყოფილა). და თან, 90-იან წლებში, იყო საქველმოქმედო ასოციაცია „მეგზური-პრომეთეს“ ვიცე-პრეზიდენტი... სადოქტორო 1992 წელს დაუცავს, „უმრავლესობისა და უმცირესობის ურთიერთობის ფსიქოლოგიური კანონზომიერებები“. 2007 წელს გამოსცა „სოციალური გავლენების ფსიქოლოგია“, მასვე ეკუთვნის 2005 წელს გამოცემული სახელმძღვანელო „კონფლიქტი, გენდერი და მშვიდობის მშენებლობა“. მის კალამს ეკუთვნის ცეკას გამომცემლობის მიერ 1983 წელს დასტამბული 32-გვერდიანი ბროშურა `ახალი ადამიანის აღზრდა და ჰარმონიული განვითარება“. ეს ბროშურა 37 ათასი ცალი დაიბეჭდა და თითო 10 კაპიკად იყიდებოდა. ამ წიგნის თემატიკა საჯაროს ასე აქვს განსაზღვრული „ახალი ადამიანის აღზრდა; კომუნისტური მორალი“... იგი გახლავთ მსოფლიო ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა ასოციაციის წევრი, ასევე გამოყენებითი ფსიქოლოგიის მსოფლიო ასოციაციისა და პოლიტიკური ფსიქოლოგიის მსოფლიო ასოციაციის წევრი, ნუ მოკლედ, ამ ერთობ შთამბეჭდავი სივით შემოაბიჯა მან 2004 წელს პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ სიით. მაშინ მედია მას პრეზიდენტის დედის მეგობრად განიხილავდა და სწორედ პრეზიდენტის ოჯახთან დაახლოებას მიაწერდა მის გაპარლამენტარებას. უკვე „ნაცმოძრაობისგან“ გამიჯნული, თავადაც არ უარყოფა ამ ფაქტს: „ახლა, გასაგები მიზეზების გამო, აღარ გვაქვს ურთიერთობა. მე ვიყავი „ამერიკული პროგრამების მონაწილეთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, ხოლო ქალბატონი გიული _ გამგეობის წევრი. ხშირად გვსტუმრობდა მიხეილ სააკაშვილიც, ამიტომ ინტენსიური ურთიერთობა გვქონდა. მათ ყველაფერი იცოდნენ ჩემი შეხედულებების შესახებ. მათი ინიციატივით მოვხვდი საპარლამენტო სიაში 40 კაცში და ასე აღმოვჩნდი პარლამენტში“. თურმე, პარლამენტში დიდი იმედებითა და ენერგიით შესულა, ბევრი რამის გაკეთება სდომია, მაგრამ რამდენიმე თვეში მიმხვდარა, რომ დეპუტატების უმრავლესობა პულტაობის გარდა არაფერს აკეთებს, სადღაც პატარა ჯგუფი რაღაცას აკეთებს, შენ შეიძლება აზრი გამოთქვა, მაგრამ ეს არაფერს ცვლისო. წუხდა, გამოვთქვამდი აზრებს, ვკამათობდი, მეკამათებოდნენ, მაგრამ არაფერი იცვლებოდაო, 2 წლის შემდეგ ჩათვალეს, რომ ჩემთვის პასუხის გაცემაც არ ღირდაო. მისივე მონათხრობს რომ მივყვეთ, პირველად ლომაიას დაუპირისპირდა სამედიცინო კოლეჯის გაუქმებასთან დაკავშირებით, განსხვავებული აზრები ჰქონია შრომის კოდექსზე, პრივატიზაციაზე, მოსამართლეთა ასაკზე და ა. შ. 2007 წლის ზაფხულში ამბობდნენ, რომ გუგული პარლამენტში პრეზიდენტის მხარდამჭერი ფრაქციის შექმნას გეგმავდა, დაქალის შვილი გარემოცვისგან უნდა დაეცვა, თურმე. ოქტომბერშიც კი, როცა იგიუუკვე პოლიტპატიმრად აცხადებდა ოქრუაშვილს, გაიძახოდა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის დიდი მცდელობის შემწეობით, საქართველოს დემოკრატიული ქვეყნის იმიჯი ჰქონდა, მაგრამ იქვე დასძენდა, რომ რამდენიმე პირმა მისი ადმინისტრაციიდან ძირი გამოუთხარა სააკაშვილის მცდელობას. მოკლედ, ის ფრაქცია არ შედგა, გუგული დეიდას აღარც მიშიკო უსმენდა... ფრაქცია არ შეუქმნა და როგორც მაშინ ამბობდნენ, გუგულის უნივერსიტეტის რექტორობა ეწადა, ვერც ეს მიიღო და მანაც ჯერ ოქრუაშვილი გამოაცხადა პოლიტპატიმრად და ნომებრის აქციების დროს საერთოდ გაემიჯნა „ნაციონალურ მოძრაობას“. 2008 წელს მარტში კი ქალთა პარტია ჩამოაყალიბა, მარტშივე ბურჯანაძესაც მოუწოდებდა გადადგომისკენ, მერე არჩევნებში მიიღო მონაწილეობა ტრადიციონალისტებთან და გოჩა ჯოჯუას პარტიასთან ერთად და პარლამენტს გარეთ დარჩა. მერე ისევ ტრადიციონალისტებთან და კოკო გამსახურდიასთან ერთად ეროვნული კრებობანაც ითამაშა, იმასაც ამტკიცებდა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება უნდა წასულიყო, პრეზიდენტის გარეშე უნდა დანიშნულიყო არჩევნები და სააკაშვილს, ხელისუფლებას მონაწილეობა არ უნდა მიეღო არჩევნებში. გუგულის ნატვრა არ ახდა, ბედმა არ გადაუფრინა მის ბუდეს, მაგრამ გამოხდა ხანი, გამოჩნდა ივანიშვილი და გუგულისაც ბედი გაეხსნა _ ბიძინამ „ოცნებაში“ შესვლა შესთავაზა. გუგულის, ცოტა არ იყოს, საკუთარი პარტია უშლიდა ხელს, ბოლო-ბოლო, თავმჯდომარე იყო, ამიტომ ადგა, პარტიის თავმჯდომარეობა სხვას გადააბარა, თავად საპატიო თავმჯდომარედ დარჩა და ივანიშვილის „ქართულ ოცნებაში“ გადავიდა და პარლამენტშიც არხეინად შევიდა... მაგრამ რაცხა ქუთაისში სიარული არ ეჭაშნიკა, გამოვიდა და ბრძანა, _ არსად, არც ერთ ქვეყანაში, თავში აზრად არ მოუვა პარლამენტის სადმე გადატანა რეგიონის განვითარების წინაპირობად დასახოსო. კი, გუგულა ბებო, ნამდვილად არ მოუვათ თავში ეს არსად აზრად, იმიტომ რომ იქ რეგიონები უპარლამენტოდაც განვითარებულია, საქართველოში კი თბილისია თავკომბალასავით და ყველაფერი აქაა თავმოყრილი. ეს მერე იყო, პარლამენტი ნახევრად თბილისში რომ გადმოიტანეს, მაგრამ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე გუგულა ბებოს ის ჰალუცინაციები დაეწყო, რომელიც დღემდე სტანჯავს ამ ხელისუფლებას, ყველაფრის უკან რომ ვიღაც, ანუ „ნაციონალები“ ელანდებათ. გახსოვთ, ალბათ, დევნილებმა სხვადასხვა შენობებში შეჭრა დაიწყეს, მუშებმა გაფიცვა და გუგული მაღრაძემ ბრძენი სახით დაასკვნა, _ ეს მართული პროცესიაო. და იცით, საიდან დაუსკვნია? თურმე, როცა დიდი მოლოდინი გაქვს და არ სრულდება, კი იწვევს შენში უკმაყოფილებას და აგრესიას, მაგრამ თურმე ამას სჭირდება ბიძგი. მაინცდამაინც სხვამ უნდა გიბიძგოს, ისე დებილი ხარ, თურმე. და კიდევ, თურმე, დევნილების მიერ ზუსტად იყო მიგნებული, სად შეიძლებოდა შეჭრა: „თითქოს დევნილებს ვიღაც ეუბნება, სად უნდა შეიჭრან...“ _ ბრძანებდა ქალბატონი გუგული... ანუ რა გამოდის? დევნილებმა ჭკუაც მშობლიურ სახლებში დატოვეს და თვითონ ვერ მოძებნიდნენ ადგილს, სადაც შეიძლებოდა ცხოვრება? საინტერესოა, თვითონ მას ვინ უთხრა, რომ იმ მისამართს მისდგომოდა, შანიძის 17 ნომერს, რომელიც მისამართად აქვს ყველგან მითითებული? და რომელზეც დიდი სკანდალი იყო? მკითხველი რომ არ დაიბნეს, ჯერ ქალბატონ გუგულის დეკლარაციიებს გავეცნოთ: 2004 წელს შევსებულ დეკლარაციაში გუგული მაღრაძეს შეყვანილი ჰყავს შვილი მაგდა მაღრაძე (დაბადებული მოსკოვში 1977 წელს), სიძე და იმხანად 9 თვის შვილიშვილი ლუკა. კარგი წელმაგარი ოჯახი ჰქონია ქალბატონ გუგულის და, საერთოდ, ვინ თქვა, გუგული ბუდეს არ იკეთებსო? აგერ თუ არ იკეთებს: 2004 წელს შევსებულ დეკლარაციაში გუგული მაღრაძის სახელზე ირიცხება 80 ათას დოლარად შეფასებული 4-ოთახიანი ბინა თბილისში, ასევე 12 ათას დოლარად შეფასებული 2-ოთახიანი ბინა თბილისში, ასევე 7-ათას დოლარიანი აგარაკი მუხათწყაროში, 8-ათასიანი ოფისი ზესტაფონში და, როგორც ჩანს, ამდენი ჭერი არ ეყო და კიდევ აპირებდა სახლის შენებას, ვარკეთილში 2-ათასდოლარიანი მიწის ნაკვეთი აქვს _ სახლისთვის. მისი ქალიშვილის სახელზეა 25 ათას დოლარიანი 3-ოთახიანი ბინა თბილისში, ორსართულიანი, 10 ათას დოლარად შეფასებული სახლი ზესტაფონში, 10 ათას დოლარიანი ნაკვეთი ოქროყანაში მშენებარე აგარაკით. ასევე, სიძის სახელზე _ 80 ათას დოლარიანი 4-ოთახიანი ბინა თბილისში, 25-ათასიანი 2-ოთახიანი ბინა თბილისში და 4 ათას დოლარიანი მანქანა. ჯამში, ოჯახს 9 ჭერი აქვს, აქედან 5 თბილისში... მაგრამ დეკლარაციას ერთვის განცხადება, სადაც გუგული წერს: `დეკლარაციაში არ მაქვს შეტანილი ჩემს სახელზე აღრიცხული სახელმწიფოს მიერ ჩემ მიმართ, როგორც სამშენებლო კოოპერატივის წევრისადმი სახელმწიფო ვალად აღებული 80 ათასი ლარი და ქ. თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე ასაშენებელი კოოპერატიული ბინის საფასური (3-ოთახიანი, 120 კვ.მ.) საბაზრო ფასით, 48 000 აშშ დოლარი. გთხოვთ, დაუმატოთ აღნიშნნული 80 ათასი ლარი ჩემ მიერ შევსებულ დეკლარაციას, აგრეთვე 48 ათასი აშშ დოლარი“. ამის გარდა, გუგული მაღრაძეს „თბისი ბანკში“ შენახული ჰქონდა 10 ათასი დოლარი, ათასი დოლარი United Bank of USA -ში, სიძეს ბანკში ჰქონდა 22 ათასი დოლარი, შვილს _ 5 ათასი დოლარი. ამის გარდა, ქეშად გუგულის ჰქონია 5 ათასი დოლარი, 1650 ევრო და 4500 ლარი. მოკლედ, ქონება არ აკლიათ, სამაგიეროდ ყველგან Z აქვს აღნიშნული _ ნებისმიერ ანაზღაურებად სამუშაოშიც, საწარმოს საქმიანობაშიც, ანუ ბოლო, საანგარიშო წელს შემოსავალი არ ჰქონიათ... 2005 წელს შევსებულ დეკლარაციაში ქალბატონი გუგული უკვე ეულია _ მხოლოდ თვითონ წერია. მის სახელზე რჩება თბილისში ბინა შანიძის 17-ში, 20 ათას ლარად შეფასებული, ბინა ზესტაფონში, 10 ათას ლარად შეფასებული, 85 ათას ლარად შეფასებული მშენებარე ბინა ყიფშიძეზე, აგარაკი მუხათწყაროში _ 20 ათას ლარად შეფასებული და 18-ათასლარიანი „მერსედეს ბენცი“. როგორც ჩანს, 80-ათასდოლარიანი ბინა და 2-ათასდოლარიანი ნაკვეთი ვარკეთილში ქალიშვილს გაატანა მზითევში, მაგრამ არანაირი ხელშეკრულება არ ჩანს დეკლარაციაში, არც ჩუქების, არც ნასყიდობის... ან 80-ათასდოლარიანი 4-ოთახიანი ბინა სად წავიდა, ან 2-ათასიანი მიწა? ან 18-ათასლარიანი მანქანა საიდან მოვიდა?.. შემოსავლებშიც ისევ ყველგან ზეტი უწერია, თუმცა აღნიშნავს, რომ „ვიზა გოლდზე“ ყოველთვე ერიცხება ხელფასი, მაგრამ, როგორც ჩანს, ვალდებულად არ მიიჩნევდა თავს, მიეთითებინა რამდენი... მხოლოდ 300 ლარი უწერია, როგორც კათედრის გამგეს. თანხებს ქალბატონი გუგული 2006 წლის დეკლარაციაში უთითებს: როგორც პარლამენტის წევრს, განვლილი წლის მანძილზე, მიუღია 20 400 ლარი, როგორც თსუ-ს პროფესორს _ 3800 ლარი და როგორც სდასუს პროფესორს _ 840 ლარი. 2006 წლის დეკლარაციიდანვე ირკვევა, რომ 7 ათასად გაუყიდია ძველი მანქანა და 16 ათასად უყიდია ახალი. 2007 წლის დეკლარაციის მიხედვით, როგორც პარლამენტის წევრს მიუღია 24 ათასი ლარი, როგორც თსუ-ს პროფესორს _ 4800 ლარი. წლების მიხედვით რომ თვალს ვადევნებთ მის დეკლარაციებს, ნელ-ნელა მატულობს ყიფშიძეზე მდებარე მშენებარე ბინის ფასი: თუ 2005 წელს ეს მშენებარე ბინა 85 ათას ლარიანია, 2008-ში უკვე 300 ათას ლარიანია. იმატებს მისი შემოსავლებიც: თუ 2007 წელს 4800 ლარს უთითებს პროფესორის წლიურ შემოსავლად, 2008 წლის დეკლარაციაში უკვე 8400 ლარია, პარლამენტარის შემოსავალიც გაზრდილია და 26 669 ლარს შეადგენს. მომდევნო დეკლარაციას გუგული უკვე 2012 წლის დეკემბერში ავსებს, მის დეკლარაციაში ისევ ჩანს ბინა თბილისში შანიძის ქუჩაზე, ბინა ზესტაფონში, მუხათწყაროში არსებული აგარაკი უკვე ფიქსირდება მიწის ნაკვეთად, გაუგებარია, რა ბედი ეწია აგარაკს, რომელიც ჯერ აგარაკად ფიქსირდებოდა, შემდეგ მშენებარე აგარაკად და ახლა, უბრალოდ, მიწის ნაკვეთად იქცა? პირიქით გამიგია, ჯერ იყოს მხოლოდ მიწის ნაკვეთი, შემდეგ დაიწყო შენება და იყოს მშენებარე აგარაკი და ბოლოს აგარაკი და პირიქით, ნეტა, რანაირადაა? მიწა ყლაპავს? სამაგიეროდ, დეკლარაციაში ჩნდება ახალი ბინა ქობულეთში და კიდევ ისევ გამოჩნდა მიწის ნაკვეთი ვარკეთილში, რომელიც ფიქსირდებოდა 2004 წლის დეკლარაციაში და შემდეგ დეკლარაციებიდან გაქრა. „თიბისი ბანკის“ დეპოზიტზე აქვს 30 ათასი დოლარი და 5 ათას ლარამდე სხვადასხვა ბანკის მიმდინარე ანგარიშებზე. მიმდინარე საანგარიშო წელს გუგული მაღრაძეს, როგორც პროფესორს, მიღებული აქვს 23 800 ლარი შემოსავალი და როდესაც ომახიანად საუბრობს 9-წლიან პირსისხლიან რეჟიმზე, სადაც თავადაც არხეინად გაატარა 3 წელიწადზე მეტი, უნდა ახსოვდეს, რომ სწორედ სააკაშვილის რეჟიმმა გაზარდა მისი შემოსავალი აქამდე. 2005 წელს 300 ლარს რომ წერდა შემოსავლად (სავარაუდოდ თვიურს), 2012 წელს მისი თვიური შემოსავალი 2 ათას ლარამდე ავიდა, 2013 წელს შევსებული დეკლარაციით კი ეს თქვენი 23800 ლარი 9000 ლარამდე დავარდა. ასე იცის ოცნებამა... სამაგიეროდ, მან 15 ათასი აიღო როგორც დეპუტატმა... ასევე სხვა საინტერესო დეტალიც იკვეთება: 2004 წელს გუგული მაღრაძე უთითებდა, რომ თბილისში ჰქონდა 80-ათასდოლარიანი 4-ოთახიანი ბინა და 12-ათასიანი 2-ოთახიანი ბინა. შემდეგ მხოლოდ ერთი ბინა დარჩა _ 12-ათასიანი, მისამართად ეთითებოდა შანიძის 17. უკვე 2012 წლის დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ეს ბინა სულ 18 კვადრატულ მეტრიანია. ოროთახიანი ბინა და 18 კვადრატი? ბინაა თუ მართლა ბუდე? თუ ამ დეკლარაციას დავუჯერებთ, ისიც არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ქალბატონ გუგულის ფრენაც შეეძლოს... მაგრამ 2012 წლის არჩევნების წინ მას სწორედ ამ ბინასთან დაკავშირებით გაუსკდა სკანდალი. მას მოქალაქე რომეო გაბუნია ღიად და საჯაროდ ადანაშაულებდა სწორედ ამ შანიძის 17-ში მდებარე ბინის მიტაცებასა და დოკუმენტების გაყალბებაში. რომეო გაბუნიას მტკიცებით, მას 1976 წელს შეუძენია ალექსანდრა სავტირევასგან, მაგრამ იქ არსებულ მდგმურებს, მათ შორის, მაღრაძეს პრეტენზია გამოუცხადებიათ მესაკუთრეობაზე. ეს ჯერ კიდევ 1991 წელს მომხდარა, მაშინ მაღრაძე, თურმე, სახლის კომუნალურ ფონდში ჩარიცხვას ითხოვდა, მერე რომ თავის სახელზე დაერეგისტრირებინა ბინა. 1995 წელს სასამართლოს გაუსახლებია კიდეც მაღრაძე და სხვა მდგმურები, მაგრამ მერე აღსრულება აღარ მომხდარა და 1998 წელს ისევ უჩივლიათ, როგორც გაბუნია ამბობს, გაყალბებული, ნოტარიუსის დამოწმების გარეშე შედგენილი ხელშეკრულებით. რომეო გაბუნია იმასაც ამბობდა, რომ გუგული მაღრაძე მისგან 6 ათას დოლარს ითხოვდა, _ მომეცი და წავალ შენი სახლიდანო. გაბუნია ამტკიცებს იმასაც, რომ გუგული მაღრაძე დაუფარავად ლობირებდა თავის ინტერესებს, როცა პარლამენტი „ატსტუპნიკების“ კანონს იხილავდა და მაღრაძე წინააღმდეგი იყო, რომ მესაკუთრეებს დარჩენოდათ მათი კუთვნილი ქონება. და კიდევ: „1986 წლიდან ჩემთან არ უცხოვრია, სამაგიეროდ, იქ მოდიოდნენ ნარკომანები, მსუბუქი ყოფაქცევის ქალები და ა. შ. მეძავების თავშეყრის ადგილად აქცია ამ ქალბატონმა ჩემი კუთვნილი ქონება“, _ აცხადებდა გაბუნია მედიასთან საუბრისას. როგორც ხედავთ, გუგული სხვის ბუდეებში კი არ დებს კვერცხებს, სხვის ბუდეებს ისაკუთრებს... აი, „ნაციონალების“ ადგილს კი მომავალშიც ვერ ხედავს ხელისუფლებაში. გამოვიდა და ბრძანა: „არანაირი შესაძლებლობა იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ისევ მოვიდეს ხელისუფლებაში, არ არის“. ნუ, ეს მისი აზრია და შემდეგ გამოჩნდება, რამდენად შორს მჭვრეტელი ბრძანდება, მაგრამ ხელისუფლებაში ახლად მოსულმა ისეთი სიბრძნე დაახეთქა, რომ საეჭვოა, მას შორსმჭვრეტელობის რამე ეცხოს. „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიცია არააო, და იცით, რატომაო? _ ოპოზიცია ხალხს უყვარსო, მე როცა ოპოზიციაში ვიყავი, ადამიანები ქუჩაში მაჩერებდნენ, გვიყვარხართო, მაგათ მიმართ ეგეთი დამოკიდებულება არ არის და ხანდახან კიდეც მეცოდებიან, ქუთაისის პარლამენტიდან ერთად გამოდიან, ერთად სხდებიან მანქანებში, შურაცხყოფის ეშინიათო. ძალიან ბევრი ადამიანი ჰყავთ გაუბედურებული, ძალიან ბევრია ნაწყენი მათზე“ და ა. შ. დავიწყოთ იქიდან, რომ პარლამენტს „ქუთაისის პარლამენტს“ ეძახის და ეს უკვე დიაგნოზია. დიაგნოზია მის მიერ ყურით მოთრეული განმარტებაც ოპოზიციის რაობისა. პარლამენტში ახალი შესული იყო, კიდევ უფრო შორს რომ გაფრინდა გუგული. ეს მაშინ, როცა კოლეგებს ახსენებდა 7 ნოემბერს: „მე მინდა გავახსენო კოლეგებს, რომ დღეს არის 7 ნოემბერი და ჩვენ გვახსოვს ის 7 ნოემბერი, რისი მეშვეობითაც დღევანდელი უმცირესობა აპირებდა და დიდხანს აგრძელებდა იმ... ასეთ ფაქტებზე განეხორციელებინა წესრიგი ქვეყანაში, ქვეყანაში განეხორცილებინა წესრიგი იმის მეშვეობით, რომ დაეთრგუნა ხალხი, განეხორციელებინა წესრიგი იმის მეშვეობით, რაც ხდებოდა საქართველოს ციხეებში, ასე რომ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც თავის სინდისზე აქვს 7 ნოემბერი და სხვა არაერთი უკანონო დაპატიმრებები, ნამდვილად არ აქვს მორალური უფლება, რომ ილაპარაკოს იმ დაკავებაზე, რაც გუშინ მოხდა, ჩვენ არ ვართ მაზოხისტები, ჩვენ გვინდა სამართლიან ქვეყანაში ცხოვრება, ჩვენც ვიცხოვრებთ ისეთ ქვეყანაში, სადაც მშვიდად ვივლით, იმიტომ რომ არ იქნება დანაშაული, მაგრამ ყველაფერი ეს მიღწეული იქნება კანონის ფარგლებში, სამართლიანობის ფარგლებში და ჩვენ არასდროს არ მივმართავთ ისეთ ღონისძიებებს, რომელი ღონისძიებისაც წინა ხელისუფლება აპირებდა და ამყარებდა ქვეყანაში წესრიგს, რაც შეეხება დამამტკიცებელ საბუთებს, ცხადია, დამამტკიცებელი საბუთები არსებობს, ახლა რამდენად სანდოა თქვენთვის თუ არ არის, ბაჩო ახალაიას ჰყავს ადვოკატები, ადვოკატებს შეუძლიათ ამის შესახებ იმსჯელონ, როცა სასამართლო პროცესი გაიმართება, ჩვენ ვნახავთ, არსებობს თუ არა ამის დამამტკიცებელი საბუთები, როდესაც ლაპარაკია იმაზე, რომ პოლიტიკური ანგარიშსწორებით არის დაკავება. ერთი რამე ნამდვილად ცხადია, დღეს რომ ხელისუფლებაში ყოფილიყო „ნაციონალური მოძრაობა“, მაშინ ბაჩო ახალაია არათუ დაკავებული, უფრო მაღალ თანამდებობაზე შეიძლებოდა ყოფილიყო და უფრო პატივცემული ყოფილიყო იმ ხელისუფლების მიერ, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ერქვა...“ დააკვირდით აზრთა, სიტყვათა წყობას და მითხარით, ეტყობა მის პატრონს სამი დიპლომი? „ასეთ ფაქტებზე განეხორციელებინა წესრიგი ქვეყანაში“, _ უკაცრავად და ეს რა არის, წინადადება თუ რახათლუხუმი? და ამის გარდა: ისე საუბრობს „ნაცმოძრაობაზე“ განყენებულად, გეგონება თვითონ სამი წელი თბილად არ იყო მოკალათებული „ნაციონალების“ ბუდეში _ აფრენამდე. გუგულა ბებო, რომ იდექი და გვიმტკიცებდი, სასამართლოში დამტკიცდება, რომ ახალაიას დანაშაულის დამამტკიცებელი საბუთები არსებობსო, სად დამტკიცდა? რამდენი საქმე ჩამოგეშალათ? და რომ გვიმტკიცებდი, არ ვართ მაზოხისტები, სამართლიან ქვეყანაში გვინდა ცხოვრება, სადაც მშვიდად ვივლითო, იმიტომ რომ არ იქნება დანაშაულიო, ახლა რა გამოდის, მაზოხისტები ხართ? 2 წლის თავზე შექმენით ეგ მშვიდი ქვეყანა, სადაც ადამიანი მშვიდად ივლის? დანაშაული არ იქნებაო, გვიმტკიცებდით და როდესაც კრიმინალმა იმატა, გამოხვედით და ურცხვად, უტიფრად „დაგვამშვიდეთ“, დიურკჰეიმი მოიშველიეთ, დანაშაული საზოგადოების განვითარების თანმხლები პირობააო და ამას აცხადებდით მაშინ, როცა შუა ქალაქში დედებს უხოცავდნენ შვილებს. სხვისი შვილების ხოცვის ხარჯზე კარგია არა საზოგადოების განვითარება? თვითონ ამ „სიბრძნეს“ ახეთქებდით და პარალელურად თქვენსავე კოლეგებს ამუნათებდით, მსგავსი „სიბრძნეების“ დახეთქებისთვის. არავის აქვს უფლება, ადამიანი მოკლას და ვიღაცებმა თქვან, ჯერ მიზეზი უნდა შევისწავლოთო, ეს აბსოლუტურად მიუღებელი დამოკიდებულებააო. როდესაც ჟურნალისტმა შეგახსენათ, რომ ეს თქვენმა კოლეგამ, ეკა ბესელიამ თქვა, მედგრად უპასუხეთ: „სულერთია, ვინ არის, ვინც არ უნდა თქვას ასეთი რამ, იმას ნიშნავს, რომ მთავარი რაღაც არ გვესმის“. ახლა როგორაა თქვენი ამბავი, ყვავმა ყვავს დასჩხავლა, რა შავი ბოლო გაქვსო? ეს თქვენ არ გოდებდით გიორგი გაბუნიასთან, მე მეცოდება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, რომელიც ახალი ამბების ნაცვლად გამუდმებით კრიმინალურ ქრონიკას უსმენსო? იმიტომ კი არ გეცოდებოდით, რომ ჩვენი სიცოცხლე იყო და არის საფრთხეში, თქვენი ხელისუფლების უპრაგონო შეწყალება-ამნისტიებით და უნიათობით, არამედ იმიტომ, რომ თურმე კრიმინალურ ქრონიკებს ვისმენთ. თქვენ კი ისევ იმ ჩვენებას აწვებოდით, რომ კრიმინალი ყველა ქვეყანაში ხდება და დემაგოგობდით: „გინახავთ თქვენ რომელიმე ტელევიზიაში საათი და ათი წუთი მხოლოდ კრიმინალზე იყოს ლაპარაკი? ეს არის შემადგენელი „ნაციონალური მოძრაობის“ სტრატეგიისა, რომელზეც ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა ძალიან კარგად განაცხადა, რომ რაც შეიძლება მეტი დაძაბულობა უნდა იყოს ქვეყანაში. მე მოსახლეობას მოვუწოდებ, დაინახეთ ქვეყანაში რამდენი სიკეთე კეთდება და იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ უნდა ააწყოთ თქვენი ცხოვრება კარგად, იმიტომ რომ ხელისუფლება ხელს გიწყობთ ამაში“.

გუგულა ბებო, ამ ბოლო დღეებში კარგად გამოჩნდა, როგორც გვიწყობთ ხელს გამორღვეული ბიუჯეტით და გაუფასურებული ლარით, გაზრდილი პენსიებით. სულ ბოლოს კი აგერ ინგა გრიგოლიასთან, „იმედის კვირაში“ გვაჩვენეთ თქვენი რეალური სახე. განაწამები ქალები ბედს ჩიოდნენ, მთელი დღე სიცივეში, წვიმაში ვდგავართო, ინგამ მოგიწოდათ, დაგემშვიდებინათ ხალხი და რა უთხარით ხალხს? ფეხები არ მიცივდება, მაგრამ მეც ძალიან ვიღლები, პარლამენტში შრომაც დამღლელიაო და ახლა ყველა ადამიანს თავისი ცხოვრების გზა აქვსო. ეს შეიძლება უთხრა პარლამენტარმა ადამიანს, რომ შენი ადგილი ქუჩაში გდებაა, ჩემი პარლამენტში ჯდომაო? და იმ სვე-ბედ გამწარებულ ადამიანებს, რომლებიც თავს იმითღა ინუგეშებენ, რომ კარგი შვილები გაუზარდეს ქვეყანას, ადგე და უთხრა, თუ კარგი შვილები გაზარდეთ, შვილების ვალდებულებაა, ყურადღება გამოიჩინონ გარკვეული, შვილებმა გარჩინონო. შვილების ვალდებულებაზე რომ საუბრობ, შვილებს აქვთ ვალდებულება და სახელმწიფოს არ აქვს ვალდებულება? ათი ლარით რომ უზრდით პენსიას და ლარს უუფასურებთ? და როცა შეგახსენებენ, რომ შვილებმა რანაირად იზრუნეონ, რომ ქვეყანაში უმუშევრობააო, დგახართ და ამტკიცებთ, რომ სამუშაო ადგილები არის და შესაბამისი კვალიფიკაციის ადამიანები არ არიანო. უკაცრავად და თქვენ მთვარეზე გაქვთ ბუდე? ახლა მითხარით, ტყუოდნენ „ნაციონალები“, რომ ამ ქალს ეკამათებოდნენ და ამ ქალთან კამათის შემდეგ არაფერი იცვლებოდა? ტყუოდნენ ან იმაში, რომ მას პასუხის გაცემის ღირსადაც არ თვლიდნენ?

რეზო შატაკიშვილი

გაზიარება