„იბერიელთა კავშირი“ ბანკებისა და იპოთეკით დაზარალებულების ვალებიდან განთავისუფლებას ითხოვს. ორგანიზაციაში ჩატარებული კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ მოსახლეობას ბანკების ვალი დიდი ხანია, გასტუმრებული აქვს. არასამთავრობო ორგანიზაციამ ერის გადარჩენის პროგრამაც შეიმუშავა და ფონდის შექმნის ინიციატივით ხელისუფლების სხვადასხვა შტოს მიმართა. „იბერიელთა კავშირი“ მევახშეების სიასაც აქვეყნებს, რომელთაც მსესხებლებისგან 300-ზე მეტი ბინა აქვთ ჩამორთმეული და სადაც, ძირითადად, პარლამენტარების ახლო ნათესავები და იეჰოვას მოწმეები ფიგურირებენ.
ამ საკითხებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრა „იბერიელთა კავშირის“ წარმომადგენელი, მამისა ჯაფარაშვილი:
_ ჩვენმა ორგანიზაციამ ჩაატარა კვლევა და მოგახსენებთ, რომ 1992 წლიდან დღემდე, მოსახლეობის ძარცვისა და გაკოტრების მიზეზი შედეგობრივია! საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ემუქრება უსახლკაროდ დარჩენის საშიშროება! პრაქტიკულად, ეს ხალხი უკვე უსახლკაროა. შექმნილი სიტუაციის მიზეზ-შედეგობრივი არსი გახლავთ შემდეგი: 1991 წლის დასაწყისში საქართველოს შემნახველ ბანკებში არსებული ფულადი სახსრები სსრკ სახელმწიფო ბანკის ანგარიშზე აღმოჩნდა. ბანკის აქტივები, ფაქტობრივად, ფულადი მასის უზრუნველყოფის გარეშე დარჩა. ამას მოსკოვიდან კურირებდა ედუარდ შევარდნაძე. 1992 წელს, მისი დაბრუნების შემდეგ, მოხდა აღნიშნული ფინანსური რესურსების მობილიზაცია-გათეთრება. სახელმწიფო მეთაურის 1992 წლის 22 ივლისის N124 ბრძანებულებით, მოსახლეობის ანაბარზე შეტანილი თანხები ერთ წელიწადში უნდა გაორმაგებულიყო. მოსახლეობის უმრავლესობამ დაიჯერა სახელმწიფოს მიერ გაცემული და საკანონმდებლო ნორმებით გამყარებული პირობა და ანაბარი ხელახლა მიანდო სახელმწიფოს. 1992 წლის განმავლობაში მოხდა ნაღდი ფულის ტრანსპორტირება საჰაერო და სახმელეთო გზით რუსეთში, უკრაინაში, ყაზახეთსა და სხვაგან. ამ ყველაფრის სულის ჩამდგმელი იყო შევარდნაძე და მისი ნდობით აღჭურვილი ვიწრო გარემოცვა. ამ თანხებით მოხდა უდიდესი რუსული სამრეწველო საწარმოების შექმნა.
1993 წელს, აფხაზეთის დაკარგვის შემდეგ, დაიწყო თითქოსდა უცხოური საერთაშორისო ორგანიზაციებიდან კაპიტალის შემოდინება. 1992-1993 წლებში ეროვნული ბანკიდან საკრედიტო რესურსების დიდი ოდენობით გამოტანასა და მითვისებაში უზარმაზარი წვლილი მიუძღვის „ერთჯერად კერძო ბანკებს“, რომლებიც იქმნებოდნენ კრედიტის ასაღებად და ლიკვიდაციას ახდენდნენ კრედიტის აღებისთანავე. ამ პერიოდისთვის სულ რეგისტრირებულია 8 ასეთი კომერციული სუბიექტი. ეს ბანკები კრედიტებს უხდიდნენ საკუთარ თავს. შეიქმნა აგრეთვე მსხვილი კომერციული ბანკები: 1992 წელს „თიბისი ბანკი“; სსრკ აგრომრეწვბანკის ბაზაზე _ „სახალხო ბანკი“; 1994 წლის 21 ოქტომბერს სსრკ ბინსოცბანკის ბაზაზე _ „საქართველოს ბანკი“; 1995 წელს სსრკ შემნახველი ბანკის სამართალმემკვიდრე გახდა _ „გაერთიანებული ქართული ბანკი“ („შემნახველი ბანკი“, „ექსიმბანკი“, „ინდუსტრია ბანკი“) _ ჩხარტიშვილი-სიორიძე; უკრაინა _ „ტაოპრივატბანკი“ გია კაპანაძე (მხედრიონელი, მეტსახელად „რიჟა“); 2005 წლიდან „გაერთიანებული ქართული ბანკი“ გარდაიქმნა VTB ბანკად („ვნეშტორბანკად“). რომ არ მომხდარიყო ქვეყნის საზოგადოებრივი პროდუქტის შექმნა, ქვეყნის სამეცნიერო-სამრეწველო და სხვა პოტენციალის აღმავლობა და განვითარება, უნდა შექმნილიყო მაფიოზურ-კლანური მმართველობის სისტემა. ამ სისტემის ჩამოყალიბება დაიწყო „საქართველოს მოქალაქეთა კავშირის“ შექმნით. მათ მოახერხეს მრავალი საწარმოსა და ფაბრიკა-ქარხნის ხელოვნური გაკოტრება და მათი ჯართად გაყიდვა. 1992 წელს შემოღებული კუპონით, რომლის კურსი იყო 1 მანეთი _ 1 კუპონი, ხოლო ერთი წლის შემდეგ, 1 მლნ კუპონი _ 1 რუბლი, მთლიანად მოშალეს ქვეყნის სახელმწიფოებრივი საფუძველი.
უმუშევრად დარჩენილმა მოსახლეობის დიდმა ნაწილმა უცხოეთს მიაშურა, აქ დარჩენილებმა კი ქონება ბანკებს და მათ მიერ გამოჩეკილ ფინანსურ-მაქინატორთა ჯგუფს დებეტად ჩაუდეს უზრუნველყოფაში. შემდგომ იყო ვაუჩერიზაცია, პრივატიზაცია. ბანკები და მოსახლეობა დაყვეს სამ კატეგორიად: „ჩემი“, „შენი“ და „სხვისი“. „ჩემი“ ბანკები ხელოვნურად ვითომ „გააკოტრეს“, მათი მეპაიეების, აქციონერებისა და მეანაბრეების გასტუმრება მოხდა მოსკოვიდან კარგად ცნობილი რამდენიმე ბანკის მეშვეობით. ამ ყველაფერს გადააყოლეს რამდენიმე პიროვნება. ერთ-ერთი იყო დემურ დვალიშილი. დაამთავრეს რა ქვეყნის დაქცევა-პრიხვატიზაცია, 1996 წლის დასაწყისში შემოვიდა ეროვნული ვალუტა _ ლარი. ამის შემდეგ ბანკებმა, იმის მაგივრად, რომ განეხორციელებინათ თავიანთი ფუნქციები, კერძოდ, ქვეყნის ფინანსური და ეკონომიკური ბაზისის შექმნა-განვითარება, ხელი მიჰყვეს ბანკისთვის მიუღებელ ფორმას, ე. წ. მევახშეობას, რაც გამოიხატება გადამცვლელი სავალუტო პუნქტების, ლომბარდების, კერძო იპოთეკარების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ჩამოყალიბება-შექმნაში. ამან გამოიწვია მოსახლეობის 90%-ის ფინანსური დამოკიდებულება სამთავრობო რეჟიმის წინაშე. მიგვაჩნია, რომ 1992 წლიდან კომუნისტურ კლეპტოკრატიულ-მაფიოზური მმართველობითი კლანური სისტემის მიერ ჩამოყალიბებული მოსახლეობის ძარცვის ფორმა დღემდე გრძელდება! აქედან გამომდინარე, მოსახლეობას ვალი გასტუმრებული აქვს! მოსახლეობა შეეწირა იმ რეჟიმს და მოვითხოვთ: მოხდეს ბანკებისა და იპოთეკით დაზარალებულების „ვალებიდან“ განთავისუფლება; სასწრაფოდ შეჩერდეს გამოსახლებები; ხელისუფლება მივიდეს იმ აზრამდე, რომ სესხის წლიური პროცენტი შეადგენდეს 1-3%-ს, რითაც მოვახერხებთ ქვეყნის აღმშენებლობაში მონაწილეობის მიღებას!
_ თქვენი ორგანიზაცია ერის გადარჩენის ფონდის ინიციატივითაც გამოვიდა...
_ 2 სექტემბერს მივმართეთ პარლამენტს, პრემიერ-მინისტრს, იუსტიციისა და შს სამინისტროებს, აღსრულების ბიუროს, ყველას მივწერეთ თითქმის ერთნაირი შინაარსის წერილი. ორი წელია, ქუჩაში გამოყრილი და გამოსაყრელად გამზადებული, გამწარებული ხალხი ითხოვს შველას, მაგრამ ვერა და ვერ დაადგა საშველი. მოვითხოვთ დაუყოვნებლივ კანონის მიღებას, რომლის ძალითაც აიკრძალება სახლების აუქციონზე გატანა და ბინებიდან ხალხის გამოყრა. რადგან ხელისუფლებამ ვერ მოაბა თავი, რომ ეს პრობლემა რამენაირად მოეგვარებინა, გამოვედით ერის გადარჩენის ფონდის შექმნის ინიციატივით, რომ ყველა ჩინოვნიკმა ამ ფონდში გადარიცხოს ერთი, თუნდაც, ნახევარი თვის ხელფასი. შემდეგ მიმართვას გავაკეთებდით უცხოეთში ჩვენი დიასპორისთვის, ბიზნესმენებისთვის, მარტო პარლამენტში რამდენი მილიონერი ბიზნესმენია... სხვათა შორის, ამ საკითხთან დაკავშირებით გუშინ შევხვდი ვალერი გელაშვილს. განიხილა საერთოდ უსუფაშვილმა ჩემი წერილი? როცა დავხვდი პარლემენტთან და ვუთხარი, _ ვალერიც დამეთანხმა მაშინ-მეთქი, მაგრამ გუშინ მარტო რომ ველაპარაკე, უარი მითხრა. როცა რუპორებითა და კვერცხების სროლით ვხვდებით, ყველა ყველაფერზე მოდის, მაგრამ, საბოლოოდ, საქმეს არც ერთი აკეთებს. ერთადერთი იუსტიციის სამინისტრომ მოგვწერა, კანონის შესაბამისად ვმოქმედებთ და ფონდის შექმნა ჩვენს კომპეტენციაში არ შედისო. მართალია, მაგრამ თუ შეიქმნებოდა, გადარიცხავდნენ თუ არა თანხას, არ ამბობენ. არც კანცელარიას და არც პარლამენტს პასუხი არ მოუწერია. როცა მივდივარ და ვეკითხები მიზეზს, ამბობენ განხილვაშიაო.
ერის გადარჩენის ფონდი აუცილებლად უნდა გაკეთდეს, სხვა გზას უკვე ვეღარ ვხედავ. მოხდება მსესხებელთა დიფერენცირება და შესაბამისად გაეწევათ დახმარება. ვეუბნები, მერე რომ არ დაიწყოთ, ფონდის ფულს შეჭამთო, არ არის პრობლემა, შენ შექმენი და განაგე, ფონდი რომ იქნება, მერე მოვალ და წარმოგიდგენ საბუთებს, დიფერენცირება მოხდება, თუმცა ყველა დასახმარებელია. გუშინწინ ხაშურში ადამიების ოჯახი, რომელთაც შეზღუდული შესაძლებლობის ახალგაზრდა ჰყავთ, ეტლს მიჯაჭვული, გარეთ გააგდეს 5000 დოლარისთვის. წაართვეს ათეულობით წლებით ნალოლიავები მამაპაპისეული სახლი. ჩვენი ერისთვის ეს სამარცხვინოა! ამიტომ ეს ფონდი ძალიან ბევრ ადამიანს იხსნიდა, მით უმეტეს, ასეთებს, ვისაც 5000-10000-ის ფარგლებში აქვს ვალი. გედევან ფოფხაძეს ვესაუბრე და მითხრა, _ თავიდან 10 მილიონი მოვთხოვოთ მთავრობასო. 10 მილიონად ძალიან ბევრ ოჯახს ვიხსნიდით, მაგრამ მერე შეწყდა ამაზე საუბარი. ეს ორიოდე კვირის წინ მითხრა ბატონმა გედევანმა, მაგრამ „სანამ პეტრე მოვიდა, პავლეს თავი გააძრესო“, გამოიყარა ნახევარი საქართველო გარეთ!
დაპირებამ დაღუპა ქართველი ერი, ამ ხალხმა დაიჯერა ბატონი ბიძინასი და „ქართული ოცნების“ დანაპირები. აქტიურად ვიყავი ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში, ვალერი გელაშვილს მივეხმარე, ბიძინა გუჯაბიძესთან ერთად ვირბინე სამცხე-ჯავახეთში, გიგა ბუკიასთან ერთად ხობის რაიონში, საერთოდ რომ არ იყო იქ არავინ შესული, ჩემი მანქანით, ჩემი ფულით. ვერც ერთი ვერ იტყვის, რომ ერთი ლარით მომეხმარნენ, პირველად მე შევედი. რადგან არც ერთი დანაპირები არ შესრულდა, ჩვენ თვითონვე შევთავაზეთ გამოსავალი. ვნახეთ, რომ ამ ხალხის ტკივილი გულთან ახლოს არავინ მიიტანა, ყველაფერი მიდის იქითკენ, როგორმე ქართველი ერი გაღატაკდეს, ეს არის პროგრამა და ძალიან კარგადაც ვიცით, რაც არის! ამიტომ ვერც ეს ხელისუფლება, რომელიც მოყვანილი იყო და არა თვითონ მოსული, რა თქმა უნდა, ამ ხალხის პრობლემას ვერ მოაგვარებდა და ჩვენ თვითონაც დავინახეთ. ბიძინა ივანიშვილმაც თქვა ერთხელ, თუ გახსოვთ, _ საბანკო ერთ-ერთი სისტემაა, რომელიც გამართულად მუშაობს და ამას რომ შევეხოთ, ჩამოიქცევაო. რომელია გამართული, 18%-იან სესხს რომ გაძლევს ბანკი და, საბოლოო ჯამში, 100%-იანი რომ გამოდის? 5 და 10-წლიანს როცა აკეთებ, ზუსტად 100% გამოდის.
_ როგორ შეადგინეთ იპოთეკართა სია, რომელსაც ახლა წარმოადგენთ?
_ იპოთეკარებთან დაკავშირებით ძალიან დიდი კვლევა ჩავატარეთ. აღმოჩნდა, რომ იპოთეკური სესხები ბევრისთვის ბიზნესად არის ქცეული. ამ სიაში უამრავი ადამიანია, რომლებსაც აქვთ 40, 80 და 300-ზე მეტი სახლი. მათ შორის არიან პარლამენტარების ახლო ნათესავები და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამ საქმეში იეჰოვას მოწმეთა დიდი ფული ტრიალებს. მაგალითისთვის შემიძლია წარმოგიდგინოთ რამდენიმე მათგანი: სიაში ლიდერობს ნანი მაისურაძე _ 332 ბინით; დარეჯან მამულაშვილი _ 99; გელა გაჩეჩილაძე _ 68, ვახტანგ ლეშკაშვილი _ 49, ზურაბ კიკალეიშვილი _ 35 და სხვები. თელაველი მსესხებელია ზედგინიძე, მისმა იპოთეკარმა პირდაპირ მითხრა, _ არასამთავრობომ რა უნდა მიქნას, უსუფაშვილი მიცავსო. ერთს კი არ აქვს ეს ნათქვამი, რამდენიმეს. „რესპუბლიკელები“ ვინ არიან, ყველამ ძალიან კარგად ვიცით! სიაშია მარიკა სანოძე, დავით საგანელიძის სიდედრი, გაქანებული მევახშეა. ნათესავი ჰყავს _ ბაბულია ბერეკაშვილი, რომელიც სოციალურ დახმარებას იღებს და იმის სახელზე 99 ბინა აქვს გაფორმებული, თავის სახელზე ბევრი რომ არ ყოფილიყო. საგანელიძემ ჩვენს თვალწინ უთხრა ერთ-ერთ დაზარალებულს, _ არ ახსენო ჩემი სიდედრი, თორემ ორი ბიჭი რომ გყავს, ორივეს მოგიკლავო!
პირდაპირ ნადირობა მიდის ქონებაზე. ბაკურიანელი ქალბატონია მოსეშვილი, რომელიც დღეს-ხვალ გამოსახლებას ელოდება. სარალიძეს, მის იპოთეკარს, ფულის გაგონებაც არ უნდა, სასტუმრო უნდა ავაშენო ამ ადგილზეო. იმ სახლ-კარის ღირებულება გაცილებით მეტია და ფულის დაბრუნებაც არ უნდა. ქალბატონმა მისგან აიღო 37 000 დოლარი და ახლა 150 000-ს ითხოვს, თუ მომცემ, წავალო. დინუაშვილია ერთი, რომელმაც ხაშურში 9-სულიანი ოჯახი გამოასახლა, 18 სახლის მფლობელია. იეჰოვას მოწმეა ის კაცი და მათი უხუცესია, მარჯანიშვილზე ატარებს კრებებს. ამ საქმეში იეჰოვას მოწმეების ძალინ დიდი ფული ტრიალებს. ავდექი და განცხადება დავწერე, მათ უხუცესს კარზე გავუკარი: ცხვრის ტყავში გახვეული მგელი ხარ, უფალი გვეუბნება _ მევახშეობა ყველაზე დიდი ცოდვაა-მეთქი! ქუჩებშიც გამოვაკარი. როცა მათ ვესაუბრებოდი, ამბობდნენ, მევახშეობა დაუშვებელიაო, ახლა შეიცვალეს აზრი. ძალიან რომ ავწიე ეს თემა, მაგათ კრებაზე ვარ დაბარებული, ეს საკითხი უნდა გაირჩეს.
_ პარლამენტი იხილავს კანონპროექტს იპოთეკებთან დაკავშირებით. თქვენი აზრით, მოგვარდება თუ არა პრობლემა ამ კანონის მიღების შემთხვევაში?
_ ხალხს თვალებში ნაცარი შეაყარეს. საშველი რომ არ მივეცით, პარლამენტში ისევ თაღლითებს შეატანინეს კანონპროექტი, რომელიც არაფრისმომცემი არ არის. ბესელიას ვუთხარი კიდეც, ნამცეცი თქვენთვის შეინახეთ-მეთქი. ამ სისტემამ ერთმანეთს ერი დააპირისპირა. ვაჭარი არ იყო ქართველი მიღებული და მევახშე საიდან მოვიდა? არასამთავრობო ორგანიზაცია „თანადგომა და სოლიდარობას“ ნანა ქადაგიშვილი ხელმძღვანელობს, რომელიც ორჯერ არის ნასამართლევი თაღლითობაზე. ადრე თვითონაც მევახშე იყო და იმისი კანონპროექტი გააქვთ. ხაშურიდან მივიყვანე ორი ადამიანი შსს-ში, ჩვენება მისცეს მაგის საწინააღმდეგოდ, როგორც თაღლითის. 200-300 ლარი გამოართვა, გადაგიწევ გამოსახლებას და ხელშეკრულებას გავაკეთებო, მოატყუა, ფული გამოართვა და ვერაფერი გაუკეთა. საწევროები დააწესა 10 ლარი, 800 კაცამდე ჰყავდა და გავიგე, ხელისუფლებას მაგისთვის გადაურიცხავს 150 000 ლარი.
ახალ პროექტში ერთადერთი ის არის, რომ სახლი არ უნდა ჩაიდოს და მისი უზრუნველყოფა არ უნდა მოხდეს. ეს თუ მიიღო პარლამენტმა, ვიტყვი, რომ იმ პროექტში რაღაც არის გაკეთებული. ის, ვინც უკვე გამოსახლებულია და ამბობენ, ვითომ პროექტით განიხილება უკანონოდ ცნობაო, ვერც ერთი მოსამართლე ვერ დაასაბუთებს უკანონობას იმიტომ, რომ მაშინ ის კანონი არსებობდა და აღსრულებაც და პოლიციაც იმ კანონით მოქმედებდა. მაშინ რეჟიმი უდა გამოაცხადო დამნაშავედ და იმათი მიღებული კანონებიც უკანონოდ. ეს კანონი თუ მიიღეს, გამოსახლებულთათვის არაფერს შეცვლის, პირიქით, დააპირისპირებს ხალხს. როცა იპოთეკართან და დაზარალებულთან მაქვს ურთიერთობა, ვცდილობ, არ გავამწვავო სიტუაცია. იპოთეკარიც რეჟიმის მსხვერპლია. სამუშაო ადგილები რომ არ არის, ადგა და ფული გაასესხა, პროცენტები რომ მიეღო. ძალიან ბევრი იპოთეკარი შემხვედრია, თავბედს იწყევლის უკვე, ასეთებიც არიან. მევახშეობა არ არის ქართველის საქმე, ეს შემოიტანა ლიბერალიზაციამ და ამ კანონებმა. კონსტიტუციით მაქვს სიცოცხლის უფლება, თუ ზრდასრული ადამიანი არ ვმუშაობ, რით ვიცხოვრო, გამაგებინეთ?! იმ სისტემაში, რაშიც ჩვენ ვიცხოვრეთ, 23 წელიწადია, ქართველი ერის გენოციდი მიდის! მონოპოლია ყვავის, ამან გააკოტრა ბიზნესი. 2008 წლის ომმა თავში ჩასცხო ყველას, ფორსმაჟორი არც ერთმა ბანკმა არ აღიარა. „პროკრედიტბანკი“ დაკეტილი იყო ომის გამო, იმ დღეებში, ვინც ვერ გადაიხადა, ვადაგადაცილებაში ჩაუთვალეს და პროცენტები დაარიცხეს. სამაჩაბლოში ბინები რომ დაწვეს, წარმოიდგინეთ, ხალხი დღესაც იხდის იმ ვალებს. სახლ-კარი დაკარგა ადამიანმა და კიდევ ახდევინებ. უკვე დროა, ქართველმა ერმა სისტემას დაუწყოს ბრძოლა, რომელიც მხოლოდ იმისთვის არის მიმართული, რომ ქართველი ერი განდევნონ საქართველოდან! შემოიყვანონ სხვა რჯულის ხალხი. 100 საწარმო, აბა ნახეთ, თუ არის სადმე! არც სოფლის მეურნეობა უნდა აღორძინდეს, არც მრეწველობა, არც ეკონომიკა, იმიტომ, რომ რაც შეიძლება მასობრივად მოხდეს ქართველი ერის გადინება საზღვარგარეთ!
თამარ ბატიაშვილი