2006 წელს ნავთლუღის ხმაურიანი სპეცოპერაცია ჩატარდა, რომლის დროსაც სამი ახალგაზრდის ლიკვიდაცია განხორციელდა. საკმაოდ მძიმე და ამ დრომდე გამოუძიებელ საქმეზე გიორგი მაზმიშვილს, ლევან ქარდავასა და დათა ახალაიას სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე (განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობა) და 333-ე (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) მუხლებით ბრალდება წარედგინათ. პროკურატურის ინფორმაციით, ნავთლუღის სპეცოპერაციის დროს სამი საკონტროლო გასროლა მოხდა, ერთი დათა ახალაიას მხრიდან, მეორე გიორგი მაზმიშვილისა და მესამე პირის ვინაობა ამ დრომდე უცნობია.
ხმაურიანი საქმის კიდევ რა დეტალებია უცნობი, რას გაურბის როგორც მთავარი პროკურატურა, ისე შინაგან საქმეთა სამინისტრო და რატომ ჩნდება ისეთი კითხვები, რომელზეც პასუხის გაცემა დღეს უჭირს თანამედროვე სამართალს? ვისი პირადი პატიმარია გიორგი მაზმიშვილი? რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ის პროკურატურას თანამშრომლობაზე დასთანხმდებოდა და ახალაიების წინააღმდეგ ჩვენებას მისცემდა? ჰგავს თუ არა გასული „9-წლიანი“ საქართველოს საგამოძიებო უწყების „შეკერილი სამართალი“ „ოცნების“ 2 წლის მანძილზე „აღდგენილ სამართლიანობას?“ _ ყველა ეს კითხვა და გამოძიების მიღმა დარჩენილი დეტალები იმ ინტერვიუში, რომელიც გიორგი მაზმიშვილის ადვოკატთან,
მალხაზ ველიჯანაშვილთან „ქრონიკა+“-მა ჩაწერა:
_ საქმეში სულ ორი ადამიანია, ვინც გიორგი მაზმიშვილს ხელს ადებს _ ტრისტან წითელაშვილი და ჯონი ჯოხარიძე. ჩვენ თავიდანვე ვიცოდით, რომ ისინი ტყუოდნენ. მართალია, ამ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგა, მაგრამ კარგი ის მოხდა, რომ ტრისტან წითელაშვილის ჩვენება სასამართლომ არ გაიზიარა, რადგან სასამართლოზე დადასტურდა, რომ ის შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდა.
_ ამის შემდეგ საქმეში ჩნდება მეორე მოწმე ჯონი ჯოხარიძის სახით, ხომ?
_ დიახ! მიუხედავად იმისა, რომ ჯონი ჯოხარიძეც არ ყოფილა შემთხვევის ადგილზე, რასაც ადასტურებს ყველა მოწმე, რატომღაც, ტრისტან წითელაშვილისგან განსხვავებით, სასამართლომ ჯონი ჯოხარიძის ჩვენება გაიზიარა. ჩვენ დავკითხეთ დარაჯი იმედა ბერიანაშვილი, რომელმაც წითელაშვილის ყოფნა გამორიცხა, მეორე დღეს მოვიდა და მე მოვუყევი ამბავიო. ასევე არ დაადასტურა ჯონი ჯოხარიძის არათუ იქ ყოფნა, არამედ იმ პერიოდში, საერთოდ მისი უბნის ინსპექტორობის შესახებ ინფორმაცია. სურათიც ვანახეთ, მაგრამ ასეთ პიროვნებას არ ვიცნობთ, შეხებაც არ ჰქონია ჩვენთანო. აქ ყველაზე ცუდი ის გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომ არ გადმოგვცა ოფიციალური დოკუმენტი იმის შესახებ, ჯონი ჯოხარიძე იყო თუ არა იმ დროს იმ რაიონის უბნის ინსპექტორი ნამდვილად, ან მიმაგრებული იყო თუ არა იქ, რა ტელეფონით სარგებლობდა, რა დროს მორიგეობდა და ა. შ. სამწუხაროდ, ამ ყველაფერზე ამომწურავი პასუხი არ მიგვიღია. ის ამბობს, რომ ჩემს კუთვნილ მანქანაში (ასახელებს გოლფ-3-ს), ფერი არ მახსოვს, საწვავს ვასხამდიო. ანუ ფერი და მანქანის ნომერი რომ არ ახსოვდა, ამან ძალიან დაგვაეჭვა, რადგან როგორ შეიძლება საკუთარი მანქანის ნომერი არ გახსოვდეს? თან ეჭვიც გვქონდა, რომ მაშინ სხვა მანქანა ჰყავდა. ოფიციალურად ავიღეთ კიდეც დოკუმენტი მომსახურების სააგენტოსგან, რომლითაც დადასტურდა, რომ ჯონი ჯოხარიძეს იმ პერიოდში საერთოდ არ ჰყავდა მანქანა და მხოლოდ 2006 წლის ბოლოს შეიძინა. ეს დოკუმენტიც დევს საქმეში.
_ გაითვალისწინა ჯოხარიძის ჩვენება სასამართლომ?
_ სამწუხაროდ, სასამართლომ მისი ჩვენება გაითვალისწინა!
_ თუ ტრისტან წითელაშვილის ჩვენება არ გაითვალისწინა, რომლის იდენტურიც იყო ჯოხარიძის ჩვენება, მაშინ რის გამო დაიშვა ჯოხარიძის შემთხვევაში გამონაკლისი სასამართლოს მხრიდან?
_ ერთადერთი ახსნა აქვს ამას: სასამართლოს უნდოდა უკანონო განაჩენის გამოტანა და სხვა გზა არ ჰქონდა, რომ არ გაეზიარებინა ჯოხარიძის ჩვენება, საქმე რჩებოდა მტკიცებულების გარეშე. რა თქმა უნდა, იმაზე აღარ ვსაუბრობ, თუ რა წინააღმდეგობებია ჯონი ჯოხარიძის ჩვენებაში, რომელიც ყველა მოწმის ჩვენებას უპირისპირდება. მაგალითისთვის წარმოიდგინეთ: შემთხვევის ადგილზე მყოფი 20-ზე მეტი ადამიანი დაიკითხა ამ საქმეზე და ერთ მათგანსაც კი არ დაუდასტურებია, რომ ჯონი ჯოხარიძე იქ იმყოფებოდა, მეტიც, საერთოდ უცხო პიროვნების ყოფნასაც გამორიცხავს ყველა მოწმე.
_ რას შეიძლება დავუკავშიროთ ჯოხარიძის „ოქროს მოწმედ“ გაყვანა საქმეში? გარკვეულ პოლიტიკურ ნიშნებსაც ხომ არ ხედავთ? მის გავლენიან სამეგობროზე დღეს ძალიან ბევრს საუბრობენ... სახეზეა მისი დაწინაურებაც, თან ჩვენების მიცემისთანავე...
_ აი, რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს და მის სამეგობრო წრეს, დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით, რადგან არ ვიცი. ისე კი თავად ჯონი ჯოხარიძის ჩვენება და მისი დაწინაურებები დროში ძალიან საეჭვოდ ემთხვევა ერთმანეთს. პირველ რიგში, ის ინიშნება გამოსაცდელი ვადით და ეგრევე გადაჰყავთ სიღნაღში სამმართველოს უფროსად. შემდეგ ჯონი ჯოხარიძე ჩვენებას აძლევს თუ არა, ყოველთვიურად იღებს პრემიებს და მეტიც, ერთი წლის განმავლობაში ორჯერ იღებს ვადაზე ადრე წოდებას! შემდეგ მოდის ისევ სასამართლოში, ჩვენებას აძლევს თუ არა, ერთ კვირაში უკვე გადმოდის გენერალური ინსპექციის უფროსად და აწინაურებენ საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე.
_ პროცედურულად რა ეტაპია გასავლელი იგივე წოდების მიღებისთვის ერთი წლის მანძილზე ორჯერ? ცხადია, ეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას უნდა უკავშირდებოდეს, ან დანაშაულთან მიმართებით განსაკუთრებული ბრძოლის, მიღწევების დაფიქსირებას, ასევე პრემიების დარიცხვაც საქმიანობასთან კავშირში უნდა იყოს. რა გააკეთა ჯონი ჯოხარიძემ ჯერ სიღნაღში და მერე, ზოგადად, სისტემაში ყოფნის პერიოდში, ასე მოკლე დროში რომ მიაღწია წოდებებსაც და დაწინაურებებსაც?
_ გეტყვით! მაგალითად, ჩვენ გვაქვს პირადი საქმე, სადაც წერია, რომ მიიღო პრემია კარგი მუშაობისთვის; მიიღო პრემია რაღაც კარგი სამსახურისთვის, გამოჩენილი დამსახურებისთვის, მაგრამ კონკრეტულად არაფერი წერია ამ დამსახურებების შესახებ.
_ ანუ ამ წოდებების, პრემიების პარალელურად, არ მოიძებნება რაიმე ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ჯონი ჯოხარიძის დამსახურებებს გაუსვამდა ხაზს?
_ არ ვიცი! აი, ვინმეს თუ ახსენდება, რომ სიღნაში რამე მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩატარდა, ან სპეცოპერაცია, ან კიდევ ხმაურიანი საქმე გაიხსნა, კი ბატონო, გავიზიარებთ, მაგრამ მე პირადად მსგავსი რამ სიღნაღთან მიმართებით არ მსმენია. ან კრიმინალი შემცირდა, დამნაშევეები დააკავეს, თან ისეთი მასშტაბის, რომ ყოველთვე ადამიანს პრემიები მისცე და ასევე ერთი წლის განმავლობაში წოდება ორჯერ მოუმატო, ნამდვილად არ გამიგია.
_ რამდენს შეადგენდა ჯოხარიძის ყოველთვიური პრემიები?
_ სხვადასხვა თანხას: 500, 1000, 1200, 1500 _ დაახლოებით ამ ფარგლებში სულ!
_ ვრცელდება ინფორმაცია, რომ დღეს ჯონი ჯოხარიძე „ნაციონალების“ მხრიდან დევნილ პოლიციელად ასაღებს თავს...
_ არ ვიცი, მე მართლა არ მსმენია ეგ თემა. თავად თქვა პროცესზე, რომ ამ ფაქტის მერე გადაწყვიტა პოლიციიდან წასვლა. თუმცა ჯონი ჯოხარიძეს მხედველობიდან გამორჩა ერთი რამ _ პოლიციიდან მიდის 2006 წლის ივნისში, მაგრამ იანვრიდან ივნისამდე ის კიდევ სხვა თანამდებობაზე გადადის. საინტერესოა, რატომ მაშინ არ უჩნდება ჯოხარიძეს ის განცდა, რომ მკვლელობას შეესრწო და ამის გამო წავიდა პოლიციიდან?! ერთი შეცდომა ისიც დაუშვა, როცა განაცხადა, _ ამ ფაქტის გამოძიება რომ არ ხდებოდა, ამიტომ წავედიო... კითხვა რომ დავუსვით, _ რატომ არ განაცხადე პროკურატურაში, ან პოლიციაშიო? ასე გვიპასუხა, _ მე მეგონა, რომ ეს საქმე გამოძიებული იყო და თვითონ დამიძახებდნენო. ანუ მანამდე თუ ამბობდა ჩვენებაში, რომ არ იძიებდნენ, ამის გამო წავედი პოლიციიდანო, მერე შეცვალა ვერსია და თქვა, რომ არ განვაცხადე ამ ფაქტის შესახებ, მეგონა, გამოძიებული იყოო. ანუ ჯონი ჯოხარიძე თავის თავთან წინააღმდეგობაში მოდის ყველა ნაბიჯზე. ისე კი „ნაციონალების“ მხრიდან დევნაზე არ უსაუბრია, რაც პოლიციიდან წამოვიდა, სულ მუშაობდა, „თელასშიც“ საკმაოდ მაღალი თანამდებობა ეკავა.
_ დავუბრუნდები გიორგი მაზმიშვილის საკითხს: რა სახის ზეწოლა მიმდინარეობდა მასზე, რას ითხოვდნენ მისგან და მის საქმეში რა დარღვევებია?
_ როგორც გიორგი მაზმიშვილი ამბობს, პირველ რიგში, იგი დააკავეს საკმაოდ სერიოზული დარღვევებით. ფაქტობრივად, ეს ადამიანი სხვაგან დააკავეს და დაკავების ადგილი სხვა ჩაუწერეს: ანუ როცა ის იმყოფებოდა მოსკოვის გამზირზე ავტოსამრეცხაოში, თავს დაესხნენ, ჩასვეს მანქანაში, კუთვნილი მანქანა იქ დაუგდეს და წამოიყვანეს პროკურატურაში, სადაც ასეთი საუბარი შედგა _ თუ მისცემდა გიორგი მაზმიშვილი დავით ახალაიაზე, ბაჩანა ახალაიაზე, ლევან ქარდავაზე ჩვენებას, ის საქმეში დარჩებოდა ჩვეულებრივ მოწმედ და ბოლოს გაუშვებდნენ. აი, ამ მოლაპარაკების შემდეგ უკვე ადვოკატი შედის მასთან და ეუბნება იქ მყოფ პირებს, _ თუ მაზმიშვილის დაკითხვა მიმდინარეობს, მაშინ, შესაბამისად, ოქმში ასახვა უნდა მოხდეს, თუ ეს მხოლოდ გასაუბრებაა, რისი უფლებაც არ გაქვთ, მე მიმყავს ჩემი კლიენტიო. მხოლოდ ამის მერე ხდება დადგენილების გადმოღება. ირკვევა, რომ, თურმე, დაკავების განჩინებაც იყო გაცემული, რის შემდეგაც დააკავეს გიორგი მაზმიშვილი და დაკავების ადგილად ჩაუწერეს პროკურატურა, მაშინ როცა რეალურად ის ავტოსამრეცხაოდან აიყვანეს.
სამწუხარო ის არის, რომ აი, ამ ფაქტებს, რომელიც ჩვენ დავადასტურეთ პროცესზე, სასამართლოს მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. ყველაზე ცუდი კიდევ ის იყო, რასაც გიორგი მაზმიშვილი ჰყვება, _ როდესაც შეჰყავდათ პროკურატურაში, ის დაახლოებით 10 წუთი გააჩერეს უკან, ავტოსადგომზე, სადაც იდგნენ ადამიანები, რომლებსაც ანიშნებდნენ მასზე. ანუ გიორგისვე გაუჩნდა ეჭვი, რომ ვიღაც ამოცნობას უპირებდა და რომ კარგად დაემახსოვრებინა სახეზე, არ შეშლოდა, ამის გამო წინასწარ ანახეს. დაკავების მეორე დღეს უნდა ჩაეტარებინათ ამოცნობა ჯონი ჯოხარიძესთან და კიდევ ერთ-ერთ მოწმესთან. ბუნებრივია, მაზმიშვილმა უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ, _ მე უკვე ვიღაცას დამანახეს, მოვა ის ადამიანი და დამადებს ხელსო. მიუხედავად უარისა, ფოტოსურათით ამოცნობა ჯონი ჯოხარიძეზე მაინც ჩაატარეს და მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამოცნობის ეს ოქმი, დარღვევებიდან გამომდინარე, ჯერ კიდევ სასამართლოს წინა სხდომაზე მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ დაუშვებლად ცნო და მიუთითა, რომ მოწმე ვერ ამბობდა იმ ნიშნებს ვერც ჩვენებაში და ვერც ამოცნობის დროს, რაც საკმარისი იყო ადამიანის ამოსაცნობად; ხოლო იმ სასამართლომ, რომელმაც უკვე განაჩენი დააყენა, გაიზიარა ის, რომ მოვიდა და თქვა, _ გიორგი მაზმიშვილი იყო, ამოვიცანიო! რით ამოიცნო, ნიშნებს ვერ ამბობდა. ის დაავიწყდა და არ გაითვალისწინა საერთოდ სასამართლომ, რომ მისი ამოცნობის ოქმი დაუშვებელი იყო. აი, ასეთი უამრავი დარღვევით არის განაჩენი დამდგარი.
_ კიდევ რა მტკიცებულებებია, თქვენი როგორც დაცვის მხარისთვის საქმეში, რომელიც ადასტურებს გიორგი მაზმიშვილის უდანაშაულობას?
_ გეტყვით! ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება ის არის, რომ სასამართლო ერთპიროვნულად იზიარებს სპეცრაზმელების ჩვენებას. ამ საკითხში პირადად მე ვერ ვხედავ ჩვენთვის რამე ცუდს. სპეცრაზმელები თავის დროზე იკითხებოდნენ, ხუთი ადამიანი ამბობდა, რომ მათ განახორციელეს ლიკვიდაცია, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობით გადათქვეს, _ ჩვენ ლიკვიდაცია არ მოგვიხდენია, ვინ განახორციელა, არ ვიცითო! სასამართლო ამათ ჩვენებას დაეყრდნო და დაადგინა, რომ სპეცრაზმს არ ჩაუტარებია სპეცოპერაცია, მაგრამ აქ არის ის დეტალი, რომ სულ ხუთი ადამიანია დაკითხული, სპეცრამზში კი იყო თოთხმეტი კაცი. შალვა თათუხაშვილი რამდენად მონაწილეობდა, ეს დადგენილია მისი ჩვენებით, კიდევ რამდენიმე სპეცრაზმელი იყო მის გვერდით, მაგრამ არ ახსოვდა გვარები.
_ კიდევ რა გამორიცხავს ჯონი ჯოხარიძის ჩვენებას?
_ სპეცრაზმი ამბობს, ჩვენ ვიმყოფებოდით ნავთლუღის მიმდებარე ტერიტორიაზე, მანქანაში ვისხედით, როდესაც გავიგეთ სროლის ხმა ავტოსადგურის ტერიტორიიდან, გადმოვედით მანქანიდან და დავიწყეთ გზაზე გადასვლაო. ჯერ კიდევ გადასული არ ვიყავით, სროლის ხმა რომ შეწყდა, რის შემდეგაც ყველა დავდექით პერიმეტრის დასაცავადო, ანუ ყველა სპეცრაზმელი ადასტურებს, რომ რაც ისინი პერიმეტრზე განლაგდნენ, ტყვია არ გავარდნილა საერთოდ, მაგრამ შიგნით რა ხდებოდა, არ დაგვინახავსო. ახლა ნახეთ, რას ამბობს ჯონი ჯოხარიძე? _ მე მივედი სპეცრაზმელებთან, ვუთხარი, რომ ვიყავი თანამშრომელი და შევედი შიგნითო. იქ უკვე დავინახე, როგორ მისდევდნენ უიარაღოებს ფეხდაფეხ, როგორ ისროლა გიორგი მაზმიშვილმა და განახორციელა საკონტროლო გასროლა ერთ-ერთ გარდაცვლილზეო!
პირველი უზუსტობა _ სპეცრაზმელები გამორიცხავენ, რომ მას შემდეგ, რაც პერიმეტრის დაცვა დაიწყეს, არათუ ჯონი ჯოხარიძე, არამედ საერთოდ არავინ გაუტარებიათ, რადგან ამის უფლება არ ჰქონდათ. დავუშვათ ისიც, რომ გავიზიაროთ, ჯონი ჯოხარიძე დაუსხლტა მათ და შეძვრა მაინც _ ყველა სპეცრაზმელი ხომ ადასტურებს უტყუარად, რომ მათი პერიმეტრზე განლაგების შემდეგ ერთი ტყვიაც არ გავარდნილა? გამოდის, ჯოხარიძე რომც შესულიყო, რასაც ყვება, _ უიარაღოებს მისდევდნენ, ესროდნენ და საკონტროლო გასროლა მაზმიშვილმა განახორციელაო, არ დასტურდება, რადგან გასროლა არ ყოფილა! აქედან დასკვნა _ ამ ყველაფერს იგონებს ეს ადამიანი და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ჯოხარიძის ჩვენება წინააღმდეგობაში მოდის ყველა იქ მყოფი ადამიანის ჩვენებასთან. მოსამართლეს კი კანონი არ აძლევს უფლებას, რომ გაიზიაროს ეს ჩვენება.
ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენ თვითონვე გვინდოდა, რეალობა დაგვედგინა, მაგრამ არ გვაქვს ამის საშუალება. დაცვის მხარემ მივწერეთ, გადმოეცათ ჩვენთვის გიორგი მაზმიშვილის, ლევან ქარდავას, დავით ახალაიასა და სხვა ბრალდებულების ავტომატები, ისევე როგორც სპეცრაზმელების ავტომატები და ჩვენ ჩავატარებდით ექსპერტიზას, იყო თუ არა დამთხვევა გარდაცვლილის ორგანოებიდან ამოღებულ ტყვიასა და ამ ავტომატებიდან გასროლილ ტვყიებს შორის. ამ საკითხზე არც თანხმობას გვეუბნებიან, არც _ უარს. მოთხოვნიდან 8 თვე გავიდა ზუსტად, ჯერჯერობით, არანაირი პასუხი არ მიგვიღია. სამინისტროსაც მივწერეთ, კონსტიტუციურსაც, მინისტრსაც მივწერეთ, მაგრამ ყველა დუმს. გარდა ექსპერტიზის მოთხოვნისა, ჯონი ჯოხარიძე იქ რომ არ იმყოფებოდა, ამის დასადასტურებლად უამრავი წერილი გავგზავნეთ: ტელეფონის დეტალურ ამონაწერს ვითხოვდით, რადგან ადამიანი როცა ლაპარაკობ, ფიქსირდები ანძაზე. ჯოხარიძემ დაწერა ჩვენებაში, რომ მქონდა გარკვეული ნომერიო, როცა მოვითხოვეთ, ნომერი ამოეღოთ, ჩვენება შეაცვლევინეს და დააწერინეს, რომ ეს ნომერი შეიძლება არც კი მქონდა იმ დროსო. ნუ, კარგი, შეიძლება არც ჰქონდა, მაგრამ სხვა ნომერი ხომ ჰქონდა? წარმოიდგინეთ, იმ სხვა ნომერსაც ვერ იხსენებდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მივწერეთ, რომ თუ მოქმედი პოლიციელი იყო თანამშრომელი, ტელეფონის რომელი ნომრით სარგებლობდა 2006 წელს, მაგრამ არც ამ წერილზე მიგვიღია პასუხი.
სამაგიეროდ, ჯონი ჯოხარიძე და ტრისტან წითელაშვილი გამოძიებასთან იმაზე მეტად და აქტიურად თანამშრომლობენ, ვიდრე საჭიროება მოითხოვს. ყველა საგამოძიებო მოქმედებაში იღებენ მონაწილეობას და დათქმულ დროს მიდიან. არავის გაუმახვილებია ყურადღება და დაცვის მხარემ დავადგინეთ, რომ შეცდომები იყო შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში. კუთხე აფთიაქსა და გვამებს შორის იყო ახლოს დახაზული, მართალია, მასშტაბები იქ არ ეწერა, მაგრამ რეალურად იყო გაზომილი და ეწერა, რომ ერთ-ერთ კუთხემდე 38 მეტრი იყო. ჩვენ სპეციალისტი მოვიწვიეთ და ოფიციალურად დავხაზეთ, სინამდვილეში აღმოჩნდა 42 მეტრი, ანუ დადგინდა, რომ ჯონი ჯოხარიძეც და ტრისტან წითელაშვილიც გიორგი მაზმიშვილსა და სხვა ბრალდებულებს ხედავდნენ ღამე, განათების არმქონე მონაკვეთზე 42 მეტრის რადიუსში. ჩვენ ასევე გაქვს ოფიციალური დოკუმენტი შესაბამისი სამსახურიდან, რომ იმ დროს, საუბარია 2006 წელზე, აღნიშნულ ტერიტორიაზე არ იყო დამონტაჟებული გარე განათების ლამპიონები. ასევე, საგულისხმოა ისიც, რომ ჩვენ გვაქვს ოფიციალური დოკუმენტი მეტეოროლოგიური სამსახურიდან, თუ როგორი ამინდი იყო იმ დღეს. ირკვევა, რომ ზუსტად იმ დღეს, ღრუბლიანობის 10-ბალიანი სისტემიდან, 10-ვე ბალით იყო ღრუბელი, ნისლი და თოვლჭყაპი. ახლა ხომ წარმოგიდგენიათ, რამდენად ძნელია 42 მეტრში, მსგავს ამინდში, თან ჩაბნელებულ ტერიტორიაზე, ადამიანი ამოიცნო?
_ საგამოძიებო ექსპერიმენტი რომ ჩაგეტარებინათ, არ შეიძლებოდა?
_ ვაპირებდით კიდეც ამ ექსპერიმენტის ჩატარებას, რისთვისაც დავუკავშირდით ჯონი ჯოხარიძესაც და ტრისტან წითელაშვილსაც, მაგრამ მათ უარი განაცხადეს. წითელაშვილმა შეურაცხყოფაც კი მიაყენა ადვოკატს, უზრდელურად ესაუბრა. არ მოვიდნენ ექსპერიმენტში მონაწილეობის მისაღებად, რაც ცოტა დამაბნეველიცაა და საეჭვოც. პროკურატურასთან მიდიან და ყველა ჩვენებას აძლევენ, ჩვენთან უარს აცხადებენ. თან ერთი დეტალიცაა: ვიცოდით, რომ წითელაშვილს პრობლემები ჰქონდა მხედველობასთან დაკავშირებით, მივიღეთ შესაბამისი ინფორმაცია და გადავწყვიტეთ _ მოდი, ექსპერტიზა მაინც დავნიშნოთ, ექიმთან მივიყვანოთ, რომ დავადგინოთ, რამდენად კარგად ხედავს ტრისტან წითელაშვილიო, თუმცა არც ამ წინადადებაზე დაგვთანხმდა. ეს ყველაფერი საქმეში დევს, მიუხედავად ყველა აქ ჩამოთვლილი დარღვევისა, მოსამართლემ მაინც უკანონო გადაწყვეტილება მიიღო.
_ რას აპირებთ?
_ უკვე დავასრულე სააპელაციო საჩივრის შედგენა, დაცვის ქვეშ მყოფ ყველა პირს ხელი მოვაწერინე, 21 ნოემბრის რიცხვით უკვე შევიდა სააპელაციო საჩივარი სასამართლოში. იმედს ვიტოვებთ, რომ სააპელაციო სასამართლოში ობიექტურად მოხდება ყველა მტკიცებულების შეფასება, რაც არის წარმოდგენილი და ერთხელ და სამუდამოდ იზეიმებს სამართალი.
_ ვისი პატიმარია გიორგი მაზმიშვილი?
_ კონკრეტულად, თუ ვისი პატიმარია, ვერ გეტყვით, მაგრამ ის არის პატიმარი იმიტომ, რომ არ მისცა ცრუ ჩვენება ბაჩანა და დავით ახალაიების წინააღმდეგ. სხვა ამ ადამიანს არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია, არც სხვა ადამიანებს მიუძღვით ბრალი. როდესაც გიორგიმ სიმართლე განაცხადა და არ დაეთანხმა პროკურატურის მოთხოვნას, რომ როგორმე მტკიცებულება შეექმნა ახალაიებზე, მხოლოდ და მხოლოდ, ამის გამო არის ის პატიმრობაში!
ნანა თვალაბეიშვილი