51 წლის არსენ გვენეტაძე პირველი ქართველი იქნება, რომელიც კოსმოსში ტურისტულად იმოგზაურებს. მან ამერიკაში სპეციალური მომზადების კურსი უკვე გაიარა და მოყვარული კოსმონავტის სერტიფიკატიც მიიღო. როგორც ცნობილია, კომპანია „ვირჯინ გალაქტიკი“ კოსმოსში მოგზაურობის შესაძლებლობას მსოფლიოს ყველა კუთხის ექსტრემალსა და მეოცნებეს მომავალი წლიდან მისცემს, მანამდე კი სპეციალური მომზადების კურსის გავლა და სერტიფიკატის მიღებაა საჭირო. არსენ გვენეტაძე ექიმია, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. ამჟამად ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის დირექტორად მუშაობს და უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს. ტყიბულში დაბადებული ბიჭი, რომელიც ახლა პროფესორია, მალე ბავშვობის ოცნებასაც აისრულებს და პირველი ქართველი იქნება, რომელიც კოსმოსს საკუთარი თვალით ნახავს. ამ შემთხვევაში განსაკუთრებული კიდევ ის არის, რომ ცოტა ხნის წინ მან მძიმე ონკოლოგიური სენი დაამარცხა, ამიტომაც განკურნებული ექიმი თავის კოსმოსურ ვოიაჟს ონკოპაციენტებს უძღვნის.
არსენ გვენეტაძე:
_ ოფიციალური მონაცემით, საქართველოდან „მომავლის ასტრონავტი“ ჯერ არ ყოფილა და ეს ტიტული პირველად მე მივიღე. წელიწადნახევარზე მეტია, რაც ამერიკაში, ფილადელფიის საწვრთნელ ცენტრში „მომავლის ასტრონავტთა“ ტრენინგები ტარდება და უკვე 450-მა მომავლის ასტრონავტმა მიიღო ეს სერტიფიკატი. საქართველოდან ვინც ეს შეძლო, პირველი ვარ, მაგრამ ამას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ, მთავარი ის არის, მივაღწიო დასახულ მიზანს. სიმართლე გითხრათ, ძალიან მაინტერესებდა, რამდენად შევძლებდი გადამეტანა ის ფიზიკური დატვირთვა, რომელიც ასტრონავტისთვის კოსმოსში გასაფრენად არის საჭირო. მიხარია, რომ გამომივიდა.
_ იქნებ, მოგვიყვეთ რისი დაძლევა მოგიხდათ და რა ბარიერები იყო გადასალახავი სწავლების პროცესში?
_ სხვადასხვა ხაზით არის ეს დატვირთვები ორგანიზმზე და ამისთვის გასწავლიან, თუ როდის, როგორ პოზიციაში უნდა იყო. როდის უნდა დაძაბო კუნთები, რომ მხედველობა აკონტროლო. მაგალითად, 100 პროცენტით სიმულაციაში რომ გავდიოდი, იქ მხედველობა წამებით მებინდებოდა. ამ დროს როგორ უნდა მოიქცე, რომ მობილიზება გააკეთო და მხედველობა აღდგეს, ეს ვისწავლეთ. გაგვარკვიეს, როგორ უნდა ისუნთქო, როგორ უნდა ამოძრაო დიაფრაგმა და ა. შ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი სხეულის მიერ სხვადასხვა დატვირთვის ამტანობის გამოცდა იყო, რომელიც სტრატოსფეროში გასვლისას ადამიანის ორგანიზმმა უნდა გაიაროს. მათ შორის იყო მიზიდულობის ძალის 6-ჯერ გაზრდილი დატვირთვა, რომლის დროსაც ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს კანი და მთელი შინაგანი ორგანოები უკან, ნეკნებზე იყო მიკრული. კოსმოსში გაფრენის მსურველს უხდება 6-ჯერ უფრო მეტი გრავიტაციული ძალის დაძლევა, რაც ნიშნავს იმას, რომ 6-ჯერ უფრო დიდი ზეწოლის ქვეშ უნდა მოხვდე, ვიდრე დედამიწაზე ყოფნის დროს ხარ. აჩქარების მაჩვენებელიც კოსმოსში უფრო მაღალია. იქ უწონადო მდგომარეობაში ხარ, ამიტომ ტრენინგებზე გვასწავლეს, თუ როგორ უნდა შევძლოთ ასეთ მდგომარეობებში სუნთქვა. კოსმოსში გაფრენის დროს ასეთი ზეწოლების გამო მხედველობა იკარგება და უნდა იცოდე, როგორ მოიქცე, ასე რომ არ მოხდეს. ამ მიზეზით დაკარგული მხედველობა საბოლოოდ მაინც აღდგება, მაგრამ კოსმოსში ხომ იმიტომ მიდიხარ, ყველაფერი რომ ნახო, დაათვალიერო და განიცადო. ყველაზე მთავარი კი მაინც ის არის, რომ არ უნდა გეშინოდეს. თუ გაფრენის გეშინია, კოსმოსში მოგზაურობაზე ფიქრიც კი უნდა დაივიწყო. თითოეული ჩვენგანის ფიზიკური მონაცემები შეამოწმეს. ტრენინგის დროს დახურულ კაფსულაში მოგვათავსეს და სრული იმიტაცია შეგვიქმნეს, თითქოს კოსმოსში მივფრინავდით. თუ ტრენინგის დატვირთვას ვერ გაუძლებ, ცხადია, სერტიფიკატს, ანუ ნამდვილ კოსმოსში გაფრენის უფლებას არავინ მოგცემს. წარმატებით გავიარე ფსიქოლოგიური, ფიზიკური და მენტალური გამოცდა და ამის შემდეგ მივიღე `მომავლის ასტრონავტის~ სერტიფიკატი. ხო, კიდევ, ტრენინგი რომ გაიარო, უნდა ჩახვიდე ამერიკაში და ავიაკოსმიურ კომპანიაში ამის შესახებ გააკეთო განაცხადი. მერე შენი მონაცემები რამდენჯერმე შემოწმდება, ფიზიკური მონაცემების უშუალო გარკვევის შემდეგ კი დებენ საექსპერტო დასკვნას. ამის შემდეგ გეძლევა უფლება, გაიარო ტრენინგები თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილში. ვინც ყველა ამ რგოლს წარმატებით გადალახავს, უწოდებენ სერტიფიცირებულ, მოყვარულ ასტრონავტს. მე ამას მივაღწიე და სერტიფიკატი ავიღე.
_ ახლა კოსმოსში გაფრენაღა დაგრჩათ, რომელიც, როგორც ითქვა, სოლიდური თანხა ღირს. კომპანია „ვირჯინ გალაქტიკი“ აცხადებს, რომ ბავშვობის ოცნების ახდენა, სულ რაღაც, 250 ათასი დოლარი ჯდებაო და მართლა ეს თანხა გექნებათ გადასახდელი გაფრენის წინ?
_ „ვირჯინ გალაქტიკი“ პირველი კომერციული ავიაკოსმოსური კომპანიაა, რომელიც სუბორბიტულ კოსმოსში ტურისტული რეისების ბიზნესს გეგმავს. ბრიტანული კომპანიის ხელმძღვანელი 64 წლის მილიარდერი, სერ რიჩარდ ბრენსონია. კოსმოსური ხომალდების მშენებლობას ის შეერთებულ შტატებში, ლოს-ანჯელესის ჩრდილოეთით მდებარე მოხავის უდაბნოში, ქალაქიდან, დაახლოებით, 160 კილომეტრის მანძილზე მდებარე ბაზაზე შეუდგა. სამწუხარო იცით, რა არის? _ ყველა იმას რომ კითხულობს, რა ეღირება ტურისტულად კოსმოსში გაფრენაო? მე გავიარე რთული ტრენინგი და საკუთარ თავს კიდევ ერთხელ დავუმტკიცე, რომ ეს შემიძლია. ფრენები, სავარაუდოდ, 2015 წლიდან უნდა დაიწყოს და ვფიქრობ, გამოჩნდებიან კომპანიები, რომლებიც სიამოვნებით გაიღებენ ამ თანხას საკუთარი ქვეყნის ამ ფორმით რეკლამირებისთვის. ერთ-ერთი პირველი გაფრენის რეკლამაში არა მგონია, 200 ათასი არ გადაიხადონ, ამიტომ ამ საკითხებზე ნამდვილად არ ვფიქრობ. მჯერა, რომ სპონსორი აუცილებლად გამოჩნდება. სულაც არ ვაპირებ მოყვარული ასტრონავტობით გავხდე ცნობილი ადამიანი. ჩემთვის მთავარი მაინც ჩემი პროფესიაა. ეს არის ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლითაც შემიძლია ადამიანებს დავეხმარო; კოსმოსში გასვლა კი გახლავთ მიზნის ასრულება, საკუთარი თავის სიამოვნება და იმის ჩვენება, რომ შეუძლებელი არაფერია.
_ ერთდროულად კოსმოსში სამოგზაუროდ რამდენი ადამიანი უნდა წახვიდეთ? როგორც ამბობენ, მოყვარული ასტრონავტის სერტიფიკატი მსოფლიოში ცნობილმა მსახიობებმაც მიიღეს და მათთან ერთად გაფრენა უფრო ძვირი ეღირებაო. თანამგზავრები თქვენც ხომ არ გყავთ უკვე შერჩეული?
_ 6 კაცი ჯდება ტურისტულ ხომალდში _ პილოტი და 5 ტურისტი. დიახ, ყველაფერი წინასწარ არის დაგეგმილი. ეს იქნება ხანმოკლე, დაახლოებით, 2-საათიანი ფრენა-მოგზაურობა. ანჯელინა ჯოლიმ და ლეონარდო დი კაპრიომაც გაიარეს მოყვარული ასტრონავტის ტრენინგები. მათთან ერთად მოგზაურობის საწინააღმდეგო მართლა არაფერი მაქვს, მაგრამ მე ექიმი, პროფესორი ვარ, ისინი მსახიობები არიან და ამით ყველაფერი ნათქვამია. ვის რამდენი ფული აქვს, არ არის ჩემი საქმე და არც მაინტერესებს. დედამიწაზე ყველა ადამიანს ერთმანეთის თანაბრად მივიჩნევ, ამიტომ არასდროს მიჩნდება ხოლმე სურვილი, ვინმე წარმოჩინებულის გვერდით დამაყენონ. ამ შემთხვევაშიც ასეა. მილიარდერი სერ რიჩარდ ბრენსონი არის კოსმოსში ასეთი ფრენების დამგეგმავი და განმახორციელებელი. ერთ-ერთ ფოტოზე მისი შვილი სემ ბრენსონი ჩემს გვერდით დგას და მეორე მხარეს მთელი ამალა უდგას _ პირადი ექიმები, ასტრონავტები და სხვა. ასე რომ, ყველა მართლაც თანაბარია. კოსმოსში ფრენას ჩემს ექიმობასთან არავითარი შეხება არ აქვს. ეს იყო სამსახურსგარეთა ინტერესი, რომელიც მაძლევს მუხტსა და ენერგიას, ძირითად პროფესიაში ახალ წარმატებებზე ვიფიქრო და ის რუტინა არ გახდეს. ბარაკ ობამა, რომელიც დაიბადა ჰავაის კუნძულებზე და მამაც კი არ ჰყავდა გვერდით, ამერიკის პრეზიდენტი გახდა. მანამდე აფროამერიკელი ამერიკის პრეზიდეტი არასდროს ყოფილა, მაგრამ მან ეს შეძლო, გამოუვიდა. ყველა ადამიანს თქვენი გაზეთით მინდა ასეთი მესიჯი გავუგზავნო: არ შეგეშინდეთ ოცნების. მთავარია, ოცნება მიზნად დაისახოთ და ძალა არ დაიშუროთ მის შესასრულებლად. შეუძლებელი არაფერია. აგერ მე, საქართველოს რიგითმა მოქალაქემ, ტყიბულში დაბადებულმა და გაზრდილმა ექიმმა, უნივერსიტეტის პედაგოგმა ასეთი ნაბიჯის გადადგმა შევძელი და თქვენც შეძლებთ!
_ როგორც შევიტყვეთ, რამდენიმე წლის წინათ თქვენ კიბოს დიაგნოზი დაგისვეს, მაგრამ ახლა ჯანმრთელად ხართ. ესეც ასეთი მიზანდასახულობის შედეგია?
_ განსაცდელში იმდენჯერ მოვხვედრილვარ, რომ რამდენჯერმე სიკვდილსაც გავუსწორე თვალი და შიშის შეგრძნება თითქმის დავკარგე. 4 წლის წინ მსხვილი ნაწლავის კიბოს დიაგნოზი დამისვეს და ბოლო ოპერაციაზე მისი ამოკვეთა მომიხდა. ჩემი მეგობრისგან, სანდრო ვახტანგოვისგან, შევიტყვე „ვირჯინ ატლანტიკის“ არსებობის შესახებ და მაშინვე ბავშვობის ოცნების ასრულებაზე დავიწყე ფიქრი. მთავარია, რამდენად დიდია ადამიანის აზროვნების, მიზნის, ფიქრის თვალსაწიერი და რამდენად არ არის ის ერთ ნაჭუჭში ჩაკეტილი, დანარჩენი ყველაფერი მიიღწევა.
ნელი ვარდიაშვილი