QronikaPlus
რა უთხრა ნანა ლეჟავამ ირაკლი ოქრუაშვილს?

რა უთხრა ნანა ლეჟავამ ირაკლი ოქრუაშვილს?

2014-11-30 09:28:04

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილ რწმუნებულს 12 წელი მიუსაჯა. ემზარ კვიციანის სასჯელს თბილისში მისი მეგობრებისა და ყოფილი თანამებრძოლების საპროტესტო აქცია მოყვა. შიმშილობის აქცია დაიწყეს ყოფილმა ვეტერანებმაც, ისინი ხელისუფლებისგან კვიციანის უპირობო განთავისუფლებას ითხოვენ. რა მოხდა კოდორში? ვინ ხელმძღვანელობდა სპეცოპერაციას და რა ინფორმაცია მიაწოდა ირაკლი ოქრუაშვილს კოდორიდან დაბრუნებულმა ჟურნალისტმა ნანა ლეჟავამ? „ქრონიკა+“ პოლიციის პოლკოვნიკს, კოდორის მოვლენების უშუალო მონაწილეს, ირაკლი ფირცხალავას ესაუბრება: _ ბ-ნო ირაკლი, გმადლობთ, რომ ინტერვიუზე დამთანხმდით. დავიწყოთ იმით, რომ ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ემზარ კვიციანს მიუსაჯა 12 წელი. _ 12 არა, 16 წელი მიუსაჯა, უბრალოდ, ამნისტია შეეხო. _ როცა ემზარ კვიციანი საქართველოში დაბრუნდა, მაშინ გაიჟღერა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ ის შეთანხმებული იყო „ოცნების“ ხელისუფლებასთან. ფაქტია, რომ წინასწარი გარიგების კვალი აქ არ ჩანს. რა მოხდა, თუ გაქვთ ინფორმაცია? _ ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, შემიძლია მხოლოდ ლოგიკური ვარაუდი გამოვთქვა: ვიღაცასთან იქნებოდა შეთანხმებული, აბა, ისე ხომ არ ჩამოვიდოდა? როგორ უნდა იმართლოს თავი, გამორიცხული თემაა. _ დავიწყოთ თავიდან: კოდორის ხეობაში ემზარ კვიციანი იყო პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული. იქ ფუნქციონირებდა ბატალიონი „მონადირე“, რომელიც ჯერ იყო არაფორმალური სამხედრო გაერთიანება, შემდეგ გადავიდა თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში. _ ჰო, ზუსტად მაქედან უნდა დავიწყოთ. მე სუფთა პოლიციურად შემიძლია ეს ვითარება მოგახსენოთ, რაც იყო მანამდე და რაც მოხდა მერე, რა მდგომარეობა ჩამოყალიბდა იქ სამთავრობო ძალების შეცვლის მერე. კოდორის ხეობა, როცა იქ ემზარ კვიციანი რწმუნებული იყო, წარმოადგენდა ერთგვარ ანკლავს, უკონტროლო ტერიტორიას, სადაც იყო პოლიციის ძალიან მცირე ჯგუფი, ქვეგანყოფილება, მაგრამ ეს პოლიციის ქვეგანყოფილება მაინც ახერხებდა იქაური სიტუაციის გაკონტროლებას. ეს, რა თქმა უნდა, არ აწყობდა, პირველ რიგში, თვითონ ემზარ კვიციანს და მის დისშვილს, ყოფილ „კანონიერ ქურდს“ _ ირაკლი (ბაჩო) არღვლიანს. თავის კრიმინალურ საქმიანობაში მათ უფრო მეტად რომ გახსნოდათ ხელი, გადაწყვიტეს, პირველად ამ პოლიციის მოშორება საერთოდ ხეობიდან, რამდენჯერმე იყო მუქარა პოლიციელებზე, რომ მათ დაეტოვებინათ ხეობა. რა თქმა უნდა, პოლიცია არ თანხმდებოდა. ამის შემდეგ უკვე ამ ბატალიონის წევრებმა _ ყველას ვერ დავდებ ბრალს, მაგრამ ძირითადი ბირთვი იყო კარგად გამოცდილი კრიმინალები, რომლებიც იძებნებოდნენ სახელმწიფო სტრუქტურების მიერ. სხვათა შორის, ძალიან ბევრი, ძირითადად,  პოლიციელების მკვლელობისთვის, იქ იყვნენ წყალტუბოში მცხოვრები დევნილები, წყალტუბოში მოხდა პოლიციელების მკვლელობა, მკვლელობაში ეჭვმიტანილები „მონადირის“ წევრები იყვნენ _ კრიმინალებმა, ძალიან მარტივად გადაწყვიტეს პოლიციის ქვეგანყოფილების საკითხი ხეობაში, აიღეს და პოლიციის შენობის წინ აჟარაში მოკლეს ერთი პოლიციელი, შემდეგ პოლიციის შენობიდან პოლიციელები გამოათრიეს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, და პანჩურებით გამოყარეს ხეობიდან. კოდორის ხეობაზე სრული კონტროლი მოიპოვა დამნაშავეთა სამყარომ და თავის ხელში აიღო კოდორის ხეობის მმართველობა. ის, რომ ეს ადამიანები კოდორის ხეობას იცავდნენ, ისტორიას ჩემთვის მსგავსი ფაქტები შემონახული არ აქვს. ვისგან იცავდნენ? ვინ უტევდათ? იყო იქ შეტაკება თავიდან და იმის მერე არავითარი შეტევა არ განხორციელებულა, ეშინოდათ აფხაზებს და რუსებს თუ რა? ერთი რამე ვიცი, რომ ეს კრიმინალური დაჯგუფება პოლიციის მოშორების შემდეგ სრულიად გაბატონდა ხეობაში. _ ყოფილი „კანონიერი ქურდიო“, ბრძანეთ ნორა კვიციანის შვილზე, რატომ ყოფილი? _ არ ვიცი, ის დღესაც ამბობს, რომ არის „კანონიერი ქურდი“ და მაშინაც, როცა ანალოგიური პრეტენზიები ჰქონდათ მასთან ქურდებს, იბარებდა, _ ამოდით და აქ მითხარითო. არასდროს არ ჩამოდიოდა „სხოდკაზე“, ყოველთვის ერიდებოდა ხეობიდან გამოსვლას. _ თუმცა ამას ვერ ვიტყვით ემზარ კვიციანზე. ჩემი წყაროები  მიდასტურებენ, რომ კვიციანი ხშირად ხვდებოდა ქუთაისში ტარიელ ონიანს. _ ამ ადამიანს აქვს კრიმინალური მენტალიტეტი. რატომღაც, პრეზიდენტმა შევარდნაძემ მიიჩნია, რომ ამ მენტალიტეტის გამოყენება შესაძლებელი იყო კოდორის ხეობის გასაკონტროლებლად, მაგრამ აბსოლუტურად უკუშედეგი მიიღო. ჯერ მარტო ფაქტებს რომ მივყვეთ, ყველაზე ხმაურიანი იყო „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლების გატაცება. ისინი ჰყავდათ კოდორის ხეობაში და, შესაბამისად, მოლაპარაკებებს საკუთარ დისშვილთან, რომლის ბანდამაც გაიტაცა „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლები, მართავდა ემზარ კვიციანი. ეს დაუჯერებელი ფაქტებია. ამას შემდგომში მოყვა, გვარი ზუსტად არ მახსოვს, სვანი ბიზნესმენი იყო, მოსკოველი, მისი შვილის გატაცება. ასევე ეს ბავშვიც კოდორში ჰყავდათ და შევარდნაძის ხელისუფლება იმდენად უუნარო იყო მაშინ, რომ აფრასიძეები _ ომეხი და მამამისი ჩართეს საქმეში. აფრასიძეები ჩავიდნენ და შედგა მოლაპარაკება _ ფულის გადაცემა და გატაცებული ბავშვის იქიდან გამოყვანა. აბსოლუტურად ჩაკეტილი უკონტროლო ტერიტორია იყო, რომელსაც განაგებდა ეს კრიმინალების ბანდა _ ბატალიონი „მონადირე“. ამას თან დაერთო ის ფაქტიც, რომ არ იკმარეს პოლიციის ქვეგანყოფილების გაუქმება, დაკავდნენ პოლიციელების ოჯახის წევრების შანტაჟით და მუქარით. მანდ იყო ჩემი თანამშრომელი, არაჩვეულებრივი ადამიანი, გიზო წიფიანი, მისი დედ-მამა იქ ცხოვრობდა, ერთ ღამეს ორი ბოროტმოქმედი კოდორელი ცხენით მოდიოდა ნასვამი, ავტომატგადაკიდებული. უბრალოდ გაჩერდნენ ამ სახლთან, ერთ-ერთმა თქვა, რომ ამ ოჯახის ვიღაც დიდ ბაბუას ოდესღაც მოუკლავს მისი ბაბუა, გადმოვიდნენ, გადატენეს ავტომატები და დაცხრილეს სახლი. გივი წიფიანის დედ-მამა, რომლებსაც არავითარი დანაშაული არ მიუძღოდათ, მოკლეს. ერთადერთი სტრუქტურა, რომელიც კოდორის ხეობაში დარჩა, იყო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის იქაური განყოფილება. ამ ხალხმა ელემენტარულად ხელფასი ვერ აიღო ვერასდროს, _ „მონადირის“ წევრები იმ მანქანებს აყაჩაღებდნენ, რომელსაც ხელფასები გადაჰქონდათ, მათი ვინაობა გამოძიებითაც იყო დადგენილი შემდგომში. როცა მესაზღვრეები მიხვდნენ, რომ მარშრუტი ცნობილი იყო, თუ როდის მოდიოდა ხელფასი, მერე უკვე დაიწყეს სახელფასო თანხის ფარულად შემოტანა.  განყოფილების უფროსს სახლში მიჰქონდა, რომ იქ მაინც დაერიგებინა ამ ხალხისთვის, მერე სახლს დაესხნენ თავს, დაიჭრა ოჯახის უფროსი. ამას თან დაერთო ის, რომ საკმარისი ფული ვერ იშოვეს იქ და გვახსოვს, უკვე ყველაზე გახმაურებული ფაქტი _ სახელმწიფოს შანტაჟი. მანდ გადის კავკასიონის მაღალი ძაბვის ხაზები, დაიწყეს ამ ხაზების დაზიანება. იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო მათ ფულს არ გადაუხდიდა და კიდევ რაღაც შეღავათებს არ მისცემდა, ხაზებს ისევ აზიანებდნენ აღდგენის მერე. ეს რომ დაკავშირებული იყო სწორედ ბატალიონ „მონადირესთან“, ფაქტია. სხვა იქ, ელემენტარულად, ვერავინ ვერ ჩავიდოდა. _ ამ ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმეები არ აღიძრა? _ სისხლის სამართლის საქმეები იყო აღძრული და თაროზე შემოდებული. ხეობაში ჩვენი შესვლის შემდეგ გამოძიებები განახლდა. სულ მცირე ჩამონათვალია, რასაც მე ვყვები. კიდევ ერთი ფაქტი გამახსენდა: დღესაც მუშაობს ის ბიჭი, წესიერი პოლიციელია _ გოჩა აფრასიძე. მისი ძმა დაცხრილეს, მერე ხელყუმბარები დაალაგეს მკერდზე და ისე ააფეთქეს! ეს არის მცირედი ჩამონათვალი იმისა, რაც ამ ხეობაში წლების განმავლობაში ხდებოდა. მერე მასალებში რომ ჩავიხედეთ, პროკურატურა, ძირითადად, სტატისტიკით იყო დაკავებული, არც ექსპერტიზა ტარდებოდა, არც გვამების ეგსჰუმაცია, უკვე რომ ჩავიხედეთ ამ საქმეებში, აღმოჩნდა, რომ ორმოცის სუფრა იყო, წლისთავის, ქელეხის თუ სხვა, არ მთავრდებოდა ისე, რომ ვინმე არ მომკვდარიყო. ძალიან ბევრი გვამია დღეს იქაც, რომელსაც სჭირდება ეგსჰუმაცია, რომ ეს საქმეები გაიხსნას. ერთია ფაქტი, როცა მოწმეები ამბობენ, ეს ხალხი არის დახოცილი ავტომატით, ცეცხლსასროლი იარაღით; მეორეა, როცა ამ ადამიანების გარდაცვალების ფაქტზე ექსპერტიზები არ არსებობს. შესაბამისად, ეგსჰუმაციები იყო საჭირო. სვანეთი ისეთი მხარეა, ოჯახები არ თანხმდებიან. ძალიან გაჭიანურდა სწორედ ამიტომ ამ საქმეების გამოძიება. მძიმე ხარისხის დაზიანებების ექსპერტიზასაც ვერ ვახდენდით, იმიტომ რომ დრო იყო გასული. _ ბ-ნო ირაკლი, როგორ განვითარდა მოვლენები „ვარდების რევოლუციის“ მერე? _ მე შორს ვარ იმ აზრისგან, გითხრათ, რა მოლაპარაკებები იყო პოლიტიკოსებს შორის, რაზე შეთანხმდნენ და რა შეუთვალეს ერთმანეთს. ჩვენ ვიყავით პოლიციელები, რომლებიც მოწოდებულები გახლდით წესრიგის დასაცავად. ამისი შესაბამისი ბრძანებებიც გვქონდა, ამდენად, დღეს მე ჩემი აზრი უფრო თამამად შემიძლია გამოვხატო. ემზარ კვიციანს, იმის მაგიერ, რომ მოეთხოვა, სამართალდამცველი ორგანოები შესულიყვნენ ხეობაში, გაეკონტროლებინათ იქაური სიტუაცია, ეს საქმეები გამოეძიებინათ და დამნაშავეები დასჯილიყვნენ, ის ყოველთვის ხელს უშლიდა ამ პროცესებს. პოლიციელი მოკლეს და მთელი პოლიციის განყოფილება გამოყარეს იქიდან ცემა-ტყეპით. შესაბამისად, პასუხს ამ სიტუაციაზე თქვენ ხომ არ აგებთ, ან მე? რწმუნებულს ევალებოდა ამის გაკეთება. თუ ჟვანიას საქმის ექსპერტი გულგრილობის გამო შეიძლება დააკავო, ამხელა თანამდებობის პირი გულგრილობა კი არა, თანამონაწილე იყო ამ ამბების. ამას დაემატა ისიც, რომ ძალიან ბევრჯერ სცადეს მასთან მოლაპარაკება. ერთი კონკრეტული მაგალითი მინდა გავიხსენო: აფხაზეთის მთავრობა იყო ჩასული სრული შემადგენლობით, როგორც კი ვერტმფრენი კოდორში  ჩაფრინდა, მთავრობის წევრები ალყაში მოაქციეს ვიღაც ნიღბიანმა პირებმა, ისინი სწორედ ბატალიონ „მონადირის“ წევრები იყვნენ. ეს ხალხი, ძალიან პატივსაცემი ადამიანები, უბრალოდ, გალიებში გამოკეტეს, თავში კონდახები ურტყეს, დაასისხლიანეს. პირადად ედუარდ შევარდნაძე ჩაერია, რომ ეს ხალხი გამოეხსნა. ამ დროსაც პრეზიდენტის რწმუნებული იყო ემზარ კვიციანი იქ. ირაკლი ალასანიაც იყო ჩასული მოლაპარაკებაზე. არაფერი გამოვიდა. როცა ჩვენ კოდორში შევედით, ხეობაში ვერ ვნახეთ მათ მიერ ლიკვიდირებული მტერი, ან რუსი დივერსანტი, ან აფხაზი. სამაგიეროდ, საკმაოდ ბევრი იყო სამართალდამცველთა გვამი. „ვარდების რევოლუციის“ მერე გადაწყდა, რომ ხეობაში უნდა დამყარებულიყო წესრიგი. ჩვენ ნაბრძანები გვქონდა ჩაგვეტარებინა ანტიკრიმინალური ღინისძიება. იმ დროისთვის საკმაოდ ბევრი ინფორმაცია გვქონდა, რომ კოდორის ხეობაში ბატალიონის სახელით გამაგრებული იყო ძალიან ბევრი კრიმინალი და სახელმწიფოს მიერ ძებნილი პიროვნება, თან უმძიმესი დანაშაულებებისთვის: ყაჩაღობა, მკვლელობა, პოლიციელების მკვლელობა, სახელფასო თანხების დატაცება და ა. შ. შესაბამისად, დაიგეგმა ეს ოპერაცია. მე მაშინ ვიყავი კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. _ შინაგან საქმეთა მინისტრი ვინ იყო? _ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო ვანო მერაბიშვილი, თავდაცვის მინისტრი _ ირაკლი ოქრუაშვილი. ორივე მათგანი ადგილზე იმყოფებოდა. დავიძარით ხეობისკენ. პირველი მანქანა იყო ჩვენი, გვახლდა სპეცდანიშნულების რაზმის სამი თუ ოთხი მანქანა. დაახლოებით საკენთან არ ვიყავით მოსული, რომ შევნიშნეთ იქიდან მომავალი მანქანა. შესაბამისად, ეს მანქანა შევაჩერეთ, სადაც აღმოჩნდნენ ჟურნალისტი ნანა ლეჟავა, მაშინ „რუსთავი 2“-ში მუშაობდა, თავისი ოპერატორით. როგორც გაირკვა, ენგურის მხრიდან იყო შესული და უკან ბრუნდებოდა. მანქანა ეკუთვნოდა პარლამენტარ გოჩა ფიფიას, ისიც მანქანაში იჯდა და კიდევ ვიღაც მოქალაქე. ბრძანება მივიღეთ, რომ ლეჟავა და ოპერატორი ჩვენს მანქანაში გადმოგვესვა, დანარჩენი პირები გავუშვით ხაიშისკენ, სადაც უნდა მომხდარიყო მათი დაკითხვა, რა მიზნით იმყოფებოდნენ ხეობაში. ეს ის დროა, როცა ემზარ კვიციანმა დაუმორჩილებლობა გამოაცხადა და პირდაპირი მუქარის ტექსტით დაიწყო ხელისუფლებასთან საუბარი. ჟურნალისტების ჩვენს მანქანაში გადმოსხმის მომენტში რამდენიმე სატვირთო მანქანამ, „კამაზებმა“ გადაგვისწრო და ჩვენც დავიძარით. ნანა ლეჟავა გვეუბნება, _ სად მიდიხართო, ახლა მოვდივარ იქიდან, ინტერვიუები ჩავწერე, ერთ-ორ კილომეტრში ჩასაფრებაა მოწყობილი და ზუსტად ვიცი, რომ გესვრიანო. შესაბამისი ზომები უცებ მივიღეთ. დაველოდეთ, სანამ მინისტრების მანქანები მოვიდოდნენ. რატომღაც, ოქრუაშვილმა ჩათვალა, რომ ნანა ლეჟავას ეს ინფორმაცია ან სიმართლეს არ შეესაბამებოდა, ან ვერ გაბედავდა ეს ხალხი შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევას და ბრძანება მივიღეთ, რომ გაგვეგრძელებინა გზა. ზუსტად იცოდა ნანა ლეჟავამ, სად იყო ჩასაფრება, დათვლაც კი დაიწყო, _ ერთი, ორი, სამი... ჩასაფრების ადგილიდან ცეცხლი გაიხსნა ჩვენი მიმართულებით. ჩვენ გადაგვარჩინა იმან, რომ ძალიან დიდ კლდესთან გავჩერდით მაგ დროს, აბსოლუტურად ყველა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაიხსნა ცეცხლი: ეს იყო ყუმბარმტყორცნები, მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევები, ავტომატები, ჩეხური სნაიპერული შაშხანები. გამოძიებით დადგენილია და შემდეგ ამოვიღეთ ის შაშხანა, რომელსაც თავად ბაჩო არღვლიანი ხმარობდა. ბევრი თანამშრომელი იყო კოლონაში ჩამდგარი. როგორც კი კვიციანმა ცეცხლი გახსნა, იმ წუთას მოყვა ამას საპასუხო ცეცხლი ჩვენი მხრიდან, ჩასაფრება ძალიან მოხერხებულ ადგილას ჰქონდათ მოწყობილი, ხელის გულზე ვიყავით გაშლილები, ორივე სიმაღლე მათ ეჭირათ. დაიჭრა ოთხი მებრძოლი. იმ დონეზე იყო გააფთრებული წინააღმდეგობა, რომ იმ ღამით გადაადგილება ვეღარ შევძელით. ეს იყო კრიმინალების ჩასაფრება იმისთვის, რომ რაც შეიძლება ბევრი სამართალდამცველი განადგურებულიყო. ორივე წინა მანქანას ყუმბარმტყორცნები ესროლეს, ძრავები დაუზიანეს. უბრალოდ, ძალიან ბევრი ვიყავით ჩვენ და შესაბამისად საპასუხო სროლის გამო თავი ვეღარ აწიეს იმ ტყეში. დაახლოებით ნახევარ საათში მიხვდნენ, რომ არათანაბარი ძალები იყო და თავიდან რაც ჰქონდათ ჩაფიქრებული, იმის განხორციელებას ბოლომდე ვერ შეძლებდნენ. ოთხი უმძიმესად დაჭრილი არც კი მეგონა, თუ გადარჩებოდა. _ ბ-ნო ირაკლი, სიმართლე მითხარით, გქონდათ თუ არა ემზარ კვიციანის ლიკვიდაციის ბრძანება? _ არა, ასეთი ბრძანება არ გვქონია, ბრძანება გვქონდა იმისი, რომ ნებისმიერი შეიარაღებული წინააღმდეგობის შემთხვევაში სიტუაციის შესაბამისად გვემოქმედა. ამას, პრინციპში, ბრძანებაც კი არ სჭირდება, „პოლიციის შესახებ“ კანონში ისედაც წერია. ხეობაში მხოლოდ პოლიციური ძალები ვიყავით, არავითარი ჯარის ნაწილები იქ არ ყოფილა. ეს იყო სუფთა პოლიციური ღონისძიება, რომ ხეობაში დამყარებულიყო წესრიგი. მე სულ არ მაინტერესებს და ამ შემთხვევაში ვლაპარაკობ პოლიციელების სახელით, ემზარ კვიციანს რა მოლაპარაკება ჰქონდა ხელისუფლებასთან, ან ამათ რა უთანხმოება ჰქონდათ მათთან, ემზარ კვიციანმა და მისმა დაჯგუფებამ ცეცხლი გაუხსნეს საქართველოს პოლიციელებს _ სამართალდამცველებს, რომელთაც არავითარი სხვა მიზანი არ ჰქონდათ, გარდა იმისა, რომ წესრიგი აღედგინათ ამ ხეობაში. მე და ჩემი თანამებრძოლები ხომ არ ვიყავით სააკაშვილის ბიძაშვილები, ან სააკაშვილის ახირებას ხომ არ ვასრულებდით? ჩვენ გვქონდა ბრძანება, საქართველოს ტერიტორიაზე, გარკვეულ უბანზე, დაგვემყარებინა წესრიგი და ჩაგვეტარებინა ანტიკრიმინალური ოპერაცია. ეს ძებნილები და კრიმინალები უნდა დაგვეკავებინა. მან ჩვენ გაგვიხსნა ცეცხლი, არ გაუხსნია პოლიტიკოსებისთვის. იქ რომ დაბნეულობა ყოფილიყო სპეცდანიშნულების რაზმის მხრიდან, წინა მანქანებს აბსოლუტურად ყველას გაგვინადგურებდნენ. იმ ღამეს, როგორც გითხარით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ დილამდე შევჩერებულიყავით. სპეცდანიშნულების რაზმმა თავისი პოზიციები დაიკავა და მეორე დილით კოდორის ხეობაში შევედით. მაშინვე დაიწყო იმ ბრძანების შესრულება, რაც ჩვენ გვქონდა. დავაკავეთ ის ადამიანები, რომლებზეც გვქონდა ინფორმაცია, რომ ამ ხეობაში იმყოფებოდნენ, მარტო მძიმე დანაშაულზე ძებნილთა რაოდენობა 30 კაცზე მეტი იყო. ხეობა ჩაკეტილი იყო და ორი-სამი თვის განმავლობაში თითქმის ყველა ძებნილი დავაკავეთ. _ ბ-ნო ირაკლი, ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ბადრი ბიწაძის უწყებას ჰქონდა ბრძანება კოდორის ხეობის დაბომბვის თაობაზე, მაგრამ მან ეს ბრძანება არ შეასრულა. _ ნინო ბურჯანაძე იტყუება. მაშინ მართლაც ვერტმფრენები ჰყავდა მარტო საზღვრის დაცვის დეპარტამენტს. ერთმა მფრინავმა, სახელი მახსოვს _ შამილი, გვარი, სამწუხაროდ, არა, განაცხადა, _ მე ვერ შევფრინდები, იმიტომ რომ ჩემი ძმადნაფიცები არიანო. ეს მისი პიროვნული გადაწყვეტილება იყო და არა ბადრი ბიწაძის უარი, საზღვრის დაცვას „მი-8“ ჰყავდა. ესეც სატრანსპორტო საშუალება. უკვე დილას მოხდა სპეცდანიშნულების რაზმის დესანტის გადასხმა „კრაკადილებით“. იმ დონეზე იყვნენ გათავხედებულები „მონადირის“ წევრები, რომ აჟარაში ვერტმფრენებს ცეცხლი გაუხსნეს, იქ ქალიც კი დაიღუპა საპასუხო სროლისას. ვერტმფრენები დაზიანდა, ექსპერტიზის მასალებიც დევს სისხლის სამართლის საქმეში. კოდორის ხეობაში ორი-სამი თვის განმავლობაში გრძელდებოდა აქტიური ღინისძიებები. ეს საკმაოდ მოცულობითი სამუშაო იყო. ეს ხალხი რომ ყოფილიყო მომზადებული დივერსანტების წინააღმდეგ, „ბოევიკები“ რომ ყოფილიყვნენ, ცხადია, გაგვიჭირდებოდა მათი მოძებნა და აყვანა. ისინი იყვნენ კბილებამდე შეიარაღებული ჩვეულებრივი კრიმინალები. 90% _ სახლში დავაკავებდით და ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იყო, ტყეში დავაკავებდით და გაბრუებულები იყვნენ. ძირითად ბირთვზე გეუბნებით, თორემ იქ, იმ საზღვრის დაცვის დანაყოფში, იყვნენ ადამიანები, რომლებსაც მართლა გული ერჩოდათ და ეს ხალხი მაშინ ჩავაყენეთ სახელმწიფო სამსახურში _ ზოგი სად დაინიშნა და ზოგი _ სად. _ ანუ „მონადირის“ წევრების გარკვეული ნაწილი დარჩა სახელმწიფო სამსახურში? _ კი, რა თქმა უნდა. მათ არავინ შეხებია. პირიქით, მადლობებს გვეუბნებოდნენ, _ როგორც იქნა, ხეობაში წესრიგი დამყარდაო. წარმოიდგინეთ, პური არ იშოვებოდა, მესამე დღეს გადასატანი პურის ქარხანა ჩამოიტანეს, რომ მოსახლეობას პური ჰქონოდა. ხეობაში იყვნენ გვარები, რომლებიც ამბობდნენ, რომ საერთოდ არ მიუღიათ ჰუმანიტარული დახმარება, იმიტომ რომ დაპირისპირებული ვიყავით კვიციანების გვართანო. ჰუმანიტარულ დახმარებებს ყველაფერს იღებდა ნორა კვიციანი. _ სპეცოპერაციის მსვლელობის დროს როგორ დატოვეს ხეობა ემზარ კვიციანმა და ბაჩო არღვლიანმა? _ საქმეც ეს არის: დღეს მე რომ გადავკვეთო რუსეთის საზღვარი, გინდათ აფხაზეთის საზღვარი და ვინმემ დამაკავოს, ალბათ, ცოცხლად შემჭამენ, ჩამომატყავებენ და ა. შ. იმიტომ, რომ ყველაფერი აღრიცხული აქვთ, ვინ იბრძოდა მათ წინააღმდეგ. თუ ეს ადამიანები მოსისხლე მტრები იყვნენ აფხაზების ან რუსების, ასე იცავდნენ ამ ხეობას, დღეს ბაჩო არღვლიანი იქ ცხოვრობს კოდორში, თავის სახლში, ემზარ კვიციანი არღვლიანთან ერთად ჯერ სოხუმში იყო, მერე სოჭში, მოსკოვში იყო. აი, ეს იწვევს სწორედ ეჭვებს. აფხაზები მთის ხალხია, თუ სისხლი მართებს ვინმეს, მოსისხლეს აუცილებლად გაუსწორდებიან. ერთადერთი, რასაც მე ხეობაში ყოფნისას ადგილობრივები მეუბნებოდნენ, ძალიან აქტიური ბიზნესპარტნიორობა ჰქონდათ ამ ოჯახსა და აფხაზებს ერთმანეთთან. ჰუმანიტარული ტვირთი გადიოდა აფხაზეთში ხეობიდან, ხე-ტყის ბიზნესი ერთად ჰქონდათ. იქიდან კონტრაბანდული სიგარეტი შემოჰქონდათ, არავითარი მოსისხლე მტრობა კვიციანებსა და აფხაზებს შორის არ ყოფილა. ხე-ტყეც მარტივად ჩაჰქონდათ სოხუმში, ქვაფჩარადან მოასფალტებული გზა იწყება, ვიდრე გადმოიტანდნენ ხაიშში. ის, რაც დადასტურებული ფაქტია, კოდორის ხეობაში ვერ ნახავთ ვერც ერთი დივერსანტის გვამს. 1993 წელს, ხალხი რომ გადმოდიოდა, მაშინ ბაგრამიანის ბატალიონმა სცადა შემოტევა, მაგრამ მარტო არ იყო კვიციანი, სამთავრობო ჯარებიც იყვნენ, ამის მერე კოდორის ხეობაზე არ ყოფილა აფხაზებისა და რუსების შემოტევა, შესაბამისად, არც არავინ დაღუპულა. თუ ვინმეს სისხლი მართებს ემზარ კვიციანს, მართებს ქართველების და არა აფხაზებისა და რუსების. 1993 წლის მერე კოდორის ხეობაზე მასირებული შეტევა მოხდა 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს. _ ჩემი მომდევნო შეკითხვაც სწორედ ამ თემას ეხება: ხშირად მიდის საუბარი იმაზე, რომ ემზარ კვიციანის ბატალიონ „მონადირის“ გაუქმება მოხდა იმიტომ, რომ 2008 წელს სააკაშვილს გახსნოდა ხელ-ფეხი და კოდორის ხეობა რუსებისთვის ჩაებარებინა. _ ეს აბსოლუტური სისულელეა. გითხარით, რომ „მონადირის“ ძირითადი ბირთვი იყო ნარკომანები და კრიმინალები. ისინი ვერავის ვერ გაუწევდნენ წინააღმდეგობას, მათ არანაირი სხვა ინტერესი, გარდა იმისა, რომ მშვიდად გრძნობდნენ თავს და ფულს შოულობდნენ, არ ჰქონდათ. სისულელეა იმის თქმა, რომ ეს ბატალიონი შეძლებდა იმ მასირებული შეტევის მოგერიებას, რასაც ადგილი ჰქონდა 2008 წელს. კოდორში ყველაზე დიდი რაოდენობის ჭურვი ჩამოვარდა აგვისტოს ომის დროს. პირველად რომ შევედით კოდორში, მაშინ ვიყავი კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო 2008 წლის აგვისტოში უკვე  აფხაზეთის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე. კოდორში 270 ჭურვი ჩამოვარდა. ამას დაუმატეთ კრეისერ „მოსკოვიდან“ გამოსროლილი „ტოჩკაუს“ ტიპის რაკეტები. საბედნიეროდ, მოსახლეობის მსხვერპლი არ იყო, პოლიციამ რაც მოახერხა მაშინ, მშვიდობიან მოსახლეობას ეხმარებოდა, რომ ეს ადამიანები სამშვიდობოს გამოეყვანათ. _ ბ-ნო ირაკლი, სწორია თუ არა ინფორმაცია, რომ კოდორის ხეობაში იარაღი და საწვავი ხელუხლებლად ჩაბარდა რუსებს და აფხაზებს, რომ საწვავის მარაგის დაღვრაც კი არ მოხდა. _ კი, რა თქმა უნდა. ეს ინფორმაცია სწორია, ამაზე მე პირდაპირ განვაცხადე პრეტენზია. კოდორის ხეობის დაცვაზე პასუხისმგებელი პირი იყო იოსებ ქარჩაიძე. ეს ის ქარჩაიძეა, რომელიც ცნობილია იმით, რომ  მოწმედ გამოდის სასამართლო პროცესებზე, ჩვენებები ხელზე უწერია. მე 50 კაცით ვიყავი ცხინვალში, მეორე 50 კაცით იყვნენ კოდორში აფხაზეთის მთავარი სამმართველოს პოლიციელები. როცა ეს მოვლენები დაიწყო, ველაპარაკე ქარჩაიძეს და ვუთხარი, რომ ქვაფჩარის ხიდი აეფეთქებინა. ეს ხიდი ერთადერთი საშუალებაა, რომ აფხაზეთიდან ტრანსპორტი, ან ტექნიკა შემოვიდეს. სწორედ ამ ხიდის აფეთქება გამოიწვევდა შეტევის შენელებას. როგორც შემდგომ აღმოჩნდა, ქარჩაიძემ განაცხადა, რომ მას მოპარეს ხიდის ასაფეთქებელი მოწყობილობა. რითაც დანაღმული იყო ხიდი, არ მოხდა იმ შეიარაღების აფეთქება, რომელიც მას ებარა, დატოვა ხელუხლებლად ავზები, სადაც იყო დიდი რაოდენობით საწვავი. უარესსაც გეტყვით: როდესაც თვითმფრინავებმა კოდორის დაბომბვა დაიწყეს, იქ იყო განთავსებული ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები „სტრელა“ და „იგლა“. მათ შენახვას აქვს სპეციალური მოთხოვნები: ტემპერატურის რეჟიმი და ა. შ. თუ ხეობაში ეს მოწყობილობა გაქვს, ნებისმიერ თვითმფრინავს ჩამოაგდებ. აღმოჩნდა, რომ არც ერთი არ მუშაობდა. როგორც მერე გაირკვა, დარღვეული ჰქონდა შენახვის წესები. იმდენი იარაღი აქვთ წაღებული კოდორიდან აფხაზებს, რომ ტყვიები არ აქვთ, ვერ შოულობენ. ნატოს სტანდარტია ეს ტყვიები და რუსები ვერ უშვებენ. _ ეს ამბავი, რასაც ახლა მიყვებით, მოხდა 2008 წლის აგვისტოში, „ნაციონალური მოძრაობა“ ამის შემდეგ კიდევ ოთხი წელი იყო ხელისუფლებაში, რატომ არ დადგა იოსებ ქარჩაიძის პასუხისმგებლობის საკითხი _ პირისა, რომლის, მინიმუმ, არაპროფესიონალიზმის გამო მოხდა კოდორის ხეობაში ის, რაც მოხდა. _ ეს შეკითხვა მე არ უნდა დამისვათ. ეს ადამიანი შინაგან საქმეთა სამინისტროში დღესაც მუშაობს. _ ვანო მერაბიშვილთან შეკითხვის დასმის საშუალება არც მაშინ მქონდა და არც ახლა მაქვს. თქვენი ვარაუდი მითხარით, თუ შეიძლება. _ ზუსტად მანდ მივდივარ. ის, რომ ყველაფერი გაკეთებულიყო კანონის თანახმად, რაღაც პოლიტიკური მოტივები არ ჩადებულიყო ამაში, რომ, აი, ჩვენც ცუდი ტიპი გვყოლია დანიშნული იქ და ეს არ გამოჩენილიყო, პოლიტიკას შეეწირა ამ პირის პასუხისმგებლობის საკითხი. მაშინ უნდა ეღიარებინათ, რომ ვიღაცა არაკვალიფიციური კადრი ჰყავდათ. მე ვფიქრობ, ეს იმდროინდელი ხელმძღვანელობის შეცდომა იყო, იმიტომ რომ ეს უნდა გამოძიებულიყო. შესაბამისად, ყველა დამნაშავე პირი უნდა დასჯილიყო. გეგმა იყო, რომელიც უბრალო მოსახლეობამ არ იცის, როგორ გამოდიხარ, როგორ შედიხარ. ეს გეგმა უნდა შეასრულო, საქართველო ამხელა აგრესიას ვერ მოიგერიებდა. კოდორი იყო ერთადერთი ადგილი, რომელიც ყველაზე ბევრჯერ დაიბომბა, რაც შეეხება „გაეროს“ ოფისს _ ყველა ველოდებოდით, „გაეროს“ ოფისი კოდორში დარჩებოდა თუ გავიდოდა. რუსებიც არ არიან ისეთი „ბალვანები“, სანამ იქ გაეროს ხალხი იყო, მანამდე კოდორი არ დაბომბილა, როგორც კი გვითხრეს, რომ „გაეროს“ წარმომადგენლობა გავიდა, იმ წუთასვე ვუთხარით იქაურ ნაწილებს, სასწრაფოდ მიეღოთ ზომები მოსახლეობის დასაცავად, იმიტომ რომ დაიწყებოდა დაბომბვა. ასეც მოხდა! რაც შეეხება ემზარ კვიციანს, იმდენად მყარია ის მტკიცებულებები, რის საფუძველზეც მოხდა ემზარ კვიციანის გასამართლება, სულ რომ მოსყიდული და კორუმპირებული იყოს მოსამართლე, ამ მტკიცებულებებს ვერ გაექცევა. სახეზე თვალნათლივ გვაქვს შეიარაღებული პირების მიერ ამბოხი, გვყავს ოთხი მძიმედ დაჭრილი პოლიციის თანამშრომელი, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ. ვიღაც ბაჩო არღვლიანის გადასაწყვეტი არ არის, პოლიცია სად უნდა გადაადგილდებოდეს, ეს შინაგან საქმეთა მინისტრის პრეროგატივაა. ამ მტკიცებულებებს ვერც ერთი სასამართლო ვერ გაექცევა. თქვენი კოლეგაა მთავარი მოწმე, ნანა ლეჟავა, რომელმაც ჩვენც დაგვარწმუნა, რომ კვიციანი ცეცხლს გაგვიხსნიდა, უბრალოდ, ჩვენ ვერ მოვახერხეთ უმაღლესი ხელმძღვანელობის დარწმუნება ამაში, რადგან მათ მიაჩნდათ, რომ კვიციანი ქართველებს არ ესროდა. გაბედეს კი არა, იმაზე უარესი ქნეს.   „ქრონიკა+“ კომენტარისთვის ჟურნალისტ ნანა ლეჟავას დაუკავშირდა: _ დავიწყებ იმით, რომ ირაკლი ფირცხალავას გონებრივ შესაძლებლობებზე ცოტა ნაკლები წარმოდგენის ვარ და ეს უკვე სრული იდიოტიზმია. მე რაც ჩვენების მიცემისას ვთქვი, იგივეს გავიმეორებ, იმდენჯერ მომიწია ამ თემაზე საუბარი, ალილუიასავით ვიცი. დავიწყოთ იმით, რომ ფირცხალავას მანქანაში არ ვყოფილვარ, დეპუტატ გოჩა ფიფიას მანქანაში ვისხედით, მანამდე ვნახეთ ემზარ კვიციანი. როცა უკვე გზაზე შემოგვხვდა ირაკლი ფირცხალავა,  მოითხოვა ჩვენი გადმოსვლა. როცა ვუთხარი, რომ შანსი არ იყო ჩემი თბილისში დაბრუნების და მე ვრჩებოდი ადგილზე, მერე ოპერატორთან ერთად გვაზავას მანქანაში ჩაგვსვეს. იქ ფირცხალავა საერთოდ არ იყო, იყო მარგიანი, გვაზავა და მძღოლი. _ რაც შეეხება იმ მონაკვეთს, სადაც ჩასაფრება იყო... _ კი, იყო ეს მონაკვეთი! როდესაც დაიძრნენ ესენი, მიდიოდნენ ქორწილის ესკორტივით და მე ვიცოდი, რომ კოდორელები, იგივე ემზარ კვიციანი, გაბრაზებული იყო და ამბობდა, რომ უხუცესებს არ გაუშვებდა. უმჯობესია, მთელი ისტორია მოგიყვეთ _ რატომ ვიჯექი ფიფიას მანქაში? მე იქ შემიყვანა ბაჩო არღვლიანმა თავად, მას აღარ ჰქონდა საწვავი და მითხრა, რომ შენ თვითონ მიიღე გადაწყვეტილება, მე სოხუმიდან უკან ვერ გაგიშვებ, გამორიცხულიაო. და კრების შემდეგ უხუცესებმა გადაწყვიტეს, წამოსულიყვნენ და შეხვედროდნენ ამათ, რა ვიცი, ჯარი იყო თუ პოლიცია. ემზარი უარს ეუბნებოდა, ხალხის აზრი ორად გაიყო, ერთ ნაწილს უნდოდა შეხვედრა, მეორე ნაწილი ამბობდა, რომ არ შევხვდეთო, მოკლედ, სრული გაუგებრობა იყო. მერე ეს უხუცესები დასხდნენ მანქანაში და წამოვიდნენ. ვინაიდან მივხვდი, რომ იქ არაფერი აღარ ხდებოდა, მე ვთხოვე ფიფიას, _ შენს მანქანაში ჩავჯდები, წამიყვანე და სადაც უხუცესებისა და მეორე მხარის შეხვედრა იქნება, იმ ადგილზე ჩამოვალ-მეთქი. ამაზე შევთანხმდი ფიფიასთან. როცა წამოვედით, გზაში შეგვხვდა კვიციანი იმ ხალხთან ერთად, ვინც წინააღმდეგი იყო უხუცესების გატარებისა და შეხვედრისა. ვისაუბრეთ და წამოვედით. ჩვენს უკან უკვე მოდიოდნენ უხუცესები და მე ეს ვიცოდი, ისიც ვიცოდი, რომ ემზარი გაბრაზებული იყო და მისი ხალხით იქ იდგა. აი, ამაზეა საუბარი, რო

გაზიარება