ზამთრის დადგომიდან რამდენიმე დღე გვაშორებს და თუ სინოპტიკოსებს დავუჯერებთ, არც პირველი თოვლის გამოჩენამდე გვიკლია ბევრი, ამიტომ შევეცადეთ გაგვერკვია, რამდენი ბავშვი შეხვდება წლევანდელ ზამთარს ღია ცის ქვეშ და რამდენი ე. წ. ქუჩის ბავშვის განთავსება მოხერხდა სპეციალურად მათთვის შექმნილ დაწესებულებებში?
კვლევებით დადგინდა, რომ საქართველოში 50 000 ბავშვი უკიდურესი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს და დღეში ორ ლარს მოიხმარს, თუმცა დღეისთვის არც ერთი სტრუქტურა არ ფლობს ზუსტ მონაცემებს ე. წ. ქუჩის ბავშვების რაოდენობის შესახებ. 90-იანი წლებიდან მოყოლებული „ქუჩის ბავშვები“ ჩვენი ცხოვრების შემადგენელ ნაწილად იქცნენ. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი დესტრუქციული ოჯახებიდანაა. სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს გამოქცეულები ქუჩას აფარებენ თავს, სადაც ნებისმიერი, მათ შორის, მძიმე სამუშაოს შესრულება უწევთ. როგორც წესი, მუდმივად ქუჩაში მყოფი ბავშვები ჯგუფურად ცხოვრობენ და ღამეს სარდაფებსა და მიტოვებულ შენობებში ათევენ. არცთუ იშვიათად, ბავშვებიდან მომდინარე აგრესიისა და მათი საცხოვრისის გარშემო არსებული ანტისანიტარიის გათვალისწინებით, მოსახლეობა „ქუჩის ბავშვთა“ თავშეყრის ადგილებს თავს არიდებს. ცხოვრების წესიდან გამომდინარე ქუჩაში მცხოვრები ბავშვების უმეტესობა წებოზე დამოკიდებული ხდება და ტოქსიკომანად ყალიბდება. გოგონების უმეტესობა პროსტიტუციას მისდევს.
დეინსტიტუციონალიზაციის პროგრამის ფარგლებში ერთ-ერთი დახურული ბავშვთა სახლის ფსიქოლოგი, რომელმაც მოსალოდნელი პრობლემების გამო გაზეთში საკუთარი ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა, „ქრონიკა+“-ს საგანგაშო რეალობაზე ესაუბრება:
_ დეინსტიტუციონალიზაცია და დიდი ზომის ბავშვთა სახლების დახურვა მოუმზადებლად მოხდა. ეს აუცილებლად გასაკეთებელი იყო, მაგრამ მანამდე გარკვეული ტიპის სამუშაო უნდა ჩატარებულიყო. სავარაუდოდ, ამან ქუჩაში მცხოვრებ ბავშვთა რაოდენობის ზრდა გამოიწვია, მაგრამ სტატისტიკის არარსებობის გამო, ამის მტკიცება შეუძლებელია. ვარაუდობენ, რომ ბოლო წლებში თბილისში 1500-მდე ქუჩის ბავშვი ცხოვრობს, თუმცა კვლევების მიხედვით მათი რიცხვი გაცილებით მეტია. სავარაუდოდ, წლევანდელ ზამთარს ღია ცის ქვეშ ძალიან ბევრი ბავშვი გაატარებს, მაგრამ ამის დათვლა და პრობლემის მოგვარება არავის უნდა. თითქმის 15 წელი მიუსაფარ ბავშვთა სახლში ვიმუშავე და შემიძლია ვთქვა, რომ ძველი და ახალი თაობის „ქუჩის ბავშვებს“ შორის თვალში საცემი განსხვავებაა. ძველები თუ წებოსგან გაბრუებულები დადიოდნენ, ახლები გაუთავებლად რაღაც წამლებს ყლაპავენ, რომლებიც მათთვის, რატომღაც, ხელმისაწვდომია. ბევრი ლგბტ თემის წევრი გახდა, ვინაიდან აქედან დიდი ფული მოდის, ეს ბავშვები კი ფულის გამო ბევრ რამეზე წავლენ. შემიძლია დაბეჯითებით ვთქვა, რომ სანამ ქუჩის ბავშვებისთვის განკუთვნილ პროგრამებს საერთაშორისო ორგანიზაციები აფინანსებდნენ, ყველაფერი შესანიშნავად იყო. იმ ხალხმა მშვენივრად იცოდა, რაში დებდნენ ფულს და როგორ უნდა შეემოწმებინათ ამ ფულის მიზნობრივად ხარჯვა, ჩვენებმა კი აწყობილი სისტემა დაანგრიეს და ახალი ვერ შექმნეს. ყველაზე საზიზღარი, თუ რამე შეიძლება ბავშვებისთვის განკუთვნილ დაწესებულებას დაარქვა, ტრანზიტული და კრიზისული ცენტრებია. ტრანზიტი რას ნიშნავს? ბავშვი მანქანაა თუ ბანდეროლი? კრიზისი კი არა, ეს ბავშვები დაღუპვის გზაზე დგანან. 15 წლის გოგონას, რომელიც ქურდობით და მეძავობით ირჩენს თავს, წერა-კითხვის შესწავლას რომ შესთავაზებ და გეტყვის, _ თქვენი ხელფასის პატრონმა მე რა უნდა მასწავლოს, რომ ცხოვრებაში გამომადგესო? _ რა ჭკუაზე დადგები?! _ წერა-კითხვა რად მინდა, აზერებთან ოფიციანტად ვიმუშავებ და დღეში 25 ლარს მომცემენო. ვერაფერი ვუპასუხე, იმიტომ, რომ ამ ბავშვებს მოტივაცია, მომავლის იმედი და იმის რწმენა არ აქვთ, რომ რაღაცას ისწავლიან და ეს ცხოვრებაში გამოადგებათ. საკუთარი თვალით ხედავენ სამდიპლომიან და ათობით სერტიფიკატიან სპეციალისტებს, რომლებიც სიღატაკეში ცხოვრობენ და იმიტომ. იცით, ამ პესიმიზმისა და ნიჰილიზმის გამო რამდენი ნერვიული აშლილობაა ამ ბავშვებში? ეს ყველაფერი ბუმერანგივით უკან დაგვიბრუნდება და მერე ვიძახოთ, რატომ მოიმატა კრიმინალმაო. ძალიან ბევრია მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვების ოჯახებიდან გაქცევის ფაქტი. ბავშვებს უჭირთ ახალ ოჯახებთან და სრულიად უცხო ოჯახის წევრებთან შეგუება და ისევ ქუჩაში გარბიან. ქუჩა მათთვის თავისუფლებასთან ასოცირდება და როცა აქედან მოგვყავს, რაღაც მათთვის უფრო მომხიბლავი და სასურველი უნდა შევთავაზოთ. „ნაციონალებმა“ ის მაინც იცოდნენ, რას ანგრევდნენ და ამიტომ განახორციელეს პირველი დარტყმა განათლებაზე, ხელოვნებაზე, კულტურაზე და ამათმა ისიც არ იციან, რა უნდა დაანგრიონ და რა დააფინანსონ. ამიტომ პირადად მე უკეთესობის იმედი აღარ მაქვს.
„ქრონიკა+“ დაუკავშირდა ე.წ. „ქუჩის ბავშვთა“ პრობლემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია „ბავშვი და გარემოს“ ხელმძღვანელს _ ნანა იაშვილს:
_ ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ „ქუჩის ბავშვთა“ რაოდენობა მატულობს და, ზოგადად, კატასტროფულად და უიმედოდ გვაქვს საქმე. დავიწყებ იმით, რომ ბავშვების ქუჩიდან პირდაპირ ბავშვთა სახლში მოხვედრა შეუძლებელია. ესენი არიან უმძიმესი კატეგორიის ბავშვები და, გარკვეული რეაბილიტაციის გარეშე, დანარჩენ ბავშვებთან მათი განთავსება არ შეიძლება. ქუჩიდან მოყვანილი ბავშვი ხვდება კრიზისული ცენტრში, სამთვიანი რეაბილიტაციის კურსის გავლის შემდეგ კი გადადის ტრანზიტულ ცენტრში, სადაც რეაბილიტაციის უფრო მაღალი დონეა და შემდგომ უშვებენ მიმღებ ოჯახში, ან მცირე ზომის საოჯახო სახლში. ამ საფეხურების გავლა აუცილებელია. სწორედ „ქუჩის ბავშვების“ კატეგორიას ემსახურება ჩვენი 24-საათიანი ტრანზიტული ცენტრი „ბეღურები“, რომელიც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მუშაობს. ასეთივე ცენტრი არის რუსთავში და მის მენეჯმენტს ახორციელებს „კარიტასი“. ტრანზიტული ცენტრების გარდა, არსებობს კრიზისული ცენტრები და მობილური სამსახურები, რომელთა მიზანი ასეთი ბავშვების მოძიება, მათთან ნდობის მოპოვება და შემდგომ კრიზისულ ცენტრში მოყვანაა. ქუჩის ბავშვების მიმღებ ოჯახებში განთავსება იმ თვალსაზრისითაა პრობლემური, რომ ბავშვებს, მათი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ძალიან უჭირთ ოჯახებთან შეგუება და არა იმიტომ, რომ ოჯახები არ არის. ბავშვებისთვის, რომლებიც 5, 6 და მეტი წელი ქუჩაში არიან, ოჯახურ გარემოში მოქცევა და შეგუების პროცესი გარკვეულ სირთულეს წარმოადგენს. რაც შეეხება „ქუჩის ბავშვების“ ჩვენთან მიღებას, ამ გადაწყვეტილებას სოციალური მომსახურების სააგენტო იღებს. დღეისთვის ჩვენს ცენტრს 15 ბავშვის მიღება შეუძლია, მაგრამ მხოლოდ 8 გვყავს და მოხარული ვიქნები, თუ სააგენტო დანარჩენ ადგილებსაც შეგვივსებს. სამწუხაროდ, ქუჩიდან ბავშვის მიღების უფლება არ მაქვს, იმიტომ, რომ ამას დაფინანსება უნდა მოჰყვეს და დაფინანსება ასე მიღებულ ბავშვთან გამორიცხულია. აქ სისტემური საკითხია და ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. პრობლემები არსებობს, თან ძალიან მწვავე, მაგრამ უიმედო და გადაუჭრელი ნამდვილად არაფერია.
ჯანდაცვის სამინისტროში გავარკვიეთ, რომ ამჟამად საქართველოში სამი ბავშვთა სახლი მოქმედებს: უნარშეზღუდულ ბავშვთა სახლები კოჯორსა და სენაკში და ჩვილ ბავშვთა სახლი. სამივე დაწესებულებაში 87 ბავშვია განთავსებული. ასევე არსებობს 45 მცირე საოჯახო ტიპის სახლი (თითოეულში 6-8 ბავშვით) და პოლონური მოდელის 10-ბავშვიანი სახლი. მთლიანად მცირე საოჯახო ტიპის სახლებში დღეისთვის განთავსებულია 341 ბავშვი. ორ ტრანზიტულ და ერთ კრიზისულ ცენტრებში ჯამურად განთავსებულია 25 ბავშვი. მინდობით აღზრდაში იმყოფება 1198 ბავშვი.
„ქრონიკა+“-ს ესაუბრება მარი წერეთელი _ ჯანდაცვის სამინისტროს მეურვეობა-მზურნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელი:
_ ვერ დაგეთანხმებით, რომ დეინსტიტუციონალიზაციის შემდეგ ქუჩაში ბავშვთა რაოდენობა გაიზარდა. არც ერთი ბავშვი, რომელიც დიდი ტიპის ბავშვთა სახლებში იყო განთავსებული, ქუჩაში არ დაბრუნებულა. ყველა მათგანი ინდივიდუალურად შევაფასეთ და ვინც შესაძლებელი იყო, ბოლოგიურ ოჯახში გავიყვანეთ, რომლის მონიტორინგი მუდმივად მიმდინარეობს. ოჯახების გაძლიერებაზე ჩატარებული მუშაობის შედეგად დიდ ბავშვთა სახლებში მყოფი ბავშვების 70% მათი დახურვის შემდეგ ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნდა, დანარჩენები ალტერნატიულ სერვისებში გადავანაწილეთ. „ქუჩის ბავშვები“ ნამდვილად არიან, მაგრამ ძველი ბავშვთა სახლებიდან გამოსული არც ერთი ბავშვი ქუჩაში არ დარჩენილა იმის გამო, რომ მისთვის სახელმწიფოში ადგილი არ გამოიძებნა. სახელმწიფოს ნამდვილად აქვს იმის რესურსი, რომ ბავშვები უკეთეს, ოჯახურ პირობებთან მიახლოებულ გარემოში გადავიყვანოთ. რაც შეეხება „ქუჩის ბავშვთა“ რაოდენობას, წელიწადნახევრის წინათ აზერბაიჯანში მიიღეს კანონი, რომელიც ქუჩაში მოწყალების მიღებასა და ბავშვების ყოფნას კატეგორიულად კრძალავს. შედეგად, ეს ბავშვები თავიანთი ოჯახებიანად საქართველოში გადმოვიდნენ. ჩვენ მიერ იდენტიფიცირებულია ქუჩაში მცხოვრები დაახლოებით 400-მდე ბავშვი. აქედან უმეტესობა აზერბაიჯანის მოქალაქეა, დაახლოებით 120 ბავშვი კი ჩვენთან სხვადასხვა ტიპის მომსახურებას იღებს. ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისთვის წელს დაიწყო სამდონიანი პროგრამა. გვყავს მობილური ჯგუფები, რომლებიც ახდენენ ბავშვების იდენტიფიცირებას, გვაქვს დღის ცენტრები, 24-საათიანი კრიზისული ინტერვენციის თავშესაფრები და ა. შ.
_ როგორც გავარკვიეთ, ჯერჯერობით, პრობლემებია ქუჩაში მცხოვრებ ბავშვთა დოკუმენტაციის მოწესრიგების კუთხით...
_ ქუჩაში მცხოვრებ ბავშვთა პიროვნების მაიდენტიფიცირებელ საბუთებთან დაკავშირებით პრობლემები ნამდვილად არსებობს. მთავარი პრობლემა ისაა, რომ ამ ბავშვების მშობლებსაც არ გააჩნიათ დაბადების დამადასტურებელი მოწმობები, ანუ მთელი თაობები არ არიან იდენტიფიცირებულები. იმისთვის, რომ ეს პრობლემა მოიხსნას, სამუშაო ჯგუფი დროებითი მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტის შექმნაზე მუშაობს, თუმცა „ქუჩის ბავშვებისთვის“ განკუთვნილი სერვისების მიღება მათ ამ დოკუმენტის გარეშეც შეუძლიათ. სამინისტრო მუშაობს დროებითი იდენტიფიკატორის მინიჭებისთვის, რომ ამ ბავშვებმა სრულფასოვნად მიიღონ განვითარებისთვის აუცილებელი საბაზისო საჭიროებები.
_ ამბობენ, „ქუჩის ბავშვები“ სააფთიაქო ნარკოტიკებს მოიხმარენ და ლგბტ თემშიც შედიანო...
_ რეცეპტურული სისტემის შემოღება საუკეთესოა, რაც დღევანდელ რეალობაში შეიძლებოდა მომხდარიყო. სააფთიაქო ნარკოტიკი მიუწვდომელი გახდა არა მხოლოდ ქუჩის ბავშვებისთვის, არამედ ყველა დანარჩენი მოზარდისთვის, ამიტომ ქუჩის ბავშვების მიერ წამლების მომხმარების შესახებ არაფერი მსმენია. რაც შეეხება, ლგბტ პირების იდენტიფიცირებას, ჩვენ ამას ვერ ვახდენთ. ფაქტია, რომ იმ ბავშვის რესოციალიზაცია, რომელმაც ქუჩაში 48 საათზე მეტი დაჰყო, ძალიან რთულია და დიდ მუშაობას საჭიროებს. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია მობილური ჯგუფების მიმართ ამ ბავშვებში ნდობის გამომუშავება, რომ ჩვენი სერვისებისაკენ წამოვიყვანოთ. სწორედ ამიტომ მობილურ ჯგუფში ფსიქოლოგისა და სოცმუშაკის გარდა შედის ადამიანი, რომელსაც უკვე აქვს ქუჩაში ცხოვრების გამოცდილება, იცის ბავშვთა თავშეყრის ადგილები და თუ რაზე უნდა ელაპარაკოს მათ. ასეთი ჯგუფების დახმარებით ქუჩაში მცხოვრები ბავშვები ჩვენს სერვისებში შემოგვყავს, თუმცა ჩვენი საბოლოო მიზანი ოჯახების გაძლიერება და ყველა ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში ცხოვრებაა.
„ქრონიკა+“-ს ესაუბრება ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი _ ნესტან ლონდარიძე:
_ ბავშვების მათხოვრობის შემთხვევები ყოველ ნაბიჯზე გვხვდება. თავს იჩენს მინიმუმ ორი პრობლემა: ერთი _ სახელმწიფოებრივი სტრუქტურების გულგრილობა და მეორე _ არასრულფასოვანი კანონმდებლობა. კერძოდ, ბავშვის წარმომადგენლობის უფლება აქვს მშობელს, ხშირად კი სწორედ მშობელია მოძალადე, რის გამოც მესამე პირს უჭირს ბავშვის უფლებების სხვადასხვა ინსტანციაში დაცვა. გამონაკლისია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში არსებული მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო, რომელსაც კანონმდებლობა საკმარის უფლებამოსილებას კი აძლევს, მაგრამ რეალურად ის მაინც უმოქმედოა: კანონმდებლობა არ არის საკმარისად დახვეწილი. რაც შეეხება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, გარდა გულგრილობისა, არაკომპეტენტური ორგანოა. არაფერს არ აკეთებს. რაც მე მქონდა შეხება, არაფერი გაუკეთებია.
აღნიშნულ პრობლემაზე „ქრონიკა+“-მა კომენტარი სთხოვა შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენელს _ მაკა ფერაძეს:
_ „ქუჩის ბავშვებთან“ დაკავშირებით პრობლემას კანონმდებლობა ქმნის. კანონით მხოლოდ მაშინ შეიძლება მათხოვრობის ფაქტის აღკვეთა, როდესაც პოლიციელმა დადასტურებულად იცის, რომ ბავშვი თავისი ნებით არ მათხოვრობს. რამდენიმე შემთხვევაზე საქმე უკვე აღიძრა.
ნელი თორდია