QronikaPlus
გამოიყენებს თუ არა „ნაცმოძრაობა“ განაწყენებული მასწავლებლების საპროტესტო მუხტს 15 ნოემბრისთვის?

გამოიყენებს თუ არა „ნაცმოძრაობა“ განაწყენებული მასწავლებლების საპროტესტო მუხტს 15 ნოემბრისთვის?

2014-11-13 06:54:40

ნოემბრის გადატვირთულ საგაფიცვო გრაფიკს შესაძლოა, რამდენიმე დღეში საჯარო სკოლის პედაგოგთა საპროტესტო აქციები დაემატოს. 3 ნოემბერს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საბაზო ხელფასის 50 ლარით მომატების თაობაზე, პედაგოგთა მნიშვნელოვანი ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. საპროტესტო აქციების დაწყება, რომლის ორგანიზატორი საქართველის პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირებია, რამდენიმე დღეში პარლამენტში განათლების სამინისტროს ბიუჯეტის განხილვის პარალელურად იგეგმება. პროფკავშირელთა აზრით, 2015 წელს განათლების სამინისტროსთვის 25 მილიონი ლარით გაზრდილი ბიუჯეტით პედაგოგთა მოთხოვნების დაკმაყოფილება სრულიად შესაძლებელია. „ქრონიკა+“-ს ესაუბრება საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების პრეზიდენტი მაია კობახიძე: _ მასწავლებელთა განაწყენება მათთვის მიცემული პირობის დარღვევამ გამოიწვია. ჯერ კიდევ მიმდინარე წლის თებერვალში გამოვედით პედაგოგთა საბაზო ხელფასის ეტაპობრივად ზრდის ინიციატივით, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მხარი დაუჭირა. სექტემბერში პრემიერ-მინისტრის განცხადებით და განათლების მინისტრის საჯარო გამოსვლებით ცნობილი გახდა, რომ მასწავლებელთა საბაზო ხელფასის მატება 2015 წლის 1-ლი იანვრიდან დაიწყებოდა. მთავრობის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომელიც გვაუწყებს, რომ მასწავლებელთა ხელფასების ზრდა არა საბიუჯეტო წლის დასაწყისიდან, ანუ 1-ლი იანვრიდან მოხდება, არამედ 1-ლი სექტემბრიდან, ეს თვისობრივად განსხვავდება მასწავლებლებისთვის მიცემული დაპირებისგან. ერთი მხრივ, მისასალმებელია, რომ სახელმწიფომ დაიწყო პედაგოგთა სახელფასო პოლიტიკის შემუშავება, მაგრამ საბაზო ხელფასის 50-ლარიანი მატება და ისიც მომავალი წლის სექტემბრიდან პედაგოგებისთვის სრულიად მიუღებელი აღმოჩნდა. ჩვენს ორგანიზაციას საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან დაუკავშირდნენ განაწყენებული პედაგოგები და გვთხოვეს, მთავრობისთვის შეგვეხსენებინა, რომ საბიუჯეტო წელი არა 1-ლ სექტემბერს, არამედ 1-ლ იანვრს იწყება და მასწავლებლის საბაზო ხელფასის გაზრდაც ამ დღიდან უნდა დაიწყოს. ამის გარდა, მოვითხოვთ, რომ მასწავლებლის საბაზო ხელფასის ზრდა მკაცრად გაიმიჯნოს კატეგორიებს შორის განსხვავებისგან. ჩვენ გვაქვს წინა წლების მწარე გამოცდილება, როცა პრობლემები შეიქმნა სასერტიფიკაციო დანამატებისა და 1000-ლარიანი პედაგოგებისთვის სერტიფიკატის გაცემასთან დაკავშირებით. ჩვენი ორგანიზაცია სასამართლოზე იცავდა იმ 46 პედაგოგის უფლებებს, რომლებიც დამსახურებული, 1000-ლარიანი ხელფასის დამადასტურებელი სერტიფიკატის მიღებას ვერ ახერხებდნენ. ვერც 1000-ლარიანმა მასწავლებლებმა (რომლებიც პედაგოგთა საზოგადოების 1%-ს წარმოადგენენ) და ვერც 20 000 სერტიფიცირებული მასწავლებლისთვის გაცემულმა 75-ლარიანმა დანამატმა ვერ გააუმჯობესა მასწავლებლების სოციალური მდგომარეობა. შესაბამისად, მოვითხოვთ, რომ გაიზარდოს საბაზო ხელფასი და შესაბამისად განისაზღვროს კატეგორიებს შორის განსხვავებები. რაც შეეხება ამ ეტაპზე განსახორციებელ ღონისძიებებს, მასწავლებლებში დაწყებულია პარლამენტში გასაგზავნი ხელმოწერების შეგროვება. მნიშვნელოვანია, რომ ხელმოწერების შეგროვების ინიციატორები თავად მასწავლებლები არიან. პროფკავშირი საკუთარი წევრების აქტივობებით, სოლიდარულობითა და ერთსულოვნებით ახორციელებს ამ ტიპის ღონისძიებებს და სწორედ ეს გახლავთ პროფკავშირის დემოკრატიული ღირებულება. ჩვენ თვისობრივად ახალ ორგანიზაციას ვქმნით იმ გაგებით, რომ მასწავლებლებმა თავად უნდა მიიღონ მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ჯერჯერობით მაქსიმალურად გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა რესურსს იმისთვის, რომ მასწავლებლების მოთხოვნები დაკმაყოფილდეს. თუ ამ ღონისძიებებმა შედეგი გამოიღო და ჩვენი მოთხოვნები დაკმაყოფილდა, აქცია დღის წესრიგიდან მოიხსნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, საკანონმდებლო ორგანოსთან გამაფრთხილებელ აქციას მოვაწყობთ. _ შეძლებს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ განაწყენებული მასწავლებლების საპროტესტო მუხტის სათავისოდ გამოყენებას? ან უკავშირდება თუ არა მასწავლებელთა საპროტესტო აქცია `ნაციონალური მოძრაობის~ მიერ 15 ნოემბრისთვის დაანონსებულ აქციას და შეუერთდებიან თუ არა პროფკავშირელთა ღონისძიებებს სხვა პედაგოგიური ორგანიზაციები, მათ შორის, პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრი? _ პედაგოგების გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია არავითარ შემთხვევაში არ უკავშირდება 15 ნოემბრის აქციას, ვინაიდან პოლიტიკურ აქციებში მონაწილეობა პროფკავშირულ პრინციპებს ეწინააღმდეგება. ჩვენთვის მიუღებელია ნებისმიერი პოლიტიკური განცხადებები და ნებისმიერ პოლიტიკურ აქციებში მონაწილეობა. ჩვენი წევრების მოთხოვნების შესაბამისად ვითხოვთ მათი შრომითი და სოციალური პირობების გაუმჯობესებას და ამას პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს. მეტი დამაჯერებლობისთვის, გეტყვით, რომ მიმდინარე წლის 15 ნოემბერს წყნეთში შედგება ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომა, რომლის შესახებ ბრძანება ორგანიზაციის ფეისბუკის გვერდზე 6 ოქტომბერს გამოქვეყნდა. რაც შეეხება აქციაში სხვა პედაგოგიური გაერთიანებების მონაწილეობას, ამ ეტაპზე პედაგოგთა საკორდინაციო ცენტრთან ერთად არანაირი სახის ღონისძიებას და არანაირ აქციას არ ვგეგმავთ, თუმცა კონსტიტუციურ უფლებებს ვერ შევუზღუდავთ და ვერ ჩამოვართმევთ. ჩვენ ჩვენი ორგანიზაციის წევრების ინტერესებისა და მოთხოვნების შესაბამისად ვმოქმედებთ და თუ ჩვენი ინტერესები ერთმანეთს გადაკვეთს, შესაძლოა, რაღაც ინიციატივები ერთიანი ძალითაც დავაყენოთ. როდესაც ჩვენი ორგანიზაციის წევრი მასწავლებლები ხელმოწერების შეგროვების ინიციატივით გამოვიდნენ, ამ ღონისძიებაში მონაწილეობის სურვილი არაწევრმა მასწავლებლებმაც გამოთქვეს და არავისთვის არ აგვიკრძალავს მოთხოვნაზე ხელისმოწერა. სხვადასხვა დონეზე წარმოვადგენთ არა მარტო ჩვენი წევრების, არამედ მთელი საქართველოს პედაგოგებისა და განათლების სისტემაში დასაქმებული ადამიანების ინტერესებს. წევრი იქნება თუ არაწევრი, ვისურვებდით, რომ ყველა პედაგოგის სოციალური დონე გაუმჯობესდეს და მოთხოვნა დაკმაყოფილდეს. ჩვენთვის მიუღებელია საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ფერაძის არაადეკვატური და არარეალისტური მოთხოვნა 1200-ლარიან საბაზო ხელფასზე. ეს მოთხოვნა არ ითვალისწინებდა ქვეყნის ბიუჯეტის შესაძლებლობებს და, აქედან გამომდინარე, მის მოთხოვნას ვერ შევუერთდით, მასთან თანამშრომლობა არ დაგვიწყია. ჩვენ გვაქვს სრულიად რეალისტური მოთხოვნა, რომლის განხორციელებაში შეუძლებელი არაფერია და ვფიქრობ, ამ მიზანს მივაღწევთ. _ რა პოზიცია გაქვთ  „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ შესახებ? _ პედაგოგების კატეგორიებად დაყოფა აუცილებელია, თუმცა მნიშვნელოვანია, როგორი იქნება კრედიტების მინიჭების სისტემა, რამდენად ადეკვატურად განაწილდება კრედიტები, რა აქტივობები მოეთხოვებათ მასწავლებლებს და როგორი იქნება მათი შეფასების კრიტერიუმები? „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ პროექტი უკვე ერთი წელია, მუშავდება. ჩვენ ჩართული ვართ ყველა სამუშაო შეხვედრაში, გამოვდივართ ჩვენი შენიშვნებით და რეკომენდაციებით, რასაც ყოველთვის მაქსიმალურად ითვალისწინებენ. სქემამ ძალიან ბევრი ფილტრი გაიარა და პრინციპულ საკითხებში ვეთანხმებით. პარლამენტმა უკვე მიიღო კანონპროექტი და სქემის მიხედვით განსაზღვრა მასწავლებელთა ოთხი კატეგორია, თუმცა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რომ არასერტიფიცირებულ მასწავლებელს სტატუსი არ შეჩერებოდა. ძალიან საინტერესოა, რომ დღეს მასწავლებლების ინტერესების დამცველებად მოგვევლინენ 2-3 წლის წინათ განათლების სამინისტროში მასწავლებლების სადამსჯელო ღინისძიებების დაგეგმვისა და შემუშავების დიდოსტატები. მათი მხრიდან არაერთი არასწორი ინფორმაცია გაჟღერდა, რამაც პედაგოგთა საზოგადოებაში სერიოზული დესტაბილიზაცია და აზრთა სხვადასხვაობა შემოიტანა. თუნდაც ცნობა იმის შესახებ, რომ 2015-16 წელს ათასობით მასწავლებელი უმუშევარი დარჩება. მინდა განვმარტო, რომ „ზოგადი განათლების შესახებ კანონის“ 59-ე მუხლის მე-8 პუნქტი ითვალისწინებდა, რომ 2015 წლის 1-ლი იანვრიდან მასწავლებლად ჩაითვლება მხოლოდ სერტიფიცირებული პირი. სქემის პროექტში რეალურად იყო ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, „ზოგადი განათლების კანონის“ 59-ე მუხლის მე-8 პუნქტი თითქოს შემდეგი რედაქციით უნდა შესულიყო, რომ 2015-16 წელს მასწავლებლის ყველა საშტატო ერთეულზე გამოცხადდებოდა ვაკანსია და შემდეგ კონკურსის წესით შეირჩეოდნენ პედაგოგები. ეს ჩანაწერი პროექტში არც კი განხილულა, ისე გაუქმდა, თუმცა შავშიშვილ-რამინაშვილის გუნდი, რომელსაც მასწავლებლის უფლებები არასდროს დაუცავს, გაზაფხულიდან მოყოლებული, აცხადებს, რომ 2015-16 წელს ყველა მასწავლებელს სამსახურიდან გაუშვებენ. ძველი ჩანაწერი ახლა გაახსენდათ, თუ რა ხდება, არ ვიცი, მაგრამ გეტყვით, რომ კანონპროექტი, სადაც პირდაპირ მითითებულია, რომ 59-ე მუხლის მე-8 პუნქტი მთლიანად გაუქმდა, უკვე დამტკიცებულია პარლამენტში. ჩვენ გვიწევს ბევრი განმარტების კეთება პედაგოგებთან, რომ მათ არ დაიჯერონ ასეთი სახის პროვოკაციული განცხადებები. რაც შეეხება პედაგოგების კატეგორიებად დაყოფას, ვისაც სკოლაში უმუშავია, ყველა დამეთანხმება, რამდენი პროფესიონალი და კვალიფიციური მასწავლებელი გამოთქვამს წუხილს იმასთან დაკავშირებით, რომ დამწყებ მასწავლებელთან, ან ისეთ პედაგოგთან არის გაიგივებული, რომელიც შედეგზე ორიენტირებული არ გახლავთ. ამ საკითხებთან დაკავშირებით სქემის შემუშავების პროცესს დაემატა კიდევ ერთი ახალი რგოლი _ სახელმწიფო კომისია, რომელიც მოამზადებს განათლების სამინისტროს მიერ მთავრობასთან წარსადგენ დოკუმენტებს. საიმედოა, რომ ამ მნიშვნელოვან დოკუმენტებზე სახელმწიფო კომისიაც იმუშავებს და ამ პროცესებში ჩართული იქნება პროფკავშირებიც, რაც, თავისთავად, იმას ნიშნავს, რომ მასწავლებლის ინტერესები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული.  

                                                                                                        ნელი თორდია

გაზიარება